ინტეგრირებული და სამოდელო გაკვეთილები

ინტეგრირებული გაკვეთილის  გეგმა სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანების უფლებების შესახებ, ბუნებისმეტყველება, ქართული ენა
საგანი:  სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანების უფლებების შესახებ (სადამრიგებლო საათის პროგრამის  შესაბამისად)
ბუნებისმეტყველება
ქართული ენა
             

კლასი: მეოთხე
 მასწავლებელი:  ნესტან კუპრავა

თემა:  მოგზაურობა ევროპაში-( რა ვიცით ევროპისა და ევროკავშირის შესახებ)

დრო:        ორი  საგაკვეთილო საათი
შესავალი
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეებმა გამოავლინონ თავიანთი ცოდნა ევროპის შესახებ და აღმოაჩინონ, თუ რა წარმოდგენა აქვთ. მიიღონ მარტივი, პირველადი ინფორმაციები ევროკავშირის შესახებ. (თუნდაც ის, რომ კონტინენტზე არსებობს ასეთი კავშირი და ჩვენი ქვეყნისთვის მასში გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია)

დამოკიდებულება
დამოკიდებულება:  აღნიშნული გაკვეთილი გამოიწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას ევროპის ქვეყნებით, დაიწყებენ ფიქრს ევროკავშირზე, გააცნობიერებენ ევროპის განსხვავებულ მახასიათებლებს, გაიაზრებენ, რომ ევროპის ხალხებს ბევრი საერთო აქვთ, მაგრამ ამავდროულად, ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან;

ცოდნა: მოსწავლეები ისწავლიან ევროპის რამდენიმე დიდი ქვეყნის დედაქალაქები სახელებს, ცნობილ ღირსშესანიშნაობებს, ევროპის ქვეყნების გამოკვეთილ ტრადიციებს, კერძებს, გამოჩენილ ადამიანებს... დროშებს, გერბებს...

უნარი: მოსწავლეები განავითარებენ კითხვის დასმის უნარს, მსჯელობის, დისკუსიის უნარს, ასევე  განავითარებენ  პრეზენტაციის გაკეთების უნარს.

შედეგი:

მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ევროპის  ქვეყნების შესახებ, ასევე ევროკავშირის შესახებ,
შეეძლებათ  ევროპის ქვეყნების მითითება რუკაზე;
გაეცნობიან ევროკავშირის დროშას, დევიზს;
აღეძრებათ ცნობისმოყვარეობა, გაუჩნდებათ ინტერესი ევროკავშირის მიმართ და შეეცდებიან ცოდნის შემდგომ გაღრმავებას;


რესურსები:
 ევროპის ფიზიკური რუკა, რამდენიმე კონტურული რუკა, სურათები, ვიდეოფილმი,
მოსწავლეთა მიერ შექმნილი სლაიდ-შოუები, 



მეთოდები:
 საერთო საკლასო განხილვა, ჯგუფური სამუშაო



მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
 წყვილები, 4-4 ბავშვიანი ჯგუფები


გაკვეთილის აღწერა
ეს გაკვეთილი არ იქნება სამეტაპიანი. ის ვიქტორინის მსგავსი იქნება და ძირითადად უკუკავშირს მოიცავს,-მომზადებული მასალის წარდგენას, რეფლექსიას, ცოდნის განმტკიცებას...

მოსწავლეები უპასუხებენ სხვადასხვა დონის შეკითხვებს, გააფერადებენ ევროპის რუკაზე ჯგუფის მიერ შერჩეულ ქვეყანას, გამოიცნობენ პროექტორით ეკრანზე ნაჩვენებ ღირსსესანიშნაობებს, გაიხსენებენ ნაწარმოებებს, რომლებიც მათ წაუკითხავთ, -ამა თუ იმ ქვეყნის ლიტერატურის ნიმუშებს, გამოიცნობენ ცნობილ ადამიანებს ამა თუ იმ ქვეყნიდან.

აქტივობები ისეა დაგეგმილი, რომ ყოველ მოსწავლეს ჯგუფიდან თითოჯერ მაინც მოუხდეს გამოსვლა, ამავე დროს მიიღოს თანატოლების მხარდაჭერა.

გაკვეთილს დაესწრებიან „მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის“  წევრები და  მშობლები.




პირველი ეტაპი-გამოწვევა

მოსწავლეებს საშინაო დავალების სახით მიცემული ჰქონდათ დავალება,- ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან უნდა შეერჩიათ ერთ-ერთი ქვეყანა,  მოეპოვებინათ მასზე ინფორმაცია და შეექმნათ მასალა-სლაიდ შოუს სახით.  დავალებას მოსწავლეები რამდენიმე კვირის განმავლობაში ამზადებდნენ, მათ დახმარებას უწევდნენ  მასწავლებელი და მშობლები.
ასოციაციური რუკა-საერთო გუნდური სამუშაო

მასწავლებელი ააქტიურებს მოსწავლეთა ცოდნას და მათი პასუხების მიხედვით ადგენს „ასოციაციურ რუკას“,-(რასაც გაიხსენებენ მოსწავლეები,  შერჩეული ქვეყნების შესახებ).

პასუხი შეკითხვებზე-ჯგუფური-2  ქულა

მასწავლებელი მოსწავლეებს (ჯგუფებს) უსვამს 5-5  შეკითხვას  შერჩეული ქვეყნების შესახებ.


აქტივობა: იპოვეთ ევროპის რუკაზე თქვენ მიერ შერჩეული ქვეყანა“-(1 ქულა);

მასწავლებელი ურიგებს ჯგუფებს ევროპის რუკას, მოსწავლეები ნებისმიერი ფერით გააფერადებენ იმ ქვეყანას,  რომელსაც წარმოადგენენ.


მსოფლიოში ცნობილი ღირსშესანიშნაობების გამოცნობა (1 ქულა)

მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორით უჩვენებს ცნობილ ადგილებს მსოფლიოში, ძეგლებს, შენობებს, ხიდებს... ჯგუფები პასუხობენ.

აქტივობა: რომელი ნაწარმოები რომელ ქვეყანაში შეიქმნა?-(1 ქულა);

მასწავლებელი მაგიდაზე ალაგებს წინასწარ მომზადებულ სურათებს, -ილუსტრაციებს მსოფლიოში ცნობილი ნაწარმოებებიდან, ზღაპრებიდან. წარმომადგენელი ჯგუფებიდან გამოიცნობს, რომელი ნაწარემოები შეიქმნა მისი ჯგუფის მიერ შერჩეულ ქვეყანაში.

აქტივობა: რომელი ქვეყნის მოქალაქეები არან ეს ცნობილი ადამიანები?-(1 ქულა);

მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ფოტოებს, ჯგუფები ამოიცნობენ, თუ რომელი ქვეყნიდან არიან ფოტოზე წარმოდგენილი პიროვნებები.

აქტივობა: „გააკეთეთ პრეზენტაცია არჩეული ქვეყნის შესახებ“-(3 ქულა)

ჯგუფები გამოდიან რიგრიგობით და წარმოადგენენ სლაიდ -შოუს არჩეული ქვეყნის შესახებ.



აქტივობა-დასკვნა: დაწერეთ, თქვენი აზრით, რა სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაერთიანება?“ –(1 ქულა)


მასწავლებელი აკეთებს მკაფიო ინსტრუქციას: ჯგუფები ერთი წინადადებით წერენ, თუ რა სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაერთიანება“

უკუკავშირი: ჩატარებული სამუშაოს მოკლე მიმოხილვა და შედეგების გაცნობა. ბავშვების სიმბოლურად დაჯილდოება;



აქტივობა-დასკვნა: დაწერეთ, თქვენი აზრით, რა სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაერთიანება?“ –(1 ქულა)


მასწავლებელი აკეთებს მკაფიო ინსტრუქციას: ჯგუფები ერთი წინადადებით წერენ, თუ რა სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაერთიანება“

უკუკავშირი:
ჩატარებული სამუშაოს მოკლე მიმოხილვა და შედეგების გაცნობა. ბავშვების სიმბოლურად დაჯილდოება;


შეფასება:
 გაკვეთილს შევაფასებ საგანგებოდ შექმნილი რუბრიკით, რომელსაც შევავსებ გაკვეთილის შემდეგ, ორი დღის განმავლობაში, შევავსებ თვითსეფასების რუბრიკასაც.
(შეფასების რუბრიკა გეგმას დაერთვის დანართის სახით)

გამოყენებული ლიტერატურა:
ევროპის საბჭო-„ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში“-სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ (წიგნი II-საგაკვეთილო გეგმები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი საფეხურისთვის );
საბავშვო ენციკლოპედია
ლია შალვაშვილი -„ნინი, ზუკა და დედამიწა“
საბავშვო გეოგრაფიული ატლასი



თბილისის დიმიტრი უზნაძის სახელობის 22-ე საჯარო სკოლის
დირექტორი:                                                /რუსუდან ზედაშიძე/


IV ა კლასის მასწავლებელი:                                       /ნესტან კუპრავა/

2015-2016 სასწავლო წელი. ნოემბერი



პროექტგაკვეთილის  გეგმა
 საშობაო და საახალწლო ტრადიციები საქართველოში
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
მუსიკა
ხელოვნება             
კლასი: მეექვსე
 მასწავლებელი:  ნესტან კუპრავა

თემა:  როგორ ხვდებოდნენ შობას და ახალ წელს საქართველოში

დრო:        ორი  საგაკვეთილო საათი
შესავალი
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეებმა გაიგონ,  როგორ ემზადებოდნენ შობა-ახალი წლისთვის  ძველად საქართველოში; შეისწავლონ ფოლკლორული ნიმუშები თემასთან დაკავშირებით; ინტერესი გაუჩნდეთ ზეპირსიტყვიერების ნიმუშების გასაცნობად-(სხვადასხვა თემაზე); შევიქმნა ხალისიანი საახალწლო განწყობილება;

დამოკიდებულება
დამოკიდებულება:  აღნიშნული გაკვეთილი გამოიწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას ზეპირსიტყვიერების და სხვა ფოლკლორული  ნიმუშების გასაცნობად, მოისურვებენ თავიანთი ხალხის საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნებას;

ცოდნა:  შეისწავლიან ზეპირსიტვიერების ნიმუშებს: ხალხურ ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, ხალხურ თამაშობებს;
უნარი: მოსწავლეები განავითარებენ კითხვის დასმის უნარს, მსჯელობის, დისკუსიის უნარს, ასევე  განავითარებენ  პრეზენტაციის გაკეთების უნარს.

შედეგი:

მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ჩვენი საუნჯის, ფოლკლორული ნიმუშების შესახებ;
შეეძლებათ  საუბარი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მხარის საახალწლო-საშობაო ტრადიციებზე;
გაეცნობიან გაეცნობიან ფოლკლორულ ნიმუშებს სხვადასხვა მიმართულებით;
აღეძრებათ ცნობისმოყვარეობა, გაუჩნდებათ ინტერესი ხალხური საუნჯის უფრო ღრმად გაცნობისა;

რესურსები:
 ლიტარატურა ფოლკლორულ ნიმუშებზე, საპრეზენტაციო სლაიდ-შოუები;



მეთოდები:
 საერთო საკლასო განხილვა,  ჯგუფური სამუშაო



მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
 წყვილები , 4-5  ბავშვიანი ჯგუფები (-აქტივობები ისეა დაგეგმილი, რომ ყოველ მოსწავლეს ჯგუფიდან თითოჯერ მაინც მოუხდეს გამოსვლა, ამავე დროს მიიღოს თანატოლების მხარდაჭერა).


გაკვეთილის აღწერა
წინარე სამუშაო- (ჩატარებული ერთი კვირის განმავლობაში)
 1. აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის მოძიება (გამოკითხვა ბებიების,ბაბუების, მშობლების…) 2.ინფორმაციის მოძიება წიგნებისა და კომპიუტერის დახმარებით. 3. საახალწლო-საშობაო ხალხური  ლექსებისა და სიმღერების მოძიება. 4. ლექსებისა და ინფორმაციის განაწილება. 5. სიმღერების შესწავლა 6. ნაძვისს ხის სათამაშოებისა და მოსართავების დამზადება, ნაძვისხის მორთვა; 7. ჩემ მოერ საპრეზენტაციო სლაიდ-შოუს მომზადება საშობაო ტრადიციებზე და ჩვენს ეროვნულ საუნჯეზე-ფოლკლორზე; 8. ჩატარებული სამუშაოს პრეზენტაცია.

გაკვეთილს დაესწრებიან „მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის“  წევრები და  მშობლები.



პირველი ეტაპი-გამოწვევა

ასოციაციური რუკა-რა გავიგეთ ფოლკლორის შესახებ (მოგზაურობა ფოლკლორში)

მასწავლებელი ააქტიურებს მოსწავლეთა ცოდნას და მათი პასუხების მიხედვით ადგენს „ასოციაციურ რუკას“,-(რასაც გაიხსენებენ მოსწავლეები,  „ჩვენი ლიტერატურული მარგალიტების“-ფოლკლორის შესახებ).

შემაჯამებელი საპრეზენტაციო სლაიდ-შოუს ჩვენება ფოლკლორზე

(ზეპირსიტყვიერების  სახეები,  ხალხური რეწვა, თამაშობები, ცეკვები და სიმღერები, ფოლკლორული ნიმუშების შემგროვებლები. ცნობილ ადამინთა გამონათქვამები ფოლკლორზე);

მოსწავლეთა პრეზენტაციები-საშობაო-საახალწლო ტრადიციები სხვადასხვა კუთხეში
ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, თუ როგორ ხვდებოდნენ შობა-ახალ წელს სხვადასხვა კუთხეში (პოსტერების, თხზულებების, ნახატების, ელექტრონული პრეზენტაციების სახით, როგორც თვითონ მოისურვებენ. სამუშაო ისე იქნება განაწილებული, რომ პროცესში ჩართული იყოს ყოველი მოსწავლე).

თემასთან დაკავშირებული მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია

 მოსწავლეები წარმოადგენენ მცირე კომპოზიციას, თემასთან დაკავშირებით,- მოკლე ხალხურ ლექსებს, გამოცანებს, ენის გასატეხებს, ანდაზებს, ხალხურ თამაშობებს, ალილოს საგალობელს და ხალხური ცეკვების პოპურს.

უკუკავშირი-დასკვნა, ჩატარებული სამუშაოს მიმოხილვა და შედეგების გაცნობა

მოსწავლეები ერთი წინადადებით აჯამებენ თავიანთ მოსაზრებას ფოლკლორული ნიმუშების და საუკეთესო ტრადიციების შესახებ. ისინი თავიანთ მოსაზრებას წერენ ფერად წებოვან ქაღალდზე და აკრავენ  წინასწარ მომზადებულ ნაძვისხის მაკეტზე, მასწავლებელი კითხულობს მათ დასკვნებს და მოკლედ აფასებს გაკვეთილს;

შეფასება:
 გაკვეთილს შევაფასებ საგანგებოდ შექმნილი რუბრიკით, რომელსაც შევავსებ გაკვეთილის შემდეგ, ორი დღის განმავლობაში, შევავსებ თვითშეფასების რუბრიკასაც.
(შეფასების რუბრიკა გეგმას დაერთვის დანართის სახით)


გამოყენებული ლიტერატურა:
ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები-გამომცემლობა „ნაკადული“-1990 წელი;
ხალხური სიტყვიერების ნიმუშები-გამომცემლობა „ საბჭოთა საქართველო“-1957 წელი;
ხალხური საუნჯე-გამომცემლობა „ნაკადული“-1963 წელი;




VI  კლასის ქართული ენისა დალიტერატურის   მასწავლებელი:                                    /ნესტან კუპრავა/


2015-2016 სასწავლო წელი. დეკემბერი

დანართები


      შობა-ახალი წელი ძველ საქართველოში საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. IV _ში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ, VII -ში ამას 1 სექტემბერი ჩაენაცვლა, IX -ის 20-იანი წლებიდან კი ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან, მარტიდან იწყება. იანვარში ახალი წლის აღნიშვნა XIV -ში დამკვიდრდა. 1 იანვარი მართმადიდებელი წმინდანის, ბასილი დიდის ხსენების დღეს ემთხვევა. საქართველოს ბევრ კუთხეში ახალი წელი ამ დღესასწაულთან იყო შერწყმული. ამიტომ პურებს, რომელსაც სიმბოლურად აცხობდნენ ახალი წლისთვის, ბასილას პურებს ეძახოდნენ.
      ვახუშტი ბატონიშვილი აღწერს, როგორ ხვდებოდნენ სამეფო კარზე ახალ წელს: ცისკრის ლოცვამდე მეფესთან და დედოფალთან მეკვლედ მიდიოდა ჭყონდიდელი და თან მიქონდა ჯვარი, ხატი, სამეფო სამკაული და შაქარი.წირვის შემდეგ მეფეს ერისთავები და ვეზირები ულოცავდნენ. ახალ წელს სასახლეში აუცილებლად მართავდნენ დიდ ნადიმს. მეორე დღეს კი წინასწარ დამწყვდეულ ტყის ნადირებს გამოუშვებდნენ ხოლმე და ნადირობდნენ.
      შობა-ახალი წელი ძველ საქართველოში ქართლ-კახეთი ქართლსა და კახეთში ახალი წლისთვის ჩამიჩიან პურებს აცხობდნენ, ისე რომ ოჯახის ყოველ წევრს თითო ჩამიჩიანი პური შეხვედროდა. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ტეხავდა ხოლმე. ჩურჩხელებს, ჩირს, მოხარშულ დედალს და ღორის თავს ჩამიჩიან პურებთან ერთად ხახალაზე აწყობდნენ ახალი წლის ღამეს და თან არაყსა და ღვინოსაც მიუდგამდნენ ხოლმე. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადიოდა და სახლს სამჯერ შემოუვლიდა. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავდა და საგანგებოდ მომზადებული პურიანი ჯამიდან ყველას თითო ლუკმას უდებდა პირში.
      შობა-ახალი წელი ძველ საქართველოში ხევსურეთი ახალ წელს "წელწადს" უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. ფშავი მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად (საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან "ნაყრს" - ყველს და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: "წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო." ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას სახელს შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლს და ხილს შეაჭმევს, "დააბერებს" და ერთმანეთს ეტყვიან: "ეგრემც ტკბილად დამიბერდიო".




      
თუშეთი თუშები თავიანთ "წელწდობას" მოწიწებით ეგებებიან. საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს "ქრისტეს საგძალს", კაცზე "ბაცუკაცს" და ქალზე - მრგვალ კვერს. საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და იტყვის: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!"
      შობა-ახალი წელი ძველ საქართველოში იმერეთი იმერეთში საახალწლო ჩიჩილაკს ამზადებდნენ და რთავდნენ სუროს ფოთლებით, ვერცხლის ფულებით, ტკბილეულითა და კუნელის მარცვლებით. ჩიჩილაკს მასილას ხესაც ეძახდნენ. ახალი წლის ღამეს იმერლები თავქვეშ შაქრის ნატეხს ამოიდებდნენ ხოლმე, რომელიც მამლის ყივილამდე უნდა შეეჭამათ. სამეგრელო გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს "კალანდა" ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან. სამეგრელოში ახალი წლის ღამეს რამდენიმეჯერ ისროდნენ თოფს. მეკვლე ოჯახის უფროსი იყო, რომელიც ჩიჩილაკს შემოატარებდა მთელ სახლ- ში, ბოსელში, მარანსა თუ სასიმინდეში და თან ოჯახს ლოცავდა. შემდეგ მეგრელები ტკბილეულობით დატვირთული მეზობლებს სტუმრობდნენ და ახალ წელს ულოცავდნენ. ძველით ახალი წლის მომდევნო დღეს სამეგრელოში კუჩხობა აღინიშნება. კარგი ფეხის მქონე სტუმარი - კუჩხა - ზუგდიდში ყველას ჰყავს. ეს ტრადიცია დასავლეთ საქართველოში საუკუნეების წინაც სრულდებოდა და აქტუალობას არც დღეს ჰკარგავს. გურია გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, სანოვაგით დატვირთულ საახალწლო გობს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან. ბედნიერებას. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. ბოლოს ღორის თავს აიღებს, საწნახელს სამჯერ მიარტყამს და თან ყვირის: "აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს ღვინო და სხვებს ფურცელი"-. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართება და ოჯახის წევრებს ულოცავენ.
      შობა-ახალი წელი ძველ საქართველოში აჭარა აჭარაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ბაქლავა და აჩმა. ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან დაილოცებიან. მარცვლეული და განსაკუთრებით ხორბალი მთელ საქართველოში ითვლება ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ, ამიტომ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იდგას ჯამით ხორბალი. სვანეთი ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებზე დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: "ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ)." სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.
      რაჭა ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს - ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს "კერია-ბერია"-, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას "მაკვრიელი" ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის", შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს.


ჩატარებული პროექტგაკვეთილის ანგარიში
      აღნიშნული ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა 2015 წლის 25 დეკემბერს სკოლის საკონფერენციო კაბინეტში. მას უძღვოდა ერთკვირიანი  წინასაგაკვეთილო პროცესი, -მოსამზადებელი სამუშაო. მოსწავლეებმა მშობლებისგან, ბებია-ბაბუებისგან შეიტყვეს, ხოლო  წიგნებიდან, ჟურნალ-გაზეთებიდან, ინტერნეტიდან მოიძიეს ინფორმაციები, თუ როგორი საშობაო და საახალწლო ტრადიციები ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს, როგორ ამზადებდნენ ჩიჩილაკს, რას განასახიერებდა იგი, რა კერძებს მიირთმევდნენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და ა.შ. ისინი ამ პერიოდში გაეცნენ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებსაც აღნიშნულ თემაზე, შევქმენით მცირე მოცულობის სცენარი   ლიტერატურულ-მუსიკალური  კომპოზიციისთვის.
         გაკვეთილისთვის დავისახე შემდეგი მიზნები:  მოსწავლეებს  გაეგოთ,  როგორ ემზადებოდნენ შობა-ახალი წლისთვის  ძველად საქართველოში; შეესწავლათ მცირე ზომის  ფოლკლორული ნიმუშები, თემასთან დაკავშირებით; დაინტერესებულიყვნენ შემდგომში  ზეპირსიტყვიერების სხვა  ნიმუშების გაცნობით-(ნებისმიერ  თემაზე); მათთვის შემექმნა  ხალისიანი საახალწლო განწყობილება;
         გაკვეთილის პირველ ეტაზე მოსწავლეებს შევაქმნევინე ასოციაციური რუკა,-„რა ვიცით ჩვენი ეროვნული საუნჯის-ფოლკლორის შესახებ“, შემდეგ ვუჩვენე საპრეზენტაციო სლაიდ-შოუ: „ფოლკლორული ნიმუშები-ჩვენი ლიტერატურული მარგალიტები“. მივუთითე  ხალხური შემოქმედების სხვადასხვა მიმართულებებზე. ყურადღება გავამახვილებინე ფოლკლორული ნიმუშების შემგროვებელთა ღვაწლზე,  ჩვენი ეროვნული საუნჯის დაცვის აუცილებლობაზე.
საუბარი გადავატანინე იმაზე, რომ მალე ახალი წელი და შობა დადგება, ჩვენს ერონულ ლიტერატურულ საგანძურში  კი ამ თემატიკაზე უამრავი შესანიშნავი ნიმუში მოიპოვება.  ვისაუბრეთ საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნების საჭიროებაზე, ასეთ მნიშვნელოვან საჭიროებად მივიჩნიეთ საახალწლო -საშობაო  ტრადიციები, რომლებიც  საკმაოდ განსხვავებულია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჯგუფური მუშაობით შექმნილი ნამუშევრები,-„ როგორ ხვდებიან შობა-ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.“ სამუშაო ისე იყო განაწილებული, რომ ყურადღების მიღმა ჯგუფის არცერთი წევრი არ დარჩენილა. მოსწავლეთა ხელით შექმნილი ყველა ნიმუში (პოსტერი, ნახატი, თხზულება) იყო მეტად მიმზიდველი და საინტერესო.
შემდგომ ამისა, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მცირე მოცულობის მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია. აქ  წარმოდგენილი ყველა ნიმუში,-ლექსი, ანდაზა, ენის გასატეხი, გამოცანა, საგალობელი თუ ცეკვა იყო ფოლკლორული, ზოგი უკვე დავიწყებულიც კი,-ძველ წიგნებში მოძიებული.  
მეტად სასიამოვნოდ წარმოადგინეს მოსწავლეებმა „ალილოს საგალობელი“ და  „ქართული ცეკვების პოპური“.
შემდგომ ამისა, მოსწავლეებმა მოკლე ფრაზებით წებოვან ფერად ქაღალდზე გააკეთეს დასკვნა, -რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული საუნჯის უფრო ღრმად გაცნობა და რამდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე დღევანდელმა გაკვეთილმა.
სპეციალურ სადგარზე გაკრული  „ზოგადი შეფასების სქემით“ შევაფასე მოსწავლეთა ცოდნის ხარისხი, ჩართულობა, ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაციის გამართვის უნარი. კმაყოფილება გამოვხატე მოსწავლეთა საქმიანობის გამო, მივუთითე, რომ სასურველია გააგრძელონ მუშაობა პრეზენტაციების მოწყობის უნარის დასაუფლებლად.
გაკვეთილმა არა მარტო მოსწავლეებზე, ჩემზედაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.  კმაყოფილება აღმიძრა ამ პატარა პროექტგაკვეთილით  მიღებულმა შედეგმა: მოსწავლეები მიიღეს  ინფორმაცია ჩვენი საუნჯის, -ფოლკლორული ნიმუშების შესახებ; შეძლეს  საუბარი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის  საახალწლო-საშობაო ტრადიციებზე; გაეცნენ   ფოლკლორულ ნიმუშებს სხვადასხვა მიმართულებით; აღეძრათ ცნობისმოყვარეობა, გაუჩნდათ ინტერესი ხალხური საუნჯის უფრო ღრმად გაცნობისა;
გამიჩნდა მოტივაცია, ამგვარი სასწავლო აქტივობის უფრო ხშირად ჩატარებისა. იმედია, ამას მეორე სემესტრში  შევასრულებ.

ანგარიში შეადგინა მასწავლებელმა:                              /ნესტან კუპრავამ/

მასწავლებლის ანგარიში შეამოწმა
 სკოლის დირექტორმა:                                               /რუსუდან ზედაშიძემ/




No comments:

Post a Comment