აისისა და დაისის ლექსი
მე მაინც მოვალ!
მებუზღუნები:
მე მაინც მოვალ,
თოვა ვიქნები
შენი დარდების,
ზამთარო,
აწ არ შემიყვარდები!
ვარდები.
ქარის ქათქათა ფრთები,
მთები და
დილა მზეთუნახავი,
ახალი ფერი,
დღეთა კრებული,
განახლებული
ალიონები.
წნორები წყალზე
ირეკლებიან,
ჩნდებიან
კვირტნი, მოდის ენძელა,
მეძნელა შენთან
გამოთხოვება,
მომეთხოვება
სიდინჯე მეტი.
კენტი იები,-მორცხვი
სიზმარი,
ვიჩქარი-გარეთ
გაზაფხულია,
სრულიად დავთმე
ფერმკრთალი დღენი,
შენი ყინულის
ბასტიონები.
ლამპიონები.
ყაყაჩოს სანთელს
ანთებს ლეგენდა
და პერსეფონა,
გულს მომეფონა,-წყარო
ლიკლიკებს,
ჭიკჭიკებს
ჩიტი და მღერის დილა.
ფრთხილად
გაცილებ. გარიდებ თვალებს,
ვერ გამაწვალებ,
-განახლდა ჟამი.
წამიც კი
გრძნობებს დავუმორჩილე,
ქორწილებს
იხდის ბუნება ბარში.
ქარში ფრიალებს
პატარძლის ფატა,
ჩაიფარფატა
პეპელამ ნაზად,
აზრად არ
მომდის, არ ღირს წუხილად,
უხილავ დარდს
რომ გამოვესალმე.
ალმებს არხევენ
თეთრი ვარდები,
შემიყვარდები,ნეტავი,
ისევ?
მყისვე დავტოვე
სამყარო შენი,
ბჭენი დავშალი
რა დღეთა შენთა.
ფერთა ზეიმი
და იკებანა
განა ზეიმი
გახლავთ ბუნების;
მებუზღუნები:
მე მაინც მოვალ,-
გროვა დარდისა,
თოვა ფიქრების.
ვიქნები მარად
მოსაგონარი
და სახსოვარი
შენი ცხოვრების!
შეშლილი ფიქრებით
საით გარბიან ეს ფიქრები,
საით გარბიან?
გრძნობებში ქექვა განა კარგია,-
რაში მარგია?
მახეა დაგებული,
მსხერპლია გაღებული,
ფიქრი კი რატომღაც
თავზეხელაღებული...
მპატრონობს თითქოს,
ნებას არ ითხოვს,
ოცნებებს მიქსოვს,
ღამეში ჩაბნეული,
მზეში გაბნეული
ათინათებად, ათას ნათებად.
რიჟრაჟები თუ მირაჟებია?
აისები თუ დაისებია?
სიზმრად მავალო,
რა დაგავალო?
მახედ დაგებულო,
თავზეხელაღებულო!
შეშლილი აგვისტო ამეთვისტოს ფერებშია,
კვირა გრძნობათა ნაკრძალში დაიკრძალა,
დაღლილი ზაფხული გულს მიღმა დაიმალა,
ზედაშე დაიღვარა, ლაჟვარდი დაიცალა.
ფიქრი კი დარდიანს
აწ რაში მარგია?
მახეა დაგებული,
თაზეხელაღებული!
ნებას არ ითხოვენ,
კვლავ დარდებს მიქსოვენ,
ზედმეტი ბარგია,
კვლავ სადღაც გარბიან,
აწ რაში მარგია, აწ განა კარგია
ცხორების ქექვა და ზარების რეკვა.
დინებამ ინება, უთუოდ იქნება
მდორე შემოდგომა
და მღვრიე საღამო.
შეშლილი აგვისტო ამეთვისტოს ფერებშია,
დაღლილი ზაფხული წამს ეძებს საამოს.
ან ვინღა ვიქნებით,
ან როგორ ვიქნებით
შეშლილი ფიქრებით,
შეშლილი ფიქრებით!
თუკი
თუკი ერთხელაც შენს უმანკო თვალსაწიერზე
ზღვის სილურჯეში, მონატრების სილაჟვარდეში
გემი გამოჩნდა, მოგესალმა, თითქოსდა, აფრა,
რაღაც დატოვა და იდუმალ შორეთში გაქრა...
აჰ, ნუღარ იტყვი, რომ ეს იყო ხილვა გრძნეული,
იცოდე, კარგო, მე ვიყავი აფრა ეული.
თუ იგრძენ რაღაც გარდასულის იდუმალება,
თუ ფერხთით გაშლილ ზღვის ტალღებში განბანე ფიქრი,
თუ იგრძენ შუბლზე აბრეშუმი,-ნიავის კოცნა,
თუ შინ მიმავალს დაგეწია მხურვალე ლოცვა...
ნუ გაოცდები,-შენთვის სანთლად ჩამოვიქნები,
იცოდე, კარგო, ის ნიავიც რომ მე ვიქნები.
თუკი ფიქრების შარიშურში ამოიკითხე
სათქმელი ჩემი-სიყვარული განუზომელი,
ტალღა სტრიქონად შეიცანი ოქროფერილად,
ათინათები კი სიტყვებად-ციურ წერილად...
თუკი შენს გრძნობებს მონატრების სიმწვავეც ერთვის...
ო, მე ვიქნები სილაჟვარდის ყოველი წვეთი.
თუკი ზღვის ტალღებს თოლიებმა გადაუფრინეს,
ჩამოიტოვეს უდარდელად სივრცე გაშლილი,
მაგრამ... ის ერთი ვეღარ გტოვებს, ვეღარ გცილდება,
ფიქრებს მოიხმობ, მოგონებაც აღიმილდება...
იცოდე, რომ სულს შენზე დარდი შემოსწოლია
და მე ვიქნები, ჩემო კარგო, იგი თოლია!
მე შენზე ფიქრი იმქვეყნადაც არ მიმატოვებს,
ან სული ჩემი დაგცილდება ოდესმე ,განა?
ჩემი სიცოცხლის გარდასახვაც საჩუქრად გერგოს,
რადგან მიყვარხარ შვილი ჩემი და „ალტერ ეგო“.
შენთან ვარ, შვილო, კარს იქითაც, განა კარამდის,
შენთან ვიქნები, საყვარელო, აწ და მარადის!
შემოდგომა
აწ ველოდები ჩალისფერ ლანდებს,
ვანდე დროებას ჭრელი სიზმარი,
ვიჩქარი, წასვლა არ მინდა სადაც,
რადაც დაჯდება ეს სწრაფვა, ვიცი.
ფიცით ვამხნევებ შემკრთალ
სიარულს,
მხიარულს ვნახავ, ოდესმე ქუჩებს?
ურჩებს გავყურებ ვარსკვლავებს ცაზე,
გზაზე ამრეზით ტორტმანებს მთვარე,
მწარედ ქვითინებს მერიდიანი,
იანი დაჭკნენ, დაჭკნა იელიც,
იერი გრძნობას რადგან უცვლია,
უღლიან ღიმილს გაუკრთა ფერი.
მტვერი დაედო ზაფხულის ფარჩას,
დარჩა მოლბერტზე ნახატი ყალბად,
ალბათ გულისთქმაც ჩაიწვა მზეში,
თქეში წვიმაა-აკვნესებს ავდარს.
ჭადარს ფოთლები შემოეცალა,
ცალად მოვედით და წავალთ ცალად.
ვალად გაქვს ცრემლი-დარდის ამქარი
და მინანქარი-ფერმკრთალი სახე.
ნახე, ამ გზაზე წევს გველეშაპი
და ეშაფოტზე აჰყავს ფიქრები,
ვიქნებით მსხვერპლნი შემოდგომისა,
ომისა, რასაც სიბერე ჰქვიან.
გალია
გალია. გულისთქმამ წუთები გალია.
ვალია, მაგრამ მე უკვე არ მცალია,
რა სამართალია, რა ჩემი ბრალია,
თოვლი რომ იქნება...
რაღაცა იწყება.
გალია. ამ სოფლის ბრჭყვიალა გალია.
მაგრამ არ მცალია და ეს მართალია,
ძალიან რომ ჩქარობს, ეს კვირაძალია,
ვინ გამიჯავრდება,
რაღაც თუ მთავრდება.
გალია. ბილიკი ნაბიჯმა გალია.
თვალია მოშურნე, თუ გრძნობის ალია?
ვალია, მაგრამ აქ რა შემისწავლია?
წამლეკეს ფიქრებმა...
რაღაცა იქნება.
გალია. ნაჩვევი, ნაცნობი გალია.
მთვრალია საღამო,-სიცოცხლე გალია.
დალია ბადაგი. ეს ხარბი თვალია...
აწ რაღა იქნება?-
რაღაცა იწყება!
ნეტავი, რა ხდება?-
რაღაცა მთავრდება!
ვშორდებით
ეჰ, სიყვარულო, ვშორდებით,
ალბათ ერც განვმეორდებით
მხრებზე სიცრუის მორგებით,
შფოთვებითა და ბორგვებით,
ტყუილითა თუ მართალით,
ჭორით თუ ენის ჭარტალით,
კიცხვით თუ ფიცით
ვშორდებით, ვიცით.
რად გვინდა მწარე ალერსი?
დანას მაგონებ ალესილს
და შენი ბასრი სიტყვებთ
ახლა წუთიწუთ მიქრები,
ჩვენ კი ვითომდა გმირები,-
გრძნპბებით გასაგმირები,
გულისთქმას გავუსწორდებით,
რადგან ერთმანეთს ვშორდებით.
მაგრამ რაც იყო ლამაზი,
თან გაგატანე თავაზით,-
წარსული, აწ გარდასული
და შენგან გულგაბასრული.
წაიღე, რადგან გავიღე
ქარვა და ოქროცურვილი
მზე და ათასი ალმასი
და გაბადრული დღეები...
აწვიმს სასახლის ქონგურებს,
გრძნობები გაგვიორგულდნენ,
რად გვინდა ციხე-სიმაგრე,
სილაჟვარდე და სიმაღლე,
თუკი ერთმანეთს ვშორდებით...
ღამეა. ჩრდილთა ვერცხლია.
მინავლულია ზაფხული,
თუ მიბჟუტული ცეცხლია?
ეს გულის განაჩენია,-
თურმე ოცნებაც შენია!
ო, რა ხანია, ვშორდებით!
ვშორდებით!
ვეღარც ვშორდებით!
ოქრო გაეცალა, დაილია...
ოქრო ვერაფერში დავინახე,
ოქრო ყველაფერში გაილია.
ნუთუ, რაც მიყვარდა,-ტყუილია,
ნუთუ, რასაც ვხედავ,-ნამდვილია.
დილა ხელისგულზე მომეფშვნიტა,
სული შევუბერე,-ჰაიდა!
დარდი აიშალა, გაიშალა,
სულაც ცისკიდურზე ავიდა.
ნისლი იზმორება, იზმორება,
დარდში ნაოსნობენ ფიქრები,
დღეში ოქრო როგორ დავინახო,
თუკი ჯანღიანი ვიქნები.
საათი ქუცმაცდება, ქუცმაცდება,
წუთების მოისრა ლაშქარი,
საღამო სირცხვილისგან აილეწა,
დარდი ვერ მომაცილა მზაკვარი.
დაიმსხრა ღამე და ბასტიონი,
ჩემი ნაშენები სასახლე,
გარეთ უვარსკვლავო დროებაა,
ფიქრებს უალმასოდ ასახლებს.
ოქრო გაეცალა, გაილია...
სიზმრად თუ გაკრთება ხანდახან,
თვალი ამეხილა, ამეხილა-
ჭარმაგი ჟამი მოდის თანდათან.
მიდის
მოდის, მოდის, მოდის რაღაც საოცარი,
მიდის, მიდის მიდის რაღაც სალოცავი,
გარბის, გარბის, გარბის საზღვარს გადამცდარი,
რაც შენი ბრალია და შენივე გულის.
თოვლი, თოვლი, თოვლი,- გამოლეულია,
ფიქრი, ფიქრი, ფიქრი,- გაოცებულია,
სული, სული, სული,- დამორცხვებულია,
რაც შენი ბრალია და შენივე გულის.
წვეთი, წვეთი, წვეთი,-ისიც დაილია,
წუთი, წუთი, წუთი,-ისიც დაღლილია,
თასი, თასი, თასი,-ისიც დაცლილია,
რაც შენი ბრალია და შენივე გულის.
მოვა, მოვა, მოვა,- ალბათ სიმარტოვე,
ხსონა, ხსოვნა, ხსოვნა,-ისიც მიგატოვებს,
დარდი, დარდი, დარდი,-წლებზე დაითოვე,
რაც შენი ბრალია და შენივე გულის.
გავრბივართ
დროის ტყეში
ვართ,
გავრბივართ,
ასნი ართ,
თუ ათასნი
ვართ,
ჯანღშივ ართ,-ვეღარ
ავხსნილვართ,
ვალში ვართ,-სულ
დავაში ვართ.
ვინ არის
ის მონადირე,
ვინც ერთხელ
მოგვინადირებს?
ჩვენს დროს
რომ გაინაპირებს,
ჩვენზე რომ
გაინადირებს?
ანარქიებით,
ძიებით,
სურვილზე
შურისძიებით,
არარსებული
იებით,
და უშორესი მთიებით,
თავისუფლების
წყურვილით,
ბაჯაღლოშემობურვილით,
პეშვში ციმციმა
ნაპერწკლით,-
ღამეთა გადანავერცხლით,
გავრბივართ,
მაგრამ თან დაგვდევს
ჩვენი მარადი
მდევარი,
ფიქრი-ღამეთა
მთევარი,
დრო-გაწაფული
მწევარი.
უკვლებლივ
თავისუფლებით
ოდეს ყოფილა
ფენილი
გული-ოცნებით
დევნილი,
სიცოცხლე
-დროით დევნილი.
პარალელური გზები
პარალელური გზებით
და იდუმალი გზნებით,
ფერგადაცლილი ვერცხლით
და მინავლული ცეცხლით.
ო, რახანია, ვცდებით
დატყვევებული წლებით,
პარალელური გზებით,
მარად ამაო გზნებით.
არ იკვეთება არსად
ქცეულა რაღაც ფარსად,
ჩვენივე ფიქრებს ვგავართ,
ისევ იმ გზაზე ვდგავართ.
მე ერ მოვსულვარ შენთან,
შენ ვერ მოსულხარ ჩემთან,
იქნებ, სულ ჩაიღვენთა
ცვილი ღამეთა ჩვენთა.
ვერ გავითენეთ ტკბილად
ჩვენ უტკივილო დილა,
პარალელური გზებით
ვიცი, ამაოდ ვშვრებით.
ფიქრთა თოვაა. მეტყვის
ალბათ მწერალი ბედი:
-სხვა რა მინდოდა შენთან?
შენზე ნოველას ვწერდი.
დაწესებული ვალი
იქნებ, ეს იყო მხოლოდ?-
გვევლო მარადი გზნებით,
პარალელური გზებით.
იქნებ, სიუჟეტს ვთხზავდით,
ვქმნიდით ნოველის ქარგას,
იქნებ, სავსეა წამიც,
იქნებ, არაფერს ვკარგავთ.
ჩვენი პროლოგის სითბო
მაშვრალ ეპილოგს გვიტკბობს.
ჩვენივე ამბავს ვგავართ,-
ისევ იმ გზაზე ვდგავართ.
გახსნილი
ქოლგა
შენ გამიღიმე
და მანუგეშე
გჩვევია როგორც-ტკბილი
ფრაზებით.
შენ ჩაისახლე
გულში ცამრგვალი
ამ სიყვარულის
შეთავაზებით.
და ქარიშხალიც
დააშოშმინე,
ძვირფასო
დედა, როგორც გჩვევია,
სხვა საყუდარი
რად უნდათ ფიქრებს?-
მათ შენი
გული აურჩევიათ.
უცებ მიგიხდი, უძვირფასესო,
რატომ იბრწყინე
ჩემს ფიქრში მზეებრ,-
ამაგი შენი-გახსნილი
ქოლგა
რომ აფარია
ჩემს სალუქ დღეებს...
გადაიწვიმა.
სიმშვიდის ქარვა...
დღე თაფლისფერი. ბორკილახსნილი...
რა საამოა!-ვიცი,
ჩემთან ხარ,
კვლავ ხელთ
გიპყრია ქოლგა გახსნილი!
ზღვას
ვხედავ, იშლება უცებ საზღვარი,
ღვარი მოიწევს,
მკოცნის ზღვაური,
რა საზღაური
უნდა გავიღო,
წავიღო როგორ
სიტურფე შენი?
მშვენის ტალღების
ნაალერსალი,-
ალი ატყვია
ნაზღვაურ სხეულს,
შორს მიმობნეულ
სიყვარულს ჩემსას
კემსავ ციმციმა
ათინათებად.
სანთლებად
იწვის თვალწინ ზურმუხტი,
გულუხვი მზერა
დაეძებს შორეთს,
მორევს გრძნობისას,-ცრემლებად
ნაჟურ
ზაფხულს ეს
ჟამი ზღვად მაზღვევინებს
და მაწვნევინებს
სველ გრძნეულებას
გზნებას ნოტიო
იდუმალების.
ზღვა სველ
ქვიშაზე არშიებს ქარგავს,
კარგავს სიდინჯეს
გულგაბასრული,
გრძნობაშეძრული
გვზვერავს თოლია,
შემოსწოლია
ეჭვი მძვინვარე,
მჭვირვალე
დარდი-ზღვა სიყვარული.
სრული გრძნობები
დამედინება,
ფიქრებად
ქცეულს მკოცნის ზღვაური,
და მეზღვაური
ფრინველი მზვერავს.
მწვერვალს
გაყურებ მშვენიერების,
ფერების ოსტატს-ვუღიმი
ტალღას,
ახლა არცა
მაქვს სხვა საფიქრალი,
მთვრალი გრძნობებით
შორეთის გზად ვარ...
მზად ვარ!
ჩივილი მომივა აზრად?
ზღვად მაზღვევინოს
ზღვამ სიყვარული.
დაობლებული საგნები
საგნებო, ვიცი, რომ ერთხელაც დაობლდებით,
საგნებო, იცი, რომ ერთხელაც მიგატოვებთ,
შემოგეჯარებათ ხსოვნის პაემნები,
ფიცით შეგეკვრებათ მწვავე სიმარტოვე.
ალბათ, თქვენ გახდებით მხოლოდ სახსოვარნი,
ხსოვნათა მთოვარნი და დანატოვარნი,
ამაოებაზე ფიქრის მომგვრელები,
უკვე გარდასულზე ფუჭი მომღერლები.
დაგაკვირდებიან, ალბათ, ყურადღებით
ჩემი ნირშეცვლილი ფოტოსურათები,
წლები უსასრულოდ გაიწელებიან,
ჩემი შვილები თუ მოგეფერებიან.
მოვა უმრწემესი,-ფიქრი დაეღლება,
კაბას მოგონება ცრემლად დაეღვრება,
ღამე -ფიქრიანი, ხსოვნა-სანუკვარი,
ოთახს ააკვნესებს დარდით ნაუბარი.
გაიცრიცება ფერები
ხალასი,
ნელ-ნელა ჩაქრება საყურის ალმასი;
განა გარდასული ისევ დაბრუნდება,-
თქვენი სიკასკასე, ვიცი, გახუნდება!
საგნებო, ვიცი, რომ ჩემგან გაწბილდებით,
საგნებო, ვიცი, რომ მწარედ ატირდებით,
მაგრამ მე თქვენზე არ ვიდარდებ, გახსოვდეთ,
საგნები ზეცაში არაფრად ფასობენ.
უფლის სიახლოვე წამსაც გააბრწყინებს,
თქვენგან თავისუფალს, დარდებს დამავიწყებს,
თქვენკენ მისწრაფება,-ამაო ჯაფა
წარსულს ჩაბარდება, საგნებო, სწრაფად!
დრო მოვა-ამ ფუჭი ცხოვრების მსტოვარი,
გგონიათ, იქნებით კვლავ სწორუპოვარნი?
გახდებით, საგნებო, მხოლოდ სახსოვარნი,-
ხსოვნათა მთოვარნი და დანატოვარნი!
დროის ისარი
დროის ისარი, ნეტავ, ღმერთო, უკან დასწიო!
დროის ისარმა წარსულისკენ, ნეტავ, გასწიოს!
უკან დავფურცლო ჩემი წიგნის, ნეტავ, გვერდები!
დასწიე ჟამი,
მოწიწებით შეგევედრები!
დრო, ჩემი ბედის ანგელოზო, უკან დასწიე!
დროის ისარი კვლავ უღრუბლო დღეებს აწვიე!
ნეტავ, ვიხილო ყრმობა ჩემი-ხანა მზიანი,
ფიქრები ჩემი-გასაოცრად თავაზიანი.
დროის ისარი, ალაბასტრო, უკან დასწიე,
დრო შეაჩერე, ცის სარტყელზე გადაარწიე!
წარმომიდგინე ყრმობა ჩემი ციურ ფერებად,
სადაც სიმშვიდე უნაზესად მომეფერება!
დრო შეაჩერეთ, წინაპარნო, ჩემი გვარისა!
მაწვიეთ ჟამი ბროლისა და მინანქარისა,
დაე, ამიხდეს სანუკვარი ჩემი სიზმარი,
უკან დასწიე, სულო ჩემო, დროის ისარი!
წამით შევდგები სათავესთან ჭკვიანი ბავშვი,
მერე ჩემს სულში მოქათქათე იალქანს გავშლი,
დროის ისარმა სასწაული თუკი ინება,
სხვაგვარი რწმენით გავუყვები სხვაგვარ დინებას.
არ გავიკარებ მოღალატე დღეებს და ფიქრებს,
დავიმეგობრო სიმყუდროვე სულისა იქნებ,
ნეტავ, ამიხდეს სანუკვარი ტკბილი სიზმარი
დასაწყისისკენ გადავწიო დროის ისარი!
დროის ისარი, ანგელოზო, უკან დასწიე!
დროის ისარი, ბედისწერავ, უკან დასწიე!
დროის ისარი, ალაბასტრო, დასწიე უკან!
დროის ისარი,
სულო ჩემო, დასწიე უკან!
მოდის
რახანია
ახლა მთვარეულთა
ღამის ზღაპარია,
ახლა ვარსკვლავების
კონა გაბარია,
გინდა, ამ თამაშით
ნატვრა აისრულო?
ფიქრით დაისრულო!
დარდით დაისრულო!
ჭკუა ჯიუტია,-საით
გაუტია,
განა ახალია,-დავობს
რახანია,
გრძნობებს ეომება,-დარდი
მეორდება,
დასტა აურია,-აურზაურია.
კარტი აჭრილია,-ბედი
დაცდილია,
მღვრიე მორევია,-როგორ
მოგრევია,
საქმეც ამაშია-ეგ
ხომ თამაშია?
ეგ ხომ არაკია?-ცრუ
ლაპარაკია...
მორჩეს მისტერია,-გრძნობის
ისტერია,
ღამე გაილია,-თასი
დაილია,
დილა მობრძანდება,-გვმართებს
მოკრძალება,
იგი ვარდისაა,-განა დარდისაა.
ოქროდ დაუზღვავდი,-ჭკუას
დაუზავდი,
მორჩა ძიებები-შურისძიებები;
მანათობელია,
მახარობელია,
ეს დღე ახალია,
-მოდის რახანია!
ამაზე ვიფიქრებ ხვალ!
დრო გადის, -დაისი ახლოვდება;
გადახდა უნდაო ვალს...
ახლა თავს ნუ
მახსენებ, ლაქესისო,
ამაზე ვიფიქრებ ხვალ!
მრთველო, შეაჩერე შენი ჯარა!
სიამე ვაჩუქო თვალს!
ახლა ბალახს უნდა გავუღიმო,
შენზე კი ვიფიქრებ
ხვალ!
ხელებით გაზაფხულს დავატარებ,
გულით კი მგზნებარე ალს,
ალუბლის ყვავილებით შევიფიფქო,
შენზე კი ვიფიქრებ ხვალ!
ვიცი, რომ ისევ ართავ ბედის ძაფებს,
ვიცი, რომ არ შემარჩენ ვალს,
ოღონდ დღეს დამეხსენი, ლაქესისო,
ამაზე ვიფიქრებ
ხვალ!
აპრილის
ღამე
აპრილის ღამე-ტაურუსის ზღაპრული
ღამე,
ცაზე ვარსკვლავთა ყვავილწნული
და ნახატები;
ნარინჯისფერი გიშრის ფონად
ღამეს იფერებს,
უხვად იფრქვევა ტოპაზები და ალმასები.
ბრუნავს ცამრგვალი,-ციური
წრე ვარსკვლავიერი,
სავსეა თაღი,-კოსმიური ოქროს
მარანი,
ახლა ღამეა,-ცაზე ქშინავს ციური ხარი,
მკვეთრად ელვარებს თვალი
მისი-ალდებარანი.
ჰიადები და პლეადები იპყრობენ
მზერას,
წვიმის მომყვანი
ვარსკვლავები მამცნობენ რამეს?
ხვალ უსათუოდ
სონატინას დაუკრავს წვიმა,
თუმცა ვარსკლავთა
ღვართქაფებში ნებივრობს ღამე.
სურნელოვანი გაზაფხულით გაჯერდა
თუმცა,
პლეადა იქნებ ქარიშხალთა
მაცნეა ახლა?
ცვალებადობას ამინდისას გაუგებ
რამეს?
ღვთაებრივ ღამეს კოსმიური
მიზნებიც ახლავს.
დახუნძლულია ვარსკვლავებით
თუმცა ცამრგვალი,
ციმციმებს თაღი,- ზეციური
ოქროს მარანი,
აპრილის ღამე-ტაურუსის ზღაპრული
ღამე,
და მოკაშკაშე თვალი მისი-ალდებარანი!
აგრეთვე მეც
ძვირფასო, უფალმა
გაჩუქა აისი
და შეყვარებული, მთრთოლვარე მაისი,
სიცოცხლის გვირგვინი-გიზგიზა მზეც,
აგრეთვე მეც,
აგრეთვე მეც!
ცისფერი ლანდები,-გალობენ დღეები,
ალმასებს აფრქვევენ-მიჰქრიან თვეები,
შენით ავსებულა ღამეც და დღეც,
აგრეთვე მეც!
აგრეთვე მეც!
დღის მეწამულებით თვრებიან
წამები,
სად გამითენდი და სად
დამიღამდები?
გამდიდრდა გრძნობებით წელიც და თვეც,
აგრეთვე მეც!
აგრეთვე მეც!
უყვარხარ, ძვირფასო, თვალსა და გონებას,
ეს გული სანამ ძგერს, შენ დაგემონება,
წლებიც და თვეებიც, დღეცა და მზეც,
აგრეთვე მეც!
აგრეთვე მეც!
დაისიც მოიმკის ღირსეულ დასასრულს,
ჩვენ მარადიულს ვერ მივუზღავთ
აღსასრულს,
მარად გეყვარები, ძვირფასო,
შენც,
აგრეთვე მეც!
აგრეთვე მეც!
დინების საწინააღმდეგოდ
მიდი, მდინარევ, დაანგრიე ყველა ჯებირი!
გაცოფებულო, იგუგუნე მრისხანე ბანით!
თუნდაც გაშალე სივრცეებზე უკიდეგანოდ
ბრაზით და ბოღმით დამუხტული ეგ შენი ღვარი!
თუნდაც ღვარცოფად ჩამოშალე შავი ზვირთები...
იცოდე, დაბლა არ ჩავყვები მე შენს დინებას,
საწინააღმდეგოდ ვიცურო შენი ლოგიკის,-
გონებამ ჩემმა, გულმა ჩემმა ასე ინება.
მიზანი ჩემი უბრალოა, არ არის დიდი;
აღმა რას ვეძებ?-წყეულ ვიყო, თუკი ვიცოდე,
საწინააღმდეგოდ გავცურავ, მდინარევ, მაინც,
შენ თუნდაც წერაატანილი სული მიწოდე..
აი, მარჯვენა ნაპირზე ჩანს გვირილა თეთრი!
იმ უსათუთეს ყვავილამდე მივცურო თუნდაც...
გულს არ სწყურია არნახული, არგაგონილი,
გულს პაწაწინა, სულ უბრალო ზღაპარი უნდა...
რა მოხდა, თუკი მრისხანებენ შენი ზვირთები,
და თუ ტრიალებს ირგვლივ ავად მორევი შავი...
მაინც არ მინდა, დაღმა ჩავყვე მე შენს კალაპოტს...
მაინც არ მინდა, შენთან დავდო, მდინარევ, ზავი...
ჩაყვე დინებას,-უღიმღამო ყოფიერებას?
უნდა უცქირო საკუთარი სულის დაკრძალვას?
ნეტავ, ვის ხიბლავს ერთფეროვან დღეთა სუდარა,
ნეტავ, ვის უნდა საკუთარი რწმენის აკრძალვა!..
დათვურ სამსახურს ნუ გამიწევს მწერალი ბედი,-
ჩემს მოქათქათე გვირილამდე მივცურო უნდა...
გულს არ სწყურია არნახული...არგაგონილი...
სულ პაწაწინა...სულ უბრალო ზღაპარი... თუნდაც...
გაფრენილა
დინების საწინააღმდეგოდ
მიდი, მდინარევ, დაანგრიე ყველა ჯებირი!
გაცოფებულო, იგუგუნე მრისხანე ბანით!
თუნდაც გაშალე სივრცეებზე უკიდეგანოდ
ბრაზით და ბოღმით დამუხტული ეგ შენი ღვარი!
თუნდაც ღვარცოფად ჩამოშალე შავი ზვირთები...
იცოდე, დაბლა არ ჩავყვები მე შენს დინებას,
საწინააღმდეგოდ ვიცურო შენი ლოგიკის,-
გონებამ ჩემმა, გულმა ჩემმა ასე ინება.
მიზანი ჩემი უბრალოა, არ არის დიდი;
აღმა რას ვეძებ?-წყეულ ვიყო, თუკი ვიცოდე,
საწინააღმდეგოდ გავცურავ, მდინარევ, მაინც,
შენ თუნდაც წერაატანილი სული მიწოდე..
აი, მარჯვენა ნაპირზე ჩანს გვირილა თეთრი!
იმ უსათუთეს ყვავილამდე მივცურო თუნდაც...
გულს არ სწყურია არნახული, არგაგონილი,
გულს პაწაწინა, სულ უბრალო ზღაპარი უნდა...
რა მოხდა, თუკი მრისხანებენ შენი ზვირთები,
და თუ ტრიალებს ირგვლივ ავად მორევი შავი...
მაინც არ მინდა, დაღმა ჩავყვე მე შენს კალაპოტს...
მაინც არ მინდა, შენთან დავდო, მდინარევ, ზავი...
ჩაყვე დინებას,-უღიმღამო ყოფიერებას?
უნდა უცქირო საკუთარი სულის დაკრძალვას?
ნეტავ, ვის ხიბლავს ერთფეროვან დღეთა სუდარა,
ნეტავ, ვის უნდა საკუთარი რწმენის აკრძალვა!..
დათვურ სამსახურს ნუ გამიწევს მწერალი ბედი,-
ჩემს მოქათქათე გვირილამდე მივცურო უნდა...
გულს არ სწყურია არნახული...არგაგონილი...
სულ პაწაწინა...სულ უბრალო ზღაპარი... თუნდაც...
მიყვარხარ მთვარემდე!
იცი, რამდენად მიყვარხარ?-
ამოდენად და ამხელად!..
სიტყვები, განა, შეძლებენ
ამ სიყვარულის გამხელას.
ენა დადუმდეს, ოღონდაც
სიყვარულს ჯვარი ეწეროს,
მზე ეფერება მაღალი,
ხუჭუჭა ნაძვის კენწეროს...
მე უფრო მაღლა მიყვარხარ,-
იმ თეთრი ღრუბლის ფთილამდე,
მე შენ უფრო შორს მიყვარხარ,-
ცრემლამდე და ტკივილამდე!
თვალსაწიერზე მაღალო,
მე შენზე მაღლა მიყვარხარ!
მიყვარხარ დასაწყისიდან!
დასასრულამდე მიყვარხარ!
და ოთხივ კუთხით ლივლივებს
შენი ქათქათა სახელი,
ხარ დიდი ბედნიერება,
ხარ უცნაური ნაღველიც...
უსასრულოვ და უსაზღვროვ,
მე შორს და მაღლა მიყვარხარ!
მე სიცოცხლიდან მიყვარხარ!
მე სიკვდილამდე მიყვარხარ!
და რადგან დაჟინებით მთხოვ
სიყვარულს-როგორს, რამხელას...
შენი მარტივი ენით მსურს
ჩემი გრძნობების გამხელა:
ვიდრე ციური კანონით
სულს ზეცას მივაბარებდე,
მე ცაზე მაღლა მიყვარხარ!
მიყვარხარ, შვილო, მთვარემდე!
გაფრინდნენ მოზამთრე ფრინველები
და ჩემი სიმარტოვეც გაფრინდა,
როგორც წელიწადმა გაიარა,
როგორც შემოდგომამ ჩაიარა,
თითქოს გარდასულ დღეს აეკიდა,
წეროთა ქარავანს გაეკიდა.
მშვიდობით, მეგობარო, გეთხოვები,
ჩვენ უკვე აღარ გვიყვარს ერთმანეთი!
გრძნობები სიმშვიდეში დაიფერა,
ნოველა ბოლომდე დაიწერა;
ხიბლი დაგეკარგა, სიმარტოვევ,
გაფრინდი, სამუდამოდ მიმატოვე!
მაგრამ კაეშანი აწრიალდა,
გულში ქარაშოტი დატრიალდა,
ჩვეული ჭირიც კი მენანება,
ჩემი სიმარტოვეც მენაღვლება,
მახსოვს მეინახე საიმედო,
გულმა როგორ უნდა გაიმეტოს?
ჩემო თავისუფლებავ, მიმატოვე!
ეპილოგს არ უხდება სიმარტოვე,
როგორც გარდასულმა გაიარე,
როგორც მოგონებამ ჩაიარე,
სამხრეთის ფრინველებს აეკიდე,
წეროთა ქარავანს გაეკიდე!
ფრთები გაუშლია, აფრენილა,
ჩემი სიმარტოვე გაფრენილა!
უამინდობა
დაწინაურდნენ
წვიმები,-უამინდობამ იძალა,
ქარი
ბორგავს, თუ იმსხვრევა ნასათუთევი ფიქრები,
როგორც
წვიმაში ჩამბალი ეს ნაცრისფერი დღეები,
მეც
კაეშანის მეუღლე,-უამინდობა ვიქნები.
გულში
ყინულის ნემსით და სულში მიჩქმალულ სიტყვებით
შევყურებ
ქუჩას და მსუდრავს პირქუში უამინდობა,
გადავივიწყე
ზვირთებზე აგელვებული აფრები,
გულმა
ნაღველი ინდომა, სულმა ცრემლები ინდომა.
ცაზე
იმსხვრევა ღრუბელი-შავი ყაყაჩოს კორომი,
დარდის
თაიგულს მიკონავს, გალუმპულ დღეებს მთავაზობს,
აივსო გული ნოტიო უამინდობის პარპაშით:
-სადა
ხარ, დილავ ლამაზო, სადა ხარ, დღეო, ლამაზო!
ქარი
დალეწილ სურვილებს დაათრევს ვაი-ვაგლახით,
წვიმა
ცრემლიან რექვიემს უთხზავს გალუმპულ დროებას,
მეფობენ
არა მეფენი,-პირქუში უამინდობა
და
სულთა განმარტოება და სულთა განმარტოება.
დაწინაურდნენ
წვიმები,-უამინდობის ჟამია,
კუშტი
ბატონი სევდიან ბისონს გულუხვად მთავაზობს,
მაგრამ
გულიდან მისხლტება ფრაზა,-ჩურჩულით ნათქვამი:
-ოჰ,
როგორ მომნატრებიხარ! სადა ხარ, მზეო, ლამაზო!
გარეთ
კი სველი წამია!
უამინდობის
ჟამია!
სოფლებო
და ქალაქებო!
ფობოსმა და დეიმოსმა
გადათელეს ეს
ქვეყანა,-
სოფლები და ქალაქები,
დაბები და ჭალაკები,
მაღლობებიც, დაბლობებიც,
შორეულნიც, ახლობლებიც...
თითქოს იყოს მათი
ხანა,
გადათელეს ეს
ქვეყანა.
ფობოსმა და დეიმოსმა
გადაჭამეს ეს
ქვეყანა,-
ხეზე ხილი, ყანა,
ზვარი,
ბაღნარი და ყვავილნარი,
ბორცვზე ია, ტყეში
ხენი
და საჩვენო ტკბილი
დღენი.
თითქოს იყოს მათი
ხანა,
გადაჭამეს ეს
ქვეყანა.
ფობოსმა და დეიმოსმა
ამოხვრიპეს ეს
ქვეყანა,-
სკაში თაფლი,-თითქოს
ქარვა,
დარდი ვერვინ
გამიქარვა,
რძე და წყალი,
ქვევრში-ღვინო...
დამიმთავრდი,
იქნებ, ლხინო!
თითქოს იყოს მათი
ხანა,
ამოხვრიპეს ეს
ქვეყანა.
ფობოსმა და დეიმოსმა
დაიმკვიდრეს ეს
ქვეყანა,
ყველანი და ყველაფერი,-
მიწაც, წყალიც,
ბერიც, ერიც...
არაფერი არის
სრული,-
სიცოცხლიდან მიჰქრის
სული.
თითქოს იყოს მათი
ხანა,
დაიმკვიდრეს ეს
ქვეყანა.
ფობოსმა და დეიმოსმა
დაამუნჯეს ეს
ქვეყანა,-
რაინდული ჩვენი
სული,
მგზნებარება,
სიყვარული,
მოკასკასე ჩენი
რწმენა,
მოლიკლიკე ჩვენი
ენა.
თითქოს იყოს მათი
ხანა,
დამიმუნჯეს ეს
ქვეყანა.
ფობოსმა და დეიმოსმა
ამიშალეს ეს ქვეყანა,
დამიმწუხრეს ლურჯი
მთები,
დამიხლართეს თეთრი
გზები,
უთავბოლო არაკებით
მომიტყუეს ქალაქები.
თითქოს იყოს მათი
ხანა,
გადამიხრეს ეს
ქვეყანა.
შემიცვალეს თითქოს
მიწა,
შემიცვალეს თითქოს
წყალი,
და პროკრუსტრეს
საწოლზე წევს
ახლებური სამართალი.
სულში წყლულით,
ჟამით კრულით,
ხელში ვარდით, გულში დარდით
დავრჩით როგორც
მთვარეულნი,-
არეულნი, დარეულნი...
სოფლებო და ქალაქებო,
თქვით, რა შეგრჩათ სანაქებო?!
აისბერგი
ოკეანეს მიყვება აისბერგი,
თვალისმომჭრელ სითეთრეში გახვეული,
აისბერგი-მარად თავდაჯერებული,
ოკეანე-მარად ტალღებგაბნეული.
ექსტრემალურ სილამაზეს აედევნა
შიშისაგან მოცახცახე გული ჩემი.
სიჩუმეა. მიჰქრის თეთრი აისბერგი-
ყინულისგან ჩამოქნილი თეთრი გემი...
დამფრთხალ ტალღებს დაეკარგათ ხმაში რიხი,
აისბერგი ალმასის მთა გეგონება,
თითქოს იგი ოკეანეს ვერც კი ამჩნევს...
ოკეანე კი აისბერგს ემონება.
ზვირთი ფეხქვეშ ნაგაზივით გაუგორდა,
სიყვარულმა აულოკა კალთა ცივი,
მაგრამ მეფობს შემზარავი გარინდება,
მაგრამ ყლორტი სიხარულის არსად ღვივის.
ცალმხრივ გრძნობებს-ფერმკრთალ გრძნობებს სუსხმა დაჰკრა,
ლიპ ყინულზე ვინ დაიდოს თბილი ბინა?
აისბერგი-გულზვიადი ეს ცხოვრება
თბილ სასთუმლად, ნეტავი, ვინ მიიჩინბა?
მაგრამ მაინც ტყვე ვართ მისი მშვენებისა,
ძვირფასია ამ ცხოვრების თითო წამიც,
ყინულის მთას დაემონა ჩვენი გული,
ექსტრემალურ სიყვარულში გადის ჟამი...
ამ გათოშილ, ამ გარინდულ ყინულეთშიც
უნაზესი იმედისა დავრგეთ ნერგი...
მიუყვება ჩვენი გრძნობის ოკეანეს
აისბერგი, მოელვარე აისბერგი!
აჰ, რად არა ვარ მე ასტროლოგი!
დაირახტება ვარსკვლათა
რუკა,
ცა მალე გაშლის
უთვალავ ყვავილს,
ღამის მისტიურ
სიტურფეს ველი,
ისევ წამლეკავს
სიტურფე მწველი.
ზეციურ ქსელში გავიხლართები,
ჩავიღვენთები
ღამის ციაგში,
აკიაფდება ალდებარანი,-
ხვავით სავსეა
ზეცის მარანი.
ინახად გვერდით
ამედევნება
მე სინანული ანაზდეული,
ტვირთი წამლეკავს
ტკბილმწარე ბორგვის:
-აჰ, რად არა
ვარ მე ასტროლოგი!
აჰ, რად არ ძალმიძს
ვიპოვო ცაზე
უცხო ყვავილი-ბედის
ვარსკვლავი,
ჩამცხრალა იქნებ-ლოდად
ქცეულა,
ან იქნებ ბჟუტავს
სადღაც ეულად!
იქნებ ჩახჩახებს
ათასი ფერით,
ათასი გრძნობით
სავსეა იქნებ?
-აქა ვარ!-იქნებ
მეძახის ახლა
და მარადიულ მეგზურად
მახლავს...
-ეს მე ვარ!-ცის
თაღს აწყდება იქნებ,-
ნუ გეშინია!-ირწევა
ექო...
მე კი არ ვიცი ვარსკვლავთა ენა,
ვერ შეიფარა იმედი
სმენამ.
გრძნობები ისევ აფორიაქდნენ,
ისევ ვარსკვლავთა
დაიწყო დელგმა;
ზოგი მრუმეა,
ნათელი ზოგი...
აჰ, რად არა ვარ
მე ასტროლოგი!
ფიქრის ძაფს ვართავ!
ფიქრის ძაფს ვართავ, გულისტკივილს კვალდაკვალ მივდევ,
ჟამი მოკლეა, დღეები კი საოცრად სწრაფი,
ნართი რთულია, - დაიძაბა მთელი ცხოვრება,
ო, მეტისმეტად, მეტისმეტად წვრილია ძაფი!
გულიც გაწვრილდა უცნაური განსაცდელებით,
ამაყი ექო მიიბარეს ლაბირინთებმა,
დღე გაილია-გაბატონდა ცამრგვალზე ღამე,
მაცდური მთვარე ალებასტრის ფერით ინთება.
მოწყენილი ვარ და ჯურღმულშიც მივყვები ფიქრებს,
დარდებს ამძაფრებს ფერმიხდილი მთვარის არილი,
ვერ მანუგეშებს ახლა დელგმა ვარსკვლავიერი,
წმინდა ბროლი და დიდებული აკვამარინი.
მოწყენილი ვარ! მეტისმეტად მოწყენილი ვარ!
და თვითმკვლელივით
ვეძალები ბანგიან ფიქრებს,
ცაზე მთვარეა
ალებასტრის მკვდრული სიფითრით,
დაბლა მე ვარ და გაოცებულ ღამეებს ვიკრებ!
ფიქრის ძაფს
ვართავ, ვარსკვლავების მესმის ჭარტალი,
საფიქრალს ჩემსას დაჟინებით მივდევ კვალდაკვალ,
მთვარევ, სიმშვიდეს ნუ გაიღებ, არ მიყვარს ვალი!
გაკერპებული მივაბიჯებ გზაზე კვლავ და კვლავ!
კარი
კარი იღება,-სახლში ვარ,
კარი იღება-ცაში ვარ,
კარის წინაშე ვალში ვარ,
კარისთვის წმინდა ბავშვი ვარ.
ვალად მაქვს კარის წინაშე
თავი მორჩილად დავხარო,
კარს იქით ცხოვრობს ოჯახი,-
ჩემი კუთვნილი სამყარო.
კარს იქით ფაციფუცობენ
ნაირნაირი ფიქრები,
კარს ვაღებ მუდამ იმედით:
კარს იქით კარგად ვიქნები!
რომ ქუჩის ორომტრიალი
გრძნობებს არ აეკიდება,
გარეთ ვარ,
კარზე ვოცნებობ,
კარს იქით ყოფნა მინდება,
რომ კუთვნილ მიკროკოსმოსში
არვინ მირღვევდეს სიმშვიდეს,
კარი იღება. კარს უნდა
ღიმილს არავინ მიშლიდეს.
კარებს მიღმა კვლავ კარია,
გაიღება და... ცაში ხარ!
იმ კართან მარად
ვალში ხარ!
კარს იქით ციურ სახლში ხარ!
ჩასაფრებული ღიმილი ჩემი
მეგონა, თავი მივანდე გრძნობებს,
შურისძიების აგორდა ტალღა,
რომ სიმკაცრეში დავფერე ფიცი,
რომ ქედმაღლობით ვისურვე დაღლა,
რომ ნატიფ ფიქრთა მოისრა ჯარი,
რომ დილა გაქრა ჩემი სახლიდან,
რომ გავურისხდი საკუთარ ღიმილს,
რომ გავაძევე იგი სახიდან.
მაგრამ იცინის დრო უდარდელად,
აამოქმედა კანონი ზუსტი,
დააშოშმინა მრისხანე გრძნობა;
ადამიანი სუსტია, სუსტი!
არ მინდა გავტყდე, მაგრამ თანდათან
ქარწყლდება ჩემი თავხედი ფიცი;
აღმოსავლეთით ოქროს აისი,
დაბლა კი ჩემი ქადილი იწვის.
ჩასაფრებია
ღიმილი ისევ
შემკრთალ ფიქრებს და დარცხვენილ სახეს,
თვალის კილოსთან, ტუჩის კუთხესთან
ჩასაფრებული ღიმილი ვნახე.
სიმშვიდე მოაქვს. ბრუნდება იგი,
აკვნესდა ფაქიზ სიმებზე ხემი,-
ჩასაფრებული ღიმილი ჩემი!
ჩასაფრებული ღიმილი ჩემი!
ურიტმოდ ვმოძრაობ
ურიტმოდ ვმოძრაობ,-ვმოძრაობ ურიტმოდ,
ცეკვები ურიტმო,-ლექსები ურითმო,
გრძნობა უჩვეულო,-სული უსხეულო,
ზოგჯერ დადაფნული, ზოგჯერ დაზაფრული.
ხან ფართოდ გაშლილი, ხან ცაში აჭრილი,
ხან დაბლა მზირალი, -ქვესკნელში მტირალი,
გრძნობებს აყოლილი, დარდს არ დაყოლილი,
ფიქრს აკიდებული-გადაკიდებული.
დარდს ადევნებული,-ოცნებით ვნებული,
ხან ამაღლებული, ხან დამდაბლებული,
ხან ზღვისკენ მღელვარე, ხან მზეებრ ელვარე,
რა გრძნობით მოცული, ან როგორ მოსული?
მშვიდობით ნაცნობო, ნაცნობო წესებო!
მშვიდობით წუთებო!
მშვიდობით დღეებო!
ფრაზები ურითმო, ცეკვები ურიტმო...
ურიტმოდ ვმოძრაობ! ვმოძრაობ ურიტმოდ!
ვშორდები ნაცნობი გალავნის ქონგურებს!
დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ფიქრები:
კარგად ვარ!-აქ ისე გაშლილა სამყარო!
ცუდად ვარ!-აქ დიდხანს უცნობი ვიქნები!
არ ვიცი, რა მინდა!-ფიქრს ფიქრი დაერთო,
ან საით მივდივარ... მივდივარ საერთოდ?
მაღლობზე ავდივარ, თუ დაბლა ვეშვები?-
ყვირიან, ყვირიან, ყვირიან ეჭვები.
აჯანყდნენ გრძნობები. ვინაა მომრევი?
წინ მოგონებების ტრიალებს მორევი;
რა დიდებულია!- ვმოძრაობ ურიტმოდ!
რა სამწუხაროა!-ვმოძრაობ ურიტმოდ!
ცოტ-ცოტა
ცოტ-ცოტა იმედი
ამერის, იმერის...
ცოტ-ცოტა სიამეც
დათალხოს სიავემ?
ცოტა სიყვარული,
ცოტა სიხარული,
ცოტ-ცოტა ფერებით
ვის მოეფერები?
ცოტ-ცოტა ღიმილიც
აივსო ტკივილით.
ვერ დაიფერება
მზით ბედნიერება,
თუბ სული- ასკეტი
ცოტ-ცოტას სჯერდება,
გული არ ბერდება,
გული არ ბერდება!
ის -მაქსიმალისტი
ცხოვრების მორევში;
ინ არის, ვინ არის
ცხოვრების მომრევი?
ის-მარადიული
შიმშილით ვნებული,
ის-მაქსიმალური
სურვილით ცხებული...
რა საოცარია!-
არასდროს ჩერდება!
და განა ცოტ-ცოტას,
ცოტ-ცოტას სჯერდება!
კედელი
ხის კედელს დავწვავდი,
ქვისას დავანგრევდი,
მინისას დავამსხვრევდი,
რკინისას გავარღვევდი,
მიწისას მოვთხრიდი,
თიხისას მოვშლიდი,
ეკლისას დავწვავდი,
კლდისას კი დავძრავდი...
და ცხადად გექცეოდი,
ღიმილით გეწვეოდი,
და შენთან მივიდოდი,
და ჩემთან მოხვიდოდი,
მაგრამ ეს კედელი
არ არის არც ხისა,
არ არის არც რკინის,
არ არის არც ქვისა,
არც მინის, არც მიწის...
ვერც ვანგრევ, არც იწვის....
დრომ ვეღარ დაშალა,
დარდი ვერ წაშალა...
შენ ვერ გადმოლახე,
მე ვერ გადავლახე
კედელი ჩვენს შორის...
კედელი ჩვენს შორის...
ყოველდღიური ხალხი
კედელი
ხის კედელს დავწვავდი,
ქვისას დავანგრევდი,
მინისას დავამსხვრევდი,
რკინისას გავარღვევდი,
მიწისას მოვთხრიდი,
თიხისას მოვშლიდი,
ეკლისას დავწვავდი,
კლდისას კი დავძრავდი...
და ცხადად გექცეოდი,
ღიმილით გეწვეოდი,
და შენთან მივიდოდი,
და ჩემთან მოხვიდოდი,
მაგრამ ეს კედელი
არ არის არც ხისა,
არ არის არც რკინის,
არ არის არც ქვისა,
არც მინის, არც მიწის...
ვერც ვანგრევ, არც იწვის....
დრომ ვეღარ დაშალა,
დარდი ვერ წაშალა...
შენ ვერ გადმოლახე,
მე ვერ გადავლახე
კედელი ჩვენს შორის...
კედელი ჩვენს შორის...
ყოველდღიური ხალხი
რაც არის,არის,
არც ელის გული
რაღაც ზეიმურს, განსაკუთრებულს,
რაც არის, არის, აიტანს გული
დღეს -დარდებისგან დასაკუთრებულს.
არ ელტვის გული დღესასწაულებს,-
წელი მკაცრია,-გვიყურებს მკაცრად,
არ იჭედება ოქროს გვირგვინი,
არ იკერება პრინცესას კაბა.
ვხედავ, არეულ დღეებს რომ ირგებს
წუთიც და წამიც, ქუჩაც და სახლიც...
ცხოვრებამ განა მარტო დღეები,
გადაიხვია მაჯაზე ხალხიც.
დაუდევარმა ჟამმა იმსხვერპლა
ნაზი აისი, დილა მზიური.
არაფერს ველი უკვე ზეიმურს,
ყველაფერია ყოველდღიური.
დაუდევარი ფიქრების ექო,
მედროვე დღეთა სავაჭრო დახლი,
ყოველდღიურად მოიწევს ნისლი,
ყოველდღიური გამხდარა ხალხიც.
უბრალო დღეებს ირგებენ წლები,
დადის ნაღველი, დარდი თამამობს;
ვინ ცხოვრობს ახლა სავსე ცხოვრებით,
ცხოვრებას ახლა მხოლოდ ვთამაშობთ.
მოგზაურობა ოცნებიდან ოცნებამდე
ზღვიდან ზღვამდე, მთიდან მთამდე,
ქალაქიდან ქალაქამდე,
სერი-სერ და
შარა-შარა,
ნელ-ნელა და ჩქარა-ჩქარა,
ციდან ცამდე, ზღვიდან ზღვამდე,
ვარსკვლავიდან ვარსკვლავამდე,
გზა- სავალად, ქედი-ქედად,
თვე-იღბლად და წელი-ბედად...
სოფლები და ქალაქები,
მითები და არაკები,
პლანეტები!
პლანეტები!
კინკლაობენ გამეტებით.
შვიდი ზეცის კაბადონი,-
ოცნებათა საბადონი,
უცხო მხარის მწვერვალები,-
შეფერილნი მღელვარებით.
უვიზოდ და უპასპორტოდ,
უცხენოდ და უტრანსპორტოდ,
ასავლელი-დასავლელი,
სამხრეთი და დასავლეთი.
გრძედები და
განედები,
ნაღველს როგორ დანებდები?
გზაზე მერიდიანები,-
ოცნებათა ლიანები.
სასწაული, სასწაული,
საცთური და საცნაური,
სურვილების სახელმწიფო,-
ფიქრი უნდა ვახელმწიფო.
უვიზოდ და უპასპორტოდ,
ურაკეტოდ, უტრანსპორტოდ,
უფულოდ და უსაბუთოდ
სურვილს უნდა ვუსალბუნო.
ვმოგზაურობ, ვხეტიალობ
ზღვა-ზღვა, გზა-გზა, ჩქარა-ჩქარა,
ტყე-ტყე, მთა-მთა, შარა-შარა,
ვარსკვლავიდან ვარსკვლავეთში,
სიმაღლიდან სიმაღლეში,
ციდან ცაში, მთიდან მთაში,
ოცნებიდან ოცნებაში.
თქვენ თქვენს მხარეს ითევზავეთ!
(აშშ-ში მასაჩუსეტის სტატში ერთ პატარა
ტბას ტბებს შორის ყველაზე გრძელი სახელი ჰქვია,რომელიც ადგილობრივი ინდიელების ენაზე
სრულიად ნათელ აზრს გამოხატავს...)
ჩვენ ჩვენს მხარეს ვითევზავებთ,
ითევზავეთ თქვენ თქვენს მხარეს,
ჩვენ მოვილხენთ ჩვენს ნაპირზე,
თქვენ თქვენს მხარეს გაიხარეთ!
თევზი უხვად არის ტბაში,
აზურმუხტდა ზვირთთა დასი,
თქვენ თქვენს ნაპირს თუ აფასებთ,
ჩვენ ჩვენისა ვიცით ფასი...
მაგრამ... ამ ტბის შუაგული
არც თქვენია და არც ჩვენი,
მიუწვდომელ საიდუმლოს
იდუმალი კდემა შვენის.
-აკრძალულს ნუ გადავლახათ
ნურც ერთი და ნურც მეორე,
დაწერილს თუ დაუწერელს
ტბა ათასჯერ გვიმეორებს.
კანონებთან მოწიწება,
აკრძალულთან გვმართებს რიდი,
ჩვენ გვჭირდება ჩაფიქრება?
თქვენც სიფრთხილე გმართებთ დიდი.
შუაგულში არ ვთევზაობთ
არც ჩვენ, არც თქვენ,-აღარცერთი,
იქ ნაოსნობს საიდუმლო,
იქ წვეთი წვეთს ფრთხილად ერთვის...
თქვენს ნაპირზე თქვენ იცოცხლეთ,
ჩვენ ჩვენს მხარეს
ვინადიმებთ,
ჩვენ არაფერს გამოგძალავთ,
თქვენ ჩვენზე ნუ ინადირებთ.
ამ ნაპირზე ჩვენ ვთევზაობთ,
ის ნაპირი იყოს თქვენი,
მაგრამ ამ ტბის შუაგული
არც ჩვენია და არც თქვენი!
ცისფერი პერონი-ახალი ვაგზალი
ცისფერი პერონი-ახალი ვაგზალი,
ცისფერი კაფე და მცირედი საგზალი,
მინდა, სულს თავისუფლება მივცე,
მოსწყურებია ახალი სივრცე.
ახალი ზღვა და მიწა ახალი,
მაღალი ცა და ფიქრიც ახალი,
ახალი მზე და ახალი მთვარე,
ახალი მთა და ახალი მხარე.
ახალი ქალაქი-ახალი დაბები,
ახალი ხიდები, ახალი დამბები,
ახალი მდინარე-დრო სახემცინარე,
ახალი ჩქერები-ახალი ფერები.
სული-მოგზაური სურვილით დნება,
ამ ხეტიალის მომეცით ნება,
ცისფერი პერონი,-ახალი ვაგზალი,
ცისფერი კაფე და მცირედი საგზალი...
შენ სახლი ხარ ჩემი-ჩემი საქართველო!
ზოგჯერ ვიტყვი მწარედ:-გავიქცევი ალბათ,
დარდი ისე მავსებს, ვერ ვიცხოვრებ ასე,
ისე დამიმძიმდა ამ დროების ტვირთი,
ისე მომერია წუთისოფლის ზვირთი...
ყველა ტყუილია,
ჩემო საყვარელო!
შენ სახლი ხარ ჩემი-ჩემი საქართველო!
ზოგჯერ ითალხება ლამაზი დღე ავად,
აჰ, მბეზრდება ზოგჯერ ცხოვრებასთან დავა,
ლამის ვიქცე ხელად, ზოგჯერ ისე მტკივა,
ბურუსია ზოგჯერ, ზოგჯერ ისე მცივა.
მაგრამ შენთანა ვარ, მაინც საყვარელო!
შენ სახლი ხარ ჩემი-ჩემი საქართველო!
ზოგჯერ ბრაზით მავსებს არეული ჟამი,
ზოგჯერ მენატრება სიმყუდროვე სრული,
ზოგჯერ დასვენებას მეხვეწება გული,
ზოგჯერ მებუტება საკუთარი სული...
მაგრამ სად გავექცე ჩემს ბედს, საყვარელო!
შენ სახლი ხარ ჩემი, -ჩემი საქართველო!
გულზე გეწვეთება ზოგჯერ ცრემლი ჩემი,
ეგ ზურმუხტის კაბა ისე, ისე გშვენის,
როგორ ჩავიქნიო სიყვარულზე ხელი,
როგორ დავივიწყო ღვთაებრივი ძღვენი?
გრძნობებს სად გავექცე, ჩემო საყვარელო?
შენ სახლი ხარ ჩემი-ჩემი საქართველო!
სამშობლო ხარ ჩემი-იდუმალი გემი,
დიადემა ჩემი, -სამკაული ჩემი...
თუმცა მიჭირს ზოგჯერ-ჟამი დარდით მავსებს,
თუმცა ვიტყვი ზოგჯერ,-ვერ ვიცხოვრებ ასე...
მაინც შენთანა ვარ, ჩემო საყვარელო!
შენ სახლი ხარ ჩემი-ჩემი საქართველო!
გენიალური ფუქსავატობა
ფუქსავატობას ხარისხი აქვს ალბათ მრავალი,
არსებობს ალბათ ფუქსავატი დიდი, პატარაც...
ამეკვიატა ჭირვეული კითხვის ნიშანი
და მწარე ფიქრმა გაუვალი გზებით მატარა.
რას შევადარო დიდებული, ნეტავი, ქცევა,
რასაც თან მოჰყვა საარაკო „სულის დაქცევა“,
ვიცინით მაშინ, როცა თავზე გვემხობა ჭერი,
ტირის ქვეყანა, მაგრამ არც კი გვეცვლება ფერი.
ქუჩაში დაძრწის ბედისწერა თავის ნებაზე,
ვხედავ მოირას, უცნაურად თამამობს იგი,
ფეხდაფეხ დასდევს გაქცეული შინიდან აწმყო,
კვალში მიჰყვება სანუკვარი დღეების რიგი...
საგონებელში მაგდებს ქცევა გაუგებარი;
კაცს კისერს ჭრიან, ის კი ამას უყურებს მშვიდად,
აჰ, ვერ გავიგე უდარდელთა გულისნადები,
მე ვერც მოირას კანონები შევიგნე დიდად.
და თითქოს ჩვენგან განყენებულ უმიზნო წუთებს
აწ მხართეძოზე გაშოტილი ფიქრებიც ერთვის...
ნუთუ, დავკარგეთ ნაპერწკალი,-ნაკურთხი ცისგან,
„ფუქსავატობის ნიჭი“ შეგვრჩა
ზეცისგან ერთი?!
აკროსტიხი
თ-ვითონვე იცი, მიყვარხარ როგორ,
ა-ამზიანე ცხოვრება ჩემი,
მ-მიჰყვები ნაზი გრძნობების ჩქერებს,
რ-ოგორც ზღვის ტალღებს პატარა გემი.
ი-იცინის ზეცა
ოქროცურვილი,
კ-კოკორი ვარდის მიმშვენებ იერს,
ო-ოქროც შენა ხარ, ალმასის თვალიც,
გ-ოგონავ ჩემო, მიყვარხარ ძლიერ!
ე-ესალბუნება გულს გრძნობა ნაზი,
გ-ვირილად მოხველ, თაფლივით ტკბილო,
ი-ყავი მარად ფერია ზღაპრის,
ა-თასი ლოცვით
დაგლოცავ, შვილო!
თ-ამამ ოცნებებს იდუმალი ნაღველი კაწრავს,
ა-ნდამატივით მოელვარე არ არის აწმყო,
კ-კაბადონიდან ფანტელები იფრქვევა ფიქრის,
ო-ც წელიწადში უსპეტაკეს სურვილებს აწყობ.
გ-რძნობა მიილტვის უნაპირო სიყვარულისკენ,
ე-ჩურჩულება ქრიზანთემას აისი ტკბილად,
გ-ული მიგრძნობს, რომ მომავალი იქნება კარგი,
ი-ასამნებით იკაზმება ზღაპრული დილა,
ა-რ გაიარო მწუხრისფერი დარდების კარად,
ს-ანუკვარ
მიზნებს დაგილოცავ, ძვირფასო, მარად!
ჩემო თვეო-დეკემბერო ჩემო!
ჩუ, იყუჩე, დეკემბერო, ახლა,
ნუ ეხები ათრთოლებულ წამებს,
ჰა, გაბრწყინდა აწ მეათე სახლი
და სატურნის აელვარდა ღამე.
თვლის კრონოსი მოყვითალო ოქროს,
აწკარუნდა ზანზალაკის ბროლი,
თექვსმეტს მხლებელს უელვარებს სახე,
წრეში ბრუნავს კოსმიური რგოლი...
და სატურნის მოკაშკაშე გული
იდუმალი ძალით მივსებს თვალებს,
გაჩახჩახდა ზოდიაქოს სახლი,-
სატურნალია იწყება მალე!
უნდა დავყვე ბედისწერის ნებას,-
დეკემბერო, მომაშველე ფიქრი!
მე მარად ვგრძნობ შენს იდუმალ ძალას,
საიდუმლო სატურნისკენ მიჰქრის!
ნება შენი არ მეხსნება წამით,
მარად შენი
დარიგება მახლავს:
-უმნიშვნელო წვრილმანია გრძნობა,
გონიერება გჭირდება ახლა!
მაგრამ... რაღაც დამეკარგა თითქოს,
აზუზუნდა კოსმიური ჯარა:
-რას მიველტვი, რას დავეძებ, კარგო,
შენს ნებაზე თუ დაგყავარ მარად!
და მუდამ ვგრძნობ შენს იდუმალ ნებას,
ჩემო თვეო, დეკემბერო ჩემო!
მაგრამ... შენი უმკაცრესი სიბრძნით
ვერ გავიგე ამ ცხოვრების გემო.
მაშ, გავყუჩდეთ, დეკემბერო, ახლა,
აწ ტყუილად ნუ ვეხებით წამებს,
აელვარდა ზოდიაქოს სახლი
და სატურნის შეტორტმანდა ღამე.
სიმპათიის კანონი
დედამიწას-მშვენიერ ყვავილს,
სიმპათიის კანონი
ხშირად ვაყვედრი ცხოვრებას,
რომ დარდის ჟამი დაბრუნდა,
ცხოვრებაც ხშირად მაყვედრის,
რომ ის არა ვარ, რაც უნდა.
ხშირად ვაქეზებ ცხოვრებას,
რომ საბოძვარი გაიღოს,
ცხოვრებაც ხშირად მაქეზებს,
მოვიპოვო და წავიღო.
ხშირადაც დავმუქრებივარ,
რომ გავექცევი ნამდვილად,
მპასუხობს: რარას ელიო?
ვინ გაქცეულა ადვილად?
და კანონს სიმპათიისას
მაჩეჩებს ანაზდეულად,
ვინ არ ყოფილა მორჩილი,
ცხოვრებით ვინ არ ძლეულა?
დილამ ფერებით მომხიბლა,
ლამაზი იყო დაისიც...
სიცოცხლე ლაღად მოძრაობს,
სიცოცხლის გამა გაისმის.
შვილი ლამაზად მიღიმის,
გული გრძნობებით აივსო,
აისი მაინც აისობს,
მაისი მაინც მაისობს...
გადაეხლართა ერთმანეთს
ლამაზ-ლამაზი ფერები,
ცხოვრებამ თუნდაც დამცინოს,
სიცოცხლეს მოვეფერები.
უმტკიცეს ბეჭდით დაბეჭდა
ცხოვრებამ ჩემი ქადილი,
უნაზეს გრძნობად მიიღო
სიცოცხლემ ჩემი წადილი.
და სიმპათიის კანონი
გაქცევის სურვილს მიოკებს,
და სიყვარულის სახელით
გულს მერამდენედ ვიოხებ...
დავმუქრებივარ ცხოვრებას,
რომ გავექცევი ნამდვილად,
მაგრამ იცინის: არ მჯერა,
ვინ გაქცეულა ადვილად!
აბრაკადაბრა-აბდაუბდა
ადგა კაცი და სიცოცხლისაგან
წამი იყიდა, წუთი იყიდა,
იყიდა თვე და იყიდა წელი
და საუკუნე
უგრძესზე გრძელი...
იყიდა დღე და
იყიდა ღამე,
ათასნაირი რუმე და რამე,-
დილა ნათელი, საღამო მრუმე,
მერე კი ისევ რამე და რუმე...
ცოტა ოცნება-
ცისფერიც, თეთრიც...
ფიქრიც იყიდა მან არაერთი.
ადგა კაცი და ცხოვრებისათვის
აცხო გრძნობა და აცხო გონება,
აცხო შრომა და აცხო ქონება,
სად სილამაზე-იქ სიყვარულიც,
სად მეგობრობა-იქ სიხარულიც...
რა ნახა, ტაბლა ვეღარ ივსება,
აცხო სიკეთე,
აცხო ღირსება...
ლამაზად ერთვის
ოცნება თეთრი,
ფიქრი მრავალი
და არაერთი...
დუღს ერთგულების
ნაყენი ტკბილი,
გულში უბრწყინავს
გრძნობები თბილი...
მაგრამ ცხოვრების ნადიმის შემდეგ
გაქრა სიტურფე
და სიყვარული
მერე ღირსება
და სიხარული,
ჯერ მეგობრობა,
მერე სიკეთე,
ჯერ ერთგულება,
მერე სიქველე,
გაქრა ოცნებაც,-
ცისფერი, თეთრიც,
ფიქრი მრავალი
და არაერთი.
ნადიმის შემდეგ ტაბლაზე დარჩა:
გაორგულება, შური და შიში,
გაორპირება, ვაი და ვიში,
ღალატი, ჭორი, ცილი, ლაჩრობა,
ყიდვა-გაყიდვა, დიდი ჩარჩობა,
მტანჯველი სწრაფვა, მარად წყურვილი,
არარსებულის წვდომის სურვილი,
ზედაც საკმაზად
ცრემლი და დარდი,
ღამე ზანტი და
დღეები მარდი,
ტანზე -წვიმები,
თმებზე-ფიფქები,
ამოლუმპული დარდში ფიქრები...
დაჯდა კაცი და
დაკრძალა გული,
ათასი დღეა-ათასი წყლული,
მოვიდა ჟამი-არ დარჩა ცალად,
მისი ცხოვრებაც იქ დაიკრძალა,
გაქრა ნათელიც და გაქრა მრუმეც,
გარდაიცვალა რამეც და რუმეც,
აკლდამის კართან ქირქილებს აბრა:
„აქ განისვენებს აბრაკადაბრა!“
კრიალოსანი
თეთრი მწვერვალი
მიკვირდა მუდამ, ვკითხულობდი ჩაფიქრებული:
-რად არის -მეთქი ეს მწვერვალი ასე ამაყი?
რითი ამაყობს,-თეთრი ქუდით მარადიულით,
თვალშეუდგამი სიმაღლით და ციცაბო კალთით?..
გარინდებული სიდინჯით და ამპარტავნებით?
მხრებს დაფენილი ნისლითა და ღრუბლის ლეჩაქით?
გზაზე ჩავლილი ვჩერდები და დიდხანს შევყურებ,
ვეჩურჩულები:-რატომა ხარ ასე ამაყი?
და მე ვკითხულობ მის დიდებულ გარინდებაში,
რომ ის არ არის მიწიერი ფიქრების მონა,
ამაყობს, რადგან ახლოსაა ცის კაბადონთან,
უფალთან ჩვენზე ახლოსაა ერთი ნაბიჯით,
მის თეთრ სიზმრებში
ნეტარება მყუდროობს მუდამ,
მის თავთან ციურ საიდუმლოს ჩურჩულებს ქარი;
საამაყო კი ნამდვილად აქვს ცამდე აზიდულს;
უფალთან ჩვენზე ახლოსაა თეთრი მწვერვალი.
აჰ, უცოდველი სიამაყე,-თეთრი მწვერვალი!
თეთრი მწვერვალი,-ბედნიერი თეთრი მწვერვალი!
აპეირონი
აპეირონის განჭვრეტაში გავიდა ხანა,
მე უსასრულო სიდიადეს შევწირე სული,
მაგრამ ერ შევწვდი, ვინ განსაზღვროს განუსაზღვრელი,
ვით დავიტიო გონებაში უსრული სრული?
მაგრამ ვიგრძენი ყველგან მყოფი იგი საწყისი,
ვრცელი სამყარო მოელვარე ჩირაღდნებს ანთებს,
მე გავაღმერთე ეგ ხილული მოუხილავი
და გული ტახტად შევთავზე უსაზღვრო „არხეს“.
საიდუმლოთა ქარავანი ცისკენ მიგოგავს,
სამყარო თავის გასაოცარ მისტიკას აკმევს
და მე ვიჯერებ,-საწყისს განჭვრეტს ერთხელაც თვალი,
იქნებ, სიკვდილის შემდეგ დგება ნანატრი „აკმე?“
აპეირონის განუსაზღვრელ სიდიადეში
მზერამ მოიკლას, იქნებ, ერთხელ ცოდნის წადილი,
გაერთიანდეს, იქნებ, ერთხელ გული და გონი
და ნეტარება მაშინ იქნეს, იქნებ, ნამდვილი.
დავდივარ ახლა საიდუმლო ლაბირინთებში,
სადაც ლოცვაა, საკმეველი, წმინდა მირონი
და ქვიშის მარცვალს თვალს მადევნებს ყოვლის საწყისი,-
განუსაზღვრელი, უსასრულო აპეირონი!
თეთრი დილაა. ჩუმად, ჩუმად ჩამოდის
თოვლი
რა საიდუმლო სიჩუმეა
და სითეთრე თვალისმომჭრელი!
გაოცებული ავყურებ ზეცას,
ფანტელები მადნება შუბლზე,
მხრებზე მეფრქვევა სილამაზე უზენაესი.
თეთრი დილაა. ჩუმად, ჩუმად ჩამოდის თოვლი.
დინჯად თოვს. თეთრად შეიმოსნენ თითქოს წუთებიც,
რძისფერ ბურუსში გაირინდნენ ნაზი გრძნობები,
წმინდა ჰაერი ეფერება დათოვლილ ჭალებს,
წყალს ორთქლი ასდის-წრფელი გრძნობის ნაზი ალმური,
თეთრი დილაა. ჩუმად, ჩუმად ჩამოდის თოვლი!
გაოცებულმა ჩიტმა ფრთხილად მოსინჯა სივრცე,
გაოგნებულმა საათებმა იცვალეს ფერი,
რძისფერ ბურუსში გაირინდა ქვეყნიერება,
ბუნებას უკვირს სასწაული ულამაზესი.
თეთრი დილაა. ჩუმად, ჩუმად ჩამოდის თოვლი.
მე კი მაოცებს ფანტაზია უკიდეგანო,
უზენაესის წარმოსახვას არა აქვს ზღვარი,
ზამთრის პეიზაჟს უსპეტაკესს ხატავს უფალი,
თეთრ ბურუსშია გარინდული მთაცა და ბარიც.
თეთრი დილაა. ჩუმად, ჩუმად ჩამოდის თოვლი!
მე ალმასები მიმქონდა კალთით
მე მივდიოდი სიხარულით გაბრწყინებული
და მოელვარე ალმასები მიმქონდა კალთით;
დრო თვალთმაქცობდა, იდილიით მანებივრებდა,
მე კი ვფიქრობდი: ვის ექნება ასეთი ძღვენი?
სავსე მაქვს კალთა განძეულით აურაცხელით...
შეკრთნენ წუთები. ალმასები ჩაცვივდნენ მტვერში.
გაოცდა ღამე. დილამ კუშტად შეიკრა წარბი,
მაგრამ სიცილი უდარდელად დაუსხლტა ბაგეს:
-რა მოხდა მერე? ალმასები ბევრია ჯერაც,
სავსე მაქვს კალთა განძეულით აურაცხელით...
გზაზე დავფანტე ოცნებები ნაპერწკლიანი,
დაუდევარი ნაბიჯების გაისმა ექო,
ქარმა აკრიფა ძვირფასი ქვის ციმციმა ხომლი,
მე კი ჯიუტად დავიჟინე: -რა მოხდა მერე?
ჯერაც სავსეა კალთა განძით აურაცხელით...
ახლა მწუხარე საათები წეწავენ ფიქრებს,
მძიმე ჟამია.
სინანული ფეხდაფეხ დამდევს.
ქარი ალმასის კრიალოსანს მარცვლავს და მარცვლავს,
მე კი ქვითინებ:-რა მოგართვა, უფალო, ახლა?
სადღაა ძღვენი,-განძეული აურაცხელი...
იქნებ, გზას ისევ უკან გავყვე, ვინძლო, ავკრიფო
აწ დაუდევრად დაფანტული ალმასის ხომლი,
მაგრამ გზის გაღმა ლელიანში ხარხარებს ქარი
და შემოდგომა გაკერპებულ შეკითხვას მახლის:
-სადღაა შენი განძეული აურაცხელი...
თუმც ვიცი კარგად, რომ მიმიღებ ხელცარიელსაც,
ვიცი, დარცხვენილს მანუგეშებ კეთილი სიტყვით,
მე მაინც ვტირი:-ალმასები მომქონდა შენთან,
გზაზე დავკარგე ოცნებები ნაპერწკლიანი,
აბა, როგორ არ ვივალალო, ჩემო უფალო!
ისევ გამაოცე
ისევ მაოცებს იდუმალი სიტურფე ღამის,
ნარინჯისფერი დასდებია გაბადრულ მთვარეს,
ნათება მისი უერთდება გრძნობათა ლივლივს,
წყნარად მოძრაობს გალაქტიკა ბროლის სფეროზე,
უძვირფასესი ალმასებით სავსეა თაღი.
ფორთოხლისფერი მთვარე უმზერს ცისფერ პლანეტას,
უფლისაგან მორთულ-მოკაზმულს.
ნიავი ცეკვავს-ხის ტოტები აფორიაქდნენ,
მელამუნება ღამის სუნთქვა სურნელოვანი,
ვერ უძლებს გული-ნეტარების ელავს კურცხალი,
ისევ და ისევ ლამაზია პირსავსე მთვარე,
ისევ და ისევ გამაოცე, ჩემო უფალო!
ახლა ვტირი და გაოცებით მიყურებს ღამე
შენი უზადო ხელოვნებით გულაჩუყებულს.
ხავერდოვანი ბლიუზი
წვიმა წავიდა
რახანია და საღამო დაიწყო მშვიდი,
შეშფოთებული გვირილები დაწყნარდნენ უკვე
და გაწუწულმა ზამბახებმაც შეიშრეს ცრემლი.
ნიავი ოდნავ, ოდნავ არწევს ატმის კენწეროს,
ჭრიჭინა რაღაც ხავერდოვან მუსიკას უკრავს,
მთის თხემზე კი ჩამოჯდა მთვარე.
ჩუმად, გაყუჩდი, გულო ჩემო, ნურაფერს იტყვი,
ჩემს გრძნობას ახლა ეს სიმშვიდე ესალბუნება,
პეპელასავით მსუბუქია ეს მყუდრო წუთი.
მშვიდი ნიავი
წყნარად ცეკვავს ლამაზ ეზოში,
ჭრიჭინა კი უკრავს და უკრავს.
უფალო ჩემო, შენ მოგენდო ყოველი წუთი,
შენს ციურ მხრებთან საღამომაც დახარა თავი,
მუსიკის ჰანგზე წყნარად ბრუნავს მთელი სამყარო.
ჩემს ფიქრებს ახლა სიმყუდროვე ესალბუნება,
მეც ვუერთდები უნაზესი საღამოს ჩქამებს,
ისმის ჭრიჭინას წყნარი ბლიუზი ხავერდოვანი!
ეჩურჩულება ფოთოლი ფოთოლს
შენს ფერხთითაა განფენილი მთელი სამყარო,
განა გიგანტი პლანეტები გეტრფიან მხოლოდ,-
თვით უმცირესზე უმცირესიც შენს ციურ სახლში
შენზე საუბრობს, მოწყალებით სავსე უფალო!
ქარი ხმაურობს-ქებას გიძღვნის დაუსრულებელს,
ზღვაში ტალღების მადლიერი ითხზვება ჰანგი,
ჭიკჭიკებს ჩიტი, ისიც მარად შენზე საუბრობს.
ეჩურჩულება საიდუმლოს ბალახს ბალახი.
განფენილია შენს ფეხებთან უსასრულობა,
მომნიჭებელო სიცოცხლისა, გადიდებს ყველა,
ბალახი რაა?-მასაც შენზე უჭირავს თვალი,
ფოთოლი ფოთოლს, ვიცი, შენზე ესაუბრება.
გიჭვრეტ, უფალო, ღვთაებრივს და ადამიანურს
მე მიყვარს შენი სირთულე და სიმარტივე იმავდროულად,
მე მიყვარს შენი სიმაღლე და თავმდაბლობა იმავდროულად,
მე მიყვარს შენი სიმდიდრე და მოკრძალება იმავდროულად,
მე მიყვარს შენი სიმტკიცე და სიფაქიზე იმავდროულად,
გიჭვრეტ, უფალო, ღვთაებრივს და ადამიანურს,
შემკულს ასეთი მომხიბლველი უბრალოებით.
არა არ შვილი თვინიერი
მპირდები სულის უკვდავებას, მე კი წამებს ვებღაუჭები,
შენ ცას მიმზადებ, მე მიწიერ ამბებზე ვდარდობ,
შენ ჩემზე ზრუნავ, მე კი მარად რად გეურჩები,
ვერ დავაოკე ჯერაც ფიქრი მოუსვენარი,
ჯერაც არა ვარ თვინიერი შვილი, უფალო!
სიზმარში ვიყავ
სიზმარში ვიყავ, შენ კი მაინც ვერ დაგინახე,
წყეულიმც იყოს ის ღამეც და ჩემი სიზმარიც,
იმედი მქონდა, უფლის სახეს ვიხილავ-მეთქი,
ღამემ კი რაღაც ტყუილებით დამაჯილდოვა
ოცნებებში ჩაძინებული.
ჩემი უფალია!
ვიცი, მსაყვედურობ ასეთ აპათიას,
ფიქრმა მერამდენე ღამე გაათია,
ვიცი, საჭიროა დარდის მოცილება,
მაგრამ გული განა დამემორჩილება.
ვიცი, საჭიროა ახლა წამოდგომა,
კარზე აკაკუნებს როცა შემოდგომა,
ვიცი, ბილიკები ისევ მეძახიან.
ვიცი, სერებზე რომ სართვლო ვენახია.
ვიცი, ეს ფიქრები საით იჩქარიან,
ჩემი მწუხარება ალბათ სიზმარია,
ვიცი, გულმა შენმა უკვე მაპატია,
შენზე მოწყალე ხომ არვინ მაბადია.
ვიცი, ჩემს გარშემო უქმი წამებია,
ვიცი, კააეშანში შემომღამებია,
ფიქრმა მერამდენე ღამე გაათია,
ვიცი, მსაყვედურობ ასეთ აპათიას.
უშენოდ წუთიც კი ატირებულია,
შენოდე წამიც კი დაფიქრებულია,
ვიცი, ბილიკები ისევ მეძახიან,
ვიცი, სერებზე
რომ სართვლო ვენახია.
ვიცი, ვალი დამრჩა ისევ მოსახდელი,
ვიცი, რაც მომხდარა, იყო მოსახდენი,
ვიცი, ჩემი გზა რომ ისევ უვალია,
ვიცი, ვინც მეძახის,- ჩემი უფალია!
ექო
ექო მოვარდა, მოიტანა შენი ნათქვამი,
კურთხეულ იყოს
ის სიტყვაც და შენი შიკრიკიც,
მთებს ეფინება უწმინდესი შარავანდედი,
ალბათ ღრუბელთა სიმაღლიდან გვესაუბრები,
ექო დადის და დააქვს შენი კეთილი სიტყვა.
შეუცნობელი გზით დადიხარ, ჩემო უფალო!
ექო რა იყოს, - სამსახურში ჩაგიდგა ისიც,
უხილავიც კი ციურ ნებას ემორჩილება,
ისიც გულდაგულ იმახსოვრებს უწმინდეს ფრაზებს,
მერე დადის და დააქვს სიტყვის გამოძახილი!
მაცნე ღრუბელი
მაცნე ღრუბელი მეუბნება:
-გაარე კარი,
გამოდი გარეთ,
დიდებული მეუფე მოდის...
მე კი ვიცინი:
-აჰ, რა იცის
ღრუბელმა-მეთქი,
უკვე მოსული ხელმეორედ მოსულა როდის?
მაცნე ღრუბელი მეუბნება:
-გვიახლოვდება,
გარეთ გამოდი,
სიყვარული მოდის ნეტარი!
ვამბობ:
-ვიცი, რომ მოსულია დასაბამითგან,
და უკვე მოსულს
რად სჭირდება მოსვლა, ნეტავი?!
მაცნე ღრუბელი მეუბნება:
-გესმის? მოვიდა!
ბუკს ჰკრეს,
ორღანმა კიდითკიდე გაშალა ბგერა.,
გაიხსნა ზეცა,
ნაბიჯების გაისმა ექო,
მიწამ გულივით გატაცებით დაიწყო
ძგერა.
მოვიდა მართლაც!
აგიზგიზებს ელვის ჩირაღდანს,
შემოიარა არემარე ალმასთა თქეშით,
სული განბანილ ჰორიზონტებს ელაციცება,
მოხიბლულია დიდებული მეუფის ეშხით.
ელვის კრიალს ვინ გაუსწორებს მზერას
თამამად?
ათასჯერ უფრო უელვარებს მეუფეს სახე,
მაცნე ღრუბელი მეკითხება:
-ვერ ნახე იგი?
მე ვეუბნები:
-იგი გულისკარნახით ვნახე!
ვერვინ შეიცნოს იდუმალი ნება უფლისა;
მყოფია ყველგან,
მაგრამ მაინც მარადის მოდის...
მაცნე ღრუბელი მეუბნება:
-კვლავ მოვა იგი!
მე ვუდასტურებ:
-მოვა, მაგრამ...
ვინ იცის, როდის!
გამოიდარა.
ღმერთმა მზეებრ გამოაშუქა,
ან იქნებ მზეა ცისკიდურზე,-
მზისებრ ელვარე?
ცა რიდეს იხსნის.
ნელა გვტოვებს მაცნე ღრუბელი,
წვიმის შხაპუნით
მიუყვება შორეთს მღელვარეს.
მთის მიღმეთიდან შარიშური ისმის ციური,
მთას გამოღმა კი ბალახებზე იცინის ცვარი...
ექო მოვარდა,-
მეთხოვება მაცნე ღრუბელი:
-უფლის სასწაულს აღარა აქვს მიჯნა და ზღვარი!
ღრუბელი ტირის
ღრუბელი ტირის
მე დამემატა
წამზე წამება ათასნაირი,
ცრემლი კი არა,
დარდი კი არა,
გამოუცნობი რამე იარა...
ფიქრმა ხვიარამ ისე იარა,
იქცა წვიმების
თანაზიარად.
აწ ჰიპნოზური მესმის ხმაური,
იწყება წვეთთა აურზაური,
სველი თვალებით,
სველი ხელებით,
ღამით-წვიმისგან განახელებით,
შრიალა წვიმის სველი აფრებით,
მისი მაცდური თავშესაფრებით.
მონოტონური საღამოები
ტირიან წუთთა ამაოებით,
ამქვეყნიური საცნაურებით
და წვიმით სავსე საწყაულებით.
ფიქრმა ხვიარამ ისე იარა,
იქცა წვიმების თანაზიარად.
ჩემო მეუფევ, მე კი შენ გელი!
დაჰკარი ღრუბელს მათრახი ელვის;
მონატრებია სულს სასწაული,-
ფეერიული დრესასწაული.
ერთფეროვნების მახრჩობს სუდარა,
მაფხიზლებს სულის მწველი მუდარა.
უჩინარ ხელში კრიალებს ელვა.
ციდან იფრქვევა იმედთა დელგმა,
ცრემლი კი არა, დარდი კი არა,
გამოუცნობი სევდა კი არა,
ფიქრმა ხვიარამ ისე იარა,
იქცა იმედთა თანაზიარად!
PRIMO MIHI-ჯერ მე!
ქუჩაში, მტვერში ყრია დღეები,-
დაღლილნი მრუმე ამაოებით,
”O, PRIMO MIHI”- ივედრებიან
ფერშელახული საღამოები.
„ო, PRIMO MIHI“- იცრემლებიან
დახარბებული ჩვენი თვალები,
ლურჯი თვალები, შავი თვალები,
ამაო დარდით განაწვალები.
ჩაქრა სანთელი, კვნესის სათქმელი,
შეშლილი ფიქრი: „ო, PRIMO MIHI!“
დარდი მიმყვება ათასი ქუჩის
ათასი აზრით,-სურვილით ურჩით.
სარკე ელვარებს რიჟრაჟის ფერად,
„ო, PRIMO MIHI!“-აყვირდა მზერა,
იგემა სულმა ბასრი ეკლები,
სარკე და მისი ანარეკლები.
სასოწარკვეთის აზავთდა ტალღა,
სული როდესაც ისწრაფვის მაღლა,
გთხოვ, მოგვიტევო ჟამთა ვნებანი,
უსუსურობის გაელვებანი.
ეგოისტური დროის მორევი
ვაითუ, გახდეს სულთა მომრევი,
სავსენი ფუჭი ამაოებით
კვნესიან მრუმე საღამოები.
ვერგილიუსი, ლივიუსი, ჰორაციუსი...
ვერგილიუსი, ლივიუსი, ჰორაციუსი...
ბუკოლიკები, ეპოდები, ჰეროიდები...
მაგრამ აღმერთებს იუნონას ვერგილიუსი,
რომს მწუხარების ცრემლებს უთხზავს ოვიდიუსი.
როგორ ვიქნები
მკრეხელი და ვით ვაწყენინებ
გენიას ჩემი საიდუმლო ფიქრის გამხელით?
მაგრამ ვერ ვმალავ, რომ ათასჯერ ვარ ბედნიერი,
რადგანაც ვიცი ჭეშმარიტი უფლის სახელი.
ვიცი ასევე, რომ სიცრუე გენიალური
საფუძვლად უდევს ულამაზეს „მეტამორფოზებს.“
შენი ეპოქის კარიბჭესთან დგანან ეულად
და დასასრულის დასაწყისად გადაქცეულან.
მოგვიხველ, წმინდა საუკუნე დაიწყო შენით,
დრო დაიფურცლა, ეპოქალურს ვუმზირე კადრებს,
ვერგილიუსი, ლივიუსი, ჰორაციუსი...
სამწუხაროა, დაიბადნენ ცოტათი ადრე...
ქარი -შიკრიკი
ჩქამი გაისმა. შემოსულა ოთახში ჩუმად,
შიკრიკი-ქარი ჩამომჯდარა ფანჯრის რაფაზე,
მე ვუჩურჩულე: -აქ არ არის შენი ადგილი,
მან მკითხა: -მაშინ გულის კარი რად არ ჩარაზე?
გავანდე ფიქრი: -უსასრული მაშინებს მუდამ,
მან დამარწმუნა:-უყოყმანოდ მომანდე გული,
მე გავეხვიე ლაჟვარდისფერ წამოსასხამში,
გადავაბიჯე. ქარითა ვარ აწ დაბანგული.
გადავიარე ყველა გრძედი, ყველა განედი,
მერიდიანი სადღაც დაბლა ფერხთით ელვარებს,
საუფლო იგი მოვიხილე გასაოცარი,
შიკრიკთან
ერთად გავიარე ჟამი მღელვარე.
დაფრთხნრენ წუთები. რია-რია დავტოვე დაბლა.
მაღლა ზეცაა. ისიც უფლის თვალების ფერი.
გალიის კარი გამოაღო შიკრიკმა-ქარმა
და გამიტაცა. არ მაშფოთებს აწ არაფერი!
ზეაწეული გრძნობებისა გიზგიზებს ცეცხლი,
თავისუფლების გემი ვიგრძენ,-ზეცისკენ ვჩქარობ,
ბრწინავს სამყარო,-მარგალიტი იგი რჩეული.
ერთხელაც აქვე დავმკვიდრდები, შიკრიკო-ქარო!
სიზმრად ვიყავი. ღიმმორეულს გამომეღვიძა,
ქარი მოსულა! გაუღია ჩემი სარკმელი,
მე ვუჩურჩულე: -სად იყავ და სითგან მოსულხარ?
მან გამიღიმა: -რამდენი მაქვს შენთვის სათქმელი!
და ბღუჯა-ბღუჯა ყვავილები შემომაყარა,
ქარი-შიკრიკი ჩამომჯდარა ფანჯრის რაფაზე,
მე მოვეფერე: -აქ იპოვე, კარგო, ადგილი?
მან გამიღიმა: -შენ ხომ გული ვეღარ ჩარაზე!
წვიმა-წინასწარმეტყველი
წვიმა დაიწყო. დამყუდროვდნენ ნაზი გრძნობები.
დღემ ჩაიღიმა:-ყოველივე გასაგებია!
სველი და გრილი თითები აქვს წინასწარმეტყველს,
ხოლო გული კი... თითქოს სიბრძნის წყალსატევია.
წვიმა სახურავს უკაკუნებს ზეცის ანბანით,
მეტიკტიკება:-დაამშვიდე აშლილი ფიქრი,
წინასწარ გამცნობ, ყოველივე კარგად იქნება.
ყოველი წამი დაწერილი კანონით მიჰქრის.
ოთხივ კუთხიდან ხმები ისმის ნუგეშინისა,
მაგრამ რას ვიზამ? ასეთია კაცის ბუნება,
ფიქრები ურცხვად დაიკლაკნენ, წამოყვეს თავი,
ეჭვმა სიფხიზლე მოისურვა, მოიგუნება.
სარკმელმა გარეთ გაიტანა უნდო ღიმილი,
თქეშად დაასკდა წვიმის ღვარი სახლის სახურავს,
-რას მოიძიებთ, რას იპოვით თქვენი ეჭვებით?
ასე ხართ მუდამ, თავს ენდობით მხოლოდ საკუთარს.
კიდით-კიდემდე გაიშალა განრისხებული,
წინასწარმეტყველს გაუმკაცრდა ციური ბანი,
-მე გეუბნებით, ყოველივე იქნება კარგად,
მიანდეთ უფალს აწმყო თქვენი და თაობანი!
სირცხვილს ალმური წაეკიდა. წავუველ ვერსად
აწ საკუთარი თვალის მზერას, გულის სამდურავს,
ნაცრისფერმა დღემ ჩაიცინა:-ასეც ვფიქრობდი!
წვიმამ კი ისევ დაუყვავა სახლის სახურავს.
ვინ იცის, უკვე მერამდენედ მარიგებს იგი:
-იმას მიენდე, შენთვის სანთლად ვინაც იწვოდა!
მე ვუპასუხე:-ვერწმუნები მართალი გულით!
გულკეთილმა დღემ ჩაიცინა, ასეც იცოდა!
თოვლი-ჯადოქარი
ვიტყვი ხოლმე: ო, მომბეზრდა ყველაფერი,
ვეღარ ვიტან უკვე დღეებს ჩვეულებრივს,
როგორ მინდა, როგორ მინდა აწ ეს წლები
საუკუნედ იყონ გადაქცეულები.
მეტისმეტად იზლაზნება თალხი კვირა,
ეს საღამოც თავს იფასებს ისე ძვირად,
განთიადი ჭირვეული ბრძანებულა,
ღამე მთვარე თავს მაჩვენებს წამებულად.
მაგრამ ერთხელ მოდის თოვლი ჯადოქარი,-
სიფრიფანა, სველი, -თითქოს უსხეულო
და მასწავლის... და მასწავლის მისხალ-მისხალ,
ყველაფერი რომ ბრძანდება უჩვეულო.
მეფიფქება თეთრი, თეთრი, ისევ თეთრი,
მეფიქრება ღმერთი, ღმერთი, ისევ ღმერთი,
ჯადოქარო, ვტკბები შენი სილამაზით,
გამაოცე მოსვლითა და სიმამაცით.
ნაჭერ-ნაჭერ ჩამოდიან ფანტელები,
მაღლა ღრუბლი თავმომწონედ დასეირნობს,
-არაფრისთვის არაფერი არაფრადო,
ყველასათვის ყველაფერი სასეირო...
გული ღელავს-თოვლით არის მიწა სავსე,
თოვლი მოდის-ფიფქი ყველა ნაპრალს ავსებს,
ყველგან თეთრი სასწაული ილანდება,
მშვენიერი სასწაული იბლანდება!
და გრძნობს სული, როგორ მიყვარს თითო წამიც-
ნაჩუქარი დიდებული ჩვენი მამის,
თოვლი მოდის-ჯადოქარი უსხეულო...
ყველაფერი ბრძანებულა უჩვეულო!
ლექსები-ქრიზანთემები
ყვავილნარში ვარ. ქრიზანთემებს ველაციცები
მებაღე ვინმე-დაშაშრული ხელისგულებით.
სამყარო ჩემი-მარად შენი საბრძანებელი,
ფიქრები ჩემი-სიყვარულით დაისრულები.
კვალიდან კვალში ოცნებებით მოხეტიალე,
წმინდა ხატება წამით მაინც ვიხილო, ვინძლო,
ქრიზანთემების თაიგულით შეგეგებები!
მოშუადღევდა. მზემ ნაპეწკლით დამაჯილდოვა.
აწ ამით ფიქრებს გავაღვივებ, სანთლად ვიქცევი,
გამცნო ოღონდაც, მთელი გულით როგორ მიყვარხარ!
ყვავილნარში ვარ-ქრიზანთემებს ველაციცები!
გაბადრულ გვირგვინს ვეფერები, ვეჩურჩულები,
მთვარე მოიწევს. ჩრდილს ვუღიმი კვლებში ჩაფენილს...
ამაღამ როგორ დავიძინებ? თუმც ვიცი კარგად,
ვის შეუქმნია, საყვარელო, შენი საფერი!
ქრიზანთემები ცახცახებენ. ოცნება ჩემი
დახეტიალობს კიდით-კიდე, როგორც ეგების,
ხატება შენი ამ ბაღშიაც ვიხილო, ვინძლო,
ქრიზანთემების თაიგულით შეგეგებები!
სამყარო გაშლილი წიგნია (მალარმე)
ათასჯერ ვფურცლავ და ვკითხულობ
წიგნს შენგან დაწერილს, დახატულს,
მივყვები სიტყვათა ქარავანს,
სტრიქონებს შენგანვე დარახტულს.
„სამყარო გაშლილი წიგნია,“
სიყვარულს ვკითხულობ საოცარს,
სიყვარულს გიბრუნებ, უფალო,
თაყვანს გცემ ზეციურ სალოცავს.
ირგვლივ გადაშლილა ციური,
შენგან ნაჩუქარი სამყარო!
უნდა რუდუნებით ვიკითხო,
სული ლაჟვარდებით ვახარო!
წიგნია-სიყვარულის ნოველა,-
სამყაროს ბჭეებივით ძირძველი,
შენ ხარ ზეციური მწერალი,
მე კი-მიწიერი მკითხველი!
ისე გინატრე!
უფალო ჩემო, დიდებულო!
ისე გინატრე,
როგორც ზამთრის მზემ გაზაფხული,
ვარსკვლავები მიმქრალმა მთვარემ,
ღამის ცამ კი ირმის ნახტომი!
როგორც გარუჯულ ზაფხულს უყვარს
მზეში ლივლივი,
მიწას- სურნელი ბალახისა,
შემოდგომას-ფერიცვალება,
როგორც გულს უყვარს სიყვარული,
გონებას-ფიქრი,
თვალს-სამყარო გასაოცარი,
მეც მიყვარხარ და შენი მზის ქვეშ
გულსავსედ ვდგავარ,
სიყვარულივით სანატრელო,
ფერხთით
ფერხთით ვეცემი,-მშვიდდება სული,
ჟამი წყნარია, ფიქრი-საამო,
ჩუმად მოდიან მწუხრის ჩრდილები,
ვერცხლის მთვარე და გიშრის საღამო...
შენს ფერხთითა ვარ! სიმშვიდეს ვეძებ,
ასტრალურ მიზანს მისახავს სული,
შენ გამომტაცე მიწიერ სიზმრებს,
შენ სიმყუდროვე მაჩუქე სრული.
მკვიდრდება ცაზე ვარსკვლავთა ხომლი,
მაგრამ მარგალიტს აკლდება რამე?
აწ ჭეშმარიტი გულისთქმა ავსებს
სურნელოვანი სიმშვიდის ღამეს.
თუმცა ამ ღამეს სუდრავს გიშერი,
შენს სიახლოვეს იმედიც ახლავს,
მიწყდა ეჭვების აურზაური,
მე ფეხთა მტვერი ფერხთით ვარ ახლა!
No comments:
Post a Comment