ნესტან კუპრავა
სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა
საახალწლო
ზღაპარი
ამბავი,
რომელიც შორეულ ლაპლანდიაში დაიწყო
ყველამ იცის, რომ
სანტა კლაუსი ზღაპრულ ქვეყანაში ლაპლანდიაში ცხოვრობს. ამ ქვეყნის დედაქალაქსაც ლაპლანდია
ჰქვია, ქალაქის მთავარ მოედანს კი ლაპლანდიელა.
ლაპლანდიაში ასეთი ტრადიცია აქვთ: ახალი წლის საღამოს ექვსი საათიდან ყველა
ლაპლანდიელაზე იკრიბება, რომ რომ სანტა კლაუსის ჯადოსნური მოგზაურობის დაწყებას თვალი
ადევნოს, სანტას მსოფლიო მოგზაურობაში გაცილება ყველასათვის დიდი პატივია. ლაპლანდიელებს
ძალიან უყვართ თავიანთი სანტა. უკვე დიდი ხანია, რომ მათი სანტა ყველასთვის-ელფებისათვისაც
და ადამიანებისთვისაც საყვარელი კლაუსია. რა კეთილი თვალები აქვს მათ სანტა კლაუსს! რა სათნო სახე! როგორი
მიმზიდველი ღიმილი! რა ფაფუკი და სპეტაკი წვერი! როგორ ელავს მისი ჯადოსნური კვერთხის ბუნიკი!
როცა კეთილი საქმეებით
საქვეყნოდ ცნობილი კლაუსი ლაპლანდიელებმა სანტად აირჩიეს,
მისი ძმა ბურა-ბურა თურმე ძალიან განრისხდა,
ისე ძალიან, რომ ლაპლანდიიდან სულაც წავიდა და მწვანე ჭაობების ქვეყანაში დასახლდა.
კლაუსს დაემდურა, აღარც კი ელაპარაკებოდა. იმ დღიდან კეთილი საქმეების კეთებაზე ხელი
აიღო და მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ ადამიანთა
საახალწლო სურვილების ასრულებაში სანტასთვის ხელი შეეშალა. რა ოინებს არ მოიფიქრებდა,
რომ ბავშვებისთვის საახალწლო ღამე გაეფუჭებინა,- ხან ძილს მოჰგვრიდა, ხან სახლებში
შეიპარებოდა და საჩუქრებს აურ-დაურევდა,ან სულაც გააფუჭებდა, ხან რას და ხან რას...
ჭაობების ქვეყნიდან
წასვლის შემდეგ ბურა-ბურა არავის დანახვებია, ის კი იცოდნენ, რომ ვაჟი ჰყავდა,
სახელად ენდრიუსი. ეს ბიჭუნა ძალიან ონავარი
ვინმე ყოფილიყო, ისიც მამასავით მავნე. ჯადოქარს უცნაური გადაადგილების საშუალება,
უცნაური ბურუსის გუნდა გამოეგონებინა. თურმე გაეხვეოდა იმ რაღაც ბურუსში და უცებ გაქრებოდა. წამში გაემგზავრებოდა მსოფლიოს
ნებისმიერ კუთხეში თავისი ცუდი საქმეების საკეთებლად.
ამ გამოგონების შემდეგ და კიდევ იმის გამო, რომ ბურუსივით
ცივი და უსიამოვნო ხასიათი ჰქონდა, მას ხშირად ბურა-ბურუსიანს ეძახდნენ. სანტა კლაუსმა ბევრჯერ მოისურვა ძმასთან შეხვედრა, ენდრიუსის
გაცნობაც ძალიან უნდოდა, მაგრამ ამაოდ, ბურა-ბურუსიანს ძმის სახელის გაგონებაც არ სურდა. ბოლოს გაიგეს,
ენდრიუსი ჭაობებშიხეტიალის დროს ძალიან დაშავებულიყო და სიარული აღარ შეეძლო, თურმე ხეიბრის ეტლში იჯდა. თუმცა, სინამდვილეში არავინ იცოდა, მთელი ეს ამბები მართალი იყო თუ ჭორი...
საახალწლო
სამზადისი ლაპლანდიაში
ლაპლანდიაში ყველა საახალწლო სამზადისში იყო გართული. სანტა კლაუსი
თავის ჯადოსნურ კვერთხს ერთხელაც უსინჯავდა ძალას, ელფები საჩუქრების ბოლო შეკვრებს ამზადებდნენ, სანტას მარხილს
ისე
აპრიალებდნენ, სულ ოქროსავით გაუდიოდა ლაპლაპი, მომღერალი ფერიები ლაპლანდიურ საახალწლო
სიმღერებს მსოფლიოს ხალხთა ენებზე ამზადებდნენ, მოცეკვავეები ბოლოჯერ იმეორებდნენ ლაპლანდიური
საახალწლო ცეკვების ილეთებს...
ბოლოს და ბოლოს
ყველანაირი სამუშაო მოთავდა. ყველა მთავარ
მოედანზე შეიკრიბა, რომ სანტა კლაუსის მსოფლიო მოგზაურობის დაწყებისთვის თვალი ედევნებინათ. ეს ხომ ყველამ იცის, ახალი წლის
ღამეს თორმეტზე ყველასთან ერთდროულად რომ გამოჩნდეს,
სანტამ უსათუოდ ჯადოსნური ირმებით უნდა გადაუფრინოს მსოფლიოს, სამჯერ შემოუაროს, მერე კი თავის ჯადოსნურ ჯოხს აიქნევს და ყველასთან ერთდროულად
გაჩნდება.
მაგრამ მანამ ლაპლანდიური საახალწლო რიტუალი უნდა ჩატარდეს, სანტა და მისი
ჯადოსნური ირმები ქალაქის მთავარ მოედანზე უნდა გამოცხადდნენ, მოგზაურობა აქედან იწყება.
ლაპლანდიაში ახალი წელი ყველაზე ადრე დგება. იმის შემობრძანებას კეთილი სანტა ჯერ თავის მოქალაქეებს ულოცავს.
ქალაქი ღელავს.
ყველას ბედნიერებისგან უბრწყინავს სახე. მათ
ხომ მთელი წელი იშრომეს ახალ მოგზაურობაში სანტას გასაშვებად.
უკვე გაიგეს ყველა ბავშვის ოცნება,
წაიკითხეს ყველა წერილი და მათ შესასრულებლად ყველაფერი გაამზადეს.
ელფებმა მარხილი გამოაგორეს,
იგი პირთამდე სავსე იყო საჩუქრებით, მაგრამ
განა ყველა ბავშვის სურვილს მარხილი დაიტევს,
ეს საჩუქრები სანტას ჯადოსნურ კვერთხშია ჩატვირთული, დაიქნევს და მორჩა!- სასურველი
ნივთიც აი, სანახაობაც იწყება!
ჯადოსნური
ირმების გამოსვლა ლაპლანდიელაზე
მზადაა!
ჰო, სანახაობა იწყება!
ჯერ ჯადოსნური ირმები წყვილ-წყვილად
გამოვლენ და მოედანზე გამწკრივდებიან. ყველა
ირემი სანტას მიერ განსაკუთრებული თვისებითაა დაჯილდოებული.
პირველი აკა და
ლედი გამოდიან, აკა ლურჯი ირემია, იგი სამართლიანობის
დამცველია. ლედი სულ ვარდისფრად ბზინავს. იგი სიკეთის სიმბოლოა.
შემდეგ გამოდიან სანი და ლუნა. სანის ბეწვი მთლიანად ოქროშია
დაფერილი, გეგონება, მზე იყოს, მას სიმდიდრის, ბარაქის მოტანა ავალია.
ლუნაც ოქროსფერია, ოღონდ მთვარესავით მკრთალი. იგი სიმტკიცის მომტანი ირემია.
-ღმერთო ჩემო, რა
უნდა იყოს ამათზე ლამაზი!- აღტაცებით იძახიან ელფები, -გამარჯობა სანი! ლუნა, ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!
-შეხედეთ! შეხედეთ! აი, ასტრა და ლილია მოდიან! რა დიდებულია!
ასტრა და ლილია
მართლა დიდებულად გამოიყურებიან. ასტრა წითლად ვარვარებს, იგი სიყვარულს განასახიერებს. ლილია თეთრად
ქათქათებს. მას სიწმინდესაც ეძახიან. მართლა საოცარი სანახაობაა!
ზურმუხტის
ნაპერწკალი და კომეტა
-ახლა ზურმუხტის
ნაპერწკალი და კომეტაც გამოვლენ!-ღელავენ ელფები.
- ყველაზე მეტად სწორედ მე ესენი მომწონს...
- რა თქმა უნდა მოგეწონება, ზურმუხტის
ნაპერწკალი ხომ სიმამაცეა, სიმტკიცეა....
-კომეტა კი ყველა ბავშვის ოცნების ასრულებაა.
-თანაც ესენი ყველაზე
ლამაზები არიან...
-მაინც როგორ გამოიყურებიან?-ვერ ისვენებს ვიღაც მოუთმენელი უცხოელი
სტუმარი.
-ზურმუხტის ნაპერწკალი
სულ მწვანედ ელავს, სწორედ ზურმუხტივით...
კომეტა კი ... კომეტა მარადიულად ნორჩი ირემია, ვერცხლისფრად ბზინავს და ძალიან საყვარელია!- უხსნის მასპინძელი.
-სამართლიანობა,
სილამაზე, სიმდიდრე, სიკეთე, სიყვარული, სიწმინდე,
სიმამაცე და ბავშვის ოცნებები... რა ჭკვიანი ყოფილა სანტა! რა ბრძნულად გაუნაწილებია...
-ჰო, მაგრამ...
ზურმუხტის ნაპერწკალი და კომეტა სად დაიკარგნენ, ამდენ ხანს რატომ არ ჩანან?
-ჰო, მართლა, რატომ
აგვიანებენ?
ელიან, მაგრამ ბოლო
წყვილი არსად ჩანს. ლოდინი თანდათან შიშმა შეცვალა. ნეტავი, რა უნდა მომხდარიყო?
კომეტა
ბურა-ბურამ მოიტაცა?
უცებ მოედანზე ქარივით
შემოიჭრა ზურმუხტის ნაპერწკალა. მასზე სანტა
შემომჯდარა. იგი მოქალაქეების წინაშე ასე არასოდეს წარმდგარა. სანტას სახე გაფითრებია,
მრისხანედ გამოიყურება, ნაპერწკალა კი ფრთხვინავს
და წინა ფეხებს მიწას ბრაზით ურტყამს.
-სანტა, რა მოხდა?-ყველამ
ერთად ამოიგმინა.
-კომეტა სადაა?
-სადაა ჩვენი პატარა,
ვერცხლისფერი ირემი?
როცა თავის მოქალაქეებს ახალი და თავზარდამცემი ამბავი ამცნო, სანტას ხმა
უკანკალებდა:
-კომეტა ვერსად
ვიპოვეთ! დაიკარგა... იქნებ... მოიტაცეს?!
მთელი ლაპლანდია
შიშმა და აღშფოთებამ მოიცვა. ეს გრძნობები კი მალე გადაიზარდა მწუხარებაში. ასეთი
რამ არასოდეს მომხდარა. რა ელის მსოფლიოს? ხვალ როგორი ახალი წელი გაუთენდება?
-ეს ვინ გაბედა,
ჩვენი კომეტა ვინ გაიტაცა? როგორ? რანაირად?
-ამ რვა ირემს ერთიც
რომ დააკლდეს, მსოფლიო მოგზაურობა ვერ შედგება!
-მოვასწრებთ კი კომეტას მოძებნასა და დაბრუნებას?
-ჯერ ისიც არ ვიცით,
რა მოხდა!
-ამას ახლავე გავიგებთ!-დაიძახა
ბიჭუნა რინოსმა. მას ლაპლანდიაში ყველა იცნობდა
თავისი საოცარი გამოგონებების წყალობით.,-გუშინ
დავასრულე ჩემს ახალ გამოგონებაზე მუშაობა...
-რა გამოგონებაა, რინოს?
- მე ამას წარსულის
მზვერავს დავარქმევდი. პატარა ჯიბის კომპიუტერივითაა.
რინოსმა სასწრაფიდ ამაძვრინა ჩანთიდან მინიკომპიუტერი და ტექსტიც აკრიფა: ერთი საათის
წინათ, კომეტას სადგომში...
ერთი
საათის წინათ, კომეტას სადგომში...
პატარა ეკრანზე
უცებ გამოჩნდა კომეტას სადგომი, ვერცხლისფრად მოელვარე ირემი, რომელიც ლაპლანდიელაზე
გამოსასვლელად ემზადებოდა. მოულოდნელად მას დიდი მკრთალი გუნდა- უცნაური ბურუსი მიუახლოვდა, გაისმა ხმა:
-კომეტა,ეს ჩემი საბრალო
ბიჭუნას ხმაა, შემოგითვალა, მოუსმინეო.
კომეტამ ბურუსისაკენ
გაიხედა და ხმოვან ჩანაწერს ყური მიუგდო. მართლა
ბავშვის ხმა იყო:
-კომეტა, ახლავე
გამოჰყევი მამაჩემს და ჩემთან მოდი. მე ასე მსურს! ეს ჩემი საახალწლო ოცნებაა. რომ
გადავრჩე, ჩემთან უნდა მოხვიდე, თანაც სასწრაფოდ!
უცნაურმა ბურუსმა
პატარა ირემს უკანა კარისკენ მიუთითა. კომეტამ თავი ჩაღუნა და უცნობს მორჩილად აედევნა.
უცნობმა რაღაც წაიბუტბუტა. ორივე-უცნობიც და პატარა ვერცხლისფერი ირემიც უცნაურ ბურუსში
გაეხვია. ბურუსი კარისკენ დაიძრა და... გაქრა!
-აი, თურმე რა მოხდა!
კომეტა ხომ ბავშვის ოცნებაა! ბავშვმა უბრძანა და კომეტამ ვერაფერი გააწყო.
-ეს რა ბურუსიანი
არსება იყო? ვინ წაიყვანა?
-ეს ბურა -ბურა
იყო,ბურუსიანი!- გამოაცხადა სანტამ,-მან ჩვენი ირემი ბავშვის ხმით მიიტყუა.
-ბურა -ბურუსიანი
ყოფილა, ჩვენი დაუძინებელი მტერი! დავიღუპეთ!-ლაპლანდიელაზე შეკრებილ ელფებს თავზარი დაეცა.
-მწვანე ჭაობების
ქვეყანაში მივდივარ!-დაიგრგვინა სანტამ-ბორა-ბურუსიანს ჩეთან შეხვედრა მოუწევს!
-მეც მოგყვები,
სანტა!-დაიძახა რინოსმა,-ვინ იცის, ისევ დაგჭირდე.
-არსადაც არ წამოხვალ,
ვაითუ..
-მაინც გაგეკიდები,-დაიჟინა ბიჭმა,-ვიცი, როგორაც უნდა
დაგეხმარო.
-კარგი, ასე იყოს,-განაცხადა
სანტამ,-მაშინ ვიჩქაროთ! დრო არ ითმენს!
მან ბიჭი ზურმუხტის
ნაპერწკალზე შემოსვა და თვითონ უკან შემოუჯდა.
-ნახვამდის, ჩემო
ერთგულო ლაპლანდიელებო!
-შეხვედრამდე, სანტა!
იმედია, კომეტასთან ერთად დაგვიბრუნდები!
სად
არის ამ დროს კომეტა
კომეტა ამ დროს
მწვანე ჭაობების ქვეყანაში ბურა-ბურას საზარელ სასახლეში ეტლში მჯდარი ენდრიუსის წინ იდგა. ბურა- ბურას უკვე გაექრო ბურუსის საშინელი გუნდა. ჯადოქარს თვალები უგიზგიზებდა,
კუპრივით შავ, გრძელ და დაფანჩვულ წვერ-ულვაშში ჭაობის მწვანე მცენარეები ჩახლართვოდა.
ისე გამოიყურებოდა, რომ საბრალო კომეტას თავის
აწევა ვერ გაებედნა.
-მამა, შენ ეს შეძელი!-დაიძახა
პატარა ხეიბარმა და ეტლიდან წამოწევა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.
-შენთვის შეუძლებელსაც
შევძლებ, შვილო!-დაიგუგუნა ბურა-ბურამ,-სთხოვე, სურვილი შეგისრულოს, თუმცა, კი არ სთხოვო,
მოსთხოვე, შვილო!
-მამა, ვერ დამიჯერებია...
არ მეგონა, რომ შეძლებდი, სანტასთვის კომეტა წაგერთმია.
-მამაშენი ცუდად
გცნობია, -დაიგრგვინა ბურა-ბურამ,-თუმცა, ლაპარაკის დრო არაა. მოსთხოვე სურვილის შესრულება,
მოსთხოვე და შენი ტანჯვაც დასრულდება.
-ნუთუ, მართლა,-დაიჩურჩულა
ენდრიუსმა.
-მართლა, მართლა.
იჩქარე, გგონია, ვერ მიხვდებიან, კომეტა რომ მე მოვიტაცე? ალბათ წუთიწუთზე მოვლენ.
-კომეტას რა მოუვა,
მამა?
-რა მენაღვლება?-დაიჭექა
ბურა-ბურამ,-შენ განიკურნები, სანტას ჯადოსნურ მოგზაურობას კი ბოლო მოეღება. ხვდები,
რა ბედნიერი ვიქნები, შვილო? ორმაგად ბედნიერი...
-კომეტას რა მოუვა-მეთქი.
- კომეტასთვის ეს
აღსასრული იქნება. ასეა დათქმული, სანტას გვერდით მას შეუძლია ყველას შეუსრულოს სურვილი,
მარტო კი მხოლოდ ერთადერთი ნატვრის ახდენა
ძალუძს, რომელსაც შეეწირება კიდეც... თურმე სამმაგი ბედნიერება გამომდის,-საზარლად
გადაიხარხარა ბურა-ბურამ.
-რაო?!-დაიყვირა
ენდრიუსმა.
ბავშვის თხოვნა აუცილებლად უნდა შესრულდეს
-რას ამბობ, მამა?
კომეტა დაიღუპება?!
-უსათუოდ,-დაიჭექა
საზარელმა არსებამ.
-შენ რა მოგივა?
-თავს როგორღაც
დავიხსნი,-პირქუშად მიუგო მამამ,- ნუ დარდობ, ჩვენ გადავრჩებით.
პატარა ხეიბარი
წამით მიყუჩდა. მამა მას პირქუშად შესცქეროდა.
-მომიახლოვდი, კომეტა,
შემომხედე!-თქვა ენდრიუსმა.
ირემმა მორჩილად
ასწია თავი და ბიჭუნას ნაღლიანზე ნაღვლიანი თვალებით შეხედა.
-რომ არ შეასრულოს?
-გამორიცხულია,
-უთხრა მამამ,-მან კარგად იცის, თუნდაც დაიღუპოს, ბავშვის სურვილი უსათუოდ უნდა შესრულდეს.
იმ ბავშვისა, რომელიც მას შეხედავს, ხელს შეახებს და პირისპირ დაელაპარაკება...
-კარგი, მამა,-დაიჩურჩულა
ენდრიუსმა,- რახანია,
ვფიქრობ და გადავწყვიტე კიდეც...
მან ხელი შეახო
კომეტას, პატარა ირემი ჯერ ვერცხლისფრად აციმციმდა, მერე კი ცისარტყელას ყველა ფერმა
გადაურბინა.
-მამა, სანტასთან რომ დავრჩენილიყავით, ალბათ ჩვენც კეთილი არსებები ვიქნებოდით...
-შენ ხომ არ გაგიჟდი!-დაიჭექა
ბურა-ბურამ.
-მე მეგობრებს შორის
ვიქნებოდი, საშინელ ჭაობში არ ჩავეფლობოდი და არაფერი დამემართებოდა. ყველაფერი ჩვენი
ბრალია, მამა!
-რას ამბობ, ახლავე
უთხარი, რაც სათქმელია!
-რა თქმა უნდა,
ვეტყვი,-ენდრიუსმა კომეტას ალერსით გადაუსვა
ხელი,-მსოფლიოში უამრავი ბავშვი ცხოვრობს, ბედნიერი ვიქნები, თუკი კომეტა მათ სურვილებს
სანტასთან ერთად შეუსრულებს!
ბურა-ბურა უფრო განრისხებულია
წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
-ეს რა გააკეთე!-ამოიგმინა
ბურა-ბურამ,-ახლა შენ საკუთარი თავი გაწირე.. რატომ?
-შენთვის, ჩემთვის
და ყველა ბავშვისთვის,-მიუგო ენდრიუსმა,-ახლა კი, მამა, კომეტა სანტასთან წაიყვანე.
კომეტას ჩვეული
ვერცხლისფერი დაბრუნებოდა, ირემმა პატარა ხეიბარს ხელი ალერსით აულოკა.
-სანტასთან წადი,
მამა!
-ამას არაფრის გულისთვის არ გავაკეთებ!-დაიჭექა უზომოდ განრისხებულმა ბურა-ბურამ,-სანტა
კომეტას ვერასოდეს ნახავს...
-ჩემთვისაც არ გააკეთებ,
მამა?
-არც შენთვის,-მიუგო მამამ,-მე მას წავიყვან და დავტოვებ...
თუმცა შენ ამას არ გეტყვი!
ჯადოქარმა თავისი
ჯადო- სიტყვები წაიბუტბუტა. კომეტა გაუძალიანდა,
თუმცა ამაოდ. ჯადოქართან ერთად წამში
გაეხვია ბურუსში და ... გაქრა!
-მამა, -დაიყვირა
საბრალო ბიჭმა,-მამა, სად მიგყავს?
რა
შეემთხვა ენდრიუსს
-სად მიდიხარ, მამა?
დაბრუნდი!- საბრალო ბიჭმა კარისკენ გაიწვდინა ხელი.
მას არავინ გამოპასუხებია.
ენდრიუსმა
ორივე ხელი სახეზე აიფარა და მწარედ
ატირდა.
-სულ ასე გაგრძელდება!
ჩვენი უბედურება არასოდეს დასრულდება! მამას არ სურს, მომისმინოს!
გარეთ რაღაცამ გაიბრახუნა,
იატაკმა დაიჭრიალა, კარი ხმაურით გაიღო.
-მამა, დაბრუნდი?-დაიძახა ბიჭმა,მაგრამ უცებ სახტად დარჩა:
-ოჰ, ეს ხომ სანტაა!-ე
ნდიუსის წინ სანტა კლაუსი და გამომგონებელი
რინოსი იდგნენ.
-კომეტა სადაა?-ხმადაბლა
იკითხა სანტამ,- გვითხარი, ენდრიუს, დრო არ იცდის...
ბიჭმა ამოისლუკუნა:
-არ ვიცი, მამამ
არ დამიჯერა და წაიყვანა..ნეტავი, ვიცოდე, სად...
ბიჭის მწუხარება
ისეთი გულწრფელი ჩანდა, გული სანტასაც გადაუქანდა სიბრალულით და რინოსსაც.
-აქ რა მოხდა?-იკითხა
სანტამ,-შენ ისევ ეტლში ზიხარ. ნუთუ...
მაგრამ დამწუხრებულ
ბიჭს მეტი არაფრის თქმა არ შეეძლო. რინოსმა მინიკომპიუტერი ამოიღო და კლავიატურაზე აკრიფა: დღეს
ოცი წუთის წინ.
როცა ოთახში მომხდარი
ნახეს, სანტამ ჯადოსნური ჯოხი ასწია და ბუნიკი-ვარსკვლავი
შეატრიალა, ბუნიკიდან ოქროს ნაპერწკლები გადმოიღვარა,
ენდრიუსს თავზე გადმოეფრქვია, სანტამ კი თქვა:
-საოცარი ბიჭი ყოფილხარ,
შენ ეს დაიმსახურე, ენდრიუს! ახლა კი უნდა
ვიჩქარო, შვილო, კომეტა უნდა გადავარჩინო!
სანტა ოთახიდან
გავარდა. რინოსმა თანაგრძნობით ხელი ხელზე
დაადო ენდრიუსს და უჩურჩულა:
-არ იდარდო, მე
მალე გნახავ, მეგობარო! ყველაფერი კარგად იქნება!
და სანტას გაეკიდა.
ენდრიუსი დაკეტილ
კარს გაჰყურებდა. ვერც კი მიხვდა, ახლა რა
მოხდა. გარეთ გასვლა ისე მოუნდა, ეტლიდან წამოიწია. მერე ფეხზეც დადგა, კარისკენაც
თავისუფლად გადააბიჯა.
მიხვდა, რაც მოხდა,-სიარული
ისევ შეეძლო!
რა
განიზრახა ბურა-ბურამ
ამასობაში ბურა-ბურუსიანმა კომეტა უცნობ ადგილას მიიყვანა. თოვლი იქ არსად ჩანდა. საღამოს ბინდბუნდი იდგა. პატარა ირემმა
მომოიხედა. ირგვლივ უღრანი ტყე იყო გაშლილი.
ისინი ლამაზ მდელოზე იდგნენ, ტყის განაპირას.
ერთმანეთს გადაწნული ხეების მიღმა გაისმა უცნაური ხმები, გაკრთა ელვარე თვალების მზერა,
უღრანებიდან ტყეებისა და სავანების ნადირ-ცხოველები გამოდიოდნენ და მათ ირგვლივ ჯგუფდებოდნენ.
პატარა ირემს შიშით
გააკანკალა. მიხვდა, რაც ხდებოდა. ბურა-ბურამ შორეულ ჯუნგლებში მიყვანა, რომ მისი თავი
მშიერი ნადირებისთვის მიეგდო.
-აი, ჩემი საახალწლო
საჩუქარი, -მიმართა მათ ბურა-ბურამ,-რჩეული ირემი სანტას ამალიდან. ინებეთ, იგი თქვენია!
უკან დაიხია, ხელები
მკერდზე დაიკრიფა და პირქუშად დაელოდა, რა მოხდებოდა.
მაგრამ სულაც არ
მომხდარა ის, რაც ეგონა, რომ მოხდებოდა. კომეტა თავიდან შიშისგან თრთოდა, მაგრამ მალევე
დამშვიდდა, მიხვდა, ცხოველები მას არაფერს ავნებდნენ. მეფე ლომი წინ გამოვიდა, მედიდურად დაჯდა და ცხოველებს ამაყად გადახედა. თითქოს მათ მზერით უთხრა, სანტას ირემი ჩემი მფარველობის ქვეშ იმყოფებაო.
ცხოველები მოდიოდნენ და კომეტას თავს მოკრძალებით უკრავდნენ. დიდებული ვეფხვი სულაც ფეხებთან გაუწვა, ლეოპარდმა კი ლამაზი ბეწვი აულოკა. სუნთქვაშეკრულები იდგნენ და სანტას ვერცხლისფერი
ირმის ცქერით ტკბებოდნენ.
ჯადოქარი საშინლად განრისხდა:
-სულელო ოთხფეხებო!-დაიყვირა
მან,-ნუთუ, სანტამ თავისი საახალწლო ზღაპრით
თქვენც მოგაჯადოვათ. ახია ჩემზე, ახია!
სანამ ცხოველები
რაიმეს მიხვდებოდნენ, თავისი საძაგელი ჯადო-სიტყვები წარმოთქვა. მასაც და ირემსაც წამსვე
ბურუსი შემოეხვია. კომეტამა ისევ გაუძალიანდა. ისევ ამაოდ.
ლომმა დაიღრინა,
ისკუპა და მაღლა ახტა, უჩინარ ჯადოქარს ჰაერში რომ წასტანებოდა. არ გამოუვიდა, რადგან ის ალბათ
უკვე ძალიან მაღლა იყო. მისი მქუხარე ხმა მეხის
გვრგვინვასავით ისმოდა:
-თქვენც მიღალატეთ,
თქვენც სანტას მხარეზე ხართ. მაგრამ ვერაფერს
იზამთ! სანტას ამ ირემს არამც და არამც არ დავუბრუნებ! ახალი წელი არც თქვენთვის დადგება და არც ადამიანებისთვის!
სისულელეა ეს ყველაფერი! აი, ნახავთ,სუ მალე
სამუდამოდ შევწყვეტ სანტას საახალწლო მოგზაურობას!
განრისხებული ცხოველები
ცას ანთებული თვალებით შეჰყურებდნენ. მტაცებლებმა ყმუილი გააბეს. ცაზე ერთხანს მოჩანდა
ვერცხლისფერი ზოლი,-კომეტას ნაკვალევი, მერე კი ისიც თანდათან გაქრა.
სანტას
პირისპირ
ის იყო,დაღონებულმა
ნადირ-ფრინველმა ტყის უღრანისკენ იბრუნა პირი,
ციდან შხუილით ჩამოეშვა ზურმუხტის ნაპერწკალი.
ისე დაიჭიხვინა, ლამის ცაძირს ჩამოიღო და მიწა
ძლიერი ფლოქვებით დატორა.
სანტა და რინოსი
ირმიდან ჩამოქვეითდნენ. ცხოველებმა სანტას წინაშე მორჩილად
დახარეს თავი,- ლომებმა და ვეფხვებმაც კი.
-კომეტა სადაა?-შეშინებული
ხმით დაიძახა სანტამ,- ნუთუ, თქვენ ის..
-არა, სანტა, ცუდი
არაფერი მომხდარა. ერთი, შეხედე წარსულის მზვერავს,-სხაპასხუპით
უთხრა რინოსმა.
სანტა პატარა ეკრანს დააკვირდა და შვებით ამოისუნთქა, სახე გაებადრა.
-დღეიდან ადამიანი უფრო იგრძნობს თავის მოვალეობას, დაიცვას
ცხოველი, -თქვა მან,- ამიერიდან ადამიანთა მეგობრობას გპირდებით, თქვენ ეს დაიმსახურეთ.
ცხოველებიც კი გრძნობენ კრძალვას საახალწლო საიდუმლოს წინაშე. ადამიანებს მით უფრო მართებთსანტას ლეგენდის დაჯერება.
სანტა ამ დროს ისეთი დიდებული იყო! მან მოატრიალა თავისი კვერთხის
ოქროს ვარსკვლავი და იგი ცხოველებისკენ გაიშვირა.
ჯადოსნური ნაპერწკალი ნიღვარივით წამოვიდა. მდელოს შუაგულში საუცხოოდ მორთულ-მოკაზმული
ნაძვისხე აღიმართა, ირგვლივ კი როგორც მტაცებელთა,
ისე ბალახისმჭამელთა სასურველი საკვები მთებად
და ზვინებად დადგა. საჭმლისკენ ნადირთაგან არცერთი გაქცეულა. ცხოველებს ნაძვისხის ირგვლივ წრე შეეკრათ.
ასეთი საოცრება მათ ჯერ არ ენახათ. ეს ხომ ადამიანთა ფანტაზიის ნაყოფი იყო! ახლა საკუთარი
თვალებით თვითონაც უმზერდნენ ასეთ მომხიბლავ ფანტაზიას!
დიდი
ქალაქის ქუჩებში
ამ დროს ბურა-ბურა და კომეტა დათოვლილი დიდი ქალაქის ერთ უკაცრიელ ქუჩაზე დაეშვნენ. უხვად მოეთოვა და ქუჩები თეთრი თოვლით იყო გადაბამბული. თოვას უკვე გადაეღო, ცა მოწმენდილიყო და მთვარე
ცივად ანათებდა, ვარსკვლავებიც ცივად კრიალებდნენ, ყინავდა. ადამიანები საახალწლო სამზადისში
იყვნენ და ქუჩაში კანტიკუნტად თუ გაივლიდა ვინმე. ყველანი სახლებში იყვნენ შეყუჟული
ან გასართობად დიდი ქუჩებისკენ და მოედნებისკენ გაკრეფილიყვნენ.
კომეტა და ბურა-ბურა
ერთ უკაცრიელ, გაყინულ ქუჩაში მიაბიჯებდნენ.
ჯადოქარი მრუმე შესახვევებს, ბნელ კუნჭულებს,
ავტობუსების მოსაცდელებს ყურადღებით აკვირდებოდა. ეტყობოდა, იცოდა, რომ ეს ადგილი
ღარიბული უბანი იყო. ისიც იცოდა, თუ ვის ეძებდა.
ავტობუსის ერთ-ერთ მოსაცდელთან, ქუჩის
ყველაზე განაპირა, ბნელ ადგილას ორი რუხი, პატარა ჩრდილი გამოჩნდა. გოგონა და ბიჭი იყო,-ორივე
გაცვეთილ პალტოებში ჩაცმული, არც დათბილული ფეხსაცმელები ეცვათ. გოგონას თავშიშველი
იყო, ბიჭუნა თხელი ქსოვილის ქუდი ეხურა. საბრალო
ბავშვები ყინვისგან დამზრალ ხელებს საკუთარი სუნთქვით ითბობდნენ. კომეტამ ყური მიუგდო
მათ საუბარს, ეტყობოდა, და-ძმა იყო. გარეთ
ცოტაოდენი ფულის საშოვნელად გამოსულიყვნენ.
-ლიზ, შინ დროზე წავიდეთ, ადექი,
ნუ გეზარება!- ეუბნებოდა ბიჭი გოგოს,
-განა, მეზარება, ძალა არ მყოფნის,
გზა გავაგრძელო,-დაიწუწუნა გოგომ,-ძალიან მცივა, ლეო, თანაც დავიღალე... მოდი, აქვე
დავრჩეთ.
-აქვე? ღია ადგილას? ასეთ ყინვაში?
თანაც ახალი წლის ღამეს!
-გგონია, ჩვენს ფიცრულში ეთბილება?
თანაც ფული ვერ მოვაგროვეთ, ბიძია კარლი მაინც გარეთ გაგვაგდებს. ლეო, მართალი არა
ვარ? შენც ხომ იცი, რომ ასე იქნება. მიპასუხე, ლეო!
-ჰო, მართალი ხარ!-ამოიოხრა
ბიჭმა.
უცებ ფეხებთან შემომდგარი
ვერცხლისფერი ნათება დაინახეს, შეეშინდათ და სასწრაფოდ წინ გაიხედეს.
-ვერცხლისფერი ირემი!-წამოიყვირა
გოგომ,-შეხედე, ლეო, შეხედე! ნახე, რა ლამაზია!
-მართლა ძალიან
ლამაზია, მაგრამ... მეშინია, ლიზ, მოდი, გავიქცეთ!
ეს სანტას ირემია?!
-სად უნდა გავიქცეთ?
გაჩუმდი, სულელო! ძია, ეს თქვენი ირემია? ნამდვილია
თუ ჯადოსნური?
-ჯადოსნურია!-პირქუშად
უპასუხა გოგონას ჯადოქარმა,-მას ერთი სანუკვარი
თხოვნის ასრულება შეუძლია. სთხოვეთ, რაც გინდათ.
ბიჭუნას სახე გაუბრწყინდა,
გოგონა ჩაფიქრდა. ირემს სევდიან თვალებში ჩახედა
და ჯადოქარს კითხვები დააყარა:
-რა ირემია? საიდან გყავთ, ძია? ჩვენთან რატომ მოიყვანეთ? ასე
სევდიანად რატომ იყურება?
ჯადოქარმა წარბები
ბრაზით შეკრა:
-რას კითხულობ,
გოგონა? დროზე ინატრე...
-ვერცხლისფერი რატომაა?
რა უნდა ქალაქში ამ დროს? ტყეში რატომ არაა ირმებთან ერთად? მოიპარეთ, ძია? ზღაპრულია? სევდიანად რატომ იყურება -მეთქი!-ვერ
ისვენებდა გოგონა.
და უცებ მიხვდა, წამოიყვირა:
-ეს სანტას ირემია
და თქვენ სანტა არა ხართ!
-გაჩუმდი, ლიზ!-დას
სახელოზე მოქაჩა დამფრთხალმა ბიჭუნამ.
-შენ თვითონ გაჩუმდი,
ლეო! ნუ გეშინია, მე შენთან ვარ!-უთხრა დამ
და ჯადოქარს მიუბრუნდა,- სანტას ირემი მოპარეთ, არა?
ბურა-ბურა განრისხდა:
-სულელო გოგო, ახალი
წლის ღამეა და პატარა ძმასთან ერთად გაყინულ ქუჩაში დგახარ... ინატრე თბილი სახლი,
გემრიელი, ცხელი წვნიანი, თბილი ტანსაცმელი... თუნდაც ალერსიანი მშობლები.
-დედ-მამა ავარიაში
მოხვდნენ და...-ჩაიბურტყუნა ბიჭუნამ,-მე ისინი აღარც კი მახსოვს...
-ჰოდა, ისინი ინატრე,-უთხრა ბურა-ბურამ,- ისურვე და შეგისრულდება.
-ლიზ! ლიზ! მოიხედე! გესმის, ძია რას გვეუბნება!-ბიჭმა
დას სახელოზე ისევ დაქაჩა.
-დამაცადე, ლეო,
-უთხრა დამ, -აქ რაღაც ისე არაა. ძია, ვერ
უარყოფ, რომ ეს სანტას ირემია... თუ ვინატრეთ, მას რა დაემართება?
-რა შენი საქმეა,
-კბილებში გამისცრა ჯადოქარმა,-ბედნიერება კარს მოგდგომია, გამოიყენე!
-მე მინდა, რომ...
ბიჭუნამ დაიყვირა,
მაგრამ დამ იმარჯვა და პირზე ხელი ააფარა:
-კრინტი არ დაძრა,
ლეო! ეს ცუდი ძიაა! არაფერი აგვიხსნა... ხვდები?
ირემს რაც დაემართება? დაიღუპება, ლეო!
-სამაგიეროდ, დედა
და მამა გვეყოლება,-დაიჩურჩულა ბიჭუნამ,-ვხვდები, მაგრამ... ძალიან მინდა, ბედნიერები
ვიყოთ, ლიზ! ოჯახი გვქონდეს!
-მარტო საკუთარ
თავზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ?-უსაყვედურა დამ,-თუ
ყველა ბავშვი უბედური იქნება, ჩვენ როგორღა ვიქნებით ბედნიერი?
სხვას რა ეშველება? ბავშვებს სურვილებს ვინ შეუსრულებს?
ბურა-ბურა საშინლად
განრისხდა. მისი წამოსასხამის კალთა ფართოდ გაიშალა, ცივმა ქარმა დაუბერა. ბიჭუნა მოიბუზა.
-სხვას თავი ანებე
და საკუთარ თავზე იფიქრე!-დაიგრგვინა ჯადოქარმა, -იჩქარე, სულელო გოგო!
ცივი ქარი გოგონას
ეცა და იქვე მინამქრულ თოვლზე დაანარცხა. ჯადოქარმა
ბიჭს მიაპყრო მკაცრი მზერა:
-ინატრე, ბიჭი!
-მე მინდა, რომ..
-ლეო, გთხოვ, ლეო!
-დაუძახა გოგომ,-ძამიკო, ჩვენ ეს კაცი გვატყუებს. ჩვენი ბედნიერება მას არ ანაღვლებს...
თანაც...ადამიანი მხოლოდ სხვებთან ერთადაა ბედნიერი!
-ისეთ რამეს ვინატრებ,
ირემს არ ვავნო,-ცრემლიანი ხმით უპასუხა ბიჭმა,-ჩემთვის და შენთვის კი არ ვთხოვ!
-არანაირი თხოვნა
არ თქვა, ლეო, არაფერი წამოგცდეს.
და, თითქოს შეთანხმდნენო,
ორივემ ერთად დაიძახა:
-არაფერი გვინდა!
დაე, სანტას ირემი სანტასთან დარჩეს!
გაიელვა. საშინლად
იჭექა. გოგონა თოვლიდან წამოხტა და ძმა გულში ჩაიკრა. ირემიც იმათ მიეკრა. ბავშვებს
ხელი აულოკა. იმათაც მიუალერსეს.
მერე შიშით გაიხედეს,
ჯადოქარი არსად ჩანდა, გამქრალიყო.
ლიზი
და ლეო
-წასულა! -დაიძახა
ბიჭუნამ, -ლიზ, ის ბრაზიანი ძია გაქრა!
-ჰო, ლეო!-უთხრა
გოგონამ,-ნუ დარდობ, ჩვენ არაფერი დაგვიშავებია!
ისევ იელვა. და-ძმამ
შიშით დახუჭა თვალები.
-ნუთუ დაბრუნდა!
მაგრამ ეს სანტა
და რინოსი იყვნენ,-ზურმუხტის ნაპერწკალზე ამხედრებულები!
-კომეტა, ჩემო საყვარელო!-დაიძახა
სანტამ, -მოდი ჩემთან!
-ეს სანტაა! სანტა!-დაიყვირა
ბიჭუნამ და სახე გაუბრწყინდა. ზურმუხტის ნაპერწკალმა
კომეტას მიაშურა, თვალები ალერსით აულოკა. სანტამ და რინოსმაც ჩაიმუხლეს, კომეტას მოუალერსეს.
-ბავშვებო,-სანტა
ფეხზე წამოდგა,-ხომ კარგად ხართ? ბურა-ბურა
საით წავიდა? რა მოხდა ბავშვებო? კომეტა თქვენთან
რატომ დატოვა?
და-ძმა ხმას ვერ
იღებდა, ისე გამოიყურებოდნენ, რონოსს შეეცოდა და თავისი ჯიბის კომპიუტერი ამოიღო. როცა
წუთების წინ მომხდარი ნახა, სანტას სახე გაუბრწყინდა:
-შესანიშნავი ბავშვები
ხართ! თქვენ ჯადოქარი დაამარცხეთ! კომეტა თქვენ გადაარჩინეთ!
-ჩვენ არაფერი გვიქნია!-ჩაილუღლუღეს
ბავშვებმა.
-ეს მისი მესამე
მცდელობა იყო. ჯადოქარი დარწმუნდა, რომ საახალწლო
სასწაული ქვეყნიერებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, ამიტომაც ირემი დატოვა და გაიქცა...
სანტამ თავისი საოცარი
კვერთხი ასწია. და-ძმის თავზე ოქროს ნაპერწკალი ჩანჩქერივით გადმოიღვარა.
-ყველაფერი კარგად
გექნებათ!-კეთილმა მოხუცმა ორივე ბავშვს ხელი
მოხვია,-მადლობელი ვარ, ბავშვებო! ახლა კი
წავალ! ნუ გეშინიათ, საიმედოდ გტოვებთ!
-ცოტა ხანს დარჩით!
განა სანტას ყოველდღე ვნახულობთ!-გაუბედავად სთხოვა გოგონამ.
-დრო არ ითმენს,
ლიზ!-აუხსნა რინოსმა,-სანტამ უნდა მოასწროს და თორმეტ საათამდე მსოფლიოს სამჯერ შემოუაროს!
არ იდარდო, აუცილებლად დავბრუნდები. მე რინოსი მქვია!
-მე კი ლიზი, უფრო
სწორად, ლიზბეტი! ეს ლეოა,-ჩემი ძმა!
-ნახვამდის, ლიზბეტ!
ლეო! სამწუხაროდ, ძალიან გვეჩქარება!
-მაშინ...ნახვამდის,
რინოს! ნახვამდის, სანტა! ბედნიერ მოგზაურობას
გისურვებთ!
-ნახვამდის! ყველას
ვეტყვი, რომ სანტა ვნახე, მაგრამ დამიჯერებენ?-დაიწკრიალა ბიჭუნას ხმამ.
სანტამ გაიღიმა
და თავზე გადაუსვა ხელი. ლიზთან წუთით შეყოვნდა, გოგონას თავი აუწია და თვალებში ჩახედა:
-ლიზ, ყველაფერი
კარგად იქნება, ბედნიერება დაგიბრუნდებათ, მაგრამ თქვენ არაფერი გეხსომებათ. ყველაფერი,
რაც ცუდი იყო, თქვენი მეხსიერებიდან წაიშლება. ოღონდ, მეეჭვება..ლიზ, შენ კაცი ვერაფერს
გამოგაპარებს, იქნებ ეს ღამე გაგახსენდეს კიდეც. იცოდე, ლეოს არაფერი უთხრა. წარსულის
მოგონებებით ნუ შეაშინებ!
-კარგი, სანტა!
კიდევ შევხვდებით?
-ყოველი ახალი წლის
საღამოს! გჯეროდეს!
სანტამ და რინოსმა და-ძას ხელი დაუქნიეს. სანტა ზურმუხტის
ნაპერწკალზე შეჯდა, რინოსი-კომეტაზე. გაიელვა, თბილმა ქარმა დაუბერა. და-ძმა თითქოს
უხილავმა ხელმა აიტაცა, სადღაც გააქანა, თვალები შიშით მოხუჭეს...
სახლში,
მშობლებთან...
როცა თვალები გაახილეს, თბილ ოთახში ისხდნენ. ოთახს უზარმაზარი
ფანჯრები ჰქონდა, -იატაკამდე. მრავალსართულიან
სახლში იყვნენ და დათოვლილ ქალაქს ზემოდან გადაჰყურებდნენ. ოთახის კუთხეში ფერად-ფერადი ბრჭყვიალა ბურთებით
მორთული ნაძვისხე იდგა. სამზარეულოდან საამური სურნელი შემოდიოდა.
კარი გაიღო. ოთახში
დედა და მამა შემოვიდნენ. დედამ მხიარულად დაიძახა:
-ლიზ! ლეო! მოგვეხმარეთ,
ბავშვებო, საახალწლო სუფრა გავშალოთ და მაგიდას ერთად შემოვუსხდეთ!
-ახლავე, დედა!-დაიძახა
ლიზიმ.
-მოვდივარ!-დაიყვირა
ლეომ და დედ-მამისკენ გაიქცა,-მამა, რომელი საათია? სანტა ჩემთან არ მოვა? საჩუქრებს
არ მომიტანს?
-რა თქმა უნდა,
მოვა,-უთხრა მამამ,-სანტას ამაღამ იმდენი საქმე ექნება, მან ხომ ყველა ბავშვი უნდა
მოინახულოს. შეიძლება, არ დაგენახოს, მაგრამ...
-მთავარია, არ დავავიწყდე,-უთხრა
ბიჭმა,-მამიკო, ვფიქრობ და ვერ გამიხსენებია,
დღეს რა ვაკეთებდით? კინოში ვიყავით? ცირკში?
-რამ დაგავიწყა?-უპასუხა
მამამ,-დღეს ხომ მე და შენ ქალაქგარეთ ვიყავით
და ავტორბოლას ვუყურეთ.
ამასობაში ლიზი
საყვარელ დედას ჩაციებით უყურებდა.
-რა გემართება,
ლიზი?-გაუღიმა დედამ,-ისე მიყურებ, თითქოს გეშინია, არ გავქრე.
-არა, დედა,-გოგონა
ჩაეხუტა,-შენ არსადაც არ გაქრები. ჩვენ ძალიან დიდხანს ვიცხოვრებთ ბედნიერად!
-მამას ახალი სათამაშოები
მოუტანია, წამო, ნაძვისხეზე დავკიდოთ!
ნაძვისხეს ახალი
სათამაშოები დაამატეს. ლიზიმ ვერცხლისფერი, ბრჭყვიალა ბურთი დაჰკიდა. ბურთმა უცნაურად გაიბრწყინა და ზედ სანტას სახე დაიხატა. სანტამ
ლიზის მოხედა, გაუღიმა და თავი დაუქნია.
-გმადლობ, სანტა!-გოგონას
თვალებში სიხარულის ცრემლი გაუკრთა და მოელვარე ბურთი ნაძვის ხეზე დაკიდა. უცებ ყურში
ჩურჩული ჩაესმა:
-ლიზ! ხომ ვამბობდი, შენ კაცი ვერაფერს გამოგაპარებს-მეთქი!
ბედნიერი იყავი, ძვირფასო!
-ჩემო ძვირფასო,
კეთილო სანტა!-დაიჩურჩულა გოგონამ.
სანტას ჯადოსნური მოგზაურობა
ლაპლანდიელაზე კომეტასა
და სანტას დაბრუნებას ყველა ოვაციებით შეხვდა.
სიხარულს ბოლო არ უჩანდა, გულში არ ეტეოდა.
ენდრიუსიც მოსულიყო. ჯერ შიშით იყურებოდა, მაგრამ ლაპლანდიელებმა გულში რომ ჩაიკრეს და ათასი საალერსო სიტყვა უთხრეს, მაშინ
კი დამშვიდდა. რინოსი ბიჭს გვერდიდან არ შორდებოდა.
ირმები ვერ ისვენებდნენ.
ელფებმა ისინი სასწრაფოდ მარხილში შეაბეს. კომეტამ ჩვეული ადგილი დაიკავა. სანტამ ჯადოსნური
კვერთხი ასწია:
-ჩემო ძვირფასებო!
ახალ წელს გილოცავთ! გისურვებთ, რომ ეს წელი მსოფლიოსთვის
ახალი დიდებული ცხოვრების მომტანი ყოფილიყოს!
აბა, მაგრად ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები და ერთმანეთის
სიყვარულით ვიცხოვროთ!
-გმადლობთ, სანტა!
ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!
სანტას კვერთხიდან
ოქროს ნაპერწკლები უხვად გადმოიღვარა. ლაპლანდიის ცა ზღაპრული ფეიერვერკით მოიხატა, მოედანზე ულამაზესი
ნაძვისხე აჩახჩახდა. ასეთი საოცარი სანახაობა
აქამდე არავის ენახა, ყველამ ერთმანეთს ჩასჭიდა ხელი და საახალწლო სიმღერა დაიწყო.
სანტა მარხილში ჩაჯდა. ირმები ცაში აიჭრნენ. ჯადოსნური მოგზაურობა დაიწყო!
მთელი მსოფლიო თვალს
ადევნებდა სანტას მოგზაურობას,-აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. არ
დარჩენილა დედამიწაზე კუთხე-კუნჭული, სანტას არ მოენახულებინა. ირმები ცაზე ათასფერად მოელვარე ნაკვალევს ტოვებდნენ. ცხოველებმა თავი ასწიეს
და კაბადონს კეთილი, ალერსიანი მზერით შეაცქერდნენ,
ადამიანების სიხარულს ხომ საზღვარი არ ჰქონდა. სანტამ გადაუქროლა სოფლებსა და ქალაქებს.
მას ყველა ხელის ქნევით ეგებებოდა. ლიზიც და
ლეოც თავიანთი ბინის დიდ აივანზე სუნთქვაშეკრული ელოდებოდნენ. როცა სანტამ თავზემოთ გადაუშხუილა, ხელი დაუქნიეს და სიხარულით დაუძახეს:
-გზა მშვიდობისა,
სანტა! გზა მშვიდობისა!
სანტა მარხილიდან
გადმოიხარა:
-ახალ წელს გილოცავ,
ლიზ! ახალ წელს გილოცავ, ლეო! ბედნიერ მომავალს გისურვებთ, ჩემო პატარა, ჩიტუნებო!
შინ
დაბრუნება
ამ დროს მწვანე
ჭაობების ქვეყნიდან ვიღაცა მარტო დარჩენილი ლაპლანდიისკენ მიაბიჯებდა. თითქოს თოკით მიათრევენო,
ის ვიღაცა ბნელ ბილიკზე თავჩაღუნული, ოხვრა-ოხვრით
მიდიოდა. ფეხს ითრევდა, რაღაცაზე გული სტკიოდა,
რცხვენოდა, ხვნეშოდა...შეეძლო, ბურუსით ემგზავრა, წამში გაჩნდებოდა ლაპლანდიაში, მაგრამ
ისე განიცდიდა, დროს და ამ მსვლელობას, რაც შეეძლო, აჭიანურებდა. როცა ცაზე სანტას მარხილმა გადაიქროლა, შეჩერდა,
თვალი გააყოლა და მწარედ ამოიკვნესა:
-ნეტავი, შენთვის
დამეჯერებინა, კლაუს! ნეტავი ლაპლანდიაში დავრჩენილიყავი!
ნეტავი, გულში ბოროტება არ შემეშვა! რა სირცხვილია! ასე როგორ
მოგექეცი, ჩემო ძმაო!
მერე თავი მწუხარედ
ჩაჰკიდა:
- ვითომ მიმიღებს?
დამიჯერებს? ისევ მომენდობა? ნეტავი, ისევ
ძმები ვიქნებით? ჩემი ენდრიუსი რას მეტყვის?
ისევ ძველებურად ვეყვარები?
ძნელი და გრძელი
გზა მის ფეხქვეშ თანდათან ილეოდა. აი, შორს ლაპლანდიის ციმციმა სინათლეები გამოჩნდა. გზაზე
დამდგარმა მარტოსულმა ძალა მოიკრიბა და იმ მოციმციმე სინათლისაკენ გასწია:
- თუკი კლაუსი დაიჯერებს, მე დღეიდან მისი ერთგული თანაშემწე გავხდები.
თქვენ წარმოიდგინეთ,
ჯერ კიდევ მარხილში მჯდომმა გულთამხილავმა სანტამ ეს ამბავი უკვე იცოდა. იმდენად გაუხარდა, ძმა რომ უბრუნდებოდა, ძალა უფრო
მოემატა, თითქოს უფრო გაახალგაზრდავდა კიდეც:
-ეს ხომ დიდებული საახალწლო საჩუქარია! უკეთესს ვერც ვინატრებდი! ძმა დამიბრუნდა! ამიერიდან მე და ჩემი ძმა ერთად
ვიქნებით! ჩვენ ენდრიუსს ერთად აღვზრდით, ვასწავლით!
მხარში ამოვუდგებით! გასწით, ჩემი საყვარელო
ირმებო! ბედნიერი ვარ და მინდა, ჩემი ბედნიერება
მთელ მსოფლიოს გავუნაწილო!
როცა დიდებულ მსოფლიოს
სამჯერ შემოუარა, ბავშვების სურვილების ასრულების დროც დადგა! პატარა ირემი უშურველად ტოვებდა ოქროს ნაპერწკლებს,
სანტა უხვად არიგებდა საჩუქრებს. ეს საოცარი ღამე იყო! არცერთ ბავშვს არ დასძინებია
და ღამის თორმეტზე სანტა ყველამ საკუთარი თვალებით ნახა, თანაც ერთდროულად! ყველა ბავშვმა შეძლო სანტას დიდებულ ირმებს მოფერებოდა,
პატარა კომეტას განსაკუთრებით. ყველას შეეძლო მეორე დღეს ეამაყა, სანტა პირისპირ ვნახე,
დაშაქრული რძითა და შვრიის ნამცხვრით გავუმასპინძლდი და ნახეთ, რა დიდებული საჩუქარი
მივიღეო. ეგ, ცოტაა, კომეტაზეც კი ავმხედრდი და რამდენიმე წუთით ცაზეც კი გავისეირნეო.
რაც ყველაზე საოცარია,
სანტასგან საჩუქარი ყველამ ერთსა და იმავე დროს მიიღო და კომეტაზედაც ყველა ერთდროულად
და ცალ-ცალკე ამხედრდა. რა ძნელი გასაგებია ეს საახალწლო სასწაული!
გვიან ღამით დაღლილმა ბავშვებმა გულში ჩაკრული საუცხოო სათამაშოებით დაიძინეს. ყველა სახლში თბილოდა, ყველგან
სიმშვიდე და სიმყუდროვე იყო, ყველა სამზარეულოში საუცხოო სურნელი იდგა, ყველასთან
ზღაპრული, ფერადი ბურთებით დახუნძლული ნაძვისხე ციმციმებდა.
მშვიდად ეძინათ
დიდებსაც, პატარებსაც. შუბლი გახსნოდათ მდიდრებსაც და ღარიბებსაც. ცხოველებსაც კი უშიშრად ეძინათ თავიანთ მყუდრო თბილ თავშესაფრებში.
დიდ ქალაქში მრავალსართულიანი
სახლის ზედა სართულზე ლამაზ საბავშვო ოთახში ლიზის გაეღვიძა, სანტას ნაჩუქარ საუცხოო
თოჯინას თმა შეუსწორა და ლამაზად მოქარგულ ბალიშზე მიაწვინა. მერე ადგა, ფეხები ფაფუკ საშინაო ფეხსაცმელებში ჩაჰყო,
ფუმფულა თეთრი ხალათი მოიცვა და დედ-მამის ოთახისკენ გაეშურა. გზად ლეოს საძინებელში
შეიხედა, ბიჭი ნებივრად იწვა, გულში საჩუქარი-სათამაშო
ირემი ჩაეკრა, სახე უღიმოდა. იატაკზე სათამაშო
მატარებელი პაწია ლიანდაგებზე გაჩერებულიყო.
დედ-მამასაც მშვიდად
ეძინა. ლიზის გულზე ბედნიერების ტალღა მოაწვა, თვალზე სიხარულის ცრემლი მოადგა. ნაძვისხესთან
მივიდა და ვერცხლისფერ ბურთს ხელი გაუბედავად შეავლო. ყურში მაშინვე სანტას ხმა ჩაესმა:
-მიმოიხედე შენს
გვერდით, ნახე, ყველა ბედნიერია? ასწავლე ყველას,
რომ ერთმანეთის სიყვარულით იცხოვრონ!
-ასედაც მოვიქცევი!
გპირდები, სანტა! -დაიჩურჩულა გოგონამ.
სადღაც შორს მარხილით შინ მიმავალმა სანტამ გაიღიმა. ხელში იმასაც ვერცხლისფერი ბურთი ეჭირა
და ზედ გამოსახულ ლიზის ხედავდა. გოგონა აქ
უკვე გაზრდილი ჩანდა. მომავალში ის განაგებდა ობოლ ბავშვთა სახლებს, აშენებდა მარტოხელა
და შეჭირვებულ ადამიანთა თავშესაფრებს, ხსნიდა მოხუცთა პანსიონებს, საკუთარ საავადმყოფოებში
ავადმყოფებს თბილ და გემრიელ წვნიანს საკუთარი
ხელით აჭმევდა... მის დანახვაზე ყველა იღიმოდა, ყველა იცნობდა და ყველას უყვარდა. ლეო,
რინოსი, ენდრიუსი გვერდით ედგნენ და ეხმარებოდნენ. ლეო მომავალში მსოფლიოში ცნობილი
ექიმი იყო, რინოსი-მსოფლიოში სახელგანთქმული გამომგონებელი, ისეთი, რომ დროის მანქანასაც
კი გამოიგონებდა. ენდრიუსი კი... მომავალში ენდრიუსი იქნებოდა სანტა ენდრიუსი და სანტა კლაუსის შემცვლელი.
-ეს შესანიშნავი
ბავშვები მსოფლიოს უამრავ სიხარულს მოუტანენ,
ადამიანებს გააბედნიერებენ! მსოფლიო სრულიად
შეიცვლება!-დაიჩურჩულა სანტამ.
თვითონ სანტა კლაუსი
რას იზამდა? ის და მისი ძმა ახალ სანტას დაეხმარებოდნენ, მთელ დედამიწაზე იმოგზაურებდნენ, შეიძლება იმის იქითაც...განა ტყუილად
გამოიგონებდა რინოსი დროის მანქანას!
-ყველას დაუდგება
ბედნიერი დროება!-წარმოთქვა გულთამხილავმა კეთილმა მოხუცმა.
ირმები ძირს დაეშვნენ.
მარხილი სანტას ეზოში შეჩერდა. სანტა მარხილიდან
ჩამოვიდა. უცებ გაშეშდა, რადგან
სახლის კართან მდგარი თავჩაღუნული კაცი
დაინახა. კაცს სახლში შესვლა ვერ გაებედა და ძმის გადაწყვეტილებას ელოდებოდა. სანტამ
გაიღიმა, ხელები გაშალა და ძმისკენ გაემართა. ენდრიუსს არ ეძინა. ზედა სართულის ერთ-ერთ ოთახში ფანჯარასთან
იდგა და მათ უყურებდა. ბურა-ბურამ თავი ასწია... თვითონაც ხელები გაშალა და ძმას შეეგება!
ეს წელი მათთვისაც
ბედნიერი წელი უნდა ყოფილიყო!
No comments:
Post a Comment