დღე, როდესაც გული მღერის
მაგრამ ცხოვრება მარადიული ტანჯვა როდია, ხშირად ისეთი დღეც გამოერევა, როცა გულს ემღერება და კიდევაც მღერის.
ასეთი დღე გიგუნასაც დაუდგა. გულმა დაივიწყა ყველაფერი ცუდი და ამღერდა. ამღერდა დილიდანვე, როგორც კი ბიჭმა თვალი გაახილა.
გიგუნამ ჯერ ცისკრის ვარსკვლავს შეხედა და მასზე იმღერა, მერე ცას ახედა და ცის სიმღერა წამოიწყო.
ოთახში გაღიმებული დედა შემოვიდა, როგორ შეიძლებოდა, მასზე არ ემღერა?
ანალიკამ რა დააშავა, ან მამამ, ბებიამ, ბაბუამ და ასე შემდეგ? ბიჭმა ყველას სათითაოდ უმღერა.
გავიდა გარეთ – ოჰ, რამდენი რამე იყო სამღერი! – საყვარელი სოფელი, მხიარული გოგო-ბიჭები, მდინარე და მინდორი, მთები და ტყეები.
თქვენ წარმოიდგინეთ, ცაზე ფეხმოტეხილ ღრუბელსაც კი უმღერა.
მთელი დღე ასეთ ამბავში იყო; იმღერა ცხრათვალა მზეზე, პრანჭია ყვავილებზე, შარიშურა ნიავზე, ბალახებზედაც კი.
– არსად არის ასეთი მზე, ასეთი ღრუბლები, ასეთი ნიავი... არსად, არსად არის ასეთი დღე, მარტო ჩემს საქართველოშია! – მღეროდა გული.
წავიდა სამღერი დღე და მოვიდა სამღერი ღამე. ცაზე სავსე მთვარე ამოგორდა. ვარსკვლავები სკუპ-სკუპით დასხდნენ.
გული სულ გადაირია. გაუთავებლად მღეროდა და მღეროდა.
– არსად არის ასეთი მთვარე, ასეთი ვარსკვლავები... არსად, არსად არის ასეთი ღამე, მარტო ჩემს საქართველოშია! – მღეროდა გული. ემღერებოდა და რა ექნა?
სახლში ყველა იცინოდა.
– მთელი დღე ასე მღეროდა, – ვითომ გაჯავრდა ელისო, არადა, თვალები უცინოდა, – არც ღამე ისვენებს... არსად არისო ასეთი დილა, ასეთი შუადღე, ასეთი საღამო, ღამე... გამაგიჟებს ეს ბიჭი!
მერე გიგუნას გადასძახა:
– გიგუ, ბიჭო, მზე და მთვარე ყველგან ერთნაირია!
– არსად არის ასეთი მზე, ასეთი მთვარე, მარტო ჩემს საქართველოშია! – გიგუნამ პასუხი წამში სიმღერით დაუბრუნა.
ელისომ იხტიბარი არ გაიტეხა:
– დარწმუნებული ვარ... აი, თუნდაც ინგლისში, ახლა რომელიმე გოგონა ან ბიჭუნა შენსავით მღერის, არსად არის ასეთი ღამე, მარტო ჩემს ინგლისშიაო.
– არსად, არსად, მარტო ჩემს საქართველოში! – მიუგო გიგუნამ.
ყველამ გაიცინა. ბიჭს ისეთი ღამე მშვიდობისა უსურვეს, რომელიც არსად იყო საქართველოს გარდა და გავიდნენ.
გული, ცოტა არ იყოს, დაეჭვდა:
– როგორ თქვა ელისომ? ინგლისშიც ასეთი მთვარეაო? ძალიან კარგი. ამის შემოწმებას რა უნდა?
ბიჭი მაშინვე ჩახტა ფიქრმობილში და ჰერიი! – შორეული ინგლისისაკენ.
ფიქრმობილმა წრე შემოხაზა და მსოფლიოში ცნობილ ლონდონის ხიდზე გაჩნდა. ბიჭი ინგლისის ცას აქედან უნდა დაჰკვირვებოდა.
გიგუნამ მაღლა აიხედა. ჰოი, საოცრებავ! – ინგლისის ცაზე კიდევ ერთი ფიქრმობილი გამოჩნდა, იმანაც წრე შემოხაზა და ბიჭის გვერდით დაეშვა.
ფიქრმობილის კარი გაიღო და იქიდან ლამაზი, გიგუნას ტოლი გოგონა გამოვიდა. ბიჭი ხომ უზომოდ გაკვირვებული იყო, გოგონას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ხელში რომ მშვენიერი თოჯინა ეჭირა, იმასაც კი გაკვირვებით დაეჭყიტა თვალები.
– შენ ვინა ხარ? – იკითხა გოგონამ და ქერა, კულულებიანი თავი შეარხია.
– მე გიგუნა ვარ, ქართველი ბიჭი... როგორ, ფიქრმობილი შენც გყავს? ვინ ხარ? რა გქვია? – ბიჭმა კითხვები სეტყვასავით დააყარა.
– მე აგნესა ოლივია სმითი ვარ! – უპასუხა გოგონამ, – ინგლისელი ვარ, ფიქრმობილით ღამის ლონდონის დასათვალიერებლად გამოვედი...
– მე კი საქართველოდან ჩამოვედი. მაინტერესებდა, ღამე, მთვარე და ვარსკვლავები აქაც ისეთია, როგორც საქართველოში?
– რას ამბობ? არსადაა ისეთი მთვარე და ვარსკვლავები, როგორიც ჩემი ინგლისის ცაზეა.
– გული როგორ მომატყუებდა? მთელი დილა და მთელი საღამო მღეროდა, საქართველოს ცას ვერაფერი შეედრებაო.
– გული მეც მიმღეროდა, ინგლისის ცაა შეუდარებელიო.
– ხიდზე გავისეირნოთ, – თქვა გიგუნამ, – შენი ინგლისის მთვარესა და ვარსკვლავებს შევათვალიერებ.
– მეც ეგ მინდოდა მეთქვა.
გიგუნამ და აგნესამ ხიდზე გაისერნეს. თან ინგლისის ღამეს აკვირდებოდნენ.
ალბათ შემეკითხებით, ბავშვები რა ენაზე საუბრობდნენო. ხომ იცით, გიგუნას დედა რომ ინგლისურის მასწავლებელია? ბიჭს უკვე უამრავი რამ ასწავლა. გიგუნა გამართულად ვერ საუბრობს, მაგრამ აგნესას მაინც ყველაფერი ესმის. თანაც, ფიქრმობილის პატრონს ენის უცოდინარობა შეაფერხებს?
– მთვარე თითქოს მეცნო, – თავი გადააქნია გიგუნამ, – რაღაცით ჰგავს, მაგრამ ის მაინც უკეთესია. აი, ვარსკვლავებზე ვერაფერი გადამიწყვეტია.
აგნესამ თავი გადააქნია. ინგლისში ისეთი ლამაზი ღამე იყო, როგორ შეიძლებოდა ასეთივე ყოფილიყო საქართველოშიც?
– ამაზე ადვილი არაფერია, – უთხრა ბიჭმა, – წავიდეთ, ახლა საქართველოს ღამე მოვინახულოთ.
– რა კარგია! – დაიძახა აგნესამ, – თოჯინაც წავიყვანოთ?
– აბა რა, რა ჰქვია შენს თოჯინას?
– ელიზაბეტი, – უპასუხა აგნესამ.
– ელიზაბეტ, საქართველოში გეპატიჟები, – ბიჭმა ელიზაბეტი თავაზიანად მიიპატიჟა.
ელიზაბეტი უფრო გაოცდა, მაგრამ მაინც არაფერი თქვა.
– გზა არ ვიცი, გიგუნა, ხომ წინ გამიძღვები?
– აბა რა, – მიუგო ბიჭმა, – კავკასიონის მთაგრეხილს რომ მივუახლოვდებით, განიშნებ და ფიქრმობილი მაღლა ააფრინე, იალბუზთან და მყინვარწვერთან ხუმრობა არ გამოგვადგება.
– ასედაც მოვიქცევი.
ბავშვები ფიქრმობილებში ჩახტნენ და, ჰერიი! – საქართველოსაკენ!
აგნესამ მშვენიერ საქართველოს გადმოხედა. მას მთვარის შუქი ეფინა. აქ ღამე რამდენიმე საათით ადრე დადგა, ვიდრე ინგლისში.
– რა ლამაზი ყოფილა შენი ქვეყანა! – წამოიძახა აგნესამ.
– ეს რა არის? შენ დღე განახა. კალმით დახატულია, – უპასუხა ბიჭმა.
ბავშვებმა საქართველოს ირგვლივ შემოუფრინეს და ფიქრმობილები ერთ-ერთ უღელტეხილზე დასვეს.
მთვარე აქაც სავსე, გაბადრული და ძალიან ლამაზი იყო. ვარსკვლავები აქაც კეკლუცობდნენ.
– მთვარე თითქოს მეცნო. აი, ვარსკვლავებზე ვერაფერს გეტყვი, – ჩაიჩურჩულა აგნესამ.
– იქნებ ჩვენს ქვეყნებს ერთი და იგივე მთვარე ანათებს? – თქვა ჩაფიქრებულმა ბიჭმა.
– ამაზე ადვილი რაა? ვიფრინოთ და ყველაფერს დავაკვირდეთ.
აგნესა და გიგუნა მთელი ღამე აქეთ-იქით დაჰქროდნენ, – საქართველოს და ინგლისს შორის, – თან ღამეს აკვირდებოდნენ.
– მაინც ვერაფერი გადავწყვიტეთ, – თქვა აგნესამ, – მე მგონი, ორივე ერთნაირად მშვენიერია.
– მეც ასე მგონია, – მიუგო გიგუნამ.
– დრო წინაა, ერთმანეთი ხშირად მოვინახულოთ. შენი ლამაზი საქართველო ძალიან მომეწონა. – გაიღიმა გოგონამ.
– მეც მომეწონა შენი ინგლისი, – მიუგო ბიჭმა.
– რა კარგი ღამე იყო, გიგუნა, გული ტყუილად როდი მიმღეროდა.
– არც მე მოვუტყუებივარ, ხომ ხედავ? ქართველი ბიჭუნა შორეულ ინგლისში მომიყვანა.
– მე კი ინგლისელი გოგონა – აგნესა ოლივია სმითი შენთან შემახვედრა! ძალიან მიხარია, საქართველო რომ მოვინახულე. არ დამივიწყო, გიგუნა!
– რას ამბობ, აგნესა, როგორ დაგივიწყებ?
– ნახვამდის, გიგუნა! ინგლისში ხშირად მეწვიე!
– ნახვამდის, აგნესა! საქართველოში შენც ხშირად მომინახულე!
ბავშვები ფიქრმობილებში ჩასხდნენ. გიგუნა შინ გაეშურა, აგნესა კი მშობლიური დიდი ბრიტანეთისკენ.
საქართველოს ცას ალიონი ეპარებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ დილა ბრიტანეთშიც დადგებოდა. მალე მიიწურებოდა ღამე, როცა გიგუნასა და აგნესას გულები მღეროდნენ და მღეროდნენ.
მხიარული კარუსელი
მოგზაურობით დაღლილ გიგუნას გვიან გაეღვიძა, მაგრამ ღამის თავგადასავალი გაახსენდა და უცებ გამოფხიზლდა.
ბიჭუნამ აგნესაზე დაიწყო ფიქრი. რა კარგი იქნებოდა, ახლა რომ გოგონას დალაპარაკებოდა.
მაგრამ ამაზე იოლი რაა? არა, არა! ჯადოსნურ ავტომობილზე ფიქრი გულშიც არ გაუვლია. იმას წარამარა ვერ გამოიყენებს. ხომ შეიძლება, შინაურებმა შენიშნონ, ბიჭი რომ წარმარა სადღაც იკარგება?
ყველაფერს აჯობებს, გიგუნამ გამოიგონოს ციდა ტელეფონი – ოცნება. თანაშემწეც ეყოლება – თავისი ერთგული ფანტაზია.
წუთიც არ გასულა, ფანტაზია იქით მიდგა, აქეთ მოდგა და გიგუნას ასანთისკოლოფისოდენა, ოქროსფრად მოლაპლაპე, ციდა ტელეფონი-ოცნება გაუკეთა. თანაც, ამ ტელეფონს ლაპარაკისას წუთებს ვერავინ დაუთვლიდა, არც გრძელ-გრძელი ნომრების დამახსოვრება სჭირდებოდა. სახელს იტყოდით და ერთადერთ ღილაკს თითს დააჭერდით. აი, ასეთი მოსახერხებელი ტელეფონი იყო.
– ალო, ალო! – ჩასძახა აპარატს გიგუნამ, – აგნესა, გესმის ჩემი?
– ალო, ალო! – გაისმა აგნესას ხმა, – შენა ხარ, გიგუნა? ეს რა არის? – თვითონ სახლის ტელეფონიდან ლაპარაკობდა.
– ეს არის ციდა ტელეფონი-ოცნება, – ბიჭმა აუხსნა, რომ ასეთ აპარატს ფანტაზია წუთში გააკეთებდა.
– რა კარგია! – შესძახა აგნესამ, – ამიერიდან ერთმანეთს ხშირად დაველაპარაკებდით!
– რა ხდება ლონდონში, როგორი ამინდია?
– დილით ნისლი ჩამოწვა. მანდ რა ამბავია?
– მზე ყურებამდე სიცილით იცინის.
ყურებამდე გაცინებულ მზეზე ახლა აგნესას გაეცინა.
– მოკითხვა საქართველოს!
– ბრიტანეთსაც მოკითხვა!
ციდა ტელეფონი-ოცნება გაჩუმდა. სახეგაბრწყინებული ბიჭი სასადილო ოთახში გავიდა. მთელი ოჯახი მაგიდასთან შეკრებილიყო და საუზმობდა. ბიჭმა საუბარი მყისვე აგნესაზე წამოიწყო, მაგრამ ისეთი სიცილ-ხარხარი ატყდა, მაშინვე გაჩუმდა და მზესავით ყურებამდე გაწითლდა.
– აგნესა ოლივია სმითი, თანაც პირდაპირ ლონდონიდან. რას არ მოიგონებს ეს ბიჭი! – ყველაზე ხმამაღლა ელისო იცინოდა.
ზურიკოს თურმე მუცელი სტკიოდა და ლოგინიდან ადგომის ნებას არ აძლევდნენ, ანალიკას კი ეძინა. ბიჭს მთელი დღე როგორ უნდა გაეტარებინა?
– დე, ქალაქში წავალ, რა, კარუსელებზე!
გიგუნას სოფელი პატარა ქალაქის გვერდითაა. იქამდე სულ ათიოდე წუთის სავალია. პარკში ახლახან კარუსელები დააყენეს.
– წადი, შვილო, რამეთი გაერთე, თორემ შენი ფანტაზია ნამეტანი აწრიალდა, – უთხრა დედამ.
გიგუნა და მეზობლის ბავშვები პარკისკენ გაქანდნენ, მაგრამ, დახეთ, უბედობას! – კარუსელები არ მუშაობდა, თურმე პატრონი ავად გამხდარიყო, მასაც ზურიკოსავით მუცელი ასტკიებოდა. მაინც, რა ჭამეს ასეთი!
ბავშვები უკან ჩანჩალ-ჩანჩალით დაბრუნდნენ. როგორ გულით უნდოდათ კარუსელებზე ქანაობა!
გიგუნა მთელი დღე ეზოში დაწრიალებდა. აგნესასაც დაურეკა და გაიგო, რომ გოგონა დედას მამიდა ენისთან სტუმრად მიჰყავდა. ხომ არ მოაცდენდა? თვითონ წარმოიდგინეთ, კარგი იქნება, თქვენ რომ მამიდასთან სტუმრად იყოთ, ნამცხვარს მიითრმევდეთ და წარამარა ქართველ ბიჭუნას, გიგუნას ტელეფონით ელაპარაკებოდეთ? ხომ გადაირევა მამიდა ენი?
დღე უსაშველოდ გაჭიანურდა. გიგუნა ოხრავდა და ოხრავდა, – ძალიან უნდოდა კარუსელებზე ქანაობა!
უცებ ფეხზე წამოხტა. როგორ დაავიწყდა! ბიჭმა ხომ კარგად იცოდა, სად იყო ყველაზე დიდი კარუსელი!
მალე გიგუნა მთვარემობილში იჯდა და შორეული სატურნისკენ მიიჩქაროდა. მისი ოჯახის წევრები ამ დროს სახლში იყვნენ შეყუჟულები, – ზაფხულის ყურებამდე გაცინებულ მზეს ემალებოდნენ.
ცისკრის ვარსკვლავზე ციდა ტელეფონი-ოცნება ტოროლასავით აწკრიალდა:
– ალო, თუ შეიძლება, კონკიას სთხოვეთ!
– კონკია ვარ. შენა ხარ, გიგუნა?
– ჰო, მე ვარ! სატურნისკენ მივფრინავ, კარუსელზე უნდა ვიტრიალო. თქვენ არ წამოხვიდოდით?
კონკია შეყოყმანდა, მაგრამ ზღაპრების გმირებმა რომ გაიგეს, სატურნზე უზარმაზარი კარუსელიაო, ერთი ჟივილ-ხივილი ატეხეს.
– კარუსელზე არასოდეს გვიტრიალია, – დაიჩივლა ცეროდენამ, – ჩვენო საყვარელო კონკია, ნატვრა აგვისრულე!
– კეთილი, წავიდეთ! – დათანხმდა ზღაპრული დედოფალი.
– ახლავე თქვენთან გავჩნდები, ერთად წავიდეთ! – შესძახა გიგუნამ.
მეგობრები ერთმანეთს შეხვდნენ, მხიარულად მიესალმნენ და სატურნისკენ გაფრინდნენ, – ზღაპრების გმირები საოცარი კოსმოსური ხომალდებით, გიგუნა კი თავისი საყვარელი მთვარემობილით. იგი სხვა ციურ სხეულებზე მოგზაურობისთვისაც გამოდგებოდა.
გზაზე მარსს შიშით ჩაუარეს. შიშით იმიტომ, რომ წითელ პლანეტაზე ომი იყო დამწყვდეული. გამძვინვარებული ომი წრიალებდა, წრიალებდა და სულ `სისხლი მშია, სისხლი მწყურიას~ გაიძახოდა.
ნეტავი, იცოდეთ, იმ დღეს სატურნზე რა ხდებოდა! ხომ იცით? – სატურნი გიგანტი პლანეტაა. ირგვლივ ფართო, ორმაგი, რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული რგოლი არტყია. რგოლი მარადიულად პლანეტის ირგვლივ ტრიალებს.
მეგობრები სატურნის რგოლზე დასხდნენ. მხიარული კარუსელი უფრო სწრაფად დატრიალდა. თავზემოთ მთელი კოსმოსი დაბზრიალდა.
ასტრონომებმა ტელესკოპები ახლა გიგანტი პლანეტისკენ მიმართეს, მაგრამ ვერაფრით მოისაზრეს, რა ხდებოდა სატურნის რგოლზე. ვინ იფიქრებდა, რომ იგი უზარმაზარი და მხიარულზე მხიარული კარუსელი იყო?
კოსმოსში ბედნიერი ჟივილ-ხივილი გაისმოდა. ყველაზე ხმამაღლა კარლსონი გაჰყვიროდა თავის ეჰეი-ჰეის.
უცებ გიგუნას ჯიბეში ციდა ტელეფონი-ოცნება აწკრიალდა. აგნესა რეკავდა.
– გიგუნა, მე უკვე სახლში დავბრუნდი. შენ სადა ხარ?
– კარუსელზე ვტრიალებ. შენც გეპატიჟები.
– სად არის ეს კარუსელი?
– სატურნის რგოლზე. ახლავე მთვარემობილს გამოგიგზავნი. სახლის შესასვლელთან დაელოდე.
– რა კარგია, მაშ, მოვდივარ!
წუთიც და მთვარემობილი აგნესას სახლთან გაჩნდა. აგნესა ჯადოსნურ მანქანაში ჩაჯდა და, ჰერიი! – სატურნისაკენ, მხიარულ კარუსელზე სატრიალოდ!
– აგნესას გაუმარჯოს, აგნესას! – გაისმა ხმები, – უკვე გიცნობთ, გიგუნამ შენზე ყველაფერი გვიამბო.
კარუსელი კიდევ უფრო სწრაფად დატრიალდა.
– რა კარგია კარუსელი, კარუსელი, კარუსელი! – ერთხმად დაიძახეს მეგობრებმა და გაიცინეს, – რაღაც პატარა ლექსივით გამოუვიდათ. რა თქმა უნდა, დიდი აურზაურიც იქ იყო და ყველაზე ხმამაღლა იცინოდა.
– ვერაფერი გაგვიგია! – დედამიწაზე ასტრონომებმა მხრები აიჩეჩეს, – ამ ბოლო დროს მზის სისტემაში რაღაც უცნაური ამბები ხდება, – ხან ვიღაც ბიჭი მთვარეზე ზის, ხან ცისკრის ვარსკვლავი ქართულს ცეკვავს. ახლა, თითქოს სატურნიც გაგიჟდა... იქნებ, პლანეტის უზარმაზარი რგოლი სულაც კოსმოსური კარუსელია?
მაგრამ, თუნდაც ათასი წელი ეფიქრათ, მაინც ვერ მიხვდებოდნენ, რომ ამ კარუსელით გიგუნა და მისი მეგობრები ერთობოდნენ...
საღამოს, ვახშმობისას დედამ ბიჭს ალერსით გადახედა და ჰკითხა:
– რაო, გიგუნა, მოგეწონა კარუსელი?
ბიჭი გაიბადრა.
– ოჰ, დედა! რა კარგი იყო კარუსელი! ყველას ძალიან მოგვეწონა, მეც, აგნესასაც...
დედამ გაიცინა და ბიჭს ნაზად მოეფერა:
– ოჰ, ოჰ, ფანტაზიამ ისევ გაუტია...
ელისო რისი ელისო იყო, რაიმე მწარე არ ეთქვა:
– დაუდგეს პარკში ერთი მოცუცქნული კარუსელი და ბიჭი სიხარულისაგან ლამის ცას სწვდეს.
მაგრამ გიგუნას ენა ჯიბეში კი არ ედო: – მოცუცქნულიო? სატურნის რგოლზე ამბობ, მოცუცქნულიო? თუმცა... შენ იმას როგორ ნახავდი?
ელისომ გადაიკისკისა:
– სატურნის რგოლზე ტრიალებდი? რა თქმა უნდა... ამას შენისთანა გადარეულის მეტი ვინ მოიფიქრებდა?
მერე ხელი ხელს შეატყუპა და მავედრებლის კილოთი წარმოსთქვა:
– ოჰ, გიგუნას ფანტაზიავ, თუ შეიძლება, შებრძანდი ბიჭის ტვინის უჯრედში, საწოლზე წამოწექი და კარგად გამოიძინე. დაგვასვენე, თუ შეიძლება.
ფანტაზია ჯერ გაიბუტა, მაგრამ მერე გოგონას რჩევა ჭკუაში დაუჯდა:
– ურიგო აზრი როდია, დასვენება არავის აწყენს, სხვათა შორის, არც ფან-ტა-ზი-ას! აბა, წავედი, შეხვედრამდე!
მშვიდობით და გამარჯობათ!
მთელი დილაა, გიგუნამ გული წაიღო. დედას ეწუწუნება, – რა ხანია, გეხვეწები და ლეკვი მაინც არ მიყიდეო. თანაც არ დაგავიწყდეთ, გიგუნას უსათუოდ ჯიშიანი ძაღლის ლეკვი უნდა.
– საიდან მოგიყვანო ჯიშიანი ძაღლის ლეკვი? – ეკამათება დედა, – თანაც ახლა ლეკვისთვის მცალია? ანალიკას იმდენი მოვლა სჭირდება...
გიგუნა მაშინვე პირში ეცა:
– ხომ ხედავ? შენ ანალიკას უვლი, მე კი არავინ, ქვეყნად არავინ მყავს მოსავლელი, – და ბიჭს უცებ თვალებიდან ცრემლები წასკდა.
დედა ძალიან შეწუხდა:
– შვილო, შენც მოუარე ანალიკას...
– საკუთარი ლეკვი მაინც სულ სხვაა, – აქვითინდა გულამომჯდარი ბიჭი.
ფატი ბიცოლამ გიგუნას დამშვიდება სცადა:
– გიგუნა, ხომ ხედავ, ზურიკო როგორი ჭკვიანი ბიჭია, იცის, რომ ლეკვი ძვირი ღირს და არ მაწუხებს, გინდა თუ არა, მიყიდეო.
ამისი თქმა იყო და ახლა ზურიკო წამოხტა:
– თქვენ რა, გგონიათ მე არ მინდა პატარა, ბომბორა, ლამაზი ლეკვი? – ახლა მან გადმოყარა ცრემლები, – თქმას რა აზრი აქვს? ხომ ვიცი, მაინც არ მიყიდით...
ცხელ გულზე ბიჭმა ნამცხვრის ყველაზე დიდი ნაჭერი დაითრია და ჭამას გამალებით შეუდგა. მერე რა, რომ ნამცხვარს ზედ ცრემლებიც ეწვეთებოდა?
დედამ და ფატი ბიცოლამ ღრმად ამოიოხრეს:
– რა მშვენიერი ზაფხულის დილაა და რა ცუდად იწყება? ხომ ვიცით, ესენი მთელ დღეს ჩაგვამწარებენ...
ამ დროს ოთახში ელისო შემოვიდა. ხელში ჩიტი ეჭირა, – ბეღურას პატარა ბარტყი.
ლეკვს ვერაფერი შეედრება, მაგრამ ჩიტის ბარტყიც ხომ ძალიან საყვარელია? თანაც ისეთი პატარაა, სურვილი გიჩნდება, დედასავით მოუარო.
– ბარტყი, ბეღურას ბარტყი! – ბიჭები ფეხზე წამოიჭრნენ. ცრემლები უცებ შეაშრათ.
– ეზოში ვიპოვე, – ღიმილით თქვა ელისომ, – ეტყობა, გაფრენა მოესურვა, მაგრამ ვერ შეძლო, ძირს ჩამოვარდა. ფრთა აქვს დაზიანებული. ამას მოუარეთ, ყმაწვილებო, ლეკვზე ოცნებას თავი დაანებეთ.
ელისომ ბარტყი გიგუნას ხელისგულზე დაუსვა. ბიჭმა იგრძნო, ჩიტს პატარა გული როგორ უცემდა.
– ნუ გეშინია, – ბიჭი ბარტყს მოეფერა, – ფრთა მალე მოგირჩება. დამიჯერე, როცა ფრენას ისწავლი, გაგიშვებ და ისევ დედას დაუბრუნდები...
ჩიტუნა შეშინებული ჩანდა.
– ალბათ შია, – ზურიკოს თავში სულ ჭამა უტრიალებდა, – პურის ნამცეცები დავუყაროთ.
მაგრამ ბარტყი ნამცეცებს არ ეკარებოდა.
– რა სულელები ვართ, – თქვა ზურიკომ, – დედა ბეღურა ალბათ ჭია-მატლებით კვებავდა. პურის ნამცეცები სად უნდა ენახა?
– მოდი, ჭია-მატლებზე სანადიროდ წავიდეთ.
ბიჭებმა ბარტყი ელისოს თოჯინა ბარბის სახლში ჩასვეს. ელისო უკვე დიდი გოგო იყო და ასეთი სათამაშო არ აინტერესებდა. ჩიტუნა პაწაწინა ოთახის კუთხეში მოიბუზა.
– ახლავე დავბრუნდებით, – ალერსიანი ხმით წასჩურჩულა გიგუნამ. მისი კეთილი გული ამ პაწია არსებას უკვე მთლიანად დაეპყრო.
ბიჭი გაიქცა და ციდა ტელეფონით-ოცნება აგნესას დაურეკა, – ახარა, ბეღურას ბარტყი მყავსო. გოგონას გაუხარდა. მერე გიგუნამ ზურიკოსთან ერთად ჭია-მატლების მოსაძებნად გასწია.
უკან დაბრუნებულმა ბიჭებმა თოჯინა ბარბის პაწაწინა ოთახში საშინელი სურათი ნახეს. თქმაც კი მიჭირს, მაგრამ რა ვქნა?.. პატარა ბარტყი მორთულ-მოკაზმული ოთახის პაწია კუთხეში უსულოდ ეგდო.
გიგუნასა და ზურიკოს მწუხარება ხომ წარმოგიდგენიათ?
– მოკვდა, მოკვდა ჩემი ბარტყი! – ქვითინებდა გიგუნა.
– ვინ არის ეს ელისო? ხელიდან ერთი კარგი საქმეც არ გამოუვა. რა იქნებოდა, ბარტყი სულ არ მოეყვანა? – ჩიოდა ზურიკო.
– ძალიან შემიყვარდა, ის კი უცებ მოკვდა! – სლუკუნებდა გიგუნა.
თვალცრემლიანმა ზურიკომ ჯერ გიგუნას უყურა, მერე ირგვლივ მიმოიხედა, – ჯავრი რას გადავაყოლოოო. საუზმის შემდეგ მორჩენილ ნამცხვარს ეცა და ჭამას შეუდგა, თან ზედ ცრემლსაც აყოლებდა.
დედამ და ფატი ბიცოლამ ისევ ამოიოხრეს:
– ხომ გითხარი, დღევანდელი დღე ჩაგვმწარდება-მეთქი, – თქვა დედამ.
თქვენ წარმოიდგინეთ, ელისოც კი ატირდა და უნებლიე დანაშაული ცრემლით გამოისყიდა.
– გიგუნას და ზურიკოს ბარტყი მოკვდომიათ! – გავარდა ხმა და სოფლის ბავშვები, თითქოს დაიბარესო, მაშინვე ბიჭების ეზოში გაჩნდნენ.
მწუხარებისაგან სახეჩამოქუფრულმა ბავშვებმა ბარტყი ჭიშკართან, დიდი მსხლის ძირას დაკრძალეს. საფლავის პაწაწინა ბორცვზე ოთიკომ ქაღალდის პატარა, თეთრი დროშა დაამაგრა, რომელზედაც ეწერა: `მშვიდობით, ულმობელო წუთისოფელო!~
ამ დროს ელისო თავის ოთახში იყო ჩაკეტილი და სევდიანზე სევდიან ლექსს წერდა. ლექსსაც ასევე ერქვა: `მშვიდობით, ულმობელო წუთისოფელო!`
ბავშვები შინ წავიდნენ, გიგუნა კი მწუხარების ალაგს არ შორდებოდა. ბორცვის ქვეშ მის პაწია ჩიტუნას სამუდამო ძილით ეძინა. რა იყო ეს? მართლაც, რა ულმობელია წუთისოფელი!
ციდა ტელეფონი-ოცნება აწკრიალდა და ბიჭს ფიქრი დაუფრთხო. აგნესა რეკავდა:
– გიგუნა, როგორ არის შენი ჩიტი? – გაისმა აგნესას ხმა.
ბიჭუნას ყელში თითქოს სიმწრის ბურთი გაეჩხირა.
– აგნესა, აღარა გვყავს ჩვენი ჩიტი, მოგვიკვდა!
ციდა ტელეფონში-ოცნება აგნესას ხმა მიწყდა. გოგონას თავზარი დაეცა. როდის-როდის წაიჩურჩულა:
– ოჰ, რა ულმობელია წუთისოფელი! გიგუნა, ძალიან ვწუხვარ!
ბოღმის ბურთი გასკდა და ბიჭის თვალებიდან ცრემლებად გადმოიღვარა. გოგონა გაიქცა და დედას გულში ჩაეკრა. დედა უნაზესი ალერსით მოეფერა...
დილიდანვე განწირული დღე თანდათან მიიწურა. დილიდანვე სევდიანმა გიგუნამ საღამოს მსხლის ხეს ისევ მიაკითხა და სკამზე ჩამოჯდა.
უცებ ფიქრმობილის ზუზუნი გაისმა. ჯადოსნური მანქანა გიგუნას წინ გაჩერდა. კარი გაიღო და აგნესა გამოვიდა. გოგონას ცალ ხელში პაწაწინა თაიგული, მეორეში კი თოჯინა ელიზაბეტი ეჭირა.
ბავშვები ერთმანეთს მიესალმნენ; სევდიანმა აგნესამ პატარა ბორცვზე პაწაწინა თაიგული დადო.
თოჯინა ელიზაბეტიც დაღვრემილიყო, – ეტყობოდა, ჩიტუნაზე ისიც დარდობდა.
– გიგუნა, გულს ნუ გაიტეხ... იქნება, დარდები ამათ დაგავიწყონ? – აგნესამ თავის ფიქრმობილთან მიირბინა და ორი მშვენიერი ლეკვი გამოიყვანა.
– ეს რა არის? – ბიჭს გული ჩიტივით შეუფრთხიალდა.
– ინგლისური პოინტერის ლეკვებია, მამიდა ენის ნაჩუქარი ფულით ვიყიდე... შენთვის და ზურიკოსთვის.
– ოჰ, აგნესა, მაშ, მეც მეყოლება პატარა, მოსავლელი ლეკვი?
– აუცილებლად გეყოლება. ვიცოდი, ძალიან გაგიხარდებოდა. ზურიკოს თვითონვე გადაეცი. ხომ იცი, ამ ფიქრმობილით ვერავის დავენახვები...
– ოჰ, აგნესა, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ!
– აბა, ვინ ვარ? – გაუკვირდა აგნესას, – ნახვამდის, გიგუნა, ლეკვებს გაუფრთხილდი!
გოგონამ ბიჭს ხელი დაუქნია. ფიქრმობილმა საღამოს ცაზე გაიბრწყინა და კურსი ინგლისისკენ აიღო.
გახარებული გიგუნა სახლში ყვირილ-ყვირილით შეიჭრა. ოჯახი სავახშმოდ ემზადებოდა, მაგრამ რა ევახშმებოდათ? – თქვენ მათი გაოცება წარმოიდგინეთ, როცა ბიჭუნას ხელში ორი მშვენიერი ლეკვი დაუნახეს.
გაოცებული მამა ლეკვებს ყურადღებით ათვალიერებდა, – ორივეს სწორკუთხა თავი, დაკიდებული ყურები, წკეპლისებური კუდი ჰქონდა. ორივე ჩალისფერი იყო, ორივეს გულზე და ფეხებზე თეთრი ლაქები ამშვენებდა.
– ესენი ხომ ინგლისური პოინტერის ლეკვებია! სად იპოვე, გიგუნა?
– აგნესამ გვაჩუქა, – ერთი მე, ერთი ზურიკოს...
მოწყენილი ზურიკო იწვა, მაგრამ გიგუნას ხმა გაიგონა და საწოლიდან ჩიტივით წამოფრინდა.
– ჩემია ლეკვი, ჩემი! – ყვიროდა ზურიკო.
ორივე ლეკვი ერთმანეთს ტყუპისცალივით ჰგავდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ერთს თეთრი ლაქა მარჯვენა ფეხზე ჰქონდა, მეორეს კი მარცხენაზე.
– ბოლტოს დავარქმევ, – გამოაცხადა თვალებგაბრწყინებულმა გიგუნამ.
– მეც, მეც, ბოლტო პირველი და ბოლტო მეორე გვეყოლება! – აღრიალდა ზურიკო.
– რას ამბობთ? – თქვა დედამ, – ახლა ძალიან ნუ გადაირევით. ეტყობა, ესენი ვიღაცას გამოეპარნენ და ჩვენს ეზოში შემთხვევით შემოვიდნენ. პატრონი ასეთ ჯიშიან ლეკვებს აუცილებლად მოძებნის...
– არა, არა, დედიკო, – შეეკამათა გიგუნა, – პატრონები ჩვენ ვართ. აგნესამ ისინი ჩვენ გვაჩუქა!
– ისევ აგნესა, – გაიცინა ელისომ, – სულ გაგიჟდა ეს ბიჭი...
– ნამეტანი ნუ მიეჩვევით, – დაარიგა ბიჭები გიგუნას მამამ, – მერე განშორება გაგიძნელდებათ.
– არასოდეს დავშორდებით, ჩვენია ეს ლეკვები!
აღფრთოვანებული ბიჭები ლეკვებს ეთამაშებოდნენ, იატაკზე გორაობდნენ, მშვენიერ ცხოველებს გულში იხუტებდნენ. გაჰკიოდნენ, გაჰყვიროდნენ...
ბავშვებს მთელი ოჯახი ღიმილით უყურებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, პაწაწინა ანალიკასაც კი გაოცებით დაეჭყიტა თვალები.
– ელისო, ხვალ დილით ჩვენს ჭიშკართან წარწერა გამოაკარი, ორი ჩალისფერი, თეთრლაქებიანი, ინგლისური პოინტერის ლეკვი ვიპოვეთ-თქო. პატრონი ალბათ წაიკითხავს. ვინ იცის, როგორ დარდობს... – დაავალა ბებიამ ელისოს.
გიგუნამ ბებიას ნათქვამი გაიგონა. მაგრამ აინუშშიც არ ჩაუგდია. დაწეროს ელისომ ბარათი. გამოაკრას ჭიშკართან, – ბიჭმა ხომ იცის, რომ ამ ლეკვებს არავინ მოაკითხავს? ესენი ხომ აგნესას ნაჩუქარია?
ბიჭები თავიანთი ოთახისაკენ სიცილ-სიცილით გაიქცნენ. ლეკვები ბავშვებს ბაჯბაჯ-ბაჯბაჯით გაეკიდნენ.
დიდი აურზაური მაშინვე ბიჭების ოთახში შევარდა. გარეთ დაღამდა. ვარსკვლავები ცაზე ფაციფუცით დასხდნენ. მთვარემ ფანჯარაში შემოიხედა, – მასაც აინტერესებდა ლეკვების ნახვა.
სახლში ბიჭების ბედნიერი ხმები ისმოდა. ისმოდა პატარა, მხიარული ლეკვების წკმუტუნიც.
ელისომ ბიჭების ოთახს ასჯერ მაინც აუარა და ჩაუარა. უცებ დიდი, ჭკვიანი გოგონას ფიქრი ეწვია.
– რა ცვალებადია ადამიანის გული, – უთხრა ფიქრმა ელისოს, – თუმცა, ასედაც უნდა იყოს. სხვაგვარად ცხოვრება მხოლოდ ერთი დიდი მწუხარება იქნებოდა...
– მართალი ხარ! – ელისომ ფიქრს გაუღიმა.
მერე თავის ოთახში გაიქცა და თეთრ ქაღალდზე უშველებელი წარწერა გააკეთა.
გოგონამ ქაღალდი ბიჭების ოთახის კარს ჭიკარტებით მიამაგრა:
– გამარჯობა, მშვენიერო ცხოვრებავ! – დაიძახა გახარებულმა წარწერამ.
ოთახში დიდი აურზაური სულ სიცილ-სიცილით დააბიჯებდა.
– გამარჯობა, მშვენიერო ცხოვრებავ! – ყვიროდა აურზაური.
გიგუნა, მემე და ველოსიპედი
იცით თუ არა, რომ ბებიას გადარეული, წვერცანცარა თხა თავის თავზე დიდი წარმოდგენისაა? დილაა თუ საღამო, სულ `მე-მე`-ს გაიძახის. ბებია და ბაბუა ძროხებს საჭმელს უმზადებენ. თხა უკვე დანაყრებულია, მაგრამ მაინც ვერ ისვენებს, თოკს ისე ექაჩება, ლამის გაწყვიტოს.
– მე-მე! მე-მე! – სავსე ვედროებისკენ მოიწევს.
დღეა და მინდორში ბალახის ღერს ისე არ მოწიწკნის, `მე-მე~ არ ჩაიკიკინოს.
ღამეა და ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას ისე არ ახედავს, `მე-მე~ არ შემოსძახოს.
– ნამდვილი ეშმაკის ფეხია, – ამბობს ბებია, – ნეტავ, რა უნდა, ღამე არ ეძინება?
მაგრამ ღამე იმას რა დააძინებს, ვინც თავის თავზე დიდი წარმოდგენისაა? ვისაც `მე~ ძალიან უყვარს, იმას ძილი არ უწერია, – სულ `მე~-ზე უნდა იფიქროს.
– ნამდვილი მემეა, – ოხრავს გიგუნა.
გადაწყდა. წვერცანცარას დღეიდან მემე ერქმევა. ბიჭმა კარგი სახელი კი შეურჩია.
– შენ რა გითხარით, გიგუნა! – ეზოს წვრილფეხობა და მსხვილფეხობა სიხარულით აღარ არის, – რას არ მოიფიქრებ? მაშ, მემე, არა? ზედგამოჭრილია, ზედგამოჭრილი.
მემე ფეხებს აბაკუნებს, წვერს აცანცარებს და თავს ისევ `მე-მე`-ს კიკინით იკლავს.
ეზოში დიდი აურზაური დადის. დადის და კვდება სიცილით. კვდებაო, – ეს ისე, ყასიდად ვთქვი, თორემ დიდ აურზაურს რა მოკლავს? გრძელი, ფართხუნა ხალათი აცვია. სიარულისას მისი ტანსაცმელიც მიფრიალებს, სულ გახარებულია.
მემე კი გაბრაზებულია. წვერს აცანცარებს და წვეტიან რქებს მუქარით აქნევს:
– დამაცადე, გიგუნა, დამაცადე! ხომ ჩამაგდე მთელი ეზოს ყბაში... ერთხელაც გადაგიხდი სამაგიეროს.
გიგუნა ყურადღებას არ აქცევს, მემე კი გაუთავებლად იმუქრება:
– მე-მე! მე-მე!
შურისძიების დღეც დამდგარა; ბებია ყანაში მიდის და მემე თოკით მიჰყავს, – იქ კარგად იბალახებსო. მემეს გიგუნა მისდევს ზურიკოს ახალთახალი, პატარა, ორთვლიანი ველოსიპედით. ჩასუქებული ზურიკო დედას კვლავ თავის მშობლებთან წაუყვანია და გიგუნამ დრო იხელთა.
ბიჭუნას ბოლტო პირველი გაეკიდა, მაგრამ მაშინვე უკან დააბრუნეს. ახლა ჭიშკართან დგას და გზას სევდიანად გაჰყურებს.
ყანა სოფლის ბოლოშია. მემე თან ბალახობს, თან იქაურობას კიკინით იკლებს.
– ამ თხამ გამაგიჟა, – ამბობს ბებია, – არ იღლება მაინც?
მაგრამ ბალახი ისეთი ლორთქოა, რომ მემეს ფერდები მალე ამოევსო. გვერდები ბურთებივით გაუხდა.
– გიგუ, საქმეს ალბათ საღამომდე ვერ მოვრჩები, წადი სახლში და მემეც თან წაიყვანე, – ალერსიანი ხმით ამბობს ბებია, – კიკინით ყურები გამომიჭედა.
– მე-მე! მე-მე! – თავს არ იზოგავს მემე.
საყვარელი ბებია გიგუნას თავს ურჩევნია.
– რა თქმა უნდა, ბებო, – ამბობს ბიჭი, – ეს ადვილი საქმეა.
კარგი რამეა ზურიკოს ველოსიპედი. გიგუნას ძველ სამთვლიანს ათასჯერ სჯობია. ბიჭს თოკი ცალ ხელზე აქვს გადახვეული. მემე გვერდით მორჩილად მიჰყვება, მაგრამ მალიმალ უკან იყურება, – უნდა ყანა და ყანის პირას მდგარი ბებია თვალს მალე მიეფაროს, მერე ნაბიჯს უჩქარებს და ველოსიპედს უკვე წინ მიუძღვის.
– თოკს ველოსიპედზე გამოვაბამ, – ამბობს ბიჭი, – ეს მემე რისი მაქნისია? გამასეირნებს მაინც.
– მე-მე! – ეშმაკურად კიკინებს წვერცანცარა და გულში ფიქრობს, – შურისძიების საათი დგება, გიგუნა, შურისძიების!
გიგუნამ თოკი ველოსიპედის საჭეზე მაგრად გამოკვანძა. თითქოს ამას ელოდაო, მემემ ერთი შეიკუნტრუშა და ჰაიდა! სულ ქარივით გაიჭრა. ველოსიპედიც ისე გავარდა, თითქოს ველოსიპედი კი არა, რაკეტა ყოფილიყო.
– მე-მე! მე-მე! – თავი მთლად აიწყვიტა მემემ და სირბილს უფრო უმატა.
ველოსიპედი ქვებზე და კოლბოხებზე ხან ზევით ახტება, ხან დაბლა დაენარცხება. ასეთი უჩვეულო ხმები ისმის:
– რახ-რახ! რახ-რახ! – რახრახებს ველოსიპედი.
– მიშველეთ! მიშველეთ! – გაჰკივის გიგუნა.
– მე-მე! მე-მე! – ზეიმობს მემე.
– არიქა! აქეთ! აქეთ! – მემემ გიგუნა ველოსიპედიანად გაიტაცა! – ღრიალებს დიდი აურზაური.
დიდი აურზაურის ღრიალის ხმაზე სახლში ვინ გაჩერდება? მთელი სოფელი ფეხზე დგას. თუმცა, რაღა სოფელი? – ფეხმოტეხილი ღრუბელიც კი მოქრიალებს.
თხა გარბის და გარბის. ბიჭი ღრიალებს და ღრიალებს. აგერ, სახლსაც უახლოვდებიან, მაგრამ მემე შეჩერებას არც აპირებს.
ეზოდან ლეკვები გამორბიან. ეტყობა, გიგუნას გასაჭირს გულით განიცდიან. ბოლტო პირველი თხას მარცხნიდან უყეფს, მაგრამ მემე მარჯვნივ გარბის, იქიდან ბოლტო მეორე უტევს, მაგრამ მემემ თავი ააღირა და პირდაპირ გაუტია.
ფეხმოტეხილმა ღრუბელმა, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, წვიმა დაუშვა, მაგრამ სანამ შურისძიების საათი არ ამოიწურება, მემეს რა შეაჩერებს?
ფეხმოტეხილი ღრუბელი აკაციას ეცა და სასწრაფოდ ფოთლები დაგლიჯა, მერე ისევ მორბენალებს გაეკიდა, ფოთლები მემეს ცხვირწინ აუფრიალა. ახლა წინ ფეხმოტეხილი ღრუბელი გარბის უკუსვლით და ქოშინ-ქოშინით, თან მემეს აკაციის ფოთლებს ახარბებს. ასეთ უჩვეულო სირბილში ენაც ებმის:
– ჭამე, მემე, ცი-ა... ი-ა... ფუი, აკაცია!
მერე მემე მირბის და ზეიმობს:
– მე-მე! მე-მე!
მერე ქვეყნიერებას ველოსიპედი და გიგუნა მიანგრევენ:
– მიშველეთ! მიშველეთ!
მერე დიდი აურზაური მოალაჯებს, თვალები ეშმაკურად უბრწყინავს და გრძელი, გაწეწილი თმა უფრიალებს:
– აბა, აბა, ხმაურია! აურზაურია!
მემეს აკაციის ფოთლები ძალიან უყვარს, ამიტომ ცდუნებას ვერ უძლებს და ჩერდება. გიგუნა თავს ვერ იკავებს, ველოსიპედს ზედ ევლება და მემეს ფეხებთან იშხლართება.
ლეკვებიც მორბიან. ბოლტო პირველი მარჯვენა ხელს ულოკავს, ბოლტო მეორე – მარცხენას.
შეშინებული დედა ბიჭუნას გულში იკრავს:
– ცოცხალი ხარ, შვილო?
სოფლის ბავშვები, თითქოს დაიბარესო, მაშინვე იქ ჩნდებიან.
დედა შეშინებულია. ეტყობა, ელისოსაც ეშინია, თავისებურად არ ოხუნჯობს.
ბიჭი სახლში შეჰყავთ, მემე კი ბაკში. ეზოში მიგრეხილ-მოგრეხილი ველოსიპედიც შეაქვთ, მაგრამ რად გინდა? იმას ველოსიპედს უკვე არაფერი უგავს.
– ნუ დარდობ, ზურიკოს ახალი ვუყიდოთ, – ამბობს დედა, – მთავარია, რომ გადარჩი.
ეჰ, დედა, შენ რა იცი? მთავარია, ეს სამარცხვინო ამბავი აგნესამ არ გაიგოს. ბიჭს სოფლის ბავშვების ქილიკი და თვალების პაჭუნი არ ეყოფა?
ან ელისოს რა გააჩერებს? როგორც კი გაიგო, ბიჭს არაფერი დაშავებიაო, მაშინვე ხითხითს მოჰყვა. სოფელში ხუთი დიდი და ხუთნახევარი პატარა აურზაური მაინც უნდა მოხდეს, ეს ამბავი ხომ გადაავიწყდეს.
დარცხვენილი ბიჭი საღამოს მემეს სადგომში შეიპარა. მემე იდგა და წვერს აცანცარებდა.
– მომჭერი თავი სოფელში? შენ რა გითხარი, მემე! შეგირცხვეს წვერი! – აბა, ულვაში შეგირცხვესო, ხომ არ ეტყოდა? სად ჰქონდა მემეს ულვაში?
– მე-მე! მე-მე! – მემე კინაღამ სიცილით მოკვდა. სულ არ ენაღვლებოდა, გიგუნამ, წვერი შეგირცხვესო, რომ უთხრა, – შურისძიების საათი უკვე გასულიყო.
– აბა, რა გეგონა, გიგუნა? დაგავიწყდა? მემე ვინ დამარქვა?
No comments:
Post a Comment