პირველი ადამიანები

ნესტან კუპრავა

პირველი ადამიანები
         ეს ამბები დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ ხდებოდა,-წარმოუდგენლად უხსოვარ დროში. ადამიანები მაშინ სახლებში კი არა, გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ, ტანს ცხოველის ბეწვით იფარავდნენ და საჭმელს უმად მიირთმევდნენ. ეს ის დრო იყო, როდესაც ისინი  ცდილობდნენ ერთმანეთთან სალაპარაკოდ სიტყვები მოეფიქრებინათ და ყველაფრისთვის, რასაც ხედავდნენ, სახელი დაერქმიათ.  ხშირად გადადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე, განსაკუთრებით მაშინ, ახლომახლო ტყეებში წვრილი ნადირი და საკვებად ვარგისი მცენარეები  გამოილეოდა. სახეტიალოდ მათ  ზოგჯერ ახალი ადგილების ნახვის სურვილი  უბიძგებდა, ზოგჯერ  სიცივეს გაურბოდნენ, ზოგჯერ შიმშილს...
ადამიანები მაშინ ხშირად შიმშილობდნენ, რადგან ერთადერთი იარაღი, სანადიროდ და თავის დასაცავად გამოსადეგი,  ბრტყელი, წამახული და ჯოხზე დამაგრებული ქვა იყო. ასეთი „ქვის ნაჯახით“  ნადირობა და საკვების მოპოვება  ძალიან ძნელი იყო.
გამოქვაბულის ადამიანებს ჩვენ პირველ ადამიანებს ვეძახით. ერთ ასეთ გამოქვაბულში სხვებთან ერთად ერთი ჭკვიანი და მამაცი ბიჭუნა ცხოვრობდა.  მას უკვე  ჰქონდა  სახელი-თუთი ერქვა.  თუთი ძალიან ცნობისმოყვარე იყო,-გარშემო ყველაფერს აკვირდებოდა, მერე კი სახელს არქმევდა.  ბიჭუნა ობოლი იყო, დედა სულაც არ ახსოვდა, მამა კი ბიზონზე ნადირობის დროს დაღუპვოდა. გამოქვაბულის ხალხი მასზე ისე ზრუნავდა, როგორც საკუთარ შვილზე. ხალხს ძალიან უყვარდა ეს კეთილი და მამაცი ბიჭი, თუთისაც უყვარდა თავისი გონიერი და მოსიყვარულე ხალხი.
ეს  ხალხი ამ ადგილებში და ამ გამოქვაბულში   დიდი ხნის წინათ გადმოსახლდა. მათი ადრინდელი სამშობლო თურმე ძალიან ცხელი მხარე იყო. იქ წელიწადის დროები არასოდეს იცვლებოდა. სამწუხაროდ,  ტყეებში ურიცხვი საზარელი ნადირი ბინადრობდა. ქვის ნაჯახებით და ხის  შუბებით თავი როგორ დაეცვათ?  ადგნენ და განსაცდელს გამოექცნენ, ამ ადგილებში დაბინავდნენ.  მოულოდნელად ისეთი დიდი  გამოქვაბული იპოვეს, რომელიც ამ ხალხს მთლიანად დაიტევდა.
ადგილი, სადაც ცხოვრება გადაწყვიტეს, საკმაოდ  თბილი მხარე იყო, მაგრამ აქ  წელიწადის დროები ჩვეულებრივ ენაცვლებოდა ერთმანეთს- თბილ დარს ავდარი მოსდევდა. როგორც ყველა პირველ ადამიანს, ცხოვრება თუთის ხალხსაც უჭირდა, განსაკუთრებით ზამთარში. ხალხი რომ გამოეკვებათ, ღონიერ და ამტან მამაკაცებს ქვის  იარაღით დიდტანიან ცხოველებზე უნდა ენადირათ.  ამ ნადირობას ბევრი მონადირე  შეეწირა, ისე,  როგორც თუთის მამა.
დრო გადიოდა.  ხსოვნა პირველ სამშობლოზე მოხუცებსღა შემორჩენოდათ და ეს ბავშვობისდროინდელი მოგონებებიც  მეტად  ბუნდოვანი იყო,  აი, რამდენად დიდი ხნის წინათ მომხდარიყო  მათი გადმოსახლება.
გამოქვაბული, სადაც  უკვე დიდი ხანია ცხოვრობდნენ,   განიერი   იყო, მაგრამ  მას ასევე  განიერი და სრულიად დაუცველი  შესასვლელი ჰქონდა. ამან კი  ხალხს  ახალი თავსატეხი გაუჩინა, მითუმეტეს მაშინ, როცა  მოულოდნელად ახალი განსაცდელი გამოჩნდა. ამ ადგილებს უზარმაზარი  შავი დათვი შემოეჩვია. ვინ იცის, საიდან მოვიდა,  იქნებ შორიდან გამოჰყვა ირმებისა  და ბიზონების ნაკვალევს,  მოვიდა და  სწორედ გამოქვაბულთან ახლოს ერთი მთის კალთაზე,  საზარელ ბუნაგში მოიკალათა. შიშით შეპყრობილმა ხალხმა დაუნდობელ მტაცებელს უიმი დაარქვა.
დათვის გამოჩენის შემდეგ თუთის ხალხს  ძილი დაეკარგა, რადგან უიმი სწორედ ღამე გამოდიოდა სანადიროდ. მხეცი გრძნობდა, რომ გამოქვაბულის ბინადრები სრულიად უმწეოები იყვნენ, განსაკუთრებით, სიბნელეში. ამ ხალხმა ჯერ ცეცხლის გამოყენებაც კი არ იცოდა. უიმი გამოქვაბულზე თავდასხმას სულაც არ ერიდებოდა, უზარმაზარ ნადირთან შებრძოლებას ვერავინ ბედავდა...
-რა ვქნა? ჩემი ხალხი როგორ დავიცვა?-დარდობდა თუთი,- უიმი თავიდან როგორ მოიშოროთ?

თუთი  ძაღლს  აშინაურებს
         ერთხელ  თუთი გამოქაბულის  ახლოს გაშლილ ტყეში სეირნობდა. მდელოზე გასულ ბიჭუნას უცნაური წკმუტუნი შემოესმა. დაინახა, ეკლიან ბუჩქთან უცნობი ცხოველი მოკუნტულიყო. ცხოველმა მოიხედა, ყურები დაცქვიტა, მაგრამ ადგომა ვერ შეძლო და ისევ  დაიწკმუტუნა. უთუოდ შიმშილისგან იყო დასუსტებული. სევდიანი თვალები ჰქონდა, ფაფუკი ბეწვი და გრძელი კუდი. ეტყობოდა, შორიდან იყო მოსული, გამოქვაბულის სიახლოვეს ბიჭს ასეთი ცხოველი არასოდეს ენახა.
თუთის კი შეეშინდა, მაგრამ ცხოველი ისეთი უმწეო ჩანდა, ისეთი მავედრებელი მზერით იცქირებოდა,  ახლოს მისვლა მაინც გაბედა. თან ბიჭს ტყავში გამოკრული ხორცი ჰქონდა.  ცხოველმა ხორცი ხარბად შესანსლა. ბიჭმა მას პირმოკრული ტყავით წყალიც მოუტანა. ცხოველმა წყალიც შესვლიპა. თანდათან  მომაგრდა  და  ფეხზე  წამოდგომაც კი  შეძლო.
„ამას უკვე არაფერი უჭირს, დროა, შინ წავიდე!“-გაიფიქრა თუთიმ.
უცებ ტოტების ლაწალუწი გაისმა. ტყიდან საზარელი შავი დათვი გამოძუნძულდა.
-ეს უიმია!  დავიღუპე!-დაიყვირა თუთიმ.
უცნობი ცხოველი ბიჭს აეფარა, მერე დაიღრინა, ადგილს მოწყდა და იმ ვეება დათვისკენ უშიშრად გაიჭრა. დათვი ბევრად დიდიც იყო, ძლიერიც, მაგრამ მას არც ასეთი ცხოველი ენახა და არც ასეთი ხმა გაეგონა. ნადირი მიჩვეული იყო, რომ მის  დანახვაზე  ყველა  კისრისტეხით  გარბოდა.  თავზარდაცემული უიმი მიტრიალდა და სასწრაფოდ ტყეში შეძუნძულდა.
თუთი კი  ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა:
-დახეთ, მან საფრთხე წინასწარ იგრძნო. რა  მამაცი ყოფილა! უზარმაზარ უიმის როგორ შეუტია! ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ... ვაშაა! ამიერიდან ღამე მშვიდად დავიძინებთ!  მე და ჩემს ხალხს ეს ცხოველი დაგვიცავს! გამოქვაბულს ეს უდარაჯებს!
ბიჭი ცხოველს მოეფერა, თავი დაუჭირა და თვალებში ჩახედა:
-შენნაირ ცხოველს სახელად რა მოუხდება?  მოდი, ძაღლი იყავი! ჩემი საკუთარი ძაღლი!
ძაღლმა ბიჭს ლოყა გაულოკა.
-ძაღლო, სახელად ეცის დაგარქმევ.. ჰო, ეს სახელი ძალიან მომწონს.  შენ საიდან მოხვედი, ეცი? შენნაირი ცხოველები სად ბინადრობენ? კიდევ მაპოვნინებ?
ძაღლი ბიჭს მიელაქუცა, ხელებიც გაულოკა.
-უკვე ღამდება, ეცი!  შინ  წასვლის დროა!
ეცი ბიჭს გამოქვაბულისკენ მორჩილად გაჰყვა. ძაღლი თუთის მოსიყვარულე მზერით ახედავდა ხოლმე. თითქოს გრძნობდა, რომ ამ ბიჭუნასთან ახლოს ყოფნით მის მარტოობას ბოლო მოეღებოდა. ადამიანსაც სჭირდებოდა ასეთი ერთგული მეგობარი. ის პირველი მოშინაურებული ძაღლი იყო ქვეყნიერებაზე.




   
                                        რა იპოვეს თუთიმ და ეციმ
თუთი და ეცი ტყეში დაეხეტებოდნენ. ამჯერად ბიჭს უიმისა სულაც არ ეშინოდა. არც გამოქვაბულში მყოფთა დარდი აწუხებდა. ეციმ მართლა აპოვნინა თუთის ძაღლები. ისინი  გამოქვაბულს ფხიზლად დარაჯობდნენ. ხალხმა შვებით ამოისუნთქა,-რაც ძაღლები გამოჩნდნენ, უიმი გამოქვაბულის ახლოს ჩავლასაც კი   ვერ ბედავდა.
მოიღრუბლა. ტყეში აცივდა. კუპრივით შავი ღრუბელი ელვის ზიგზაგებით დაისერა. დაიჭექა და ტყეში ყველაზე დიდ, ყველაზე ბებერ ხეს მეხი გრიალით დაეცა. ხე წამში აბრიალდა. თუთი და ეცი წეღან იმ ხისკენ მირბოდნენ. კიდევ კარგი, ვერ მოასწრეს.
„თურმე ასეთ დროს  დიდი ხისთვის თავის შეფარება სახიფათოა“,-გაიფიქრა თუთიმ. ეს ყველას უნდა ვუთხრა.
წვიმამ სწრაფადვე გადაიღო.  ცეცხლი უფრო გაღვივდა. თუთი ცეცხლმოკიდებული ხისკენ გაეშურა. მან შორიდანვე იგრძნო  რაღაც სასიამოვნო.
-რა საოცარია!-  უთხრა ბიჭმა ეცის,-რაც უფრო ვუახლოვდები, მით უფრო ვერ ვგრძნობ სიცივეს...
ეციმ დაიწკმუტუნა. პატრონს ასე დაეთანხმა.
-უჰ, რა კარგია, რა კარგი! მოდი,  ამას სითბო დავარქვათ. როგორ მომშივდა! ნანადირევი ხომ გვაქვს? აქვე შევჭამოთ, ეცი!
ბიჭს ხორცის ნაჭერი ხელიდან გაუვარდა. ხორცი ნაკვერჩხალზე აშიშხინდა.
-რა კარგი სუნია! მოდი, გემოც გავუსინჯოთ!
აქამდე შემწვარ  ხორცზე  უკეთესი არც თუთის ეჭამა რამე, არც ეცის.
-ეცი, აი, რას გეტყვი, შენს სახელს მივამსგავსოთ და ამას ცეცხლი დავარქვათ. ხვდები, ჩემო ძაღლო? ცეცხლი თურმე ათბობს და ანათებს... და კიდევ... საჭმელს აგემრიელებს.
ბიჭუნას თვალები გაუბრწყინდა:
-მოიფიქრე! მოვიფიქრე! ამიერიდან ჩვენს ცივ გამოქვაბულში დათბება!      მაგრამ ეს ცეცხლი გამოქვაბულამდე როგორ მივიტანო? აი, რას ვიზამ, ჩემო ძაღლო, ამ  ნაკვერჩხლებს  ბრტყელ ქვაზე დავაწყობ და გამოქვაბულში წავიღებ... შენ კი ფხიზლად იყავი, ახლომახლო უიმი არ დაძრწოდეს!  ვიჩქაროთ, ეცი! ცეცხლი არ ჩაგვიქრეს!
გამოქვაბულში
         თუთიმ მოახერხა, რომ ცეცხლი არ  ჩაექრო, გაღვივებული ნაკვერჩხლები მან გამოქვაბულში მიიტანა.
         ცეცხლმა გამოქვაბული კიდევაც გაათბო და კიდევაც გაანათა. ხალხის სიხარულს  საზღვარი არ ჰქონდა და  უფრო გაძლიერდა, როცა თუთიმ ნაკვერჩხლებზე ხორცის დიდრონი ნაჭრები ააშიშხინა.  შემწვარი ხორცი ვის არ მოეწონებოდა?
         -ამიერიდან ცეცხლი არასოდეს  ჩავაქროთ!-თქვა თუთიმ.
ბიჭს ყველა დაეთანხმა.
-ცეცხლს მე ვუდარაჯებ,-შესთავაზა მას მოხუცმა ბუბამ.
-ჩვენ კი ტყეში წავალთ და ხმელ ხეებს მოვძებნით,-თქვეს დუდუმ და გუგამ.
-ჩვენ  ხმელი ტოტები მოვაგროვოთ,-უთხრა ბავშვებს თეამ,-გამოქვაბულის ყველაზე ლამაზმა გოგონამ.
ამის  შემდეგ გამოქვაბულში ცეცხლი მუდამ ენთო, მოხუცი ბუბა მას მუდამ ფხიზლად დარაჯობდა.
ახლა  გარეთ, გამოქვაბულის შესასლელთანაც ანთებდნენ კოცონს. კოცონის გარშემო  ყოფნა, ერთმანეთთან ლაპარაკი, გართობა ხალხს ძალიან შეუყვარდა.
ჯერ ძაღლებმა, მერე კი კოცონმა უიმი ისე დააფრთხო, გამოქვაბულს მთის მწვერვალზე ასული თუ გადმოხედავდა. ხალხი ამას მიხვდა, ამიტომაც ღამე  რაც შეიძლება დიდ კოცონს აჩაღებდნენ.
კოცონთან ახლოს მუშაობაც ძალიან მოეწონათ: კაცები ქვის საფხეკით წმენდნენ ნადირის ტყავს, ქვის ბუნიკებს ხის მაგარ ტოტებზე ამაგრებდნენ,-შუბებს ასე ამზადებდნენ, ქალები ტყავის ტანსაცმელს კერავდნენ ძვლის ნემსით და ტყავის წვრილ-წრილი თასმებით, მოხუცები თავგადასავლებს ყვებოდნენ, -იმ ამბებს, ნადირობისას თავს რომ  გადახდენოდათ, უხუცესები იმ ცხელ მხარეს იხსენებდნენ, ბავშვობისას რომ დაეტოვებინათ...
ზამთარი ახლოვდებოდა. საკვები თანდათან გამოილია. ახალგაზრდა მონადირეებმა მოხუცებს მიმართეს:
-თქვენ  აქ დარჩით  და იფხიზლეთ, ცეცხლი არ ჩააქროთ! ნადირობის დროა! მალე ბიზონის ხორცით დატვირთული დავბრუნდებით. ახლა უკეთესი იარაღი გვაქვს, ჩენი შუბების ბუნიკები ასეთი ბასრი არასოდეს ყოფილა. გპირდებით, ზამთარში შემწვარი ხორცი არ მოგაკლდებათ...
ახალგაზრდა მამაკაცები ბიზონებზე სანადიროდ წავიდნენ, მაგრამ დაბრუნება დააგვიანდათ, ნადირობა მეტისმეტად  გაუგრძელდათ. ამასობაში ზამთარი თანდათან  ძალაში შევიდა, უფრო აცივდა. გამოქვაბულში ყველამ მოიწყინა. თუთიმაც მოსწყინდა უქმად ყოფნა.

თუთი ხატვას იწყებს
კერაზე, სადაც ცეცხლი მუდამ გიზგიზებდა, დიდძალი ნახშირი დაგროვილიყო. ერთხელ თუთიმ ნახშირის კარგა მოზრდილი ნატეხი აიღო და გამოქვაბულის კედელზე პირველი ხაზი გაუბედავად გაავლო, მერე კი  უფრო მოინდომა. ეცი იჯდა და ბიჭს თვალს არ აშორებდა. პირველი, რაც თუთიმ კედელზე გამოსახა, სწორედ მისი საყვარელი ძაღლი იყო.
შემდეგ გამოსახა სამი ირემი, ოთხი ბიზონი და ხუთი მონადირე.
გამოქვაბულის ბავშვები მაშინვე თუთისთან გაჩნდნენ.
-თუთი, ეს რა მოგიფიქრებია?!-თეამ გაკვირებისაგან ხელი ხელს შემოჰკრა,-რა კარგია! მეც მინდა, ვცადო... ამას რა ჰქვია? რას აკეთებ?
-მოდი, ამას ხატვა დავარქვათ!-გაიცინა თუთიმ,-ანუ მე ახლა ვხატავ... სცადეთ, ვინ გიშლით...
-რომ არ შემიძლია?-შეწუხდა თეა,-არადა, ეგ რაღაც ხატვა მეც მინდა...
-ნახშირი აიღე და სცადე,-ურჩია თუთიმ,- მე კი..ამას რა დავარქვა? სწავლა ერქვას... მე ხომ შევძელი ეცის დახატვა, შენც  გასწავლი, თეა!
თეამ მართლა ისწავლა და თანაც როგორ! გოგონას აბა, საიდან ეცოდინებოდა, რომ ხატვა შესძლებოდა, თუთიზე ბევრად უკეთესადაც კი.  მისი დახატული ცხოველები ისე ჰგავდნენ ნამდვილს, მნახველები გაოცებისგან გაშეშდნენ, ერთ ქალს  შიშისგან  გულიც კი წაუვიდა.
ასე რომ,  თეა აღმოჩნდა პირველი  ნამდვილი მხატვარი დედამიწაზე. თუთი უფრო მოყვარული მხატვარი იყო, თანაც ხატვაზე უფრო მისი სწავლება ეხალისებოდა, კედელზე გაუბედავი ხაზების გავლება.
-თუთისგან რას არ გაიგონებ, ადგა და ჩვენს გასართობად ახლა სწავლა მოიფიქრაო,-დიდებმაც და პატარებმაც ხატვას მიჰყვეს ხელი.  სწავლა სწორედ ხატვით დაიწყო. ასე ცდილობდნენ გრძელი და მოსაწყენი ზამთრის გახალისებას. თეას ვერავინ შეედრებოდა, მაგრამ ყველა იმას ხატავდა, რაც ენახა და მოსწონებოდა, თანაც  მათ ამავე დროს სახელსაც არქმევდნენ. მერე ამ სახელებს იმეორებდნენ და იმახსოვრებდნენ. ასე დაარქეს სახელი მზეს, წყაროს, პეპელას... თითქმის ყველაფერს, რაც კი ოდესმე ენახათ.
ამასაობაში მონადირეებიც დაბრუნდნენ. ძალიან გაუკვირდათ, როცა მოხატული გამოქვაბული და ურიცხვი ახალი სიტყვა დახვდათ. თვითონაც ჰქონოდათ  უცნაური რამ,- მოხუცი მუმა მოიყვანეს, რომელიც მათთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა. აქამდე თუთის ხალხსეგონა, რომ ყველა ადამიანი მათ ენაზე ლაპარაკობდა.
-მუმა ჩვენ დიდი მდინარის სათავესთან ვიპოვეთ,-განმარტეს მონადირეებმა,-დაჭრილი და შიმშილისგან დასუსტებული იყო. თურმე ადამიანები სხვაგანაც ცხოვრობენ, თანაც ჩვენგან რაღაცით განსხვავებულები. ცუდია, რომ თავისმა ხალხმა მუმა გზაში დატოვა. რა გვექნა? შეგვეცოდა და წამოვიყვანეთ...




სად ვისწავლოთ? როგორ ვისწავლოთ?
ზამთარი მეტისმეტად გაჭიანურდა. მუმა თანდათან გამოკეთდა, აქაურების ენა სულ ადვილად ისწავლა,-სიტყვები ხომ ჯერაც ცოტა იყო.
გამოქვაბულის ხალხი მუმას ძალიან მოეწონა და ადვილადაც შეეთვისა. განსაკუთრებით თუთი შეუყვარდა. ბიჭუნა მოხუცს ისეთი მზრუნველობით ეპყრობოდა, თითქოს მუმა მისი ბაბუა ყოფილიყო. მალე მოხუცი თავის თავს მართლა მიიჩნევდა თუთის ბაბუად, გამუდმებით თვალყურს ადევნებდა.
გამოქვაბულის კედლები ნახატებით თითქმის დაიფარა, თუთიმ და თეამ თითქმის ყველაფერი დახატეს, რაც კი ენახათ.მაგრამ ისინი ბავშვები იყვნენ და ბევრი რამ თავადაც არ იცოდნენ. არადა, გამოქვაბულის ხალხი ამ ორს , განსაკუთრებით თუთის არ ასვენებდა.  რატომ ეგონათ, რომ სწორედ ამ ბავშვებს ექნებოდათ პასუხები მათ შეკითხვებზე?
-წვიმა საიდან მოდის?
-ხეებს ფოთოლი რატომ დასცვივდა?
-თოვლი საიდან მოვიდა? რისთვის მოდის?
ეს ყველაფერი თუთის საიდან უნდა სცოდნოდა? არადა, შეკითხვები უფრო რთულდებოდა:
-დღეს ღამე რატომ ენაცვლება?
-მზეს ცეცხლი ვინ წაუკიდა?
-მთვარეზე კოცონი ვინ გააჩაღა?
-რატომ აქვს კურდღელს თეთრი ბეწვი-ციყვს კი წითური?
-რატომ დაფრინავს ფრინველი?
-რატომ არ დაფრინავს ადამიანი?
-რატომ ვბერდებით?
-მოხუცმა  რემიმ   სამუდამოდ რატომ დაიძინა?  თვალებს რატომ არ ახელს? რატომ არ გაიღვიძებს არასოდეს?
თეას უფრო რაიმეს დახატვას სთხოვდნენ:
-თეა, კლდის ბინადარი დიდი ფრინველი დაგვიხატე,-ევედრებოდნენ,-სახელი უნდა დავარქვათ და დავიმახსოვროთ.
-უკვე მეტისმეტია,-შეწუხდა თეა,-აბა, როგორ დავხატო დიდი და საშინელი ფრინველი, მე ხომ არც მინახავს..
-სამაგიეროდ მე მინახავს,-უთხრა მუმამ,-ჩემს გამოქვაბულთან ბინადრობდა. დამიხატავს კიდეც.
-შეგიძლია, გვასწავლო?-ჰკითხა თუთიმ.
-შემიძლია.
მან დახატა დიდი, საშინელი ფრინველი და წითურა, გრძელკუდა ცხოველი.
-ცხოველს მელა ერქვას, ფრინველს კი არწივი,-გადაწყვიტა თუთიმ.
ბავშვების  შეკითხვების სეტყვა ახლა მუმას დაატყდა თავს.
-გაჩუმდით!-დაიყვირა მოხუცმა,- ტყუილად გგონიათ, რომ მე ყველაფერი ვიცი! ადამიანი კითხვებზე პასუხს თანდათან იპოვის... ო-დეს-მე!  თქვენ ხომ სწავლა მოიფიქრეთ, საგნებს ხატავთ, სიტყვებს აგროვებთ... იმახსოვრებთ. ეს კარგია! მოდით, ჯერ ის ისწავლეთ, რაც ჩვენ  უფროსებმა ვიცით, მაგალითად მე, ბეგიმ, ვახამ...
-შეგიძლიათ, გვასწავლოთ? იქნებით ჩვენი... მასწავლებელი?-თუთის თვალები გაუბრწყინდა.
-დიახაც, ვიქნებით!-მუმას, ბეგის და ვახას სახე გაუნათდათ,-საქმე რომ გამოგვიჩნდება, ეს მოსაბეზრებელი ზამთარი მალე გაილევა.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწავლის დაწყება არც ისე იოლი საქმე იყო,-გამოქვაბულში ჩვილები გაჰკიოდნენ, უფრო მოზრდილები ყველას ფეხებში ედებოდნენ, ქალები კამათობდნენ, ძაღლები ყეფდნენ, კაცები ყაყანებდნენ...მოკლედ, სწავლა არ გამოსდიოდათ. გამოსავალი ისევ თუთიმ მოძებნა. ერთხელ გამოქაბულის დახშული კედლის ნაპრალიდან ბიჭმა წყლის დუდუნი გაიგონა. ნაპრალი გააფართოვა და... უცებ კიდევ ერთი მღვიმე აღმოაჩინა. იგი ახლოს  იყო მიწის ზედაპირთან, დღის შუქი ჭერის ნაპრალებიდან კონებად იღვრებოდა.სადღაც ახლოს გამდინარე წყლის მშვიდი დუდუნი ისმოდა.
-მოგწონს?-ჰკითხა თუთიმ თეას,-აქ სწავლაში ხელს ვერავინ შეგვიშლის.
-თუთი, ამ ადგილს რა დავარქვათ?-ჰკითხა თეამ,-სწავლის გამოქვაბული?
სწავლის ადგილი?
არავინ იცის,  თუ რა დაარქვა თუთიმ ამ ადგილს, მაგრამ  ცხადია, რომ ის იყო პირველი სასწავლებელი,  ყველაზე შორეული წინაპარი დღევანდელი სკოლებისა.
პირველი მასწავლებლები სწავლებას შეუდგნენ, პირველი მოსწავლეები კი სწავლას. ქვეყნიერებაზე ცოტა მასწავლებელს თუ ჰყოლია ასეთი ცნობისმოყვარე, ასეთი  არაჩვეულებრივი მოსწავლეები.მოხუცები  ასწავლიდნენ ხატვას, საგნების სახელებს, უყვებოდნენ თავიანთი ცხოვრების ამბებს, ხშირად კამათობდნენ კიდეც. ყველაზე კარგად სწორედ ასეთი კამათის დროს სწავლობდნენ.
ასე დაიწყო სწავლა პირველმა ადამიანმა. მას შემდეგ იმდენი არაჩვეულებრივი ამბავი მოხდა ადამიანის ცხოვრებაში, ვერც კი ჩამოვთვლი, უბრალოდ, თუთის  თავგადასავლის რამდენიმე ეპიზოდს თუ წარმოვიდგენ:
აი, მაგალითად: ვხედავ, რომ ფართოდ გაშლილ საძოვრებზე მუები ბალახობენ, თუთი მათ პოულობს და  ფიქრობს, რაში გამოვიყენოო.  ცოტა მოშორებით მდინარე მიედინება, მას კი ხშირად სტუმრობენ ულამაზესი, სწრაფი ხვიხვინა ცხოველები. ვითომ რა მოხდება, თუთი ერთ-ერთ ხვიხვინას ზურგზე რომ მოახტეს? ეს რა არის? ძირს  ამოვარდნილი ცის ნატეხია, თუ ქვეყნიერების საზღვარი? ფიქრებში ვხედავ,-ერთი გარუჯული, გამხდარი ბიჭი ქვეყნიერების დასასრულს დაეძებს, ამ ძ


ებნის დროს კი ადამიანებს წინამძღოლობს, ცხოველებს იმეგობრებს, სწავლობს, იბრძვის და, რაც მთავარია, მუდამ ახალ-ახალი გამარჯვებებისთის ემზადება.
თუთი ადამიანია.  მან სწავლა  დაიწყო.  სწორედ ამ დროიდან გახდა ადამიანი უფრო გონიერი!

თუთიმ და ეციმ მუა გადაარჩინეს
თუთი და ეცი ისევ ტყეში დაეხეტებოდნენ. ბიჭი საადრეო ხილს აგროვებდა.
ეს, გამოქვაბულიდან საკმაოდ დაშორებული ადგილი მარტო თუთიმ იცოდა, ეცისთან ერთად აქ ხშირად მოდიოდა.
აქ, ტყის განაპირას   ორი ერთმანეთს მიყრდნობილი მთა იდგა,-თუთიმ მათ ეჰი და უჰი დაარქვა.
ეჰი კლდოვანი, ძნელად ასასვლელი და ისეთი  ციცაბო იყო, შეიძლება მთის შუამდეც ვერ ასულიყავი და სინანულით დაგეძახა: ეჰ, რა იქნებოდა, ავსულიყავიო! არადა, დასანანი კი იქნებოდა.  ორივე მთა შესანიშნავი  იყო გადასახედად,-იქიდან თვალუწვდენელი მინდორი მოჩანდა,- იმდენად ვრცელი, რომ დარწმუნებით ვერავინ იტყოდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მინდვრებს იქით. „იქნებ, სულაც ქვეყნიერების დასალიერია!“-ფიქრობდა თუთი.
უფრო ხშირად ბიჭი მეორე მთაზე ადიოდა. ავიდოდა და  თვალწინ ისეთი სილამაზე გადაეშლებოდა,   სულ „უჰ, უჰ, რა კარგიაო!“-იძახდა. ამ  მთას  უჰი ამიტომაც დაარქვა.
თუთი და ეცი იმ დღესაც უჰიზე ავიდნენ. აქედან ყველაზე კარგად მინდვრის ის მხარე მოჩანდა, სადაც უცნაური და უწყინარი ცხოველები ბალახობდნენ. თუთი მათ მუებს ეძახდა, რადგან სულ ზმუოდნენ და „მუუს“ გაიძახოდნენ.
თუთი დაკვირვებული ბიჭი იყო, ხვდებოდა, რომ ბალახისმჭამელი ცხოველი საშიში არაა, მაგრამ მუებს წვეტიანი და ბასრი რქები ჰქონდათ, ამიტომაც ფრთხილობდა.
თუთი და ეცი თვალწინ გადაშლილი გარემოს ცქერით ტკბებოდნენ.მუების ჯიგი მინდორზე გაშლილიყო, ცხოველები პირს ლორთქო ბალახით იტკბარუნებდნენ. ტყის ჩამუქებული ზოლი მინდორს ნახევარწრედ შემოვლებოდა. ნიავი მაღალ ბალახს არწევდა. ბალახი ლამაზად ლივლივებდა.
მაგრამ... ეს რა იყო? სიმშვიდე უცებ საზარელმა ღრიალმა დაარღვია. ნუთუ ისევ უიმი!  სწორედ ის იყო, -ტყიდან გამოსულიყო და მუებისკენ მიძუნძულებდა. მუები ფრთხებოდნენ, ბღავილით  იფანტებოდნენ.
ეციმ წამითაც არ დააყოვნა,  უჰის კალთაზე ყეფა-ყეფით დაეშვა, დათვთან შესაბმელად მიიჩქაროდა.
-შეჩერდი, ეცი, შეჩერდი! უიმი ნადირობს! ამ დროს ის ძალიან გაავებულია!
ეცი რა, ნაკლებად იყო გაავებული? ვერა, ვერ იტანდა ამ ბოროტ დათვს, დრო იყო, მისთვის ჭკუა ესწავლებინა!
არც თუთი იყო ლაჩარი! საყვარელ ძაღლს განსაცდელში მიატოვებდა? მთის კალთა იმანაც სწრაფად  ჩაირბინა:
-ეცი, ძაღლო, ეცი!
ეს საოცარი სურათი იყო,-წინ მუების დამფრთხალი ჯოგი მიშლიგინებდა, ჯოგს უიმი მისდევდა, უიმს-ეცი, ეცის-თუთი.
ჯოგი სწრაფად გაიფანტა, მაგრამ უიმმა მოასწრო და ერთ მუას თავისი საზარელი ტორი დაჰკრა . საბრალო მუა!  მიწაზე ზმუილით დაეცა და შიშით ათრთოლდა.
ეცი რა მამაცი ყოფილიყო!-ძაღლი დათვს  ტორში ბასრი კბილებით ჩააფრინდა. გამწარებული დათვი დაბზრიალდა, ტორი მოიქნია და ძაღლი შორს მოისროლა. ამით  რა, ეცის დააფრთხობდა?  ძაღლი წამსვე წამოხტა და დათვისკენ უფრო გაავებულმა გაიწია. მტრები ერთმანეთს შეეგებნენ,-ეცი უიმის უახლოდებოდა, უიმი-ეცის...
-ფრთხილად, ეცი, ფრთხილად!-თუთიმ დათვს ქვისბუნიკიანი შუბი მარჯვედ ესროლა. ბიჭმა ბუნიკი გუშინ სიპ ქვაზე გალესა. შუბი დათვს ფერდში ჩაესო. უიმიმ  მაშინვე დაივიწყა ძაღლი  და თუთის მიუტრიალდა.
ეცი ამას მოუთმენდა?  ძაღლმა შემზარავად დაიღრინა.  ნუთუ დათვს დაემუქრა!  რა საშინელება იყო! ასეთი შიშისმომგვრელი ხმა უიმის არასოდეს გაეგონა. გულგახეთქილმა დათვმა ყველაფერი ერთბაშად დაივიწყა და თავისი გადამრჩენელი  ტყისკენ სწრაფად  გაძუნძულდა.

მუას ამბავი ისევ გრძელდება
-ვაშაა!-შესძახა თუთიმ,-ეცი, ისევ ჩვენ გავიმარჯვეთ! რა სულელია ეს უიმი, როგორ ვერ ხვდება, რომ ჩვენთან საქმე არ უნდა დაიჭიროს?!  ბიჭოს!
-მუუუ!-გაისმა ძირს დაცემული, დათვის მიერ დატორილი მუას საცოდავი ბღავილი.
-ეს რა მოგსვლია, მუა, ეს რა დამართნია, შე საბრალოვ!
ბიჭს გული დაეწვა, როცა დაინახა, რომ დიდრქიან, წითურბეწვა და დიდრონთვალება მუას ზურგიდან სისხლი თქრიალით ჩამოსდიოდა.
თუთიმ მხრებიდან  მოიხსნა ტყავის ტომარა და იქიდან ირმის თავის ქალა ამოიღო. ამას წყლის ჭურჭლად იყენებდა. გაიქცა, ნაკადულიდან წყალი მოარბენინა და მუას ჭრილობა მოჰბანა. მერე იარაზე ნორჩი ბალახ-ბულახი დაადო. მუას სისხლდენა შეუწყდა. მადლიერების ნიშნად ცხოველმა ბიჭს ხაოიანი ენით გაულოკა ხელი, თანაც სულ ბღაოდა.
-როგორი კბილები ჰქონია,-ბრტყელი და ბლაგვი... ასეთი კბილები მარტო ბალახის საჭმელად თუ გამოადგება,-აკვირდებოდა თუთი.
-ადექი, მუა, შენი მარტო დატოვება არ შეიძლება, უიმი უსათუოდ დაბრუნდება,-ბიჭმა ტომრიდან ტყავის გრძელი თასმა ამოიღო, მუას რქებზე გაკვანძა და დაქაჩა.
-ადექი, მუა, გამოქვაბულში წაგიყვან!
მუა მორჩილად გაჰყვა, მაგრამ თუთი მაინც შეფიქრიანდა:
-საბრალო! შემოაკლდებათ თუ არა ხორცი გამოქვაბულში, მაშინვე დაკლავენ. საწყალი მუა! იმიტომ ხომ არ გადავარჩინე, მერე დაკლან და შეჭამონ.
მუა მძიმე ნაბიჯებით მოდიოდა, უზარმაზარი, გატიკნილი ჯიქნის  თრევა უჭირდა, თან სულ ზმუოდა, ხვნეშდა, ოხრავდა...
-რატომ ოხრავ, მუა? სულ ოხრავ  და ოხრავ... შენ სახელად ძროხა უნდა დაგარქვა.
ეჰის და უჰის შემოუარეს, იქით კი ქვიანი ადგილები იყო. მუას  სავსე ჯიქნიდან გამოჟონილი თეთრი სითხე ქვის ღრმულებში გროვდებოდა. ეციმ ჯერ გემო გაუსინჯა, დაღვრილი სითხე ფრთხილად ალოკა, მერე კი გამალებით მოსვლიპა.
-დახე,  როგორ მოეწონა,-გაიფიქრა თუთიმ,-მოდი, მეც გავსინჯავ, შიმშილისგან კუჭი ამიწრიალდა.
წვრილ ნაკადს ბიჭმა ირმის რქა შეუშვირა, მერე ხელიც შეაშველა, მუა მოწველა.
-ეს თეთრი წყალი რა გემრიელი ყოფილა!-დაიყვირა გახარებულმა ბიჭმა,-მოდი, ამას რძეს დავარქმევ. მუა, მადლობელი ვარ,  გემრიელი რძე რომ დამალევინე.
ბიჭი კუნძზე დაჯდა,-ხილს ჭამდა, თანაც ნება-ნება რძეს აყოლებდა. მუა უკვე მშვიდად ზმუოდა,-ჯიქანი რომ დაუცარიელდა, შვება იგრძნო.
-აი, მესმის ცხოვრება!-გაიცინა თუთიმ,-ნუ გეშინია, მუა, ჩემი ხალხი კარგად მოგივლის. ერთი, იმათ შენი რძე გავასინჯო. გპირდები, მზრუნველობა არ მოგაკლდება. ეს კარგად ვიცი.
ძროხა იწვა და მშვიდად იცოხნებოდა. რა კარგია, რომ მას ასეთი კეთილი და მზრუნველი პატრონი გამოუჩნდა. უიმი სადღაც ახლოს კი დაძრწოდა, მაგრამ ის მუას ვერ გაეკარებოდა. უკვე დრო იყო, დათვს ეგრძნო ადამიანის ძალა, დრო იყო, გაეგო, რომ ადამიანია ყველაფრის პატრონი და არა დათვი!
მაგრამ მუას ეს სულაც არ ედარდებოდა. მან არც ის იცოდა, რომ პირველი მოშინაურებული ძროხა იყო მთელ ქვეყნიერებაზე.

თუთი ხვიხვინაზე ოცნებობს
ერთადერთი, ვისაც მუას ნახვა არ გაკვირვებია,  მუმა იყო.
-ასთი ცხოველი მინახავს,-თქვა მუმამ,-და ასეთი თეთრი წყალიც გამისინჯავს. გგონიათ, მარტო ისმევა?  ამ თეთრი წყლისგან  საჭმელიც კეთდება.
მოხუცს სახე განათებოდა:
-ყოჩაღ, ჩემო თუთი!  დარწმუნებული ვარ, ხალხს შენ არაფერს გაუჭირვებ... შენ სულ სხვა ხარ, თუთი!  მიხარია, შენი ბაბუა რომ გავხდი.
-მეც მიხარია, მუმა, რა კარგია, ჩემი ბაბუა რომ ხარ!
ვინც რძე გასინჯა, უმალვე მიხვდა, მუას თვალისჩინივით უნდა გაფრთხილებოდნენ, მისი დაკვლა და შეჭმა გულში ფიქრადაც კი არავის გაუვლია. ალბათ, ამაზე უიმი  ოცნებობდა,  მაგრამ ისიც შორიდან, მთის წვერიდან ბოღმით მაცქერალი.
-რა კარგი იქნებოდა, ბევრი მუა გვყოლოდა,-თქვა ერთხელ თეამ,-რძე არ მოგვაკლდებოდა. პატარებს თეთრი წყალი ძალიან ეგემრიელათ. ეგ კი არა, თეთრი წყალი ავადმყოფებსაც მოუხდათ,  უცებ გამოკეთდნენ.
 გაგონილა?  თეას რამე ენატრა და თუთის ის არ შეესრულებინა? ბიჭი ორიოდე დღით სადღაც გაქრა, საღამოს კი მან და ეციმ გამოქვაბულთან ჩვიდმეტი მუა მორეკეს. მალე თუთის ხალხს პატარა ჯოგი გაუჩნდა.
ეგ კიდევ არაფერი, ერთხელ მუმამ რძიდან ყველი ამოიყვანა. თურმე ტყიდან რაღაც უცნაური მცენარე მოიტანა, რძეში ჩადო და თეთრი წყალი ასე შეადედა. ხალხს ყუათიანი თეთრი საჭმელი ძალიან მოეწონა.
ჯოგი უფრო გამრავლდა. მწყემსები-დუდუ და გუგა  საქმეს ვერ აუდიოდნენ, ამიტომ ზოგმა მონადირემ ბიზონებზე ნადირობა შეწყვიტა და მწყემსობას მიჰყო ხელი.
დრო გადიოდა. თუთი და ეცი ხშირად იკარგებოდნენ და ორივენი ისევ ტყისპირა მთების-ეჰისა და უჰის სიახლოვეს დაეხეტებოდნენ. თუთიმ ისწავლა, როგორ ასულიყო ეჰის მწვერვალზე  სწრაფად და მოხერხებულად.
-შენ და ეცი სად დაეხეტებით?-წყენით ჰკითხა ერთხელ თეამ მეგობარს,-მუმას სწყინს, რომ სწავლას ასე მიუშვი  ხელი... ეს რა საქციელია? არ გრცხვენია, თუთი? ბაბუას ასე უნდა აწყენინო? სად დადიხარ?  რას დაეძებ?  არ შეიძლება ის რაღაცა  მეც მაჩვენო?
თუთიმ გოგონა მეორე დღესვე წაიყვანა, უჰიზე აიყვანა და თხემიდან გადაახედა. თეამ უყურა, უყურა და შესძახა:
-ეს რა საოცრებაა! ასეთი  არაფერი მინახავს!
რა დაინახა თეამ ასეთი ლამაზი და გასაოცარი?
-ეს რა არის, თუთი?-დაიჩურჩულა სუნთქვაშეკრულმა გოგონამ.
-მე ამ ცხოველებს ხვიხვინები დავარქვი!-გაუღიმა ბიჭმა.
ხვიხვინები ბალახს მუებისგან მოშორებით ძოვდნენ,-ეჰის პირდაპირ. მშვენიერი ცხოველები მაღალ, მოქნილ და ძლიერ ფეხებზე იდგნენ. მათ მოქნილ კისერს მბზინვარე ფაფარი ამშვენებდა, მოგრძო თავი ჰქონდათ, დაცქვეტილი ყურები და გრძელი კუდი.
ეს ცხოველები სულ ფრუტუნებდნენ და ხვიხვინებდნენ. ბიჭმა ხვიხვინები ამიტომაც დაარქვა.
ხვიხვინების  საძოვართან ტოტებგანიერი ხე იდგა.
-ზოგჯერ ამ  ხის ჩრდილში ისვენებენ,-აუხსნა თუთიმ თეას,-ძალიან ფრთხილი ცხოველები არიან...ეჰეეი, ხვიხვინებო! ჰეი! ჰეი!
თუთის შეძახილს  ეციმ ყეფა ააყოლა. ხვიხვინებმა დაიჭიხვინეს, ადგილს მოწყდნენ და ისე გაქუსლეს, მათი ძლიერი ფლოქვებისაგან დატორილი მიწა ერთხანს გუგუნებდა.
-მიხვდი, რას დავეძებ?-ჰკითხა ბიჭმა.
თეას თვალები გაუფართოვდა:
-თუთი, შენ გინდა, რომ...
-ხვიხვინა რომ მომცა,-აუხსნა ბიჭმა,-ასეთი  სწრაფი, ასეთი მარდი ცხოველი რომ მომცა, ხომ უცებ გავიგებდი, მინდვრებს იქით რა არის.
-ამაზე არც იფიქრო... არ გაბედო, თუთი!-გოგონას ხმაში ტირილი გაერია,-შენ  რა, გინდა, დაგვტოვო?
-რას ამბობ?-გაუკვირდა თუთის,-არც მიფიქრია. უბრალოდ, ძალიან მინდა გავიგო, არის თუ არა მინდვრებს იქით ქვეყნიერების დასასრული...
-ხვიხვინას როგორ დაიჭერ?-ჰკითხა გოგონამ,-ეს ხომ  ძალიან საშიშია...დამპირდი, რომ...
-გპირდები, ხვიხვინას უთუოდ დავიჭერ,-გაუღიმა ბიჭმა,-დაწყნარდი, თეა, გპირდები, რომ ცუდი არაფერი მომივა. თვითონვე ნახავ...





   ხვიხვინას ამბავი გრძელდება
ეს დროც მალე დადგა,-დღე, როდესაც თუთიმ ხვიხვინა ცხოველი დაიჭირა და მოათვინიერა კიდეც.
რა ჭკვიანი ყოფილიყო მუმა!  მოხუცი დარწმუნებული იყო, თუთი იქამდე არ მოისვენებდა, ვიდრე ხვიხვინაზე არ ამხედრდებოდა. ასედაც მოხდა.
-თუთი განსაკუთრებული ბიჭია,-ამბობდა მუმა,-დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭი თავის ხალხს ბევრ სიკეთეს მოუტანს.
მუმა ამას ბრძენ მოხუცებთან ამბობდა, ისინიც უყოყმანოდ ეთანხმებოდნენ.
ხვიხვინას მოთვინიერების გასაოცარი  ამბის მოწმე თეა იყო. გოგონამ თავისი თვალით ნახა ყველაფერი.
აი, ეს როგორ მოხდა: თეა და ეცი ბიჭმა მთის კალთაზე დატოვა, თვითონ კი მინდორში დაეშვა და ხვიხვინების საყვარელ ტოტებგანიერ ხეზე აძვრა. დიდრონ ფოთლებშუა მანამ  ჩაიმალა, ვიდრე ხვიხვინები ბალახის მოსაძოვად, წყლის დასალევად მოვიდოდნენ,  ვიდრე ახლომახლო ადამიანის არსებობას შეიგრძნობდნენ.
თუთი იჯდა თავის საუცხოო საფარში და ოცნების ასრულებას მოთმინებით ელოდა. მზე  კვე მაღლა იდგა,  როცა მინდორი ხიხვინების ფლოქვების თქარათქურმა  შეაზანზარა. ცხოველები დღეს მეტისმეტად ფრთხილობდნენ, ეტყობოდა, საფრთხე შეიგრძნეს. წყლის დალევისას აქეთ-იქით მოუსვენრად იყურებოდნენ. თუთი მაინც  ვერ შეამჩნიეს.
რადგან არაფერი ხდებოდა, თანდათან დაწყნარდნენ და ჩრდილს შეაფარეს თავი.
იქაურობა უცებ  ხვიხვინას ჭიხვინმა  შეაზანზარა.
-უყურე, ეცი!-დაიყვირა თეამ,- ეს თუთია! შეხედე!
ეს საოცარი სურათი ნახვად მართლა ღირდა. ბიჭმა მოხერხებული დრო შეარჩია, ხიდან ისკუპა , ყველაზე ახალგაზრდა, ძლიერ, მოქნილ ხვიხვინას ზურგზე მოახტა, ფეხები მუცელზე შემოასალტა, ორივე ხელით ფაფარში ჩააფრინდა და საზარლად დაჰკივლა.
ცხოველებმა წამსვე გადაითქარუნეს მინდორი. თუთის ხვიხვინა კი ლამის გადაირია, ყალყზე შედგა, დაბზრიალდა, ცდილობდა, მხედარი გადმოეგდო, ხან გაშმაგებით გაჭენდა-გამოჭენდა, ხან  კისერი მოიღრიცა და თუთის საკბენად წაეტანა, თუმცა, ამაოდ. ახლა კი იგრძნო  ველურმა ცხოველმა ადამიანის ძალა.
ბოლოს, რადგან თუთისთან ვერაფერი გააწყო, გაქცეულ ხვიხვინებს გაეკიდა, ბიჭიც გაიტაცა.
ეციმ გაშმაგებული ყეფა დაიწყო. ძაღლი სასწრაფოდ პატრონის საშველად გაიქცა. მისი ყეფა მალე მიწყდა. თეა მწარედ ატირდა:
-ეს რა გააკეთე!  რატომ დაგვტოვე, თუთი! -მოთქვამდა თეა,-ხომ დაგვპირდი, არაფერი მომივაო!
გოგონა მთის კალთაზე ზლუქუნით ჩარბოდა. ვერც შეამჩნია, მინდორში როგორ გაჩნდა:
-თუთიც დაიკარგა...ეციც...წავალ, მეც დავიკარგები!..
გოგონას უცებ მიწის გუგუნი შემოესმა. იგრძნო, ფეხებთან მიწა როგორ ატორტმანდა. უკან მობრუნებულმა ხვიხვინებმა გვერდით ჩაუქროლეს.
გაისმა ომახიანი ყიჟინა. თეამ გაიხედა და საოცარი სურათი დაინახა,-თუთი, მისი საყვარელი მეგობარი ხვიხვინას მოაგელვებდა. სადავეც გაეკეთებინა,-ტყავის თასმა. გვერდით ეცი მოსდევდა.
ბიჭმა დაინახა თეა და სადავეს მოსწია. ხვიხვინა მორჩილად შედგა. ველური ცხოველი უკვე დამორჩილებოდა ადამიანის ძალას. თუთიმ გოგონა ხვიხვინაზე შემოისვა.
-თუთი, ნეტავი, ახლა შენი თავი დაგანახა!-უთხრა თეამ და მეგობარს შეჰპირდა, ხატვაში ისე გავიწაფები, ერთხელაც ხვიხვინაზე ამხედრებულს დაგხატავო.
-ხვიხვინები გამოვრეკე!-უთხრა მას თუთიმ,-ხვდები, ასეთი ცხოველები როგორ გამოგვადგება? განსაკუთრებით, მონადირეებს...  ნეტავი, გამოქვაბულამდე მივრეკოთ! ეცი, იჩქარე!  სწრაფად!  აბა, გამოქვაბულისკენ გაქუსლე, ჩემო ხვიხვინა ცხენო!
„რა კარგი სახელი შეურჩევია, ცხენი დაურქმევია!“-გაიფიქრა თეამ, თქმით ვერაფერი თქვა, რადგან ყურებთან ქარი უწუოდა, ცა და მიწა ბზრიალებდა, ტრიალებდა. თურმე, ცხენით ჯირითს ვერაფერი შეედრება.
-აი, უკვე ხვიხინაც ჰყავს... თუთის რა გააჩერებს?-შფოთავდა გოგონა,-გული მიგრძნობს, ეგ იქამდე არ მოისვენებს, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავს, რა არის ამ მინდვრებს იქით!

თუთი მოგზაურობას იწყებს

ხვიხვინების მოშინაურებამ თუთის ხალხი გაახარა, მაგრამ ამავე დროს შეაშინა. ყველა ხვდებოდა, ერთხელაც იქნება, თუთი თავის ფიცხელ ცხენს მოახტებოდა და მათ სამუდამოდ დატოვებდა. მაშინ რა ეშველებოდათ? მარტო როგორ იცხოვრებდნენ? ბიჭუნა გრძნობდა, მას გამუდმებით უთვალთვალებდნენ, მარტო არასოდეს ტოვებდნენ. კაცები რიგრიგობით დაყვებოდნენ ტყეში.
ყველაზე მეტ დროს თუთი ბაბუასთან ატარებდა. მუმას ბიჭი ტყეში დაჰყავდა, სამკურნალო ბალახებს აცნობდა. მალე თუთი მკურნალობაშიც დახელოვნდა.  მუმამ ყველაფერი ასწავლა, თუ რამე იცოდა. ბიჭი ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა,  ის ძალიან ცნობისმოყვარე იყო:- ეს ბალახი რას განკურნავს? ხის ნაყოფი?
ერთხელ, როცა მუმა გამოქვაბულში დარჩა, თუთი კი კაცებს გაჰყვა ტყეში, თეამ ვერ მოითმინა და ქალებს გაუმხილა, რომ მის მეგობარს ქვეყნის დასალიერის ნახვა უნდოდა. შეშინებულმა ქალებმა მაშინვე  ზლუქუნი მორთეს:
-ქვეყნის დასალიერი? იქ რა იქნება? ალბათ, საშინელი უფსკრული, საზარელი  უძირო თხრილი...
-თუთიმ  რომ გაჭენებული ხვიხვინა ვერ შეაკავოს? უფსკრულში რომ ჩავარდეს?
-არა, არა! ერთი თუთი შინ დაბრუნდეს!
-რას ვიზამთ?
-ჩვენ მას ტყავის მაგარი თასმებით შევბორკავთ...
-და ყველაზე დიდ, ყველაზე მაგარ კლდეზე მივაბამთ...
ქალების საუბარს შემთხვევით მუმამ მოჰკრა ყური და საშინლად გაბრაზდა:
-თქენ თუთი არა გცნობიათ... ამ ბიჭს თასმებით ვერ გააჩერებთ... ვერაფრით გააჩერებთ, თუ თვითონ არ მოინდომა... რა ჭკუამოკლეები ყოფილხართ!- მოხუცი ბურტყუნ-ბურტყუნით შებრუნდა გამოქვაბულში.
იმ დღეს თუთი შინ მართლა არ დაბრუნებულა. თითქოს გულმა უგრძნო, ქალები თასმით მიპირებენ დაბმასო. ტყეში ხეტიალისგან დაღლილ და ჩაძინებულ კაცებს გაეპარა, ხვიხვინას ზურგზე მოახტა, ეცის დაუსტვინა და ... ჰერიი!
-აბა, ახლა დაეწიეთ!-ნიშნისმოგებით უთხრა მუმამ ქალებს, მაგრამ მათთვის  ზურგშექცეულს თვალები მოუწყლიანდა, თავისთვის  ჩაიჩურჩულა:
-თუთი, ჩემო ბიჭუნა, მალე დაბრუნდი!  ბებერი მუმა და შენი ხალხი არ დაივიწყო!
ამასობაში თუთი ეჰისა და უჰის გასცდენოდა, ცხენს უკიდეგანო მინდორზე მიაჭენებდა. ხვიხვინამ თითქოს ფრთები შეისხა, ეციმ კი რკინის მუხლები მოიბა, მინდორი თითქოს ერთ ფერად ზოლად იქცა.
ბიჭი მალულად მომზადებულიყო სამოგზაუროდ,-უკან მას საჭირო ნივთებით და საგზლით დატვირთული მეორე ხვიხვინა მისდევდა, -ისიც სწრაფი ბედაური. მოგზაურებმა ელვის სისწრაფით ჩამოიტოვეს მუების ჯოგი, ხვიხვინების რემა, კიკინების არვე, ხუჭუჭების ფარა... საოცარი რბოლისა ყველას ეშინოდა, ყველა აქეთ-იქით გარბოდა. ეს მინდვრის ხმა იყო,- ერთმანეთში აირია ცხოველთა ჭიხვინი, ზმუილი, ბღავილი, კიკინი... ამას დაერთო ფრინველთა ღუღუნი, ტკრციალი, ჭიკჭიკი, კაკანი...
ირგვლივ ცხენების ფლოქვებისგან გადათელილი ბაბუაწვერების კორიანტელი იდგა.  ეს  მინდორი მართლა თვალუწვდენელი ყოფილიყო, მიქროდნენ და მიქროდნენ.
მაგრამ დასარული ხომ თვალუწვდენელსაც აქვს!  სურათი  თანდათან შეიცვალა.  აი, ხეებით დაჩრდილული ბორცვებიც გამოჩნდა. ესეც ნაკადული,-თუთი წყლის ნაკადს  ნაპირ-ნაპირ გაეკიდა.
ბალახთა სამეფო დამთავრდა და მოგზაურთა თვალწინ ისეთი სანახაობა გადაიშალა, ხვიხვინა ყალყზე შედგა, ეცი გაოცებისგან აწკმუტუნდა, თუთის კი თვალები გაუფართოვდა, სუნთქვა შეეკრა.
-ოჰ, არა, ეცი! ეს ქეყნიერების დასასრული არაა,-თქვა აღტაცებულმა ბიჭმა,-სულაც არა, ჩემო ძაღლო! მაგრამ რა არის? არც ეს  ვიცი!

როგორ შეიძლებოდა, რომ თუთის,-პატარა მოგზაურ ბიჭუნას ამ სილამაზისთვის სახელი დაერქმია!  მინდორს იქით ნამდვილი წალკოტი ყოფილიყო,-უცხო ყვავილებით  ნაპირებმოკაზმული ულამაზესი ტბა, მის შემოგარენთან ტოტებგანიერი ხეებით დაჩრდილული მდელოები,  ტბიდან მარჯვნივ-ლურჯად ჩამუქებული ტყე, მარცხნივ-აზურმუხტებული სერები, ამათ იქით კი ცამდე აწვდილი მთები... ამ მთებიდან ნაკადულები, მდინარეები, ჩანჩქერები მოედინებოდა, ამ მშვენიერ ტბას წყლით ამარაგებდა.
ტბა თუთის არასოდეს ენახა, ამიტომ თავიდან ცის ნატეხი ეგონა,-დაბლა ჩამოვარდნილაო. მალევე მიხვდა, რომ ცდებოდა.
-წყალი ყოფილა!-ბიჭი ტბის ნაპირზე ჩამოქვეითდა,-შეხედე, ეცი, ნახე ეს წყალი როგორი უძრავია! თანაც რა სიჩუმეა!
მოდი, ჩუმი წყალი დავარქვათ, ჩემო ძაღლო!
და ეს ჩუმი წყალი ჩვენია!  მხოლოდ ჩვენი!

ჩუმ წყალთან
ჩუმი წყლის ნაპირებთან თუთი და მისი ცხოველები რამდენიმე დღეს დარჩნენ. იქაურობა ისეთი მშვენიერი იყო, ბიჭს დასატოვებლად არ ეთმობოდა. ცხენებს უხვად ჰქონდათ ბალახი, ეცი კი ნადირობდა,- ტყე   სავსე იყო წვრილ-წვრილი ცხოველებით. მდელოები ათასგვარი ხეხილით მოჩრდილულიყო, ათასფერი ყვავილებით მოკაზმულიყო.
 ჩუმი წყალი ხან ლურჯად, ხან მწვანედ კრიალებდა.. წყალში ჩუმი არსებები სახლობდნენ-ტბა სავსე იყო თევზით. თუთის ისინი თავიანთ ჩქარ მდინარეშიც ენახა, მაგრამ არასოდეს ეჭამა. არც იცოდა, რომ ეს სლიპინა არსებები საჭმელად გამოსადეგია. ჯერ სახელიც არ დაერქმია.
ბიჭი თავის ფიქრებს ეცის უზიარებდა:
-ეცი, არ ვიცი, ამას შენც თუ ხვდები. რა კარგი იქნებოდა, აქ რომ ვცხოვრობდეთ. მინდვრებში, რომლებიც გამოვიარეთ, მუებს, ხვიხვინებს და სხვა ცხოველებს მოვაშენებდით, საძოვრებად გამოვიყენებდით. ამ ტყეებში ვინადირებდით, ხილს მოვაგროვებდით. რა ცუდია, რომ აქ გამოქვაბული არაა...
ძაღლმა დაიწკმუტუნა, ფეხზე წამოვარდა. ტბასთან უცნობი ცხოველი გამოსულიყო და ჩუმ წყალს ჩაჰყურებდა.
-ეს რა ცხოველია?  ჩუმ წყალთან რას აკეთებს?
სლიპინამ  წყლის ზედაპირზე ამოცურა. ცხოველმა უცნაური ხმა გამოსცა, წყალს თათი  ჩაჰკრა და სლიპინა სწრაფად ამოაგდო ნაპირზე.
ეცი ადგილს მოწყდა, პაწია ცხოველისკენ გაშმაგებული ყეფით გაიჭრა. ცხოველმა მოიხედა, დაიჩხავლა და გაიფხორა,-ეცის რომ მედგრად დახვედროდა.  პაწიასგან  ამგვარი გულადობა ისეთი მოულოდნელი იყო, თუთის გულიანად გაეცინა. ეცი  შედრკა, თუმცა სულ ერთი წამით.
-შეჩერდი, ეცი, პატარა ვეფხვს პირი არ დააკარო!-დაიყვირა თუთიმ.
პაწია ვეფხვი მიხვდა, უცნობ ცხოველს ვერ გაუმკლავდებოდა, ამიტომაც გაიქცა და მახლობელ ხეზე  ჩხავილით ავარდა. მას არასოდეს ენახა  ძაღლი, ამიტომაც არც ის ეცოდინებოდა, რომ ეცი ხეზე ვერ აძვრებოდა. იჯდა ტოტზე და ძირს საცოდავად იცქირებოდა.
თავგზააბნეულმა ცხოველმა უცებ ხიდან ისკუპა და თუთის ხელებში ჩაუვარდა. ბიჭმა კარგად დააკვირდა, პაწია ვეფხვს ჭრელი, თბილი და ფაფუკი ბეწვი ჰქონდა. როცა თავი სამშვიდობოს დაიგულა, მან კრუტუნი დაიწყო. ფაფუკ კუდს ისე არხეინად არხევდა, გეგონებოდათ, ეცის აჯავრებსო.
ბიჭს ვეფხვი არასოდეს ენახა. გამოქვაბულის მიდამოებში ეს ცხოველი არ ბინადრობდა, მაგრამ მუმას ნაამბობიდან ამ საზარელ მტაცებელზე ბევრი რამ იციდა.
-ნახე, ეცი, რა ლამაზია,  რა საყვარელი! მოდი, ამ კრუტუნას სახელი დავარქვათ. რა უფრო მოუხდება? კატა?  პაწია ცხოველო, შენ დღეიდან კატა გერქმევა.
მოსაღამოვდა. ხვიხვინებმა  ბალახით გული იჯერეს და  ახლა ხის ქვეშ ნებიერად ფრთხვინავდნენ.  ეცი ნაწყენი იყო, ამიტომაც გამწყრალი უყურებდა პატრონსაც და პაწია ვეფხვსაც, თანაც სულ წკმუტუნებდა. ძაღლს მოშიებოდა კიდეც.
თუთისაც შიოდა. რა ცუდია, რომ დღეს საჭმელზე არ იზრუნა. ბიჭს უცებ გაახსენდა, თუ როგორ დაიჭირა პაწია ვეფხვმა სლიპინა.
-მოდი, ჩვენც ვცადოთ სლიპინების დაჭერა,-შესთავაზა  თუთიმ ეცის,- კარგი რა, ეცი, ნუ წყრები!  ეს ცხოველი მართლა ვეფხვი ხომ არ არის. უბრალოდ, ჰგავს. სრულიად უწყინარია, რას დაგვიშავებს? აი, ნახავ, ეს ცხოველი თეას ძალიან მოეწონება.  მას მივუყვან.
როცა გაიგო, ეს პატარა ვეფხვი, ანუ კატა თეასი იქნებაო, ეცი უმალვე გახალისდა. ძაღლი სანაპიროზე დარბოდა და პატრონს, რომელიც სლიპინებზე ნადირობდა, ყეფით ამხნევებდა.
ტბაში იმდენი სლიპინა იყო, ხელში თავისთავად ჩაგივარდებოდა, ოღონდ ხელი წყალში ჩაგეყო. თევზის ნაპირზე ამოგდებას რაღა უნდოდა?
თუთიმ კოცონი გააჩაღა. ცეცხლი წინა დღეს გაეჩინა ხმელი ტოტების ხახუნით და ძალიან უფრთხილდებოდა. შემწვარი სლიპინა ბიჭსაც  მოეწონა, ეცისაც და ახლადნაპოვნ ცხოველსაც.  აი, ცხენებმა კი პირი არ დააკარეს.
-ეცი, სლიპინას თევზს დავარქმევ! ხედავ, ჩუმ წყალში რამდენი თევზია! ახლა ხვდები?  აქ რომ ვცხოვრობდეთ, საჭმელი თავზესაყრელად გვექნება. ჩემო ძაღლო, ნეტავი, აქვე ახლოს გამოქვაბულიც მაპოვნინა!

პირველი განძი
ტყეში ხეტიალის შემდეგ თუთიმ ახლომახლო სერებზე გაისეირნა.  სერებს მიღმა მთები და ღრმა ხეობები იყო. დიდი მთის კალთაზე ბიჭმა გამოქვაბული აღმოაჩინა. მან პირველი ჩირაღდანი,-ცეცხლმოკიდებული მსხვილი ტოტი მოიმარჯვა და იქაურობა კარგად დაათვალიერა. გამოქვაბული მიწის სიღრმეში მიმავალი დარბაზებით-თვალუწვდენელი მღვიმეებით გრძელდებოდა. მღვიმეები ვიწრო გასასვლელებით უერთდებოდა ერთმანეთს და შიშისმომგვრელად გამოიყურებოდა. ეციმ საცოდავად დაიწკმუტუნა. თუთისაც შეეშინდა ამ გასასვლელებში გაძრომა,- ვაითუ, ჩირაღდანი ჩამიქრეს და სიბნელეში დავრჩეო.
პირველი მღვიმე კი, რომელშიც დღის შუქი სუსტად, მაგრამ მაინც აღწევდა, თუთიმ  კარგად დაათვალიერა. აქამდე ასეთი სილამაზე არ ენახა. მღვიმეს უცნაური თეთრი ფიგურები,-დაგრეხილი სვეტები ამშვენებდა.მოშორებით პატარა ანკარა მიწისქვეშა ტბა ლივლივებდა, უფრო მოშორებით ჩანჩქერი ქუხდა.  გეგონებოდათ, ბუნებამ თუთის ხალხს საგანგებო, მყუდრო ციხე-სიმაგრე მოუმზადაო.
-ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ გადმოსახლებაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის,-უთხრა თუთიმ თავის ძაღლს, როცა გამოქვაბულიდან დღის სინათლეზე გამოვიდა.
სადღაც შორიდან  დიდი და ჩქარი მდინარე მოგრიალებდა, ახლომახლო ყოველი მთიდან  ნაკადულები მორაკრაკებდნენ, წყაროები მოჩუხჩუხებდნენ,. ნაკადულებს მდინარეში ყვითელი, მბზინავი ქვიშა ჩამოჰქონდა. ეს ელვარე ქვიშა მდინარის ნაპირებთან დახოცილი ხუჭუჭმატყლიანი ცხოველების ტყავზე დალექილიყო, გამაგრებულიყო და რაღაც ენით უთქმელ საოცრებად ქცეულიყო. თუთი უმალვე  მიხვდა, რომ თეას ასეთი საჩუქრით ძალიან გაახარებდა. იმასაც მიხვდა, როგორ შეიძლებოდა ასეთი ელვარე ტყავი თვითონვე დაემზადებინა. თავისი ფიქრები მან ეცის მაშინვე გაუზიარა:
-ასეთი ცხოველები ხომ მინდორში ვნახეთ, როცა აქეთ მოვდიოდით. ესენი ხუჭუჭები არიან, ჩემო ძაღლო! თუ მდინარეში ხუჭუჭების ტყავებს ჩავაწყობთ, ნაკადულები ზედ ელვარე ქვიშას მოაგროვებენ. მოდი, ამას ოქრო დავარქვათ...
ჩქარ მდინარეს ოქრო სხვა გზითაც გაეკეთებინა, დროთა განმავლობაში ზოდებად ექცია და  ნაპირებთან ელვარე ქვებივით დაეგროვებინა. ზოგი დიდი იყო, ზოგი-პატარა. თუთიმ ისინი კარგად დაათვალიერა, მიხვდა, რომ ეს სულაც არ იყო  ქვები. ისინი მზეზე ბრჭყვიალებდა და ქვაზე რბილიც იყო. ასეთი „ქვა“ იარაღის დასამზადებლად არ გამოდგებოდა. თუთიმ შეარჩია და მათგან საუკეთესოები აკრიფა-უფრო გლუვები და ლამაზები. იქვე ახლოს ბრჭყვიალა კენჭებიც იპოვა და საუკეთესოები მათგანაც ამოარჩია. ტყავის რამდენიმე გუდა გაავსო.
-ეცი, არ ვიცი, ამ ელვარე ქვებს, ამ ბრჭყვიალა კენჭებს რაში გამოვიყენებ, მაგრამ გოგონებს ძალიან მოეწონებათ... იმათ უყვართ  ლამაზი  ნივთები, გამოუსადეგარიც კი.
ერთგან თუთიმ ქვაზე მაგარი ლითონი იპოვა, -ბუნებრივად წვეტიანი და ბასრი. ამ ლითონის ანატკეცის პოვნა ბიჭს ყველაზე უფრო გაუხარდა.მაშინვე გასინჯა. ბასრმა ლითონმა ხის ტოტი ადვილად მოჭრა. ეს პირველი რკინის დანა იყო, სრულიად შემთხვევით ბუნებაში ნაპოვნი. ამგვარი ანატკეცები თუთიმ ბლომად მოაგროვა, მაშინვე მიხვდა, რომ ისინი სხვადასხვა იარაღის დასამზადებლად გამოადგებოდა.
ელვარე ქვები რაში უნდა გამოეყენებინა? თუთი მართლა ჭკვიანი იყო, მაგრამ აბა, საიდან უნდა სცოდნოდა, რაში გამოადგებოდა ის რაღაც, რასაც მან ოქრო უწოდა, ბრჭყვიალა კენჭები, რომელსაც შემდეგ ადამიანები მთის ბროლს დაარქმევდნენ. მან არც ის იცოდა, რამდენად ძვირფასი იყო ცხოველის მატყლი, რომელსაც ციმციმა ოქრო უხვად დაჰკვროდა... არც მდინარის მიერ ჩამოტანილი ოქროს ზოდების შეფასება შეეძლო.
რომც ცოდნოდა, მაინც არაფერი შეიცვლებოდა, რადგან ოქროსა და ბროლს თუთისთვის არანაირი ფასი არ ჰქონდა. ბიჭისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის ნივთები იყო, რომელიც ადამიანის გადასარჩენადაა საჭირო და კიდევ, სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო საკვები. ელვარე ქვები და ბრჭყვიალა კენჭები გოგონებსა და ბავშვებს თუ გამოადგებოდათ,-გასართობად და სათამაშოდ.
თუთი მაინც სიამოვნებით უყურებდა გავსებულ ტყავის ტოპრაკებს. მას ხომ ძალიან სიამოვნებდა ადამიანების გახარება,-მცირედითაც კი.
აბა, საიდან ეცოდინებოდა ამ პატარა ბიჭუნას, რომ ის ახლა პირველი უმდიდრესი ადამიანი იყო ქვეყნიერებაზე!

პირველი სახლი
ჩუმი წყლის ზემოთ ცამ წარბი შეიკრა, მოიღრუბლა. ეცი აწრიალდა. წვიმის მოახლოება თუ იგრძნო.
რადგან სანაპიროზე ისეთი არაფერი იყო, რაც წვიმის დროს თავშესაფრად გამოდგებოდა, თუთიმ გადაწყვიტ,ა საფარი ხის ტოტებისგან და ცხოველთა ტყავებისგან გაეკეთებინა. მან მიწაში ჩაასო სარები და ისინი ცხოველების ტყავებით შეფუთა, ზემოდან ხშირფოთლიანი ხის ტოტებიც დაამატა. ასე გაჩნდა პირველი კარავი, პირველი თავშესაფარი,-ადამიანის მიერ შექმნილი.
წვიმა ჩუმ წყალზე ნელ-ნელა წკაპუნებდა. კიდევ კარგი, რომ ის ასეთი მშვიდი და ხანმოკლე იყო, თორემ სახელდახელოდ მიწაში ჩასმული სარები თავსხმას ვერ გაუძლებდა. თუთი, ეცი და პაწია ვეფხვი ანუ კატა კარავში მშვიდად ისხდნენ და ტბას გაჰყურებდნენ.  ჭკვიანმა ძაღლმა პატრონს ახედა, დაიწკმუტუნა. მიხვდა, რომ თუთი რაღაც ახალზე ფიქრობდა, რომელიც ადამიანთა ცხოვრებას სულ შეცვლიდა.
ასედაც იყო. თუთი ფიქრობდა, როგორ აეშენებინა ამ მშვიდი ტბის ნაპირზე დიდი თავშესაფრები:
-ეცი, ჩემო ძაღლო, თუ ჩენი მოხუცები დავარწმუნეთ... თუ ხალხი წამომყვა, ჩვენ აქ ავაგებთ... მოდი, ამას სახლი დავარქვათ.
ძაღლმა ხელი ალერსით გაულოკა და კუდი გააქნია, თითქოს პატრონს დაეთანხმაო. ბიჭი კი ისევ ოცნებობდა:
-ჩემო ძაღლო, ხედავ, ირგვლივ რამდენი ძლიერი ხეა და რა მაგარი ტოტები აქვთ! ამ ხეებს მიწაში ფესვები ღრმად გაუდგამთ, არც ქარისა ეშინიათ, არც წვიმისა... ჩვენც ღრმად ჩავარჭობთ მიწაში სარებს, ქარმა რომ არ წაგვიქციოს...
ბიჭმა ტყეს მოავლო მზერა. ტყე სავსე იყო გაუთლელი მორებით. თუთის თვალები გაუბრწყინდა:
-უფრო მეტიც,  სახლები შეიძლება ამ მორებითაც ააგოთ. მაშინ ერთ ადგილას დასახლებასაც შევძლებთ. ოჰ, ეცი, ისეთი რამე მოვიფიქრე!  მაგრამ ვიცი, შენ ამას არ დაიჯერებ!  თვითონაც ვერ დამიჯერებია!

თუთი შინ ბრუნდება
მშვენიერი დილა გათენდა. მზემ ნაწვიმარი მიწა წამში გააშრო. თუთიმ თავისი კარავი-სახლი ტბასთან ხელუხლებლად დატოვა. ბიჭმა დილით დაკრეფილი ათასგვარი სურნელოვანი  მცენარეებით, ყვავილებით, ელვარე ტყავებით, ყვითელი ქვებით და ბრჭყვიალა კენჭებით  ცხენები დატვირთა,
პაწია ვეფხვი უბეში ჩაისვა, ეცის  დაუსტვინა დახ ვიხვინაზე ამხედრდა,-მოგზაურები შინ ბრუნდებოდნენ.
ბიჭმა ტბას შეავლო თვალი:
-ჩუმო წყალო!  მე აქ ისე დავბრუნდები, ჩემს ხალხთან ერთად, დამელოდე!
თუთი შინ ბრუნდებოდა. უკან მიმავალი ყველაფერს მეპატრონის თვალით აკვირდებოდა. ეს ყველაფერი მას ეკუთვნოდა. უკანვე  გაიარა მინდორი-ბალახისმჭამელი ცხოველების დიდი საძოვარი:
-ეცი, ხედავ, აქ  რამდენი ხუჭუჭა ყოფილა? მოდი, ამ ცხოველს ცხვარი დავარქვათ.
აი, მისი საყვარელი ორი მთა-ეჰი და უჰი. აი, მთებს შუა გამავალი უღელტეხილი-თითქოსდა კარი ძველსა ახალ სამყაროს შორის.
თუთიმ გადალახა უღელტეხილი, გაიარა ქვიანები და ნაცნობ ტყეში შევიდა.
-უიმი სად დაიკარგა?-გაეცინა ბიჭს,-შენ რას ფიქრობ, ეცი? იქნებ, ჩვენი დათუნა სულაც მოჭკვიანდა.
ამაზე ეციმ ღრენით უპასუხა. თუთის გაეცინა.
საბრალო ბიჭი! იმან ხომ ჯერ არაფერი იცოდა!
ხალხის მოთქმა და გოდება ბიჭს შორიდანვე შემოესმა. გულგახეთქილმა მიაგელვა ხვიხვინა გამოქვაბულთან. მის დანახვაზე ქალები უფრო აზლუქუნდნენ:
-თუთი, მოხვედი? სულ შენ გეძახის, გელოდება!
ბიზონის ტყავზე საცოდავად მოკუნტულ სხეულს თუთიმ შიშით დახედა. ეს იყო მუმა,-მისი კეთილი ბაბუა!
-მუმა! მუმა! რა დაგემართა!
მუმას ეცნო მისი ხმა და თვალები გაახილა. გაღიმებაც კი სცადა, მაგრამ ტკივილმა არ მისცა ნება...
-ნუთუ ისევ უიმმა...
-უიმი მუების ჯოგს თავს დაესხა,-აუხსნეს მას,-მუმამ შუბი მოიმარჯვა და დათვისკენ გაიქცა. მწყემსი დუდუ გადაარჩინა, თვითონ კი... უიმიმ მოასწრო და ტორი დაჰკრა...
-ზურგზე აქვს ღრმა იარა...
-მუმა, მუმა!-ბიჭი მოხუცს გულზე დაეკონა.
-ნახე ქვეყნიერების საზღვარი?  ნახე მისი დასასრული?... -უჩურჩულა მუმამ, -მინდვრებს იქით რა იყო, ჩემო ბიჭუნა?  ახალი რა ნახე? მითხარი, თუთი, შენ ხომ ყველაზე...
თუთი ზლუქუნ-ზლუქუნით გაიქცა და ცხენებს ტვირთი სასწრაფოდ ჩამოხსნა. ყველაფერი, რაც კი ჩუმი წყლის მიდამოებიდან მოიტანა, ბიჭმა მოხუცი მასწავლებლის ირგვლივ გაშალა:
-ნახე, მუმა, ნახე! აი, რა ვიპოვე მინდვრებს იქით...
ბიჭმა მუმა ფრთხილად, მზრუნველობით წამოსწია. მუმამ თვალი გადაავლო თუთის მოტანილს და  უკანასკნელად გაიღიმა. როცა თვალები სამუდამოდ დაეხუჭა,  სახეზე სიხარული მაინც ეტყობოდა.
-მუმა, თვალი გაახილე!  ნახე და მომისმინე, ჩემო საყვარელო ბაბუა!
მაგრამ მოხუცს უკვე არ შეეძლო არც მოსმენა და არც რაიმეს დანახვა.
თეა დაიხარა და თუთის მხრებზე მოხვია ხელი, თანაგრძნობა ასე გამოხატა:
-დამშვიდდი, თუთი, დაწყნარდი!
ბიჭი გამოქვაბულიდან გამოვარდა, ბორცვზე შედგა, ცრემლები თვალებიდან მჯიღით ამოიწმინდა, ლურჯად ჩამუქებულ ტყეს მუშტი მოუღერა და დაიყვირა:
-უიმი, გესმის? ამას არ შეგარჩენ! მე შენი სულაც არ მეშინია! აი, ახლა კი მიფრთხილდი!  გპირდები, სულ მალე  გაგრძნობინებ ადამიანის ძალას!
ბრძოლაში გიწვევ, უიმი! ბრძო-ლა-ში!
თავიანთი მოხუცი მასწავლებელი პირველმა ადამიანებმა დიდი პატივით დაასაფლავეს.
გოგონებმა მუმას საგებად თუთის მიერ ჩამოტანილი უცხო ყვავილები გაუფინეს. უცხო მიწის სურნელოვანი ბალახ-ბულახი საბნად გადააფარეს. მუმა  ბავშვივით მოკუნტული იწვა. მის თავთან უხვად ეყარა ყვითელი, ელვარე „ქვები“ და ბრჭყვიალა კენჭები.
ამას ვინ წარმოიდგენდა? გავიდოდა  ათასწლეულები, წარმოუდგენლად დიდი დრო და  მუმას სამარხს თანამედროვე ადამიანები აღმოაჩენდნენ. როცა სამარხში მოკუნტული ჩონჩხის ირგვლივ ისინი ოქროს ზოდებს, სუფთა ბროლს და ოქროს საწმისს იპოვიდნენ, იტყოდნენ, აქ უმდიდრესი ადამიანი დაუკრძალავთო. არადა, მუმამ ეს განძი მხოლოდ წამიერად ნახა, ხელით არც კი შეხებია, არც იცოდა, ეს რა იყო. ეს ყველაფერი თუთიმ იმის იმედით ჩააყოლა, მუმა უცხო ადგილების სილამაზესა და უჩვეულობას სიკვდილის შემდეგაც შეიგრძნობსო. ასეთი რამ პირველად მოხდა, თუთის ხალხს არასოდეს ენახა ამგვარი დაკრძალვა, მაგრამ  ეს ამბავი კარგად დაიმახსოვრეს...
-შეუძლებელია,  მუმამ არ იგრძნოს ჩვენი სიყვარული, ჩვენი მწუხარება! სიკვდილის შემდეგაც კი...
მუმა, ეს ყველაფერი შენია, მხოლოდ შენი!






თუთი ახალ იარაღს ამზადებს
ამის შემდეგ თუთი მთელ დღეებს გარეთ ატარებდა. ეცისთან ერთად ტყეში დაეხეტებოდა და ყველაზე გამძლე, ყველაზე მოქნილ ხეს არჩევდა. სხადასხავა ხისგან რაღაც უცნაურ საგნებს ამზადებდა,
-თუთი, რასა აკეთებ? -ეკითხებოდნენ გაოცებული კაცები.
-რას? ისეთი იარაღი უნდა დავამზადო, უიმისთან ახლოს მისვლა და შუბის სროლა არ დამჭირდეს...
-რაო?!  რაო?! -კაცები ყურებს არ უჯერებდნენ.
-ჰო, ასეა...დაე, უიმიმ ადამიანის ძალა შორიდანვე იგრძნოს!  ამიერიდან  ეს იარაღი ნადირობისას  შეუცვლელი იქნება!
-თუთი, ხომ არ გაგიჟდი!
-ამასაც ვნახავთ,-მტკიცედ განაცხადა ბიჭუნამ.
დამწუხრებულმა მონადირეებმა ერთმანეთს გადახედეს და თავი ეჭვით გადააქნიეს.
მაგრამ მალე თუთის მიერ დამზადებული პირველი შვილდ-ისარი ყველამ საკუთარი თვალით  ნახა. აი, თუთიმ თავისი პირველი, რკინისბუნიკიანი ისარი გაისროლა.  ბიჭმა ხომ უცხო ადგილებიდან უამრავი რკინის ანატკეცი ჩამოიტანა. საზრიანი ბიჭი იმასაც მიხვდა, რომ ფრინველის ბუმბული ისრის სწორად ფრენას ხელს შეუწყობდა.
აი, მოზიდა თუთიმ თხილის ხის მირკალული მშვილდი, მოჭიმა ცხოველის ნაწლავისგან დამზადებული ლარი... ფრთიანი ისარი ზუზუნით გაფრინდა და ბებერი მუხის ტანში ისე ღრმად ჩაესო, კარგახანს არ შეუწყვეტია ზუზუნი.
საოცრება  ამას ერქვა! თუთი მონადირეებთან იდგა, მუხა კი კარგა შორს-ტყისპირა ბორცვზე.
-ვაშა  თუთის, ვაშა!-დაიძახეს აღფრთოვანებულმა მონადირეებმა.
და უცებ მიხვდნენ, რომ ამ დღიდან მათ ცხოვრებაში სულ სხვა ხანა იწყებოდა-ბევრად უკეთესი... თანაც ამ პატარა ბიჭის  წყალობით! კიდევ ერთხელ ვაშა თუთის!
ამის შემდეგ გამოქვაბულის ადამიანები მთელ დღეებს გარეთ ატარებდნენ,- მშვილდიდან ისრის გასროლაში იწაფებოდნენ. სროლაში ვარჯიში ბევრმა გამბედავმა გოგონამაც მოისურვა. თეაც ასეთი ყოფილიყო.
განა უიმი ამას წარმოიდგენდა! მას ხომ საკუთარი თავი ყველაზე ძლიერი ეგონა!  ახლოვდებოდა დრო, როდესაც გამოჩნდებოდა, თუ ვინ იყო ნამდვილი მბრძანებელი, პატრონი ყველაფრისა- ნადირი თუ პირველი ადამიანი!

ყველაზე ძლიერი
და აი, ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! -დღე, როდესაც თუთის გეგმა განხორციელდა. მონადირეებმა დათვი იმ ადგილთან გამოიტყუეს, რომელიც სამი მხრიდან მაღლობებით იყო გარშემორტყმული, გასასვლელი კი აქ  მხოლოდ უკან იყო,-ჩახრამული კბოდესკენ. კბოდეს ქვეშ ჩქარი, აქაფებული მდინარე მიექანებოდა. მონადირეები მაღლობებზე განლაგდნენ და ჩასაფრდნენ. ასევე განლაგდნენ მდინარის გაღმა ნაპირზეც. ყველა მონადირე ახალი იარაღით-შვილდ-ისრით იყო აღჭურილი.
თვალებჩასისხლიანებული დათვი ბიზონის სისხლის კვალს მოჰყვა.  ეს ნანადირევი მას სატყუარად დაუდეს. გიგანტური მხეცი საზარელი სანახავი იყო,-ღრიალით გარემოს აზანზარებდა, შავი ბეწვი ნაფლეთებად ცვიოდა, ხეს მერქანს ერთი დარტყმით უღადრავდა...
-ესროლეთ!-დაიყვირა თუთიმ.
უიმის თავზე ისრების წვიმა დაეშვა.
დათვმა ცას შეღრიალა და თათებით ისრების მოგერიებას შეეცადა, თუმცა ამაოდ. ფრთოსანი ისრები  კიდევ უფრო გახშირდა. ერთადერთი გამოსავალი უკან, კბოდესკენ გაქცევაღა იყო.
უიმი სწორედ იქით გაიქცა, კბოდეს მიადგა და აქაფებულ მდინარეს შიშით ჩახედა.
ყველაფერი ისეთი შიშისმომგვრელი იყო, უიმის თავზარი დაეცა, წუთით შეყოყმანდა, მაგრამ ფრთოსანი ირების ბუნიკებმა იმის სქელ ტყავშიც რომ გაატანა,  რაღას იზამდა? -ისკუპა და მდინარეში ზღართანით ჩავარდა.
ცოფიანმა მდინარემ მხეცი აითრია, გაიტაცა და დაბლა წაიღო. უიმი კარგად ცურავდა, შეეძლო დიდ ლოდს მოჭიდებოდა, ნაპირზე გამოეცურა, მაგრამ  ეს არც კი უფიქრია. მდინარის ორივე ნაპირს ცხენებზე ამხედრებული კაცები მოსდევდნენ, დათვს ისრებს უშენდნენ. ყველაზე წინ თუთი მოჰქროდა თავისი ხვიხვინათი,  საძულველ მტერს თავს დაჰკიოდა:
-გაიქეცი, ლაჩარო?!  შორს გაცურე და უკან  ნურასოდეს დაბრუნდები! ესეც შენ!  იგემე თუ არა ადამიანის მკლავის ძალა?!
-დათვო,  მე შენზე ძლიერი ვარ!   სად დამემალები? ადამიანის ფრთოსანი ისარი ყველგან წამოგეწევა!
ასე დაჰკიოდნენ სხვა მხედრებიც:
-დღევანდელ დღეს ნურასოდეს დაივიწყებ, უიმი!
-და უკან ნურასოდეს დაბრუნდები!
-ესეც შენ ყველა იმ უბედურებისთვის, რაც დაგვმართე!
დათვი ბღაოდა, წყალი მას დიდრონ ლოდებს გაშმაგებით ახლიდა. იქნება, მხეცი თავისი ზმუილით სულაც ამას ამბობდა:
-შორს! აქედან შორს! უკან არასოდეს დავბრუნდები! აქაურობას გავეცლები და იქ დავიმალები, სადაც ადამიანის ჭაჭანება არ იქნება, სადაც მათ ძალას არ ვიგრძნობ! წყეული ბიჭი!  სულ მისი ბრალია ყველაფერი! ადამიანებს ძალა მან აპოვნინა!
ნეტავი, ახლა გადავრჩე!  ამიერიდან ადამიანებს არასოდეს გავეკარები!
-ადამიანი შენზე ძლიერია! აღიარე,  რომ ასეა!- დასძახოდნენ ისრიანი, უძლეველი მხედრები.
-ადამიანი ყველა სულიერზე  ძლიერია!- ვინ იცის,  შეიძლება ეს მხეცმაც კი აღიარა.

პირველი  ზეიმი
ქალები რას არ მოიფიქრებენ?!  ერთხელ მათ გადაწყვიტეს,  დათვის გაძევება და ჩუმი წყლის ნაპირებთან მომავალი გადასახლება განსაკუთრებულად აღენიშნათ-დიდებული ნადიმი მოეწყოთ,  ხალხი მახლობელი გამოქვაბულებიდანაც მოეწვიათ.
იმ დღისთვის მახლობელ ტყეებში ყველანაირი ხილი ბოლომდე გაიკრიფა, ბიზონის შემწვარი ხორცი გორებად იდგა, რძე წყალივით დიოდა...
ნადიმი ადრე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. ცაზე უზარმაზარი მთვარე ამოგორდა, ცის კაბადონი ვარსკვლავებით  უხვად მოიჭედა, მაგრამ არავინ ჩქარობდა დასაძინებლად წასვლას. ყველა ამ შესანიშნავი ზეიმით ტკბებოდა.
-ერთად ყოფნა, ერთად საუბარი და  ჭამა-სმა ძალიან სასიამოვნო ყოფილა!-ყველა ასე ფიქრობდა.
სხვა მიზეზიც ყოფილიყო: გოგონები თუთის გამოქვაბულიდან ისე საუცხოოდ მოკაზმულიყვნენ, სტუმრები მათ მზერას ვერ წყვეტდნენ. მათი ტყავკაბები თუთის მიერ  ჩამოტანილი ბრჭყვიალა კენჭებით იყო მორთული. ძვირფასი თვლები მთვარის შუქზე ელვარებდა, მონადიმეებს თვალს სჭრიდა.
ყველაზე დიდებული სამოსი მაინც თეას ეცვა,- ტყავკაბა, რომელიც მთვარის შუქზე ერთიანად  ლაპლაპებდა. თეამ არც კი იცოდა, რამდენად ძვირფასი იყო მისი ტყავკაბა,-  თუთის ნაჩუქარი,  ოქროს ნამცეცებაკრული  ბრდღვიალა  ბეწვი!  ხალხს ეჩვენებოდა, რომ ეს მშვენიერი გოგონა ვარსკვლავი იყო,-ციდან ჩამოსული.  სწორედ რომ  ვარსკვლავივით ელვარებდა. თეას სამოსი ყველაზე დიდებული იყო იმ სამოსთაგან, რაც კი ოდესმე გოგონებს ჩაუცვამთ  სხვადასხვა დროში, მაგრამ მან ამაზე არაფერი იცოდა...
მშვენიერი სანახაობით თუთიც ისევე იყო აღფრთოვანებული, როგორც სხვები. მან გოგონას ჩასჭიდა ხელი და თავის ირგვლივ დაატრიალა. ძალიან ლამაზი მოძრაობა გამოუვიდათ და ხალხსაც ძალიან მოეწონა. თუთი და თეა ცეკვავდნენ,    თავიანთი სიხარული რომ  რამენაირად გამოეხატათ, ამიტომაც მოძრაობები უფრო და უფრო ლამაზი,  რიტმული გამოუდიოდათ. ბევრმა სცადა, მათთვის მიებაძა და ამან მონადიმეები უფრო გაამხიარულა. არც კი იცოდნენ,  რომ დღეს მათ პირველად გამოუვიდათ რაღაცა ცეკვისმაგვარი. თუთის ხალხი გულით ილხენდა, რაღაც ახალს გრძნობდა,- ძალიან საინტერესოს და ამას შეჰხაროდა!
ტრიალი და როკვა დიდხანს გაგრძელდა. სტუმარი გოგონებიდან ზოგი უნებურად ჩერდებოდა, თეას აშტერდებოდა და ოხრავდა:
-ოჰ, ასეთი კაბა მეც მინდა! ძალიან!
-განა მე არ მომიხდებოდა ასეთი ელვარე ქვები!
-ნეტავ, სად იშოვება ასეთი საუცხოო ტყავკაბა!
-ვის დავავალო ასეთი ელვარე ქვების  შოვნა!  ვის!
-მე კი მხოლოდ ის მინდა, თუთი თეასი კი არა, ჩემი მეგობარი იყოს!
-ნეტავი, თეას ადგილას მე ვყოფილიყავი!

პირველი ქვეყნები
ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს, რომ სიხარული ერთხელაც მწუხარებით შეეცვლება, მწუხარებაკი ისევ სიხარულით.
გამოქვაბულის ადამიანები მუმაზე ჯერ კიდევ  დარდობდნენ, მაგრამ საზარელი პირველყოფილი დათვის დამარცხებამ ყველა ისე გაახარა, ნაღველი თანდათან განქარდა. ეს გამარჯვება მუმას ეძღვნებოდა, ამიტომაც ორმაგად მნიშვნელოვანი იყო.
ხალხი თუთის მონათხრობმაც გაახალისა, რომ მინდვრებს იქით ქვეყნიერების დასალიერი კი არა, საუცხოო ადგილი ყოფილიყო. იქ სასმელ-საჭმელი არ შემოაკლდებოდათ. მათი გულის გასახარად, თუთის  დიდი გამოქვაბულიც ეპოვნა, ხის ტოტებისგან სახლებსაც აიგებდნენ... ელოდნენ, რომ იქ ყველა კარგად იქნებოდა, ყველა მშვიდად  იცხოვრებდა...
მაგრამ დროდადრო უიმი ახსენდებოდათ და ეჭვიც წამოყოფდა თავს:
-იქაც რომ იყოს საშინელი დათვი, მაშინ რა უნდა ვქნათ?
-დამიჯერეთ, იქ დათვები არ ბინადრობენ. საძოვრებზე ერთი უიმი გამოჩნდა და ისიც გავაძევეთ. ასე რომ არ ყოფილიყო, განა მუები და სხვა ბალახისმჭამელები  საძოვრებზე ასე გამრავლდებოდნენ,-ჭკვიანი ბიჭი იმათი ეჭვების  გაქარწყლებას  ცდილობდა.
ადამიანის კირკიტა, მოუსვენარმა ბუნებამ თავისი გაიტანა,-ყველა მოგზაურობისა და ახალი მიწების ათვისების სურვილმა შეიპყრო.
ერთხელაც მოხუცები ახლომახლო გამოქვაბულებიდან ერთად შეიკრიბნენ. ამ ხანდაზმულ მამაკაცთა გარდა შეკრებას ერთადერთი ბიჭუნა ესწრებოდა,-  ეს თუთი იყო და მას ყველა ისე მიმართავდა, როგორც დიდს, -ყველაზე უფროსს.
-თუთი, მაშ, მიგყავს შენი ხალხი...
-ჰო, მიმყავს.  ჩემი ხალხი ძალიან გამრავლდა, აქ ძნელია ხალხის გამოკვება, გამოქაბულიც პატარაა,  უკვე ვეღარ ვეტევით.
-აქაურობას სულ მიატოვებთ?
-რაღაც ნაწილს აქაც დავტოვებთ. მათ, ვისაც აქაურობა არ ეთმობა... ჩვენი ქვეყანა სწორედ აქედან დაიწყება.
კაცებმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს.
-ამ გამოქაბულიდან ჩუმი წყლის მიდამოების ჩათვლით ყველაფერი ჩვენი იქნება,-დამაჯერებელი ხმით უთხრა მათ  თუთიმ, -საძოვრებიც, მინდვრებიც, ტყეებიც და სერებიც -ჩუმი წყლის ჩათვლით.
-და ყველაფერი, რაც  კი ამ ადგილებში ბინადრობს,-დაუმატეს თუთის გამოქვაბულის მოხუცებმა.
მოთათბირეთაგან ზოგს ძალიან შეშურდა თუთის ხალხისა და გულში ავი აზრი გაივლო,-მოდი, მიწების დაყოფას ხელს შევუშლიო, მაგრამ როცა ის საზარელი იარაღი,-პირველი მშვილდ-ისარი გაიხსენა,  განზრახვაზე ხელი აიღო.
-დაე,  ასე იყოს, სწორედაც სამართლიანია, თქენს ნაპოვნ მიწებზე თქვენვე იცხოვროთ... მაგრამ აქეთა მიწები ვიდრე უიმის საბრძანებლამდე ჩვენი იქნება..
-ასე იყოს!
-რა უნდა ვუწოდოთ, თუთი, შენს ქვეყანას რა ერქმევა?
ამაზე ბევრი იფიქრეს, ბევრიც იმსჯელეს და კიდევაც გადაწყვიტეს... ასე გაჩნდა პირველი ქვეყანა დედამიწაზე,-ქვეყანა თუთარეა, რომელიც თუთის ხალხს,  ანუ  თუთარებს ეკუთვნოდა.

ერთხელ-მთვარიან ღამეს
ამ ღამსე ქვეყნად ვერცერთი ღამე ვერ შეედრებოდა. ბადრი მთვარე ძლიერდ ანათებდა, ადამიანებს უჩვეულო თავგადასავლებისკენ  მოუხმობდა. ცაზე იმდენი ვარსკვლავი იყო, ხომლი ვეღარ ეტეოდა, კაბადონს ათასობით წყდებოდა.
ეს ყველაფერი სამყაროს შემქმნელის მიერ ადამიანის გულის გასახარად იყო შექმნილი, ადამიანი უნდა გამხდარიყო ყველაფრის პატრონი.
თუთის გული სიხარულით ისე ავსებოდა, რომ ეს გრძნობა გულში ვეღარ დაეტია, უნებურად სიმღერად გადმოღვარა.
ყველა თუთის უსმენდა. გაოცებულ ხალხს ხმა გაეკმინდა. ამ მშვენიერი ცის ქვეშ ვის არ უმღერია, პირველ ადამიანებს  სმენიათ ცხოველთა ხმები,  ადამიანთა ზუზუნი, ღიღინი, სტვენა... მაგრამ  აქამდე არ მომხდარა,  რომ ადამიანს სიტყვები სიმღერად ექცია!   თუთი რას არ მოიფიქრებდა!
ბიჭუნა თავის პირველ სიმღერას წკრიალა ხმით მღეროდა:
ლამაზო მთვარევ,
შენ გიყურებს ეს ვრცელი მიწა,
ეს ლურჯი მთები, ეს მინდვრები,
ეს ჩუმი წყალი...
არ დავიშურებ ლამაზ სახელს,
დაგარქმევ  თუთას,
რადგან შენ ნახე,  მაღლა მყოფო,
ყველაზე უკეთ
ერთმანეთს როგორ შეებრძოლა
კაცი და მხეცი.
ქათქათა თუთავ!
ალბათ უკვე უთხარი ყველას:
- ადამიანი ყოფილაო უფრო ძლიერი!
ნეტავი, დათვი
ფრთოსან ისრებს სად ემალება?
ბნელ ბუნაგში თუ მიიყუჟა
შეშინებული,
ნატკენ შავ  თითებს თუ ილოკავს
აკვნესებული.
ალბათ ძილშიაც
სიზმრებს ხედავს,-უთუოდ მწარეს,
ყველაზე ძლიერს სიზმრებშიც კი
გაურბის იგი.
ადამიანის წინ კი
ყველა კარი იღება,
ეჰი და უჰი მკლავებს შლიან, ეგებებიან,
მას,-უძლიერესს,
უჭკვიანესს,
ყველაფრის  პატრონს,
ხვიხვინებმა ცას შესჭიხვინეს,
მინდვრებს გასძახეს:
-მოდის პატრონი!
მოაბიჯებს ადამიანი!
ტყეში ირმებმა დაიბღავლეს,
ჩუმმა წყალმა კი ლივლივით თქვა:
-მოდით მშვიდობით!
უძლეველნო,
იცხოვრეთ აქვე,
გამავსეთ თქვენი სიხარულის ნაკადულებით!
სვით ჩემი წყალი!
მოიკრიბეთ ძალი და ღონე,
გახდით ურიცხვნი, სხვაგანაც რომ წახვიდეთ მერე
და მოგზაურნო,
მოიაროთ სივრცე გაშლილი!
დაე, ეძიოს საუკუნოდ ადამიანმა
დასასრული თუ დასაწყისი ქვეყნიერების!

გადასახლების შემდეგ
მაშ ასე, თუთის ხალხმა ქეყნიერებაზე პირველი ქვეყანა,-თუთარეა დააარსა. ამიერიდან თუთარებს ეკუთვნოდათ მიწები და წყლები ძველი გამოქვაბულიდან, ვიდერე თვალი გაწვდებოდა. მათი იყო უკიდეგანო მინდრები, უსიერი ტყეები და გულგადახსნილი მთები, რომლებმაც თუთარებს უამრავი ოქრო უთავაზეს.
გამრჯე თუთარების ჯოგები მალე ისე გამრავლდა, ვრცელ საძოვრებზე ვეღარ ეტეოდა. ერთხელ თუთიმ გემო გაუსინჯა ველური ფუტკრების მიერ მომზადებულ ტკბილ წებოვან  სითხეს, ძალიან მოეწონა და მას თაფლი დაარქვა. მალე  დაუღალავმა თუთარებმა თავიანთ სოფლებში იმდენი ფუტკრები მოაშენეს, რომ მალე მათ ქვეყანაში თაფლი მდორე მდინარესავით დიოდა. თუთარებს მუების იმხელა ჯოგები ჰყავდათ, რძე ჩანჩქერივით ჩქეფდა...
ასეთი ლამაზი სოფლების ცქერა  თვალს აქამდე არასოდეს ღირსებია. თუთარები ზამთრობით თუთის ნაპოვნ მღვიმეებში ცხორობდნენ, დროდადრო გადმოდგებოდნენ კბოდეზე და სიყვარულით გადმოცქეროდნენ  ულამაზეს  ტბას-ჩუმ წყალს. ზაფხულს ისინი ტბის შემოგარენში-გაუთლელი მორებისგან ნაგებ სოფლებში ატარებდნენ. თუთის ხალხი ძალიან გამრავლდა, ხალხს კი კითხვები გაუმრავლდა, -როგორ?  და რატომ? ამ ხალხის გამორჩეული თვისება ცნობისმოყვარეობა და ახლის ძიების სურვილი იყო.
პირველი სოფლის ორღობეებში მორბენალი ბავშვების დანახვაზე თუთის ხშირად ახსენდებოდა, როგორ სწავლობდა ძველ გამოქვაბულში. აგონდებოდა კლდის ვიწრო ნაპრალებში შემოპარული მზის სხივების ლიცლიცი, კოცონთან შემოკრებილი  ბავშვები, მუმას დინჯი საუბარი... აჰ, მუმა, მუმა!  თუთის  ძალიან მოენატრა თავისი ბრძენი ბაბუა!
-ახლადგადმოსახლებულებს უფრო სჭირდებათ სწავლა!-ფიქრობდა თუთი,-მყუდრო ადგილები უთუოდ იქნება ახალ გამოქვაბულშიც.
მაგრამ რატომ მაინცდამაინც გამოქვაბულში?-გახარებული თუთი ფეხზე წამოიჭრა. რატომ არ შეიძლებოდა  ადგილი, სადაც ისწავლიდნენ, აქვე აეშენებინათ, -ხის გაუთლელი მორებისგან!
ააშენეს კიდეც, ხალხს თუთის აზრი ძალიან მოეწონა, ხელი დიდმაც გამოიღო და პატარამაც. ხის ნაგებობა ასეთი  ლამაზი ამიტომაც გამოუვიდათ.
ამ ხის სახლით, ანუ სწავლის ადგილით თუთარები უზომოდ ამაყობდნენ. არავინ იცის, თუთიმ  ამ სახლს სინამდვილეში რა დაარქვა, მაგრამ ეს რაღაც სკოლისმაგვარი მართლა იყო. აქ თუთი კარგახანს სწავლობდა, მერე სხვებს  ასწავლიდა, თეაც აქ  სწავლობდა და ასწავლიდა.
ეს ხის სახლი მოუსვენარ და ცნობისმოყვარე თუთარებს იმდენად უყვარდათ, დრო ორად გაყვეს,-სწავლის ადგილის აგებამდე და მის შემდეგ:
-         როდის იპოვა თუთიმ ხვიხვინა?-სწავლის ადგილის აგებამდე.
-         როდის მოხდა დიდი გადასახლება?-რა თქმა უნდა, ესეც სწავლის ადგილის აგებამდე.
-         ჩუმი წყალი პირველად როდის ადიდდა?-ეს ხომ სწავლის ადგილის აგებამდე მოხდა.
-         როდის დავთესეთ პირველი ყანა?-ესეც სწავლის დაწყებამდე მოხდა... მინდორში გასული თუთი დიდხანს აკვირდებოდა ერთ მცენარეს, რომელსაც ხორბალი დაარქვა, მოეწონა და გადაწყვიტა, თვითონვე დაეთესა.
-         მოსავალი პირველად როდის მივიღეთ? პირველი პური როდის გამოვაცხეთ?- მაშინ, როდესაც თუთიმ მარცვალი ქვის სასრესით დასრისა, წყლით მოზილა და გუნდა ცეცხლს მიუფიცხა...  იმ დროს ჩვენ სწავლის ადგილს სახურავი გამოვუცვალეთ...


რა მოხდა სწავლის დაწყების შემდეგ
სწავლის დაწყების შემდეგ უფრო არაჩვეულებრივი ამბები მოხდა:
თუთის ხალხმა  ვაჭრობა დაიწყო მახლობელ ტომებთან,-თუთარებს შეეძლოთ თავიანთი აურაცხელი ოქროთი და ძვირფასი თვლებით ისეთი რამ შეეძინათ, რაც თუთარეაში არ ჰქონდათ.
თუთიმ და თუთარებმა თავიანთი სახნავ-სათესი მიწები  იმდენად გააფართოვეს,  პური გამოულევად ჰქონოდათ.
თუთიმ რკინის მადანი დაამუშავა და სხვადასხვა იარაღი გამოჭედა.
თუთი დააკვირდა წყალში ხეების ტივტივს და პირველი ნავის გამოთლას შეუდგა.
თუთიმ, თეამ და ეციმ ჩუმი წყალი ნავით გადაცურეს.
თუთის ქვეყანა გაფართოვდა,-ვიდრე მღელვარე წყლის, ანუ ზღვის ნაპირამდე.
თუთი გაიზარდა და თავისი ხალხის წინამძღოლი გახდა. ამაში არაფერია უჩვეულო. ამ გონიერ ბიჭუნას ხალხი ბავშვსაც კი წინამძღოლად მიიჩნევდა, პატივს სცემდა, ისევე ენდობოდა, როგორც დიდს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ თუთის არასოდეს უფიქრია, იმდენად კარგი  და ჭკვიანი ვარ,  უფლება მაქვს,  ადამიანებს რაიმე ვუბრძანოო. ასეთი არც არაფერი მოუმოქმედებია.
თავისი ცხოვრებით მან ადამიანებს უამრავი სიხარული და სარგებლობა  მოუტანა.  რა არ ყოფილა საჭიროების დროს: უშიშარი მეომარი, კეთილი მკურნალი, ბრძენი მასწავლებელი, უბრალო მიწის მუშა, ხელმარჯვე  ოსტატი... ამ ყველაფერს მთელი ცხოვრება სიყვარულით, უყოყმანოდ, დაუყვედრებლად აკეთებდა...
დრო გადიოდა...

გავიდა დრო...

გავიდა  დრო. თუთი და თეა დაქორწინდნენ, შვილებიც ეყოლათ. მერე დრო კიდევ  და კიდევ გავიდა. ახლა თუთის შვილებმა, შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა წამოიწყეს ახალ-ახალი მოგზაურობები. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ის საოცარი ქმნილებები, რომელთაც ადამიანები ჰქვიათ, მთელ დედამიწას არ მოედვნენ.
ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ადამიანს სწავლის სურვილი გაუჩნდა...
დრო ახლაც გადის. თუთის შვილთაშვილები ვერც ახლა ისვენებენ...
ხვდები, ამის შემდეგ რა იქნება? ადამიანმა უკვე  შემოიარა და დაეპატრონა დედამიწას. გული მიგრძნობს, ის ახლა დედამიწის ირგვლივ კოსმოსში მოგზაურობას შეუდგება.  რა მოასვენებს?  ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ეს გონიერი არსება, რომელიც შემოქმედმა შექმნა და ადამიანი უწოდა,  -ეს უშიშარი მებრძოლი და მონადირე, ეს დაუღალავი მოგზაური და მარადიული მოსწავლე მთელ სამყაროს არ შემოივლის!
მერე კი ის წარმოუდგენლად მომავალი დროც დადგება, როცა თუთის ხალხი სამყაროს ყველა კუთხეში  იცხოვრებს!
რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, კითხვები მით უფრო გაგვიმრავლდება, ჩენ კი უფრო და უფრო მოგვეძალება სურვილი მათზე პასუხების პოვნისა. ვიპოვით და კვლავ ძებნას შევუდგებით. მერე ისევ და ისევ!
თუთის შვილთაშვილები კვლავ  ქვეყნიერების დასასრულს ეძებენ...
სამყაროზე ცოდნა ამოუწურავია! ქვეყნიერების დასასრული არ არსებობს! თუთის, ანუ ადამიანის მიერ დაწყებული მოგზაურობა მარადიულია!
ისეთივე მარადიული, როგორც ეს დიდებული და გასაოცარი სახლი,-ეს სრულყოფილი სამყარო!







2 comments:

  1. ძალიან არ მომწონს ის ფაქტი რომ ზოგს ჰგონია პირველყოფილი ადამიანების წარმომადგენლები არიან ჰომო ჰაბილისი ჰომო ერექტუსი და ჰომო საპიენსი

    ReplyDelete
  2. პირველი ადამიანები არიან ადამი და ევა

    ReplyDelete