კონფერენციები და სემინარები



მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებელთა მესამე ეროვნული კონფერენცია გაიმართა
14 ნოემბერი , 2015
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლთა მესამე ეროვნული კონფერენცია, სახელწოდებით „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“ საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს. მასწავლებელთა მესამე ეროვნულ კონფერენციას საჯარო და კერძო სკოლების 150-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.
კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნის 64-მა მასწავლებელმა წაიკითხა. მომხსენებლებმა კოლეგებს მათ მიერ მომზადებული თემები წარუდგინეს, მათ შორის არაფორმალური განთლება სამოქალაქო კომპეტენციის ამაღლებისთვის; კითხვის სწავლება დიფერენცირებული მიდგომით; საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება; აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა; ომი და ადამიანური ღირებულებები; ატმოსფეროს ეკოლოგია; ასევე, საგნის სწავლების სხვადასხვა მეთოდები შესთავაზეს.

კონფერენციაზე ცენტრის თანამშრომლებმა წარმოადგინეს თემები  დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების,  განათლებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის, ინკლუზიური განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების შესახებ.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი მიმდინარე წლის ოტრომბერში გამოცხადდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა შემოსული 200-მდე განაცხადიდან 52 საუკეთესო მოხსენება შეარჩიეს.








წიგნიერების განვითარების ერთ-ერთი გზა-კითხვის სწავლება დიფერენცირებული მიდგომებით
ნესტან კუპრავა
თბილისის დიმიტრი უზნაძის სახელობის 22-ე საჯარო სკოლის დაწყებითი (I-IV) კლასების და ქართული ენისა და ლიტერატურის (V-VI) კლასების მასწავლებელი
 საკონფერენციო თემის აბსტრაქტი
მოსწავლეთა წიგნიერების განვითარების ერთ-ერთი გზა-კითხვის სწავლება დიფერენცირებული მიდგომებით
„დიფერენციაციის“ ლათინურიდან თარგმანი ნიშნავს „განსხვავებას, დაყოფას“,  დიფერენცირებული მიდგომებით სწავლება კი  ნიშნავს სასწავლო პროცესის მორგებას მოსწავლეთა საჭიროებებზე.  ერთ კლასში მყოფი განსხვავებული მიღწევების მქონე მოსწავლეების განსხვავებულად სწავლებას. ეს არის  ალტერნატიული მეთოდი, რომელიც თითოეული მოსწავლის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს და სასწავლო პროგრამის ათვისებას ხელს მნიშვნელოვნად  უწყობს.
 სწავლების დიფერენცირებაში შეიძლება  ითვალისწინებდეს ერთი კლასის მოსწავლეების დაჯგუფებას დონეების მიხედვით. შეიძლება დიფერენცირების სხვა მოდელიც,-მაგ. კლასებისა და სკოლების დიფერენცირება. შესაძლებელია  იგულისხმებოდეს ერთსა და იმავე კლასში მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფთან განსხვავებული მეთოდების ან რესურსების გამოყენება.
წიგნიერების დონის ასამაღლებლად მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებას ბოლო დროს დიდი ყურადღება დაეთმო. მოზარდთა წიგნიერების შესახებ კითხვის საერთაშორისო ასოციაციის დებულება (Bean, Birdyshaw, Moore, and Rycik) სწორედ ამ მოთხოვნების განვითარებისათვის მიიღეს. დებულების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით: „ბავშვს, რომელსაც უჭირს კითხვა, აქვს უფლება, მასწავლებლისგან/კითხვის სპეციალისტისგან ინდივიდუალური, ინტენსიური ინსტრუქტაჟები მიიღოს
ნაშრომში განხილულია გაკვეთილი, ჩატარებული მართული კითხვის  მეთოდით, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია კითხვის დიფერენცირებული მიდგომით სწავლების პროცესში. აღნიშნული გაკვეთილი ჩატარდა მესამე კლასში, შემუშავდა საგაკვეთილო გეგმა, რომელიც შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
მოსწავლეები დავაჯგუფეთ კითხვის დონის მიხედვით,-მათი  საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. თითოეული ჯგუფისთვის შეირჩა შესატყვისი სირთულის ტექსტი, რომელიც შეესაბამებოდა მოსწავლეთა წინარე ცოდნას, საინტერესო იყო  და იძლეოდა  ახალი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას, შეიცავდა  ზომიერად რთულ ამოცანებს. დიფერენცირებული იყო კოგნიტური სქემებიც, რომლებითაც მოსწავლეები გაკვეთილზე მუშაობდნენ.  ე. ი. დიფერენცირებული იყო სწავლების ორგანიზების ფორმა და სასწავლო მასალა.
გაკეთდა ჩატარებული სამუშაოს  სვოტ-ანალიზი,  გამოიკვეთა სირთულეები და შეკითხვები, რომლებიც ამგვარი მიდგომებით წარმოებულმა სასწავლო პროცესმა გამოიწვია. მასწავლებლის თვითშეფასებით გამოირკვა, რა იყო მოსაწონი და რა არა. გამოვლინდა მისი  დამოკიდებულებაც  აღნიშნული პროცესისადმი.

ვფიქრობ, ნაშრომი დააინტერესებს იმ პედაგოგებს,  რომლებსაც  კლასში ჰყავთ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები, ბევრს ფიქრობენ  კითხვის სწავლების პრობლემატიკაზე  და  ალტერნატიულ გზებს  ეძებენ თავიანთ პრაქტიკაში  ეფექტური სწავლების დასანერგად.

შესავალი
რას ნიშნავს სწავლება დიფერენცირებული მიდგომებით?
დიფერენცირებული მიდგომებით სწავლება ნიშნავს სასწავლო პროცესის მორგებას მოსწავლეთა საჭიროებებზე. ესაა ერთ კლასში მყოფი განსხვავებული მიღწევების მოსწავლეების განსხვავებულად სწავლება. სწავლების დიფერენცირებაში შეიძლება იგულისხმებოდეს ერთსა და იმავე კლასში მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფთან განსხვავებული მეთოდების ან რესურსების გამოყენება. იგი ითვალისწინებს ერთი კლასის მოსწავლეების დაჯგუფებას დონეების მიხედვით. შეიძლება დიფერენცირების სხვა მოდელიც,-მაგ. კლასებისა და სკოლების დიფერენცირებაც კი.
დიფერენციაციის ლათინურიდან თარგმანი ნიშნავს განსხვავებას, დაყოფას. რა იყოფა სწავლების პროცესში? ხდება მოსწავლეების ცალკეული ჯგუფების გამოყოფა, რომელთა სწავლება მიმდინარეობს განსხვავებულად.
სწავლების დიფერენცირება მასწავლებელ-მოსწავლის კომუნიკაციის ისეთი განსაკუთრებული ფორმაა, რომლის დროსაც ხდება მოსწავლეთა ტიპოლოგიური ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური განსაკუთრებულობის გათვალისწინება. ეს არის სასწავლო პროცესის ფრონტალური, ჯგუფური და ინდივიდუალური ორგანიზების ოპტიმალური შეთავაზების მეთოდი. ეს არის მოსწავლის ინდივიდუალიზაციის პირობა და  საშუალება, ხოლო მისი მიზანია ყოველი მოსწავლის მისი შესაძლებლობებისა და ნიჭიერების დონეზე სწავლება, სწავლების მისადაგება მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფების თავისებურებებზე.
                დიფერენციის მიზანია მოსწავლეთა უნიკალური უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას.
თავი I
რისი დიფერენცირება შეიძლება სწავლებაში?
დიფერენცირებული მიდგომებით მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, დაძლიონ სწავლის პროცესში წარმოქმნილი ბარიერები და მკვეთრად გააუმჯობესონ შედეგები. ეს მიიღწევა უწყვეტი შეფასებისა და მოსწავლეთა მოქნილად დაჯგუფების გზით. სასწავლო პროცესში შესაძლებელია ისეთი ელემენტების დიფერენცირება, როგორიცაა: შინაარსი, პროცესი, დავალებები და გარემო.
გამოყოფენ დიფერენცირებული სწავლების ორგანიზების ორ ძირითად ფორმას: შიდა და გარე დიფერენციაცია.
გარე დიფერენციაცია ხორციელდება სკოლებს, კლასებს შორის, ხოლო შიდა დიფერენციაცია ხორციელდება კლასის შიგნით ჯგუფებად დაყოფით.
მოსწავლეებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა განსხვავებები: ზოგს სჭირდება მეტი გამეორება დამახსოვრებისთვის, ზოგისთვის იოლია ხმოვანი აღქმა, ზოგისთვის მხედველობითი. არიან მოსწავლეები კარგად განვითარებული ლოგიკური აზროვნებით, რომლებიც იოლად ითვისებენ საბუნებისმეტყველო - მათემატიკური ციკლის საგნებს, მაგრამ არ აქვთ მიდრეკილება ჰუმანიტარული დისციპლინებისაკენ. არიან ღრმად მგრძნობიარე მოსწავლეები კარგად განვითარებული წარმოსახვითი აზროვნებით, რომლებსაც არ უყვართ ტექნიკური საგნები. მოსწავლეები ასევე შეიძლება განსხვავდებოდნენ ფსიქიკური განვითარებით, ცოდნის დონით, მოტივაციით, მასალის ათვისების სისწრაფით.
სწავლება წარმოადგენს ცოცხალ და მუდმივად განვითარებად პროცესს მისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ურთიერთწინააღმდეგობებით.
არის ურთიერთწინააღმდეგობა სასწავლო ამოცანებსა და მოსწავლის განვითარების დონეს შორის. თუ დავალების დონე ბევრად აღემატება მოსწავლის განვითარების დონეს, მაშინ ის სავარაუდოდ დარჩება შეუსრულებელი ან შესრულებული არასრულად. ასეთმა მდგომარეობამ შეიძლება მოსწავლეს დააკარგვინოს სწავლის მოტივაცია. მეორე მხრივ, თუ დავალება აღმოჩნდება ძალზე მარტივი, მაშინ ის არ შეუწყობს ხელს მის განვითარებას, რადგან მიზნის მისაღწევად მას არ დაუხარჯავს საკმარისი ენერგია.
დიფერენცირებული სწავლება  გვთავაზობს  განათლების პიროვნებაზე ორიენტირებული პარადიგმის რეალიზაციას, მოსწავლის ნიჭის, მიდრეკილებისა და ინტერესების ყოველმხრივ გათვალისწინებას.   გი  სწავლება წარმოადგენს სკოლის მოდერნიზაციის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას, საშუალებას დამყარდეს ოპტიმალური თანაფარდობა საზოგადოების წევრების განათლების პოტენციალზე მოთხოვნილებასა და ყოველი ცალკე ადამიანის პიროვნულ ორიენტაციას შორის. სწავლების დიფერენციაცია თანამდროვე ეტაპზე არის განათლების დემოკრატიზაციის და ჰუმანიზაციის განმსაზღვრელი ფაქტორი.
დიფერენცირებული სწავლება ის ალტერნატიული მეთოდია, რომელიც თითოეული მოსწავლის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს და სასწავლო პროგრამის ათვისებას უწყობს ხელს. ამასთან, საჭიროა მოსწავლეთა მზადყოფნის, ინტერესისა და სასწავლო პროფილის გათვალისწინება, რის მიხედვითაც დავალების სირთულე, ტემპი, სწავლების საშუალებები და მასწავლებლის ჩართვის ხარისხიც შეიცვლება. სკოლაში გარკვეულ კავშირებსა და სტრუქტურებს ყურადღება უნდა ექცეოდეს. ცხადია,მასწავლებელი, რომელიც მეთოდის, მიდგომისა და მასალის შერჩევაში მოქნილობას იჩენს, ბავშვსაც და სიტუაციასაც დიდად არგებს.
თავი II
პრინციპები, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს დიფერენცირებული სწავლება
დიფერენცირებული სწავლება უნდა ეყრდნობოდეს შემდეგ მთავარ პრინციპებს:
·         საყოველთაო ტალანტურობა - არ არიან ადამიანები ტალანტის გარეშე, არიან არა თავისი საქმით დაკავებულნი;
·         ურთიერთუპირატესობა - თუ ვინმეს რამე გამოსდის უარესად, ვიდრე სხვას, ეს ნიშნავს,რომ რაღაც უნდა გამოუვიდეს უკეთესად. ეს რაღაც საპოვნია;
·         ცვლილებების გარდაუვალობა - ადამიანზე არც ერთი მსჯელობა არ შეიძლება იყოს საბოლოო.
მაშასადამე, დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს:
       სასწავლო პროცესის მორგებას  მოსწავლეთა საჭიროებებზე;
       ერთ კლასში განსხვავებული მიღწევების მქონე მოსწავლეების განსხვავებულად სწავლებას;
       ერთსა და იმავე კლასში მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფთან  განსხვავებული მეთოდებისა და რესურსების გამოყენებას;
       სასწავლო პროცესის ისეთ  ორგანიზებას, რომელიც გათვლილია  თითოეული მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფების საჭიროებებზე, უნარებზე და შესაძლებლობებზე;
       სწავლების ორგანიზაციისა და მასწავლებელ-მოსწავლის კომუნიკაციის განსაკუთრებულ  ფორმას, რომლის დროსაც ხდება მოსწავლეთა ტიპოლოგიური ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური განსაკუთრებულობების გათვალისწინება;
       სასწავლო პროცესის ფრონტალური, ჯგუფური და ინდივიდუალური ორგანიზების ოპტიმალური შეთავაზების მეთოდს;
რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა, თუ იგი აპირებს სწავლებას დიფერენცირებული მიდგომებით?
·         მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოლოდინები და სურვილები;
·         მოსწავლეთა  ცოდნის, უნარებისა და სწავლის სტილი;
·         როგორ იგებენ მოსწავლეები დავალებას;
·         სამომავლო გეგმის დასახვის მიზნით შედეგების შემოწმება და ანალიზი;
განათლების სპეციალისტი ჯენიფერ გოდფროი თვლის, რომ მასწავლებელმა, რომელიც დიფერენცირებულ სწავლებას იწყებს, უნდა გაითვალისწინოს შვიდი საბაზისო პრინციპი:
1.        შეისწავლეთ თქვენი მოსწავლეები, მათი ინტერესები,მოტივაცია, საჭიროებები და მიზნები;
2.        გააცანით  მოსწავლეებს დიფერენცირებული სწავლების კონცეფცია;
3.        საფუძვლიანად შეისწავლეთ საგნისა და კლასის სტანდარტები;
4.        დაიწყეთ მცირედით. (გაკვეთილები დიფერენცირებული აქტივობებით ნაბიჯ-ნაბიჯ გაამდიდრეთ);
5.        იმუშავეთ ორგანიზებულად;
6.        იყავით ღია და მოქნილი;
7.         ითხოვეთ დახმარება და   გამოიყენეთ ყველა ხელმისაწვდომი რესურსი;
თუ სკოლაში რომელიმე ჩვენი კოლეგა ცდილობს დანერგოს დიფერენცირებული მიდგომები სწავლებაში, მივმართოთ მას დახმარებისთვის, მაგრამ თუ ასეთი არავინაა, მივმართოთ ინტერნეტს, წიგნებს, გზამკვლევებს. ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს ინოვაციური მიდგომა ჩვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში დავნერგოთ!

თავი IV
დიფერენცირებული მიდგომების თანმხლები რისკ-ფაქტორები
         სუსტი მხარეები, რისკ-ფაქტორები, რომელიც შეიძლება სწავლებაში დიფერენცირებულ მიდგომებს ახლდეს, ჩემი დაკვირვებით, ძირითადად, ასეთია:
          არასაკმარისი მატერიალური, ტექნიკური  და ადამიანური რესურსი;
          მშობელთა წინააღმდეგობები;
          ზოგიერთი მოსწავლის  უარყოფითი დამოკიდებულება;
თანამედროვე პედაგოგიკაში სწავლების დიფერენციაცია არ არის ცალსახად შეფასებული. მასში არის დადებითთან ერთად უარყოფითი ასპექტებიც. დადებითი ასპექტები: გამოირიცხება საზოგადოებისათვის გაუმართლებელი და არამიზანშეწონილი გათანაბრება და გასაშუალება; მასწავლებელს ეძლევა საშუალება დაეხმაროს სუსტ ბავშვებს; კლასში ჩამორჩენილთა არყოფნა მოხსნის სწავლების საერთო დონის დაწევის პრობლემას; ჩნდება ეფექტური მუშაობის შესაძლებლობა ძნელად აღსაზრდელ ბავშვებთან, რომლებსაც უჭირთ ადაპტაცია საზოგადოებრივ ნორმებთან; ხდება ძლიერი მოსწავლეების სურვილის რეალიზება სწრაფად და ღრმად წაიწიონ სწავლაში; ძლიერებს ემატებათ რწმენა თავიანთ ძალებში, ხდება სუსტების წახალისება სწავლაში წარმატების მიღწევით; იზრდება მოტივაციის დონე; ჯგუფში, რომელშიც ერთნაირი ბავშვებია, სწავლა იოლია.
უარყოფითი ასპექტები:  ბავშვების დაყოფა განვითარების დონეების მიხედვით არაჰუმანურია; იზრდება სოციალური სეგრეგაციის გამოვლინება; საშუალო და სუსტი მოსწავლეები რჩებიან ძლიერ მოსწავლეებზე სწორების შესაძლებლობის გარეშე; სუსტ ჯგუფებში გადაყვანა ბავშვების მიერ აღიქმება თავმოყვარეობის შელახვად; დიაგნოსტიკის არასრულყოფილების გამო ზოგჯერ სუსტების ჯგუფში გადაყავთ არაორდინალური ბავშვები; არასასურველი ემოციური გარემო: ძლიერი მოსწავლეების სნობიზმი და სუსტებში არასრულფასოვნების შეგრძნება; ქვეითდება მოტივაციის დონე; კლასების ახლებური დაკომპლექტება არღვევს მოსწავლეთა ჩამოყალიბებულ კოლექტივებს.
დიფერენცირებული სწავლების უარყოფითი შედეგების მაქსიმალური ნეიტრალიზაციისა და სისტემისათვის მეტი მოქნილობის, ადაპტიურობის მიცემისათვის საჭიროა:
- მოსწავლეების უზრუნველყოფა ერთი ჯგუფიდან მეორეში გადასვლის შესაძლებლობით სწავლების შედეგებისა და განვითარების ტემპის შესაბამისად.
- სხვადასხვა დონეზე სწავლების უზრუნველყოფა მუდმივი ან დროებითი ჰომოგენური ჯგუფების შექმნით ერთი ან რამდენიმე საგნის მიხედვით, ხოლო დარჩენილი საგნების თავიანთ ჩვეულებრივ ჯგუფებში სწავლება.
თავი V
დიფერენცირებული მიდგომების გამოყენება მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განსავითარებლად
წიგნიერების დონის ასამაღლებლად მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებას ბოლო დროს დიდი ყურადღება დაეთმო. მოზარდთა წიგნიერების შესახებ კითხვის საერთაშორისო ასოციაციის დებულება (Bean, Birdyshaw, Moore, and Rycik) სწორედ ამ მოთხოვნების განვითარებისათვის მიიღეს. დებულების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით: „ბავშვს, რომელსაც უჭირს კითხვა, აქვს უფლება, მასწავლებლისგან/კითხვის სპეციალისტისგან ინდივიდუალური, ინტენსიური ინსტრუქტაჟები მიიღოს
ჟურნალში - „Reading today“ („Adolescent literacy“ 1999) - დაბეჭდილ ერთ-ერთ ფოტოზე გოგონა მხარზე მოგდებული ჩანთით ბალახით დაფარულ ბილიკზე მიაბიჯებს. ფოტოს ქვეშ წარწერა აქვს: „თანამედროვე მოზარდების მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაითვალისწინებს აღმზრდელი მათ ინდივიდუალურ მოთხოვნებს წიგნიერებაზე“. (გვ. 22). წიგნიერებისაკენ მიმავალო გზა რთული და დაბრკოლებებით სავსეა, როგორც თავად მოზარდის ცხოვრება. არ არსებობს ორი ერთნაირი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე მოსწავლე.
სკოლაში შესაძლებლობების, წინაპირობისა და მოტივაციის დიდი დიაპაზონია (Muth and Alvermann,1992), რაც წიგნიერების მრავალფეროვნებას განაპირობებს. ზოგი მოსწავლე უპირატესობას ამა თუ იმ ავტორსა და ჟანრს ანიჭებს, ზოგს კი კითხვა სულაც არ უყვარს. ზოგჯერ ბავშვს დიდი ძალისხმევა სჭირდება, ზოგჯერ - ნაკლები დრო და დანახარჯები, ხან კი - ოჯახური არასტაბილური მდგომარეობა გავლენას ახდენს მუშაობის პროცესზე. საშუალო სკოლის კითხვის მასწავლებელმა მოსწავლეთა ინდივიდუალური განსხვავებები უნდა გაითვალისწინოს. რეალურად კი იმ სასწავლო სტანდარტების თავს მოხვევა და იძულება ხდება, რომლებიც მოსწავლის სუბიექტურ თუ ობიექტურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს.
მოსწავლეთა დაჯგუფების პრინციპები
როგორ დავაჯგუფოთ მოსწავლეები დიფერენცირებული მიდგომებით ჩატარებულ კითხვის გაკვეთილებზე
მართული კითხვის დროს მოსწავლეები ჯგუფდებიან(თითო ჯგუფში  5-6 მოსწავლე) და კონკრეტულ დავალებაზე მუშაობენ. ჩვენს შემთხვევაში, დავალება ძირითადად მოიცავს ტექსტის წაკითხვას და დამუშავებას. ჯგუფები ასრულებენ ლექსიკურ სავარჯიშოებსაც, ზეპირ აქტივობებსაც. დიფერენცირებული სწავლების დროს მოსწავლეთა ჯგუფების შემადგენლობა სულაც არ არის უცვლელი. მოსწავლე შეიძლება ერთი ჯგუფიდან მეორეში გადავიდეს,-კითხვის დონის ან მოსწავლეთა საჭიროების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოსწავლე ისეთ ჯგუფში მოხვდეს, სადაც მას წარმატების მიღების შესაძლებლობა ექნება. თითოეული ჯგუფის აქტივობის დაგეგმვის დროს მასწავლებელი წინასწარ გეგმავს, რას გააკეთებენ ბავშვები წაკითხვამდე (ტექსტის მიმოხილვა, წინასწარი ცოდნის გააქტიურება, ლექსიკურ მარაგზე მუშაობა), კითხვის დროს(ტექსტსა და უნარებზე მუშაობა) და წაკითხვის შემდეგ (შეფასება, რეფლექსია, გაზიარება).
როგორ უნდა გადავანაწილოთ მოსწავლეები სხვადასხვა ჯგუფში?
ეფექტური კითხვის უნარის ჩამოყალიბება ხანგრძლივი და რთული პროცესია. ამ უნარის განვითარების გზაზე მასწავლებელი მუდმივად უნდა ადევნებდეს თვალს,  რა სახის შეფერხებები აქვს მოსწავლეს.
ზოგიერთ მოსწავლეს შეიძლება უჭირდეს ვარაუდის გამოთქმა, წაკითხულს საკუთარ გამოცდილებას ვერ უკავშირებდეს, ვერ იგებდეს ტექსტში გამოყენებულ სხვადასხვა რეგისტრის სიტყვებს და სხვა. დაკვირვება სხვადასხვანაირად ხორციელდება. ეს შეიძლება მოიცავდეს: ქცევის მონიტორინგს, საკლასო და საშინაო დავალების შესრულების ანალიზს, დიაგნოსტიკურ ტესტირებებს, მორბენალ ჩანაწერებს.... შესაბამისად, თითოეული მოსწავლის შესახებ დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე, მეთოდის გამოყენებამდე მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, რომელი უნარ-ჩვევის გამომუშავებაა საჭირო. სასურველია, დაისვას კითხვები, რომელი კონკრეტული უნარის განვითარებას ვგეგმავთ?  როგორ დავაჯგუფებთ მოსწავლეებს და რატომ? რა ტიპის დავალებებს მივცემთ? რა სახის დახმარებას გავუწევთ?
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მუშაობის პროცესში თითოეულ ჯგუფს გარკვეული სახის დახმარება(სკაფოლდინგი) დასჭირდება. მიუხედავად მეთოდის ეფექტურობისა, მისი გამოყენება კითხვის დონის შესაბამისი ტექსტების შერჩევას მოითხოვს. ცხადია, მასწავლებელს საფუძვლიანად უნდა ჰქონდეს განსაზღვრული თითოეული მოსწავლის კითხვის დონე.
მასწავლებლისთვის გარკვეულ სირთულეს ქმნის არა ამა თუ იმ ჯგუფთან მუშაობა, არამედ დანარჩენ ჯგუფებში მოსწავლეთა მუშაობის კონტროლი. ის წინასწარ  უნდა მოემზადოს, რომ  მოუწევს კლასის მართვის ეფექტური სტრატეგიების გამოყენება.
ჩვენს შემთხვევაში, წინასწარ შევისწავლე მოსწავლეთა კითხვის უნარები  შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით: გამართული კითხვა: ფსევდოსიტყვების კითხვა, ტექსტის წაკითხვა ( მესამე კლასის მოსწავლისთვის კარგი მაჩვენებელი წუთში 45-ზე მეტი სიტყვის ამოკითხვაა), ლექსიკური მარაგი: სიტყვის მნიშვნელობის გამოცნობა, ტექსტში სიტყვების სწორად ჩასმა), გაგება-გააზრება: მხატვრული და ინფორმაციული ტექსტის წაკითხვა და კითხვებზე პასუხი, წერა: თხზულების წერა, შთაბეჭდილებების გადმოცემა, პერსონაჟთა დახასიათებები და სხვა.
მსგავსი სამუშაოების ჩატარების შემდეგ მოვახდინე მოსწავლეთა საჭიროების ანალიზი, შევადგინე საგანგებო ცხრილი,  რომლებიც მშობლებსაც გავაცანი,  დიფერენცირებულ გაკვეთილებზე კი მოსწავლეები სწორედ მათი საჭიროების მიხედვით დავაჯგუფე. პირველ ჯგუში მოხვდნენ მოსწავლეები, რომლებსაც კარგად განვითარებული კითხვის უნარები აქვთ და არ საჭიროებენ დახმარებას ტექსტის კითხვის დროს. მეორე ჯგუფში მუშაობდნენ მოსწავლეები, რომელთა კითხვის დონე საშუალო მაჩვენებლის ფარგლებშია და მცირეოდენ სკაფოლდინგს საჭიროებენ. ასეთ სახის დახმარება მათ შეიძლება წყვილებში მუშაობის შედეგადაც მიიღონ.  დავალებები, კოგნიტური სქემები და ა.შ. მათთვის მცირედით გამარტივებულია. მესამე ჯგუფში კი ის მოსწავლეები დაჯგუფდნენ, რომელთა კითხვის დონე დაბალია, აქვთ სუსტი შესაძლებლობები და მოითხოვენ მასწავლებლის ძლიერ მხარდაჭერას. შეთავაზებული დავალებები და კოგნიტური სქემები მათთვის მნიშვნელოვნად იყო გამარტივებული.
ამრიგად, დიფერენცირება სასწავლო პროცესის ორგანიზებაა მოსწავლეთა ჯგუფების დომინირებადი მახასიათებლების გათვალისწინებით. იგი მიმართულია ინდივიდუალიზაციისკენ-ყოველი მოსწავლის განსაკუთრებულობის გათვალისწინებისკენ. ის ინდივიდუალიზაციის პირობაა და საშუალება, რომლის მიზანია, ყოველი მოსწავლის მისი შესაძლებლობებისა და ნიჭიერების დონეზე სწავლება, მისადაგება მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფის თავისებურებებზეთავი VI



ჩვენი პირველი ნაბიჯები -დიფერენცირებული სწავლების პრინციპით აგებული
მართული კითხვის ერთ-ერთი გაკვეთილი
მართული კითხვა კითხვის დიფერენცირებულად სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და გავრეცელებული მეთოდია. იგი საშუალებას აძლევს მასწავლებელს , გააანალიზოს და გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის საჭიროებანი, ხოლო მოსწავლეებს ეხმარება ნაბიჯ-ნაბიჯ განავითარონ კითხვის ის უნარები, რომელშიც მეტად სჭირდებათ გაწაფვა.
მართული კითხვა წარმოადგენს მცირე, ჰომოგენურ ჯგუფებში მუშაობის მეთოდს, რომელიც მიზნად ისახავს ტექსტის წაკითხვას და  კითხვის კონკრეტული უნარების განვითარებას. მეთოდი ორ ძირითად პრინციპს ეყრდნობა:
მოსწავლეები ჯგუფდებიან მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით;
თითოეული ჯგუფისთვის შეირჩევა შესატყვისი სირთულის ტექსტი და დავალებები;
მეთოდი გამოიყენება სხვადასხვა საგანში და ეფექტურია, როგორც თხრობით, ასე საინფორმაციო ტექსტებთან სამუშაოდ.
კითხვის ეს გაკვეთილი ჩატარდა მესამე კლასში. გამოყენებულ იქნა აქტივობები: სიტყვის პირამიდა, ვარაუდების სქემა, პერსონაჟის დახასიათების სქემა.
            მიზნები:
  ვარაუდების გამოთქმის, სიტყვის მნიშვნელობის გააზრებისა და პერსონაჟთა დახასიათების სტრატეგიების დაუფლება;
კავშირი ესგ-სთან:
ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...) დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.
ქართ.III.7.   მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. III. 10.  მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება.
რესურსი:  სამი სხვადასხვა დონის ტექსტი,წინასწარ მომზადებული სქემები: სიტყვის პირამიდა, პერსონაჟის მოქმედების სქემა;
შემუშავდა საგაკვეთილო გეგმა, რომელიც შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
მოსწავლეები დავაჯგუფეთ კითხვის დონის მიხედვით, საჭიროებისა და ინტერესების მიხედვით;
                თითოეული ჯგუფისთვის შეირჩა შესატყვისი სირთულის ტექსტი, რომელიც შეესაბამებოდა მოსწავლეთა წინარე ცოდნას, საინტერესო იყო  და იძლეოდა  ახალი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას, შეიცავდა  ზომიერად რთულ ამოცანებს;
დიფერენცირებული სწავლების მიდგომით ჩატარებულ მართული კითხვის გაკვეთილზე  შეგვეძლო შეგვერჩია სამი სხვადასხვა ტექსტი სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ მესამეკლასელთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩვენ ვარჩიეთ შეგვეთავაზებინა მათთვის სამი სხვადასხვა ტექსტი ერთსა და იმავე თემაზე.   შევარჩიეთ  ავთენტური თემა ძაღლებზე, ვინაიდან  გავითვალისწინეთ ბავშვების  ინტერესები. ბავშვებს ძალიან უყვართ ძაღლები, ამიტომაც   ტექსტები სწორად ძაღლებზე  მოვამზადეთ.  მოვახდინეთ აქტივობების ადაპტირება, - მეორეკლასელთა შესაძლებლობებიდან გამომდინარე. სამივე ტექსტი იყო სიუჟეტით განსხვავებული, მაგრამ ერთი თემით გაერთიანებული;
I  ტექსტი-კითხვაში მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეებისათვის იყო განკუთვნილი. მასში მოთხრობილია  პირველყოფილი ადამიანისა და  ძაღლის შეხვედრაზე, ტექსტში რამდენიმე იმპლიციტური ინფორმაციაა, შეინიშნება რთული სიტყვები, გამოთქმები და დამაფიქრებელი ენობრივი კონსტრუქციებიც;
პირველყოფილმა ადამიანმა ძაღლი მოიშინაურა
მაშინ ადამიანები სახლებში კი არა, გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ. ტანზე ბეწვის სამოსი ეცვათ  და საჭმელს უმად მიირთმევდნენ.
ერთ დიდ გამოქვაბულში  სხვებთან ერთად პატარა ბიჭუნაც ცხოვრობდა, სახელად თუთი. ის ძალიან ჭკვიანი და მამაცი ბიჭი იყო.
თუთის გამოქვაბულს  განიერი შესასვლელი ჰქონდა.  საზარელი დათვი უიმი ხალხზე თავდასხმას  არ ერიდებოდა. გრძნობდა, რომ უმწეო ადამიანები მასთან შებრძოლებას ვერ გაბედავდნენ.
-ნეტავი ჩემი ხალხის დაცვა შემეძლოსო,- დარდობდა თუთი.
ერთხელ  თუთი გამოქაბულის  ახლოს გაშლილ ტყეში სეირნობდა. მდელოზე გასულ ბიჭუნას უცნაური წკმუტუნი შემოესმა. დაინახა, ეკლიან ბუჩქთან უცნობი ცხოველი მოკუნტულიყო. ცხოველმა მოიხედა, ყურები დაცქვიტა, მაგრამ ადგომა ვერ შეძლო და ისევ  დაიწკმუტუნა. უთუოდ შიმშილისგან იყო დასუსტებული. სევდიანი თვალები ჰქონდა, ფაფუკი ბეწვი და გრძელი კუდი. ეტყობოდა, შორიდან იყო მოსული, გამოქვაბულის სიახლოვეს ბიჭს ასეთი ცხოველი არასოდეს ენახა.
თუთის კი შეეშინდა, მაგრამ ცხოველი ისეთი უმწეო ჩანდა, ისეთი მავედრებელი მზერით იცქირებოდა,  ახლოს მისვლა მაინც გაბედა. თან ბიჭს ტყავში გამოკრული ხორცი ჰქონდა.  ცხოველმა ხორცი ხარბად შესანსლა. ბიჭმა მას პირმოკრული ტყავით წყალიც მოუტანა. ცხოველმა წყალიც შესვლიპა. თანდათან  მომაგრდა  და  ფეხზე  წამოდგომაც კი  შეძლო.
„ამას უკვე არაფერი უჭირს, დროა, შინ წავიდე!“-გაიფიქრა თუთიმ.
უცებ ტოტების ლაწალუწი გაისმა. ტყიდან საზარელი შავი დათვი გამოძუნძულდა.
-ეს უიმია!  დავიღუპე!-დაიყვირა თუთიმ.
უცნობი ცხოველი ბიჭს აეფარა, მერე დაიღრინა, ადგილს მოწყდა და იმ ვეება დათვისკენ უშიშრად გაიჭრა. დათვი ბევრად დიდიც იყო, ძლიერიც, მაგრამ მას არც ასეთი ცხოველი ენახა და არც ასეთი ხმა გაეგონა. ნადირი მიჩვეული იყო, რომ მის  დანახვაზე  ყველა  კისრისტეხით  გარბოდა.  თავზარდაცემული უიმი მიტრიალდა და სასწრაფოდ ტყეში შეძუნძულდა.
თუთი კი  ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა:
-დახეთ, მან საფრთხე წინასწარ იგრძნო. რა  მამაცი ყოფილა! უზარმაზარ უიმის როგორ შეუტია! ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ... ვაშაა! ამიერიდან ღამე მშვიდად დავიძინებთ!  მე და ჩემს ხალხს ეს ცხოველი დაგვიცავს! გამოქვაბულს ეს უდარაჯებს!
ბიჭი ცხოველს მოეფერა, თავი დაუჭირა და თვალებში ჩახედა:
-შენნაირ ცხოველს სახელად რა მოუხდება?  მოდი, ძაღლი იყავი! ჩემი საკუთარი ძაღლი!
ძაღლმა ბიჭს ლოყა გაულოკა.
-ძაღლო, სახელად ეცის დაგარქმევ.. ჰო, ეს სახელი ძალიან მომწონს.  შენ საიდან მოხვედი, ეცი? შენნაირი ცხოველები სად ბინადრობენ? კიდევ მაპოვნინებ?
ძაღლი ბიჭს მიელაქუცა, ხელებიც გაულოკა.
-უკვე ღამდება, ეცი!  შინ  წასვლის დროა!
ეცი ბიჭს გამოქვაბულისკენ მორჩილად გაჰყვა. ძაღლი თუთის მოსიყვარულე მზერით ახედავდა ხოლმე. თითქოს გრძნობდა, რომ ამ ბიჭუნასთან ახლოს ყოფნით მის მარტოობას ბოლო მოეღებოდა. ადამიანსაც სჭირდებოდა ასეთი ერთგული მეგობარი. ის პირველი მოშინაურებული ძაღლი იყო ქვეყნიერებაზე.
II  ტექსტი-კითხვაში საშუალო მიღწევების მქონე მოსწავლეებისათვის. ტექსტი  ძაღლის  პატრონისადმი ერთგულებაზეა,  მასში,  ძირითადად,  ექსპლიციტური ინფორმაციებია, მაგრამ არის ერთი იმპლიციტურიც;. არის ორი სიტყვა, რომელსაც შეიძლება განმარტება დასჭირდეს და  შედარებით რთული ენობრივი კონსტრუქცია; 
ერთგული მეგობარი
დიდია კავკასიური ნაგაზია.   ისეთი ალერსიანი მზერა აქვს,  უცებ  მიხვდები, რომ კეთილი ძაღლია.
დიდიას ყველაზე მეტად   ლიზიკო უყვარს,  გოგონას ყოველ დილით სკოლის ჭიშკრამდე მიაცილებს, მერე ინ ბრუნდება.
ერთხელ ლიზიკო ავად გახდა. გოგონას მშობლებმა სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს. ექიმმა ლიზიკო გასინჯა, თავი გადააქნია და თქვა, ბავშვი  ახლავე  ქალაქის საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ, ბრმა ნაწლავის ოპერაცია უნდა გავუკეთეთო.
ლიზიკო სასწრაფო დახმარების მანქანით  წაიყვანეს, დიდია კი არავის გახსენებია.  ძაღლი მანქანას გაეკიდა და საავადმყოფომდე სულ ასე სდია.
გაუკეთეს გოგონას ოპერაცია  და  საავადმყოფოს პირველ სართულზე პალატაში დააწვინეს. ერთგული დიდია თავის პატრონს არ მოშორებია. თუ  ფანჯრიდან გაიხედავდით,  მაშინვე დაინახავდით მიწაზე მოკუნტულ დიდიას.  საბრალოს თავი თათებზე  დაედო და     სევდიანი თვალები ფანჯრისთვის გაეშტერებინა.    ასე  იწვა ეზოში, სანამ ლიზიკო საავადმყოფოდან არ გაწერეს, შემდეგ  ორივე მეგობარი შინ ერთად დაბრუნდა.
ლიზიკო მალე სკოლაში წავა.  ერთგული დიდია ისევ სკოლის ჭიშკრამდე მიაცილებს,   მერე  დინჯად დაბრუნდება და ახლა ეზო-ყურეს უდარაჯებს, მეგობრის დაბრუნებას დაელოდება.
III ტექსტი-განკუთვნილი იყო  კითხვაში დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეებისათვის.ტექსტი ძაღლის  გამჭრიახობაზეა და  თვისებაზე, რთულ სიტუაციებში პატრონს დაეხმაროს.    მასშიმხოლოდ პირველი რეგისტრის სიტყვებია და არაა რთული ენობრივი კონსტრუქციები;
ძაღლი,  სახელად  მაშველა
               მაშველა სანდროს ძაღლია.    არც  ჯიშით გამოირჩევა, არც გარეგნობით. თუმცა ისეთი ფხიზელი თვალი  აქვს და  გაბედული გული, რომელი ჯიშიანი ძაღლი შეედრება?  ხან გუბეში ჩავარდნილ იხვის ჭუჭულს შველის, ხან ნახირს ჩამორჩენილ ბოჩოლას, ხანაც ტყეში დაკარგულ გოჭებს. მაშველას სწორედ ამიტომ ეძახიან.
ერთხელ სანდრო, ელენე და  დემეტრე მდინარეზე წავიდნენ. სანდროს ამბავი რომ ვიცი, რაღაც ფათერაკს გადაეყრებაო,-გაიფიქრა მაშველამ და ბავშვებს გაეკიდა.  მოცურავეები წყალში ჭყუმპალაობდნენ, მაშველა კი ნაპირზე იდგა და და ბავშვებს ფხიზელ მზერას არ აშორებდა. ხანდახან დაუყეფდა, ფრთხილად იყავითო.
სანდრო გაუგონარია. განა დაუჯერა, პირდაპირ  ჩქარი დინებისკენ გაცურა. დინებამ ბიჭი გაიტაცა. სანდრომ დაიყვირა, მაგრამ ბავშვებს  ხმაურში რას გააგონებდა?  მაშველა ნაპირზე მაშინვე თავქვე გაიქცა, წყალში შევარდა და სანდროს წინ დაუხვდა. ბიჭმა კისერზე მოხვია ხელი. მაშველამ  ნაპირისკენ გაცურა. ამასობაში ბავშვებმაც შეამჩნიეს და მიეშველნენ.
აი, ასეთია სანდროს ძაღლი მაშველა. ხომ გეუბნებოდით, იმას ვერცერთი ჯიშიანი ძაღლი ვერ შეედრება -მეთქი.
აღნიშნული კითხვის გაკვეთილი დიფერენცირებული ჯგუფებისთვის შემდეგი თანმიმდევრობით წარიმართა:
მოსწავლეებს შევაქმნევინე  ასოციაციური რუკა ძაღლებზე,  მოტივირების მიზნით   ვუჩვენე ანიმაციური ფილმი “წამიყვანე შენთან სახლში,” რომელიც წინასწარ მქონდა ინტერნეტში მოძიებული, მივეცი “სიტყვის პირამიდის” და  “ვარაუდების სქემის”  შესრულების მკაფიო ინსტრუქცია, დავარიგეთ დიფერენცირებული ტექსტები დიფერენცირებულ ჯგუფებში. I ჯგუფი- ტექსტი კითხულობდა  დამოუკიდებლად,II ჯგუფს - ტექსტი  უნდა წაეკითხა  წყვილებში, მესამე ჯგუფს - ტექსტის წაკითხვაში მე უნდა დავხმარებოდი.
კითხვის დაწყებამდე სამივე ჯგუფს უნდა შეევსო კოგნიტური სქემა “სიტყვის პირამიდა,”  კითხვის პარალელურად კი უნდა შეევსოთ “ვარაუდების სქემა.” ეს  სქემებიც კი სამივე ჯგუფისთვის დიფერენცირებული იყო, - შედარებით
გამარტივებული კითხვაში დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეებისათვის. როცა ტექსტში წინასწარ შერჩეული სიტყვები შეხვდებოდათ,  ხელს მაღლა სწევდნენ,-ასრულებენ კინესთეტიკურ აქტივობებს.
ე. ი. მოსწავლეებმა  კითხვამდე და კითხვის შემდეგ შეავსეს  სხვადასხვა  კოგნიტურ სქემა-დიფერენცირებული, -შედარებით რთული და გამარტივებული ვარიანტები.
კითხვაში წარმატებულ  მოსწავლეთა ჯგუფმა   დაასათაურა  ტექსტში გამოყოფილი აბზაცები.
მაშასადამე, აღნიშნულ გაკვეთილზე ჩვენ მოვახდინეთ როგორც მოსწავლეთა ჯგუფების,  ასევე გამოსაყენებელი  მასალის  და აქტივიბების დიფერენცირებაც.
ტექსტის წაკითხვის შემდეგ ჯგუფებიდან შერჩეულ ბავშვებს მოვათხრობინეთ სამივე ტექსტის შინაარსი, კლასს  ფლიპჩარტზე ერთობლივად შევავსებინეთ  „პერსონაჟების დახასიათების სქემა“  და დავუსვით სხვადასხვა დონის შეკითხვები.
           აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამივე დიფერენცირებულმა  ჯგუფმა ამ ამოცანებს თავი ერთნაირად წარმატებულად გაართვა.
დასკვნის გასაკეთებლად ჯგუფებს შევთავაზეთ სქემა:
დასკვნა

რა იყო მნიშვნელოვანი?
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი?
საშინაო დავალებები  მოსწავლეებს შევთავაზეთ დიფერენცირებულად:
       I ჯგუფი-დაწერეთ ტექსტის მოკლე შინაარსი;
       IIჯგუფი- დაასათაურეთ აბზაცები;
       IIIჯგუფი - გადმოიწერეთ აბზაცი ძაღლის მიერ ადამიანისადმი გამოჩენილ სიკეთეზე;
მოსწავლეები შევაფასე  განმავითარებელი კომენტარებით, რომელიც ძირითადად იყო აღწერილობითი, ან აღწერილობით-შეფასებითი  ტიპისა. სახლში სამუშაოდ  გავატანე “მოსწავლის თვითშეფასების ფურცელი”,  მე  კი გაკვეთილების შემდეგ შევავსე საგანგებოდ შედგენილი  შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკები.
თავი VII
ჩატარებული სამუშაოს რეფლექსია
გამოკვეთილი სირთულეები
       მესამეკლასელებს უჭირთ ჯგუფური მუშაობა, მითუმეტეს, თუკი ტექსტი რთულად  გასააზრებელია;
       უჭირთ მუშაობა კოგნიტურ სქემებზე;
·         არა აქვთ დროის კონცენტრაცია;
რა მომეწონა ამ გაკვეთილზე
·         დაბალი მიღწევის მოსწავლეთა დამოკიდებულება მსგავსი სამუშაოსადმი, მათში აღძრული თვითრწმენა;
·         თუ როგორ მოეწონათ ბავშვებს ავთენტური თემა  და აქტიური, განსხავებული გაკვეთილი;
·         თუ როგორ აითვისეს  კითხვაში ახალი  სტრატეგიის გამოყენება;
·         თუ როგორ დაკავდნენ მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეები მათთვის შესაფერისი დავალებებით;
რა არ მომეწონა ამ გაკვეთილზე
       მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, მშობლებსაც და ბავშვებსაც ავუხსენი,დიფერენცირებული სწავლების  მნიშვნელობის შესახებ, მშობელთა გარკვეულ ნაწილს მაინც ეტყობა ეჭვი, უნდობლობა ამ ტიპის აქტივობების მიმართ. ვინაიდან განსხვავებული აქტივობებით დაინტერესდნენ, ბავშვები უფრო გაგებით მიუდგნენ ამ ტიპის სწავლებას, ვიდრე უფროსები. ჩვენს მშობლებთან უფრო დიდი მუშაობაა ჩასატარებელი.
       არ დამაკმაყოფილა დროის მენეჯმენტმაც. ამ აქტივობამ მეტი დრო წაიღო, ვიდრე მოველოდი.
რა შეკითხვები დამიტოვა ამ გაკვეთილმა?
       როგორ ავუხსნა  უკეთ მშობლებს  დიფერენცირებული სწავლების მიზანი?
       ჩვენი მწირი რესურსების პირობებში თავი  ასეთ დიდ სამუშაოს როგორ გავართვა?
        როგორ  და სად მოვიპოვო აუცილებელი რესურსი?
       ვინ შეიძლება ეფექტურად დამეხმაროს ამგვარი საქმიანობის  წარმართვაში?
        როგორ გაართმევენ  სხვა კლასებში მგვარ სამუშაოს თავს  (თუნდაც სწავლების დიფერენცირების პირობებში) სსსმ  მოსწავლეები?
დასკვნა
 დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი
მაშასადამე, სწავლების დიფერენცირება,-ეს არის სასწავლო პროცესის ისეთი ორგანიზება, რომელიც გათვლილია თითოეული მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფების საჭიროებებზე, უნარებზე და შესაძლებლობებზე და აგებულია  შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: 1. მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოლოდინისა და სურვილების გაგება; 2. მოსწავლეეების ცოდნის, უნარებისა და სწავლის სტილის განსაზღვრა; 3. დაკვირვება იმაზე, თუ როგორ იგებენ მოსწავლეები დავალებას; 4. სამომავლო გეგმების დასახვის მიზნით შედეგების შემოწმება და ანალიზი; დიფერენციაციის მიზანია მოსწავლეთა უნიკალური უნარების და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას. დიფერენცირებული სწავლების ეფექტიანი გამოყენება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად იცნობს მასწავლებელი თავის მოსწავლეებს და რამდენად ითვალისწინებს თითოეული მოსწავლის ცოდნას, უნარ-ჩვევებს, დამოკიდებულებას და უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ყალიბდება მშობლებთან, თანატოლებთან, მედიასთან და სამყაროსთან ყოველდღიური ურთიერთობით. დიფერენციაციის სტრატეგიის გამოყენება მასწავლებლისგან სწავლისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდის ფლობას მოითხოვს.-ეროვნული სასწავლო გეგმა
ჩემი აზრით, დიფერენცირებული სწავლების იდეის განხორციელება აუცილებელია,მაგრამ მასწავლებლებს ამ იდეის განხორციელებისთვის  სპეციალური მომზადება, შემდეგ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის დახმარება დასჭირდებათ.
მასწავლებელი აცნობიერებს თითოეული მოსწავლის უნიკალურობას და შესაბამისად იყენებს სწავლების დიფერენცირებული მიდგომის  სტრატეგიებს.
ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის განვითარებაზე; უზრუნველყოფს მათ სწავლას და განვითარებას ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად.
 -მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. თავი III.   მუხლი V.
გამოყენებული ლიტერატურა
ეროვნული სასწავლო გეგმა-ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი-2008 წელი
ალექსანდრე ჭანტურია-„დიფერენცირებული სწავლება“-„რეზონანსი“-2012 წელი
გიორგი ჭაუჭიძე, მაკა მახარობლიძე-„დიფერენცირებული სწავლების შესახებ“
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი-Gpried-„კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე”-გზამკვლევი-2013 წელი
დონა ვერდერიხი- „ინდივიდუალური სწავლების რამდენიმე მარტივი გზა თქვენს კლასში“

ალექსანდრე ჭანტურია-„ მოსაზრება დიფერენცირებული სწავლებაზე“-2012 წელი



    


                                                 

No comments:

Post a Comment