დიდი აურზაური - II ნაწილი

ცისკრის ვარსკვლავი
  
   გიგუნას დილაადრიან გაეღვიძა. ნიავი ფარდას ეთამაშებოდა. ფანჯარაში ცისკრის ვარსკლავმა შემოიხედა.
   – დილა მშვიდობისა, გიგუნა! – თავაზიანად მიესალმა ბიჭს ვარსკვლავი.
   – დილა მშვიდობისა, ვარსკვლავო! – უთხრა გიგუნამ და ხელი დაუქნია, – ხომ არ გწყინს, ვარსკვლავი რომ გიწოდე? მე ვიცი, შენ პლანეტა ხარ, მეცნიერები ვენერას გეძახიან, ქართულად კი მთიები გქვია...
   – ყოჩაღ, პატარა ბიჭო, ჩემზე რამდენი რამ გცოდნია.
   – აბა რა, ისიც ვიცი, მუდამ სქელი ღრუბლებით რომ ხარ დაფარული, შენი ზედაპირი ჯერ არავის უნახავს...
   ცისკრის ვარსკლავი უფრო აჩახჩახდა:
   – გიგუნა, არ გინდა ჩემს ზედაპირზე გაისეირნო?
   – როგორ არ მინდა? ახლავე შენთან გავჩნდები!
   ბიჭი ლოგინიდან წამოხტა, სასწრაფოდ ჩაიცვა, ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა, ხელ-პირი გარეთ, ეზოს ონკანთან დაიბანა, მაისურის კალთით შეიმშრალა, ჩახტა თავის მთვარემობილში და ჰერიი! – ცისკრის ვარსკლავისაკენ!
   – გიგუნა მოდის, გიგუნა! – ცისკრის ვარსკვლავმა სქელი ღრუბლები წუთით მისწი-მოსწია და მთვარემობილი გაატარა, – კეთილი იყოს შენი მობრძანება!
   გიგუნამ მთვარემობილი ვენერას ყველაზე დიდ კოსმოდრომზე დასვა და ირგვლივ მიიხედ-მოიხედა.
   ჰოი, საოცრებავ! ცისკრის ვარსკლავი ჯადოსნური პლანეტა აღმოჩნდა. ყველა ზღაპრული გმირი აქ ცხოვრობდა.
   როგორც კი მთვარემობილის კარი გაიღო, ჯადოსნურმა ხალიჩამ შხუილით ჩაიქროლა, კოსმოდრომის თავზე წრე მოხაზა და ბიჭის წინ გაჩერდა.
   ხალიჩაზე მშვენიერი კონკია იდგა. კონკია სახელად შემორჩა, თორემ ახლა იგი ზღაპართა პლანეტის დედოფალი იყო.
   – კეთილი იყოს შენი მობრძანება! – ულამაზესმა დედოფალმა ბიჭუნას ხელი გაუწოდა და ხალიჩაზე ასვლაში დაეხმარა, – პირველი ბავშვი ხარ, რომელიც ცისკრის ვარსკვლავს ესტუმრა. ჩვენი კანონების მიხედვით, ბავშვებთან თვითონ მივდივართ...
   ხალიჩა დაიძრა. წინ საოცარი ფრინველები მიფრინავდნენფრთების ტყლაშუნი ისმოდა.
 – ეს ფრინველები ხომ გეცნო? – გაიღიმა კონკიამ.
   – ბატი-გედები არიან, – ყოჩაღად მიუგო ბიჭმა, – სად არის მათი დამშვენიერი პრინცესა?
   – თავის სახელმწიფოში ბედნიერად ცხოვრობს. დაბლა ჩაიხედე, გიგუნა, ეს ის ტყეა, სადაც მგელი წითელქუდას შეხვდა, ეს კი ის ტბა, სადაც დუმფარას ფოთოლზე ციდა გოგონა ცხოვრობს. ამ გაშლილ ველ-მინდვრებს და ოქროს სასახლეს შეხედე, – ნაცარქექიას საბრძანებელია, ეს კი მძინარე მზეთუნახავის ქვეყანა...
   – რა საოცრებაა! რა სილამაზეა! – ბუტბუტებდა გაოცებული ბიჭი.
   – ჯერ სადა ხარ? არნახულ ზეიმს მოგიწყობთ! – კონკიამ ბიჭს კეთილად გაუღიმა.
   ხალიჩამ ჯადოსნურ მიდამოებს გადაუფრინა და ზღაპარქალაქის თავზე გაჩერდა.
   უცებ ცაში ასროლილი მაშხალების ხმა გაისმა. შემდეგ ფეიერვერკის წვიმა წამოვიდა. ჰაერში მოლივლივე ხალიჩამდე მიწიდან ოქროსავით მოლაპლაპე, ზღაპრული კიბე აღიმართა.
   კონკიამ ბიჭს ხელი ჩაჰკიდა და ფეხი კიბეზე ჩამოდგა. კიბე თურმე ექსკალატორი იყოთავისით დაიძრა. ირგვლივ მაშხალების ნაპერწკლები ცვიოდა, მაგრამ გიგუნას სულ არ შეშინებია, – პლანეტის დედაქალაქს აღტაცებით გადაჰყურებდა.
    ზღაპრების გმირები დედამიწიდან მოსულ სტუმარს შემოეხვივნენ. ბიჭუნამ ბევრი უცებ იცნო. აქ ნახა ხუთკუნჭულა, ასფურცელა, ირმისა, ცხრათავიანი დევი, წითელქუდა, ჩექმებიანი კატა, ყინულის დედოფალი... თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე დაბნეული კაცი, – მუჭანახევარა სტუმარს ყვირილით შეეგება:
   – ღმერთმა გვაშოროს! ღმერთმა გვაშოროს! – და უცებ ხელი პირზე აიფარა, მაგრამ ზღაპრების გმირებმა გადაიხარხარეს. მუჭანახევარა არავის უცემია. ყველამ კარგად იცოდა, როგორი დაბნეულიც იყო.
   აქ იყვნენ ცეროდენა და მერი პოპინსი, ფიფქია და მხიარული ჯუჯები, მეწისქვილის ვაჟი, პიტერ პენი და პეპი გრძელიწინდა...
   გიგუნამ ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ მთელ ზღაპარეთში ყველაზე მხიარული კაცუნა კარლსონი ვერსად ნახა.
   – სად არის კარლსონი? – იკითხა გიგუნამ.
   – ხომ იცი, კარლსონი სტოკჰოლმში, სახლის სახურავზე ცხოვრობს, – უთხრა კონკიამ, – მეგობარს დიდი ხნით ვერ სტოვებს. ბებიამისი კი ჩვენთანაა...
   აქ ბევრი უცნობი ზღაპრის გმირიც იყო. მათ ჯერ მოიწყინეს, მაგრამ როცა ბიჭი დაჰპირდა, წელს სკოლაში კითხვას ვისწავლი და თქვენს ზღაპრებს თვითონვე წავიკითხავო, მაშინვე გამხიარულდნენ.
   თქვენ წარმოიდგინეთ, მეჯლისზე უკვდავი კოშჩეიც კი მოსულიყო. კუდიანი დედაბერიც აქ ბრძანდებოდა, – ქათმისფეხებიანი ქოხით აქეთ-იქით დარბოდა.
   ცეროდენა სტუმარს მთელი პლანეტის სახელით მიესალმა. გიგუნას ძვირფასი საჩუქარიმსოფლიოს ხალხთა ზღაპრები მიართვა.
   ბოლოს ზღაპრული ცეკვების საღამო გაიმართა. მოცეკვავეების თავზე შუშხუნების ნაპერწკლები იფრქვეოდა. ყველა ქანცის გაწყვეტამდე ცეკვავდა. საცეკვაო დარბაზი მხოლოდ ორმა დატოვაუკვდავმა კოშჩეიმ და კუდიანმა დედაბერმა.
   უკვდავ კოშჩეის ისეთი გრძელი წვერი ჰქონდა, ყველას ფეხებში ებლანდებოდა. აიღო და კისერზე თივის ბულულივით შემოიხვია, მაგრამ წვერმა სახე მთლიანად დაუფარა. ვერაფერს ხედავდა და წარამარა ეცემოდა. რა უნდა ექნა? შინ ბუზღუნ-ბუზღუნით გასწია.
   ყველაზე დაუდეგარმა ბიჭუნამ პიტერ პენმა დიდი პეტარდა კუდიანი დედაბრის ქოხის ფანჯარასთან ააფეთქა. მაშხალა ცაში წუილით ავარდა. ქოხი ცეკვავდა, – ქათმის ფეხებზე ირწეოდა, კუდიანი დედაბერი კი ფანჯრიდან იჭყიტებოდა. პიტერ პენმა მეორე პეტარდაც ამოიღო და პატრუქთან ასანთს გაჰკრა.
   კუდიანი დედაბრის ქოხმა მაშინვე კისრიტეხით მოქუსლა. ჯადოსნურ რაშზე უფრო სწრაფადაც კი გარბოდა.
   ზეიმი გაგრძელდა. მხიარულებას დასასრული არ უჩანდა.
   – შენზე ამბობენ, კარგად ცეკვავსო, – კონკიამ გიგუნას ღიმილით გადახედა.
   ბიჭი გაინაზა.
   – როგორ შეიძლება ქართული ჩოხა-ახალუხის გარეშე ვიცეკვო? – მოიმიზეზა მან.
   – ეს ხომ ადვილი სამსახურია? – წამოიძახა კონკიამ და ტაში შემოჰკრა. – აბა, ზღაპრულო თერძებო! სტუმარს ქართული ჩოხა-ახალუხი და მთელი მორთულობა მოართვით!
   თქმა და შესრულება ერთი იყო. ბიჭი მალე ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოიწკიპა.
   – კი მაგრამ, დოლზე ვინ დაუკრავს?
   – ჩვენ აქ არა ვართ? – ხუთკუნჭულამ და ასფურცელამ მაშინვე დოლები გაახურეს.
   გიგუნამ დაუარა, მაგრამ რა დაუარა! ზღაპრების გმირებმა თვითონ ცეკვა მაშინვე შეწყვიტეს. გიგუნას ყველა აღტაცებით უყურებდა.
   დოლები გრიალებდნენ, ბიჭი კი თითქოს ჰაერში ფრენდა.
   – არ ვიცოდი, ქართველებს ცეკვისას ფრენაც რომ შეეძლოთ! – დაიჩურჩულა გაოცებისაგან სუნთქვაშეკრულმა კონკიამ.
   ატყდა ტაშისცემა, მაგრამ როგორი! ცისკრის ვარსკვლავი ოვაციებისაგან ირყეოდა. დედამიწის ობსერვატორიებში ასტრონომები ტელესკოპებს მივარდნენ:
   – რა ხდება ვენერაზე? პლანეტა თითქოს რაღაც საოცარი მუსიკის ჰანგზე მოძრაობს. ეს რა ხმა ისმის?
   აბა, რა იცოდნენ, რომ ვენერა ქართული საცეკვაო მელოდიის ხმაზე ცეკვავდა.
   – ქართული ცეკვა ზღაპრული ცეკვა ყოფილა! – გამოაცხადა კონკიამ და მთავარი პრიზი, – მედალი წარწერით – `ზღაპრული ცეკვის შემსრულებელი~ – გიგუნას მკერდზე დაუმაგრა.
   მეჯლისი დასრულდა.
   – ბებო შეშინდება. დროა შინ დავბრუნდე! – თქვა ბიჭმა.
   სტუმარს ყველა ღიმილით გამოემშვიდობა.
   – გიგუნა, მუდამ შენთან გვიგულე! – უთხრა კონკიამ და სტუმარს ნაზად აკოცა.
   კოსმოდრომზე მთვარემობილი პატრონს ელოდა. გიგუნამ კონკიას ხელი დაუქნია. ჩახტა მთვარემობილში და ჰერიი! – დედამიწისაკენ!
   – რა ხდება დღეს ვენერაზე? – თქვეს ტელესკოპებს მიციებულმა ასტრონომებმა, – თითქოს ნაპერწკალი მოსწყდაო...
   ნაპერწკალი კი არა, გიგუნას მთვარემობილი დედამიწაზე ბრუნდებოდა. უცებ უცნაურ, ჩაგოდრებულ კაცუნას შეეფეთა. ეს კარლსონი იყო. სტოკჰოლმიდან ცისკრის ვარსკლავისკენ მიიჩქაროდა.
   – ეჰეი-ჰეი! – დაიძახა კარლსონმა, – შენ ვინა ხარ?
   – რა კარგია, რომ მაინც გნახე, – გიგუნას თვალები გაუბრწყინდა, – შენთან შეხვედრა ისე მაინტერესებდა. ვენერაზე მიდიხარ?
   – ჰო, აბა, სად უნდა წავიდე? ბება ხომ უნდა მოვინახულო?
   – მე კი ცისკრის ვარსკლავიდან უკან ვბრუნდები... გიგუნა ვარ, ქართველი ბიჭი...
   – ეჰეი-ჰეი! – თქვა კარლსონმა, – ჩემს არყოფნაში ეს რა საოცარი ამბავი მომხდარა?
   – აბა, წავედი!
   – მოიცა, სახლამდე გაგაცილებ. ვნახავ ერთი, შენი ქვეყანა როგორია.
   გიგუნამ მთვარემობილი ფრთხილად დაძრა. კარლსონი მის ირგვლივ ჰაერში მალაყებს გადადიოდა, თან მხიარულად გასჭყიოდა.
   – ეჰეი-ჰეი! საქართველოში მივფრინავ, საქართველოში!
   გზა მალე გაილია. გიგუნამ მთვარემობილი ფარეხში შეიყვანა და კარი მიხურა, მერე ჰაერში მონავარდე კარლსონს ასძახა:
   – ჩამოდი, კარლსონ, სტუმრად მეწვიე!
   – ეს შემდეგ, გიგუნა, ახლა ბებოსთან მეჩქარება!
გიგუნა სახლში ფეხაკრეფით შევიდა. ხელში ზღაპრების წიგნი ეჭირა. მკერდზე მედალი უბრჭყვიალებდა. ბიჭმა თავის ოთახს მიაშურა და ფანჯრიდან ცას ახედა.
   კარლსონი საქართველოს ცაზე სულ მალაყებს გადადიოდა. ზემოდან პროპელერის ზუზუნი და მხიარული შეძახილები ისმოდა.
   – გაიღვიძეთ, ბავშვებო, გაიღვიძეთ! ეჰეი-ჰეი!
   ბავშვები შეიშმუშნენ და ჩაიბუტბუტეს:
   – ეს ვინ გვეძახის?
   – რა ლამაზი ყოფილა საქართველო! რა მშვენიერი დილაა! გაიღვიძეთ, ძილისგუდებო, გაიღვიძეთ! გიგუნამ კარლსონს ხელი დაუქნია:
   – ნახვამდის, კარლსონ, ბიჭუნას მოკითხვა გადაეცი.
   – ნახვამდის, გიგუნა! მეწვიე ხოლმე. ან ცისკრის ვარსკვლავზე ვიქნები, ან სტოკჰოლმში, სახლის სახურავზე! ეჰეი-ჰეი!
   – თითქოს კარლსონის ხმა მოგვესმაო, – ქართველმა ბავშვებმა თვალები მოიფშვნიტეს და საწოლებიდან წამოდგნენ, – ეტყობა, ღამე კარლსონი გვესიზმრებოდა...
   ცისკრის ვარსკვლავმა გაიღიმა და საქართველოს ცაზე კიდევ უფრო აჩახჩახდა.ანალიკა
  
   გაგიკვირდებათ, მაგრამ ერთხელ გიგუნა შუაღამით გააღვიძეს.
   – რა იყო, რა ამბავია? ხომ არ გაგიჟდით? – აბურტყუნდა ბიჭი.
   – გაიღვიძე, გიგუნა, გაიღვიძე! გილოცავთ! და შეგეძინა!
   ბიჭუნას ხან ბებია კოცნიდა, ხან ბაბუა, ხან კი ფატი ბიცოლა. ბიძამ ხელში აიყვანა და ჭერისკენ სიცილით აისროლა.
   – ძირს ჩამომსვით! – გაბრაზდა გიგუნა, – წესიერად ამიხსენით, რა მოხდა?
   ბებიამ ბიჭს აუხსნა, რომ უკვე და ჰყავდა, – პაწაწინა გოგონა.
   გიგუნამ იცოდა, რომ დედა სოფელში მალე ჩამოვიდოდა, თან პატარა გოგონასაც ჩამოიყვანდა, ამიტომ ეს ამბავი დიდად არ გაჰკვირვებია.
   – დედას ვინ მოუყვანა? – ეს უფრო აინტერესებდა.
   – წერომ მოუყვანა, – აკისკისდა ბიძაშვილი ელისო, – აბა, შენსავით კომბოსტოს ფურცლებში კი არ უპოვნიათ...
   გიგუნამ ელისოს შეუბღვირა და დააპირა რაღაც მწარე ეთქვა, მაგრამ უცებ ტელეფონი აკწრიალდა და ბიჭს სათქმელი პირზე შეაშრა.
   გიგუნას დედა იყო, – მობილური ტელეფონით საავადმყოფოდან რეკავდა. ბიჭს დას ულოცავდა.
   გულაჩუყებულ პატარა ბიჭს შინაურები ღიმილით უყურებდნენ.
   – გიგუნა, შეგიძლია დაიკოს სახელი შენ შეურჩიო, – ტელეფონში ისევ დედის ხმა გაისმა.
გიგუნას უკვე სახელზედაც ეფიქრა.
   – მე ანაც მომწონს და ლიკაც, – უთხრა დედას.
   – ერთ-ერთი დაარქვი, შვილო.
   – ერთ-ერთი? მე რომ ორივე მომწონს? დედა რა იქნება, წეროს სთხოვო, მეორე გოგოც მოგიყვანოს!
   – წერო უკვე გაფრინდა, შვილო...
   – მაშინ, ანა დავარქვათ... არა, ლიკა... მოიცა, დედი, რა იქნება, ანალიკა რომ ერქვას?
   – არ გადამრიო, გიგუნა, ანალიკა რა სახელია?
   – მაშინ, რატომ მეუბნები, სახელი შენ დაარქვიო, – გაბრაზდა ბიჭი, – მე ანალიკას ვარქმევ, მორჩა და გათავდა. დე, როდის მოხვალ?
   – მალე, შვილო, რაც შეიძლება მალე!
   მაგრამ დედის ნათქვამი მალე ძალიან ნელა მიიზლაზნებოდა. ბიჭი დარჩენილ დღეებს წარამარა თითებზე ითვლიდა, – ანალიკას ნახვა ისე ეჩქარებოდა.
   ბოლოს და ბოლოს ეს სანატრელი დღეც დადგა.
   – გაიხარე, ბიჭი, მამამ დარეკა. დღეს დედას და გოგონას ჩამოიყვანს.
   – ვაშაა! ანალიკა მოდის, ანალიკა!
   გიგუნა გარეთ გაიჭრა და მეზობლის ბავშვებს გასძახა:
   – ნიკა, სალომე, ეკა, ოთიკო... მოდით, ბავშვებო, ანალიკა მოდის!
   მარტო მეზობლებისა კი არა, მთელი სოფლის ბავშვები გიგუნას ჭიშკართან შეგროვდნენ.
   – გაიგეთ, ხალხნო, თურმე ანალიკა ჩამოდის!
   – ახლა გავიგებთ, საიდან მოჰყავს წეროს ბავშვები!
   – გავიგებთ, გავიგებთ!
   გიგუნა შარაგზაზე იდგამამას, დედას და ანალიკას ელოდა.
   როგორც იქნა, მოვიდნენ! ბიჭუნა მანქანას ყვირილით ეცა და კარი გამოაღო.
   დედა ფრთხილად გამოვიდა. ცალ ხელში უცნაური ფუთა ეჭირა, მეორეთი ბიჭი ჩაიკრა გულში და მოეფერა.
   – დედა, ეს არის ანალიკა? – იკითხა გიგუნამ და დედას ფუთაზე მიუთითა, – მაჩვენე რა!
   – ახლავე, შვილო, ჯერ სახლში შევიდეთ.
   ოჯახის წევრებით, მეზობლებითა და მთელი სოფლის ბავშვებით გარშემორტყმული დედა სახლში შევიდა.
   ანალიკა საწოლზე დააწვინეს. დედამ გიგუნას დაუძახა და ჩვილს სახიდან თეთრი, არშიებიანი ქსოვილი გადახადა. ბიჭის ზურგსუკან ბავშვები იჭყიტებოდნენ, – წეროს მოყვანილი გოგონას ნახვა მათაც აინტერესებდათ.
   გიგუნა გოგონას დააკვირდა.
   – როგორ? ეს გოგონაა? – გაოცდა ბიჭი.
   ანალიკა სულ პაწაწინა იყო. ეკას თოჯინა ქეთიც კი მასზე გაცილებით დიდი ჩანდა. ხელისგულისოდენა სახე ჰქონდა და ღილისოდენა პირი. სახე უცნაურად გაწითლებოდა. თავზე თმის ნაცვლად ოდნავ ღინღლი ეტყობოდა, თანაც უწარბო იყო.
   – რა შესანიშნავი გოგონაა! – დაიძახეს აღტაცებულმა ოჯახის წევრებმა, მაგრამ გიგუნა უფრო და უფრო მოიღუშა. შესანიშნავიო? ისემც რა ვუთხარი ბებიასა და ბიცოლას. წეროს მოყვანილი ბავშვი რა უნდა იყოს?
   ანალიკა შეიშმუშნა და წამოიტირა. ხმაც სუსტი ჰქონდა, ძლივს გასაგონი.
   გუნებაწამხდარი ბიჭი ეზოში გავიდა. თანატოლებიც უკან გაჰყვნენ და თანაგრძნობით დაუწყეს ცქერა.
   – ნამდვილი მაჯლაჯუნაა, – ამოიოხრა გიგუნამ.
   ბავშვებმაც ამოიოხრეს.
   – კარგი, ბიჭო, გულს ნუ გაიტეხ! – მხარზე ხელი დაარტყა ჩაფუნთუშებულმა ოთიკომ, – ყველა ხომ არ იქნება ჩემი და ნანიკოსავით ლამაზი?
   – რა მოხდა მერე, გაიზრდება და გათხოვდება.
   – მაგას რა გაათხოვებს? – გიგუნამ ოხვრას გულიც თან ამოატანა.
   ბავშვებიც ოხვრა-ოხვრით დაიშალნენ.
   მაგრამ დღეები გავიდნენ და გიგუნა ანალიკას თანდათან შეეჩვია. დედა გოგონას თავს ევლებოდა, გვერდიდან არ შორდებოდა, რაც ბიჭს ძალიან აკვირვებდა.
   – რა ნახა ამ გალეულში?
   ზაფხულმა თანდათან ძალა მოიკრიბა. უკვე დილიდანვე ცხელოდა.
   – ბავშვი ჰაერზე, ჩრდილში დააძინე, – დაარიგა ბებიამ დედა.
   ანალიკას ეტლი დედამ ეზოში გამოაგორა.
   – გიგუნა, გეხვეწები, შვილო, ანალიკას შენ უდარაჯე, თუ წამოიტირა, მაშინვე დამიძახე, – დაუძახა ბიჭს.
   გიგუნამ ეტლის გვერდით სკამი დაიდგა. ანალიკას გულიანად ეძინა.
   ეზოს გადაღმა მეზობლები თავიანთ საქმეებზე მიიჩქაროდნენ. ზოგი მიდიოდა, ზოგი მოდიოდა. ბავშვები აქეთ-იქით დარბოდნენ.
   – მე კი უნდა ვიჯდე და ამ წეროს მოყვანილს ვუდარაჯო, – გაბრაზდა ბიჭი, – ამასთან ვერ ილაპარაკებ, ვერ ითამაშებ, არაფერში გამოგადგება.
   ბიჭმა იფიქრა, იფიქრა და უცებ გონება გაუნათდა.
   ზურიკო! ზურიკო! – დაუძახა ბიძაშვილს.
   დედამ ფანჯრიდან გამოხედა: – ნუ ყვირი, ბავშვი არ გააღვიძო!
   – რა გინდა, გიგუნა? – ზურიკო გარეთ თვალების ფშვნეტით გამობაჯბაჯდა.
   გიგუნა დაიხარა და ბიჭს ყურში რაღაცა უჩურჩულა.
   – რა კარგია! – გაიხარა ზურიკომ, – კარგად მოგიფიქრებია, გიგუნა!

   გამვლელ-გამომვლელებმა მალე უცნაური სურათი იხილეს. ანალიკას ეტლი ჭიშკართან, დიდი მსხლის ჩრდილქვეშ იდგა. სახურავზე მიმაგრებული იყო თეთრი ქაღალდი დიდი წარწერით: `მაჯლაკუნანახვა 10 .~.
   `მაჯლაკუნა~ იმიტომ ეწერა, რომ მეორეკლასელ ზურიკოს -სთვის ჯოხის მიწერა დავიწყებოდა.
   იქვე ორი თმაგაჩეჩილი და ფეხშიშველი ბიჭი იდგა.
   ანალიკას ეტლს ოთიკოს ბაბუამ ჩაუარა, წაიკითხა `მაჯლაკუნა~ და გაოცდა.
   – ეს რას ნიშნავს? – იკითხა მან.
   – არ არის ძვირი, – უპასუხა გიგუნამ.
   ოთიკოს ბაბუამ გადაიხარხარა, ეტლიდან აბრეშუმის გადასაფარებელი გადასწია და ანალიკას ჩახედა.
   – რა კარგი გოგონაა! სულაც არ არის ძვირი, – და ბიჭს ათი კი არა, მთელი ორმოცდაათი თეთრი მისცა. მერე გზა სიცილ-სიცილით გააგრძელა.
   მერე ქალებმა ჩაიარეს. მათაც მიუნდათ `მაჯლაკუნას~ ნახვა და ბიჭს თეთრი მონეტები სიცილ-სიცილით ჩაუჩხრიალეს.
   ახლა ბავშვებმა ჩამოიარეს. ერთი სული ჰქონდათ, `მაჯლაკუნა~ მალე ენახათ, მაგრამ ფული უკვე შემოხარჯვოდათ და ბიჭებს კანფეტები ჩაუთვალეს.
   ბოლოს ქუჩაში ბრაზიანმა ქალმა ჩაიარა გაღმა სოფლიდან. ბიჭებს შეუბღვირა, ეტლში ჩაიხედა, მაგრამ არც ფული გადაუხდია და არც კანფეტები ჩაუყრია.
   – ჩემები რომ იყოთ, ერთი კარგად გაგტყიპავდით, – უთხრა ბიჭებს და სულ ქოთქოთ-ქოთქოთით წავიდა.
   ქუჩაში სოფლელები მოდიოდნენ და მიდიოდნენ. მონეტების თავსხმა იყო.
   – მე მგონი, მალე ორივენი მილიონრები გავხდებით!
   – აბა რა, ახლა მთავარია, რამდენიმე დღე არ მოწვიმოს.
   – ეტლი ხვალაც ჭიშკართან გამოვაგოროთ.
   – აბა, როგორ?
   მაგრამ იმავე საღამოს მოწვიმა და მომავალ მილიონრებს კოვზი ნაცარში ჩაუგდო. რაც ყველაზე საწყენია, დედამ მეზობელი ქალებისგან ყველაფერი გაიგო და ბიჭებს საშინლად გაუჯავრდა.
   მაგრამ გაბრაზებული მარადიულად ხომ ვერ იქნებოდა? გულისწყრომამ დედას ნელ-ნელა გაუარა.
   წვიმიანი დღეები ერთმანეთს გადაება. ანალიკა ახლა სულ ოთახში იყო და დედა თავს დასტრიალებდა. გოგონა სწრაფად იზრდებოდა, – დღითიდღე კი არა, წუთიწუთ.
   წვიმების შემდეგ ცხრათვალა მზემ ისევ გამოაშუქა. დედამ ანალიკა გარეთ გაიყვანა. გოგონას მთელი ოჯახი გარს შემოეხვია.

   გიგუნამ დაიკოს შეხედა და გაოცდა. უცნაურად წითელსახიანი ანალიკა მშვენიერ, ვარდისფერ გოგონად ქცეულიყო. ლამაზ, ცისფერ თვალებს ხან გაახელდა, ხან მოხუჭავდა. ოდნავ წამოზრდილი, ოქროსფერი თმა მზის შუქზე ბზინავდა.
   – რა ლამაზია! – დაიძახა ბიჭმა, – დედა, ბავშვი ხომ არ შეგიცვლია?
   – სულაც არა, – ჩაიცინა დედამ, – ისევ ის ანალიკაა.
   ზაფხულის მზემ წვიმის კვალიც კი არ დატოვა. სხივებმა ყველა კუთხე-კუნჭული დაიარა, ანალიკასაც მიუალერსეს.
   მეორე დილით მზე ზეიმით ამობრძანდა. ბიჭებმა ანალიკას ეტლი ისევ ჭიშკრისკენ გააგორეს.
   გამვლელ-გამომვლელებმა ანალიკას ეტლი ისევ მსხლის ჩრდილქვეშ რომ დაინახეს, ჩაიცინეს, მაგრამ სულ ტყუილად. ეტლს ახლა ასე ეწერა: `ანალიკანახვა უფასოა~.
   დედა გარეთ ორჯერ გამოვიდა. შეამოწმა ეტლი, წარწერა და შინ სიცილ-სიცილით შებრუნდა.
   მეზობლები ბავშვებს ღიმილით უყურებდნენ. მოდიოდნენ და მიდიოდნენ.
   – გიგუნა, ბიჭო, ნახვა რატომაა უფასო? ეს რა ბიზნესია? – დაუძახა ბიჭს ოთიკოს ბაბუამ.
   – ჩვეულებრივი ბავშვი გახდა, – უპასუხა ბიჭმა, – ასეთ ბავშვში ფულს სულელი თუ გადაიხდის.
   მეზობლის ბავშვები, თითქოს დაიბარესო, მაშინვე იქ გაჩნდნენ.
   – ასე რამ გამოცვალა? – გაოცდა ოთიკო, – ახლა ჩემს დასაც არ ჩამოუვარდება.
   – გააწყალა გული თავისი მჩხავანა დით, – გაბრაზდა ნიკა, – ასეთი ლამაზი ბავშვი არასოდეს მინახავს...
   – წეროს მოყვანილია და იმიტომ.
   – ბიჭო, რა კარგი წერო ყოფილა, რა ლამაზი ბავშვი შეურჩევია.
   – აბა! აბა! – აყაყანდნენ გოგონები და ბიჭუნები.
   – გაჩუმდით, ბავშვი არ გააღვიძოთ, – შეუტია თანატოლებს გიგუნამ და გოგონას სიყვარულით ჩახედა, ჩაძინებულ ანალიკას ეტლში საბანი შეუსწორა, – რა კარგი გოგოა ეს ჩემი დაიკო ანალიკა!

სევდიანი დღე
  
   ბებო რუსიკოს ხმა ბიჭს სადღაც შორიდან ესმის:
   – გიგუნა, ჩქარა, აქ მოდი!
   გიგუნა აქეთ-იქით იყურება. ნეტავი, საიდან ეძახის ბებო რუსიკო?
   – სადა ხარ, ბებო?
   – ბოსტანში ვარ, გიგუ, ბოსტანში!
   ბიჭი თავქუდმოგლეჯილი გარბის. ნეტავი, რა უნდა ბებო რუსიკოს?
   ბებია პომიდვრების მწკრივებს შუა დგას და საქმიანობს. რამდენი პომიდორია!
 – რა გინდა, ბებო?
   ბებიამ ბიჭს ღიმილით ამოხედა.
   – მოდი, გიგუ, რა განახო!
   რა საოცრებაა! ორი დიდი პომიდორი ერთმანეთს შეზრდია და ერთი დიდი, წითელი გული გაუკეთებია.
   აღტაცებული გიგუნა ტყუპ პომიდვრებს ათვალიერებს.
   – რა ლამაზია ბებო! ისეთია, როგორც ნამდვილი გული.
   – მართლა ძალიან ლამაზია.
   – ბე, მაჩუქე რა, ეს პომიდორი.
   – კი, შვილო, შენი იყოს.
   – რა კარგი ბებიკო ხარ! – გიგუნამ საყვარელ ბებიას მხურვალედ აკოცა.
   – ახლავე მოგიწყვეტ!
   – არა, არა, ბებო! არ მოწყვიტო, აქ იყოს!
   – უკვე მწიფეა, ბიჭო, მოგიწყვეტ და სადილზე შეჭამე.
   – არა, არა, გულს არასოდეს შევჭამ!
   – კარგი, როგორც გინდა, – ეუბნება ბებო და საქმიანობას განაგრძობს.
   გიგუნა თავის პომიდორს თავს დასტრიალებს. ბოსტანში მთელმა ოჯახმა ჩამოისეირნა და გული ყველამ ნახა.
   – რას არ ნახავ, გაგიჟდები კაცი! – გული ყველას ძალიან მოსწონს.
   – მოწყვიტე, უკვე მწიფეა! – ეუბნებიან გიგუნას, მაგრამ ბიჭი უარზეა.
   – გული შევჭამო? არა, არა, არასოდეს!
   – გულს მე მივირთმევ! – გადაიკისკისა ბიძაშვილმა ელისომ და პომიდორს ხელი წაატანა, მაგრამ ეს ისე, გიგუნას შესაშინებლად, სინამდვილეში ელისოს ბიჭი თავს ურჩევნია.
   გიგუნა თავის განძს დასტრიალებს. ყველა ჩაის დასალევად წავიდა, გიგუნასაც ეძახიან, მაგრამ ბიჭი პომიდვრის გულს ვერ შორდება. ხელახლა რომ ვერ იპოვოს? ირგვლივ იმდენი პომიდორია, თვალები აგიჭრელდება.
   – გიგუნა, ბოსტნიდან გამოდი, ჩაი გაგიცივდება, – ეძახიან.
   – მერე გულს ვერ მივაგნებ! – ჯიუტად უარობს ბიჭი.
   გაიხედა, – მისი მეორეკლასელი ბიძაშვილი, ჩასუქებული ზურიკო ძლივს მობაჯბაჯებს. ჯოხზე მიმაგრებული აბრა მოაქვს.
   – ეს რა არის? – ეკითხება გიგუნა და პომიდორს მზერას ძლივს აშორებს.
   – ეს აბრა ჯოხით შენს პომიდორთან ჩავარჭოთ. მაშინ აღარ დაგეკარგება.
   – რა კარგი რამე მოგიფიქრებია!
   ჯოხი პომიდვრის ბუჩქთან დაარჭვეს. საკვირველი გულის თავზე ახლა აბრა გაჩნდა ასეთი წარწერით:
   `გიგუნას პამინდვორი~.
   არ გაგიკვირდეთ. ზურიკო ჯერ მეორეკლასელია. უშეცდომოდ ვერ წერს და ეს ორი ასო ელისომ გადაუხაზა.

   – მოდი, კიდევ დავამაგროთ რამე, – თქვა გიგუნამ. საბაბი ხომ უნდა მოძებნოს, ბოსტნიდან რომ არ გავიდეს?
   ზურიკო გაიქცა და ანალიკას წითელი, თეთრწინწკლებიანი თავსაფარი მოარბენინა. თავსაფარი ცალი ყურით აბრაზე დაამაგრეს. ნიავი მას მაშინვე ეცა და ააფრიალა. წითელმა თავსაფარმა იყვირა:
   – მოდით! მოდით! ნახეთ! ნახეთ! აქ გიგუნას პამინდვორია!
   გადის ერთი დღე, მეორეც, მაგრამ გიგუნა ბოსტანს ვერ შორდება. სახლში წუთით თუ შემოირბენს, ცოტაოდენ საჭმელს მოციცქნის და ჰაიდა! – ისევ ბოსტნისკენ გარბის. აბრა და ანალიკას თავსაფარი შორიდანაც კარგად ჩანს, მაგრამ ბიჭი მაინც ზურიკოსთან ერთად შედგენილ რუკას მიაფრიალებს. აი, მისი რუკა:
     დედა ბებიას საყვედურით ეუბნება:
   – დედა, მოგეწყვიტა ის პომიდორი! გამიგიჟდა შვილი!
   ბებია ოხრავს:
   – რა ვიცოდი, ასე გადაირეოდა!
   ბიძაშვილი ელისო იმუქრება:
   – შევუჭამ იმ პომიდორს და ბიჭი შინ დაბრუნდება.
   მაგრამ ყველა ერთად უტევს:
   – არც იფიქრო, ელისო!
   ელისო იცინის. ეს ისე თქვა, შინაურების შესაშინებლად.
   დედა ბიჭს ეძახით:
   – გიგუნა, ახლავე სადილზე მოდი, თორემ, გეფიცები, ბოსტნის კარს საერთოდ ჩაგიკეტავ!
   – ახლავე, დედა, ახლავე! – პასუხობს ბიჭი.
   მაგრამ პომიდორს ოხვრით სტოვებს. შინ ნელ-ნელა მიიზლაზნება.
   სადილიც გაჭიანურდა. არ დაადგა საშველი. ბიჭი ისევ ბოსტანში გარბის და რუკას მიაფრიალებს. მწკრივებს შორის გარბის, მაგრამ ჰოი, საოცრებავ! – პომიდვრის გული არსადაა!
   გაოცებული ბიჭი რუკას უყურებს. აქ უნდა იყოს, მაგრამ რომ არაა?
   იქითა მწკრივიდან უცნაური ხმა ისმის. ბიჭი ფრთხილად იჭყიტება, – ბოსტანში ინდაური ყურლუმ-ბურლუმი შემოსულა და პომიდვრებს მისდგომია.
   თავზარდაცემული ბიჭი აბრას უყურებს, ესაა, ეს! – ყურლუმ-ბურლუმს მისი პომიდორი დაუკორტნია! ყუნწზე ცოტაოდენიღა დარჩენილა, როგორც საზარელი ბოროტმოქმედების კვალი.
   ბოსტნიდან საშინელი ყვირილი ისმის. შინაურებს ყვირილი ესმით და ახლა ყველა თავქუდმოგლეჯილი გარბის.
   – რა იყო, გიგუნა, რა მოგივიდა? – თან მირბიან, თან ეძახიან.
 ბიჭის ქვითინი ლამის ცას მისწვდეს:
   – ჩემი პომიდორი! – ყურლუმ-ბურლუმმა შემიჭამა!
   ბიჭი საზარელი ხმით ტირის. გგონიათ, ინდაურს შერცხვა? მეორე მწკრივში გაფხორილა და ბიჭს იქიდან აჯავრებს:
   – ყურლუმ-ბურლუმ! ყურლუმ-ყურლუმ!
   ყველა შეწუხებულია. უნდათ, ბიჭი დაამშვიდონ, მაგრამ სანუგეშო სიტყვებს ვერ პოულობენ.
   – ბოსტნის კარგი ღიად დარჩენია! – ჩურჩულებს ბებო და ინდაურს მიწის გოროხებს ესვრის, ბოსტნიდან მიერეკება. ისიც თავქუდმოგლეჯილი გარბის და ახლა შორიდან ტრაბახობს:
   – ყურლუმ-ბურლუმ! ყურლუმ-ბურლუმ!
   ბიჭი შინ მიჰყავთ. ახლა ეზოში, გრძელ სკამზე ზის და ირგვლივ მთელი ოჯახი შემოხვევია.
   სოფლის ბავშვები, თითქოს დაიბარესო, მაშინვე იქ გროვდებიან.
   – ყველა პომიდორს შენ გაჩუქებ! – ანუგეშებს ბებო რუსიკო.
   – მე ყველა არ მინდა! მარტო ჩემი გული მინდა! – სლუკუნებს ბიჭი, – რატომ დავწვი ცეცხლში ჩემი შურდული! რატომ დავტოვე ტყეში ჩემი თოფი! ყურლუმ-ბურლუმს შავ დღეს დავაყრიდი!
   – შენი ამბავი რომ ვიცი, მაინც ვერ გაიმეტებდი! – თანაგრძნობით ეხვევა ბიძაშვილი ელისო.
   ბიჭი ტირის და ტირის. ყველა შეწუხებულია. ცაზე მზემაც კი მოიწყინა. დაღონებულმა ღრუბლებმა აიარეს და ჩაიარეს. ეს ამბავი ფეხმოტეხილ ღრუბელსაც არ გახარებია.
   ბიჭს ბოსტნისკენ გახედვაც არ უნდა. იქ ჯერაც არის აბრა, რომელსაც ზურიკომ სასწრაფოდ ფლომასტრით წააწერა:
   გიგუნას პამინდვორი.
   ვაიმე!
   ყურლუმ-ბურლუმმა შეჭამა!
   – ეს ცხოვრება ტანჯვაა და მეტი არაფერი! – დიდი კაცივით გამოაცხადა ოთიკომ.
   უფროსებმა ჩაიცინეს, მაგრამ ცალყბად, – გიგუნას რომ არ ენახა.
   მართლა საშინელი დღეა, მაგრამ არა ინდაურისთვის. გაგიჟდები კაცი! სინდისი სულაც არ აწუხებს. ისევ იფხორება და ბიჭს შორიდან აჯავრებს:
   – ყურლუმ-ბურლუმ! ყურლუმ-ბურლუმ!

No comments:

Post a Comment