ეროვნულ
სასწავლო გეგმაში მითითებულია. რომ „სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი
საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის
(ესგ, შესავალი, თავი 2, მუხლი 8, 2011-2016).
აღნიშნული
ელექტრონული ბლოგი შექმნილია საგანმანათლებლო
მიზნით; აქ განთავსებული რესურსის გამოყენება შეუძლიათ როგორც მასწავლებლებს, ასევე
მოსწავლეებს და მათ მშობლებს. ელექტრონულ გვერდზე განლაგებული მასალა გადის ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გამჭოლ კომპეტენციებზე: 1. წიგნიერების განვითარება (რომელიც თანამედროვე გაგებით არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის
დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების
მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში
იძენს); 2. ციფრული კომპიუტერული წიგნიერება,(რომელიც ამ შემთხვევაში მოიცავს ახალი სტილისა
და მრავალგვარი ფორმის ტექსტების აღქმა-გააზრებას,
ინტერპრეტირებას, გამოყენებას).
ასე რომ, ელექტრონულ გვერდზე განთავსებული
მრავალფეროვანი რესურსი გამოსადეგია მოსწავლეებში
კითხვის უნარის განსავითარებლად. ბლოგზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ: ჩემ მიერ დაწერილი
და გამოცემული საბავშვო წიგნები, კრებულები,
რომლებშიც შეტანილია ქართველ და უცხოელ ავტორთა ნაწარმოებები, საკითხავი ტექსტები-მხატვრული
და შემეცნებითი, ტესტები, ელექტრონული წიგნები,
პიესები, ინფორმაციები ქართველ და უცხოელ მწერლებზე.
უნდა
ითქვას, რომ ბლოგი მუდმივი შევსების პროცესშია და აქ განთავსებულ დიდძალ მასალას პერიოდულად დაემატება ახალ-ახალი
სასწავლო რესურსი.
ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის შექმნის მიზანი:1. ჩემ მიერ შექმნილი
თუ შეგროვილი საკითხავი ტექსტები და ტესტები ხელმისაწვდომი გავხადო ყველასთვის, ვინც
დაინტერესებულია უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებში წიგნიერების დონის ამაღლებით;
2. ჩემი გამოცდილება გავუზიარო პედაგოგებს,
რომლებიც სისტემატურად მუშაობენ აღნიშნულ საკითხზე; 3.
მშობლებს თავიანთი შვილებისთვის შევთავაზო საკითხავი ტექსტები, რომელთა ნაწილი
გამომცემლობებთან თანამშრომლობითაა შექმნილი,
ნაწილი კი გამოსაცემად მზადაა. 4. მოვახდინო
ჩემ მიერ დაგროვილი მასალის ორგანიზება,-დახარისხება, დიფერენცირება, გადახალისება
და უფრო მოწესრიგებული სახით შევთავაზო დაინტერესებულ
საზოგადოებას. 5. გავითვალისწინო მკითხველთაგან მიღებული რჩევები და ჩემი მუშაობა უფრო
ნაყოფიერი, უფრო გამოსადეგი გავხადო.
ელექტრონულ გვერდზე რესურსი დახარისხებულია და განთავსებულია ცალკეული ასაკობრივი ჯგუფისათვის: I-II,
III-IV და V-VI კლასების მოსწავლეებისათვის.
ყოველი ნიმუშის შექნისას ვითვალისწინებდი მოსწავლეთა
ასაკობრივ თავისებურებებს, ვცდილობდი, ტექსტები
ყოფილიყო შინაარსობრივად გამართული,
სასარგებლო და ღირებული შერჩეული სამიზნე ჯგუფისთვის, დამეცვა თანმიმდევრულობის, სისტემატურობის,
მისაწვდომობის პრინციპები, ნაბიჯ-ნაბიჯ მემოძრავა მარტივიდან
რთულისაკენ, შემექმნა იმგვარი მასალა, რომ საჭიროების დროს მოსწავლეს მისი დამოუკიდებლად შესრულება არ გასჭირვებოდა.
ელექტრონულ გვერდზე მასალა
განთავსებულია ორ ბლოკად, თუმცა ეს განლაგება
პირობითია (მხოლოდ დიდძალი რესურსის ორგანიზებისკენაა მიმართული), მივიჩნევ, რომ აქ არის მრავალჯერადი და პრაქტიკული გამოყენებისკენ
მიმართული მასალა (არ შემიზღუდავს ნიმუშების
ასლების გადაღება და გამოყენება ( ვეცადე, მასალა მომეწოდებინა WORD-ის ფაილით, PDF -ფაილებს ვიყენებ მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში).
მასალის დიდძალ ნაწილს დაერთვის ინსტრუქცია, -თუ როგორ შეიძლება რესურსის
გამოყენება. არ მივიჩნევ საჭიროდ, რომ ამგვარი განმარტებები დაერთოს საბავშვო წიგნებს,-მხატვრულ ლიტერატურასაც.
პატარა მკითხველმა ის უნდა წაიკითხოს, რასაც
საკუთარი სურვილით ამოირჩევს. ვცდილობდი, საკითხავი მასალა ყოფილიყო
ჟანრობრივად მრავალფეროვანი და ყოველ დაინტერესებულ
მკითხველს მოენახა რაიმე,- მისთვის საინტერესო და სასარგებლო.
ელექტრონული გვერდის მეორე
და მესამე ბლოკში (სახელწოდებით: „მასწავლებლის პორტფოლიო“) ცალკეა გამოყოფილი ის საკითხავი
თუ მეთოდური მასალა, რომელიც ჩემ მიერ ბოლო
ორ წელს შეიქმნა -(სასწავლო რესურსი კითხვის უნართა განსავითარებლად- „წავიკითხოთ და
გავიაზროთ“ -რამდენიმე ნაწილად, III-IV კლასები), ახალი წიგნი კლასგარეშე კითხვისათვის-„ჩვენ
გვიყვარს კითხვა” ( II კლასი), ფოტოდოკუმენტაცია
ე.წ. „დიდი წიგნებზე„ (აღნიშნული რესურსი ხელნაწერი სახისაა და სკოლაში ინახება. იგი შექმნილია ბავშვთა პოეტის, ვასილ გულეურის ლექსებზე და განკუთვნილია
პირველი კლასისთვის). ჩემ მიერ დაწერილი ვრცელი საბავშვო მოთხრობა „პირველი ადამიანები“ ( უმცროსკლასელი გაეცნობა
პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებისა და განვითარების ისტორიას-სახალისოდ, საინტერესოდ. წიგნი განკუთვნილია 8-9 წლის ბავშვებისათვის).
ყველა ზემოჩამოთვლილი რესურსის
გამოყენება შესაძლებელია როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების, ასევე სადამრიგებლო
კითხვის საათებზე და გაკვეთილებისგან თავისუფალ
დროს, მისი გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია საგნობრივ წრეებზე, მკითხველთა კლუბებში...
მსგავს რესურსს ხშირად ვიყენებდი და ახლაც ვიყენებ
სწავლების დაწყებით საფეხურზე (I-VIკლასები)
სამუშაოდ. მასალა გამოსადეგია კითხვის თანამედროვე,
ეფექტური სტრატეგიებით სწავლებისათვის. მოსწავლეები
ადვილად ინტერესდებიან ახალი ტექსტებით, მოსწონთ
ტესტირებული მასალაც, აწარმოებენ „მიმოწერის დღიურებს“ (ინდივიდუალური სწავლებისათვის),
სადაც ასახავენ თავიანთ შთაბეჭდილებებს წაკითხულ
ნაწარმოებებზე, მათ ავტორებზე. წერენ ვრცელ და მოკლე შინაარსებს, მცირე ზომის დარგობრივ ტექსტებს, თხზულებებს თავისუფალი თემატიკით, სვამენ შეკითხვებს, იღებენ რჩევებს წასაკითხი ლიტერატურის
შესახებ, აკვირდებიან ჟანრობრივ მრავალფეროვნებას
ლიტერატურაში, თვითონაც წერენ მცირე ზომის
ნაწარმოებებს, ქმნიან ილუსტრაციებს, მსჯელობენ ნაწარმოებებში წარმოჩენილ ზნეობრივ ღირებულებებზე, აკეთებენ დასკვნებს, აფასებენ წაკითხულს,
აღნიშნული
სასწავლო რესურსით მუშაობის შედეგად: ჩემმა მოსწავლეებმა საკმაოდ გააუმჯობესეს კითხვითი წიგნიერების დონე, შეუყვარდათ ქართული
ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები, საკმაოდ განავითარეს თავიანთი უნარები ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული სამივე მიმართულებით: ზეპირმეტყველება, კითხვა, წერა,
კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს შეუყვარდა წიგნი,
კითხვა. ბავშვებმა შეძლეს გაეაზრებინათ ნაწარმოებებში
წამოჭრილი პრობლემები. იმედია, მათი კითხვითი წიგნიერების უნარები მომავალში კიდევ
უფრო განვითარდება. ვეცდები, ამ საქმეში მათ მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიო სხვადასხვა
მიმართულებით, ერთ-ერთი დახმარება კი (თუნდაც მცირეოდენი) ეს ბლოგი იყოს.
ნესტან კუპრავა
No comments:
Post a Comment