ნესტან
კუპრავა
დიდი აურზაური
ბიჭი მთვარეზე?!
ზაფხულის ერთ მშვენიერ ღამეს მხატვარ გოგონას მოულოდნელად სიმღერა შემოესმა. თეონა ადგა, აივანზე გავიდა და მიიხედ-მოიხედა, _ ასეთი სასიამოვნო მელოდია საიდან ისმისო.
– ლალე-ლალე, დივლი-დალალალე, ჩემო ლამაზო ქვეყანავ, შენ კი გენაცვალე! – რაკრაკებდა სიმღერა, მომღერალი კი არსად ჩანდა.
თეონამ ცას ახედა და, ჰოი, საოცრებავ! – ნამგალა მთვარეზე არხეინად ჩამომჯდარი პატარა ბიჭი ქვეყნიერებას გადმოჰყურებდა, თანაც მშვენიერ სიმღერას არაკრაკებდა.
– არ ვიცოდი, რა დამეხატა, – წამოიძახა გოგონამ, – თურმე სულ ტყუილად ვდარდობდი... უფრო მშვენიერი რა უნდა დავხატო? რა დიდებულია? პატარა ბიჭი ვერცხლისფრად მოელვარე მთვარეზე ჩამოსკუპებულა... დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი ნახატი გამოვა!
თეონა ხატვას შეუდგა. გოგონა ღია ფანჯარასთან იჯდა. დროდადრო ღამის ცას მეოცნებე თვალებით უყურებდა.
ნახატს ყურადღებით დააკვირდით; სწორედ ისაა, გოგონამ რომ იმ ღამეს დახატა, მერე ჩემთან მოიტანა და მთხოვა, ერთი მხიარული ბიჭუნას თავგადასავალი დამეწერა.
მე მაშინვე დავეთანხმე. მხიარული ბიჭუნებისა და გოგონების თავგადასავლები ხომ სხვა ბავშვებსაც აინტერესებთ?
მაშ ასე, გაიცანით: ეს პატარა, მთვარეზე ჩამოსკუპებული ბიჭი გიგუნაა. გიგუნას მოფერებით ეძახიან, ისე გიორგი ჰქვია. ახლა ბიჭი სოფელშია, ბებოსთან. ქალაქიდან მალე დედ-მამაც ჩამოუვა. დედა დაჰპირდა, ქალაქიდან უსათუოდ პატარა ბავშვს, დაიკოს ჩამოგიყვან და გაგაცნობო...
– თუ შეიძლება, თხრობა წუთით შეწყვიტეთ, – აუცილებლად წამოიძახებს რომელიმე დაეჭვებული გოგო ან ბიჭი, – ასეთმა პატარამ მთვარეზე გამგზავრება როგორღა შესძლო?
რა თქმა უნდა, დაეჭვდებოდით. თქვენ ხომ არ იცოდით, რომ გიგუნა პატარაა, მაგრამ ფარეხში უკვე სამი ჯადოსნური ავტომობილი აქვს. ერთი ფიქრმობილია. იგი გიგუნას რჩეულია, რადგან ძალიან სწრაფია და ბიჭი სამოგზაუროდ ხშირად იყენებს.
მეორე სიზმარმობილია. უთუოდ თავადაც მიხვდებოდით, რომ გიგუნა სიზმარმობილით ღამე მოგზაურობს.
მესამე ავტომანქანა მთვარემობილია. იგი, რა თქმა უნდა, მთვარეზე სამოგზაუროდაა განკუთვნილი.
ალბათ იმასაც შემეკითხებით, ბიჭი მთვარეზე რატომ ჩამომჯდარაო. ეს იმ დროს მოხდა, როცა გიგუნა ბებიაზე იყო გაბრაზებული. ბებიამ სავახშმოდ შვრიის ფაფა გააკეთა, ბიჭს მაგიდაზე უზარმაზარი თეფშით დაუდო და ალერსით უთხრა:
– გიგუ, შენ ხომ წელს სკოლაში წასვლას აპირებ? ჰოდა, ჩემო ბიჭო, ფაფა აუცილებლად უნდა მიირთვა... ისეთი გამხდარი ხარ, გული მიკვდება. შვილო, სკოლაში წასვლამდე ცოტათი უნდა მოფერიანდე...
შვილიშვილს მაგიდაზე კოვზიც დაუდო და თვითონ სასადილო ოთახიდან გავიდა.
გიგუნამ `საშინელ ფაფას~ კოვზით დიდხანს ურია, ურია, მაგრამ როდისმე გაგიგიათ, რომ ფაფა ასეთი ხერხით მალე გათავებულიყო?
ბიჭმა სავსე თეფშს დიდხანს პირქუშად უყურა, უყურა, ამასობაში კი მოასწრო, უფრო და უფრო გაბრაზებულიყო. ფაფა კოვზს ჩააბარა, თვითონ სახლიდან ფეხაკრეფით გაიპარა, ჩახტა მთვარემობილში და ჰერიი!
სანამ გიგუნა ფაფას უბღვერდა, კიდევაც დაღამებულიყო. ცაზე უკვე ნამგალა მთვარე ბრწყინავდა. ბიჭმა მთვარემობილი წრიული მთების ახლოს დასვა.
– გამარჯობა, გიგუნა! – მიესალმა მთვარე, – რა სახე გაქვს, რა გაგჭირვებია?
– გამარჯობა, მთვარევ! – გიგუნა გაბრაზებული კი იყო, მაგრამ მთვარემ რა დააშავა, რომ არ მისალმებოდა? – შეიძლება შენთან დავრჩე? ბებომ, გინდა თუ არა, შვრიის ფაფა ჭამეო. მე ახლა სახლიდან გამოქცეული, ლტოლვილი ვარ. დავრჩები რა...
– ფაფის ჭამას გაიძულებდა? შენ რა გითხარი, გიგუნა... მე კი ფაფას სიამოვნებით მივირთმევდი. კარგი, რა გაეწყობა, დარჩი ჩემთან.
აქ, ზემოთ მთვარე ისევ მრგვალი და გაბადრული იყო, მარტო დედამიწიდან ჩანდა ნამგალა. ეს იმიტომ, რომ მის დიდ ნაწილს ჩვენი პლანეტის ჩრდილი ეფინებოდა. ბიჭი ჩრდილის ბოლოზე ჩამოჯდა, – ზედ ნამგლის წვერზე.
აი, სწორედ მაშინ ახედა ცას ამ წიგნის მხატვარმა, როცა მთვარეზე ჩამომჯდარი ბიჭი დაინახა, ფანჯარა ფართოდ გააღო, აიღო თოვლივით თეთრი ქაღალდი, ფერად-ფერადი ფანქრები და ხატვას შეუდგა.
ბიჭი ბებომაც დაინახა. შემთხვევით მთვარეს ახედა და სახტად დარჩა. აი სასწაული! მისი საყვარელი შვილიშვილი ვერცხლისფერი ნამგლის წვერზე იჯდა, ფეხებს აქეთ-იქით იქნევდა და იბღვირებოდა. ცაზე ერთადერთი ღრუბელი იყო და ისიც კისრისტეხით გარბოდა, – ეს რა საოცრება ვნახე, ახლავე გავიქცევი, ყველაფერს ჩემს და-ძმებს ვუამბობო. აი, ასეთი ჭორიკანა ღრუბლებიც არსებობენ.
ბიჭი გადმოიხარა და ბებოს პირქუშად გადმოხედა.
– გიგუნა, მანდ რას აკეთებ? ჩამოდი მთვარიდან. შვილო, გელოდები! – დაუძახა ბებომ.
– რამდენიც გინდა მელოდე, არ ჩამოვალ! – უპასუხა ბიჭუნამ.
ბებიამ მთვარეზე შემოსკუპებულ ბიჭს უყურა, უყურა და მერე ხელი ჩაიქნია. იფიქრა – იყოს ბიჭი მთვარეზე, როცა მომენატრება, ცას ავხედავ, თანაც სულ თვალწინ მეყოლებაო.
– მოშივდება და ძირს თვითონ ჩამოვა, – გადაწყვიტა ბებომ და სამზარეულოში საქმიანობა დაიწყო.
თავი მშვიდად მაინც ვერ დაიგულა. როცა ღია ფანჯრიდან ბიჭს ახედავდა, თვალები მაშინვე ცრემლით ევსებოდა.
გიგუნას, ბოლოს და ბოლოს, მოშივდა, მაგრამ თან გემრიელი ქადები ჰქონოდა წაღებული, ამოიღო და ჭამას შეუდგა. ისე ესიამოვნა, რომ შეკრული წარბები თანდათან გაეხსნა.
ალბათ იცით, რომ ქადა გემრიელიცაა და ფხვიერიც. ნამცეცები მთვარიდან ძირს იყრებოდა. მიწა მალე კვერცხისგულისფერი ნაფხვენებით მოიფინა.
ჩიტუნებმა ბუდეებიდან გამოიჭყიტეს, გიგუნას კარგად იცნობდნენ, ასეთი ოინი პირველად კი არ ენახათ.
– ნეტავი, ციდან რა იფრქვევა? რას გაიგებ? მთვარეზე ონავარი ბიჭი – გიგუნა შემოსკუპებულა... რაღაც ახალ ოინს მოიფიქრებდა. სულაც არ გაგვიკვირდება, ეს გადარეული ბიჭი რომ ადგეს და ზაფხულშიც კი ციდან თოვლი დაგვაბერტყოს. აჰ, ხვალ დილით ხომ ყველაფერს შევიტყობთ? აჯობებს, ისევ ძილს მივუბრუნდეთ...
ერთხელაც საყვედურით ჩაიჭიკჭიკეს, – გიგუნასგან ყველაფერი მოსალოდნელიაო და ისევ ძილი შეიბრუნეს.
გემრიელმა ნამცხვარმა ბიჭს გუნება გამოუკეთა. სიმღერა ყელიდან თავისთავად ამოფრინდა. გიგუნამ ორ ზღვას შუა მოქცეულ ქვეყანას გადმოხედა. მთვარე ზედ საქართველოს თავზე ეკიდა. ბიჭი უნებურად ამღერდა.
ადამიანებმა ღამის ცას ახედეს. ბევრი მათგანი პატარა, ონავარ ბიჭუნას კარგად იცნობდა:
– აჰ, ეს ხომ გიგუნაა? მთვარეზე ჩამომჯდარა და საქართველოზე მღერის. ყოჩაღ, გიგუნა, ყოჩაღ!
სამშობლოზე სიმღერის შემდეგ მოწყენილ-მონისლული როგორ იქნები? ბიჭს სიბრაზემ თანდათან გაუარა.
სიმღერას ახლა ბებიაზე მოუნდა რაკრაკი. სულ დაავიწყდა, გიგუნა რომ გაბრაზებული იყო.
ბებიამ სიმღერას უსმინა, უსმინა და გაიღიმა. მერე სამზარეულოში შევიდა, – ბიჭს დიდი, გვერდებდაბრაწული ხაჭაპური გამოუცხო.
– გიგუნა, ჩამოდი, შვილო, შენი საყვარელი ხაჭაპური გამოგიცხვე.
გიგუნა ჩაფიქრდა, – ხაჭაპურისთვის დედამიწაზე ჩასვლა ღირს თუ არაო. ცდუნებას მაინც ვერ გაუძლო, ჩახტა მთვარემობილში და ჰერიი, – დედამიწისაკენ!
– ღამე მშვიდობისა, გიგუნა! – მთვარემ სხივებით გზა გაუნათა.
– ნახვამდის, მთვარევ, ისევ გესტუმრები, – მიუგო ბიჭმა.
მთვარემობილმა ღამის ცაზე გაიბრწყინა.
– დედა, დედა, შეხედე, კუდიანი ვარსკვლავი! – დაიძახა ღამის ცას მიჩერებულმა ვიღაც გოგონამ. აბა, რა იცოდა, რომ მთვარის შუქზე გიგუნას მთვარემობილი ბრწყინავდა, – ბიჭი შინ ბრუნდებოდა.
ღამე თანდათან გავიდა და ცაზე მზე ზარზეიმით ამობრძანდა. მოუსვენარმა სხივებმა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული დაიარეს, მაგრამ გიგუნას ოთახს ფეხაკრეფით ჩაუარეს, – ღამით ბიჭი მთვარეზე იმდენხანს იჯდა და ასე დილაადრიან ძილი არ დავუფრთხოთო.
ჩიტებმა ბუდეებში ჯერ ფრთები გაისწორეს, მერე აჟივჟივდნენ...
– სულ ერთი და იგივე... სულ უნდა იფრინო და იფრინო, სულ უნდა იშრომო და იშრომო, სულ საჭმელზე უნდა იზრუნო... ოჰ, რა მოსაწყენია!
ასე იმიტომ წუწუნებდნენ, არ იცოდნენ, რა სასიამოვნო სიურპრიზი ელოდათ. როდის-როდის გაიხსენეს, რომ გიგუნა ღამით მთვარიდან რაღაცას ყრიდა.
– ნეტავი, იმ ბიჭმა რა გადმოყარა? – ერთმანეთს გადაუჭიკჭიკეს და ბუდეებიდან ძირს ჩამოიხედეს.
მოულოდნელი საჩუქარი სწორედ ამას ერქვა! – მიწა ერთიანად გემრიელი ქადის ნაფხვენებით იყო მოფენილი.
სასწრაფოდ ძირს ჩაფრთხიალდნენ და ნამცეცების კენკვას შეუდგნენ. იმდენი იყო, საკვების საშოვნელად გაფრენა არ დასჭირდებოდათ. შეეძლოთ მთელი დღე ეჭორავათ, ან ბუდეები დაელაგებინათ. ბიჭუნაზე გული უცებ მოუბრუნდათ, შერცხვათ კიდეც, ღამით საყვედურები რომ წამოსცდათ.
– გიგუნას გაუმარჯოს, გიგუნას! – ხომ იმდენი იჟღურტულეს, ბიჭს მაინც არ გაღვიძებია, ისევ გულიანად ეძინა.
მთვარემობილი ფარეხში ისვენებდა. თვლებზე ცოტაოდენი მთვარის ქვიშა აჰკვროდა. ეს იყო და ეს.
გიგუნა და მათემატიკა
წინა თავში შევიტყვეთ, რომ წელს გიგუნა სკოლაში წასვლას აპირებს. ბებომ ყველაფერი მოუმზადა – ზურგჩანთაც, წიგნებიც, რვეულებიც.
ზურგჩანთას გიგუნა ხშირად ისინჯავს. წარამარა მხრებზე მოირგებს და ჭიშკრისკენ გარბის, იქიდან კი მობრუნდება და სახლისკენ დინჯად, დარბაისლურად გამოსწევს, თანაც ფანჯრის შუშაზე საკუთარ გამოსახულებას აკვირდება, აინტერესებს, სასკოლო ზურგჩანთა როგორ უხდება.
მერე ნამდვილი გიგუნა შუშაზე გამოხატულ გიგუნას ხელს უქნევს. სალამს არც ის უგვიანებს. ამით გიგუნა მისალმებას სწავლობს.
– რას აკეთებ? – ეკითხება ბებო, – ფანჯრის შუშას რატომ ეპრანჭები?
– სკოლაში წასვლა და გამარჯობის თქმა ხომ უნდა ვისწავლო? – აი, ასეთი ბეჯითია ჩვენი ბიჭი. – შუშაზე საკუთარ თავს ვხედავ, გამარჯობის თქმაში ვმეცადინეობ!
გიგუნას დედა ინგლისური ენის მასწავლებელია. თბილისის იმ სკოლაში მუშაობს, სადაც გიგუნამ უნდა ისწავლოს. ძალიან უნდა, სკოლაში ბიჭზე თქვან, – ჩვენს თანამშრომელს რა ნიჭიერი შვილი ჰყოლიაო.
– გიგუნას მათემატიკა უჭირს. სანამ სკოლაში შევიყვანდეთ, ცოტა წაამეცადინეთ! – დედა ქალაქიდან გიგუნას ბებიას ხშირად ურეკავს.
– შვილო, სკოლაში წასვლა სულ იოლია. სწავლაა მთავარი. მოდი, მათემატიკაში წავიმეცადინოთ, – ამბობს ბებო.
– ფიჰ! – ამისი გაგონება და ბიჭის აღშფოთება ერთია.
საქმე ისაა, რომ გიგუნას მათემატიკა არ უყვარს. ბებო მათემატიკას სულ ვაშლებით ასწავლის, გიგუნას კი არც ვაშლები უყვარს.
– გიგუნა, ვთქვათ, შენ ორი ვაშლი გაქვს, ორი ელისომ მოგცა. შვილო, სულ რამდენი ვაშლი გექნება?
ბიჭს გულით უნდა უპასუხოს, მაგრამ რა ჰქნას? – ვაშლები აქეთ-იქით დაგორავენ და დათვლის საშუალებას არ აძლევენ.
სახლში გიგუნას ბებიასთან ერთად ბიძა, ფატი ბიცოლა და მათი შვილებიც ცხოვრობენ. გიგუნას ბიძაშვილები – მეთერთმეტეკლასელი ელისო და მეორეკლასელი ზურიკო ახლა მათემატიკის საგანგებო გაკვეთილს ესწრებიან. სულ გადავიწყებიათ, ეს საგანი თვითონაც რომ უჭირდათ, იცინიან და იცინიან.
– ორს მივუმატოთ ორი, რამდენია? – იჟინებს ბებო.
– ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? – დამცინავად ამბობს ელისო და კისკისებს.
– ჰე, ბიჭო, რამდენია? – ბებოს თავგზა აქვს აბნეული.
– ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? – პირქუშად პასუხობს ბიჭი.
ზურიკო გიგუნას თანაუგრძნობს, – მწარედ ოხრავს, ელისო კი ისე იცინის, ლამის გაიფხრიწოს. ბებო ფიქრიანი თვალებით იყურება.
– ვაიმე, ვაიმე, რა გვეშველება? – ამბობს ის და ბიჭს სათამაშოდ უშვებს.
რა მეტიჩარაა ეს ელისო! თურმე მთელ სოფელს გააგებინა, რომ გიგუნამ ორს მივუმატოთ ორი არ იცის. ყველა განგებ ეკითხება:
– აუჰ! გიგუნას გაუმარჯოს, გიგუნას! – ხელის აწევით ესალმება ოთიკოს ბაბუა, – ბიჭი, რამდენია, ორს მივუმატოთ ორი?
ბიჭი მაშინვე ლექსად პასუხობს:
– ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები?
ოთიკოს ბაბუა იცინის, იცინის.
ქუჩაში მეზობელმა ქალებმა ჩაიარეს. მაღაზიაში, პურზე მიიჩქარიან. დაინახეს გიგუნა და გადმოსძახეს:
– გიგუნა, შვილო, რამდენია, ორს მივუმატოთ ორი?
ისიც სხაპასხუპით პასუხობს, – ზღვაში ქვიშა და ცაზე ვარსკვლავები ვინ დათვალოსო.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბიჭს უკვე თავისი ოთახიდან გამოსვლისა ეშინია. ყველა ერთსა და იმავეს ეკითხება, გიგუნა კი იძულებულია, ლექსით უპასუხოს.
– არა, ასე არ შეიძლება, – გადაწყვიტა ბოლოს, – მალე მთელი სოფლის დასაცინი გავხდები.
ბიჭმა იფიქრა, იფიქრა და აი, რა გადაწყვიტა: – მოდი, ვაშლების ნაცვლად ავტომობილებით დავთვლი, იქნებ მათემატიკა ასე უფრო გამიადვილდესო. გიგუნა ოცნებობდა, რომ ფარეხი ჯადოსნური ავტომობილებით სავსე ჰქონოდა.
– სამი ავტომობილი უკვე მაქვს, – ჩაილაპარაკა მან, – აი, კიდევ ორი რომ მივუმატო, ნეტავ, რამდენი იქნება?
ორი მშვენიერი ავტომობილი უცებ მოგრიალდა და ბიჭსაც გონება გაეხსნა.
– ხუთი! – წამოიძახა მან, – რა თქმა უნდა, ხუთი! რატომ აქამდე ვერ მოვიფიქრე?
ავტომობილები მოგრიალებდნენ და მოგრიალებდნენ. მათემატიკა, თურმე, ძალიან ადვილი ყოფილა.
სახლში სტუმრები მოვიდნენ – გიგუნას ბიძის მეგობრები.
ბიძამ გიგუნას თავზე ხელი გადაუსვა, სტუმრებს კი თვალი ჩაუკრა:
– გიგუ, რამდენია, ორს რომ ორი მივუმატოთ?
– ოთხი ავტომობილი, – მაშინვე მიახალა ბიჭმა.
– ოჰო! – გაიკვირვა ბიძამ, – უკვე ისწავლე? სამს მივუმატოთ სამი, რამდენია?
– ექვსია, – გაიცინა გიგუნამ, – თუ გინდა, იმასაც გეტყვი, რომ ათი ექვსი სამოცია, სამოცს მივუმატოთ სამოცი კი – ასოცი ავტომობილი...
ბიძა და სტუმრები ძალიან გაკვირვებულები დარჩნენ:
– ესაა, ორს მივუმატოთ ორი ვერ ვასწავლეთო? სახლში ვუნდერკინდი გყოლიათ და გვიმალავდით?
გახარებული გიგუნა საღამოს ქუჩაში ასკინკილით დახტოდა. გზაზე უფროსკლასელებმა ჩაიარეს, ელისოც მათთან იყო. ბიჭის წარმატებაზე მან ჯერ არაფერი იცოდა.
– გიგუ, რამდენია, ორს მივუმატოთ ორი? – სიცილით გადმოსძახა ელისომ.
– ოთხია. ოთხჯერ ოთხი – თექვსმეტი, ათჯერ თექვსმეტი – ასსამოცი... აი, ამდენი ავტომობილი მინდა...
გაოცებული ელისო და მისი მეგობრები ბიჭს შემოეხვივნენ:
– ბიჭოს! შენ არ ხუმრობ.
– ავტომობილებით დათვლა სულ ადვილი ყოფილა, გამრავლებაც კი ვისწავლე. გინდათ, შევეჯიბროთ?
და უცებ სხაპასხუპით იკითხა:
– რამდენია, რვაჯერ შვიდი?
ელისო და მისი ამხანაგები ხმაამოუღებლად გაიძურწნენ. სიმართლე გითხრათ, ზოგ მათგანს ზეპირად არც კი ახსოვდა, რამდენია რვაჯერ შვიდი. იფიქრეს, ამ ბიჭმა უფრო ძნელი შეკითხვები არ მოგვაყაროს და მთელ სოფელში თავი არ მოგვჭრასო.
გუნებაწამხდარი ბავშვები ქუჩაში ჩუმად მიდიოდნენ, მათ უკან კი გიგუნა მთელი ხმით გაჰკიოდა:
– რაო, რას იტყვით? ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები?
ფეხმოტეხილი ღრუბელი
ფატი ბიცოლამ გიგუნას ბიძაშვილები რამდენიმე დღით თავის დედ-მამასთან წაიყვანა. ბიჭმა, ცოტა არ იყოს, ზურიკოს გარეშე მოიწყინა, ამიტომ მეზობელმა შურდული გაუკეთა, იქნება, გახალისდესო.
გიგუნა ახლა ეზოში დაწრიალებს და ისეთ რამეს დაეძებს, რასაც შეიძლება შურდულით კენჭი ესროლოს.
– დაგვიდგა აღსასრულის დღე! – კვნესიან ბეღურები და გულწითელები, მაგრამ სულ ტყუილად; გიგუნას კეთილი გული აქვს და ჩიტები ეცოდება.
შურდულისთვის არც ხეები ემეტება. ვინ იცის, ფოთლები მერე თავიანთ ფოთლურ ენაზე როგორ გაჭორავენ.
ყვავილებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. შურდული ღობეს დაუმიზნა, მაგრამ ჭიშკარმა მაშინვე მკაცრად დატუქსა, ღობე კი საცოდავად აწუწუნდა:
– რა იყო, გიგუნა, დაბალი ღობე მნახე? ვერავინ გაიმეტე და მე მომდექი?
ბიჭმა მიიხედ-მოიხედა, მაგრა ვერაფერი მოისაზრა.
– როგორ? შურდული მქონდეს და კენჭი ვერ ვისროლო? – გაბრაზდა გიგუნა, მაშ, როგორ გავიგო, კარგი მსროლელი ვარ, თუ ცუდი?
ბიჭმა შურდულით ცაში კენჭი უმისამართოდ ისროლა. ასროლილ კენჭს მზერა ვერ მიადევნა, მაგრამ ცაზე უცებ მარტოხელა ღრუბელი დაინახა.
– ეს ღრუბელი რა მარტოდმარტო დასეირნობს? – თქვა გიგუნამ, – მისი და-ძმები სად არიან? ისე ნელ-ნელა მიცურავს, ეტყობა, ღრუბლებში სიზარმაცითაა გამორჩეული. მოდი, ამ ჩემი შურდულით ცოტათი შევახურებ!
ბიჭმა კენჭი პირდაპირ ღრუბელს ესროლა. უეცრად ქარმა წამოუბერა და ღრუბელი კოჭლობ-კოჭლობით დაიძრა. ბიჭს სახეზე წვიმის მსხვილი წვეთი დაეცა.
გიგუნა შეშფოთდა:
– ვაიმე! მგონი, ღრუბელს ჩემი შურდულით ფეხი მოვტეხე!
ღრუბელი ისე საშინლად გაბრაზდა, ისე გაავდა, რომ კუპრივით გაშავდა, გაშავდა და კიდეებზე ქულები ნაფლეთებივით დაეკიდა.
– გვიშველეთ! გვიშველეთ! ფეხმოტეხილი და გაბრაზებული ღრუბელი მოდის! – დაიწივლეს ბეღურებმა და ბუდეებისკენ გაქანდნენ.
– თავს უშველე, გიგუნა, ფეხმოტეხილი ღრუბელი გვიახლოვდება! – ბიჭს ახლა მერცხალმა ჩაუქროლა, მაგრამ გიგუნამ მერცხლის ენა არ იცოდა. ჩიტუნამ ფრთა ჩაიქნია და თავი სახლის აივანს შეაფარა.
– ქვებს მესვრი, არა? მე შენ გიჩვენებ, ვინაა კარგი მოშურდულე! თუ ბიჭი ხარ, დამიდექი! – ღრუბელი გიგუნასკენ მუქარით გამოგორდა.
– ესეც შენი ფეხმოტეხილი ღრუბელი! – წამოიძახა ბიჭმა. სახლისკენ გაქცევა თვითონაც იკადრა, მაგრამ ფეხმოტეხილმა ღრუბელმა გზა მოუჭრა და ბიჭს თავზე სეტყვის მარცვლები დააყარა.
– აბა, ახლა რას იტყვი, ვინაა კარგი მოშურდულე?
ციდან სეტყვის კენჭები რაკარუკით ცვიოდა.
– მიშველე, ბებო, მიშველე! – დაიყვირა გიგუნამ.
ბებო გარეთ გამოვარდა და ბიჭი სახლში შეარბენინა.
ფეხმოტეხილმა ღრუბელმა შურდული ახლა გიგუნას ოთახის ფანჯარას დაუშინა:
– გარეთ გამოდი, გიგუნა! შურდულის სროლაში შემეჯიბრე!
მაგრამ კენჭები მალე გაუთავდა და სასწრაფოდ ცაში გაიქცა. ღრუბლის წასვლა იყო და ირგვლივ ყველაფერი მიწყნარდა.
ჩიტებს მაინც ეშინოდათ, – ბუდეებს ვერ შორდებოდნენ. ხეები ძირს დაცვენილ ფოთლებს დაღონებულები დასცქეროდნენ.
ბებია ეზოში დადიოდა და ვიშვიშებდა:
– რა ფერწასული ხარ, შვილო, სეტყვამ შეგაშინა? – ბებომ ბიჭს ხელი თავზე გადაუსვა, – ნუ გეშინია, სეტყვა იმდენად იშვიათად მოდის, ალბათ დიდხანს ვერ ვნახავთ...
– ჩემი ბრალია, ბებო! – ამოილუღლუღა ბიჭმა.
– რა არის შენი ბრალი? რას ამბობ, გიგუნა? – მიუალერსა ბებიამ.
– ღრუბელს ფეხი მე მოვტეხე, მე გავაბრაზე!
– ფეხი შენ მოსტეხე? ეს როგორ?
– შურდულის გამოცდა მინდოდა, ღრუბელს კენჭი ვესროლე.
– სწორია, სწორი, კენჭი შენ ესროლე, ღრუბელი შენ გააბრაზე! – მერცხალმა გულისწყრომა ვერ დამალა.
ნასეტყვარზე საკმაოდ აცივდა და ბებიამ ბუხარში ცეცხლი ააგუზგუზა. გიგუნამ ცეცხლს დიდხანს უყურა, უყურა, მერე თვალები გაუბრწყინდა, შურდული მოარბენინა და ბუხარში შეუძახა.
– რა ჰქენი, ბიჭო, ახალი შურდული დაწვი? – გაუკვირდა ბებოს.
– დიახაც, დავწვი...
– მერედა, რატომ?
– ბე, შურდული ყოფილა ყველაზე უსარგებლო ნივთი, რაც კი ოდესმე მინახავს.
– შენ ასე ფიქრობ?
– ჩიტები ხომ ვერ გავიმეტე, ხეებსაც ვერ ვესროლე, ღობემ წუწუნით ამიკლო... ცაში ავისროლე და მაშინაც ღრუბელს ფეხი მოვტეხე. იმას ჩემზე უკეთესი შურდული ჰქონია. ასეთი ნივთი რისთვის მჭირდება? არ მინდა, ვინმეს რამე ვატკინო!
ბებიას სახე გაუბრწყინდა:
– ნეტავი, შვილო, ნეტავი, არასოდეს არავის ატკინო!
შორს, ძალიან შორს, ცის კიდეზე განაბულ ღრუბელსაც გული მოულბა:
– ეს გიგუნა ურიგო ბიჭი არა ჩანს, თანაც ფეხი უკვე მომირჩა. დროა, შურდული მეც გადავაგდო, – თქვა მან. ღრუბლის ლამაზ, თეთრაფრებიან იახტად იქცა და ცის თაღზე ამაყად ჩაისრიალა.
გიგუნამ თვალი გააყოლა:
– ღრუბელო, მაპატიე, შურდულით რომ კენჭი გესროლე და...
ღრუბელმა შორიდან გადმოსძახა:
– მეც მაპატიე, გიგუნა, მაგრამ მაინც გამოტყდი, ხომ ვყოფილვარ უკეთესი მოშურდულე?
გიგუნა და ტყე
ფეხმოტეხილ ღრუბელს ფეხი მალე მოურჩა. მიხვდა, რომ გიგუნა თავის საქციელს ძალიან ნანობდა, ამიტომაც ბიჭს დაუმეგობრდა.
ბიჭთან დიდი აურზაურიც მეგობრობდა. დიდი აურზაური ხომ იცით? – თუ არ იცით, შეგიძლიათ იგი მაღალი, გამხდარი კაცის სახით წარმოიდგინოთ, რომელსაც უცნაურზე უცნაური, გრძელზე გრძელი და ფართხუნაზე ფართხუნა ტანსაცმელი აცვია. ფერფლისფერი, უკან გადავარცხნილი თმა ნიავის ერთ წამობერვაზეც კი ქაჯივით ეწეწება და უფრიალებს. თაფლისფერი თვალები ეშმაკურად უბრწყინავს და მუდამ იცინის.
დიდ აურზაურს უამრავი და-ძმა ჰყავს, – დიდზე დიდი აურზაური, სერიოზული აურზაური, სევდიანი აურზაური... თქვენ წარმოიდგინეთ, საშინელი აურზაურიც კი არსებობს. პატარ-პატარა აურზაურებს ხომ თვლა არა აქვთ.
გიგუნას მეგობარი ძალიან მხიარულია. იგი მუდამ იქაა, სადაც ნაღველი და წუხილი დავიწყებულია. ბავშვებთან თამაში და გართობა განსაკუთრებით უყვარს. გიგუნას ხომ გვერდიდან არა სცილდება.
მხიარულ მეგობრებთან გართობას რა სჯობია, მაგრამ ბიჭს დედ-მამაც ძალიან მოენატრა, ამიტომ ძალიან გაუხარდა, როცა მამა ქალაქიდან ჩამოუვიდა, – დედას თურმე მერე, პაწაწინა, უცნობ გოგონასთან ერთად ჩამოიყვანდა.
მამამ გიგუნას სათამაშო თოფი ჩამოუტანა.
– თოფი მაქვს, თოფი! ახლა ნამდვილი მონადირე ვარ! – გაიხარა ბიჭმა.
– აჰა, ერთი მონადირე კიდევ შემოგვემატა... საღამოს ტყეში ვაპირებთ წასვლას, – გაიცინა ბიძამ და გიგუნას მამას მიუბრუნდა:
– შენ არ წამოხვალ?
– რატომაც არა, მაგრამ საღამოს წასვლა რატომ გადაგიწყვეტიათ?
– ღამეს ტყის პირას, მანქანაში გავატარებთ. იქნება კოცონიც გავაჩაღოთ. ნადირობას დილაადრიან შევუდგებით.
– ვაშაა! – დაიძახა გიგუნამ.
– მოიცა, შენ რა გიხარია? ტყეში წასვლა არც კი იფიქრო, – წარბი შეიკრა მამამ.
– მაშ, თოფი რისთვის ჩამომიტანე? – გაოცდა ბიჭი, თოფი რა საჭიროა, თუ სანადიროდ არავინ წამიყვანს? ამაზე დიდი უსამართლობა გაგონილა?
– სწორია, სწორი, – ბიძამ გიგუნას თავზე ხელი გადაუსვა, – თოფიანი კაცი ტყეში უსათუოდ უნდა წამოვიდეს. ნება დართე, ჩვენთან ერთად რა უნდა დაუშავდეს? მიდი, ბიჭო, გაემზადე, ერთად მივდივართ...
ბიჭმა გულით გაიხარა. ესეც ასე! ნამდვილი მონადირესავით თვითონაც ტყეში მიდის! თქვენ ზურიკოს ცხვირის ჩამოშვება ნახეთ, როცა სახლში დაბრუნდება და ამ საოცარ ამბავს გაიგებს.
– ტყეში მივდივარ, ტყეში! – გიგუნა ბებოსკენ სულ კუნტრუშ-კუნტრუშით გავარდა. ბებომ წარბი ერთი კი შეიკრა, მაგრამ ტყეში წასვლაზე მაინც დაეთანხმა, – ბიჭია და ნადირობაც უნდა ნახოსო.
ეზოს ბეღურებმა ამ საუბარს დიდი ყურადღებით მოუსმინეს, მერე ფრთა ფრთას შემოჰკრეს და ტყისკენ გაფრინდნენ, – ონავარი ბიჭი გიგუნა მოდის და თავს უშველეთო.
ტყის ბინადრებს შიშის კანკალი შეუდგათ. აქვითინებული მელაკუდები ნაცარა კურდღლებს გადაეხვივნენ:
– გვაპატიეთ, ასე რომ გაშინებდით. მტრობა დავივიწყოთ, დიდი განსაცდელი გველის!
კურდღლებმა ქვითინი მორთეს:
– აბა, აბა, ეს რა გავიგეთ? რა ხდება ჩვენს თავს?
დათვიც კი შეფიქრიანდა. ერთი ტახი იყო, ამ ამბის გაგონებაზე ყურიც რომ არ შეუბარტყუნებია. დიდი, ეკლიანი ჯაგის გვერდით მიწას ჩიჩქნიდა და ღრუტუნებდა:
– გიგუნა ვინ მიგდია? მოგცლიათ ერთი, დიდი ვინმე კი მობრძანდება. ეშვები სწორედ ამ დილით ავილესე...
დღე გავიდა. თანდათან დაღამდა. გიგუნა, მამა, ბიძა და მისი მეგობარი ტყის განაპირას, მანქანაში ისხდნენ. მონადირეებს სასაუბროს რა გამოულევდა? მგლებზე და დათვებზე, ირმებზე და შვლებზე გასაოცარ ამბებს ჰყვებოდნენ. არც კურდღლებზე საუბარი დავიწყებიათ.
მათი ნაამბობი ხომ ასეთი საინტერესო იყო, გიგუნა რატომღაც სულ უფრო და უფრო იღუშებოდა. ავტომანქანის წინა შუშიდან ჩამუქებულ ტყეს თვალებგაფართოებული უყურებდა. ტყეც უყურებდა გიგუნას და ფოთლების შრიალით ეუბნებოდა:
– ეგ თოფი რად გინდა, გიგუნა? იცოდე, გულში ცუდი ფიქრადაც არ გაივლო...
გიგუნას უკვე თავადაც უკვირდა, – მართლა და, ეს ოხერი თოფი რისთვის სჭირდებოდა?
ღამის ჯადოსნურ სკივრში ერთი მეტიჩარა ვარსკვლავიც კი არ დარჩა. ყველა ცაზე, ტყის ზემოთ გამოლაგდა. ჩვენს მონადირეებს უყურებდნენ და გაუთავებლად ჭორაობდნენ.
მონადირეები ტრაბახით დაიღალნენ და, ბოლოს და ბოლოს, ჩაეძინათ. გიგუნა ძილღვიძილში იყო. ძილღვიძილი ხომ გამოგიცდიათ? – ისეთი ძილია, წარამარა რომ გეღვიძება.
ბიჭი უცნაურმა ხმამ შეაკრთო და სწრაფად გამოფხიზლდა. წამოიწია და მანქანის წინა შუშიდან ტყეს გახედა. უცებ დაინახა, რომ ჩრდილიანიდან უცნაური არსება გამოვიდა, მიმოიხედა და უკან ფეხებზე შედგა.
– ეს დათვია, დათვი! – წაიჩურჩულა ბიჭმა და მძინარე მამას ხელი გაჰკრა, – გაიღვიძე, მამა, გაიღვიძე!
– რა იყო, რა მოხდა? – წამოვარდა მამა.
– შეხედე, მამა, შეხედე, ეს ხომ დათვია!
მამამ ტყის პირს ყურადღებით გახედა:
– ჰო, ეს დათვია! – და მაშინვე სხვებიც გააღვიძა.
– სად არის დათვი? სად არის? – აფორიაქდნენ მონადირეები.
გიგუნას ბიძიამ მანქანა დაქოქა, – სიფრთხილეს თავი არა სტკივა, მზად უნდა ვიყოთო.
– მთვარიანში დგას. ნადირობა არ გაგვიჭირდება, – თქვა ბიძის მეგობარმა და თოფი მოიძია, – ნიკა, ოდნავ გვერდზე გაუხვიე და შუშა ჩამოსწიე!
– ახლავე, ახლავე, – უპასუხა ბიძამ.
ამისი თქმა იყო და გიგუნა აღრიალდა, მაგრამ როგორ აღრიალდა! ასეთი საშინელი ბღავილი იმ უზარმაზარ დათვსაც არ ეცოდინებოდა.
– რა მოხდა, რა ამბავია? – დაფეთდა მამა, – რა იყო, შვილო, შეგეშინდა?
– სულაც არ მეშინია, არ მინდა, დათვი მოკლათ! – ბიჭი ცრემლებს აღვარღვარებდა.
მონადირეები დაიბნენ. ეტყობოდა, დათუნაც გაოცდა. მანქანიდან ისეთი ღრიალისა და სლუკუნის ხმა ისმოდა, ყურებზე ხელები ვარსკვლავებმაც კი აიფარეს.
მთვარე ყველაფერს უცებ მიხვდა. სხივებით ერთი დაბნეული ღრუბელი მოსწია და წინ აიფარა. სწრაფად ჩამობნელდა. დათუნა ოთხზე დადგა და ტყეში შეძუნძულდა.
გიგუნა მაშინვე გაჩუმდა. მანქანაში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მონადირეები ბიჭს გაოცებით უყურებდნენ.
– ღამეა. ბავშვს კი არა, გული შიშისაგან მეც მიკანკალებს, – თქვა მამამ და შვილი გულში ჩაიკრა.
– შენ, რა გითხარი, გიგუნა, ტყეში ჩამოსაყვანი არ ყოფილახრ, – უსაყვედურა ბიძამ.
როგორც იქნა, გათენდა. ვარკვლავები ციდან გაიქცნენ. მთვარეც თვალს მიეფარა.
მონადირეებმა მანქანას უფრო მყუდრო, უსაფრთხო ადგილი შეურჩიეს.
– იქნება, ბიჭი მანქანაში დაგვეტოვებინა, – ბიძამ გიგუნას მამას გადახედა.
– რას ამბობ? – თქვა მამა, – რა გულით დავტოვო? მირჩევნია, ჩვენთან იყოს.
მონადირეები ტყეში შევიდნენ. ბიჭს თოფი კი არ მიჰქონდა, მიწა-მიწა, ქვა-ქვა მიახათქუნებდა.
– თოფი რად გინდა, გიგუნა, თოფი? – ტყე შრიალებდა და შრიალებდა.
დიდმა აურზაურმა გიგუნას ტყეშიც კი მიაგნო. გიჟივით მოვარდა და ხან აქეთ ეცა, ხან იქით, თანაც თვალები ეშმაკურად უბრწყინავდა.
უცებ ბუჩქებიდან რაღაცა ფხაჭაფხუჭით გამოვარდა.
– ვაიმე, მგელი! – დაიყვირა ბიჭმა, მამას ხელი გამოსტაცა და მარცხნივ გაიქცა, – მიშველეთ! მგელია! მგელი!
მამა თოფი იქვე მიაგდო და ბიჭს გამოენთო:
– ნუ გეშინია, გიგუნა! ეს მგელი არ არის, კურდღელია, კურდღელი!
– კურდღელი? – ბიჭი წამით შეჩერდა, – არ მინდა კურდღელი მოკლაათ!
და ახლა წინ გაიქცა. ტყეში საოცარი ამბავი ხდებოდა; წინ გიგუნა გარბოდა ბღავილ-ბღავილით, გიგუნას მამა მისდევდა ყვირილ-ყვირილით, მამას ბიძა მისდევდა ბურტყუნ-ბურტყუნით, ბიძას მეგობარი მისდევდა ბუზღუნ-ბუზღუნით, მეგობარს კურდღელი მისდევდა სიცილ-სიცილით, კურდღელს მზის სხივები დასდევდნენ კისკის-კისკისით, სუყველას ერთად კი გადარეული დიდი აურზაური მისდევდა. გრძელზე გრძელი ნაბიჯებით მიალაჯებდა, მიშლიგინებდა და ისე ღრიალებდა, თითქოს ერთბაშად ათას საყვირს მაინც ჩაჰბერესო:
– ჰეი, ჰეი, ტყეში ხმაურია! აურზაურია!
– ფიჰ, ესენიც მონადირეები არიან, – ჩაიღრუტუნა ტახმა, – ახლა მე ამათ სეირს ვუჩვენებ! – და ბიძის მეგობარს ზედ ფეხებთან გამოუხტა.
– ვაიმე, მიშველეთ! მიშველეთ! – დაიკივლა ბიძის მეგობარმა, ისკუპა და მარჯვნივ მოქუსლა.
ახლა ყველა მარჯვნივ გარბოდა, – წინ ბიძის მეგობარი – ღრიალ-ღრიალით, მერე ბიძა – ყვირილ-ყვირილით, მერე მამა – სტვენა-სტვენით, მერე გიგუნა – ტირილ-ტირილით, – არ მინდა, ტახი მოკლათო. ყველას ერთად ისევ გახარებული დიდი აურზაური მისდევდა.
კურდღელი, რახანია, ბუჩქებში იჯდა და სიცილით კვდებოდა. ამდენი სირბილისაგან და სიცილისაგან მზის სხივებიც კი დაიღალნენ.
– ხეზე აძვერი, ხეზე! – დაუყვირა ბიძამ მეგობარს.
მეგობარს რჩევა ჭკუაში დაუჯდა და მახლობელ ხეზე ელვის სისწრაფით ავარდა. ტახმა გზა უდარდელად გააგრძელა.
ყველა იმ ხესთან შეგროვდა. ხშირი ფოთლებიდან თავი ფერწასულმა ბიძის მეგობარმა გამოჰყო:
– წავიდა?
– წავიდა, წავიდა! – გიგუნას ბიძამ მას საყვედურით შეხედა, – შენისთანა მონადირეს რა ვუთხარი...
ტახისგან შეშინებული კაცი ხეზე ხომ ელვის სისწრაფით ავარდა, – დაბლა ძლივს ჩამოიყვანეს.
– წავიდეთ, რა, სახლში! – ამოილუღლუღა მან.
დიდი აურზაური გიჟური სიცილისგან კინაღამ დაოსდა. იქვე, მწვანეზე გაგორდა, მაგრამ ისევ და ისევ ემხიარულებოდა. რადგან დაღლილობისაგან უკვე სიცილი არ შეეძლო, ზურგზე იწვა, ფეხებს ჰაერში ასავსავებდა და იგუდებოდა. როცა მომხდარი ახსენდებოდა, კვნესა-კვნესით ძლივს ხითხითებდა:
– ვაიმე, მოვკვდი... ვაიმე, გა-ვი-გუ-დე! ვა-ჰა-ჰა! ხა-ხა-ხა! რას გარბოდნენ... ვაიმე, მიშველეთ...
უცებ გიგუნას მხიარული შეძახილი გაისმა:
– შეხედეთ, შეხედეთ, რამდენი სოკოა!
მონადირეებს გუნება გამოუკეთდათ. ტახისაგან შეშინებულები სოკოების სოფელში მისულიყვნენ.
– რამდენი სოკოა, რამდენი! – დაიძახეს და სოკოების კრეფას შეუდგნენ. იმდენ ნანადირევს ელოდნენ, რომ ზურგჩანთაში თითო ტომარა ყველას აღმოაჩნდა. ტომრები რომ არ ეყოთ, მაისურები გაიძრეს, – ისინიც სოკოებით გაავსეს. იმდენი სოკო დაკრიფეს, მანქანასთან ძლივს მიათრიეს. უკან დაბრუნებისას ბიძის მეგობრის თოფი ბუჩქებში ჩავარდნილი ნახეს, მამის თოფს მთელი საათი ეძებდნენ, გიგუნას თოფი კი იმ ხის ქვედა ტოტზე დარჩა, სადაც ტახისგან შეშინებული კაცი ავარდა.
ბიჭს კარგად ახსოვდა, თოფი რომ ხეზე დარჩა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, – ვაითუ, მამა უკან დაბრუნდეს და წამოიღოსო. ნეტავი, თოფი რისთვის უნდა დასჭირვებოდა?
მანქანის საბარგული სულ რჩეულ-რჩეული სოკოებით გაივსო. ბიძამ მანქანა დაძრა და ტყის პირი ნელ-ნელა გამოატარა. დიდი აურზაური ფეხით მოალაჯებდა, – იმას მანქანა რაში სჭირდებოდა?
– ტყეში კიდევ როდის წამოვალთ? – იკითხა გიგუნამ.
– სიტყვაც არ დაძრა, – ბიძამ მაშინვე შეუძახა, – ნადირობა არც კი მიხსენო.
– სოკოები ხომ მოვინადირეთ? – ეშმაკურად უპასუხა ბიჭმა, – იყოს ტყეში დათვიც, კურდღელიც და ტახიც...
– თოფი რა უყავ, ბიჭო, თოფი? – სიცილით ჰკითხა მამამ.
– ყველაზე უსარგებლო ნივთი შურდული მეგონა. თოფი უფრო უსარგებლო ყოფილა, – მიუგო ბიჭმა.
მანქანის უკანა შუშიდან ტყე ჯერ კიდევ მოჩანდა. იგი იცინოდა და იცინოდა. ფოთლები მხიარულად კისკისებდნენ. ტახი ღრუტუნებდა და ღრუტუნებდა:
– აბა, რა ეგონათ იმ ვითომ მონადირეებს? ეს ორი ალესილი ეშვი ტყუილად კი არა მაქვს... ჰოი, ბიჭო, რას გარბოდნენ!
დათუნა ტყიდან ისევ უშიშრად გამოსულიყო. ტანმაღალი, ჩასუქებულ-ჩასკვნილი კაცივით ორ ფეხზე იდგა, გიგუნას უზარმაზარ ტორს უქნევდა და ეძახოდა:
– გულკეთილი ბიჭი ყოფილხარ, გიგუნა! არ დაგვივიწყო, ნახვამდის!
გადარეულმა დიდმა აურზაურმა მანქანასაც კი გაასწრო, – მიჰქროდა, მიგუგუნებდა:
– ჰაუ-ჰაუ! როგორ ვიმხიარულე! ჰეი-ჰეი! აი, ხმაური! აი, ნამდვილი აურზაური!
No comments:
Post a Comment