თანამედროვე საბავშვო მწერლობა

ვასილ გულეური

დაიბადა 1971 წლის 19 აგვისტოს, ქალაქ გორში. საბავშვო ლექსები პირველად დაიბეჭდა ჟურნალდილაში“. 2007 წელს საბავშვო ლექსების ციკლმასაბავშვო ბაღიმიიღო მეორე ადგილი ლიტერატურული კონკურსშიწერო“. ავტორია საბავშვო წიგნებისა: „მელაკუდას მაღაზია“, ლექსები („დიოგენე“, 2007); „ჩიტის მოტანილი ამბები“, ლექსები („დიოგენე“, 2007); „ხუთი ამბავი ლექსად“, ლექსები („სეზანი“, 2009) „საბავშვო ლექსები“ (გამოცემული ფარმაცევტული კომპანია GPC – მიერ, 2009); „ზოოპარკი“, ლექსები („შემეცნება“, 2011); „დაბრუნებული ბგერები“, საშობაო ზღაპარი („ელფის გამომცემლობა“, 2012) „ციცქნა ციკოს ცისქვეშეთი“, ლექსები („საუნჯე“, 2013)
გაზაფხული
გაზაფხულის სუნთქვა ისმის,
გაიღვიძეს ენძელებმა.
დღე გადიდდა, დათბა, მაგრამ
ზამთარს წასვლა ეძნელება.
მზე იცინის, გრძელი ფუნჯით
მწვანე ფერად ღებავს მინდვრებს.
ჟივჟივებენ ბეღურები -
მალე გამოიამინდებს!
რა დახატა ბაქარმა
ხატვას იწყებს ბაქარი,
მოიმარჯვა ფანქარი.
დახატა და წაშალა
დაკლაკნილი გზა-შარა.
მერე - დიდი სახლი და
გზაც დახატა ახლიდან.
გზასთან - ღობეებია,
გზაზე მიდის ბებია.
სახლის გვერდით ბაღია,
იქვე - ჭაა თავღია.
ჭასთან სხედან ქათმები,
ბაღში მოჩანს ატმები.
ბაღთან ძროხა აბია
და ბავშვები დარბიან.
დააკვირდით, აქ არის
თვითონ ჩვენი ბაქარიც...
თურმე, იმას ხატავდა,
რაც გულში აქვს ნატვრადა.
სოფელი და ბებია
როგორ მონატრებია.






ლუკას რუკა
მოუტანა მამამ ლუკას 
საქართველოს დიდი რუკა.
უთხრა: რამდენიმე ფერით 
აქ ხატია ყველაფერი.
დაიხსომებ, იოლია, – 
თეთრადკავკასიონია,
ლურჯი ფერითშავი ზღვა და 
ტბები, წყლები დაიხატა,
მწვან არის დაბლობები, 
ყავისფერადდიდი მთები,
ეს წრეები, ეს ლაქები 
სოფლები და ქალაქები.
გადასწია თავი უკან 
და უცქერის რუკას ლუკა:
- ათასფერად მოხატულა
მინდორ-ველი, მთა და მდელო.
რუკაზეც კი ლამაზია
ეს პატარა საქართველო!

თეთრი დათვი და მურა დათვი
მურა დათვმა მისი გარე ბიძაშვილი
არქტიკიდან ევროპაში მიიწვია,
თეთრი დათვი ფორიაქობს, ემზადება,
სელაპების ყურადღებაც მიიქცია.
ხუმრობაა?  სხვა ქვეყანას ინახულებს,
გასცილდება ყინულებს და თოვლის ნამქერს,
იძახიან, ევროპაში კარგიაო,
ვინც კი ერთხელ უკვე იყო, ყველა აქებს.
ჩაალაგა ჩემოდნები. ევროპაში
ისე ცხელა, უსთუოდ დასჭირდება,
საბანაო ტრუსები და დიდი ქოლგა;
მოიჩრდილებს, თორემ  სუნთქვა გაჭირდება.
ბიძაშვილთან უსაჩუქროდ ხომ არ წავა?
შაქარყინულს ნატეხებად ცალკე ფუთავს,
თევზიც მიაქვს-სხვა გემო აქვს, არქტიკიდან
საგანგებოდ მურა დათვს რომ ჩამოუტანს.
უთენია გზას გაუდგა დიდი გემით,
უხარია-ბიძაშვილსაც მალე ნახავს.
მეორე დღეს თვითმფრინავში გადაბარგდა
და საზღვარი უპრობლემოდ გადალახა.
მერე უკვე  მატარებლით, ავტობუსით,
ხან ტყეებში იარა და ხანაც მთა-მთა...
და სულ მალე ბიძაშვილი მურა დათვი
დიდ ტორებში ჩაიხუტა თეთრმა დათვმა.
ჩახუტებით გული კარგად ხომ იჯერეს,
 ახლა სუფრას მალე შემოუსხდებიან.
გაიხარეს, ბურტყუნებენ, ბურდღუნებენ
და ერთმანეთს ქვეყნის ამბებს უყვებიან.
რა არ  ნახა მურა დათვთან თეთრმა დათვმა:
ცირკშიც იყვნენ, თეატრშიც და  „დათვილენდშიც“
ხან კაფეში თაფლის ნაყინს მიირთმევდნენ,
ხან მინდორში თამაშობდნენ, ყვავილებში.
არ დაიკლეს ნამცხვრები და კანფეტები,
სანახავიც ბევრი იყო, გასართობიც...
მაგრამ მაინც მოიწყინა თეთრმა დათვმა,
მოენატრა არქტიკა და თეთრი თოვლი.
უთხრა მურას: ვხედავ, კარგად მოიქეცი,
საცხოვრებლად  აქ  რომ ამოგირჩევია.
მე კი მაინც ჩემი სახლი მენატრება,
სიცივე და ყინულები მირჩევნია.
ევროპაში ყველაფერი კარგი არის,
მაგრამ მაინც უნდა გითხრა: გეფიცები,
სულ სხვა არის, თეთრ თოვლში რომ გაგორდები
და არქტიკის ლამაზ მზეს რომ ეფიცხები.
რა ვქნა, შენც ხომ შეგეჩვიე? ახლა დიდხანს
შენს გარეშე, აბა, როგორ უნდა გავძლო?
და თავისი ბიძაშვილი მურა დათვი
არქტიკაში დაპატიჟა საახალწლოდ.
სახლი
ჩიტს ბუდე აქვს,
დათვს - ბუნაგი,
ციყვს - ფუღურო,
თაგვს კი სორო.
ყველა თავის
ბინას აგებს,
ყველა თავის
სახლში ცხოვრობს.
ლოკოკინას
აქვს ნიჟარა,
კუს - ბაკანი,
როგორც რკინა.
ზურგით დააქვთ
შარა-შარა
სახლი კუს და
ლოკოკინას.
ყველას თავის
სახლი უყვარს.
რა სჯობია,
როცა დაღლილს,
გელოდება
შენი კერა,
გელოდება
შენი სახლი.
ლოკოკინა
ამ პატარა ლოკოკინას
ნეტავ, ზურგი არ ეტკინა?
სულ არ იცის, რაა დაღლა,
სახლს დაათრევს აღმა-დაღმა.
გულღიაა და კეთილი,
კარი არ აქვს დაკეტილი,
ღიას სტოვებს, განა რჩება -
შიგნით მაინც ვერვინ შევა,
თუ ეწვია სტუმრად ვინმე,
გარეთ უნდა გამოვიდეს
ისე, რომ ვთქვათ გულახდილად,
არც ადარდებს მომცრო ბინა,
რომ იტყვიან, თავი მუდამ
სახლში აქვს და რაღა უნდა.

მზე, მთვარე და ღრუბელი

მზემ გადასძახა მთვარესა:
 - ვანათებ არემარესა
, შენ რის მაქნისი მყავხარო,
 მთელი დღე უქმად დგახარო!
 წარბი შეჭმუხნა მთვარემო,
- ღამეც ანათე ბარემო,
თუ გინდა, გეტყვი სიმართლეს
, დღე ვის სჭირდება სინათლე?
ამაზე ნუ ვიკამათებთ,
ღამით სწორედ მე ვანათებ!
ეს შემოესმა ღრუბელსო,
ცრემლები ულბობს უბესო.
თქვა - არ შეგშვენით არცერთსო,
 ჩხუბს რომ გამართავთ ასეთსო,
თუ გავიშლები ზეცაზე,
 გაგეჯიბრებით მეც ასე
, თქვენ კი კამათს არ მორჩებით,
 არცერთი არ გამოჩნდებით.
შერცხვა, სათქმელი რა ჰქონდა
 და მზე მთებს მიღმა ჩაგორდა.
მთვარეც ფიქრებმა არია
და ნამგალივით გალია.

რწყილი და ჭიანჭველა

პატარებო, ეს ამბავი
კარგად იცით, ალბათ, ყველამ
რწყილმა წყალში ჩავარდნილი
როგორ იხსნა ჭიანჭველა.
რასაც ახლა მოგიყვებით,
ამბავია სხვანაირი
გასაჭირში ჩავარდნილი
ჭიანჭველამ იხსნა რწყილი.
სულ თავიდან ყველაფერი
ისე მოხდა, როგორც ძველად
დაძმობილდნენ და გაუდგნენ
გზას რწყილი და ჭიანჭველა.
მერე, ნაპირს მიადგნენ და
თუმც არ იყო წყალი დიდი,
გადახტომა არ დასჭირდათ
მდინარეზე იდო ხიდი.
წყალში თუკი არ ჩავარდა
ჭიანჭველა, რწყილი თუნდაც,
მკითხავთან ერთს, ან მეორეს
დახმარება რაღად უნდა?
სხვა მხარეს რომ გადავიდნენ,
მოსახდენი მაშინ მოხდა
რწყილმა ფეხი ქვას წამოჰკრა
და მეოთხე ფეხი მოსტყდა.
ჩაიჩოქა. ეხუმრებით?
ფეხი მოსტყდა, განა ეღრძო.
ახლა ხტუნვა კი არა და
სიარულიც ვეღარ შეძლო.
ჭიანჭველა არც დაფიქრდა
მეგობარი ჭირში გინდა, –
თუმცა სამჯერ მძიმე იყო,
რწყილი ზურგზე მოიკიდა.
გზას გაჰყვა და სწორედ ამ დროს
შავი ხოჭო აზუზუნდა.
ყურს თუ კარგად დაუგდებდით,
გაიგებდით, რის თქმაც სურდა:
გზზზა დიდია, რწყილი მძიმე,
მზზზე ჩადის და გვიანდება.
კიდევ დიდხანს უნდა ზზზიდო?
ზზზურგი დაგიზზზიანდება!..
მოიტეხა რწყილმა ფეხი,
ძმობილია რწყილი ჩემი.
თუ ერთმანეთს არ გავწირავთ,
ორივენი გადავრჩებით!
შეაქცია ხოჭოს ზურგი,
გზა განაგრძო ჭიანჭველამ...
როცა არის გასაჭირში,
მაშინ უნდა ძმობილს შველა.
სად იყო და სად არ იყო,
წინ კალია დაუსკუპდა.
ჭიანჭველას რომ შეხედა,
ლამის სული შეუგუბდა:
ამსიმძიმე ტვირთით, ძმაო,
სად მიდიხარ, ერთი მითხარ?
ეგ დასვი და მარტო წადი,
თორემ ვეღარ ივლი დიდხანს!
მოიტეხა რწყილმა ფეხი,
ძმობილია რწყილი ჩემი.
თუ ერთმანეთს არ გავწირავთ,
ორივენი გადავრჩებით!
არც კალიას დაუჯერა,
გზა განაგრძო ჭიანჭველამ...
როცა არის გასაჭირში,
მაშინ უნდა ძმობილს შველა.
ის-ის იყო, რწყილმა ჰკითხა:
ძმაო, ხომ არ დაიღალე?
გაიგონა წუილი და
ხედავს, კოღო ჭუტავს თვალებს.
წწწელს იწყვეტავ ნეტავ, რისთვის?
წწწაიქცევი, წწწინ ვერ წახვალ.
ნუ იდარდებ რწწწყილზე, წადი,
მაგისთანას სხვასაც ნახავ!
მოიტეხა რწყილმა ფეხი,
ძმობილია რწყილი ჩემი.
თუ ერთმანეთს არ გავწირავთ,
ორივენი გადავრჩებით!
კოღოც გზიდან მოიცილა,
გზა განაგრძო ჭიანჭველამ...
როცა არის გასაჭირში,
მაშინ უნდა ძმობილს შველა.
სადაცაა დაღამდება,
მზე მთებს მიღმა გადავიდა.
ცაცხვის ძირას ისვენებდნენ,
ფუტკარი რომ აბზუილდა.
არ უკითხავს არაფერი,
რაც მომხდარა, მიხვდა თავად.
რწყილს კი უთხრა: ხვალისათვის
არ იქნები უკვე ავად.
ჩემს მალამოს წაგისვამ და
ფეხი მალე მოგირჩება.
მეგობარი გყავდეს გვერდით.
ეს იქნება ჩემი რჩევა!..
დაიხსომეთ, პატარებო,
რაზეც არის ეს ზღაპარი
მეგობარი მეგობრისთვის
მალამოა უებარი.
სიხარულშიც, გასაჭირშიც
მეგობარი გყავდეთ გვერდით...
ლხინიიქაც, ლხინიაქაც,
სულ სიკეთით დამიბერდით!

როკ-ენ-როლი
ჩემთან ერთად იტრიალე
ერთი, ორი,
ერთი, ორი...
მოდი აქეთ, მოდი მალე
და ვიცეკვოთ როკ-ენ-როლი.
უფრო მარდად, უფრო სწრაფად, 
როგორც ქარი, დავქრით ისე.
უკვე კარგად გავიწაფეთ,
უკვე კარგად ავითისეთ.
ერთი, ორი,
ერთი, ორი...
დატრიალდი აი, ასე.
არ იღლება საქსაფონი,
არ იღლება კონტრაბასი.
გავაკეთოთ მალაყები,
გავაკეთოთ ყველამ ბუქნა...
თქვენც იცეკვეთ, გალაღდებით,
ნუ დადგებით ასე უქმად.

საზიარო ნაკვეთი
 ციყვი ციკო, თაგვი თენგო
 და კურდღელი ამბაკო,
 შეიკრიბნენ მუხის ძირას,
რომ მოილაპარაკონ.
საზიაროდ შეიძინეს
თურმე, მიწის ნაკვეთი,
მაგრამ ჯერ ვერ გადაწყვიტეს,
 ერთად რა გააკეთონ.
ამბაკომ თქვა: - ყველაფერს სჯობს,
კომბოსტო რომ დავრგოთო.
მოსავალიც ბევრი იცის და თან არის სარგოცო!
თენგო ამბობს: - ვის სჭირდება
ეგ კომბოსტოს თავები?
შენც ხომ იცი, მაგას არ ვჭამთ
 ციყვები და თაგვები.
 სჯობია, რომ მოვიყვანოთ
სიმინდი და ხორბალი.
კომბოსტოზე საჭირო და
 სასარგებლო ხომ არის?
 ციკოსაც აქვს თავის აზრი,
არც ერთს არ ეთანხმება:
 - გვალვები რომ დაიჭიროს,
ყველაფერი გახმება.
 მერე რა ვქნათ, ზამთრისათვის
რაღა მოვიმარაგოთ?
თანაც, ყოველ გაზაფხულზე
ხელახლა რომ არ დავრგოთ,
ყოველ წელს რომ აღარ გვქონდეს
სათესი და სამკალი,
 ჯობია, რომ მთელ ნაკვეთზე
გავაშენოთ კაკალი!
იდავეს და იკამათეს,
საშველი კი არ ჩანდა.
 მათ ლაპარაკს, თურმე, ხიდან
 ყურს უგდებდა ყვანჩალა.
 გადმოსძახა: - ვერ გავიგე,
საკამათო რა იყო?
ახლა ჩხუბობთ და მოსავალს
მერე როგორ გაიყოფთ?
ორი ყულაბა
გზად ორი ყულაბა შემოხვდა ერთმანეთს.
გაეცნენ,
გზა ერთად განაგრძონ, არჩიეს.
პირველი ხმაურით მიდის და ერთადერთ
მონეტით ცა ქუდად აღარ მიაჩნია.
მეორე დინჯად და წყნარად მიაბიჯებს,
სავსეა პირამდე
და რატომ ამჩატდეს?
მას სიამოვნებას ის უფრო ანიჭებს,
აგროვოს ჩუმად და საქვეყნოდ არ ჩანდეს.
ადვილად მიხვდებით, გვერდით თუ ჩაუვლით, 
ხშირად ცხოვრებაშიც ხომ ზუსტად ასეა
უფრო ჩუმად არის ის, რაც კი სავსეა,
რაც ცარიელია, მას უყვარს ხმაური.



ანას გასაჭირი

 თუკი დამაცემინა,
 დედა მაწვდის მაშინვე
თერმომეტრს და იძახის:
 - შენი ფერი მაშინებს!
გამიზომავს სიცხეს და
 ისევ იწყებს ვაი-ვიშს:
 - აბა, ჩქარა დაწექი!
- წამსვე ლოგინს გამიშლის.
დამილაგებს საწოლთან
აბებსა და მიქსტურებს.
ვინც კი ჩემთან შემოდის,
 ყველას გარეთ ისტუმრებს:
 - ანას ახლა სიცხე აქვს,
 გამოკეთდეს, ადროვეთ.
 სხვა დროს მოდით, ბავშვებო,
ახლა მარტო დატოვეთ!
 დედას, ალბათ, ჰგონია,
 რომ კარგ საქმეს აკეთებს
 - მე ბავშვებთან თამაში
უფრო გამომაკეთებს.
მერე ისევ თერმომეტრს
 იღლიის ქვეშ გამიჩრის...
ეჰ, მარტო ეს რომ იყოს,
მაშინ კიდევ რა მიჭირს?
ძალით ლიმონს შემაჭმევს
 - დახოცავსო ბაცილებს!
ძმრიან ტილოს შუბლიდან
წუთითაც არ მაცილებს...
ორი გზა მაქვს, დედამ კვლავ
ასე რომ არ მამყოფოს
- თერმომეტრი დავმალო
ან არ ვიავადმყოფო!

მელაკუდას მაღაზია

უღრან ტყეში მელაკუდამ
გახსნა დიდი მაღაზია
და წარწერა ჩამოკიდა
შემობრძანდით, არის ღია”.
სავსე არის დახლები და
მრავალ რამეს ყიდის რადგან,
ვინ გინდა, რომ აქ არ ნახოთ,
მყიდველების რიგი დადგა.
დათუნია თათს ილოკავს,
კასრები დგას თაფლისაო.
მელაკუდა ეკითხება:
-
ცაცხვის გსურს თუ წაბლისაო?
აბურდღუნდა დათუნია:
-
კარგად უნდა გამივსო,
სამი ქილა ცაცხვის მინდა,
ოთხიც კიდევ - წაბლისო.
თაფლი სულაც არ სჭირდება,
ხორცის რიგში დადგა მგელი:
-
მეც მომხედე, მელაკუდავ,
რა ხანია ვდგევარ, გელი.
მელა ცდილობს რუხი მგელი
არ დარჩეს გულნაკლულია,
-
გაყინული არ გეგონოს,
სულ ახალი დაკლულია!
ტურა ქათამს ეტანება,
მსუქან-მსუქან დედლებს არჩევს.
ჭყინდი ტარო სიმინდისა
სათითაოდ მიაქვთ მაჩვებს.
შეიძინა ყანჩამ თევზი,
ბაყაყების სამი აცმაც.
ჭაობისას მაღაზიის
კი სჯობია, რომ თქვას კაცმა.
კურდღელმა თქვა: - ეს სტაფილო
უნდა დავდგა გოდრითაო,
სულ მოვითქვამ, დავიღალე
ამ ბალახის კორტნითაო.
ზღარბმა აისხა ეკლებზე
თურაშაული, კეხურა.
გარეთ რომ გამოცუნცულდა,
თავზეც ვაშლები ეხურა.
ტახმა ტომრები დაავსო
ნარჩევი რკოთი, წაბლითა.
სანამ სახლამდე მივიდა
გზაში ეშვებით დაფლითა.
და როცა ბოლო მყიდველიც
ეზოში გამოეხეტა,
მელიამ მიმოიხედა,
ცარიელ დახლებს შეხედა,
თქვა: - ვაფართოებ ვაჭრობას,
ეს უნდა გადავაკეთო
და მაღაზიას ხვალიდან
დავარქმევსუპერ-მარკეტსო”.
საქმეს ავაწყობ თანდათან,
განა ვაჭრობა ძნელია.
ქათმის ქურდს ვინღა მიწოდებს,
ვიქნები ბიზნესმელია.




ბუ
დღისით წიგნებს კითხულობს,
არ შორდება ფუღუროს.
ღამით გარეთ დაფრინავს,
ვარსკვლავებს რომ უყუროს.
რჩევას ვინც ეკითხება,
არ ისტუმრებს უარით...
ყველაფერი სცოდნია,
მართლა ბრძენი ბუ არის!

მელიას წვეულება
უღრან ტყეში მელია 
წვეულებას მართავს. 
შავი ფრაკი აცვია, 
უკეთია ბაფთა.
ეშმაკური ღიმილით 
ეგებება სტუმრებს. 
ტყის ქათამი, ქოჩორაც 
აქ მოსულა, თურმე.
გრძელი კაბა აცვია, 
შვენის დიბა-ფარჩა. 
შემოვიდა თუ არა, 
მელას თვალი დარჩა.
გაუკეთა ხელკავი 
-
აქ იყავი, კარგო. 
შენთან უნდა ვიცეკვო 
ვალსიცა და ტანგოც!..
როცა ცეკვა დამთავრდა... 
თუ მიხვდებით, აბა, 
მელას ხელში რად შერჩა 
მხოლოდ გრძელი კაბა?
სპილო
ყველა სპილოს შეჰყურებს,
საზეიმოდ მორთულს.
სამკაული უმშვენებს
ყურებსა და ხორთუმს.
მძივს იკიდებს ეშვებზე
ქალბატონი სპილო...
საყურეა შვიდი და
მძივი - ათი კილო.


ბატი
თეთრმა ბატმა თქვა - ბებიას
უნდა მივწერო სალამი!
ფრთიდან ბუმბული გაიძრო -
თან მაქვსო საწერ-კალამი.
იმის ნაწერს რომ დახედა,
ბევრი იცინა ბეღურამ -
თუნდაც ბატის ფრთით დაწერო,
მაინც წერ ბატიფეხურად!
ბუზი
გაიღვიძა დილით ბუზმა
და მაშინვე ისაუზმა.რა მიირთვა?
ერთი ვაშლი,
ორი კვერცხი - შავი ქათმის,
სამი ცალი იყო ძეხვი
(
მდოგვით, მაგრამ მაგას არ თვლის).
ოთხი ჭიქა ყავაც შესვა,
დააყოლა ხუთი კექსი.
ბოლოს - თეთრი შოკოლადი,
რამდენი და - ზუსტად ექვსი.
საუზმე რომ დაასრულა,
თუმცა იყო ისევ დილა,
დრო ტყუილად არ დაკარგა
და მაშინვე ისადილა.
რა მიირთვა?
ყველაფერი,
რაც ბაზარში უყიდია!
როგორ ჭამა?
გამოცნობა
ახლა თქვენთვის მომინდვია!
ერცხლის ბარტყი და ყვავის ბახალა
ნაბოლარა ბარტყი, თურმე, 
თხუპნია ჰყავს მერცხალს. 
მოცლა არ აქვს ერთი წუთი 
და მთელი დღე რეცხავს.
თეთრს გულისპირს, წითელ ბაფთას, 
ძლივსღა აცლის ლაქებს... 
თან ყურს უგდებს, ყვავი თავის 
ბახალას რომ აქებს:
- თქვით, როდისმე მის შავ პიჯაკს 
უსუფთაოდ ხედავთ? 
ერთი ლაქაც არ ემჩნევა, 
ენაცვალოს დედა!
ზვიგენი და კომბოსტო
ერთმა თეთრმა ზვიგენმა
ზღვის კომბოსტო იგემა.
ეს რა გემრიელია!
უარი თქვა, ძნელია.
აღარ შევჭამ ხვალიდან
თევზებსა და ხამანწკებს.
ზღვის კომბოსტოს მხალი და
ღვეზელებიც არ მაწყენს!
იცით, მერე რა მოხდა?
არავინ რომ არ ელის
გახდა თეთრი ზვიგენი
ვეგეტარიანელი!
მელას კრედიტი
მელამსაქათმის ბანკიდან
გამოიტანა კრედიტი.
სოროს აშენებს ტყის პირას,
გული სიხარულს ვერ იტევს.
ორსართულიან სოროში
ევრორემონტიც ექნება
და ბოლო მარკის მანქანის
თანხაც შემორჩეს, ეგება.
მაგრამ, სურვილებს შეეჭრა
ფრთები ორიოდ თვეშიო - 
მელა ბჭობდა და მამალი
ყიოდა საქათმეშიო,
საქათმის ბანკშიმელიას
უთხრეს - დავარდა კურსიო,
ქათმის კვერცხებში პროცენტად
გვინდა კვერცხები კუსიო.
მელა რის მელა იქნება,
კრედიტის გამო ეჯავრა -
მამალიცა და ქათმებიც
სულ სათითაოდ შეჭამა.



ტურაგენტი
სააგენტო გახსნა მელამ
-
ტურიზმს უნდა მივხედო!
ვარიკებმა უღრან ტყისკენ
იქნებ გამოიხედონ!
საქათმიდან გამოვიდნენ,
მოიარონ ქვეყანა.
იქნებ, ზოგი უღრან ტყეში
ბედსაც გადაეყაროს.
მე რა? განა ჩემზე ვფიქრობ -
მელა მაგის კაცია?
მინდა, ტყესაც გავუწიო
პოპულარიზაცია!
ტურისტები გვეწვევიან,
ტურაგენტი ვიქნები...
ამ დროს ტურამ გაიგონა
ხმამაღალი ფიქრები,
შეჩერდა და დაუკივლა
-
აბა, აბა, რა ხდება?
ტურა მე ვარ, ტურაგენტი
მელა როგორ გახდება?
ჩემს საქმეში ნუ ეჩრები,
თათი ყველგან ნუ გიდევს!
ტურამ უნდა მოუაროს
ვარიკელა ტურისტებს!

ვინ შეჭამა ვენახი?..
მოდი, ვნახოთ ვენახი... 
ვინ შეგჭამა ვენახო? 
თხამ შეგჭამა? – რას ამბობთ, 
თხამ პირიც კი ვერ მახლო!
ანდა, როგორ შემჭამდა. 
თხა სად არის თვითონვე? 
რაც მგლები არ არიან, 
ვეღარც თხა ვერ ვიპოვე.
მგლები სადღა არიან, 
დედამ ვეღარ დაზარდა? 
ნუთუ, თოფმა ყველასთვის 
დაიქუხა საზარლად?
თოფი? აბა, რას ამბობ, 
გახსენებაც ძნელია. 
არ მსმენია თოფის ხმა, 
მერამდენე წელია!
თოფს არ დაუქუხია? 
ვერ გავიგე, რა მოხდა!.. 
ყველა თოფი, რაც იყო, 
ნუთუ ჟანგმა გამოხრა?!
ჟანგი როგორ შეჭამდა, 
რომ ვთქვა, გაგიკვირდება 
რაც არ არის, სხვა რამეს 
როგორ მოეკიდება?
არც ჟანგია? არ მეტყვი, 
ბოლო-ბოლო, რა ხდება? 
ახლა ვიცი, რომ გკითხო, 
მიწაც აღარ დამხვდება.
ჰო, ასეაარც მიწა 
არის კარგა ხანია. 
არც თაგვია, არც კატა... 
ეს ლექსიც ახალია:
მოდი, ვნახოთ ვენახი...
მოდი, ვნახოთ თხა...
მხოლოდ ლექსი შემოგვრჩა,
არაფერი სხვა!

გოლიათი კოხტა გამოეწყო კოხტად    
(
ჯულია დონალდსონის მიხედვით)
სახელად კოხტა ერქვა და იყო გოლიათი, ქალაქში ყველაზე ფეთხუმი გოლიათი. თმადაუვარცხნელმა, ლანჩშემორღვეული ფეხსაცმლით იცოდა ქალაქში ბოდიალი. მუდამ გაცვეთილი სამოსი ემოსა, ცხრაგან დაკემსილი ნახმარი სამოსი. 
არ მინდა ვიყო ქალაქში ყველაზე ფეთხუმი გოლიათი“, ამბობდა მოწყენილი.
მაგრამ ერთ დღესაც კოხტამ დაინახა ახალი მაღაზია. არ იყო რიგი და
ეწყო უამრავი კოხტა სამოსელი, ადგა და იყიდა...
კოხტა პერანგი, 
კოხტა შარვალი, 
კოხტა ქამარი რკინის ბალთიანი, 
კოხტა ყელსახვევი, მთლად ზოლებიანი, 
კოხტა წყვილი წინდა, ნაქარგი მთლიანად, 
და წყვილი ფეხსაცმელი, კოხტა და პრიალა.
სხვა ვინ არის ქალაქში ახლა უფრო კოხტა, ვიდრე მე ვარ ამ სამოსში, გოლიათი კოხტა“, ამაყად წაიმღერა.
მაღაზიაშივე დატოვა თავისი ნახმარი სამოსი. ის იყო სახლისკენ წასვლა დააპირა, რაღაც ხმა შემოესმა. ჟირაფი იდგა ტროტუარზე და სევდიანად სრუტუნებდა. „რა მოხდა?“ იკითხა კოხტამ. 
რადგან არის ძალზე გრძელი, სულ ცივია ჩემი ყელი“, თქვა ჟირაფმა. „რა იქნება, რომ გამითბოს გრძელმა შარფმა“.
ყურები ნუ ჩამოყარე!“ უთხრა კოხტამ. მოიხსნა თავისი ზოლებიანი ყელსახვევი, „მაინც არ უხდებოდა ჩემს მოქარგულ წინდებს,“ თქვა და ჟირაფს ყელზე მოახვია.
შარფი ეს იყო, თუ იყო! „გმადლობ!“ თქვა ჟირაფმა.
კოხტა სახლისკენ გაეშურა, თავისთვის ჩუმად ღიღინებდა.
ჩემი ყელსახვევის შარფით ჩაითბუნებს ყელს ჟირაფი,
მაგრამ აბა, შემომხედეთ, ყველა აქეთ მოტრიალდით -
სხვა ვინ არის ამ ქალაქში ჩემზე კოხტა გოლიათი!“
და აი, მდინარეს მიადგა კოხტა. ნავში თხა იდგა და საბრალოდ კიკინებდა.
რა მოხდა?“ იკითხა კოხტამ. „ძლიერად რომ ქროდა ქარი, დამიგლიჯა იალქანი,“ აკიკინდა თხა. „ახალი და გამძლე მეტად, იალქანი მქონდეს, ნეტავ, რაღა მინდა სხვა!“ 
ყურები ნუ ჩამოყარე!“ უთხრა კოხტამ, და გაიხადა თავისი ქათქათა პერანგი. „მაინც სულ ამოჩაჩული მქონდა,“ თქვა და თხის ნავის ანძაზე გამონასკვა.
იალქანი ეს იყო, თუ იყო! „გმადლობ!“ თქვა თხამ.
კოხტა სახლისკენ გაეშურა, თავისთვის ჩუმად ღიღინებდა.
ჩემი ყელსახვევის შარფით ჩაითბუნებს ყელს ჟირაფი,
გააქროლებს თხის ნავს ქარი, აქვს პერანგის იალქანი,
მაგრამ აბა, შემომხედეთ, ყველა აქეთ მოტრიალდით -
სხვა ვინ არის ამ ქალაქში ჩემზე კოხტა გოლიათი!“
და აი, ნასახლარს მიადგა კოხტა. თეთრი თაგვი იდგა იქვე ახლოს, თან ბევრი პატარა წრუწუნა ახლდა. ყველა ერთხმად წრიპინებდა.
რა მოხდა?“ იკითხა კოხტამ. „მთლად დაიწვა ჩვენი სახლი“, დედა თაგვი აწრიპინდა. „სად ვიცხოვროთ, რა ვქნათ ახლა. ეჰ, ახალი სახლი გვინდა!“
ყურები ნუ ჩამოყარე!“ უთხრა კოხტამ, და წაიძრო ფეხიდან თავისი პრიალა ფეხსაცმელი. „მაინც ბებერებს გამიჩენდა“, თქვა, როგორც კი თაგვი და მისი წრუწუნები შიგნით ჩაძვრნენ. 
აი, სახლი ეს იყო, თუ იყო! „გმადლობ!“ დაიწრიპინეს ერთხმად.
კოხტა ახლა ასკინკილა მიდიოდა, მაგრამ მაინც აინუშშიც არ აგდებდა. მიხტოდა და ღიღინებდა,
ჩემი ყელსახვევის შარფით ჩაითბუნებს ყელს ჟირაფი,
გააქროლებს თხის ნავს ქარი, აქვს პერანგის იალქანი,
ჩემი ფეხსაცმელი ახლა თაგუნიებს უდგათ სახლად,
მაგრამ აბა, შემომხედეთ, ყველა აქეთ მოტრიალდით -
სხვა ვინ არის ამ ქალაქში ჩემზე კოხტა გოლიათი!“
კარვების ბანაკს მიადგა კოხტა. კარავთან მელა იდგა და ტიროდა.
რა მოხდა?“ იკითხა კოხტამ. „ჩემი საძილე ტომარა,“ თქვა მელამ. „გუბე რომ არა... შიგ ჩამივარდა დილით. ეჰ, ნეტავ საძინებელი მქონდეს მშრალი და თბილი!“
ყურები ნუ ჩამოყარე!“ უთხრა კოხტამ, და გაიძრო ცალი წინდა, მთლიანად მოქარგული. „მაინც თითებზე მიღიტინებდა,“ თქვა, როგორც კი მელამ შიგ მოიკალათა.
საძნებელი ტომარაც ეს იყო, თუ იყო! „გმადლობ!“ თქვა მელამ.
მიხტოდა კოხტა, მღეროდა კოხტად,
ჩემი ყელსახვევის შარფით ჩაითბუნებს ყელს ჟირაფი,
გააქროლებს თხის ნავს ქარი, აქვს პერანგის იალქანი,
ჩემი ფეხსაცმელი ახლა თაგუნიებს უდგათ სახლად,
ჩემი წინდა კი მელიას თბილი საძინებელია,
მაგრამ აბა, შემომხედეთ, ყველა აქეთ მოტრიალდით -
სხვა ვინ არის ამ ქალაქში ჩემზე კოხტა გოლიათი!“
კოხტა დამყაყებულ ჭაობს მიადგა. ჭაობთან ახლოს ძაღლი იდგა და ყმუოდა.
რა მოხდა?“ იკითხა კოხტამ.
ჭაობია,“ უთხრა ძაღლმა. „არსად არის ახლომახლო მშრალი ფონი. მაგრამ უნდა გავიარო, გადავლახო. ეჰ, ნეტავი საიმედო, მშრალი ბილიკები ვნახო!“
ყურები ნუ ჩამოყარე!“ უთხრა კოხტამ, და რკინის ბალთიანი ქამარი შემოიხსნა. „მაინც წელზე მომიჭირა,“ თქვა და ჭაობზე დადო.
გზა ეს იყო, რაც იყო! „გმადლობ!“ თქვა ძაღლმა.
დაუბერა ქარმა, მაგრამ კოხტა არად დაგიდევდა. ხტუნაობით მიდიოდა, მიიმღერდა,
ჩემი ყელსახვევის შარფით ჩაითბუნებს ყელს ჟირაფი,
გააქროლებს თხის ნავს ქარი, აქვს პერანგის იალქანი,
ჩემი ფეხსაცმელი ახლა თაგუნიებს უდგათ სახლად,
ჩემი წინდა კი მელიას თბილი საძინებელია,
ძაღლიც გავა ჭაობიდან, ჩემს ქამარზე გადავიდა, 
მაგრამ... 
მძვრება შარვალი და როგორ მცივა.
ახლა რა ვარ - გოლიათი სასაცილო!“
უეცრად მოიწყინა კოხტამ, აკანკალებულმა იგრძნო, რომ აღარ არის კოხტა. ცალ ფეხზე დადგა და დაფიქრდა. „უნდა დავბრუნდე მაღაზიაში და ახალი სამოსი ვიყიდო“, გადაწყვიტა. ამ იმედით ასკინკილა გაეშურა მაღაზიისკენ. მაგრამ მაღაზიაზე დახვდა წარწერა დაკეტილია!
, არა!“ ატირდა კოხტა. ქვაფენილზე დაეშვა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. ახლა ისეთივე მოწყენილი იყო, როგორც ის ცხოველები, სახლისკენ მიმავალ გზაზე რომ შეხვდა. უეცრად მზერა გაექცა გვერდით და დაინახა ჩანთა, საიდანაც რაღაც ძალზე ნაცნობი მოჩანდა. კოხტა დააკვირდა და... „ჩემი პერანგი!“ წამოიყვირა. „ჩემი საყვარელი ძველი პერანგი და სანდლები!“ კოხტამ სასწრაფოდ ჩაიცვა. რა მშვენიერი და მოხერხებული იყო ძველი სამოსი. „მე ვარ ქალაქში ყველაზე მოხერხებულად გამოწყობილი გოლიათი!“ აღტაცებული ყვირილით და ცეკვა-ცეკვით გაუყვა გზას შინისაკენ.
მისი სახლის წინ ეზოში თავი მოეყარათ ცხოველებს, ვისაც იგი დაეხმარა. უზარმაზარი საჩუქარი მოეტანათ. „მოდი, კოხტა,“ უთხრეს მათ. „გახსენი!“ კოხტამ საჩუქარს ლენტა შემოხსნა. შიგნით იდო ულამაზესი ოქროსფერი ქაღალდის გვირგვინი და ბარათი. „ბარათიც გახსენი, კოხტა!“ უთხრეს ცხოველებმა. კოხტამ გვირგვინი თავზე დაიდგა და ბარათი გახსნა.
შენი ყელსახვევის შარფით ყელს ითბუნებს კვლავ ჟირაფი,
ქარი როცა დაუბერავს, თხა იალქნად გაშლის პერანგს,
შენი ფეხსაცმელი ახლა თაგუნიებს უდგათ სახლად,
შენი წინდა კი მელიას თბილი საძინებელია,
ძაღლიც მყაყე ჭაობიდან შენი ქამრით გადავიდა, 
ამიტომაც ეს გვირგვინი შენ ატარე,
სულ ერთია, რა გაცვია - ძველმანი თუ რამე კოხტა,
შენ ხარ ჩვენი საყვარელი გოლიათი, ჩვენი კოხტა!






No comments:

Post a Comment