პრინცესა-IV ნაწილი


მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
    იმ დილით საშინელი ამბავი შევიტყვეთ. საწოლზე პირქვე ვიწექი და მწარედ ვტიროდი. იცით, რა მოხდა? – ღამით გიგა ბაბუა გაძარცვეს. ნეტავი გენახათ, ჩვენი საყვარელი ბაბუა როგორ გამოიყურებოდა, – სახე გაფითრებოდა, ხელები ციებიანივით უკანკალებდა.
   ასეთი რამ ჩვენს პატარა ქალაქში პირველად კი არ მომხდარა; თურმე სამნი იყვნენ, შავი ნიღბები ეკეთათ. ბაბუა თოკით შეკრეს და მერე მის პატარა სახლში ფათური დაიწყეს. რა წაიღეს? – მოხუცს გვარიანი დანაზოგი ჰქონოდა და განსვენებული ცოლის სახსოვარი, – ზურმუხტისთვლიანი, ძველისძველი ბეჭედი.
   ბაბუამ აკანკალებული ხმით თქვა, – ფული ჩემს დასამარხად მქონდა შენახული, ბეჭედი კი ცოლს მახსენებდა, თანაც პრინცესას ვუნახავდიო.
   აი, ასეთი საძაგელი ამბავი მოხდა! ყველანი ბაბუასთან გავიქეცით; მე ვტიროდი, ბაჩანა სიბრაზისგან ხელებს მუშტავდა, მარიკას სახე გაფითრებოდა...
 ჩვენი მშობლებიც აფორიაქდნენ. არ იცოდნენ, რა ექნათ.
   შემდეგ პოლიცია გამოიძახეს. პოლიციელებმა ბაბუას ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხეს და სახლი დაათვალიერეს.
   ბოლოს თქვეს, – ეტყობა, ჩვენს ქალაქში პატარა ბანდა დათარეშობს, მსგავსი შემთხვევები გახშირდა და ყველგან ერთნაირად ხდებაო.
   უფროსები გაჯავრდნენ, – ყველგან თუ ხდება, რაღა პოლიცია ხართ, იღონეთ რამეო. მხრები აიჩეჩეს, – პოლიციელები ვართ და არა ჯადოქრებიო. ისე კი დამშვიდდით, ყველაფერს გავაკეთებთ დანაშაულის აღსაკვეთადო.
   მე და ბაჩანამ ერთმანეთს გადავხედეთ. ვგრძნობდი, ჩემი მეგობარიც იმავეს ფიქრობდა, რასაც მე.
   – ასეთ დანაშაულს მარტო ჯეიმს ბონდი თუ აღკვეთს, – ფიქრში ვესაუბრებოდი, – მოქმედების დრო დადგა, მოთმენა შეუძლებელია... ჩემო მეგობარო, იღონე რამე!
   – შეგიძლიათ რომელიმე მათგანი იცნოთ? – ჰკითხეს პოლიციელებმა გიგა ბაბუას.
   – ორს ვერა და იმ ერთს, – ყველაზე მაღალსა და გამხდარს ათას კაცში გამოვიცნობ, – მიუგო ბაბუამ, – სახიდან წამით ნიღაბი ჩამოძვრა და თვალი შევასწარი. იმას ეგონა, ვერ დავინახე.
   სიბრალულით შევყურებდით.თითქოს უცებ მოტყდა. თვალები ცრემლით ევსებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავის შეკავებას ძალიან ცდილობდა.
   ვიცოდი, ზურმუხტის ბეჭედს მისტიროდა. განა იმისთვის, ძვირფასი რომ იყო, – ცოლის სახსოვარს ელოლიავებოდა.
   ამ ამბის შემდეგ ჩვენი პატარა ქალაქი შიშმა შეიპყრო. ღამე გარეთ ცხვირსაც არავინ ჰყოფდა, ფანჯრები გისოსებში ჩასვეს, კარები საიმედოდ ჩარაზეს.
   მძარცველების დაჭერას საშველი არ დაადგა, – იქნება, ქალაქს შვება ეგრძნო.
   მე და ბაჩანა გულხელდაკრეფილნი არ ვმსხდარვართ, – ჩვენს სახლებს შორის საგანგებო სატელეფონო ხაზი გავიყვანეთ, მამებიც დაგვეხმარნენ.
   შესანიშნავი, საბავშვო ტელეფონი გვიყიდეს. ტელეფონი ორი პატარა, პინგვინის ფორმის აპარატისაგან შედგებოდა. ორივეს პინგვინივით თვალები და ცხვირი ჰქონდა. ნამდვილად არ ვიცი, პინგვინები როგორ ხმას გამოსცემენ, მაგრამ
ცხვირზე რომ თითს დააჭერდით, ჩვენი აპარატები წიწილასავით წივწივებდა. ნომრის აკრეფა არც კი სჭირდებოდა, თითი მარტო ცხვირზე უნდა დაგეჭირათ.
ყურმილში ერთმანეთის ხმა შესანიშნავად გვესმოდა. მე და ბაჩანამ მოვილაპარაკეთ, დღისით ჩვენ გავერთოთ, მაგრამ თუ გვიან ღამით რომელიმე პინგვინი წიწილასავით აწივწივდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მეგობარი განსაცდელშია ჩავარდნილი და შველას ითხოვსო.
   – ღამით პინგვინის წივწივი განსაცდელის, – საფრთხის ნიშანია, – გადავწყვიტეთ და ხელი ხელს დავკარით.
   სულ არ გვეშინოდა, რომ აპარატის ხმაზე ვერ გავიღვიძებდით. ტელეფონები ისეთი განწირული ხმით წივწივებდნენ, მკვდარსაც კი გააღვიძებდნენ.
   მე აპარატი საწოლის გვერდით მედგა, – პატარა ტუმბოზე, ღამის ნათურასთან. ასევე ბაჩანასაც.
   მადლობა ღმერთს! ჩვენი პინგვინები ღამით არ აწივწივებულან. დღე კი, იცოცხლეთ, – ერთმანეთთან დარეკვით გული ვიჯერეთ.
   მძარცველებისა არაფერი ისმოდა, მაგრამ მე და ჩემმა მეგობარმა მაინც გადავწყვიტეთ, უფრო ფხიზლად ვყოფილიყავით და ჩვენი სახლებისთვის საერთო ძალით გვედარაჯა. შინაურებმა რომ დაიძინეს, სახლებიდან გამოვიპარეთ და ჩემს ეზოში, დაფნების ბუჩქებს უკან დავიმალეთ.
   ჩამიჩუმი არ ისმოდა. ქუჩაში ერთი სულიერიც არ ჭაჭანებდა. მთვარეს მსუბუქი ღრუბელიღა ეფარა, ამოტომ საკმაოდ ნათელი ღამე იყო.
   მე, ცოტა არ იყოს, მეშინოდა, ამიტომ ხელი ბაჩანას ჩავჭიდე; თითები იმასაც გაციებოდა.
   თავის აწევას და ცაში ახედვას ვერ ვბედავდით. ვთქვათ და, უცებ მფრინავი თეფში გვენახა. უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდის ნახვა ძალიან მინდოდა, მაგრამ არა ღამით და ისიც მარტო ჩემისთანა გალეულ მეგობართან ერთად. დამიჯერეთ, მფრინავი თეფშის ნახვა დღისით მირჩევნია...
   ვისხედით ასე თავჩაქინდრულები და მიწას ჩაშტერებულები. მძარცველები ქვესკნელიდან ხომ არ ამოვიდოდნენ?
   უცებ ვიგრძენით, რაღაც ნათელი, მბრწყინავი საგანი ნელ-ნელა მოგვიახლოვდა. იქნებ სულაც მთვარე გამოვიდა ღრუბლებიდან, მაგრამ იქნებ არა?
   ნათელი ჩვენს საფარს შემოადგა, ფეხებზეც კი შეგვეხო.
   – ნამდვილად მფრინავი თეფშია! – წამოვიყვირეთ და თითქოს ასე დავთქვითო, ჩვენ-ჩვენი სახლებისკენ მოვცოცხეთ. , როგორ გავრბოდით! ქუსლებს ლამის კეფაზე ვირტყამდით.
   თუ მაშინ ჩვენს ეზოში უცხოპლანეტელი იდგა, დიდად გაოცებული დარჩებოდა, თუკი პირი საერთოდ გააჩნდა, უთუოდ გაკვირვებისაგან დააბჩენდა, – ბავშვებს შუაღამით გარეთ რა უნდოდათ, ან კისრისტეხით რატომ გაიქცნენო.
   თუმცა, ვინ იცის, იქნებ სულაც ღრუბლებიდან გამოსული მთვარის სინათლე იყო.
  
  
ერთად ჭირშიც და ლხინშიც
     გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, – ერთხელ, შუაღამით ჩემი პინგვინი-ტელეფონი წიწილასავით აწივწივდა, მე და ბაჩანამ კი მძარცველი დავიჭირეთ. აი, როგორ მოხდა, – ისე მოგიყვებით, თითქოს ჩემამდე მომხდარიც საკუთარი თვალით მენახოს, – სინამდვილეში, ეს ბაჩანას ნაამბობია.
   ბიჭის მშობლები სულაც არ ფიქრობდნენ, ავაზაკები მათთან შეჭრასაც რომ გაბედავდნენ, მოხუცი ალბათ იმიტომ დაიბრიყვეს, მარტო რომ იყოო.
   იმ ღამეს მარიკა და სალომე სახლში არ იყვნენ, – ბებიამ თავისთან წაიყვანა. ეტყობოდა, ეს მძარცველებმაც იცოდნენ და შეცდნენ, – ბიჭიც წასული ეგონათ. ასე რატომ ვფიქრობ? ფაქტია, ბაჩანა არც კი უძებნიათ. მით უარესი მათთვის. რა იცოდნენ, მგელს რომ ხახაში უვარდებოდნენ...
   ჩვენი მეზობლების ოჯახი შეძლებულად ცხოვრობს. ავაზაკებს თვალი უთუოდ ამან მოსჭრა.
   შუაღამე იყო, – წყალსაც სძინავსო რომ იტყვიან, ის დრო. ბიჭი უცნაურმა ხმაურმა გამოაღვიძა, – დედ-მამის ოთახიდან უცნაურად ყრუ, დახშული ხმები ისმოდა.
   ბაჩანა ქვეშაგებიდან წრუწუნასავით ფრთხილად გამოძვრა. კარი უჩუმრად გამოაღო და ოთახიდან გამოიჭყიტა. სახლი ჩაბნელებული იყო, აქეთ-იქით მარტო ფარნის პატარა სხივი დახტოდა.
   უცებ მშობლების ოთახიდან გამოსული ლანდი შენიშნა. სუსტმა შუქმა იგი წამით გაანათა, – მაღალი, ნიღბიანი კაცი იყო. ხელში ფარანი ეჭირა, – ხან აანთებდა, ხან ისევ ჩააქრობდა.
   აცახცახებული ბიჭი ოთხზე დადგა და უკან გაბობღდა. გული ლამის ყელში მობჯენოდა, ძარღვებში სისხლი უშხუოდა, ხელები უკანკალებდა.
   ლოგინი მიასწორ-მოასწორა და საწოლქვეშ შეძვრა. პინგვინი-ტელეფონიც იქ შეიტანა...
   მე ამ დროს ტკბილად მეძინა. მესიზმრებოდა, ვითომ წიწილებს საკენკს ვუყრიდი. ერთი წიწილა ვერ ისვენებდა, საკენკს ზედაც არ შეხედა, წივწივებდა და წივწივებდა.
   – პინგვინი-ტელეფონი! – ფიქრმა ძილშივე გამიელვა და უცებ გავიღვიძე.
   სწორედ ჩემი ტელეფონი წივწივებდა. თავზარი დამეცა.
ჩემი მეგობარი განსაცდელშია! ჩემი მეგობარი განსაცდელშია! – ვბუტბუტებდი და ვბუტბუტებდი. კიდევ კარგი, არ დავიბენი.
   ყურმილი ავიღე, მაგრამ არავინ მიპასუხა. მერე ბაჩანამ მითხრა, შენთან დალაპარაკებისა შემეშინდაო.
   ყურმილი დავდე, პინგვინს თვალები ისევ წითლად აენთო და აწივწივდა.
   სასწრაფოდ მშობლების ოთახში გავიქეცი. კარი ხმაურით შევაღე. მათ უცებ გაეღვიძათ, მამუკას კი პატარა საწოლში ისევ ტკბილად ეძინა.
   – პინგვინი წივწივებს! პინგვინი წივწივებს! – სასოწარკვეთილი ხმით შევძახე.
   – რა მოხდა, პრინცესა, ცუდი სიზმარი ნახე? – მომეხვია დედა.
   – არა დედა, რა ცუდი სიზმარი? ბაჩანა განსაცდელშია!
   ჩემი პინგვინის წივწივი ამ ოთახშიც კი ისმოდა. დედამ თავი ეჭვით გადააქნია, მაგრამ ფანჯარასთან მაინც მივიდა და ფარდა ოდნავ გასწია. ხელი მაშინვე გველნაკბენივით უშვა და შემობრუნდა:
   – იქ მართლა რაღაცა ხდება!
   მამა ფანჯარას მივარდა:
   – მართალია. სახლში ვიღაცა ფარნით ხელში დადის. ერთი ეზოშიც დგას.
   – რა ვქნათ? – წაიჩურჩულა თავზარდაცემულმა დედამ.
   მამა ტელეფონს ეცა და სასწრაფოდ მეზობლებს დაურეკა, ძია ნოდარს პოლიციაში დარეკვა დაავალა.
   მთელი ქუჩა ფეხზე დადგა. მალე მძარცველები ალყაში აღმოჩნდებოდნენ.
   ისევ ჩემს ოთახში გავიქეცი. პინგვინი წივწივებდა და წივწივებდა. აპარატი ავიღე და გულში ჩავიხუტე.
   – ნუ გეშინია, ბაჩანა, ნუ გეშინია! – ვჩურჩულებდი და ლოყებზე ცრემლი ღაპაღუპით ჩამომდიოდა.
   მამაჩემმა თოფი აიღო და გარეთ გავარდა. კაკლის ხესთან მიიპარა, ამოეფარა და დააქუხა. ქუჩაში სროლა ატყდა, მეზობლები ფეხზე დადგნენ.
   სახლში რა გამაჩერებდა? უკანა კარიდან გავიპარე, ღობეზე გადავძვერი და ბაჩანას სახლს მალვა-მალვით მივუახლოვდი. მართალია, ღამით მძარცველებისა კი არა, უცხოპლანეტელების დანახვაც კი არ მინდოდა, ძალიან მეშინოდა, მაგრამ მეგობარს გასაჭირში ხომ არ მივატოვებდი?
   ბაჩანას ფანჯარასთან მივიპარე და ხელი ვკარი. უცებ გაიღო, – ვიცოდი, რომ გაიღებოდა, თანაც, ოთახი პირველ სართულზე იყო.
   სასწრაფოდ გადავძვერი.
   – აქეთ! აქეთ! – მომესმა მეგობრის ჩურჩული.
მივხვდი, რომ საწოლქვეშ იჯდა. მეც იქ შევძვერი. სახლში უჩვეულო ხმაური ატყდა, – ავაზაკები გაქცევას ლამობდნენ.
   კარების ჯახუნის, ყვირილისა და ჭიდილის ხმებიც მოგვესმა. ეზოში კაცები ყვიროდნენ, ქალები გაჰკიოდნენ.
   საწოლიდან გამოვიჭყიტეთ. დავინახეთ, რომ ერთი მძარცველი ოთახში შემოვარდა, დაინახა გამოღებული ფანჯარა და შვებით ამოისუნთქა. დანა კუთხეში მოისროლა, ეტყობოდა, სამხილი მოიშორა.
   წამიც და გაგვექცეოდა. ფანჯარას იყო გადაკიდებული, ვინმე ფანჯრის ქვეშ, ეზოში ხომ არ დგასო.
   ღრმად ამოვისუნთქეთ. ერთმანეთს ხელი წავკარით, ვანიშნეთ და საწოლიდან გამოვძვერით. გარეთ ისეთი ალიაქოთი იყო, ავაზაკს არაფერი უგრძვნია.
   – აბა, ჰე! – დაიღრიალა `ჩვენმა ჯეიმს ბონდმა~. ყაჩაღს ორივენი ფეხებში ჩავებღაუჭეთ და ძირს ჩამოვათრიეთ. არ გაგვძალიანებია, ეტყობოდა, დიდები ვეგონეთ. `ვაი, დედაო~, – დაიკვნესა და ძირს გაიშოტა. ეტყობოდა, რომ თავზარი დაეცა. სახეზე ხელები აიფარა.
   მამაჩემი და ძია ნიკა ოთახში შემოიჭრნენ. ძია ნიკა ავაზაკს ეცა, მამაჩემმა კი, მე რომ დამინახა, თვალები გაუფართოვდა, რეტი დაესხა და ბიჭის საწოლზე ჩამოჯდა. ხმას ვერ იღებდა, გაოცებული მიყურებდა.
   სახლი მეზობლებით გაივსო. პოლიციის მანქანაც მოგრიალდა.
   თურმე ერთი ყაჩაღი გაიქცა, ორი კი დავიჭირეთ, – ერთ-ერთი ჩვენ, – ბავშვებმა.
   მათ ნიღბები მყისვე ჩამოგლიჯეს, მაგრამ ვერ ვიცანით, უცნობები აღმოჩნდნენ.
   როგორც იქნა, გათენდა. პოლიციელებმა, თურმე, გზები შეკრეს, მაგრამ გაქცეული მაინც ვერ იპოვეს. დაჭერილები თან წაიყვანეს, მერე გიგა ბაბუაც გამოიძახეს. ორივე ხმაზე ეცნო, მაგრამ ბაბუა ამტკიცებდა, – ესენი შემსრულებლები იყვნენ, ის ერთი, ყველაზე მაღალი კი ამათი მეთაურიო.
   – ალბათ სწორედ ის მაღალი, ამათი მეთაური გაგვექცა, – დაასკვნეს პოლიციელებმა.
   მე და ბაჩანამ ერთმანეთს ისევ მრავლისმეტყველი მზერით გადავხედეთ...
  

მე, ჯეიმს ბონდი და ჩვენი პოლიციელი

   გავიდა ხანი. პოლიციამ გაქცეული ვერ დაიჭირა, ვერც გიგა ბაბუას მეუღლის ბეჭედს მიაკვლია, მაგრამ რა უნდა გვექნა? – შიშმა გაგვიარა და ბავშვებმა ისევ ჩვეული ცელქობები გავაგრძელეთ.
დაჭერილი ავაზაკები `კერკეტა კაკლები~ აღმოჩნდნენ. პირზე კლიტე დაიდეს და მეთაურის ვინაობა არ გააცხადეს. გიგა ბაბუას გაძარცვასაც უარყოფდნენ, – ბერიკაცს შეეშალაო.
   მე და ბაჩანამ ბაბუას ათასჯერ მანც ვაამბობინეთ, თუ როგორ გამოიყურებოდა მაღალი მძარცველი. თავი ისე მოვაბეზრეთ, იმ ამბის გახსენებაც კი არ სურდა. ფიქრი იმდენხანს ვაიძულეთ, როგორც იყო მოაგონდა, – მაღალს შუბლზე გრძელი, მოთეთრო ხაზი გასდევდა, ნაჭრილობევივითო. ამის შემდეგ ქალაქში ქუჩა-ქუჩა დავძრწოდით და ყველას შუბლზე ვაკვირდებოდით. თქვენც არ მომიკვდეთ! – შუბლზე ნაჭრილობევი არავის აღმოაჩნდა.
   უშედეგო ძიება თანდათან მოგვბეზრდა, ცელქობას კი უფრო ვუმატეთ, მითუმეტეს, რომ არდადეგები აგერ-აგერ მიიწურებოდა.
   მე და ჩემმა მეგობრებმა ერთ დღეს ძალიან მხიარულ გუნებაზე გავიღვიძეთ. გიგა ბაბუა შეგვპირდა, ბაზარში გასაყიდად პომიდორი უნდა წავიღო და მახლობელ დიდ ქალაქში თქვენც წაგიყვანთო. უნდა დავხმარებოდით.
   მამამ ქალაქში მანქანით წაგვიყვანა. პომიდორი საბარგულში ყუთებით გვეწყო. როცა ბაზარში მივედით და ყუთები გადმოვტვირთეთ, მამა თავის საქმეზე წავიდა, ჩვენ კი ბაბუასთან დაგვტოვა. ათასჯერ მაინც დაგვარიგა, ჭკვიანურად მოიქეცითო. თვითონ საღამოს მოგვაკითხავდა და სახლში წაგვიყვანდა.
   ბაბუას პომიდვრების დახლზე დალაგებაში დავეხმარეთ, შემდეგ კი ბაზარში გასეირნება გადავწყვიტეთ. ცოტაოდენი ჯიბის ფული სამივეს გვქონდა. გიგა ბაბუამაც დაგვიმატა და გაგვახარა. შეგვეძლო, პირის ჩასატკბარუნებლად უამრავი რამ გვეყიდა.
   – წადით, გაიარ-გამოიარეთ, – გვითხრა ბაბუამ, – მხოლოდ იცოდეთ, ერთმანეთს არ მოშორდეთ და ბაზრიდან ქუჩაში არ გახვიდეთ.
   დავამშვიდეთ და წავედით. ბაზარში სეირნობა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა უფროსებს ძალიან `დაძმარებული~ სახეები ჰქონდათ.
   როცა ხეტიალი მოგვბეზრდა, ნამცხვრები ვიყიდეთ და ბაზრის კუთხეში, ცარიელ ყუთებზე ჩამოვსხედით, – ტკბილეულს გემრიელად შევექეცით.
   ხალხის ტალღას ორი ქალი გამოეყო და შორიახლოს დადგა. ისინი რაღაცას დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ და კამათობდნენ. იმ ნივთს შორიდან კარგად ვერ ვხედავდი.
 – ვაითუ,   ზურმუხტი არც იყოს, იქნება ოქროც ყალბია... მე კი ამდენი ფული წყალში იქნებ სულ ტყუილად გადავყარე! – წუწუნებდა ერთი.
   – ნუ დარდობ, ეს უძვირფასესი ბეჭედია. ბედმა გაგიღიმა და ხელში იაფად ჩაგივარდა, – მიუგო მეორე ქალმა.
   ბუნებით ზედმეტად ცნობისმოყვარე ვარ, ქალებს მივუხალოვდი და იმ ნაყიდ ნივთს დავხედე, ისინი ასე ყურადღებით რომ ათვალიერებდნენ.
   უცებ პირკატა მეცა. ნამცხვარი ხელიდან გამივარდა. ქალებმა შემნიშნეს და ჩემი სახის გამომეტყველებაზე გაოცდნენ. ასე გაშეშებული კარგახანს ვიდექი, ამასობაში ბაჩანა და მარიკაც მოგვიახლოვდნენ.
   მარიკამ შეჰკივლა, ბიჭმა კი თავი შეიკავა. ვიცანით! სამივემ ვიცანით! – გიგა ბაბუას მეუღლის ნაქონი ბეჭედი იყო. იმას მილიონ ბეჭედში გამოვიცნობდით, – ძველისძველი და დედამიწის ზურგზე, ალბათ, ერთადერთი იყო.
   – ხომ არ ვცდებით? – თვალებით მკითხა `ჩვენმა ჯეიმს ბონდმა~.
   – ისაა, ის! – უყოყმანოდ ვუპასუხე.
   – დეიდა, ეს ბეჭედი საიდან გაქვთ? – გაკვირვებულ ქალებს სამივენი ერთად ვეცით.
   – რა თქვენი საქმეა? წადით აქედან!
   – დეიდა, ეს ბეჭედი მოპარულია. იგი თქვენ კი არა, ჩვენს ბაბუას ეკუთვნის. იცოდეთ, ახლავე პოლიციაში გავიქცევით! ბაბუაც აქვეა, ახლოს! – დინჯად აუხსნა ბაჩანამ.
   ქალებს თავზარი დაეცათ.
   – მე... მე არ ვიცოდი... არ ვიცოდი! – ლუღლუღებდა ბეჭდის მყიდველი.
   – ვინ მოგყიდათ?
   ქალმა მზერა ხალხის ტალღას გადაავლო. უცებ შეჰკივლა:
   – აი, აი, აგერ მოჩანს! იმან მომყიდა! – ხელით მიგვითითა.
   გავიხედეთ და დავინახეთ, რომ მაღალი, თეთრხალათიანი უცნობი უკვე ბაზრის კარიდან გადიოდა. ჩვენ ყურადღებას არ გვაქცევდა. აშკარა იყო, არც შევუმჩნევივართ.
   – მარიკა, შენ ამ ქალებთან დარჩი! – ბრძანა ბიჭმა, – არსად გაუშვა, ორივე ბაბუასთან წაიყვანე... თუ გაქცევა დააპირონ, იყვირე და ხალხი მთელი ეს ხალხი აქ შეჰყარე!
   – თქვენ? – საცოდავად იკითხა მარიკამ.
   მაგრამ გოგონას ჩვენგან პასუხი არ ღირსებია, უკვე ბაზრის კარებისაკენ მივქროდით.
   ქუჩაში კისრისტეხით გავვარდით. თეთრხალათიანი მაშინვე ვიპოვეთ. საფრთხეს არ ელოდა და უდარდელად მიაბიჯებდა.
 გვეშინოდა, მაგრამ რა უნდა გვექნა? ერთმანეთს ხელზე ხელის მოჭერით ვამხნევებდით. უფრო ავჩქარდით, უცნობს ჩავუარეთ და თვალი შევავლეთ.
   ეჭვი არ იყო, სწორედ ის ვიპოვეთ! გრძლად გაწოლილი თეთრი ხაზი, – ნაჭრილობევი შუბლს უმახინჯებდა, ჩაცვენილ ლოყებზე ჯაგარა წვერი მოსდებოდა. ღმერთო, აქეთ-იქით როგორ ბოროტად იყურებოდა!
   ბაჩანას ფეხსაცმელზე ვითომ თასმა შეეხსნა, ჩაიმუხლა და შეკვრა დაიწყო. ჩამოვრჩით და უცნობს ისევ უკან მივყევით.
   ის ქუჩაში ლაღად მიდიოდა, არაფერი ეფიქრებოდა, ჩვენ კი თვალებს ვაცეცებდით, ქუჩაში პოლიციელს ვეძებდით, მაგრამ ვერსად დავლანდეთ.
   ავაზაკი სამარშრუტო ტაქსების სადგომთან მივიდა, გაზიანი წყლის ჯიხურთან რიგში ჩადგა. უცებ, ჰოი, სიხარულო! – დიდი სუპერმარკეტის კართან თვალი პოლიციელს მოვკარი და ბაჩანას იდაყვი გავკარი. ბიჭმა მოიხედა.
   – ახლავე მიდი! – მიბრძანა მან.
   გავიქეცი და პოლიციელს ვინაღამ ზედ შევასკდი. ხელით შემაკავა, თორემ წავიქცეოდი.
   – რა იყო, რა ამბავია?
   ავხედე. პოლიციელი პირტიტველა ჭაბუკი იყო, – სულ ახალგაზრდა, გამხდარი, მაგრამ რა გაეწყობოდა?
   – ყაჩაღი, ძია, ყაჩაღი ვიპოვეთ!
   – რა ყაჩაღი, რას ამბობ, გოგონი? – პოლიციელმა ჩაიცინა.
   – იქით ნუ გაიხედავთ, არ შეგვამჩიოს. წყლის ჯიხურთან დგას, თეთრხალათიანია, მაღალი...
   – ყაჩაღი არა, – გადაიხარხარა.
   – დამიჯერეთ, მართლა ყაჩაღია! ჩვენი ბაბუა იმან გაძარცვა... მეზობლებიც!
   უცებ ტირილი წამსკდა. ცრემლები ლოყებზე ჩამომედინა. პოლიციელი შეფიქრიანდა:
   – შენ აქ დამელოდე!
   იგი მაშინვე წყლის ჯიხურისკენ წავიდა. იქ რა გამაჩერებდა? მეც უკან მივყევი. მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ ჩემი მეგობარი ვერსად დავლანდე.
   პოლიციელი ავაზაკთან მივიდა, ზურგზე ხელი`ყოჩაღად~ დაჰკრა და უთხრა:
   – მოქალაქევ, თქვენი საბუთები მაჩვენეთ!
   უცნობმა მოულოდნელად პისტოლეტი იძრო, მაგრამ არ გაუსვრია, `ჩვენს გმირს~ მკერდში მუშტი ჩასცხო და წააქცია. პოლიციელი ცხელ ასფალტს დაასკდა, – ასე კარგახანს იჯდა და გაქცეულს პირდაღებული უყურებდა.
   შეშინებული ხალხი გაიფანტა. პისტოლეტმომარჯვებული ავაზაკი ქუჩას სირბილით გაუყვა.
 ჩვენი პოლიციელი თითქოს თვალსა და ხელს შუა გარდაიქმნაო. შიშმა უცებ გაუარა და ფეხზე წამოიჭრა.
   – პისტოლეტი! პისტოლეტი ამოიღე! – დავუყვირე და ქამარზე დაკიდებულ იარაღის ბუდეზე მივუთითე.
   – ცარიელია! – ნაღვლიანად, სინანულით მიპასუხა და ქარივით გაიჭრა, თუმცა იარაღის ბუდე გზადაგზა მაინც შეიხსნა.
   პოლიციელი მწევარივით გარბოდა, თან ცალი ხელით თასმაზე დაკიდებულ ტყავის ბუდეს მიაქნევდა.
   ახლა მეღიმება, მაშინ კი ჭკვიანურ ხერხად მეჩვენა. მძარცველმა ხომ არ იცოდა, იარაღის შესანახი რომ ცარიელი იყო? თუმცა, ფიქრის დრო ჰქონდა განა?
   ჩვენი პოლიციელი გაბედული ჭაბუკი აღმოჩნდა, – სულმოუთქმელად გარბოდა. ავაზაკი დროდადრო უკან იყურებოდა, მაგრამ ერთხელაც არ გაუსვრია. ვინ იცის, იქნებ იმასაც ცარიელი პისტოლეტი ჰქონდა, ან იქნებ ზედმეტ ხათაბალას მოერიდა.
   მე მათ უკან მივრბოდი, თან ძალიან მიკვირდა, რომ `ჩვენი ჯეიმს ბონდი~ არსად ჩანდა.
   ის ქუჩა ჩავირბინეთ და მეორეზე შევუხვიეთ. წინ ავაზაკი გარბოდა, მერე ჩვენი პოლიციელი,მერე მეენაგადმოგდებული.
   სამივენი მაღალი შენობების გასწვრივ გავრბოდით. მოულოდნელად,  უცნობი აყლაყუდა ძირს გაიშხლართა, გაშვერილი ხელიდან პისტოლეტი გაუვარდა და მოშორებით გაცურდა.
   შენობის კუთხიდან ბაჩანა გამოხტა. მაშინვე მივხვდი, რომ ბიჭმა გზა გადაგვიჭრა და კორპუსის კუთხეს ამოფარებულმა ავაზაკს ფეხი გამოსდო.
   ჩვენი პოლიციელი არამზადას ქორივით დააცხრა. შეიქნა ჭიდილი, მაგრამ როგორი!? ის უცნობი პირტიტველა ჭაბუკს გამეტებით ურტყამდა, მაგრამ პოლიციელი ცემას თითქოს ვერც გრძნობდა, ავაზაკს ფეხში ჩაბღაუჭებოდა და გაქცევის საშუალებას არ აძლევდა.
   მე შიშისაგან ვბღაოდი. ბაჩანამ პისტოლეტს ფეხი წაჰკრა და შორს მოისროლა, მერე ავაზაკს ზურგზე მოახტა...
   უცებ ოპერატიული მანქანების სირენების წივილი გავიგონეთ. მოგრიალდნენ მანქანები, მაგრამ ერთი გენახათ, რამდენი!  – მთელი ქუჩა ჩაკეტეს.
   გამოცვივდნენ პოლიციელები, – რამდენი! რამდენი! – თვალებს არ დავუჯერე. გეგონებოდათ, რაც საქართველოში პოლიციელია, თავი ყველას აქ მოუყრიაო.
   მერე რა, მძარცველი რომ უკვე დაჭერილი გვყავდა? ამდენი პოლიციელი ერთად რომ ნახა, გაკვირვებისაგან პირი  ჩვენმა ყაჩაღმაც კი დააღო, მაშინვე მოდუნდა და არც ხელბორკილების გაკეთების დროს გაძალიანებულა.
   მე ისევ მთელი ხმით ვტიროდი. ბაჩანას შევეცოდე, მხარზე ხელი მომხვია და შეეცადა, დავემშვიდებინე.
   – ნუ გეშინია, პრინცესა, ყველაფერი დამთავრდა! – მითხრა ჩემმა მეგობარმა.
   მე ტირილი შევწყვიტე. ორივენი ჩვენს პოლიციელთან მივედით და წამოვაყენეთ. იგი ბარბაცებდა, ცხვირიდან სისხლი წვრილ ნაკადებად ჩამოსდიოდა.
   უცებ არც აცია, არც აცხელა, ორივე თავისკენ მიგვიზიდა და მკერდში მაგრად ჩაგვიკრა, თან ჩუმად, მალულად იცრემლებოდა.
   ჩვენც მხურვალედ ვაკოცეთ. ვიგრძენით, ეს მისი პირველი ოპერაცია იყო და დღეიდან ნამდვილი, ღირსეული პოლიციელი დადგებოდა. გაბედულება მას სწორედაც რომ არ აკლდა.
   ორივენი აქეთ-იქით ამოგვიყენა და ასე ხელიხელგადახვეულები ოპერატიული მანქანისაკენ წაგვიყვანა, სადაც დიდი მოწიწებით და პატივისცემით ჩაგვსვეს.
   ჩვენი პოლიციელი ჯერაც სრუტუნებდა და სრუტუნებდა...
  
  

ზაფხულის ბოლო აკორდი
      მძარცველების დაჭერის ამბავი ასე დასრულდა. გიგა ბაბუას ბეჭედს მალე დაუბრუნებენ, ამიტომ მშვიდადაა.
   არდადეგებიც დამთავრდა, მაგრამ მანამ ბავშვებმა დედაქალაქი მოვინახულეთ, – ძია ნიკამ თავის შვილებთან ერთად მეც წამიყვანა.
   ჩემი მეგობრების ნათესავები მრავალსართულიანი კორპუსის მეთორმეტე სართულზე
ცხოვრობენ. ჩვენ ფანჯარასთან ვიდექით და ღამის ქალაქის ცქერით ვტკბებოდით. რა მშვენიერი იყო თბილისი!
   ელექტრონათურებით განათებულ სატელევიზიო ანძას მზერას ვერ ვწყვეტდით.
   – პრინცესა! მარიკა! შეხედეთ, ეს რა არის? – შესძახა ბაჩანამ.
   ყველანი კარგად ვხედავდით. ეს საოცრება იყო! სატელევიზიო ანძის თავზე, ცაზე რაღაც მანათობელი მოჩანდა, – ბურთივით მრგვალი, დიდი, უცნაური...
   ბავშვები აივანზე ჟივილ-ხივილით გავცვივდით, – ისევ იქ იყო, ანძის ზემოთ, – მაღლა ბზრიალ-ტრიალით მიიწევდა. მისი ქვედა ნაწილიდან დაფრქვეული სხივები მიწას ებჯინებოდა.
   მოულოდნელად ისე გაქრა, როგორც გამოსახულება ქრება გამორთული ტელევიზორის ეკრანიდან. მთვარიან ცაზე მხოლოდ შავი ლაქა დავლანდეთ.
   – მფრინავი თეფში! მფრინავი თეფში! – გავიძახოდით და ერთმანეთს ცისკენ ვუთითებდით.
ახლა არაფრისა გვეშინოდა, – ჩვენ ხომ ყველანი ერთად ვიყავით? გამახსენდა, მე და ბაჩანა ბუჩქებში რომ ვიმალებოდით და უცხოპლანეტელების შიშით მაღლა ახედვას ვერ ვბედავდით. ერთმანეთს გადავხედეთ, ორივეს გაგვეღიმა.
   ესეც ასე, – უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდიც ვნახეთ, თუ მართლა ის იყო. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს? – ხომ მაინც მფრინავ თეფშად მივიჩნიეთ? ჩვენი მდიდარი ფანტაზია ამ ამბავს რას არ დაუმატებს, რას არ შეთხზავს...
   აი, ზაფხულიც დამთავრდა! ხვალ სკოლაში წავალთ. თქვენ რა, გგონიათ იქ საინტერესო ამბები არ ხდება? ხდება და მერე რამდენი! როცა მომესურვება, სკოლის ამბებსაც სიამოვნებით მოგიყვებით. აბა, რას ვიზამ?
   დამთავრდა არდადეგებიც და ეს პატარა, საზაფხულო მოთხრობაც. ახლა კი, ნახვამდის! – სკოლაში წასასვლელად უნდა მოვემზადო.
   ჩემი პინგვინ-ტელეფონით ბაჩანასა და მარიკას ვურეკავ:
   – რას აკეთებთ, მეგობრებო?
   – სკოლაში წასასვლელად ვემზადებით. შენ?
   – მეც ასევე.
   სახელმძღვანელოებს ზურგჩანთაში ვალაგებ. ტელეფონი ისევ წივწივებს. აპარატისკენ გავრბივარ, – კარგად ვიცი, ვინც მირეკავს:
   – რა იყო, ბაჩანა?
   – არაფერი... ძილი ნებისა, პრინცესა!
   – ძილი ნებისა!
   – სკოლაში ხვალ უჩემოდ ხომ არ წახვალ?
   – აბა, რას ამბობ?
   – მაშ, ხვალამდე!
   – ნახვამდის!
   ახლა კი დავიძინებ. პინგვინ-ტელეფონს ტუმბოდან ვიღებ და სასთუმალთან, ბალიშის გვერდით ვდებ. ვინ იცის, იქნებ მეგობრებს ისევ დავჭირდე!
   გგონიათ, შევშინდები? არ დავეხმარები? სულაც არა! – ჩვენ მუდამ ერთმანეთის გვერდით ვიქნებითჭირშიც და ლხინშიც, – მე, ბაჩანა, მარიკა, სალომე, მამუკა და თქვენ, ყველანი!

ნახვამდის, ძვირფასო მეგობრებო, ნახვამდის

No comments:

Post a Comment