„ნესტანი“ ყოველთვის პრეტენზიულ სახელად მიმაჩნდა. (ასოცირდებოდა ნესტან-დარეჯნის უბადლო სილამაზესთან და ერთგვარ უხერხულობაში მაგდებდა),
მიუხედავად ამისა, ეს სახელი ძალიან მიყვარს
და არა მარტო მიყვარს, პატივს ვცემ კიდეც, მიხარია, რომ მისი ერთ-ერთი მეპატრონე
ვარ... მიმაჩნია, რომ ყველა სახელს თავისი განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და ერთგვარი
ზეგავლენა პატრონის ცხოვრებაზე.
რა
შეიძლება ჩემზე ითქვას,-სავსებით ჩვეულებრივი, გულუბრყვილო ოპტიმიზმით ვცხოვრობდი მანამ,
სანამ ერთ მშვენიერ დღეს სრულიად ახალგაზრდამ,
ჯერ კიდევ ბავშვმა, სოხუმიდან სოჭში ე. წ.
„ელექტრიჩკით“ მიმავალმა არ აღმოვაჩინე, რომ რაღაც მთლად ისე არ იყო... ამ დღეს აფხაზმა
სეპარატისტებმა შეაჩერეს ჩვენი ელმავლის მოძრაობა, სცადეს ვაგონის რელსებიდან გადაგდება... მიზეზს არ იკითხავთ? -თურმე
არ უნდოდათ ჩვენ, ქართველებს მათ გვერდით გვეცხოვრა,- ჩვენსავე ქვეყანაში!.. აქამდე
ცხოვრება თუ „სამოთხის ბაღში ერთი დიდი გასეირნება“ მეგონა, ახლა აღმოჩნდა, რომ ასე
არ იყო... მიუხედავად ამისა, ჩემი ვარდისფერი
სათვალე ერთხანს კიდევ შევინარჩუნე...
მაგრამ
თვალები ცხრა აპრილის დილას ამეხილა (მეუღლის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით),
როცა ჩვენი მთავარი ქალაქის დარბეულ მთავარ ქუჩაზე საკუთარი დიდი იმედგაცრუების სანახავად
მივედი...მივირბინე... ამ დღეს დავრწმუნდი, რომ რაღაც ისე კი არა, არაფერი ისე არ იყო,
როგორც აქამდე მეგონა..
მას
შემდეგ ჩემი ქვეყნისთვის წინააღმდეგობრივი ცხოვრება დაიწყო! (ეს ჩემს ცხოვრებაში მას
შემდეგ, თორემ ჩვენი ქვეყნისთვის ცბიერი მეზობლისგან თავის დაღწევის მცდელობები საუკუნეებს
უკან დაიწყო). ჩვენ ვიხილეთ დაცემისა და აღდგომის წლები! დიადი გამარჯვებები და მძიმე
დამარცხებები... კვლავ აღდგომა! კვლავ დაცემა! ისევ და ისევ! ..წინააღმდეგობები არ ილევა!..
ხანდახან
მეჩვენება, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოსახვით
ზღურბლზე დგას,-ვერც წინ წასულა, არც უკან ბრუნდება... არადა, ზღურბლზე დიდხანს დგომაც
არ შეიძლება, ამას ტაბუ ადევს... ან უნდა შეაბიჯო, ან უკან გამობრუნდე... უკან დაბრუნება
კი... ღმერთმა დაგვიფაროს!
ყოველი
ადამიანი საკუთარი ქვეყნის ცხოვრებას იმეორებს... რაც არ უნდა გააკეთო...რასაც არ უნდა
მიაღწიო... რაც არ უნდა მოიპოვო... მაინც იმ განწყობილებით ცხოვრობ, როგორადაც შენი
ქვეყანა. მეც ჩემს ერთად ქვეყანასთან ვიცხოვრე,-უჩინრად, მაგრამ სწორედ მისებურად.
ხშირად მიფიქრია, რა შეიძლება დავარქვა ჩვენს თანაცხოვრებას,-მეთქი... ნუთუ, „ცხოვრება
მუდმივი გამოწვევების თანხლებით“... სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიღალე...
მიუხედავად
მარადიული შფოთისა, ნდობა ზოგადად ადამიანის მიმართ არასოდეს დამიკარგავს... მიყვარს ბავშვები, ბუნების ლამაზ-ლამაზი სურათები,
ლამაზი საგნები, წიგნები (ზოგიერთის ამოჩემებაც კი მჩვევია), მიყვარს წერა,-საკუთარი
ფიქრებისა და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად, განსაკუთრებით, მომწონს ბავშვებისთვის
წერა, რადგან ამ დროს უსაზღვრო თავისუფლებას განვიცდი (მომწონს საგანთა გასულიერება,
მათი ამეტყველება), მაქვს ჩემს ლიტერატურულ გემოვნებასთან თუ გამოცდილებასთან დაკაშირებული
აკვიატებანი, გატაცებები...მიყვარს პოეზია,(არ მიყვარს პათეტიკური ლექსები, სხვადასხვა
წვეულებაზე თავის წარმოსაჩენად რომ კითხულობენ), უსაზღვროდ მიყვარს ჩემი ოჯახი, ჩემი
ახლობლები და მათი ბედნიერი მომავლის იმედს არასოდეს ვკარგავ...
ასეთია
ჩემი სამყარო, არამარტო განზოგადებული, არამედ
ყოველდღიური ყოფაც კი-თქვენს სიახლოვეს უჩუმრად გატარებული!
საოცარი ბლოგი გაქვთ, ინფორმაციით დატვირთული, ხშირად ვსტუმრობ ხოლმე, დიდი მადლობა...
ReplyDelete