კუსუნას
ციხე-სიმაგრე
ირმა მალაციძე
იყო ერთი პატარა კუ, სახელად კუსუნა.
როგორც ყველა პატარა კუ, ისიც დინჯი, აუჩქარებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისეთი ონავარი
გაიზარდა, ყველას აოცებდა. ერთხელ დედ-მამას ასე გამოუცხადა:
-ჩემი ბაკანი მძიმეა და მოძრაობაში
ხელს მიშლის, გადავწყვიტე, მოვიშორო, გამოვძვრე აქედან... მე თავისუფლება მინდა! ბაკნის
გარეშე ისეთი მსუბუქი ვიქნები, კურდღელიც კი ვერ დამეწევა.
კუსუნა ბაკნიდან გამოძვრა და სამოგზაუროდ
წავიდა,-ქვეყანას დავათვალიერებ, ახალ მეგობრებს შევიძენო. ბედნიერი იყო, მძიმე ტვირთი
რომ მოიშორა, ამიტომ გზაზე სულ ღიღინ-ღიღინით
მიდიოდა.
უცებ შავი, მწიფე ნაყოფით დახუნძლული
მაყვლის ბუჩქი დაინახა. მაყვლის გასინჯვა მოუნდა, უკანა თათებზე აიწია, მაგრამ ვერ
მიწვდა. ბუჩქმა ტოტები შეარხია:
-მაყვალი მოგინდა, კუსუნა? ახლავე
ტოტს ჩამოგიწევ და გემრიელად მიირთვი.
კუსუნას გაუხარდა, ბუჩქს მიუახლოვდა.
მაყვალმა ტოტები დასწია და უცებ ეკლებით დაკაწრა. ეტკინა კუსუნას, ტირილი დაიწყო. მაყვლის
ბუჩქზეც განაწყენდა.
გზა უკვე დაღვრემილმა განაგრძო. უცებ ჭექა-ქუხილი დაიწყო.
ისეთმა კაკლისხელა სეტყვამ წამოუშინა, კუსუნას თავზე კოპები დააჯდა. ხის ქვეშ შეასწრო,
თორემ თავი სულაც გაუტყდებოდა.
მზემ რომ გამოიხედა, კვლავ გზას გაუდგა.
მალე პატარა გუბურას მიადგა. ნაპირზე ბაყაყები ერთმანეთს ეყიყინებოდნენ. დაინახეს პატარა,
უცნაური კუ და სიცილი ატეხეს:
-რასა ჰგავს, ეს რა უცნაური ჯიშის
ხვლიკია?!
კუსუნას ისე ეწყინა, ტირილი მორთო.
ამასობაში დაღამდა, აცივდა კიდეც. კუსუნა ერთი ბუჩქის ქვეშ შეძვრა და სიცივისგან აკანკალდა.
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, ერთი სული ჰქონდა, როდის გათენდებოდა.
გათენდა, მზეც ამოვიდა. კუსუნა გზას გაუდგა, მზეზე გათბა, მაგრა მალე მზემ
ძალიან დააცხუნა. ისე ჩამოცხა, კუსუნას მთელი
ტანი აეწვა, არადა, ტრიალ მინდორში იყო, არც
ხე ჩანდა სადმე, არც ბუჩქი. ისევ ატირდა კუსუნა:
-რა კარგად ვიყავი ჩემს ბაკანში,
არც სიცხე მაწუხებდა, არც სიცივე, არც ეკალი მკაწრავდა და არც არავინ დამცინოდა. ახლა
რა მეშველება?!
უცებ ნაცნობი ხმები გაიგონა. გახარებულმა თვალს არ დაუჯერა,-დედა და მამა მისკენ
მოცოცავდნენ და თან ბაკანი მოჰქონდათ. კუსუნა
გაექანა და მშობლებს ჩაეხუტა:
-რა კარგია! უთქვენოდ რა მეშველებოდა?
ჩემი ბაკანი! ჩემი ციხესიმაგრე! მის გარეშე ძალიან გამიჭირდა!
კუსუნა სიხარულით შეძვრა თავის ბაკანში
და დედ-მამასთან ერთად გაეშურა სამოგზაუროდ.
გზაზე ძალიან ნელა მიცოცავდნენ, სამაგიეროდ, საკუთარ ციხესიმაგრეში თავს დაცულად
და უსაფრთხოდ გრძნობდნენ. ცხოვრობდნენ ძველებურად, ისე როგორც ყველა კუ ცხოვრობს ამ
დედამიწაზე.
სპილო
სპილო გარეული ცხოველია. ხმელეთის
ცხოველთაგან იგი ყველაზე დიდია. ბინადრობს
აფრიკასა და აზიაში.
სპილოს
კანი ნაცრისფერია. აქვს დიდი,
პარტყუნა, მარაოსავით ყურები. ამ ცხოველის უცნაური ცხვირი ორმეტრიანი
რბილი ხორთუმია. ხორთუმის საშუალებით
სპილო სუნთქავს, სვამს წყალს, იკვებება, ძოვს ბალახს, კრეფს
ფოთლებს, ნაყოფს. სპილო ბალახისმჭამელია. დღე-ღამეში
2-3 საათს სძინავს, დანარჩენ დროს კი ჭამს. ეს უზარმაზარი ცხოველი დღეში 150 კგ. მცენარეს
მიირთმევს.
სპილოს
აქვს 2 დიდი ეშვი. ეშვებით იგი
თხრის მიწას, ეძებს წყალს, აგორებს მორებს,
ებრძვის მტერს. სპილოები ჯოგებად
ცხოვრობენ.
სპილო
ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე ცხოველია, ახალდაბადებულ სპლიყვს მარტო არასოდეს ტოვებს,
ხშირად ეფერება.
სპილო ძალიან ჭკვიანი ცხოველია. მას საოცარი მეხსიერება აქვს.
შეუძლია ტირილი, თამაში, ხარხარი და...ხატვაც კი. ნიჭიერია და ადვილად იწვრთნება. ადამიანმა ეს უძველესი დროიდანვე
შენიშნა, მოიშინაურა სპილო და სხვადასხვა საქმისთვის
გამოიყენა.
სპილო
ერთგული ცხოველია. ადამიანს ადვილად ეჩვევა და
არასოდეს ღალატობს. მას საკვირველი
მეგობრობა სჩვევია.
დიდი და ლამაზი ეშვები
ბევრი სპილოს განადგურების მიზეზი გახდა. მისგან ადამიანები ძალიან ლამაზ სამკაულებს
და სხვა ნივთებს ამზადებენ.
სპილო უნდა
დავიცვათ და ეს საკვირველი ცხოველი ბუნებას შევინარჩუნოთ.
ფერები
პატარა
ტასიკოს ფერადი საღებავებით სავსე ყუთი აჩუქეს.
-რა
კარგია, ახლა ნამდვილი მხატვარივით დავხატავ!-გაუხარდა გოგონას. სკოლიდან მოსულ ძამიკოს
ღიმილით შეეგება. მართლა სასაცილო იყო,-სახეზე, ხელებზე,ტანსაცმელზე საღებავები ესვა,
ერთიანად ცისარტყელასავით ფერადი იყო.
-ეს
რა გიქნია, ტასიკო, -გაოცდა დაჩი,-საღებავები სულ დაგიხარჯავს. ვარდისფერი, მწვანე
და ცისფერი სულ დაგიცლია.
-რა
მექნა?-უთხრა ტასიკომ,-თუ არ გავსინჯავდი, ხატვას როგორ ვისწავლიდი?
მაგრამ
მალე მოწყენა შეეტყო:
-ცისფერის
გარეშე ცას როგორ დავხატავ? ვეღარც ვარდს დავხატავ ვარდისფერის გარეშე და ვერც ფოთოლს
მწვანეს გარეშე. ვერც ბალახს დავხატავ, ვერც ხეებს...
-გინდა,
ფერების საიდუმლო გასწავლო? ვარდისფერი ახლავე გექნება.
დაჩიმ
აიღო ცოტა თეთრი საღებავი, რამდენიმე წვეთი ცისფერი დაუმატა და პალიტრაზე ფუნჯით აურია.
თეთრს წითელი შეერია და ვარდისფრად იქცა.
-ვარდისფერი!-წამოიძახა
ტასიკომ, ახლა უკვე შემიძლია ვარდის დახატვა, მაგრამ ფოთლები?
დაჩიმ ცოტა ყვითელი ფერი აიღო, რამდენიმე წვეთი ლურჯი
შეურია და ფუნჯით აურია. ყვითელი უცებ გამწვანდა.
-ახლა
უკვე შემიძლია ხეების, ფოთლების, ბალახებისა და ყვავილების დახატვა,-სიხარულით ხტუნავდა
ტასო,-მაგრამ ცისფერ ცას როგორ დავხატავ?
-ცისფერიც
ახლავე გექნება!
დაჩიმ
აიღო თეთრი ფერი, დაამატა რამდენიმე წვეთი
ლურჯი და კარგად აურია. თეთრი ნელ-ნელა ცისფერი
გახდა.
-შენ
მსოფლიოში ყველაზე კარგი ძამიკო ხარ! ახლა ცასაც დავხატავ, მზესაც, ყვავილებსაც...
ცოტა
ხნის შემდეგ ტასოს ოთახში გამოსაჩენ ადგილას
მშვენიერი ნახატი ეკიდა. ტასოს დაეხატა ფერადი ყვავილები, ცისფერი ცა და დიდი ,ყვითელი,
გაღიმებული მზე.
ხათუნა კალატოზიშვილი
ჭკვიანი
ბოცო
გათენდა. ბოცომ თვალები გაახილა. წამოხტა და ფანჯრიდან გაიხედა. უცებ სოროსთან სადილის ნარჩენები დაინახა.
-ტყეში სტუმრები ყოფილან!-გაიფიქრა მან.
ბოცო სოროდან გამოვიდა და ნარჩენებთან მიირბინა. ბანანის ქერქი ამოარჩია
და შეჭამა.
ამ დროს სოროდან დედამ გამოიხედა:
-ბოცო, საუზმის დროა!-დაიძახა მან.
ბოცომ გემრიელად ისაუზმა. საუზმის შემდეგ სკოლაში წავიდა, მაგრამ გაკვეთილზე
ვერ წავიდა, რადგან მუცელი ასტკივდა.
მასწავლებელმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
ბოცო სწრაფად გააქანეს საავადმყოფოში.
ექიმმა ბოცო გასინჯა და თავი გადააქნია:
-დედამ არ გაგაფრთხილა, ნარჩენები არ შეჭამოო?
ბოცოს წამლები გამოუწერა და შინ გაუშვა.
ბოცომ შინ მთელი ორი დღე გაატარა. მას ძალიან მოენატრა სკოლა და მეგობრები.
სკოლაში მისულმა თავისი ამბავი მეგობრებს უამბო.
ბაჭიებმა პლაკატები დაამზადეს
და ტყეში ხეებზე გააკრეს.
ამის შემდეგ ტყე დაბინძურებული არავის უნახავს.
როგორ ფიქრობთ, ბაჭიებმა პლაკატებზე რა დაწერეს?
როგორ
ემზადებოდა ბიძია იონა გასამგზავრებლად
იონა
ბიძია დაბნეული კაცი იყო. ხან მობილური რჩებოდა ყველგან, ხან -სათვალე.
ხან
ფეხსაცმელების ჩაცმა ავიწყდებოდა, ხან საშინაო ჩუსტებით მიდიოდა სამსახურში.
ხან
გასაღები რჩებოდა შინ და მერე კარს მეხანძრეები უღებდნენ.
ხან
ქუდს მაცივარში ინახავდა და მერე კარადაში ეძებდა.
მოკლედ,
ბიძია იონასთან ადამიანი არ მოიწყენდა.
ერთხელ
ბიძია იონამ გადაწყვიტა, ზღვაზე წასულიყო დასასვენებლად.
ბევრი
იფიქრა, როგორ მოვახერხო, რომ არაფერი დამრჩესო. ბოლოს მოიფიქრა. დაჯდა სარკის წინ,
აიღო ფურცელი და ყველაფერი ჩამოწერა, რაც კი ადამიანს დასჭირდებოდა. დროდადრო სარკეში
იცქირებოდა.
ესეც
ბიძია იონას სია:
1.
თავი
თვალებისთვის მჭირდება კბილის ჯაგრისი
და კბილის პასტა.
თმის დასავარცხნად მჭირდება სავარცხელი;
თავის დასაბანად მჭირდება შამპუნი;
თავზე დასახურად მჭირდება კეპი და
თბილი ქუდი;
2.
ყელი
ყელზე შემოსახვევად მჭირდება კაშნე.
3.
ტანი
ტანზე ჩასაცმელად მჭირდება: მაისური,
ტრუსები, პერანგი, შარვალი,შორტი, სვიტრი, ქურთუკი, პულოვერი, ჟაკეტი.
აგრეთვე:
ტანის გასამშრალებლად დამჭირდება
პირსახოცი.
4.
ხელები
ხელების გასათბობად მჭირდება ხელთათმანი;
ხელების დასაბანად მჭირდება საპონი;
მაჯაზე უნდა გავიკეთო საათი;
5.
ფეხები
ფეხზე ჩასაცმელად მჭირდება: ჩექმები,
ბოტასები, სანდლები, ჩუსტები;
ბიძია იონა
წერას მორჩა. მერე აიღო წითელი ფანქარი და გადახაზა ყველა ის ნივთი, რომელიც ზაფხულში
არ დასჭირდებოდა.
(ნეტავ, რა ნივთები გადახაზა
ბიძია იონამ? ბავშვებო, ეს „ზედმეტი“ საგნები
ტექსტში თქვენც გადახაზეთ).
სია უკვე
მზად იყო! ბიძია
იონამ იგი კედელზე გააკრა და ჩემოდნის ჩალაგება
დაიწყო. არაფერი დარჩენია. ყველაფერი ჩაალაგა.
მეორე დილას
ბიძია იონა მატარებელში იჯდა.
-ეს
რა კარგი რამ მოვიფიქრე! დღეიდან შინ არაფერი დამრჩება. ყველაფერს ჩამოვწერ,-ფიქრობდა
გახარებული.
ის კი არ ახსოვდა
ბიძია იონას,რომ ჩალაგებული ჩემოდანი შინ, საძინებელში დარჩა.
ბავშვებო, წარმოიდგინეთ, რომ ზაფხულია და
მთაში ლაშქრობაზე მიდიხართ. ჩამოწერეთ ის აუცილებელი ნივთები, რაც ლაშქრობაში დაგჭირდებათ,
რასაც წაიღებთ.
ბიჭი,
რომელიც ლომს შეებრძოლა
ნინო
სურმავა
გამოპრანჭული ნაეკუ
თავისი ქოხის წინ დგას და გულისფანცქალით ელის, როდის გაუხვრეტს ყურებს მოხუცი საბორე.
როცა ყურებზე ფერად რგოლებს დაიმაგრებს, ათჯერ უფრო ლამაზი იქნება.
ნაეკუ
ყველაზე ლამაზი გოგოა მთელ მასაის ტომში. მარტო მასაის ტომში კი არა, მთელ აფრიკაში...
ასე
ფიქრობს ლებუ. კი არ ფიქრობს, დარწმუნებულია.
ლებუ
ვერავის ეუბნება. რომ ნაეკუ უყვარს. მასაის ტომში ბავშვებს სასტიკად ეკრძალებათ ერთმანეთის შეყვარება. ლებუმ ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ თვითონ სულაც არ უნდოდა, ისე შეუყვარდა ნაეკუ.
ეს
ამბავი ასე მოხდა: ლებუმ ადრე ქვიშისფერი ხვლიკი დაიჭირა. ნაეკუ იქვე იდგა. ეს რომ
დაინახა, თვალები გაუბრწყინდა და წამოიძახა:
-ლებუ
ყველა ხვლიკზე ყოჩაღია!
აი,
სწორედ მასინ შეუყვარდა ლებუს ნაეკუ. იმ დღიდან გადაწყვიტა, როცა გავიზრდები, ცოლად
მხოლოდ ნაეკუს მოვიყვანო.
როცა
მოხუცმა საბორემ ფერადი საყურეები გაუკეთა ნაეკუს, მთელმა ტომმა აღტაცებით დაიყვირა,
რა ლამაზი გოგოაო.
ლებუს
ძალიან შეეშინდა, სხვა ბიჭებსაც რომ მოეწონოთ ნაეკუ, მერე რა მეშველებაო. ამიტომ გადაწყვიტა,
ყველაზე მალე გაზრდილიყო.
იმ
დღის შემდეგ ლებუ მუდმივად უფროს მასაელებს დასდევდა კუდში. ერთხელ უდაბნოსკენ მიმავალი
მეომრები დაინახა. მეომრებს უშველებელი შუბები ჰქონდათ მხრებზე გადებული.
„ნამდვილად
ლომებზე სანადიროდ მიდიან!“-გაიფიქრა ლებუმ და სასწრაფოდ თავისი ქოხისკენ გაიქცა, რომ
როგორმე მამის შუბის გამოტანა მოეხერხებინა. შუბი მხარზე გადაიდო და მალულად გაჰყვა
უფროსების ნაკვალევს.-ახლა თავისი თვალით ნახავდა ლომებზე ნადირობას.
მონადირეები
შეჩერდნენ, ჩაცუცქდნენ და შუბები მოიმარჯვეს. ლებუ ბუჩქებში ჩაიმალა.
მალე
ლომების ბრდღვინვა მოისმა. ლებუ წამოიწია. ხეებს მიღმა ლომების პრაიდი სადილობისთვის
ემზადებოდა-უშველებელი გარეული ხარი მოეკლათ. მონადირეები ფრთხილად წამოიმართნენ.ლებუს
სუნთქვა შეეკრა, იფიქრა, მონადირეები რომ ყვირილით დაიძრებიან ლომებისკენ, მეც გამოვძვრები
ბუჩქებიდან და მათთან ერთად ვინადირებო.
იმედი
გაუცრუვდა-მასაელები მშვიდად მიდიოდნენ ლომებისაკენ. ლებუ ამას წარმოიდგენდა?- შეშინებული
ლომები წამოხტნენ და გაიქცნენ.
მონადირეებმა
ხარის ხორცის დიდ-დიდი ნაჭრები წამებში წამოაგეს შუბებზე და შინისაკენ გამობრუნდნენ.
მხიარული ლაპარაკით უახლოდებოდნენ ლებუს ბუჩქს და ვერ ამჩნევდნენ უშველებელ ლომს, ძუნძულით
რომ მოსდევდა მათ ნაკვალევს.მონადირეები ის იყო. ბუჩქებს გასცდნენ, რომ ლომმა დაიღრიალა,
ჰაერში შეხტა და წართმეული ხორცის დაბრუნება მოინდომა. ლებუ იმწამსვე მიხვდა, რაც უნდა
ექნა-მაგრად მოუჭირა ხელი შუბისტარს და ბუჩქებიდან გამოვარდა. ბიჭი მონადირეებსა და
ლომს შორის ჩახტა და გაცოფებულ ცხოველს შუბი დაუხვედრა.
თავიდან
ლებუც გაკვირვებული უყურებდა მოკლულ ლომს. მერე ბედნიერად გაიღიმა და იფიქრა, ახლა
კი ნამდვილად გავიზარდეო.
მაგრამ
ლებუს მამა ასე არ ფიქრობდა. როცა გზაზე მონადირეებთან
ერთად ამაყად მომავალი შვილი დაინახა, სულ ცოფები ჰყარა. შუბი კედელზე მიამაგრა და
ლებუს ქოხიდან ფეხის გადგმა აუკრძალა.
ტომი
მოკლულ ლომთან შეიკრიბა, ცეცხლი დაანთეს და
„ნახტომების ცეკვა“ დაიწყეს. ლებუ კი ქოხის შესასვლელთან იჯდა და ფიქრობდა, რა უსამართლობაა,
რომ ბავშები პატარები იბადებიან და ნელა იზრდებიან, უფროსები კი სულ დიდები არიანო.
ამ
დროს ქოხს ნაეკუ მიუახლოვდა. ხელში ლომის კბილების მძივი ეჭირა.
-ნახე,
რა ლამაზი მძივი გავაკეთე,-უთხრა ბიჭს და მის გვერდით ჩამოჯდა,-შენ ყველა ლომზე ყოჩაღი
ხარ!
ლებუ
ყველაზე ბედნიერი ბიჭი იყო მთელ მასაის ტომში, მთელ აფრიკაშიც და მთელ დედამიწაზეც.
კუდიანი
ვარსკვლავისა და პატარა ბიჭის ამბავი
ლელა ცუცქირიძე
ერთხელ კუდიანი ვარსკვლავი მთვარის ჰამაკში ჩახტა. გაქანდა და გამოქანდა.
იმდენი იქანავა, რომ ცას მოწყდა და ერთი პატარა
ბიჭის ჩაის ჭიქაში მოადინა ტყაპანი.
პატარა ბიჭს ხმაურზე გამოეღვიძა. თვალები მოიფშვნიტა და რას ხედავს! ჩაის ჭიქა ვერცხლისფრად ანათებს და წკარუნებს.
შეშინებულმა ბიჭმა თავზე საბანი წაიფარა და გაიტრუნა.
-ეი, მიშველეთ! ამომიყვანეთ ამ
ორმოდან! -მოისმა ჩაის ჭიქიდან.
პატარა ბიჭს უფრო შეეშინდა.
-მიშველეთ! მიშველეთ!-წკარუნებდა
ვარსკვლავი.
პატარა ბიჭმა გული გაიმაგრა. ჭიქაში ხომ ვერც ლომი ჩაძვრებოდა, ვერც ვეფხვი.
ნუთუ, ციცინათელა იყო? ბიჭმა თავი
გამოყო საბნიდან და იკითხა:
-მანდ ვინ არის?
-კუდიანი ვარსკვლავი ვარ. ციდან
ჩამოვვარდი და ამ ორმოში გავიჭედე.
-ეს ორმო კი არა, ჩაის ჭიქაა.-ბიჭმა ვარსკვლავი ჭიქიდან ამოიყვანა, ხელისგულზე დაისვა.
-დიდი მადლობა, ბიჭუნა. გეთამაშებოდი, მაგრამ ახლა ცაში მიმელიან, -ვარსკვლავი ახტა, მაგრამ ჭერს მიეჯახა
და ჭაღზე ჩამოეკიდა.
ვარსკვლავმა ისევ სცადა, ისევ ჭერს მიეჯახა.
-მოდი, ამ ბადურაში ჩახტი,-უთხრა ბიჭმა,-მეზობელ ძიასთან მივიდეთ, ის ასტრონომია
და რაღაცას მოიფიქრებს.
ასედაც მოიქცნენ. ძია ასტრონომი სახურავზე იპოვეს. სიხარულისგან და გაოცებისგან კინაღამ სახურავიდან
გადმოვარდა,-ვარსკვლავი ასე ახლოდან არასოდეს ენახა. ბევრი უტრიალა, მაგრამ ვერაფერი
გააწყო.
ამ დროს გზაზე სახანძრო მანქანამ ჩაიხრიგინა. დაიქშუილა და გაჩერდა. მანქანიდან ულვაშა მეხანძრე
გამობობღდა. ბიჭმა ახლა მეხანძრეს უამბო ვარსკვლავის გასაჭირი.
-მაგაზე ადვილი რაა?-აროხროხდა მეხანძრე, მანქანაში შეძვრა და სახანძრო
კიბე გაშალა.
გახარებული ვარსკვლავი მეხანძრეს, ასტრონომს და პატარა ბიჭს დაემშვიდობა,
კიბეზე შეხტა და სკუპ-სკუპით გაუყვა საფეხურებს.
ჯერ სახლების სახურავებს გასცდა, მერე ხეების კენწეროებს, კიდევ ერთხელ კიდევ ისკუპა და ცას შეახტა.
ის დღე იყო და ის დღე. კუდიან
ვარსკვლავს აღარც კი გაუხედავს მთვარის ჰამაკისკენ. პატარა კეთილი ბიჭი კი ძალიან ენატრება.
ყოველ საღამოს იჭყიტება მის ფანჯარაში და ხმამაღლა წკარუნებს.
პატარა ბიჭს ძილში ნაცნობი წკარუნი ჩაესმის და თბილად ეღიმება.
ლუკა
და მეკობრე (ქეროლ მურის მიხედვით)
პატარა
ბიჭუნა ლუკამ და პატარა ძაღლმა ბიბიმ მთელი საღამო ერთად ითამაშეს. ლუკას ტკბილად დაეძინა,
სიზმარში მეკობრე ნახა.
„ღობიდან ოც ნაბიჯზე და ვარდის ბუჩქიდან ათ ნაბიჯზე ძვირფასი
განძია“-როხროხით თქვა მეკობრემ სიზმარში.
გამოღვიძებულმა
ბიჭუნამ ბარი აიღო და მიწის ამოთხრა დაიწყო. მალე კარგა მოზრდილი ორმო ამოთხარა. ორმო
ღრმავდებოდა და ღრმავდებოდა. ორმოს გვერდით მიწის გროვაც სულ უფრო დიდდებოდა.
ლუკა
მაინც განაგრძობდა თხრას. ახლა ორმო ძალიან ღრმა იყო, მიწის გროვა კი ძალიან მაღალი.
ბიჭუნა დაიღალა, უცებ რაღაც შეამჩნია,- ეს
ძვალი იყო, სწორედ ის ძვალი, ბიბი რომ დაათრევდა წინა კვირას.
ასე
რომ, ლუკას განძის ნაცვლად ბიბის ძვალი, ამოთხრილი ორმო და მოწის გროვა შერჩა.
რა
უნდა ექნა? მიწა ისევ უკან უნდა ჩაეყარა და ორმო ამოევსო...
-მეკობრეს
როგორ დავუჯერე? ახია ჩემზე, -გაბრაზდა ლუკა თავის თავზე.
ამ
დროს აივანზე დედა გამოვიდა, დაინახა ორმო და ტაში შემოჰკრა:
-დიდი
მადლობა, ლუკა! ძალიან მინდოდა, ამ ადგილას ყვავილის დიდი ბუჩქი დამერგო. აი, შენ ხუთი
ლარი ორმოს გათხრისთვის, შეგიძლია, შენს ყულაბაში ჩააგდო.
ლუკამ
და ბიბიმ გაიხარეს.
მათ
ხომ უცებ მშვენიერი ჯილდო მიიღეს!
მონადირე მანგური
მონადირე მანგური ერთხელ სანადიროდ წავიდა.
გაიარა ტყე და მაღალ მთებს მიაშურა, არჩვებს ჩაუსაფრდა. ამასობაში დაღამდა. მანგური
შინ ვერ დაბრუნდებოდა, ამიტომ თვშესაფრის ძებნას შეუდგა. უცებ კლდის თავზე ბროლის გამოქვაბული დაინახა. მონადირე
გამოქვაბულში შეძვრა.
ამ დროს გამოქვაბულში ნადირობის ქალღმერთი
და ცხოველების მფარველი ულამაზესი დალი შემოვიდა.
მშვენიერ ქალღმერთს ოქროს თმა კოჭებამდე
სწვდებოდა.
შეეცოდა დალის გზააბნეული მონადირე და შეიფარა.
ირმის მწვადიც კი მიართვა.
დილით მონადირეს ძვირფასი თვალი აჩუქა და
უთხრა:
-როცა ძალიან გაგიჭირდება, ეს თვალი ამოიღე,
ჩემი სახელი ახსენე და მაშინვე შენთან გავჩნდებიო.
სთხოვა, არავის უთხრა ჩემს შესახებო. მონადირემაც
პირობა მისცა.
გაუდგა გზას. უცებ დიდი დათვი დაინახა,
მისკენ მოძუნძულებდა. მონადირეს გაახსენდა დალის საჩუქარი, მაგრამ გადაიფიქრა, ასეთ
უბრალო რამეზე ქალღმერთი როგორ შევაწუხოო. მაღალ ხეზე აძვრა და გაინაბა. დათვმა ჩაიარა.
მანგურმა გზა გააგრძელა. ერთ ღრმა ხევს
მიადგა.მდინარეზე ვერ გადადიოდა . ისევ გაახსენდა
ქალღმერთის საჩუქარი, მაგრამ ისევ გადაიფიქრა, როგორ შევაწუხოო. ფონი მოძებნა, წყალში
ქვები ჩაყარა და გადავიდა. გავიდა ბილიკზე. უცებ ყაჩაღები დაესხნენ თავს. მანგური მამაცურად
იგერიებდა ყაჩაღებს, მაგრამ ისინი ბევრნი იყვნენ და თანდათან ძალ-ღონე გამოეცალა. ამოიღო
ძვირფასი თვალი და დალი ახსენა. ქალღმერთი ისეთი მრისხანე სახით გამოეცხადა, რომ ყაჩაღები შეშინდნენ და გაიქცნენ. დალიმ შეაქო მანგური მამაცობისთვის და არჩვიც მოანადირებინა.
შემდეგ გაუჩინარდა.
მანგურს არასოდეს გაუთქვამს დალის საიდუმლო,
ამიტომ არც
ქალღმერთის მფარველობა მოკლებია.
მუხლუხოს
ბოტები
ლელა ცუცქირიძე
პაატა პაპავა
მაისის ხოჭომ მუხლუხოს
მობილურზე დაურეკა:
-დღეს ღრაჭაობაზე გეპატიჟები.
-ღრაჭაობაზე? ეგ რა არის?-ჰკითხა მუხლუხომ.
-ჩვენი დღესასწაულია. მაისის პირველ შაბათსსაღვნიშნავთ.
საღამოს
მუხლუხო მაისის ხოჭოს ესტუმრა. სტუმრები გირჩის სავარძლებში ისახდნენ. ფეხზე ყველას
ლამაზი ფეხსაცმელი ეცვა.
ჭრიჭინას
ეცვა ოთხი სანდალი.
კოღოს
ეცვა ექვსი საბო.
სარდაფის
ობობას ეცვა რვა ჩექმა.
მასპინძელს,
მაისის ხოჭოს ღუნღულა, პომპონებიანი ჩუსტები ეცვა.
მარტო
თვითონ იყო ფეხშიშველი.
მეორე
დღეს დილით მუხლუხო ბაზრობისკენ გაეშურა.
-გამარჯობა.
ჩვენთან საუკეთესო ფეხსაცმელს შეიძენთ,-გაუღიმა გამყიდველმა ლოკოკინამ,-თან დიდი არჩევანი
გვაქვს. საზაფხულო ფეხსაცმელი გნებავთ თუ ზამთრის?
მუხლუხომ
იფიქრა, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა. უცებ თავზე წვიმის წვეთი დაეცა. მუხლუხომ ცას ახედა.
„სანამ ძალიან გაწვიმდება, ჯობს ბოტები ვიყიდო. ალბათ ქოლგაც დამჭირდება.“-გაიფიქრა
და წამოიძახა:
-ერთი
ქოლგა და ბევრი ბოტი მინდა.
-როგორი
ქოლგა გნებავთ?
-გასაშლელი,
ხის ტარით,-უპასუხა მუხლუხომ.
-ფერი?
-ისეთი
ფერის ქოლგა მინდა, ბოტებს მოუხდეს.
-მაშინ
ჯერ ბოტები შევარჩიოთ.
-კარგი.
-როგორი
ბოტები გნებავთ?
-ყვითელი
მწვანე კოპლებით, ლურჯი წითელი გულებით, მწვანე თეთრი ზოლებით, შავი ყვითელი უჯრებით,
თეთრი ლურჯი ტალღებით და...ყავისფერი.
-ერთი
წუთით,-შეაჩერა გაკვირვებულმა ლოკოკინამ და კალამი აიღო,- ჩამოვწერ, თორემ დამავიწყდება.
აბა, თავიდან მიკარნახეთ.
-წითელი
ლურჯი კოპლებით, ყვითელი წითელი გულებით, მწვანე თეთრი ზოლებით, შავი მწვანე უჯრებით,
თეთრი ლურჯი ტალღებით და ყავისფერი.
-ერთი
წუთით,-ისევ შეაჩერა ლოკოკინამ,-რამდენი ბოტი გინდათ?
-ძალიან
ბევრი ბოტი მინდა,-გაიმეორა მუხლუხომ.
-ბევრი
რამდენია? რვა, ათი თუ თორმეტი?
-ერთი
წუთით, ჯერ დავითვალი რამდენი ფეხი მაქვს,-მუხლუხომ ფეხებზე დაიხედა. შერცხვა. როგორ
ეთქვა, რომ თვლა მხოლოდ ხუთამდე იცოდა.
დაიწყო
ბუტბუტი: -ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი... ისა... შვიდი...ათი, ისა...რვა? არა...თერთმეტი,
ექვსი, ცხრა, ცამეტი...
ითლიდა
და ითვლიდა ფეხებს მუხლუხო.
-მოდი,
ინტერნეტში შევიდეთ და იქ ვნახოთ, რამდენი ფეხი გაქვთ,-თქვა ლოკოკინამ,-სად ცხოვრობთ?
-აქვე,
ბატონი ზურაბ ბერიძის ბაღში, ალუბლის ხეზე,-უპასუხა მუხლუხომ.
-გასაგებია.
თქენ ალობათ ოჯახის მუხლუხოების ჯიშის ბრძანდებით.
-დიახ.
ნამდვილად ასეა.
-აქ
წერია, რომ ზრდასრულ ოჯახის მუხლუხოს 15-დან 177-მდე წყვილი ფეხი აქვს.
-აუუფ,
ნეტა როგორ დათვალეს ას და რაღაცამდე?-კიდევ უფრო დაიბნა მუხლუხო და ახლოა რგოლების
თვლაზე გადავიდა.
ამასობაში
დახლთან რიგი დადგა.
-მე
მხოლოდ ორი ცალი წითელსარცულიანი კალოში მინდა. მეუღლეს ტალახში ჩარჩა და დაეკარგა,-ამოიხვნეშა
ხარაბუზამ.
-მე
სამი წყვილი ტანგოს საცეკვაო წითელი ფეხსაცმელი მინდა,-თქვა სახლის ობობამ,-პაემანზე
მაგვიანდება, იქნებ ჯერ მე გამიშვათ?
-მე
ორი წყვილიც მეყოფა. წინა ფეხებზე გადაჭრილ ხელთათმანებს ვიკეთებ,-თქვა კალიამ.
ამასობაში
გაწვიმდა.
- ერთი
დიდი ქოლგა ვიყიდოთ და წავიდეთ,-თქვა მუხლუხომ.-ბოტებს ხვალ ვიყიდი. მომეცით ყველაზე
დიდი ქოლგა. დღეს ჩემი მეშვიდე რგოლის დაბადების დღეა. ამიტომ ყველას ჩაიზე და ალუბლის
ღვეზელზე გეპატიჟებით!
-წავიდეთ!-თქვა
ხარაბუზამ.
-მშვენიერია,
წავიდეთ!-სიხარულით შეხტა კალია,-იქ დავითვლით თქვენს ფეხებს.
-მე
პაემანზე მივალ, ცოტას ვიცეკვებ და მერე გეწევით!-თქვა ობობამ.
-მობრძანდით,
პარტნიორიც წამოიყვანეთ, -უპასუხა მუხლუხომ. მერე უზარმაზარი ფერადი ქოლგა გაშალა და
ბატონი ზურაბ ბერიძის ბაღისკენ დაიძრა.
v რამდენი ბოტი დასჭირდება მუხლუხოს 3 რგოლისთვის? 6 რგოლისთვის?
14 რგოლისთვის?
v რამდენი ფეხსაცმელი ეცვათ სულ მაისის ხოჭოს სტუმრებს?
v რამდენი ფეხსაცმელი სჭირდებოდათ სულ ხარაბუზას, კალიას
და სახლის ობობას?
ოფოფების
წვეულება
ლელა ქისტაური
ოფოფები აგვისტოში ახალ ბუდეში გადავიდნენ
საცხოვრებლად. ჰოდა, გადაწყვიტეს, წვეულება მოეწყოთ. ჩამოსხდნენ აივანზე და დასაპატიჟებელი
სტუმრების სიის წერას შეუდგნენ. ყველა ჩამოწერეს: არწივი, კოდალა, ყვავი, ბუ. ღობემძვრალაც
კი არ გამორჩენიათ. ახლა მოსაწვევი ბარათები უნდა დაემზადებინათ. დაამზადეს და ტექსტიც
დააწერეს.
ოფოფებმა
მოსაწვევი ბარათები ბუდეებში დაარიგეს. შინ შუადღისას დაბრუნდნენ. ცა მოწმენდილი იყო
და ტყეშიც კი ცხელოდა. ძალიან დაღლილები იყვნენ. ცოტა ხანს ჩრდილში წამოწვნენ და დაისვენეს.
ახლა სტუმრებისთვის სუფრა უნდა მოემზადებინათ. რაკი აგვისტო იყო და ცხელოდა, გადაწყვიტეს
ნაყინის წვეულება მოეწყოთ. წინსაფრები მოიხვიეს, თავზე ჩაჩები დაიხურეს და საქმეს შეუდგნენ.
თაროდან
გადმოიღეს ბებიას ნაქონი კულინარიული რეცეპტების წიგნი. მერე მოიტანეს კვერცხი, რძე,
შაქარი, სახამებელი, ვანილი, კაკაო, ცოტა ხილი და კიდევ ერთი ფილა შოკოლადი. ახლა მთავარი
იყო, ყველაფერი რეცეპტის მიხედვით გაეკეთებინათ! ასეც მოიქცნენ.
ნაყინის
მასალა ოფოფებმა ლამაზ ჭიქებში ჩაასხეს და გასაყინად შედგეს. თვითონ არეულ-დარეული
სახლის დალაგებას შეუდგნენ. ჭურჭელიც დასარეცხი ჰქონდათ. ვიდრე საქმეს მორჩებოდნენ, რამდენჯერმე გამოაღეს საყინულის
კარი და შეამოწმეს, თუ იყინებოდა. სულ რამდენიმე საათიც და ნაყინი საბოლოოდ მზად იქნებოდა.
ოღონდ ვიდრე ბოლომდე გაიყინებოდა, აუცილებლად კიდევ უნდა გამოეხსნათ საყინულის კარი,
გამოეღოთ ჭიქები და მოერიათ. ასე ეწერა რეცეპტების წიგნში. ასე ნაყინი უფრო ჰაეროვანი
გამოვიდოდა.
ამასობაში
დაღამდა. ოფოფები ძალიან დაიღალნენ. დღეს იმდენი საქმე გააკეთეს! ახლა აუცილებლად უნდა
გამოეძინათ, იმიტომ რომ ხვალ დიდი დღე იყო, დიდი!
საბოლოოდ
შეამოწმეს მაცივარი, ერთმანეთს ღამე მშვიდობისა უსურვეს. მერე თბილად მოკალათდნენ ახალ
საწოლებში და ტკბილად, ძალიან ტკბილად დაიძინეს.
მეორე
დღეს ოფოფებმა დილაუთენია გამოხსნეს საყინულის კარი. ყველაფერი რიგზე იყო! ჭიქებში
ნამდვილზე ნამდვილი ნაყინი დახვდათ. სტუმრებისთვის ასე მირთმევაც კი შეიძლებოდა, მაგრამ
გადაწყვიტესკიდევ უფრო გემრიელი გაეხადათ. კარგად დაარჩიეს ჟოლო, წვრილად დაჭრეს გაფცქვნილი
ატამი, მერე ცალ-ცალკე ჩაყარეს პატარა ჯამებში, შაქრის ფხვნილი მოაყარეს და მაციარში
შედგეს. თუ ვინმეს მოუნდებოდა ნაყინი ჟოლოს ან ატმის არომატით, სანაყინეშივე მოაყრიდა
გარჩეულ ხილს.
ცალკე
შოკოლადიანი ნაყინი გააკეთეს. ჯერ შოკოლადის ფილა გაადნეს ჯამში. მოხალეს თხილი. მერე
ნაყინს ზემოდან თხილი მოაყარეს და შეგრილებული შოკოლადი მოასხეს. ნაყინი ისე მადისაღმძვრელად
გამოიყურებოდა! ოფოფებს კინაღამ სულმა წასძლიათ სტუმრების მოსვლამდე.
სამი
საათიც დადგა. თითქმის ყველა მოწვეული ფრინველი ესტუმრათ. მხოლოდ ბუ არ ჩანდა, ვერაფრით
გაიღვიძა წამოსასვლელად. ოფოფებმა სუფრა აივანზე გაშალეს და სტუმრებს ნაირ-ნაირი ნაყინი
მიართვეს: ვანილის ნაყინი, კაკაოს ნაყინი, ნაყინი ჟოლოს არომატით, ნაყინი ატმით, შოკოლადით,
თხილით...
სტუმრები
ძალიან გამხიარულდნენ. აქამდე არასოდეს ენახათ ნაყინის წვეულება. ყველანაირ ნაყინს
სინჯავდნენ და ადარებდნენ, რომელი უფრო გემრიელი იყო. გვიანობამდე ისმოდა ოფოფების
აივნიდან მხიარული სიცილის და სიმღერის ხმა. შებინდებისას გამოემშვიდობნენ მასპინძლებს.
ხმა რატომრაც ყველას დაუბოხდა.
მეორე
დილას ბუ რძის საყიდლად მივიდა ტყის მარკეტში. ასეთი ჩვევა ჰქონდა, დილაობით ძილის
წინ რძეს სვამდა, მერე მთელი დღით მშიდად იძინებდა.
საერთოდ აღარ აწუხებდა ტყის ხმაური. მარკეტში მთელი რძე ადრიანად გაყიდულიყო.
-ძალიან
ვწუხვარ, ასეთი რამ აქამდე არასოდეს მომხდარა!-გაოცებული ებოდიშებოდა შეწუხებულ ბუს
გამყიდველი.
მაგრამ
სურსათის მაღაზიის გაყიდველზე უფრო დაბნეული ტანსაცმლის მაღაზიის გამყიდელი იყო. ამ
პაპანაქება აგვისტოში შარფების მთელი კოლექცია
დილით გაეყიდა.
ოფოფების რჩევა
თუკი ნაყინის წვეულებას გამართავთ,
აუცილებლად
წინასწარ მოიმარაგეთ ბევრი რძე და შარფი.
შეიძლება ისინი
თქვენს მარკეტშიც გამოილიოს!
საჩუქარი
ნინო სურმავა
ორ დღეში თათას დედის დაბადების დღეა.
გოგონამ თავისი საყვარელი ბაყაყი-ყულაბა გახსნა. თითქმის თვეა, რაც ამ ყულაბაში თათას
მამა ერთ, ორ და ხუთთეთრიან მონეტებს ყრის.
თათამ დათვალა და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი გამოვიდა. ხურდა ჩანთაში ჩაიყარა და
სკოლაში წავიდა. გზად მიმავალი სულ იმაზე ფიქრობდა, დედას ამ ფულით რა უნდა ვუყიდოო.
დადგა ერთი მაღაზიის წინ და ვიტრინის თვალიერება დაიწყო. იყიდებოდა კაბები, სათვალეები,
ფეხსაცმელები, სამკაული... თთამ უცებ ლურჯი სანდალი დაინახა. დედას ის ძალიან მოეწონებოდა! სანდლების წინ დიდი ციფრებით ეწერა „99“, თათას
კი ზუსტად 99 თეთრი ჰქონდა.
-სანდლებს ვუყიდი!-წამოიძახა გახარებულმა
გოგონამ და სკოლისაკენ გაიქცა.
თათას მათემატიკის გაკვეთილზე დააგვიანდა.
ბავშვები ერთი კედლიდან მეორემდე წითელ ძაფს ჭიმავდნენ. ასე თურმე კედლის სიგრძეს ზომავდნენ.
შინ დაბრუნებისას თათამ მაღაზიაში შეიარა და გამყიდველს
ლურჯი სანდლების ნახვა სთხოვა.
-რომელი ზომის სანდალი მოგაწოდო?-გაუღიმა გამყიდველმა.
თათა დაიბნა. მას ეგონა, რომ დედას
ყველა ზომის ფეხსაცმელი მოერგებოდა.
-ნეტავი, როგორ გავიგო, რა ზომის
ფეხსაცმელს იცვამს, თანაც ისე, რომ ვერ მიხვდეს,-ფიქრობდა შინ მიმავალი თათა.
უცებ მათემატიკის დღევანდელი გაკვეთილი გაახსენდა; მეც ძაფით გავზომავ
დედის ფეხსაცმელს,-გაიფიქრა გახარებულმა.
მაგრამ გამყიდველმა ზუსტი ზომისთვის
რომ დედის ტერფის სიგრძის გაზომვა ურჩია? ეს
როგორ გაიგოს?
სახლში რომ დაბრუნდა, თათამ ჯიბეში ძაფის ნაწყვეტი ჩაიდო. სამსახურიდან
დაბრუნებულ დედას საღამოობით ფეხშიშველა სიარული უყვარდა.
თათა შესაფერის დროს ელოდებოდა, მაგრამ
დედა სულ აქეთ-იქით დააბიჯებდა და შესაფერისი დრო არა და არ დგებოდა.
გოგონამ თაროზე ფქვილის შეკვრას მოჰკრა
თვალი. ერთი მუჭა ამოიღო და მაგიდასთან დაყარა. გადაწყვიტა დედის ნაკვალევი ასე გაეზომა.
დედამ ფქვილი მანამდე დაინახა, სანამ ფეხს დააბიჯებდა და
ძალიან გაუკვირდა.
-შემთხვევით დამეყარა,-წაიბუტბუტა
შეწუხებულმა თათამ.
გოგონამ და დედამ ერთად მოწმინდეს
იატაკი, სასტუმრო ოთახში გავიდნენ და ფილმის ყურება დაიწყეს.
თათა ფიქრობდა, შემდეგ სახე გაუნათდა,
დედას შეხედა და ჰკითხა:
-დე, ჩემი ფეხსაცმელი რა ზომისაა?
-ოცდაცხრა,-უპასუხა გაკვირვებულმა
დედამ.
-მამასი?
-ორმოცდაორი,-დედას კიდევ უფრო გაუკვირდა.
-შენი ფეხსაცმელი? უბრალოდ, მაინტერესებს.
-ოცდათვრამეტი,-დედამ მხრები აიჩეჩა.
მეორე დღეს თათა ისევ მიადგა მაღაზიას.
-თუ შეიძლება, ის ლურჯი სანდლები
მომეცით. ოცდათვრამეტი ზომა მინდა,-გოგონამ ჯიბიდან ხურდა ფული ამოაჩხრიალა,-აი, ინებეთ!
გამყიდელი გაოცდა:
-ფეხსაცმელი ოთხმოცდაცხრამეტი ლარი
ღირს... აქ კი ალბათ ოთხმოცდაცხრამეტი თეთრია... როგორც ვხვდები.
თათას შერცხვა და გაწითლდა. ცრემლებიც
მოერია. „დედას ლამაზ ლურჯ სანდლებს ვეღარ ვუყიდი!“-გულდაწყვეტილმა გოგონამ მაღაზიის
კარი გამოიხურა.
მეორე დილას დედას მაგიდაზე მისალოცი
ბარათი დახვდა: „დე, დაბადების დღეს გილოცავ! ძალიან მიყვარხარ! შენი თათა.“ ბარათზე თხილიანი შოკოლადი იდო.
„ასეთი ტკბილი დაბადების დღე ჯერ
არ მქონია!“-ყველას ეუბნებოდა გახარებული დედა,
თათა კი მას უკან კმაყოფილი ღიღინით
დაჰყვებოდა.
სახლი
მერი ბოლქვაძე
თოვს.
უჰ, როგორ თოვს!
რა
სიჩუმეა და რა სიმყუდროვე. მთები ჩუმად დაგანან და იყურებიან. ადამიანები სახლებში
შეყუჟულან. სახლები საკვამურიდან ფუმფულა, თბილ ბოლს სვეტივით უშვებენ ცაში. თოვლის
ფანტელები თავს ეხვევიან სიცივეში მიყუჩებულ სახლებს.
ყველა
სახლში ბუხარი ანთია, ყველა სახლის ბუხარში კვერი ცხვება, ტახტზე ბალღები გორაობენ;
ხან იცინიან, ხან ტირიან. მარტო ერთი სახლი დგას მოწყენილი. ამ სახლში არც ბუხარი ანთია,
არც კვერი ცხვება, არც ონავარი ბალღები ჟრიამულობენ. სახლი ტყის პირას დგას და პატრონს
ელის; რამდენი ხანია, მარტოა. ნეტავ რისთვის წავიდნენ და რატომ არ ბრუნდებიან?
ეზოში
არავინ ჭაჭანებს, ქათმის ნაფეხურებიც კი არ ატყვია თოვლიან მიწას; აბა, მარტო სახლი
ვის რაში უნდა, თუ პატრონი არსად არის.
სახლს
გააკანკალა.
სცივა.
სულ მარტო რომ დარჩეს?
-აბა,
გაიხედე, ჩვენიანი არავინ მოდის?-ეს მერამდენედ სთხოვს ბეღურა ჩიტს.
ჩიტს
სახლი ეცოდება და პასუხობს:-არავინაა...
უცებ
თოვლის ხრაშუნი მოისმის.
მელია
გამოჩნდა.
-მელია,
მელაკუდა!-გაუხარდა სახლს,-მოდი, ჩემთან იცხოვრე, მარტო ყოფნა აღარ შემიძლია!
-არა,
მაგოდენა სახლში რა გავაკეთო, გავიყინები. ჩემი სორო სჯობს, პატარაა და თბილია.
სახლი
შეეხვეწა:
-აანთე
ბუხარი, შენც გათბები და მეც!
-არ
შემიძლია, ცეცხლის დანთება მარტო ადამიანებმა იციან!-თქვა მელიამ და სასწრაფოდ გაიქცა.
ახლა
კურდღელმა ჩამოურბინა სახლს.
-კურდღელო,
კურდღელო, მოდი, ჩემთან იცხოვრე!-კურდღელსაც დაუძახა სახლმა.
-მოვიდოდი,
მაგრამ მაგოდენა სახლში რა გავაკეთო, სიცივით გავიყინები. ჩემი სორო მირჩევნია. პატარაა
და თბილია.
-მოდი,
ბუხარი აანთე, შენც გათბები და მეც!-სთხოვა სახლმა.
-ცეცხლის
ანთება მარტო ადამიანებმა იციან!-თქვა კურდღელმა და გაიქცა.
მერე
ფისო გამოჩნდა. ოჰ, იმას სიცივეში რა გააჩერებს, თბილ ადგილს ეძებს.
უცებ
ქარი მოვარდა, ჭუჭრუტანებიდან სახლში შეძვრა და ისე დაუსტვინა, ჩიტებს შეეშინდათ.
-ესღა
მაკლდა!-მოიბუზა სახლი.
-მე
ვიქნები შენთან!-შესთავაზა ქარმა.
-შენ
სიამოვნებით იცხოვრებდი ჩემთან, მაგრამ რა გაგიძლებს, ყირაზე დამაყენებ!-იუარა სახლმა.
-უუუ!
აი,
ეს კი მატარებელია!
ყოველდღე
დადის. ამ სახლში კი არავინ მოჰყავს, თუმცა სულ ჰპირდება, მოგიყვანო. ახლაც ჩამოდგა
სადგურში, მერე ისევ აკივლდა და წავიდა.
-წავიდა,
რა ენაღვლება, თვითონ სულ სავსეა ხალხით!-ამოიოხრა სახლმა.
ქარმა
უფრო დაუბერა, კიდევ დაუსტვინა ჭუჭრუტანებში.
ჩიტმა
კიდევ გაიხედა გზაზე.
ბიჭოს!
ვიღაცები გამოჩნდნენ. აქაურებს არ ჰგვანან. სამნი მოდიან: ქალი, კაცი და ბავშვი. წინ
ქალი მოდის, უკან კაცი, შუაში ბავშვი ჩაუყენებიათ. გვერდით ძაღლიც მოჰყვებათ. ჭიშკარს
მოადგნენ, არც დაუძახიათ, პირდაპირ შემოვიდნენ
ეზოში...
-ჩვენი
სახლი!-ხელები გაშალა გოგონამ. მერე ტაში შემოჰკრა, პირველი ავარდა კიბეზე. თან ძაღლი
მიჰყვა, მერე კაცი ავიდა და კარი გააღო. კაცმა ბარგი აზიდა.
-უჰ,
როგორ ცივა!-ოთახში ფეხი შედგა თუ არა, თქვა გოგონამ.
-უჰ,
როგორ ცივა!-თქვეს ქალმა და კაცმაც.
ძაღლიც
ალბათ ამას იტყოდა, ლაპარაკი რომ შესძლებოდა. გოგონასთან ერთად ოთახებს დაურბინა და
ყველაფერი გულმოდგინედ დაყნოსა.
ქალმა
დარაბები გააღო, ოთახი განათდა. კაცმა შეშა სემოიტანა და ცეცხლი დაანთო.
ოთახში
სითბო დატრიალდა. გაიხარა სახლმა. ქარს მოერია. ჭუჭრუტანებიდანაც კი არ შემოუშვა.
გაყინული
ფანჯრის მინები დაიორთქლა და ნელ-ნელა წყლის წვეთები გაჩნდა. წვეთები ღაპაღუპით ცამოცურდნენ
მიწაზე.
-სახლი
ტირის!-თქვა გოგონამ
ოთახში
სიჩუმე ჩამოვარდა. მარტო ხმელი შეშა ტკაცუნობდა ბუხარში.
-რა
იყო, ანი?-შეეშინდა დედას.
-სახლი
ტირის... სიხარულისაგან ტირის...-თავისთვის
ჩურჩულებდა გოგონა.
დედას
კი ხმამაღლა უპასუხა:-არაფერი, რა უნდა იყოს.
დედა
დაწყნარდა და საქმე განაგრძო.
მერე
ადგა, ფანჯარასთან მივიდა, მინას წვეთები ცრემლებივით შეუმშრალა. სახლში თითქოს კიდევ
უფრო დათბა. გოგონა იდგა და გასცქეროდა, როგორ უერთდებოდა მათი სახლის კვამლი სხვა
სახლების საკვამურებიდან ამოსულ ბოლს, მაღლა, ძალიან მაღლა ცაში რომ უჩინარდებოდა.
სახე ღიმილმა გაუნათა და ბოლს ცასთან მისატანი სურვილი ჩაუთქვა: გთხოვ, ყოველთვის ერთად
ვიყოთ: მე, დედა, მამა, ჩვენი ძაღლი და ჩვენი
თბილი სახლი.
უკუღმა ბიჭი
ნინო სურმავა
იყო ერთი ბიჭი. სახელად დიტო ერქვა, მაგრამ ყველა უკუღმა ბიჭს ეძახდა.
ეს იმიტომ, რომ ყველაფერი უკუღმა ესმოდა.
-დიტო, მოდი ერთი წუთით!-დაუძახებდა
მამა.
მოსვლის ნაცვლად დიტო რაც შეიძლება
შორს გარბოდა.
-დიტო, ჭამე ვაშლი!- სთხოვდა ბებო.
დიტო ვაშლს პირს არ აკარებდა.
-დიტო, ხილი გაურეცხავად არ ჭამო!-
დაუძახებდა დედა.
დიტო ჭუჭყიან ხილს მაშინვე პირისკენ
გააქანებდა.
-მობრძანდით!-ეპატიჟებოდა დიტო თავის
ტოლებს.
-შემოდი!-უდარდელად ეუბნებოდა უფროსებს.
მშობლები წუხდნენ, მაგრამ ვერაფერს
რომ ვერ გახდნენ, ფეხბურთის სათამაშოდ არ გაუშვეს, არც რეალის თამაშს აყურებინეს. დიტოს
მაინც არაფერი შველოდა.
ბოლოს დედამ დიტო ნაცნობ პედიატრთან
მიიყვანა. ექიმმა ბიჭი ყურადღებით გასინჯა.
-ყველაფერი გასაგებია,-თქვა მან,-
ბავშვს უკუღმართოზია სჭირს. ასეთი ავადმყოფობისთვის წამალი ჯერ არ გამოუგონიათ. ასე
იქნება, სანამ თვითონვე არ მოინდომებს შეცვლას. შეგიძლიათ, მანამ უკუღმა ელაპარაკოთ.
ამ დღის შემდეგ დიტოს ყველა ასე ელაპარაკებოდა:
-დიტო, არ გაბედო თავის დაბანვა!
-წვნიანი არ შეჭამო!
-წიგნს ხელი არ ახლო, არ წაიკითხო!
-ღამის პირველ საათამდე არ დაიძინო!
-ახლავე დაუმალე ბებოს ჯოხი!
დიტო ბანაობდა, წვნიანს ჭამდა, წიგნს
კითხულობდა, ადრე იძინებდა, არც ბებოს ჯოხს
მალავდა.
ერთხელ ბიძია ალექსი ჩამოვიდა ესპანეთიდან.
-დიტო, ბიძიას არ მიესალმო!-გააფრთხილა
დიტო დედამ.
-რა ხდება?-გაუკვირდა ბიძას.
-ჩვენს დიტოს უკუღმართოზია სჭირს,
არ ვიცით, როდის გაუვლის,-აუხსნა ბაბუამ.
ბიძა შეწუხდა, მერე ჩემოდნიდან ორი
ლამაზი პარკი ამოიღო.
-დიტოსა და კატოს საჩუქრები ჩამოვუტანე,
-ბიჭისთვის ბურთი რონალდუს ხელმოწერით, სათამაშო ბაჭიები-გოგონასთვის... მაგრამ...
თუ დიტოს უკუღმართოზია სჭირს... საჩუქრებსაც
უკუღმა დავარიგებ,-ბურთი კატოს ჰქონდეს, სათამაშო ბაჭიები-დიტოს.
-არა, უკვე არ მჭირს უკუღმართოზია,
გამიარა!-სასწრაფოდ წამოიძახა დიტომ.
-ვითომ?-თავი გადააქნია ბიძამ,-ექიმს
ხომ არ ვკითხოთ?
-არა! არა! ექიმი რა საჭიროა, ნამდვილად
გამიარა!
-კარგი, ეს ბურთი შენი იყოს, ოღონდ
ხანდახან კატოც ათამაშე!
-რა თქმა უნდა, ვათამაშებ!-წამოიძახა
გახარებულმა დიტომ და ბურთი გულში ჩაიკრა.
ძვლები
ლელა
ქისტაური
შენ სულ მოძრაობ, დადიხარ, ხტუნავ, ცეკვავ, კოტრიალობ... რასაც
არ უნდა აკეთებდე, ყველაფერში ძვლები გეხმარება.
ადამიანს ერთმანეთთან დაკავშირებული 206 ძვალი აქვს. ყველა ძვალი
ერთად ადამიანის ჩონჩხს ქმნის.
ძვლები
კანის ქვეშაა. ამიტომ მათ პირდაპირ ვერ ხედავთ. ბევრ ძვალს შეგვიძლია ხელით შვეხოთ.
ასე შევძლებთ მათი ფორმისა და ზომის გამოცნობას.
ძვლები
თავიდან პატარა და სუსტია. მერე ისინი იზრდება და მათთან ერთად იზრდები შენც. ძვლები ადვილად რომ გაიზარდოს, მნიშვნელოვანია სწორი
კვება. აუცილებლად უნდა ჭამო წვნიანები, რძის ნაწარმი, ხილი და ბოსტნეული. განსაკუთრებით
სასარგებლოა სტაფილო და ჭარხალი. ზოგი საკვები ძვლებისთვის მავნებელია. ასეთი: ბევრი მარილი, გაზიანი სასმელები, ცხიმიანი საჭმელები...
მათ უნდა მოერიდო.
ძვლები
სხვადასხვა ზომისაა. ყველაზე პატარა ძვალი მოთავსებულია ყურის შიგნით. ყველაზე გრძელი
და მკვრივი ბარძაყის ძვლებია.
ზოგი ძვალი ჯავშანს ჰგავს. ასეთია, მაგალითად, ბრტყელი გულმკერდის
ძვალი. ის შენს გულს დაზიანებისგან იცავს. ნეკნები უფრო წვრილია. ისინი თითქოს გალიას
ქმნიან ფილტვებისთვის. ნეკნების მოსინჯვა და გადათვლა ხელითაც შესაძლებელია.
თავის ძვლებს თავის ქალა ჰქვია. თავის ქალა ტვინს მუზარადივით იცავს.
ზოგს თავის ქალას გამოსახულება აშინებს და რაღაც ავისმომასწავებლად მიიჩნევს.
მეკობრეების შესახებ ვის არ სმენია. მათ გემებზე შავი დროშა ფრიალებდა,
რომელსაც თავის ქალა ეხატა. ასეთი დროშით სხვა
გემებს აშინებდნენ.
თავის ქალას ზოგიერთ საგანს ახატავენ. ეს საფრთხის ნიშანია. მაგალითად, ნივთიერება მომწამვლელია და მას არ
უნდა მიეკარო.
ძვალი არ იღუნება. მაშ, როგორ ვხრით ხელებს, ფეხებს, თითებს? როგორ
ვიხრებით წელში? ამაში სახსრები გვეხმარება. ძვლები ერთმანეთს სწორედ სახსრებით უერთდება.ყველაზე
მეტი სახსარი ხერხემლის გასწვრივაა. ისინი გეხმარება, რომ იდგე გამართულად, გადაიხარო
სხადასხვა მიმართულებით, გადაკოტრიალდე კიდეც.
შენი ძვლები კუნთების დახმარებით მუშაობს. კუნთების გარეშე ძვლები
ზვრასაც ვერ იზამდნენ.
ძვლები მყარია, თუმცა ზოგჯერ ტყდება კიდეც. გატეხილ ნაწილებს შეუძლიათ
ისევ შეეზარდონ ერთმანეთს. ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება. გატეხილი ძვლები ერთმანეთს
რომ არ აცდეს, ზემოდან თაბაშირიან სახვევს
ახვევენ. როცა ძვალი შეხორცდება, თაბაშირს ხსნიან.
მიწაში ჩონჩხი უამრავი წლის შემდებ ნამარხად გადაიქცევა. ნამარხები
საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან უძველეს
ცხოველებზე, მაგალითად, დინოზავრებზე.
ყველა ადამიანის ჩონჩხი ერთნაირი აგებულებისაა. ცხოველებს სხვადასხვანაირი
ჩონჩხი აქვთ. ბაყაყს ჩვენზე ბევრად პატარა ჩონჩხი აქვს, სპოლოს ჩონჩხი კი ჩვენსაზე
ბევრად დიდია. თევზის ჩონჩხს ფეხების ძვალი
არა აქვს, ვეშაპის ხერხემალი კი ჰოროზონტალურია. ზოგ ცხოველს საერთოდ არა აქვს ძვლები.
ასეთებია: მედუზა, ჭიაყელა, რვაფეხა, ლოკოკინა და სხვა.
წარმოიდგინე, როგორი იქნებოდი, ძვლები რომ არ გქონდეს. როცა თამაშობ,
იზმორები ან ღეჭავ, იფიქრე შენს ძვლებზე. ისინი შენ მოძრაობაში გეხმარებიან და სხვადასხვა
დაზიანებისგან გიცავენ.
ამბავი
მევიოლინესი და პატარა ჩიტისა
გურამ პეტრიაშვილი
პატარა ქალაქში ერთი მევიოლინე ცხოვრობდა.
მოსაღამოვდებოდა თუ არა, ჩაიცვამდა ძველ ფრაკს, წაიღებდა ვიოლინოს და ქალაქის ცენტრისაკენ
გასწევდა. დადგებოდა შუა მოედანზე და დაიწყებდა დაკვრას. მუსიკის მოსასმენად რამდენიმე
მსმენელი თუ მოიყრიდა თავს. მევიოლინე წყენას მაინც არ იმჩნევდა, თვალებს დახუჭავდა და ამღერებდა თავის ვიოლინოს,
უკრავდა თავდავიწყებით. დაღამებულზე თუ გაახელდა
თვალებს, იმ თითო-ოროლა მსმენელსაც რომ ვერ დაინახავდა, ნაღვლიანად გაიღიმებდა და ფარნის
მკრთალი შუქით განათებულ ქუჩას შინისკენ ნელა გაუყვებოდა.
ყოველდღე მიდიოდა მოედანზე, კვლავ თავდავიწყებით
უკრავდა, მაგრამ მსმენელი ისევ ცოტა ჰყავდა.
მაშინ ეს იფიქრა მევიოლინემ: იქნებ ვიოლინოა ყველაფერში
დამნაშავე, წავალ, ისეთ ხეს ვიპოვი, მიგან გამოჭრილმა ინსტრუმენტმა მსმენელი გააოცოსო.
დიდხანს დაეხეტებოდა მევიოლინე ტყეებში,
მიუკაკუნებდა რომელიმე ხეს, შუბლს შეიკრავდა
და მყისვე სხვა ხეზე გადაინაცვლებდა. ასე შემოიარა ხის ძებნაში მთელი ქვეყანა.
ერთხელ პატარა ფრთამოტეხილი
ჩიტი იპოვა. ხელში აიყვანა და წყაროს წყალი აპკურა.
-რა დაგემართა?- ჰკითხა გონს მოსულ
ჩიტუნას.
_ მინდოდა ცაში ავფრენილიყავი, მაღლა,
სულ მაღლა, მაგრამ ფრთები დამეღალა და ჩამოვვარდი,-უთხრა ჩიტმა და ატირდა.
მევიოლინე გაოცდა, ჩიტი უბეში ფრთხილად
ჩაისვა.
დიდხანს უვლდა მუსიკოსი პატარა ჩიტუნას, ფრთებზე მალამოს ადებდა, თავს დასტრიალებდა,-ეუბნებოდა,
მალე გამოჯანმრთელდები, ცაში კვლავ გაფრინდებიო. საკუთარი თავი აღარ ახსოვდა, ვიოლინოც გადაავიწყდა. გამვლელებს უკვირდათ, მისი სახლიდან საკრავის ხმა
რომ არ ისმოდა.
მხოლოდ ერთ კაცს უხაროდა,-მევიოლინეს
მეზობელს. ამ კაცს თურმე ყველაზე მეტად ჭამა უყვარდა, მუსიკა კი ჭამის მადას უკარგავდა.
ბოლოს ისიც შეშინდა,-ვინ იცის, მევიოლინე ჩემი
გულის გასახეთქად რას ამზადებსო. ერთხელაც
მევიოლინეს ფანჯარაში ჩუმად შეიჭვრიტა. დაინახა,
როგორი მზრუნველობით დასტრიალებდა მუსიკოსი ჩიტს, ფრთებზე მალამოს ფრთხილად ადებდა, ჩიტი კი მადლიანი თვალებით შესცქეროდა.
ეწყინა მეზობელს, ეს ახირებული კაცი ჩიტს რომ მოარჩენს, გახარებული კვლავ ვიოლინოს ააწრიპინებს და არც დღე
მომასვენებს, არც ღამეო. დიდად არც მუსიკოსის გაბრწყინებული სახის დანახვა ესიამოვნა,-
თითქოს ნათელი გადასდის სახეზეო.
მევიოლინემ რომ დაიძინა,შეიპარა მის
სახლში, სტაცა ჩიტს ხელი და თავისთან გააქანა, გალიაში რომ ჩაეკეტა. ატირდა ჩიტი, მევიოლინე უკვე ისე უყვარდა,
უიმისოდ ცხოვრება აღარ შეეძლო.
მევიოლინეც დარდობდა. ყველგან პატარა ჩიტს დაეძებდა,
ბოლოს იმედი სულ რომ გადაიწყვიტა, სევდით გულგამძიმებულმა
თავისი ვიოლინო აახმიანა. დიდხანს უკრავდა
მევიოლინე. თვალები რომ გაახილა, დაინახა, მთელ ქალაქს მისი მუსიკის მოსასმენად მოედანზე მოეყარა თავი. საოცარი ჰანგით მოხიბლული იდგნენ
ადამიანები, მევიოლინე კი მათ აღფრთოვანებულ სახეებს უყურებდა. უცებ მიხვდა: ტყუილად
ვეძებდი საოცარ ხეს ვიოლინოსთვის, საუცხოო ჰანგებს მხოლოდ დიდი წუხილი ბადებსო.მას
შემდეგ ყოველ საღამოს უკრავდა მოედანზე და
ყოველ საღამოს სულგანაბული უსმენდა მთელი ქალაქი. შინ დაბრუნებული დიდები სულ მევიოლინეზე
და მის ჯადოსნურ მუსიკაზე საუბრობდნენ, ბავშვები კი
ათასფრად მოელვარე ვარსკვლავებს ხატავდნენ რვეულებში. გვიან ღამით ვარსკვლავები
ბავშვების რვეულებს წყდებოდნენ და ცისკენ მიფრინავდნენ. ვერავის გაეგო, ეს როგორ ხდებოდა,
-ცას ვარსკვლავები ემატებოდა, ქალაქში კი დიდ-პატარა
მევიოლინეს მელოდიებს ღიღინებდა.
მოსვენება დაეკარგა მევიოლინეს მეზობელს.
ბრაზობდა მუსიკოსზე, პატარა ჩიტზე, მთელ ქალაქზე, -დახე, ჩემმა ახირებულმა მეზობელმა როგორი სახელი მოიხვეჭაო,-შურმა
კინაღამ გადარია, ბრაზით ჩამოხმა. მუსიკასაც
ვერსად ემალებოდა. ერთხელაც გამწარებულმა კედელს
მიანარცხა გალია, ჩიტს ხელი დაავლო და ქალაქის მოედნისკენ გაიქცა. ხალხი კვლავ მევიოლინეს უსმენდა. ბოროტმა კაცმა წინ დაუგდო ჩიტი მუსიკოსს, ავად გაიცინა
და ქალაქიდან გადაიხვეწა, უგზო-უკვლოდ გადაიკარგა. კვდებოდა პატარა ჩიტი. მოედანზე ხალხი მდუმარედ იდგა. მევიოლინე მწარედ
ტიროდა...
მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა.
პატარა ქალაქის მოედანზე ახლა იმ მევიოლინეს ძეგლი დგას. ერთ მხარზე საკრავი მოუმარჯვებია,
მეორე მხარზე კი ჩიტი აზის. ამბობენ, ღამით, ცას რომ ვარსკვლავი მოწყდება, მევიოლინე
შეირხევა და ამოაკვნესებს თავის ვიოლინოს, ბრინჯაოს ჩიტი შეიფრთხიალებს და მიფრინავს
ბნელში, აიტაცებს ჩამოვარდნილ ვარსკვლავს და ცაში ამაღლდება. განთიადისას კვლავ უბრუნდება
მევიოლინეს. თურმე ამიტომაც არ აკლდება ვარსკვლავები ცას.
პიანინო
და პეპლები
გურამ პეტრიაშვილის
მიხედვით
პატარა
ბიჭუნას ოთახში პიანინო იდგა,-წითელი ხით მოპირკეთებული და კოხტა ჩუქურთმებით დამშვენებული.
პიანინოზე
საღამოობით დედა უკრავდა. ბიჭუნას ლოგინში ჩააწვენდა, ახდიდა კლავიატურის სახურავს
და დაიწყებდა დაკვრას. საბნიდან თავგამოყოფილი ბიჭუნა თვალებგაფართოებული უყურებდა
დედას და უსმენდა.
ბიჭუნას
ხშირად ეღვიძებოდა შუაღამისას და უცქეროდა პიანინოს. უყვარდა ბნელში თეთრად რომ მოჩანდა კლავიშები და
მთვარიან ღამით ზედ ფანჯარასთან მდგარი ხის
ფოთლების ჩრდილები რომ დაფარფატებდნენ.
ბიჭუნას
უნდოდა, კლავიშებს შეხებოდა, მაგრამ ვერ ბედავდა. დედა ჰკითხავდა ხოლმე, გინდა, დაკვრა
გასწავლოო? ბიჭუნა თითქოს ამ შეკითხვამ შეაშინაო, თავს უარის ნიშნად გაიქნევდა. დედა
არაფერს ეტყოდა და საღამოობით კვლავ მისთვის უკრავდა.
გაზაფხულის
ერთ დილას ბიჭუნამ რომ გაიღვიძა, დაინახა, კლავიშები აფერადებულიყვნენ, მათზე ფერად-ფერადი
პეპლები ისხდნენ. ყველა კლავიშზე თითო.
ბიჭუნა
პიანინოს მიუჯდა. აი, ერთმა პეპელამ ფრთები შეატოკა, აფრინდა, ერთ წამს ჰაერშიაფარფატდა
და ისევ კლავიშზე დაეშვა. ახლა სხვა აფრინდა, იმანაც ერთ წამს იფარფატა. შემდეგ მესამე...
ასე რიგრიგობით აფრინდებოდნენ და დაფრინდებოდნენ პეპლები. ბიჭი მიხვდა, ისინი რასაც
ეუბნებოდნენ.გაიწოდა ხელი და იმ კლავიშს დაჰკრა, საიდანაც იმ წამს პეპელა აფრინდა,
მერე მეორე პეპელა აფრინდა და ახლა იმ კლავიშს დაჰკრა თითი, მერე-მესამისას, მეოთხისას...
აფრინდებოდნენ
და დაფრინდებოდნენ პეპლები, ახლა უკვე ორ-ორი
და სამ-სამი, ბიჭუნაც მიჰყვებოდა მათ ნებას. ხმიანებდა პიანინო და საუცხოო ჰანგები
იფრქვეოდა ირგვლივ. კედელს მიყრდნობილი უსმენდა დედა. დიდხანს უკრავდა ბიჭი. შემდეგ
პეპლები თავიანთ კლავიშებზე დასხდნენ და იმანაც შეწყვიტა დაკვრა.
მას
მერე მუდამ მოფრინავდნენ პეპლები, ბიჭუნა კი უკრავდა.
იზრდებოდა
ბიჭუნა. გაზაფხულის ერთ საღამოს იგრძნო, რომ შეეძლო თვითონ მოეხმო პეპლებისთვის. მიუჯდა
პიანინოს, ხელი შეახო კლავიშებს და ფერად-ფერადი, სიფრიფანა პეპლები მართლა მოფრინდნენ.
ბიჭუნა უკვე თვითონ უკრავდა.
დრო
გადიოდა. ვაჟი გაიზარდა. ახლა თვითონ უკრავდა
საღამოობით, დაედა კი უსმენდა და სიხარულით ტიროდა. ქუჩაში ყველა გამვლელი ფანჯარასთან ჩერდებოდა და
საუცხოო ჰანგებს უსმენდა. დაამთავრებდა დაკვრას და ატყდებოდა ტაშისცემა, ვაჟს ყვავილებს
უძღვნიდნენ, ისიც მადლობას გადაიხდიდა, ყვავილებს მოაგროვებდა და დედას დიდ თაიგულს
მიართმევდა.
ვაჟი
ცნობილი პიანისტი გახდა.
ერთ
დღეს ვიღაც უცნობი კაცი მოვიდა და დიდი ქალაქის
დიდ საკონცერტო დარბაზში მიიწვია, იქ, სადაც მხოლოდ გამოჩენილ პიანისტებს იწვევდნენ.
ვაჟს გაუხარდა, მაგრამ იმან დააფიქრა, ამ სიშორეზე პიანინო როგორ წავიღოო. კაცმა გაიცინა:
-იქ
უძვირფასესი როიალი დგას, რომელსაც ყოველდღე ათი ოსტატი დასტრიალებს თავს. ამისი ხმა
იმ დარბაზში რად ევარგებაო,-მან პიანინოს სახურავი
ახადა და კლავიშებს ცალი თითით დაუკაკუნა.
ვაჟი
ჩაფიქრდა. დედას კი გული ჩასწყდა, რომ შვილმა მაშინვე არ გასცა პასუხი იმ უცხო კაცს
მათი პიანინოს დაცინვისათვის. ადგა და გავიდა ოთახიდან. ვაჟს მისი გასვა არ გაუგია.
-თანახმა
ვარ, -უთხრა კაცს.
დანიშნულ
დღეს დიდი ქალაქის დიდი საკონცერტო დარბაზი ხალხით გაჭედილიყო. ვაჟი ვეება, შვად მოელვარე
როიალს გაუბედავად მიუჯდა. ბოლოს გაბედა, თითები კლავიშებს
დაჰკრა და... პეპლებიც აფარფატდნენ. ვაჟმა შვებით ამოისუნთქა და დაკვრა განაგრძო. მსმენელებს
ძალიან მოეწონათ. ვაჟმა იმ დიდ დარბაზში კიდევ მრავალჯერ დაუკრა, მერე კი სხვა დიდ
ქალაქებში მიიწვიეს.
დადიოდა
ქალაქიდან ქალაქში. ასე მოიარა მთელი დედამიწა.
თუმცა
დედას წერილებს ხშირად უგზავნიდა, ის მაინც დარდობდა. წუხილი სულ უფრო და უფრო იპყრობდა.
ერთხელ სასტუმროს ნომერში გაიღვიძა პიანისტმა. რბილ
ლოგინში ჩაწოლილი დიდხანს ფიქრობდა. გაახსენდა დედა, მაგრამ მელოდია, რომელსაც დედა
ბავშვობისას მისთვის უკრავდა, ვერაფრით გაიხსენა.
ძალიან შეშფოთდდა და გადაწყვიტა დედისთვის მიეწერა, გამახსენე, ჩვენს პიანონოზე
რას უკრავდიო. ამ დროს რომელირაც ბანკეტზე წაიყვანეს და ეს ამბავი კიდევაც გადაავიწყდა.
საღამოს
განსაკუთრებული მონდომებით უკრავდა, რადგან იცოდა, რომ ერთ ლოჟაში მუსუკის საუკეთესოდ
მცოდნედ აღიარებული კაცი იჯდა. პეპლები კლავიშებზე დასხდნენ. კაცმაც სეწყვიტა დაკვრა.
ამ დროს იმპრესარიო მივიდა მასთან, უთხრა, მუსუკის მცოდნე გთხოვს, მისთვის კიდევ დაუკრაო.
პიანისტმა თავიდან იუარა, პეპლები უკვე დასხდნენო, მაგრამ იმპრესარიომ უთხრა:
-დიდი
ამბავი, თუ ისევ აფრინდებიან.
პიანისტი
დათანხმდა. იჯდა და პეპლებს უცქეროდა. ისინი კლავიშებზე გაუნძრევლად ისხდნენ. პიანისტმა
კლავიშებს დაჯკრა თითები, მაგრამ დაკვრა სულ
დავიწტებოდა. პეპლები აფრინდნენ, წამით ჰაერში აფარფატდნენ, მერეკი ფერად წვიმად დაცვივდნენ სცენაზე.
პიანისტს
ცრემლები წასკდა. ჩაიჩოქა, პეპლები აკრიფა და ფერადი ტაიგულივით მკერდზე მიიხუტა. მერე
პეპლები გაქრნენ. ხალხი დაღონებული წავიდა სახლსი, მარტი ის დიდი მუსიკისმცოდნე იყო
გახარებული, დიდი პიანისტის ბოლო კონცერტი ვნახეო. იმპრესარიოც წასულიყო სადღაც.
კაცი
შინ დაბრუნდა და ყველაფერი დედას უამბო. იმ დღიდან ბაღში შეუდგა მუშაობას. დილიდან
საღამომდე იქ ფუსფუსებდა. ყვავილებით აავსო ბაღი, რგავდა ახალ ნერგებს, ბარავდა, ტოხნიდა,
სხლავდა, მარგლავდა, ბილიკები გაჰყავდა. პიანინოსთან მისვლასაც ვერ ბედავდა. ვერც დედისთვის
თხოვნას ბადავდა, ის მუსიკა დაუკარი, ბავშვობისას ჩემთვის რომ უკრავდიო. პეპლები არა
და არ მოდიოდნენ. კაცი იმედს მაინც არ კარგავდა.
ამასობაში
ბაღი ყვავილნარად იქცა. კაცი ყვავილებისა და ხეების მოვლაში იქარვებდა დარდს. რა ყვავილი
არ იყო ბაღში, ხეივნები კოხტად კვეთდნენ ერთმანეთს. კაცმა ბაღს დიდი ღობე შემოავლო,
ნარგავები არავინ გამიფუჭოსო. დედა ისევ დანაღვლიანდა,
მაგრამ შვილს მაინც არაფერი უთხრა.
წლებს
ტავისი მიჰქონდა. კაცი მოხუცდა. ახლა მარტო ცხორობდა და ბაღშიც მარტო მუშაობდა.ერთხელ
ბაღიდან ხმაური გაიგონა. გარეთ გაიდა და პატარა გოგო-ბიჭი დაინახა,-დასეირნობდნენ და
ერთმანეთს სხვადასხვა ყვავილს უცვენებდნენ. მიხვდა კაცი, რა შეცდომაც დაუშვა ისე და
დედა რატომაც იყო ბოლოს დაღონებული. იმავე დღეს დაანგრევინა ღობე და ბაღი ქალაქს აჩუქა.
ხელოსნები მოიყვანა და მათ ბავშვებისთვის კარუსელები, სხვადასხვა გასართობი მოაწყობინა.
ფარნები ანათებდა ხეივნებს. მოქალაქეები ბაღში დასეირნობდნენ და ყვავილების სურნელს
სიამოვნებით იყნოსავდნენ. ბავშვები მხიარულად თამაშობდნენ... ყველგან მხიარული სეძახილები
ისმოდა, ვიღაც მღეროდაკიდეც.
ოღონდ
არ უკრავდნენ. ერიდებოდათ, მოხუცს ძველი უბედურება არ გავახსენოთო.
მაგრამ
ისე როგორ იქნება, ქალაქში ერთი ხეპრე მაინც არ გამოჩნდეს. სწორედ ასეთმა მოხუცს უთხრა:
-ერთი,
რამე დაუკარით, ჯეელობა გაიხსენეთო!
უხერხული
სიჩუმე ჩამოარდა. მოხუცი გაფითრდა. სიჩუმე უცებ ლამაზმა ჰანგებმა დაარღვია.ჰანგები
მოხუცის სახლიდან ისმოდა. ყველა იქით გაიქცა. მოხუციც მიიჩქაროდა და ცრემლი სდიოდა.
მივიდა
სახლთან. ხალხმა გაატარა. შევიდა თავის ოთახში და ნახა, რომ ის პატარა ბიჭი და გოგონა
ერთად მისხდომოდნენ პიანინოს. კლავიშებზე პეპლები ისხდნენ და ჰაერში რიგრიგობით ფარფატებდნენ.
გოგონა და ბიჭუნა თავისუფალ კლავიშებს ეხებოდნენ და გაისმოდა ჰანგები.
უსმენდა
ხალხი. მოხუციც უსმენდა და ტიროდა...
ალბათ
თვითონაც მიხვდით, ეს სწორედ ის მელოდია იყო, რომელსაც დედა შორეულ ბავშვობაში უკრავდა.
პლანეტების
აღლუმი
მზე
დიდი, კაშკაშა და ძლიერი ვარსკვლავია, რომელიც
თავის ირგვლივ ყველაფერს ანათებს და ათბობს. დროდადრო მზის სისტემის პლანეტები მის
წინ ჩამწკრივდებიან, რასაც პლანეტების აღლუმს უწოდებენ. დედამიწამაც ექვს სხვა პლანეტესთან
ერთად მწყობრად უნდა ჩაიაროს ვარსკლავის,- მზის წინ.
მზისგან სხvადასხვა მანძილით დაშორებული ცხრა პლანეტა მუდმივად
ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს თავის ორბიტაზე.
მზის
ირგვლივ ერთი სრული ბრუნის შესრულებისას ერთი სრული წელიწადი გადის. სხვადასხვა პლანეტა
მზის ირგვლივ ბრუნის გაკეთებას სხვადასხვა
დროს ანდომებს. დედამიწის წელიწადი 365 დღე-ღამეა.
პლანეტები
მზესაც უვლიან გარს და თანაც თავიანთი ღერძის გარშემოც ტრიალებენ.
პლანეტის ის მხარე, რომელსაც იგი მზისკენ მიაქცევს, ნათდება და აისი დგება, როცა ეს
მხარე მზისგან თვალს მიეფარება, იქ სიბნელე ისადგურებს, ღამდება. საკუთარი ღერძის გარშემო
ერთი სრული ბრუნის გაკეთებისას პლანეტაზე ერთი დღე-ღამე გადის.
აღმოჩნდა,
რომ დედამიწა პლანეტებს შორის ყველაზე „კეკლუცია“. სანამ მზეს გარშემოუვლის, იგი 365-ჯერ შემოტრიალდება
საკუთარი ღერძის გარშემო. სიკეკლუცეში შემდეგია მარსი: 360- ჯერ მოტრიალდება ღერძის გარშემო. მერკური ერთ წელიწადში
მხოლოდ ერთ სრულ ბრუნს აკეთებს, ვენერაზე კი მზე
სამ წელიწადში მხოლოდ ორჯერ ამოდის.
მზესა
და მის პლანეტებს შორის უწყვეტი კავშირი აღლუმის დროს განსაკუთრებით წარმოჩინდება.
პლანეტები თავიანთ ორბიტაზე ერთ ხაზზე განლაგდებიან
და ერთიანად გაიბრწყინებენ. ამ დროს დედამიწაზე მეცნიერები ცდილობენ უკეთ შეისწავლონ ეს პლანეტები.
მზის
სისტემის ცხრა პლანეტიდან აღლუმში მხოლოდ შვიდი მონაწილეობს. ორ მონაწილეს, მერკურსა და ვენერას „ქვედა პლანეტებს“ ვუწოდებთ,
რადგან დედამიწიდან ქვემოთ, მზესთან ახლოს მოძრაობენ. სატურნი და ურანი „ზედა
პლანეტებია“. ისინი დედამიწის „ზემოთ“, მზისგან
უფრო შორს არიან.
მზესთან
ყველაზე ახლოს მერკურია, - ვერცხლისფერი პლანეტა. იგი ძალიან სწრაფად მოძრაობს, ამიტომაც
რომაელებმა „მესენჯერი“, ანუ „მალემსრბოლი“, „მსტოვარი“ შეარქვეს. მერკურის ზედაპირი ძალიან ცხელია,
მის წიაღში დიდი რაოდენობითაა რკინა.
მზისგან
რიგით მეორე პლანეტაა ვენერა., მესამე კი დედამიწა. ვენერა სიკაშკაშით მხოლოდ მზეს
ჩამოუვარდება. ამიტომაც შეარქვეს რომაელებმა სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სახელი.
იგი ძალიან ჰგავს დედამიწას. მათ თითქმის ერთნაირი ზომა, წონა და ქიმიური შედგენილობა
აქვთ. დედამიწასავით მუდმივი თანამგზავრი-
მთვარე ვენერას არა ჰყავს.
მზიდან
რიგით მეოთხეა მარსი. მას ორი მთვარე აქვს: ფობოსი და დეიმოსი. მარსი უხვადაა დაფარული რკინის
ნაერთებით, ე. წ. დაჟანგული რკინით. ამის გამო ეს პლანეტა დედამიწიდან წითლად მოჩანს
და „წითელ პლანეტასაც“ ვუწოდებთ. დედამიწის კოსმოსურმა ხომალდებმა მარსზე წყლის კვალსაც
მიაგნეს. აღლუმზე მეცნიერები ამ პლანეტას დდი
ყურადღებით უნდა დააკვირდნენ. შეიძლება მასზე
სიცოცხლისთვის საჭირო სხვა პირობებიც აღმოჩნდეს.
იუპიტერი
გიგანტური პლანეტაა. იგი მყარი სხეული არ არის. შედგება სითხისა და გაზებისაგან. მზის
სისტემაში იუპიტერი ყველაზე დიდი ციური სხეულია, ისეთი, რომ 1300 დედამიწასაც კი დაიტევს.
ამ პლანეტის სხვადასხვა ფენა განუწყვეტლივ მოძრაობს, რაც მასზე ქარიშხლებს იწვევს.
მას „ფერადი ქარიშხლების“ პლანეტას უწოდებენ. იუპიტერის ირგლივ 50 მთვარე
მოძრაობს.
პლანეტა
სატურნიც გაზის გიგანტური სხეულია, თუმცა იუპიტერს ზომით ჩამოუვარდება. მას ირგვლივ არტყია
ყინულის ნაწილაკებისგან შემდგარი კაშკაშა რგოლები. სატურნის ორი მთვარიდან ერთ-ერთი
სწორედ ამ რგოლებშია მოქცეული.
პლანეტა
ურანს ადრე „სამოთხეს“, ღმერთების დაბადების
ადგილს უწოდებდნენ. მას ისეთივე შემადგენლობა აქვს, როგორც დედამიწას. დედამიწიდან
გაგზავნილმა ხომალდმა ურანზე ყინულის ნიშნებიც კი აღმოაჩინა. პლანეტა შორიდან მთლიანად
ლურჯი ჩანს. მას 27 მთვარე ჰყავს.
პლანეტების
ბოლო აღლუმი 2012 წელს იყო. მზის წინ ვერცხლისფერი ცეცხლი აინთო. ეს იყო მერკური. შემდეგ
ვენერა და მარსი აკაშკაშდნენ. როცა მზეს იუპიტერი
გაუსწორდა, მოულოდნელად რგოლები აბრდღვიალდა. თურმე რგოლები იუპიტერსაც ჰქონია, ოღონდ
სატურნისაზე გაცილებით პატარა და თანაც გაზისა.
პლანეტის ეს საიდუმლო მხოლოდ აღლუმზე მჟღავნდება. ამ დროს იუპიტერის ქარიშხლიანი
ზოლები უფრო ფერადდება და ბრდღვიალებს. მალე დიდებული სატურნიც გამოჩნდა. მისი ოქროსფერი
დისკოთი დედამიწა შეუიარაღებელი თვალითაც კი ტკბება. დისკოს ირგვლივ გაზის რგოლები
თეთრად კაშკაშებს. სულ ბოლოს გამოჩნდა ურანი. როცა აღლუმზე გამოდის, მუდამ ლურჯი ურანი
მწვანე ფერებით ჭრელდება. ზეცა პლანეტებს მეტეორების ულამაზესი ფეიერვერკით ეგებება.
დედამიწამ
მომართა თავისი ტელესკოპები და პლანეტებზე
დაკვირვებაც დაიწყო. პლანეტებიც განსაკუთრებით ცდილობენ მისი გულის მოგებას. სურთ,
დედამიწამ დაინახოს, რომ სიცოცხლის გაგრძელება მათთანაც შესაძლებელია, დიდხანს მარტო
ყოფნა არავის უყვარს.
რატომ
იცვლის ცა ფერს?
დედამიწას,
როგორც პლანეტების უმეტესობას, გარშემო ატმოსფერო აკრავს. დედამიწის ატმოსფეროს ჰქვია
ჰაერი. ჰაერში მრავალი სახის შორის ყველაზე
დიდი შემცველობითაა ჟანგბადისა და წყალბადის აირის მოლეკულები. რომ არა ჰაერის ასეთი
შემადგენლობა, დედამიწაზე სიცოცხლე ვერ გაჩნდებოდა. ადამიანები და ცხოველები ატმოსფეროდან
ჩაისუნთქავენ ჟანგბადს, მცენარეები კი პირიქით, ამ ჟანგბადს გამოყოფენ.
ჰაერში
სხვა, უფრო დიდი ზომის ნაწილაკებიც ბევრია: მტვერი, წყლის მოლეკულები, მძიმე ლითონები,
ცოცხალი მიკრობები და ბაქტერიები, ტოქსინები და სხვა. ირკვევა, რომ ცის ფერებისა და
მათი მონაცვლეობის მიზეზი სწორედ ატმოსფეროს არსებობა და მისი შემადგენლობაა.
ფერები
სინათლის გავრცელების შედეგად მიიღება. მზე უწყვეტად აფრქეს სინათლის სხივებს ყველა მიმართულებით. სხივების
ნაწილი დედამიწისკენ მიდის. სანამ დედამიწის ზედაპირს დაეცემა, მზის სხივები ატმოსფეროში
შემოიჭრება და მის ნაწილაკებს ეჯახება. რა ხდება ამ დროს?
სინათლის
თეთრი სხივი ატმოსფეროში შეიჭრება და მასში არსებულ ნაწილაკებს ეჯახება. ის ნაწილობრივ
შთაინთქმება ნაწილაკების მიერ, ნაწილობრივ კი აირეკლება და სახვადასხვა მიმართულებით
მიმოიფანტება. ამ მოვლენას სინათლის გაბნევას უწოდებენ. სინათლის გაბნეული ნაწილი სხვადასხვა
ფერისაა.
ატმოსფეროში
შემოსვლისას ნაწილაკებს რომ არ ეჯახებოდეს და განიბნეოდეს, მზის სხივები ცას თეთრად
გაანათებდა. ასეა მაგალითად, მთვარეზე, სადაც
ატმოსფერო არ არის.
დღისით,
დარში ცა ლირჯად მოჩანს, რატომაა ცა მაინცდამაინც ცისფერი?
ფერი
სინათლის ერთ-ერთი მახასიათებელია. მზის სინათლე სინამდვილეში თეთრია. უცნაურია, მაგრამ იგი, მავე დროს, სხვა ფერებსაც
შეიცავს. გამოყოფენ შვიდ ძირითად ფერს: წითელი,
ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. ამ ფერების ხილვა ჩვენ
ცისარტყელაზე შეგვიძლია. სინათლის წყაროდან წამოსული სხივები ეცემა ამა თუ იმ საგანს,
ნაწილი შთაინთქმება, ნაწილი კი აირეკლება. ადამიანის თვალი მხოლოდ იმ ფერს აღიქვამს,
რომელსაც საგანი აირეკლავს. მაგ: მზიდან წამოსული სხივები ვაშლს ეცემა. მართალია, ჩვენ
ვერ ვხედავთ, მაგრამ ეს სხივები ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფერს შეიცავს.
წითელი
ვაშლის ზედაპირი შთანთქავს ყველა ფერის სხივს, გარდა წითლისა, წითელს კი აირეკლავს.
სწორედ ეს წითელი სხივები დაეცემა ადამიანის თვალის ზედაპირს.
თვალი
მიიღებს ვაშლის ზედაპირიდან არეკლილ წითელ სხივებს და ამ ინფორმაციას უგზავნის ტავის
ტვინს. ტვინი კი ამ ფერს წითლად აღიქვამს.
მასასადამე,
ადამიანის თვალი წითელ ვაშლს იმიტომ აღიქვამს წითლად, რომ ეს ვაშლი სინათლის მხოლოდ
წითელ ნაწილს აირეკლავს. შესაბამისად, ყვითელი ვაშლი აირეკლავს მხოლოდ ყვითელ ნაწილს,
მწვანე-მხოლოდ მწვანეს და ა. შ.
პირველად
სინათლის წყაროს შვიდფერიანი შემადგენლობა ისააკ ნიუტონმა აღმოაჩინა. მან ივარაუდა,
რომ სინათლე ნაწილაკებისგან შედგება.
1660
წელს რობერტ ჰუკმა დაადგინა, რომ სინათლეს მასა არა აქვს და არც ნაწილაკებისაგან შედგება.
ჰუკმა თქვა, რომ სინათლე ტალღაა. 1845 წელს კი ფარადეიმ სინათლის ტალღის ელექტრომაგნიტური
ბუნება დაადასტურა. დღეს მეცნიერების მიერ აღიარებულია, რომ სინათლე არის ელექტრომაგნიტური
ტალრა, რომელსაც მასა არა აქვს. ის კოსმოსში მუდმივი სიჩქარით ვრცელდება, რომელიც დაახლოებით
300 000 კმ-ის ტოლია წამში.
რატომ
არის ცა ლურჯი? აღმოჩნდა, რომ ატმოსფეროს ნაწილაკები ყველაზე მეტად ლურჯ, ცისფერ და
იისფერ სხივებს აირეკლავს. წითელ, ნარინჯისფერ,
ყვითელ და მწვანე ფერებს კი შთანთქავს. ადამიანის თვალი ამ სამ ფერს შორის ყველაზე
უკეთ ლურჯსა და ცისფერს აღიქვამს. სწორედ ამიტომ ვხედავთ ცას ლურჯად.
რატომ
შეიცავს დაისის ცა უფრო მეტ კაშკაშა ფერს, ვიდრე აისი? ეს იმიტომ ხდება, რომ დღის განმავლობაში ცხოველებსა
და ადამიანებს ღვიძავთ. ისინი აფრქვევენ მეტ მტვერსა და კანის ნაწილაკებს, რომლებიც
სინათლეს აირეკლავს. ეს ანარეკლები მეტად განაბნევს სხივებს და მეტ სიკაშკაშეს ანიჭებს
ცას დაისის დროს, ვიდრე აისის დროს.
აისისა
და დაისის ფერები დიდ ქალაქებში უფრო მკვეთრად მოჩანს, ვიდრე სოფელში. ეს იმიტომ, რომ
ჰაერი ქალაქში უფრო დაბინძურებულია. დაბინძურებულ ჰაერში მეტი განსხვავებული ნაწილაკია,
რომელიც კიდევ უფრო მეტად მიმოფანტავს არეკლილ სხივებს. ფაქტია, რომ ყველაზე ლამაზი
დაისის ხილვა ყველაზე დაბინძურებულ გარემოშია შესაძლებელი.
ძველად
ეგონათ, ხომ ადამიანები თვალიდან გამოსული ნაწილაკებით ხედავდნენ. არაბმა მეცნიერმა
ალ-ჰაზენმა საპირისპირო მოსაზრება გამოთქვა. იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო გამოკეტილი
ბნელ დილეგში. როცა ციხიდან გამოვიდა და მზის სინათლე დაინახა, თვალების ძლიერი ტკივილი
იგრძნო. აქედან მან დაასკვნა, რომ სინათლე შედიოდა თვალში და არა პირიქით. ალ-ჰაზენმა
ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ სინათლე სინათლის წყაროდან ეცემა საგნებს, საგნებიდან
აირეკლება და სწორედ არეკლილი სინათლე შემოდის თვალში. ამ მეცნიერის შრომებმა მნიშვნელოვანი
როლო შეასრულა სინათლის გავრცელების შესწავლაში.
მაშსადამე,
ცის საოცარ ფერებს მზის სხივებისა და ატმოსფეროს ნაწილაკების ერთმანეთთან შეთამაშებას
უნდა ვუმადლოდეთ.
გულადი
მებრძოლი
ერთ
მშვენიერ საღამოს, ვახშმობისას, სანდროს მშობლებმა გამოუცხადეს, რომ ერთი წლით ზემო
რაჭაში გადადიოდნენ საცხოვრებლად. ოჯახი ბაბუას უნდა დახმარებოდა ახლადგახსნილი სასტუმროს
ამუშავებაში.
სანდროს
ძალიან უყვარდა თბილისი, ამიტომ ეს ამბავი არ გახარებია. არც ის ესიამოვნა, რომ მამამ
ძაღლის ყოლა აიხირა, სანდროს ძაღლებისა ეშინოდა. შვიდი წლისას ერთმა ძაღლმა უკბინა,
მას შემდეგ ძაღლებს ერიდებიდა.
ერთხელაც,
როცა უკვე რაჭაში იყვნენ, მამამ მანქანის კარი გამოაღო. მანქანიდან ციმბირული ესკიმოსი-ჰასკი
გამოხტა. სანდრო ძაღლის ყინულივით ცივ თვალებს
ამრეზილი უყურებდა. რამდენიმე კვირა გავიდა, ის კი შიშისაგან ვეღარ ეკარებოდა. ჰასკს
ჯერ სახელიც არ ჰქონდა.
-კარგად
გაიცანი და სახელი შემდეგ შეურჩიე,-უთხრა მამამ. -ჯერ დაამტკიცოს , რომ შეუძლია შენთან
მეგობრობა. ნუ გეშინია, ძაღლი არ შემოგიტევს, თუკი სწორად მოექცევი. ხედავ? გიღიმის და კუდსაც აქიცინებს.
მეორე
დღეს სისხამ დილით სანდრო და მამა ძაღლთან ერთად სათევზაოდ გაეშურნენ. გამჭვირვალე
ჰაერში ფიჭვის სუნი ტრიალებდა. როცა რიონს მიუახლოვდნენ, ძაღლი წყალში ჩახტა და თათებით
შეუდგა თევზის დაჭერას.
თევზაობა
ახალი დაწყებული ჰქონდათ, როცა მდინარის მეორე მხარე, პატარა მდელოზე დათვების ჯგუფი
სათევზაოდ გამოვიდა. ისე გაერთნენ თევზაობით, გარშემო ვერაფერს ამცნევდნენ. ძაღლი ფხიზლად
იყო, დათვებს ეჭვით უყურებდა. თითქოს მზად იყო თავდასხმისთვის, თუკი დათვები მდინარის
გადმოლახვასა გადაწყვეტდნენ. ასე არ მოხდა, დათვებმა ითევზავეს და ტყეში შებრუნდნენ.
თევზაობის
შემდეგ მამა და სანდრომ კოცონი გააჩაღეს, თევზი შეწვეს და გემრიელად მიირთვეს. უეცრად
საღამოს მყუდროება ძაღლის ხავილნარევმა ყეფამ გააყრუა. ტყიდან უზარმაზარი ყავისფერი
დათვი გამობაჯბაჯდა, პირდაპირ მათკენ გამოეშურა.
-ეტყობა,
თევზის სუნი იყნოსა,-ჩაიჩურჩულა მამამ, თან სამგზავრო ტომარაში იქექებოდა.
დათვი
უკვე უახლოვდებოდა კოცონს, რომლის უკან ორი ადამიანი მიყუჟულიყო. ძაღლი გააფრთებით
ყეფდა. უცებ ისკუპა და სწრაფი ნახტომით დაესხა ნადირს თავს.
ძაღლმა
თავისი ბასრი კბილები დათვს წინა თათში ჩაასო. დათვი უკანა თათებზე შედგა და დაიღრიალა.
მერე ტორი ასწია და მაგრად მოიქნია. ბასრმა ბრჭყალებმა მათვარის შუქზე გაიბრწყინა.
ძაღლი მიწაზე გაგორდა.
ამასობაში
სანდროს მამამ თოფი გადატენა. გასროლის ექო მთელ ტყეში გაისმა. შეშინებული დათვი სწრაფად
გაძუნძულდა ტყისკენ. სანდროს მამა შემართული თოფით ხელში ფეხზე წამოდგა.
-სანდრო,
კარგად ხარ?-ჰკითხა შვილს,-გამაფრთხილებელი გასროლა საკმარისია ხოლმე დათვის შესაშინებლად.
ვერც ვიფიქრებდი, ასეთი საფრთხე თუ გველოდა. ძაღლმა გვიხსნა...
ძაღლი
აშკარად ცუდად იყო. მიწაზე უძრავად იწვა. მამამ ჭრილობები გაუსინჯა.
-მძიმედაა
დაჭრილი, ქვემოთ, მდინარესთან საავადმყოფოა.
იქნებ, დაგვეხმარონ,-მამამ ძაღლი ხელში აიყვანა და მანქანისკენ წავიდა. ბიჭი ძაღლის დაწვენაში დაეხმარა. მერე ჰასკს გვერდით მიუჯდა.
მამას
აჩქარებით მიჰყავდა მანქანა. სანდრომ ძაღლს თავზე დაადო ხელი. გული სიბრალულითა და
მადლიერებით ჰქონდა სავსე. თვალწინ სულ ის უტრიალებდა, თუ როგორ იხსნა ისინი ძაღლმა.
ვეტერინარმა
ძაღლი გასინჯა და ჭრილობების დამუშავებას შეუდგა.
-როგორ
ფიქრობთ, მოკვდება?-შეშინებული ხმით ჰკითხა სანდრომ.
-არ
მოკვდება,-გაუღიმა ექიმმა,- რამდენიმე ნაკერს დავადებ, ანტიბიოტიკი კი გამოაჯანმრთელებს.
ამას გარკვეული დრო და მოვლა დასჭირდება. ჰო, მართლა, რა ჰქვია?
-გულადი!-წამოიძახა
სანდრომ.
-გულადი,-გაიმეორა
ექიმმა,-ეს სახელი მართლა ძალიან შეეფერება ძაღლს, რომელიც დათვს შეებრძოლა პატრონის
გადასარჩენად.
-იგი
ჩემი ძაღლია!- ამაყად თქვა სანდრომ,-კიდევაც გადარჩება და კარგადაც იქნება. მე მოვუვლი.
სახლისკენ
მიმავალ გზაზე გულადი კვლავ უკანა სავარძელზე იწვა, წამლებისგან იყო დასუსტებული, თავი
სანდროს მუხლებზე ედო. დროდადრო ბიჭს მადლიერი
მზერით ახედავდა. ეს თვალები ზაფხულის ცასავით თბილი იყო.
-კარგი
სახელი დაარქვი!- უთხრა მამამ,-ამ სახელს ნამდვილად იმსახურებს.
-ჩვენს
გამო დათვს შეებრძოლა,- უთხრა სანდრომ,-ამიერიდან მისი აღარასოდეს შემეშინდება.
ძაღლის ყნოსვა
ძაღლი კომუნიკაციისთვის ყნოსვის უნარს იყენებს. მისი ყნოსვა ადამიანისაზე
გაცილებით ძლიერია. ძაღლს შეუძლია იგრძნოს ისეთი სუნი, რომელსაც ჩვენ საერთოდ ვერ აღვიქვამთ.
მას მრავალ სხვა სუნთან შერეული ძალიან სუსტი სუნის აღქმაც კი შეუძლია. სუნის გამოცნობის
უნარით ძაღლი სპეციალურ ხელსაწყოებსაც კი სჯობნის. სწორედ ამიტომ იყენებენძაღლებს ნარკოტიკების,
გაჟონილი გაზის და ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოსაჩენად. ასევე, უკაცრიელ ადგილებში დაკარგული და ზვავში მოყოლილი
ადამიანების აღმოსაჩენად.
რატომ არიან ძაღლები „საუკეთესო მყნოსველები“? ამას მათი ანატომიური თავისებურება განაპირობებს. ყნოსვა
იწყება ცხვირის შიგნითა გარსის ეპითილიუმში. მისი ზედაპირი ძაღლებში დაახლოებით
170 სმ, კვ-ია, მაშინ, როდესაც ადამიანებში
ეს არის 10 სმ, კვ. ძაღლს სხვა უპირატესობაც
აქვს: მისი ცხვირი მუდამ სველია. მიაჩნიათ, რომ ეს სველი ცხვირი წებოვანი ქაღალდივით
მოქმედებს. ის ანტენებივითაა. როცა ძაღლი თავს ასწევს და ცხვირს ენერგიულად აბრუნებს
აქეთ-იქით, ცდილობს გაიგოს, საიდან მოდის სუნი. ამ დროს იგი ჩვეულებრივი სუნთქვიდან
ყნოსვაზე გადადის. ეს ყველაფერი ძაღლს ანიჭებს ისეთი სუნების შეგრძნებისა და გარჩევის
უნარს, რომლის არსებობა ადამიანისათვის საერთოდ არ არის ცნობილი.
თქვენი ძაღლი კარგად იცნობს თქვენს სუნს. ამ სუნს იგი თავის მეხსიერებაში
ინახას ყველა სხვა სუნთან ერთად, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია. ზოგ ადამიანს ძაღლი სიყვარულით
იმახსოვრებს, ზოგს-შიშითა და ზიზღით. ამ ადამიანთან შეხვედრისთანავე მისი ყნოსვითი
მეხსიერება ამუშავდება.
სუნის მიხედვით ძაღლს ბევრი რამის გამოცნობა შეუძლია ჩვენი განწყობის შესახებ.
ადამიანის „სიხარულის ცრემლები“ „მწუხარების
ცრემლებისაგან“ განსხვავებულ ქიმიურ ნივთიერებებს
შეიცავს. ძაღლები ხვდებიან, პატრონს ხელი უნდა
აულოკონ თუ გაერიდონ, სანამ ისინი დამშვიდდებიან.
არის ისეთი სურნელიც, რომელიც ძაღლს უკან დაახევინებს. მაგალითად, ციტრუსის
სურნელი,-ლიმონის, ლაიმის, ფორთოხლის...ასევე, ძაღლებს არ უყვართ წითელი წიწაკის სუნი.
ზოგიერთ ქვეყანაში ციტრუსს ძაღლების მოსაგერიებელი დეზოდორების დასამზადებლად იყენებენ.
სატელიტები (შეადგინა ლელა ქისტაურმა)
ძველ რომში სატელიტებს პირად მცველებს
უწოდებდნენ, პოლიტიკურ ლიტერატურაში კი ეს
ტერმინი იმ სახელმწიფოების აღსანიშნავად იხმარება,რომლებიც
ფორმალურად დამოუკიდებლები არან, ფაქტობრივად კი სხვა, უფრო ძლიერ სახელმწიფოს ემორჩილებიან.
ეს ტერმინი ყველაზე ხშირად მაინც პლანეტის ხელოვნური თანამგზავრის მნიშვნელობით გამოიყენება.
სატელიტი-ესაა კოსმოსური აპარატი,
რომელიც მოძრაობს დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე.ხშირად მას დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრსაც
უწოდებენ.ამ აპარატებს დედამიწიდან სხვადასხვა სიმაღლეზე ალაგებენ. სატელიტს დედამიწის
მიზიდულობის ძალა ანუ გრავიტაცია იჭერს. გრავიტაცია რომ „გამოირთოს“,
სატელიტი ინერციით კვლავ გააგრძელებდა წრფივ მოძრაობას და დედამიწას დაშორდებოდა.
მეორე მხრივ, სატელიტი რომ გაჩერდეს და გრავიტაცია ისევ „ჩაირთოს,“ აპარატი დედამიწას
დაეცემოდა. გრავიტაცია, რომელიც ქვემოთ ექაჩება და
საკუთარი სიჩქარე, რომელიც სატელიტს დდამიწიდან გარეთ უბიძგებს, ერთმანეთს აბალანსებს.
თანამგზავრის კოსმოსში გაშვებამდე მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაცემი
ზუსტად შემოწმდეს.მცირე უზუსტობასაც კი შეუძლია კრახით დაასრულოს სატელიტის მისია.
ხელისშემშლელი გარეგანი ფაქტორებიც არსებობს, მაგ: მზისგან გამოტყორცნილი სხვადასხვა
ტიპის ნაკადი, ენერგეტიკული ნაწილაკები და სხვა.
ხელოვნური თანამგზავრების ორბიტაზე განთავსება ხორციელდება რაკეტა-მატარებლის საშუალებით. მრავალსაფეხურიან რაკეტას,
რომელშიც თანამგზავრია მოთავსებული, ატმოსფეროში ვერტიკალური მიმართულებით უშვებენ.
მოძრაობისას რაკეტას თანდათან უნდა ჩამოშორდეს რამდენიმე საფეხური, ხოლო უკანასკნელმა
საფეხურმა მას მიანიჭოს „ელიფსური სიჩქარე“- არანაკლებ წამში 8 კმ-ისა. ამის შემდეგ
აფეთქების ძალა თანამგზავრს წინ გაისვრის რაკეტა-მატარებლიდან და ამ მომენტიდან იგი დამოუკიდებლად მოძრავი სხეული
გახდება.
ამ მოქმედებების შესასრულებლად რაკეტაში მოთავსებულია მაპროგრამებელი ავტომატური სისტემა.
მცირედი შეცდომაც კი რაკეტის მარცხს იწვევს.
ხელოვნური თანამგზავრები დანიშნულების
მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ისინი შეიძლება იყოს სამხედრო ან სამოქალაქო, საკომუნიკაციო,
სანავიგაციო, ამინდისა და სხვა კვლევებისთვის განკუთვნილი.
ასტრონომიული სატელიტები გამოიყენება
შორეული პლანეტების, გალაქტიკების კვლევისათვის. მათი წყალობით მნიშვნელოვნად გაიზარდა
ჩვენი ცოდნა კოსმოსის შესახებ. დღეს მრავალი თანამგზავრია გაშვებული კოსმოსის საკვლევად.
ისინი საკუთარი დეკვირვების შედეგებს გადმოსცემენ დედამიწაზე.
ბიოსატელიტები გამოიყენება კოსმოსში
ცოცხალი ორგანიზმების გადასაყვანად მეცნიერული კვლევისათვის. პირველი ბიოსატელიტების
მიზანი იყო რადიაციისა და უწონობის ეფექტების შესწავლა ცოცხალ ორგანიზმებზე. მათ გადაჰყავდათ
ბუზი, ბაყაყის კვერცხები, ბაქტერიები და ხორბლის ნერგები, შემდეგმა ბიოსატელიტმა კოსმოსში
მაიმუნი, სახელად ბონი, გაიყვანა. ეს მისია 9 დღეში დასრულდა, მაიმუნის ჯანმრთელობის
გაუარესების გამო, მაგრამ ის მაინც მნიშვნელოვანი იყო შემდგომი ექსაპერიმენტებისთვის.
საკომუნიკაციო სატელიტები ტელეკომუნიკაციებით
უზრუნველგვყოფენ. მათი შექმნის იდეა დაებადა არტურ კლარკს. პირველი ასეთი თანამგზავრი
1958 წელს გაუშვეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
თანამედროვე სატელიტებიდან პირველი იყო ტელსტარი, რომელიც განკუთვნილი იყო სატელეფონო
და მაღალი სიჩქარის მონაცემთა გადაცემისთვის. საკომუნიკაციო სატელიტებმა დიდი როლი
შეასრულეს სამაუწყებლო სატელევიზიო ქსელების გავრცელებაში და შესაძლებელი გახადეს მობილური
ტელეფონებით სარგებლობა.
სანავიგაციო სატელიტები გამოიყენება
გზის გასაკვლევად, ადგილმდებარეობის დასადგენად.
ანტისატელიტები ხელოვნური თანამგზავრების
ის სახეობაა, რომელიც სამხედრო მიზნებისთვის, მტრის სატელიტების გასანადგურებლადაა შექმნილი.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური მრავალმიზნობრივი
კოსმოსური ლაბორატორიაა, -იგივე დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი, ოღონდ ყველაზე დიდი
ზომის. სადგური დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრაობს და მისი დანახვა შესაძლებელია შეუიარაღებელი
თვალითაც. კოსმოსური სადგურის შექმნაში 16 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. დღეს მასზე
3 ასტრონავტი ცხოვრობს, რომლებიც მეცნიერულ დაკვირვებებს აწარმოებენ და ექსპერიმენტებს
ატარებენ. მათი ცხოვრებისთვის სადგურზე ყველა პირობაა შექმნილი. მომდევნო წლებში სადგური
გაფართოებას გეგმავს.
სატელიტების არსებობა აუცილებელია,
მაგრამ ისინი გარკვეულ საფრთხესაც უქმნიან
ჩვენს პლანეტას. დედამიწის ორბიტაზე 8300-ზე
მეტი თანამგზავრია, აქედან 3000 უკვე უფუნქციო. დედამიწის ორბიტის გზები უკვე გადაიტვირთა,
ამდენად გაიზარდა მოსალოდნელი ავარიების ალბათობაც. არის შემთხვევები, როცა მეცნიერები
დიდ სიმაღლეზევე ანადგურებენ მწყობრიდან გამოსულ
სატელიტს, ეს კი ორბიტას ანაგვიანებს. დღეისთვის ორბიტაზე დაახლოებით 18000 ნამსხვრევია, თითოეულის
დიამეტრი 10 სმ-ზე მეტია. ორბიტაზე დატოვებულ ობიექტთაგან ყველაზე საშიშია 32 ბირთვული
რეაქტორი.
სამომავლოდ, შესაძლებელი გახდება ორბიტის სისუფთავის დაცვაზე
ზრუნვა, ეს აუცილებელია და უთუოდ მოხდება მეცნიერების განვითარების კვალდაკვალ.
სახლები
ლელა ქისტაური
მსოფლოს სხვადასხვა კუთხეში დარჩენილი
ადამიანები არა მარტო გარეგნობით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ,არამედ სხვადასხვანაირია საცხოვრებელი გარემოც. მრავალფეროვანია სახლები,
სადაც ისინი ცხოვრობენ. ყველანაირ სახლს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს, თოთოეულს
თავისი საკუთარი სახელი ჰქვია.
იგლუ კანადელი ესკიმოსების ზამთრის
საცხოვრებელი სახლია, რომელიც თოვლისა და ყინულისაგან და თოვლისგან მზადდება.იგი მომრგვალებული
ერთოთახიანი საცხოვრებელია. იგლუ ორი ნაწილისაგან შედგება: აქვს დერეფანი და მთავარი
ოთახი. იგლუს ასასენებლად კარგად გამაგრებულ თოვლს ბლოკებად ჭრიან, ამ ბლოკებთან ერთად
ზოგჯერ ყინულსაც იყენებენ. ჭერში პატარა ხვრელს ტოვებენ გასანიავებლად, დასათბუნებლად
კი ცხოველების ტყავს იყენებენ. ქოხის გასათბობად -ცხოველთა ქონს.
შალე შვეიცარული სახლია. ის
ერთ ან ორსართულიანია და წვეტიანი სახურავი აქვს. შვეიცარიაში მარალი მთებია და ზამტრობით
დიდი თოვლი მოდის, ამიტომ სახლებს იქ ძალიან დაქანებული სახურავი უნდა ჰქონდეს. სხვენში
შალეს ოთახები აქვს და ხშირად ხის აივანი ამშვენებს.
აზიის ტრამალებში ადამიანები მომთაბარე
ცხოვრებას ეწევიან, უკეთესი საძოვრების ძიების გამო ხშირად მოგზაურობენ და საცხოვრებელიც
თან მიაქვთ. მათ სახლს იურთი ჰქვია.
იურთი ასაწყობი კარავია. ის ხისგან
და ხალიჩებისგან კეთდება.აქვს წრიული ფორმა, სახურავი კი გუმბათივით მომრგვალებული
ან წაკვეთილი გუმბათის ფორმის. იურთის ასაშენებლად ჯერ ხის ბადეს ამზადებენ, სახლის
ფორმას აძლევენ, შემდეგ ხალიჩებით ფარავენ, სახურავს ქეჩას აფარებენ, წვიმა რომ არ
ჩავიდეს. იურთს აქვს რამდენიმე ოთახი, ერთმანეთისგან ხალიჩებით გამოყოფილი. კარავს
კოცონით ათბობენ. კვამლი სახურავში დატანებული
ხვრელიდან გადის.
ჩინური სამპანი დიდი მცურავი ნავი-სახლია. ის ჩვეულებრივი ერთსართულიანი სახლია.აშენებულია
ხისგან ან თუნუქისაგან. აქვს სახურავი, კედლები, ოთახები, სახურავი.
სამპანზე ხშირად მცენარეებს ახარებენ
და შინაური ცხოველებიც ჰყავთ.
ინდიელები ძირითადად მომთაბარე ცხოვრებას
მისდევენ და ამიტომ კარვებში ცხოვრობენ. კარავს ცხოველის ტყავების, ხის ან ბალახისგან
აგებენ და კონუსის ფორმას აძლევენ.კარავს კედლები და სახურავები ნახატებით აქვს შემკული.
ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ინდიელებისაკუთარ
სახლს „ვიგვამს“ ეძახიან, რაც მათ ენაზე სახლს, საცხოვრებელს ნიშნავს. ასეთი სახლები
კოლონიზატორებს იმდენად ხშირად ხვდებოდათ, რომ მათ აქ მცხოვრებ ხალხს „ვიგვამის ტომი“
შეარქვეს.
აფრიკელი ბუშმენები თავიანთ საცხოვრებლებს სწრაფად აშენებენ. ისინი ჯერ ერთად ამაგრებენ ხის ტოტებს,
ბალახს, შემდეგ ტალახით ფარავენ. ასეთ სახლებს
კვერცხის ფორმა აქვს. ზოგჯერ ტალახით შელესვის შემდეგ ქოხს ზემოდან ისევ ბალახის ფენას
უკეთებენ.
როცა სოფლის ახლომახლო საკვები გამოილევა,
ბუშმენები თავიანთ სოფელს ტოვებენ და სხვაგან გადადიან, სადაც ასეთივე სახლებს აკეთებენ.
დასავლეთ საქართველოში ჰავა ნესტიანია
და ხშირად წვიმს, ამიტომ იქ გავრცელებული იყო ბოძებზე შემდგარი სახლები-ოდები. ასეთ
სახლებს მეტწილად ხით აშენებდნენ.შენობას იატაკინ რომ არ დალპობოდა, ბოძებზე დგამდნენ.ოდას
ხის ან კრამიტის სახურავი ჰქონდა და აივანი ამშვენებდა. დღეს ასეთი სახლების ნახვა
თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შეგვიძლია.
ფშაველი
გამახარე
გოდერძი ჩოხელი
ცოლ-შვილი
სულის მზესავით მიელის ქალაქში წამოსულ გამახარეს.
გამახარე
დახლში ჩამდგარა და ყველ-ერბოს ყიდის. არც იქით იხედება და არც აქეთ. ეშინია, ჯიბგირებმა
გუდა არ მოსტაცონ.
-ვა,
ვა, ვა, რა აქლემებია,-იძახის ვიღაც გამახარეს გასაგონად, მაგრამ გამახარემ იცის, რომ
ეს მის მოსატყუებლად
არის ნათქვამი და უფრო ფრთხილობს, თვალს არ აშორებს გუდებს.
-ოხ,
ოხ, ოხ,- რა მეწველ ძროხას ყიდის ბაზრის ბოლოში ერთი კაცი,-იძახის მეორე ისევ გამახარეს
გასაგონად.
-ძროხა
არაფერი, შენ ის ფშაველი ნახე, დუქნის იქით რომ გდია მკვდარი,- ამბობს ის პირველი.
-ვნახე,
მაშა, არც პატრონი ჰყავს, არც მიმხედავი.
გამახარემ
იცის, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და გუდებს უფრო ახლოს აწყობს ერთმანეთთან.
-ვა,ვა,
ვა, ეს რა მომხდარა, გაიგეთ?!- ყვირის ერთი.
-რა,
რა მოხდა?
-რა
და ფშავის მთები წამოქცეულან!
-მთები?!-
უცებ ავარდა გამახარე.
-ხო,
მთები.
-ი,
რას ამბობ, მთებს რაღა წამააქცევდა?
-ეს
რა მოხდა, კაცოო, ეს რა მოხდა!
-ი,
მართალს ამბობ?-შეშფოთდა გამახარე.
-თუ
არ გჯერა, წამო, გაიხედე, აგე დიღმის მინდორზე ყრიან თავპირჩამოშლილები.
გამახარე
დახლიდან გავარდა და იმ კაცს გაჰყვა. იმ კაცმა იქითკენ წაიყვანა, იქიდან უფრო კარგად
ჩანანო.
-აგე,
ხო ხედავ.
-სადა,
კაცო?!
-აგე,
დიღმის მინდორზე ყრიან! ვა, ვა, ვა, რა ლამაზებია ეს ტივლები.
-ვაი ჩემს
თოლებს და ბნელი, განა კარგა ვხედავ,
სადა, სად არიან?-შეშფოთებულია გამახარე და ხელს იჩრდილებს თვალებზე. ვერფერს ვერ ხედავს:-სად
არიან, სად?!-კითხულობს, მაგრამ პასუხს არავინ
აძლევს.
გამახარე
შემობრუნდა.ის კაცი აქ აღარ არის. დახლისკენ გაიქცევა და ყველიან-ერბოიანი გუდებიც
რომ აღარ დახვდება იქ, ერთს ამოიოხრებს მწარედ.
მერე
გამახარე ფშავის გზაზე მიდის. იმ მთის გულმკერდზე
ბებრის საფარტენესავით ჰკიდია ძველებური სოფელი, სადაც ბანზე გადმომდგარი ცოლ-შვილი
სულის მზესავით მოელის გამახარეს.
გამახარე
კი ფშავის ცადაზიდულ მთებს შეჰყურებს და ხმამაღლა ამბობს:
-კიდევ
კარგი, რო ფეხზე დგანან!
ღამდება.
მზე
იწურება ფშავის მთებში.
მთვარის
საიდუმლო
ღამით,
როცა ცაზე კაშკაშა მთვარეს ხედავთ, გვგონია, რომ ის მანათობელი ციური სხეულია, ისეე,
როგორც მზე. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მთვარე უზარმაზარი კლდოვანი სფეროა, მასზე
ცივა და ბნელა. ის არც სითბოს გამოსცემს და არც სინათლეს. როგორ კაშკაშებს იგი? მთვარე
თითქოს ეთამაშება დედამიწას, ხან ადგილს იცვლის, ხან ფორმას, ხან სრულად ვხედავთ, ხან
მის მცირე ნაწილს, ხან სულაც უჩინარდება. მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენ მხოლოდ ერთ
მხარეს ვხედავთ, ხოლო მისი მეორე მხარე დედამიწისთვის მუდამ დამალულია.
როცა
დედამიწიდან ვაკვირდებით, მთვარეზე ლაქები მოჩანს. ადრე ამ ლაქებს „ზღვებს“ უწოდებდნენ.
აღმოჩნდა, რომ ის სხვადასხვა ზომის ღრმულებია, მეცნიერების აზრით კოსმოსიდან ჩამოცვენილი
ქვების მთვარესთან შეჯახების შედეგად გაჩენილი.
მთვარეზე მთებიცაა. მთებისა და ზღვების გარდა
მთვარეზე კრატერებიცაა, რომლებიც მრგვალ ანაბეჭდებს წააგავს. კრატერები სხვადასხვა
ზომისაა,-რამდენიმე სანტიმეტრიდან ასეულობით კილომეტრამდე. ამიტომაც ამბობე, რომ მთვარეს
დანაოჭებული ზედაპირი აქვს.
აღმოჩნდა,
რომ ჩვენ მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს ვხედავთ.
რატომ ხდება ასე? მთვარე დედამიწის გარშემო
ორბიტაზე ბრუნავს, ასევე ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო. დედამიწის გარშემო ბრუნვის
სიჩქარე ემთხვევა ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარეს. ორბიტაზე ერთი სრული წრის გავლას,
ანუ დედამიწის გარშემო ერთხელ შემოვლას მთვარე
დაახლოებით29 დღე-ღამეს ანდომებს. ამავე დროს ანდომებს საკუთარი ღერძის გარშემო ერთი
ბრუნის გაკეთებასაც. ამიტომ მთვარე ყოველთვის მხოლოდ ერთი კუთხით არის მობრუნებული.
მთვარის
მეორე მხარე მეცნიერებისთვისაც კი დიდხანს იყო უხილავი. პირველად მას 1959 წელს გადაუღეს
სურათი. აღმოჩნდა, რომ მთვარის მეორე მხარეს უფრო ცოტა „ზღვაა“, მაგრამ უფრო მეტი კრატერია.
მთვარე
თავის ირგვლივ მყოფ საგნებს იზიდავს. ამიტომაც მთვარეზე რაიმე საგანი ხელიდან რომ გაგივარდეს, ის მის ზედაპირზე
დაეცემა, ისევე, როგორც დედამიწაზე, თუმცა მთვარის მიზიდულობის ძალა გაცილებით სუსტია.
მთვარე
დადამიწასაც იზიდავს. მაშ, რატომ არ ეცემა ეს ციური სხეული დადამიწაზე? იმიტომ, რომ
დედამიწაც იზიდავს მთვარეს. ვინაიდან დედამიწა უფრო დიდია და მძიმე, ის უფრო ძლიერად
იზიდავს. მაინც ეს ორი ციური სხეული ერთმანეთს არასოდეს ეჯახება. საქმე აქ მანძილშია.უფრო
ახლოს რომ იყვნენ, ისინი მართლა შეეჯახებოდნენ
ერთმანეთს. ამ მანძილზე კი „ძლიერი“ დედამიწა
„აიძულებს“ სუსტ მთვარეს თავის ირგვლივ გამუდმებით იმოძრაოს. ამიტომაც უწოდებენ
მთვარეს დადამიწის ბუნებრივ თანამგზავრს.
აღმოჩნდა,
რომ მთვარის მიზიდულობის ძალა მაინც ახერხებს დადამიწის „აფირიაქებას“, იგი თავისკენ იზიდავს დედამიწის წყლებს. ისინიც,
ოკეანეები და ზღვები ნელ-ნელა იწყებენ მისკენ მოძრაობას. ამ დროს ზღვა ნაპირებიდან
გადმოდის. ამ მოვლენას ჩვენ ზღვის მოქცევას ვეძახით. შემდეგ მთვარე ნელ-ნელა შორდება
დედამიწას და ზღვებიც უბრუნდებიან თავიანთ ბუნებრივ კალაპოტს. ამას მიქცევას ვეძახით.
ასე დღე-ღამეში ორჯერ ხდება. ორ მოქცევას შორის მანძილია 12 საათი და 25 წუთი.
სად
იმალება მთვარე დღისით? მზის სხივების დიდ ნაწილს მთვარის ზედაპირი შთანთქავს, მეორე
ნაწილს კი, დაახლოებით 7%-ს აირეკლავს. სწორედ მზის არეკლილი სხივების წყალობით ჩანს მთვარე დედამიწიდან. მზის
სინათლეს რომ არ ირეკლავდეს, ჩვენ მთვარეს
საერთოდ ვერ დავინახავდით. ნუთუ დღისით არ აირეკლავს მზის სინათლეს? რა თქმა უნდა,
აირეკლავს, მაგრამ დღისით ცას მზის სხივებიც ანათებს.უშუალოდ მზისგან წამოსული სხივები
კი გაცილებით ძლიერია. მისი პირდაპირი სხივები
უფრო ძლიერად ანათებს ცას, ვიდრე მთვარისგან არეკლილი. ამოტომაცაა, რომ დღისით ადამიანი
ხედავს მზეს და ლურჯ ცას, ხოლო მთვარეს საერთოდ ვერ აღიქვამს.
ღამით,
როცა მზე თვალს მიეფარება და დაბნელდება, მთვარე მაინც აგრძელებს მზის სხივების არეკლვას
და იგი ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდება ღამის სიბნელეში. რაც უფრო ახლოსაა მთვარე დედამიწასთან
და ცოტა ღრუბელია ცაში, მით უფრო კაშკაშაა
იგი. გაისენეთ, როდის უფრო იკაშკაშებს ეზოში დანთებული ცვილის სანთლის ალი,- დღისით თუ ღამით?
მიზიდულობა
მზესა და დედეამიწის შორისაც არსებობს. დედამიწა მზეზე გაცილებიტ მსუბუქია, ამიტომ
მზე მას იზიდავს და აიძულებს, თავის ირგვლივ ორბიტაზე იმოძრაოს, ისევე როგორც მთვარე
აიძულებს დედამიწას. დედამიწის გზას მზის ირგვლივ დედამიწის ორბიტა ეწოდება და მის
გავლას 365 დღე -ღამე სჭირდება. ასე „ხელიხელჩაკიდებული“ მოძრაობენ ცის კამარაზე მზე,
მთვარე და დედამიწა.
მთვარე
დედამიწას უვლის წრეს და პირით მუდამ მისკენ არის მიბრუნებული. დედამიწა კი მზის ირგვლივ
სულ სხვა სიჩქარით მოძრაობს, ვიდრე საკუთარი ღეძძის გარშემო. გავიხსენოთ: საკუთარი ღერძის გარშემო ერთ სრულ ბრუნს
დედამიწა ერთ დღე-ღამეს ანდომებს, ხოლო მზის გარშემო ორბიტაზე წრეს 365 დღე-ღამეს.
ამიტომაა, რომ მზის სხივები დედამიწის ყველა მხარეს ეცემა.
მართალია,
დედამიწიდან მხოლოდ მთვარის ერთი მხარე ჩანს, მაგრამ მზიდან მისი ყველა მხარე ჩანს. მთვარის ის მხარე, რომელიც მზისკენაა მიბრუნებული,
განათებულია, ხოლო ზურგის მხარე -ჩაბნელებული.როცა მთვარე დედამიწასა და მზეს შორის მოძრაობს, ჩვენ თანდათანობით მთვარის ზურგსუკან ვექცევით და დედამიწიდან
მისი სულ უფრო მცირე ნაწილი მოჩანს. ამ დღეებში მთვარეს ახალ მთვარეს ვუწოდებთ. ახალი
მთვარე ფორმით ნამგალს ჰგავს, ამიტომ მას ნამგალა მთვარესაც ეძახიან.
ეკვატორიდან
ახალ მთვარეს დაწვენილი ნამგლის, ანუ გაღიმებული პირის ფორმა აქვს.
მომდევნო
ორი კვიერის მანძილზე მთვარე დედამიწას შემოუვლის და ისე დადგება, რომ ამჯერად დედამიწა
მოექცევა მზესა და მთვარეს შორის. ჩვენ ამ დროს მთარის განათებულ მხარეს ვხედავთ. ამ
ფაზაში მისი მრგვალი ფორმის კაშკაშა ზედაპირს ჩვენ სავსე მთვარეს ვუწოდებთ. მთვარის
ფორმის ცვლილებას მთვარის ფაზებს ეძახიან. მთვარის ფაზა იმაზეა დამოკიდებული, თუ სად
მდებარეობს იგი დედამიწისა და მზის მიმართ.
რა
არის შენთვის მთვარის საიდუმლო?
v ის რომ დედამიწისკენ მუდამ პირითაა მობრუნებული და ზურგის
მხარე დამალული აქვს?
v ის რომ მანათობელი არ არის, მაგრამ მზის სხივების არეკლვის
გამო მაინც კაშკაშებს?
v ის, რომ ჩვენგან
დამალული მხარის ნაწილი მზის
სხივებში ნებივრობს, ჩვენკენ მობრუნებული მხარის ნაწილი კი სიბნელეში გვემალება?
v ის, რომ დედამიწაზე არ ვარდება?
v ის, რომ კლდოვანი და ბნელი სფეროა?
ჯომარდობა
ჯომარდობა-იგივე
რაფტინგი მთის მდინარეზე დაშვებაა გასაბერი ნავით. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში
ჯომარდი განმარტებულია როგორც ქველი, მხნე, ცქვიტი. „რაფტ“ კი ინგლისურად ნავს, ნავით
დაშვებას ნიშნავს.
მთის მდინარეებზე
ნავებით ძველ დროშიც ეშვებოდნენ, ოღონდ ტრანსპორტირებისთვის. დღეს ჯომარდობა სპორტის პოპულარული სახეობაცაა და
გართობის საშუალებაც. შარშან ერთ სეზონზე მარტო საქართველოს მდინარეებზე 10 000 ტურისტი და 200 სპორტსმენი დაეშვა.
საქართველოში
ბევრი მდინარეა. მათი უმეტესობა სათავეს მთებში იღებს და შემდეგ
ვიწრო ხეობებში მიედინება. ამიტომ ჯომარდობისთვის აქ საუკეთესო პირობებია. ნავით დასაშვებად გამოიყენება მტკვარი,
არაგვი, რიონი, ცხენისწყალი, კოდორი, თერგი, ენგური, ტეხურა, ფარავანი... ჯომარდობის
სეზონი მაისში იწყება და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე
გრძელდება.
სირთულის მიხედვით
მდინარეები კატგორიებადაა დაყოფილი. ეს დამოკიდებულია მდინარის დინების სიჩქარეზე.
სულ გამოიყოფა 6 კატეგორია. საქართველოში ექვსივე კატეგორიის მდინარეა. პირველ, მეორე და მესამე კატეგორიის მდინარეებზე
დაშვება მოყვარულსაც შეუძლია, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კატეგორიის მდინარეზე საჯომარდოდ აუცილებელია დიდი ოსტატობა, პროფესიონალიზმი.
ამბობენ, თუ მეოთხე
კატეგორიის მდინარეზე დაეშვები, უკვე ნამდვილი ჯომარდელი ხარ, ხოლო თუ მეექვსე კატეგორიის
მდინარეს გადაურჩები, უბრალოდ გაგიმართლაო.
ჯომარდობისთვის
გამოიყენება გასაბერი ნავები, რომლებიც დამზადებულია რეზინის გამძლე მასალისაგან. ის
ადვილად არ ზიანდება, ნავი რამდენიმე ფენისაგან შედგება. ერთი ფენა რომც დაზიანდეს,
ის მაინც არ ჩაიძირება.
ნავის უკანა მხარეს
გამოცდილი ინსტრუქტორი დგას,რომელიც მას მართავს. ჩვეულებრივ, ნავში 2-დან 12 კაცამდე
ეტევა, გამონაკლისია ერთადგილიანი ნავები-კანოე და კაიაკი, მას პროფესიონალი ჯომარდელები
იყენებენ მეხუთე- მეექვსე კატეგორიის მდინარეზე დასაშვებად. ქართველი ჯომარდელები ერთმანეთს ასე ესალმებიან:
ჯოუ-მარდოს! ჯომარდობისას მთავარი ინსრუქტორისთვის დაჯერება და გუნდურობაა.
ჯომარდელის აუცილებელიაღჭურვილობაა
სამაშველო ჟილეტი, ჩაფხუტი და ჰიდროკოსტიუმი. ტურის მონაწილეებს სპეციალური ფეხსაცმელი აცვიათ და ნავზე
ფეხებით არიან მიბმული, რომ არ გადავარდნენ.
ნავს გარედან თოკი აქვს დამაგრებული, რომელსაც
შეიძლება მოეჭიდო სწრაფი დინების დროს.
დაშვების წინ ტურისტებს ასწავლიან ნავში ჯდომას და ნიჩბის მოსმას. ასევე, როგორ მოიქცნენ, თუკი უცებ მდინარეში აღმოჩნდებიან.
თითო ტური 6-15 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს
და საათი ან საათნახევარი გრძელდება. ტურის
დასრულების შემდეგ ყოველი მონაწილე აუცილებლად გალუმპულია, ამოტომაც ჯომარდელმა ისეთი
სამოსი უნდა ჩაიცვას, რომელიც ადვილად შრება.
თავგადასავლების მოყვარულები მთის მდინარეებზე ზოგჯერ ღამითაც ეშვებიან,
ოღონდ მხოლოდ სავსემთვარეობისას. ამ დროს მდინარის საშიშ ნაპირებთან რამდენიმე კოცონი ანთია, რაც ძალიან
ლამაზია და თანაც მეტად შთამბეჭდავი. ფინიშთანაც დიდი კოცონია, ოღონდ ასეთი მოგზაურობა წლის განმავლობაში რამდენჯერმე
თუ ხერხდება, მთვარის ფაზების გამო.
No comments:
Post a Comment