აგნესა საფრთხეშია!
შემოდგომის მშვენიერი კვირადღე იყო, მაგრამ ფეხმოტეხილმა ღრუბელმა გიგუნას თავზარდამცემი ამბავი მოუტანა.
– გიგუ, ბიჭო, – თქვა ფეხმოტეხილმა ღრუბელმა, – ხომ იცი, როგორი ცნობისმოყვარე ვარ? წუხელ ლონდონის ქუჩებში ვსეირნობდი და განათებულ ფანჯრებში ვიჭყიტებოდი...
გიგუნამ იცოდა, რომ ფეხმოტეხილი ღრუბელი მართლა ასეთი ცნობისმოყვარე იყო. აბა, ღამით სხვის ფანჯრებში ცქერას სხვა ვინ დაიწყებდა?
– კარლსონის ზღაპრიდან ფილე და რულე ხომ გახსოვს? – იკითხა ღრუბელმა.
– როგორ არ მახსოვს? სტოკჰოლმელი ავაზაკები არიან.
– ახლა ინგლისში ბრძანდებიან, აგნესას სახლის წინ დახეტიალობენ და გოგონას მოტაცების გეგმას ადგენენ, – აგნესას მამა ცნობილი ფირმის მენეჯერია და დიდ გამოსასყიდს გადაიხდისო...
– ფეხმოტეხილო ღრუბელო, რას ამბობ? – დაიყვირა ბიჭმა.
– ყური მივუგდე, – მშობლები თურმე სამი დღით შოტლანდიაში გაფრინდნენ და სახლში გოგონასთან მამიდა ენი დატოვეს...
გიგუნა მაშინვე ციდა ტელეფონს-ოცნებას ეცა, მაგრამ დარეკვა უცებ გადაიფიქრა. ვინ იცის, იქნებ ავაზაკები უკვე სახლში იმალებოდნენ და შეშინებული გოგონა ხელში მაინც ჩავარდნოდათ.
გიგუნამ სასწრაფოდ კონკიასთან გადარეკა:
– რა გაგჭირვებია, გიგუნა?
ბიჭმა ყველაფერი უამბო. კონკია შეწუხდა:
– რა ვქნათ, რა ვიღონოთ?
– კარლსონი თქვენთანაა? – იკითხა ბიჭმა, – ავაზაკების საუკეთესო მომთვინიერებელი სხვა ვინ იქნება?
– კარლსონი აქ არ არის, – უპასუხა კონკიამ, – ბიჭუნა სადღაც სამოგზაუროდ წაუყვანია. სწორედ ამ დილით მოვიკითხე...
– იქნებ უკვდავი კოშჩეი გამომიგზავნო? თუმცა არა, უკვდავი კოშჩეი მთელ ქალაქს დააფრთხობს. უჩინმაჩინს ხომ ვერ გამომიგზავნიდი?
– დიდი სიამოვნებით. შენ აგნესასკენ გაეშურე, უჩინმაჩინი ჯადოსნური ხალიჩით გზაზე წამოგეწევა, ახლავე გამოვიძახებ!
– დიდი მადლობა, კონკია! – გაიხარა ბიჭმა.
გიგუნა ფიქრმობილში ჩახტა და ინგლისისკენ გააქროლა. უჩინმაჩინი ქალაქის შესასვლელთან წამოეწია.
გაუთვალისწინებელი შემთხვევაც მომხდარიყო. კუდიანი დედაბერი ზღაპრების პლანეტიდან ქოხიანად გამოპარულიყო. ხალიჩას ქვემოდან ამოფარებოდა, – ფოჩებს ჩასჭიდებოდა.
– შენ აქ რა გინდა? – ჰკითხა გიგუნამ.
– მეც მინდა გასეირნება, – მიუგო კუდიანმა დედაბერმა.
– ჩვენ სასეირნოდ არა გვცალია, აგნესას სახლთან დაგველოდე, იცოდე, შიგ არ შეხვიდე.
– ასე მოვიქცევი, – დაამშვიდა კუდიანმა დედაბერმა.
უჩინმაჩინს თან წამოსასხამიც მოჰქონდა და ქუდიც. მოსასხამის კიდე გიგუნას შემოახვია და ბიჭიც უჩინარი გახადა.
ორივენი სახლში შევიდნენ. ჩაუარეს მამიდა ენის ოთახს. მამიდას მშვიდად ეძინა.
ფილე და რულე სახლში დაბორიალობდნენ. ფარნის შუქი ხან აქეთ ეცემოდა, ხან იქით. ავაზაკები აგნესას ოთახს ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ.
კართან ფეხაკრეფით მივიდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად! – კარი ხელს იკვრევინებოდა და წიხლებს ისროდა. ავაზაკებმა რა იცოდნენ, რომ ეს უჩინმაჩინი იყო.
– რა ჯანდაბაა? – იყვირა ფილემ, – რულე, ეს შენ ხარ? – და ყირამალა გადაკოტრიალდა.
რულესაც კარგი წიხლი უთავაზეს.
– რა ამბავია? – დაიყვირა რულემ და მეგობრის გვერდით გაიშოტა.
შეშინებული ავაზაკები ძლივს წამოდგნენ და კარს მიუახლოვდნენ.
– დაიკარგეთ აქედან! – დაიძახა `კარმა~.
– ვაიმე, ფილე, ეს ისევ მოჩვენებაა, საშინელი მოჩვენება!
– ვაიმე, რულე, მოჩვენებები ინგლისშიც არ გვეშვებიან!
– გავიქცეთ! გავიქცეთ! – დაიყვირეს არამზადებმა, მაგრამ უცებ ოთახის კარი გაიღო და აგნესა თვალების ფშვნეტით გამოვიდა.
– მოიცა, ფილე, გოგონა თვითონვე გამოვიდა! – რულემ აგნესას ხელი ჩასჭიდა, უნდოდა წაეყვანა, მაგრამ უცებ იგრძნო, რომ ვიღაცა, თუ რაღაცა ზურგზე დაახტა.
– მიშველე, ფილე, მიშველე! – აყვირდა რულე, – საშინელი მოჩვენება ზურგზე მაზის!
– რა ხდება? – გაოცდა აგნესა. როგორ არ გაოცდებოდა? – შეშინებულ რულეს ზურგზე მისი მეგობარი გიგუნა ეკიდა, ფილეს კი მწვანე მოსასხამი აქეთ-იქით დაარბენინებდა.
– გიგუნა, ეს მართლა შენ ხარ? – გაოცდა აგნესა.
– მე ვარ! – დაუძახა ბიჭმა, – ფილე და რულე მოტაცებას გიპირებენ!
– გიგუნა, შენ ნამდვილი მეგობარი ყოფილხარ! – გოგონამ აღტაცება ვერ დამალა.
ფილე და რულე სახლიდან გავარდნენ, უნდოდათ თავიანთ მანქანაში ჩამხტარიყვნენ, მაგრამ უცებ სახლის კუთხეს ამოფარებული ქოხი გამოვარდა და ქათმის ფეხებით ავაზაკებს წიხლები მიაყარა.
– ეს რა ჯანდაბაა? – დაიკივლეს ავაზაკებმა და მოკურცხლეს. ქოხი გაქცეულებს გამოენთო.
– არიქა, ქუდიანი დედაბერი გაგვექცა! – დაიძახა უჩინმაჩინმა და თვითონაც გაიქცა.
– ჩქარა, უჩინმაჩინს გავყვეთ! – გადაწყვიტა გიგუნამ.
– დამელოდეთ, მეც მოვდივარ! – აგნესა სახლში ხომ არ გაჩერდებოდა?
მალე უძველესი ქალაქი საოცარი სანახაობის მოწმე გახდა. წინ ორი შეძრწუნებული ავაზაკი გარბოდა, მათ უკან-ქათმისფეხებიანი ქოხი, ქოხის უკან – ქუდი და წამოსასხამი, შემდეგ თმაგაჩეჩილი და სახეალეწილი პატარა ბიჭი, ბიჭის უკან ღამისპერანგიანი, ქერა გოგონა.
მორბენალებმა ქუჩები ჩაირბინეს. ავაზაკები ქუსლებს ლამის კეფაზე ირტყამდნენ. იმათ ვინ დაეწეოდა?
კუდიანი დედაბრის ქოხი კი ლონდონის ცენტრში, ჰაროლდის მაღაზიის წინ შეჩერდა.
– რა მშვენიერებაა! – კუდიანმა დედაბერმა ფანჯრიდან გამოიჭყიტა, – შევალ მაღაზიაში, იქნებ სულაც ახალი ცოცხი ვიყიდო...
ჰაროლდის მედიდური მაღაზია საშინლად აღშფოთდა:
– ჯერ ასეთი მყიდველი არ მყოლია. არც ცოცხების გამყიდველი მაღაზია ვარ!
მაგრამ კუდიან დედაბერს ვინმე რამეს შეასმენდა? – მყისვე მაღაზიისკენ გაქანდა.
– მიშველეთ! – დაიყვირა მაღაზიამ, – მომაშორეთ ეს გადარეული!
ქუჩაში მოძრაობა შეჩერდა, ცხენოსანი პოლიციაც კი გამოჩნდა.
გიგუნა შეშფოთდა.
– როგორმე აქედან წავიყვანოთ, – წასჩურჩულა უჩინმაჩინს და ფიქრმობილს სტვენით მოუხმო. ისიც პატრონის წინ მორჩილად გაჩერდა.
– ჩქარა, პოლიციელებმა არ დაგვასწრონ. ხომ ხვდები, რა ამბავიც ატყდება?
კუდიან დედაბერს წასვლა არ უნდოდა.
– რა ვქნათ, რა ვიღონოთ? ხალხი სულ უფრო გროვდება...
– მე გიშველით! – გაისმა ხმა, - ფეხმოტეხილი ღრუბელი მაღაზიის წინ ნისლად ჩამოწვა.
აგნესამ ღამის პერანგზე ლამაზი, გრძელი სარტყელი შეიხსნა. გიგუნამ სარტყლის ერთი ბოლო ფიქრმობილს გამოაბა, მეორე კი ქოხის ერთ-ერთ ფეხს.
ქოხმა ტლინკების სროლა დაიწყო.
– უჩინმაჩინო, მანქანაში ჩაჯექი! ნახვამდის, აგნესა! – დაიძახა ბიჭმა და ფიქრმობილი დაძრა.
ფიქრმობილი ცაში აიჭრა, მასზე ქოხი ცალი ფეხით ეკიდა. კუდიანი დედაბერი გაჰკიოდა:
– არამზადებო! საით, საით... გამისკდა თავი!
აბა, რა იქნებოდა? ქოხში სულ ყირაზე გადადიოდა.
ამდენ ვაივაგლახში უჩინმაჩინს თავიდან ქუდი გადაძვრა და ძირს გაგორდა.
ფეხმოტეხილმა ღრუბელმა მაღლა აიწია. ნისლი გაიფანტა.
– გმადლობთ, მეგობრებო! – წაიჩურჩულა აგნესამ. უცებ ძირს გაგორებული უჩინმაჩინის ქუდი შემჩნია, აიღო და გულში ჩაიკრა:
– უახლოეს დღეებში მე და გიგუნა ცისკრის ვარსკვლავზე გავემგზავრებით. უჩინმაჩინს ქუდს დავუბრუნებთ!
პოლიციელი გოგონასთან მივიდა და თავაზიანად უთხრა:
– მის, თუ შეიძლება, წამოგვყევით!
ჰოი, საოცრებავ! პატარა, ოქროსთმიანმა გოგონამ უცებ მწვანე, წოწოლა ქუდი დაიხურა და გაქრა.
პოლიციელები – ცხენოსნებიც და ფეხოსნებიც – გაშეშდნენ. გოგონა არსად ჩანდა, სამაგიეროდ ჰაერში ქუდი გარბოდა და შორიდან წკრიალა სიმღერა ისმოდა.
პოლიციელებმა ყური მიუგდეს. მშვენიერი ინგლისური სიმღერა იყო ერთგულ მეგობრებზე. ეს იყო და ეს.
ელიზაბეტი გაიტაცეს?!
ამ დღეს დასრულება არ ეწერა. გიგუნა, ის იყო, ცისკრის ვარსკლავიდან სახლში დაბრუნდა, რომ ციდა ტელეფონი – ოცნება ისევ აწკრიალდა.
აგნესა მწარედ ტიროდა. ბიჭუნას გული შეეკუმშა. კიდევ რა უნდა მომხდარიყო?
– ელიზაბეტი დაიკარგა, ჩემი საყვარელი თოჯინა! – ქვითინებდა აგნესა, – მიშველე გიგუნა! უთუოდ ავაზაკებმა გაიტაცეს...
– ელიზაბეტი გაიტაცეს? – აღელდა ბიჭი, – კი მაგრამ, რატომ? რისთვის? ფილეს და რულეს ოინი იქნება...
მაგრამ ციდან ფეხმოტეხილმა ღრუბელმა გადმოსძახა:
– ფილე და რულე ინგლისიდან თავქუდმოგლეჯილები გარბიან, ცდები, გიგუნა, ელიზაბეტი მათთან არაა!
დაღონებული ბიჭი ფიქრმობილში ჩაჯდა და ისევ მეგობრის დასახმარებლად გასწია. სად უნდა იყოს თოჯინა ელიზაბეტი?
აგნესა ცრემლებს აფრქვევდა.
– კარგი, დაწყნარდი, – უთხრა გიგუნამ, – მთავარია, ავაზაკებთან არაა...
– მაშ, სად, სად უნდა იყოს?
ბავშვებმა ლონდონის ქუჩები ფიქრმობილით ჩაიარეს. ავტომატიკა ჩართეს და ჯადოსნური მანქანა უხილავი გახდა.
ელიზაბეტი არსად ჩანდა. მოიარეს ჰაროლდის მაღაზიის წინა მხარე, ირგვლივაც შემოუარეს, მაგრამ გაგიგიათ? პატარა თოჯინას კვალსაც ვერ მიაგნეს.
დაღონებული მეგობრები უკან დაბრუნდნენ, – ელიზაბეტის ძებნის გეგმა უნდა შეედგინათ. მამიდა ენის გოგონა სახლში ეგულებოდა და ბაღში მებაღეს ემასლაათებოდა.
ბავშვები აგნესას ოთახში ჩაიკეტდნენ. გიგუნას დანა პირს არ უხსნიდა. ოჰ, როგორი დაღონებულია აგნესა! სადა ხარ, ელიზაბეტ, სად?
ბიჭმა ოთახი პირქუშად შეათვალიერა. უცებ თაროზე ჩამოდებული ქუდი შენიშნა.
– ეს რა არის? – ჰკითხა აგნესას.
– უჩინმაჩინს დარჩა, უნდა დავუბრუნოთ! – ცრემლების ყლაპვით უთხრა აგნესამ.
– ჰოო! – ბიჭმა ხელი ჩაიქნია, გოგონას მწუხარებას ვერ უძლებდა.
უცებ გონება გაუნათდა:
– აგნესა, დარწმუნებული ვარ, შენი ელიზაბეტი არ დაკარგულა!
აგნესა სავარძლიდან წამოხტა:
– ეს როგორ? რას ამბობ, გიგუნა?
– ქუდი, უჩინმაჩინის ქუდი! – ყვიროდა ბიჭი.
გიგუნა ქუდს ეცა და აიღო. თაროზე უცებ ელიზაბეტი გაჩნდა. აგნესას თოჯინისათვის თურმე შემთხვევით ქუდი დაეფარებინა და ელიზაბეტი უჩინარი გამხდარიყო.
– ელიზაბეტ, ჩემო ელიზაბეტ! – შეჰყვირა გოგონამ.
გიგუნამ ელიზაბეტი ხელში აიყვანა და თვალებში ჩახედა. თოჯინას სახე გაუბრწყინდა.
– რა ცუდია, რომ ლაპარაკი არ იცი, – უთხრა ბიჭუნამ და თოჯინა აგნესას გაუწოდა.
გოგონამ ელიზაბეტი გულში ჩაიკრა და ათასჯერ მაინც მხურვალედ აკოცა:
– ჩემო ელიზაბეტ! მაშ, მთელი ეს ხანი სულ აქ იყავი? შე საბრალოვ, მეძახდი და ვერ გამაგონე? ალბათ ძალიან იტანჯებოდი...
ელიზაბეტმა თავი დაუქნია.
– ესეც ასე! ელიზაბეტიც მოინახა. წავალ ახლა... კიდევ არ დაიკარგოთ, გოგონებო!
გიგუნა სახლიდან გავიდა და ფიქრმობილში ჩაჯდა. ხომ ამდენი ამბავი მოხდა, მამიდა ენის მაინც არაფერი გაუგია. გაუთავებლად ლაქლაქებდა. ასეთი უცნაური ქალი იყო.
ბიჭმა მეგობრებს ხელი დაუქნია. ისინი ფანჯრიდან უყურებდნენ. ელიზაბეტს რომ ლაპარაკი შესძლებოდა, უთუოდ ასე იტყოდა:
– როგორი საზრიანი ბიჭია ეს ქართველი გიგუნა! ნახვამდის, ჩემო მეგობარო, ნახვამდის!
გიგუნა, თოვლის
პაპა და
ნატახტარის ცივი ჩაი
შობა-ახალი წელი კარზეა მომდგარი, მაგრამ საქართველოს ცაზე მაინც დიდი, ბრდღვიალა მზე ჰკიდია. აქ ასეთი მზიური ზამთარი იცის.
გიგუნა ყოველ დილით ცას ათვალიერებს:
– თუ ახალ წელს თოვლი არ მოვიდა, გლოვის ნიშნად წვერს მოვუშვებ! – იქადნება ბიჭი.
ფეხმოტეხილი ღრუბელი აფორიაქდა:
– არიქათ, ძმებო, დებო, ვუშველოთ რამე! წვეროსანი პატარა ბიჭი როგორი სანახავი იქნება?
იმაზე არ დაფიქრებულა, გიგუნას წვერი რანაირად გაეზრდებაო, – აქეთ ეცა, იქით ეცა, შეჰყარა და-ძმები საქართველოს ცაზე და სულ დიდრონ-დიდრონი ფანტელები ჩამობარდნა.
გახარებულმა გიგუნამ პირველ ფანტელს ხელისგული დაუხვედრა. იგი საგანგებო იყო. ფეხმოტეხილმა ღრუბელმა შეარჩია, – ბიჭს ვაჩუქებო.
ფანტელებს უხაროდათ და ღრუბლებიდან სკუპ-სკუპით ხტებოდნენ. სულ მალე ორ ზღვას შუა მოქცეულ პატარა ქვეყანას თოვლის ფაფუკი საბანი გადაეფარა.
– შენი გულისა, რა თოვლია! – დაიძახა გიგუნამ და ეზოში გაინავარდა. ბოლტო პირველი ფეხდაფეხ მიჰყვა, თოვლს ენა აუსვა, შაქარი ეგონა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა.
ეზოში გიგუნასავით გახარებული ბავშვები დანავარდობდნენ. მხიარულება თუ იყო, იქ იყო. დიდი აურზაური თავქუდმოგლეჯილი დარბოდა და ყვიროდა:
– ეჰეი, ჰეი! გამოდით, გარეთ გამოდით! ხმაურია! აურზაურია!
აურზაურს ასე არასოდეს მოულხენია. ისე დარბოდა, რომ გრძელი პალტოს კალთები უფრიალებდა. ციგაზე ხან ერთს შემოუჯდებოდა, ხან-მეორეს.
ბოლტო პირველს გუნდა ესროლა, მაგრამ ლეკვი გაჯავრდა და აურზაურს გამოენთო, – უნდოდა ფეხზე ეკბინა. აურზაური სიცილ-სიცილით კი არა, როხროხ-როხროხით გაიქცა. მათ ირგვლივ თოვლის ბუქი დადგა.
– თოვლის პაპა გავაკეთოთ! – წამოიძახა გიგუნამ.
თქმა და შესრულება ერთი იყო. მალე თოვლის პაპამ თვალები გაახილა და თავზე გიგუნას ბეწვის ქუდი შეისწროა:
– ეს რა ამბავია? სადა ვარ? ოჰ, მაპატიეთ, ცოტათი გაციებული ვარ, – და მორიდებით ჩაახველა.
ბავშვებმა ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს, წრე შეჰკრეს და თოვლის პაპას საახალწლო სიმღერა უმღერეს.
– ვიშ, შენი გულისა! ვხალისობთ! ვხალისობთ! – დაიყვირა დიდმა აურზაურმა.
ეზოში ფეხმოტეხილმა ღრუბელმაც კი ითამაშა, - მსუბუქ, თხელ ნისლად ჩამოწვა. აბა, ბავშვებს თამაშს ხომ არ ჩაუშლიდა?
ახალი წლის საღამოც დადგა. დედებმა ბავშვები სახლში ბუზღუნ-ბუზღუნით შეიყვანეს, – ახალ წელს ოჯახებში უნდა შეხვდეთო.
საახალწლო სუფრა გიგუნას დედასაც გაეშალა. კუთხეში ნაძვისხე ციმციმებდა, გარეთ კი თეთრად ბარდნიდა.
მარტო დარჩენილმა თოვლის პაპამ მოიწყინა. ადგა და ეზოში თოვლის ჭრაჭუნ-ჭრაჭუნით გაისერნა.
გიგუნას სახლში რა გააჩერებდა? მყისვე გარეთ გაიჭრა. თოვლის პაპამ ჩაახველა და მაშინვე ბოდიში მოიხადა:
– მაპატიე, გიგუნა, ცოტა არ იყოს, გავცივდი.
– თოვლის პაპა, ცხელი ჩაი ხომ არ მოგიტანო?
– რას ამბობ, ბიჭუნი, ხომ მაშინვე დავდნები? ისე, მართალი გითხრა, ჩაის გასინჯვა ძალიან მაინტერესებს, ამბობენ, გემრიელიაო.
თოვლის პაპამ ცრემლები გადმოყარა, – ფანტელები გადმოაფრქვია.
– ნუ დარდობ! – უთხრა გიგუნამ, – ახალი წელი მოდის, სურვილების ასრულების ღამეა. ახლავე ყაზბეგის ცივ ჩაის მოგირბენინებ!
ბიჭი სახლში გაიქცა. მალე დიდი ბოთლით ნატახტარის ცივი ჩაი და ხუთი ულუფა ნაყინი მოარბენინა, – აბა, თოვლის კაცს მშიერს ხომ არ დატოვებდა?
გახარებულმა თოვლის პაპამ ნაყინი მიირთვა და ყაზბეგის ჩაი სულ ყლუპ-ყლუპით დააყოლა.
– იფ, იფ, რა გემრიელია! დიდი მადლობა, ჩემო ბიჭო! ბედნიერ ახალ წელს გისურვებ!
გიგუნა შინ შევიდა. ნახვისხემ გაუცინა და ახალი წელი მიულოცა. გარეთ ცა სალუტებმა და შუშხუნებმა გაანათა.
ბიჭმა ფანჯრიდან გაიხედა. გაოცებული ფეხმოტეხილი ღრუბელი და გახარებული თოვლის პაპა მშვენიერ ფეიერვერკს უყურებდნენ.
ბოლტო პირველი მხიარულად აყეფდა. ანალიკა აჭყლოპინდა, – მასაც უხაროდა, ოღონდ ვერ გაეგო, რა.
გიგუნა ყოველ ახალ შუშხუნას ტაშით ეგებებოდა. დედა და მამა იღიმებოდნენ. ყველა ბედნიერი იყო.
უცებ ციდა ტელეფონი-ოცნებაც მალე აწკრიალდა. აგნესამ და გიგუნამ ერთმანეთს ახალი წელი მიულოცეს.
ასეთ მშვენიერ ღამეს რა შეედრებოდა?
თურმე ყველაფერი
მართალია!
დედამ გიგუნა კოცნით გააღვიძა:
– ადე, ძილისგუდავ, ახალი წლის დილას ლოგინში ხომ არ გაატარებ? საჩუქრების ნახვა არ გაინტერესებს?
მაგრამ საჩუქრებზე უფრო გიგუნას თოვლის კაცის ნახვა აინტერესებდა. ბიჭი ყვირილით წამოვარდა და ფანჯარასთან მიიჭრა. თოვლის პაპას იმდენი თოვლი დასდებოდა, ძალიან გასუქებულიყო და ეზოში ძლივძლივობით დაბაჯბაჯებდა. გიგუნას ხელის აწევის მიესალმა. ფეხმოტეხილი ღრუბელი ცაზე წამოგორებულიყო.
დედამ ბიჭს მიუალერსა:
– საახალწლოდ რა ინატრე?
– აგნესა რომ საქართველოში მოიპატიჟოთ!
დედამ ამოიოხრა:
– ისევ აგნესა. კარგი რა, გიგუნა! არ მოგბეზრდა სულ ერთსა და იმავეზე საუბარი?
– დედა, აგნესა ლონდონში მართლა ცხოვრობს...
მამა გაიცინა:
– მჯერა, გიგუ, ლონდონში ალბათ უამრავი აგნესაა...
– ერთ-ერთი მათგანი კი ჩემი მეგობარია!
– კარგი, ნუ ვიდავებთ, მიდი, შეკვრა გახსენი, საჩუქარი ნახე!
– საჩუქარი არ მინდა, თუ გიყვარვართ, აგნესა მოიწვიეთ!
დედამ და მამამ ერთმანეთს გადახედეს:
– გიგუნა, როგორ ვერ ხვდები, რომ აგნესა შენი ფანტაზიის გამონაგონია?
– მერედა, შემოწმებას რა უნდა? დარეკეთ ლონდონში, – აგნესა სტივენსონის ქუჩაზე, 474ა სახლში ცხოვრობს... ან ელექტრონული ფოსტა გაგზავნეთ! მე ყველაფერს გიკარნახებთ...
– კარგი რა, გიგუ, ახალი წლის დილას ნუ ჩაგვამწარებ, – მამა, ცოტა არ იყოს, გაგულისდა.
– მუდამ ასეა, ჩემი არასოდეს გჯერათ! – წამოიძახა ბიჭმა და ცრემლები გადმოყარა, – ოთახში ჩავიკეტები... ჩემი საჩუქარი ანალიკას მიართვით!
ანალიკამ მაშინვე გაიღიმა, თუმცა, თვითონაც არ იცოდა, რატომ, აცრემლებული ბიჭუნა კი თავის ოთახში ჩაიკეტა.
დედა და მამა მოიღუშნენ.
– იქნება, ელექტრონული ფოსტა მართლა გაგვეგზავნა? ბიჭს დავარწმუნებთ მაინც, – თქვა დედამ.
– ღმერთო ჩემო, შენც პატარა ბიჭის ფანტაზიას აჰყევი?
– გთხოვ... ვიცი, რომ სისულელეა, მაგრამ მაინც შევამოწმებ!
მამა მხრები აიჩეჩა:
– კი, ბატონო... თუ ასე გინდა... იქნება, ამაზე საუბარი შემდეგ მაინც შეწყდეს.
დედა მაშინვე კომპიუტერს მიუჯდა. მამამ ხელი ჩაიქნია და ოთახიდან გავიდა.
ბინაში მთელი დღე უჩვეულო სიჩუმე იდგა. ახალი წელი იბღვირებოდა. ნახვისხეც მოიღუშა, – ვერ გაეგო, გიგუნა რატომ წყრებოდა.
საღამოს ელექტროფოსტა მოვიდა. დედა კომპიუტერს მივარდა. მონიტორზე ბარათი აციმციმდა. დედამ წაიკითხა და სახეზე ფერი დაეკარგა. მან სასწრაფოდ მამას დაუძახა. მამამ ისევ მხრები აიჩეჩა და მონიტორს ღიმილით შეხედა, მაგრამ უცებ ისიც გაფითრდა.
– `მისის ნინო და მისტერ ირაკლი! – იტყობინებოდა ელექტრონული ბარათი, – მივიღეთ თქვენი შეტყობინება. გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან გაოცებულები და შეშინებულები ვართ.
საქმე ისაა, რომ მის აგნესა ოლივია სმითი მართლა ცხოვრობს ლონდონში, სტივენსონის ქუჩაზე, 474ა სახლში და იგი ჩვენი ქალიშვილია. დიდი ხანია, რაც გოგონა საქართველოზე და პატარა ქართველ ბიჭუნაზე გვიყვება. ჩვენ ეს ნაამბობი მისი ბავშვური ფანტაზიის ნაყოფად მივიჩნიეთ.
აგნესამ გვიამბო, რომ მეგობართან ერთად ხშირად ჯადოსნური ფიქრმობილით დაფრინავს. თურმე, ბავშვებმა მყინვარწვერის, ასევე მაღალმთიანი სოფლების – უშგულისა და შატილის თავზე უკვე იფრინეს. გაგვაგებინეთ, გეთაყვათ, საქართველოში ასეთი ადგილები მართლა არსებობს?
თქვენთან შემდგომ კავშირს, პირველ რიგში კი ელექტრონულ წერილს მოუთმენლად ველით.
უსაზღვროდ გაოცებული და შეშინებული მისის ჯულია და მისტერ სტივენ სმითები~.
დედა და მამა კომპიუტერს ვერ შორდებოდნენ. ელექტრონული წერილი რატომ ათჯერ მაინც არ გადაიკითხეს.
– თვალი ხომ არ მატყუებს? – წამოიძახა მამამ და თვალები ამოიფშვნიტა.
დედამ გიგუნას დაუძახა. ბიჭს ეს ამბავი სულაც არ გაკვირვებია, მხოლოდ სახე გაუბრწყინდა.
– ხომ გეუბნებოდით? – მშობლებს გაუცინა.
– შვილო, ფიქრმობილით მართლა იფრინეთ? – საცოდავი ხმით იკითხა დედამ.
– აბა რა? მე და აგნესამ მთელი დედამიწა, – ეგ რაა, მზის სისტემის ყველა პლანეტა შემოვიარეთ...
– რას ამბობ, გიგუნა? შვილო, გეხვეწები, ამიერიდან ფრთხილად იფრინე...
ამისი თქმა იყო და მამა გაგულისდა:
– რა ფიქრმობილი, რის ფიქრმობილი? რა ზღაპრებს მიყვებით?
– მაშ, ამ ამბავს როგორ ახსნი? – იკითხა დედამ.
მამამ მაშინვე ბრტყელ-ბრტყელი, მეცნიერული სიტყვების კორიანტელი დააყენა, მაგრამ დაიბნა და სიტყვებში ისე გაიხლართა, როგორც თევზი ბადეში.
– ტელეკინეზი... ტელეპათია... – ბურტყუნებდა მამა.
`ტელეკინეზი~ და `ტელეპათია~ მამას ფეხებში ჩაებღაუჭნენ, – უთავბოლო სიტყვების მორევში ჩაითრიეს.
– მიშველეთ! აქედან ამომიყვანეთ! – იყვირა მამამ.
დედა და გიგუნა მამას ხელებში ჩაეჭიდნენ, – გაუგებარი სიტყვების კორიანტელს გამოსტაცეს.
– ეს ყველაფერი რას ნიშნავს? – დედას სახეზე ჩვეულებრივი ფერი ჯერაც არ დაბრუნებოდა.
– თავი დამანებეთ! – იყვირა მამამ, – რაც არ ვიცი, არ ვიცი... გიგუნა, ფიქრმობილში ჩამჯდარი არ დაგინახო!
გიგუნამ ეშმაკურად გაიღიმა. საახალწლოდ ნატვრა აუსრულდა. მეტი რა უნდოდა? მამის ზედმეტად გაღიზიანება არ ღირდა.
აი, გიგუნას ამბავი ასე დასრულდა... თუმცა, რას ვამბობ? თხრობა დასრულდა, თორემ ამბავი ახლაც გრძელდება.
თავადაც ხომ წარმოგიდგენიათ, შემდეგ რა მოხდებოდა? – ცოტათი მეც შეგეშველებით:
გიგუნასა და აგნესას მშობლები შეთანხმდნენ, ეს ამბავი საიდუმლოდ შეენახათ, რამაც დიდი აურზაური საშინლად აღაშფოთა. ხომ გახსოვთ? – აურზაურს შფოთი და ხმაური უყვარს.
– როგორ არა, როგორ არა! – დაიქადნა დიდმა აურზაურმა, – ეგღა მაკლია, ასეთი სააურზაურო ამბავი უაურზაუროდ დაგამთავრებინოთ... ფიჰ! მეტი არაფერი გინდათ? დამაცადეთ, მალე ისეთი აურზაურით ვიაურზაურებ, რომ ჩემთან ერთად მთელმა მსოფლიომ იაურზაუროს!..
თქმა იყო და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა. მისი გაწეწილი თმა თეთრი ბაირაღივით აფრიალდა.
მცირეოდენი დრო გავიდა და ელექტრონული ბარათების საშუალებით დამეგობრებულმა უფროსებმა გადაწყვიტეს, – ჩვენი პირისპირ შეხვედრის დროც დადგაო. გაზაფხულზე აგნესა მშობლებთან ერთად საქართველოში ჩამოფრინდა, საზაფხულო არდადეგებზე კი გიგუნა ლონდონში მთელი ოჯახით მიიპატიჟეს.
აგნესამ პირველ რიგში გიგუნას სკოლა მოინახულა. იმ ძალიან ახალგაზრდა მასწავლებლის გაოცება ხომ წარმოგიდგენიათ? რაც მართალია, მართალი – ბავშვებს ეს ამბავი სულ არ გაკვირვებიათ.
მერე გიგუნას სოფელს ესტუმრნენ. სულ დამავიწყდა, მეთქვა – ბიჭმა საყვარელ სოფელს „ასე კარგი“ – დაარქვა და სტუმრებსაც `ასე კარგად~ გააცნო.
ელისო ხომ გახსოვთ? – გოგონა გაოცებისაგან კინაღამ დამუნჯდა. ყველა გაკვირვებული იყო. მარტო ზურიკომ თქვა, – ასეც ვიცოდიო.
შემდეგ სტუმრებმა მთელი საქართველო შემოიარეს. მათზე ამბობდნენ, – ღიმილ-ღიმილით დადიანო. როცა გული წარამარა სიხარულით გევსება, გაგეღიმება, აბა, რა იქნება? თქვენ მაინც ხომ იცით? – საქართველო გაზაფხულზე განსაკუთრებით მშვენიერი და განსაკუთრებით საღიმილო – საღიღინოა.
დრომ წარმოუდგენლად სწრაფად გაიარა.
აგნესა და მისი მშობლები უზარმაზარი საჰაერო ხომალდით ინგლისში ბრუნდებოდნენ. გოგონა ილუმინატორში იცქირებოდა და იღიმებოდა.
– რა იყო, შვილო, ამ ტრიალ ცაზე ვის უცინი? – ჰკითხა გაოცებულმა დედამ.
– ეს გიგუნაა, დედა, ფიქრმობილით მოგვყვება, ჩვენ გვაცილებს!
აგნესას დედა ფიქრმობილს ვერ ხედავდა. ავტომატიკა იყო ჩართული და ჯადოსნური მანქანის დანახვას მხოლოდ ძალიან გაწაფული თვალი თუ შესძლებდა. ხელი მაინც დაუქნია და სთხოვა:
– გიგუნა, შვილო, ცოტა მოშორებით იფრინე, თვითმფრინავის ფრთას არ გამოედო...
გიგუნა საზრიანი ბიჭია. აგნესას დედის ნათქვამი ტუჩების მოძრაობით წაიკითხა:
– დარდი ნუ გაქვთ, მისის ჯულია! პირველად კი არ მივფრინავ...
თვითმფრინავი პილტროუს აეროდრომზე დაეშვა. ფიქრმობილმა აეროპორტის თავზე წრე შემოხაზა და გეზი ისევ საქართველოსკენ აიღო. ქართველი მამულიშვილი სად უნდა დაბრუნდეს, თუ არა თავის პატარა, მაინც საღიღინო-საღიმილო საქართველოში? სხვაგან სად გეგულებათ ქალაქი – „ასე მშვე-ნი-ე-რი“ და სოფელი – „ასე კარგი?“
აგნესამ გიგუნას ფიქრმობილს ხელი დაუქნია:
– ნახვამდის, ჩემო მეგობარო, ნახვამდის!
უფროსებმაც თვალები ხელებით მოიჩრდილეს, – თითქოს იმათაც რაღაცა დაინახესო:
– ნახვამდის, გიგუნა! ბედნიერად იფრინე!
მე და თეონა დიდხანს ვდგავართ და ვუყურებთ. გული წარამარა სიხარულით გვევსება, ყველაფერს ღიმილ-ღიმილით ვაკვირდებით; – გვერდით ქართულ-ინგლისური ანბანების მხიარულმა მატარებლებმა ჩაგვიქროლეს. ვაგონები ხან მირაკრაკებენ, ხან მილუკლუკებენ და ისეთ ძვირფას სიტყვებს, როგორიცაა: „მეგობრობა“, „სიყვარული“, „დედაენა“, „მამული“, „სამშობლო’, „საქართველო“, `ინგლისი~, „დედამიწა“ – კიდითკიდე დაატარებენ.
საქართველოს ცაზე ფიქრმობილმა გაიბრწყინა, – გიგუნა სამშობლოში ბრუნდება. გვერდით ფეხმოტეხილი ღრუბელი მოქრიალებს და ბიჭს გაუთავებლად ებუზღუნება:
– შენ, ჩემო ძმაო, ფრენა თამაში კი ნუ გგონია, ემანდ ფათერაკს არ გადაეყარო!
გიგუნა ამშვიდებს:
– დარდი ნუ გაქვს, ფეხმოტეხილო ღრუბელო, ფათერაკს როდის გადავყრივარ?
ღრუბელი ლამის გადაირიოს:
– დახეთ, რა უსირცხვილოდ ტყუის! ვინ არის ფათერაკებთან შეხვედრის ოსტატი, თუ არა შენ?
ეს ჩვენი თეონა რა ყოჩაღი გოგოა! – ჩანახატის გაკეთება უკვე მოუსწრია. ამიერიდან ამ ნახატს ჩემი საწერი მაგიდის წინ დავკიდებ, რამდენჯერაც შევხედავ, იმდენჯერ ღიმილით ვიტყვი:
– ბედნიერად იფრინე, გიგუნა, ბედნიერად!
დროა, თქვენც დაგემშვიდობოთ. მომავალ შეხვედრამდე, ჩემო კარგებო!
გიგუნასთან განშორება გეძნელებათ? მხიარული ამბის დასრულება გენანებათ? ჩემგან რჩევა გჭირდებათ? ციდა ტელეფონი-ოცნება, აბა, რისი მაქნისია? ახლავე ფანტაზიას დაურეკეთ:
– ალო, ალო, ჩემო ძვირფასო ფანტაზიავ, ასე რამ გაგაზარმაცა? მიდექ-მოდექი, შე კაცო, და მიამბე, შემდეგ რა მოხდა?
ტყუილად უწყრებით, ფანტაზია ზარმაცი სულაც არ არის. ისეთ საინტერესო ამბებს მოგიყვებათ, თვითონვე გაოცდება. თქვენ ხომ გაოცდებით და გაოცდებით!
თუ ძალიან მხიარულები ხართ, დიდი აურზაურიც მოვარდება და თავისებურად აყვირდება:
– ხომ გეუბნებოდით, სააურზაურო ამბავი უაურზაუროდ არ ჩაივლის-მეთქი... ჰეი! ჰეი! ვმხიარულობთ! ხმაურია! აურზაურია!
მადლობა ღმერთს! ეს ბედნიერი აურზაურია! გაამოთ!
No comments:
Post a Comment