სსიპ
დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების, ქართული ენისა და ლიტერატურის
(I-VI) მასწავლებლის
ნესტან კუპრავას რეფლექსია
სასწავლო
რესურსი
ელექტრონული
რესურსი- საგანმანათლებლო ვებ-გვერდი
ეროვნულ
სასწავლო გეგმაში მითითებულია. რომ „სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი
საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის
(ესგ, შესავალი, თავი 2, მუხლი 8, 2011-2016).
აღნიშნული
ელექტრონული გვერდი შექმნილია საგანმანათლებლო მიზნით; მოცემული რესურსის გამოყენება
შეუძლიათ როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს და მათ მშობლებს. ელექტრონულ გვერდზე
განლაგებული მასალა გადის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გამჭოლ კომპეტენციებზე:
1. წიგნიერების
განვითარება (რომელიც თანამედროვე გაგებით
არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის,
ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა
და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების
განმავლობაში იძენს); 2. ციფრული კომპიუტერული წიგნიერება, (რომელიც
ამ შემთხვევაში მოიცავს ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის ტექსტების აღქმა-გააზრებას, ინტერპრეტირებას,
გამოყენებას), 3. სოციალური და სამოქალაქო
კომპეტენცია (გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი
უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას,
როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი
აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა,
სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვ).
ელექტრონულ გვერდზე, რომლის
მისამართია: http://nestankuprava.blogspot.com/ განთავსებულია მრავალფეროვანი რესურსი მოსწავლეებში კითხვის
უნარის განსავითარებლად: ჩემ მიერ დაწერილი
და გამოცემული საბავშვო წიგნები, კრებულები,
რომლებშიც შეტანილია ქართველ და უცხოელ ავტორთა ნაწარმოებები, საკითხავი ტექსტები-მხატვრული
და შემეცნებითი, ტესტები, ელექტრონული წიგნები, პიესები, ინფორმაციები
ქართველ და უცხოელ პოეტებზე.
უნდა ითქვას, რომ ელექტრონული გვერდი მუდმივი შევსების
პროცესშია და აქ განთავსებულ დიდძალ მასალას
პერიოდულად დაემატება ახალ-ახალი
სასწავლო რესურსი.
ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის შექმნის მიზანი: 1. ჩემ მიერ შექმნილი
თუ შეგროვილი საკითხავი ტექსტები და ტესტები ხელმისაწვდომი გავხადო ყველასთვის, ვინც
დაინტერესებულია უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებში წიგნიერების დონის ამაღლებით; 2. ჩემი
გამოცდილება გავუზიარო პედაგოგებს, რომლებიც სისტემატურად მუშაობენ აღნიშნულ საკითხზე; 3.
მშობლებს თავიანთი შვილებისთვის შევთავაზო საბავშვო ლიტერატურა, რომელთა ნაწილი
გამომცემლობებთან თანამშრომლობითაა შექმნილი,
ნაწილი კი გამოსაცემად მზადაა. 4. მოვახდინო
ჩემ მიერ დაგროვილი მასალის ორგანიზება,-დახარისხება, დიფერენცირება, გადახალისება...
და უფრო მოწესრიგებული სახით შევთავაზო დაინტერესებულ საზოგადოებას. 5. გავითვალისწინო
მკითხველთაგან მიღებული რჩევები და ჩემი მუშაობა უფრო ნაყოფიერი, უფრო გამოსადეგი გავხადო.
ელექტრონულ გვერდზე რესურსი დახარისხებულია და განთავსებულია ცალკეული ასაკობრივი ჯგუფისათვის: I-II,
III-IV და V-VI კლასების მოსწავლეებისათვის.
ყოველი ნიმუშის შექნისას ვითვალისწინებდი მოსწავლეთა
ასაკობრივ თავისებურებებს, ვცდილობდი, ტექსტები
ყოფილიყო შინაარსობრივად გამართული,
სასარგებლო და ღირებული შერჩეული სამიზნე ჯგუფისთვის, დამეცვა თანმიმდევრულობის, სისტემატურობის,
მისაწვდომობის პრინციპები, ნაბიჯ-ნაბიჯ მემოძრავა მარტივიდან
რთულისაკენ, შემექმნა იმგვარი მასალა, რომ საჭიროების დროს მოსწავლეს მისი დამოუკიდებლად შესრულება არ გასჭირვებოდა.
ელექტრონულ გვერდზე მასალა
განთავსებულია ორ ბლოკად, თუმცა ეს განლაგება
პირობითია (მხოლოდ დიდძალი რესურსის ორგანიზებისკენაა მიმართული), მივიჩნევ, რომ აქ არის მრავალჯერადი და პრაქტიკული გამოყენებისკენ
მიმართული მასალა (არ შემიზღუდავს ნიმუშების ასლების გადაღება და გამოყენება ( ვეცადე, მასალა მომეწოდებინა WORD-ის ფაილით, PDF -ფაილებს ვიყენებ მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში).
მასალის დიდძალ ნაწილს დაერთვის ინსტრუქცია, -თუ როგორ შეიძლება რესურსის
გამოყენება. არ მივიჩნევ საჭიროდ, რომ ამგვარი განმარტებები დაერთოს საბავშვო წიგნებს,-მხატვრულ ლიტერატურასაც.
მისი გამოყენების ინსტრუქცია ხომ ისაა, რომ
პატარა მკითხველმა წაიკითხოს ის, რომელსაც
საკუთარი სურვილით ამოარჩევს. ვცდილობდი, საკითხავი
მასალა ყოფილიყო ჟანრობრივად მრავალფეროვანი და ყოველ დაინტერესებულ მკითხველს მოენახა რაიმე, მისთვის საინტერესო და სასარგებლო.
ელექტრონული გვერდის მეორე
ბლოკში (სახელწოდებით: მასწავლებლის პორტფოლიო) ცალკეა გამოყოფილი ის მასალა, რომელიც
ჩემ მიერ მიმდინარე სასწავლო წელს შეიქმნა (სასწავლო რესურსი კითხვის უნართა განსავითარებლად-
„წავიკითხოთ და გავიაზროთ“ -რამდენიმე ნაწილად, III-IV კლასები), ახალი წიგნი კლასგარეშე კითხვისათვის-„ჩვენ გვიყვარს
კითხვა” ( II კლასი), ფოტოდოკუმენტაცია ე.წ. „დიდი წიგნებზე „ (აღნიშნული
რესურსი ხელნაწერი სახისაა და სკოლაში ინახება.
რესურსი შექმნილია ვასილ გულეურის ლექსებზე და განკუთვნილია პირველი კლასისთვის). ჩემ მიერ დაწერილი ვრცელი საბავშვო მოთხრობა „პირველი ადამიანები“ ( უმცროსკლასელი გაეცნობა
პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებისა და განვითარების ისტორიას-სახალისოდ, საინტერესოდ. წიგნი განკუთვნილია 8-9 წლის ბავშვებისათვის).
ყველა ზემოთჩამოთვლილი რესურსის გამოყენება შესაძლებელია როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების, ასევე სადამრიგებლო
კითხვის საათებზე და გაკვეთილებისგან თავისუფალ
დროს, მისი გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია საგნობრივ წრეებზე, მკითხველთა კლუბებში...
მსგავს რესურსს ხშირად ვიყენებდი და ახლაც ვიყენებ სწავლების დაწყებით საფეხურზე (I-VIკლასები) სამუშაოდ. მასალა გამოსადეგია კითხვის თანამედროვე, ეფექტური
სტრატეგიებით სწავლებისათვის. მოსწავლეები
ადვილად ინტერესდებიან ახალი ტექსტებით, მოსწონთ
ტესტირებული მასალაც, აწარმოებენ „მიმოწერის დღიურებს“ (ინდივიდუალური სწავლებისათვის),
სადაც ასახავენ თავიანთ შთაბეჭდილებებს ავტორებზე, წაკითხულ ნაწარმოებებზე, წერენ ვრცელ და მოკლე შინაარსებს,
მცირე ზომის დარგობრივ ტექსტებს, თხზულებებს
თავისუფალი თემატიკით, სვამენ შეკითხვებს,
იღებენ რჩევებს წასაკითხი ლიტერატურის შესახებ, აკვირდებიან ჟანრობრივ მრავალფეროვნებას ლიტერატურაში, თავადაც
წერენ მცირე ზომის ნაწარმოებებს, ქმნიან ილუსტრაციებს, მსჯელობენ სხვადასხვაგვარ ზნეობრივ
ღირებულებებზე, აკეთებენ დასკვნებს, აფასებენ წაკითხულს,
აღნიშნული
სასწავლო რესურსით მუშაობის შედეგად: გაუმჯობესდა მოსწავლეთა წიგნიერების დონე, ქართული ენისა და ლიტერატურის
სწავლება,- ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სამივე მიმართულებით: ზეპირმეტყველება,
კითხვა, წერა, გაცილებით მეტ მოსწავლეს შეუყვარდა
წიგნი, კითხვა, მოსწავლეებმა შეძლეს გაეაზრებინათ ნაწარმოებებში წამოჭრილი პრობლემები და იმედია,
მათი მოქალაქეობრივი თვითშეგნება მსგავსი საქმიანობების
ჩატარების შემდეგ უფრო გაიზრდება.
ნესტან კუპრავა
2015-2016 სასწავლო წელი
No comments:
Post a Comment