ნამდვილი ქართველი ქალი
ჩემი მეგობრების დედა ხშირად სხვადასხვა საინტერესო ამბავს გვიყვება. ჩვენ განსაკუთრებით ისტორიული მოთხრობები მოგვწონს.
იგი განსაკუთრებულად მოგვითხრობს, – სერიოზულად, რაღაც იდუმალი ხმით.
ძალიან გვიზიდავს საქართველოს ისტორია, ყველაფერი გვაინტერესებს, რაც კი ჩვენი სამშობლოს წარსულს შეეხება.
დეიდა ელისომ იმ დღესაც არაჩვეულებრივი ამბავი გვიამბო, – ხაზართა სარძლოს, შუშანის შესახებ.
მიმზიდველი თხრობის წყალობით ჩვენს თვალწინ ქართლ-კახეთის შავბედითმა დღეებმა ჩაიქროლეს. თითქოს ხმლების ჩახაჩუხი, ცხენების ჭიხვინი და მეომრების ომახიანი ყიჟინაც მოგვესმა. თვალწინ დაგვიდგა ქართველი ქალი, – გრძელნაწნავებიანი, დიდრონთვალება, ნარნარი, ალვისტანა, მტკიცე და შეუპოვარი...
დეიდა ელისომ გვიამბო, რომ მშვენიერმა შუშანმა ხაზართა დედოფლობას სიკვდილი არჩია. როცა მხედრიონი დარიალიდან უცხო მიწაზე გადადიოდა, ქალმა ბეჭდის თვლის ქვეშ დამალული საწამლავი დალია და სიცოცხლე მოისწრაფა.
თხრობამ განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მარიკაზე მოახდინა. მისი ცისფერი თვალები დედას აღგზნებით შესცქეროდნენ, ტუჩები კი ქართველი ქალის უკანასკნელ სიტყვებს იმეორებდნენ. მარიკა საყვარელ მამულს მასთან ერთად ემშვიდობებოდა, ეთხოვებოდა საყვარელ ძმას და მშობლიურ მიწაზე გაფითრებული ესვენებოდა...
თხრობა დასრულდა, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია, ჯერაც წარსულის მშვენიერი ლეგენდით ვიყავით დატყვევებულები.
ელისო დეიდას სიამოვნებდა, მის მონათხრობს რომ ასე განვიცდიდით, ამიტომ შთაბეჭდილების გაქარწყლება არ უცდია.
მარიკამ დედას დაწვრილებით გამოჰკითხა, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველი ქალი, – გარეგნობით, ქცევით, ზნე-ჩვეულებით.
ყველაფერი აინტერესებდა, თუნდაც უმნიშვნელო რამ, – მაგალითად, რა ეცვა მაშინდელ ქალებს, რა სიგრძისა იყო კაბა, როგორი თავსამკაულები ეკეთათ...
შემდეგ ყველაფერს ისე მოგიყვებით, თითქოს საკუთარი თვალით მენახოს: მე და ბაჩანა ქუჩაში სათამაშოდ გავიქეცით, ღრმად ჩაფიქრებული მარიკა კი ოთახში სარკესთან იდგა და საკუთარ თავს აკვირდებოდა. იგი ძალიან ლამაზი გოგონაა, მაგრამ ისტორიულ შუშანს მაინც არა ჰგავს.
გოგონას ქართული კაბა არ ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა თვითონ შეექმნა სამოსი, რომელიც ასე თუ ისე, ეროვნულ ტანსაცმელს დაემსგავსებოდა.
მან კარადიდან თეთრი, ქათქათა ზეწარი გამოიღო და გამხდარ ტანზე შემოიხვია. წელზე თეთრი ბაფთა შემოირტყა. კისერზე დედის მარგალიტის მძივი ჩამოიკიდა.
მერე ეზოში განარნარდა და ბაღში ალუმინის გასაშლელ სავარძელში ჩაჯდა, – ცდილობდა, წარმოედგინა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველი ქალი. ქუჩიდან ბავშვების ჟივილ-ხივილი ისმოდა, მაგრამ მარიკა მათ ყურადღებას არ აქცევდა. იგი ახლა პატარა, გამხდარი, მეოცნებე გოგონა კი არა, `ნამდვილი ქართველი ქალი~ იყო. თეთრ ბედაურზე იჯდა და ზურმუხტისფერი ფერდობიდან მრავალტანჯულ მიდამოს გადმოჰყურებდა, – ზვიად ციხეს შუბლი ცისთვის მიებჯინა. შორს, მთათა თვალუწვდენელ მწვერვალებს თოვლი ნაბდის ქუდებივით ეხურა.
„ნამდვილ ქართველ ქალს“ გამჭვირვალე მანდილს სამშობლოს სურნელოვანი ქარი უფრიალებდა. ალმასებით მოოჭვილი სამკაულები მელოდიურად წკარუნებდა, ბედაური ჭიხვინებდა...
დასავლეთით ცა წითლად შეიღება. ციხიდან ცეცხლის სვეტი ავარდა და ცას მიებჯინა. გაისმა ქალების კივილი. ბავშვების ქვითინმა „მეფის ასულს“ ძარღვებში თითქოს სისხლი გაუყინა. მტერი ციხეს შესეოდა.
„ნამდვილი ქართველი ქალი“ მაღლობიდან დაეშვა, – უკან მცირერიცხოვანი ამალა მიჰყვა.
– ხმალი! – დაიძახა `ნამდვილმა ქართველმა ქალმა.
მაშინვე ორლესური მიაწოდეს. ხმალშემართული ქალი ომახიანი ყიჟინით მტრისკენ გაქანდა. იგი ძუ ლომივით იბრძოდა, მტრის სისხლი მიწაზე ნაკადულებად მიედინებოდა.
მომხვდურს თავზარი დაეცა, უკან დაიხია. „მეფის ასულს“ მალე დამხმარე რაზმი წამოეშველა. მტერი ორცეცხლშუა მოექცა. მათგან უკანასკნელიც კი მიწაზე წყევლა-კრულვით დაეცა, მაგრამ, დახეთ ბედის უკუღმართობას! – მტრის შხამიან ისარს „ნამდვილი ქართველი ქალიც“ დაეჭრა.
ქალს თავიდან მანდილი მოძვრა და ნაწნავები დაეშალა. ყორნისფერი თმა სხეულზე გადაებურა, მერცხლის ფრთებივით წამწამები გაფითრებულ ღაწვებზე უღონოდ დაეფინა...
ქართველმა ვაჟკაცებმა მის ირგვლივ უხმო ტირილით დაიჩოქეს და გულში მჯიღები ჩაირტყეს. ქალები და ბავშვები მწარედ აქვითინდნენ.
– წამომაყენეთ! – ითხოვა „მეფის ასულმა,“ – უკანასკნელად შევხედო ჩემს მრავალტანჯულ ქვეყანას.
იგი ფრთხილად წამოაყენეს.
„ნამდვილმა ქართველმა ქალმა“ ცრემლჩამდგარი თვალები საყვარელ მამულს უკანასკნელად მოავლო, აკანკალებული თითებით არემარეს პირჯვარი გადასწერა, უკანასკნელად
ამოიოხრა და...
– ეი, შენ, მეოცნებევ, ბაღში რა მოჩვენებასავით დადიხარ? – ძმის მკვახე ხმა მარიკას მეხის გრიალად ჩაესმა.
ოცნებებში ჩაფლული გოგონა ჯერაც ვერ გამოფხიზლებულიყო.
– მოჩვენებავ... მოჩვენებავ... რა გული გამიხეთქე? – აჯავრებდა ბიჭი და სიცილისაგან იფხრიწებოდა.
მეც ვიცინოდი. რა ვიცოდით, რომ იმ წუთებში ჩვენი მეოცნებე მარიკა „ნამდვილი ქართველი ქალი იყო.“
უცებ, ბრახ! – და „ნამდვილ ქართველ ქალს“ თავში მოღალატე ძმის ნასროლი მკვახე მსხალი მოხვდა. გოგონას ემწარა, ამიტომ უცებ გამოფხიზლდა.
„მეფის ასულს“ სულ გადაავიწყდა, რომ `მომაკვდავ მანდილოსანს ბაღში ქარივით სირბილი არ შეეფერებოდა.
მე ვიდექი და მათ ვუყურებდი. ბიჭი ხარხარით გარბოდა და დას აჯავრებდა. `ჩვენს ნატიფ ასულს გრძელი ზეწარი ფეხებში ებლანდებოდა, მაგრამ უდიდესი სურვილი ჰქონდა „ვერაგი მტრის“ შეპყრობისა, ამიტომ ძმას თავქუდმოგლეჯილი მისდევდა.
„ნამდვილ ქართველ ქალს“ ლამაზი ტანსაცმელი სირბილში სულ შემოეძარცვა. თეთრი ბაფთა ხის ტოტმა შემოაფხრიწა, ზეწარი შემოეხსნა და მიწას დაეფინა, მანდილი მსხლის ტოტზე თეთრი ფრინველივით აფარფატდა. მარიკას გამხდარ კისერზე ჩამოკონწიალებული მარგალიტის მძივიღა შემორჩა.
ტანსაცმელშემოძარცვული, საშინლად გაბრაზებული გოგონა ეზოში ქარივით დაჰქროდა და სულ არ ეტყობოდა, რომ ერთი წუთის წინათ ლეგენდებიდან გადმოსული ნამდვილი ქართველი ქალი იყო.
პრინცესა ცუდ გუნებაზეა
იმ დღეს ისეთ ცუდ გუნებაზე გავიღვიძე, თვალის გახელაც კი მეზარებოდა. აბა, რა იქნებოდა? – ბაჩანა, მარიკა და სალომე ნათესავებთან სტუმრად წაიყვანეს. ირაკლი და გიორგიც გაემგზავრნენ. სამხიარულოს არაფერს მოველოდი. ნამდვილად მარცხენა ფეხზე ავდექი.
ისევ გავბრაზდი, დედამ და-ძმა რომ არ მაჩუქა. ნანა დეიდამ მითხრა, სულ მალე ძამიკო გეყოლებაო. საიდან იცი მეთქი, – ჩავაცივდი. თქვა, – სიურპრიზიაო, – თან სულ დედას უყურებდა და იცინოდა.
საკმაო ხნის წინათ შევამჩნიე, რომ დედა უცნაურად მრგვალდებოდა, მაგრამ უფროსებს ხომ ვერაფერში ენდობი? მაინც არ მჯეროდა, ძმას რომ მაჩუქებდა.
როცა ცუდ გუნებაზე ვარ, შემიძლია ყველაფერს ვეჩხუბო, – კედელს,საათს, მაგიდას... მოკლედ, ყველაფერს.
საწოლი ოთახები მეორე სართულზეა. როცა ძირს ჩამოვდიოდი, კიბის საფეხურზე ფეხი ამიცურდა და ჩამოვკოტრიალდი. კიდევ კარგი, არაფერი ვიტკინე.
მივუბრუნდი კიბეს და დავუწყე ლანძღვა, – შე თავხედო, მთელი დღე რომ ბრიყვივით მზეზე დგახარ და საფეხურები კბილებივით დაგიკრეჭია, რა დაგიშავე, რატომ წამაქციე-მეთქი. კარგი წიხლიც ვუთავაზე, მაგრამ ხმა არ ამოუღია. თუმცა, როდის უთქვამს რამე, ახლა რომ ენად გაკრეფილიყო?
დედამ გამომხედა, მიმიხვდა და ჩაიცინა. რა აცინებდა? ხომ არ ეგონა, დამავიწყდა, და-ძმა რომ არ მაჩუქა?
ახალთახალი, წითელი კაბა მეცვა, მაგრამ გულს მაინც არაფერი უხაროდა.
– პრინცესა, მოდი, გენაცვალე, ისაუზმე, – დედაჩემი სულ დატკბა და დაიშაქრა.
– გენაცვალეო, და ერთ პაწაწინა ბავშვს ვერ შეელია, – ავბუზღუნდი მე.
ვარდის ბუჩქს ჩავუარე. ნახა იმანაც ხუმრობის დრო, – კაბის კალთაზე ეკლიანი ტოტი გამომდო. ისე ვეჩხუბე, სულ ცოფები ვყარე. ვუთხარი, – შენი ხუმრობის გუნებაზე სულაც არა ვარ, არც შენი ტოლი გახლავარ, იქნებ მჩაგრავ, დედისერთა რომ ვარ-მეთქი.
ხომ ისედაც წითელი იყო, სირცხვილისაგან სულ სისხლისფრად ჩამუქდა.
კაბის კალთა გამოვგლიჯე და ასე, – კუდიანი დედაბერივით გაავებული იქაურობას მოვშორდი. ბაღში სკამზე კი არ დავჯექი, დავებერტყე და თავი ხელებში ჩავრგე.
თავში სულ ცუდი ფიქრები მიტრიალებდა. ცას ავხედე, – გამოხუნებული, საძაგელი ფერისა მეჩვენა. გავხედე მზესაც, – ცაზე უფერულ ლაქად იყო გატყაპნილი, მზეს არც კი ჰგავდა. ხეები შევათვალიერე, – უკვდავი კოშჩეის ზღაპარი ხომ წაგიკითხავთ? – სულ იმ საზარელი ჯადოქარივით გამოიყურებოდნენ. ღრუბლებს მივაჩერდი, – პოეტები რომ ხუჭუჭა, ფაფუკბეწვიან ბატკნებს ადრიან, მე კი...
უცებ რაღაცა ზურგზე დამაცხრა. შიშისაგან ავღრიალდი, თან წამიერად ფიქრმა გამიელვა, – ნამდვილად უკვდავი კოშჩეია, ალბათ ჩემი მოტაცება უნდა-მეთქი. ნეტავი, ჩემისთანა გაავებული პრინცესა რისთვის სჭირდებოდა?
რა თქმა უნდა, თავზარი დამეცა. ეზოში დავრბოდი და ვღრიალებდი.
წყეული ჯადოქარი ისევ ზურგზე მეჯდა. თმაში ისევ მის საშინელ ბრჭყალებს ვგრძნობდი.
სახლიდან დედა გამოვარდა, ჩემსკენ გამოიქცა და რატომღაც `აქშა, აქშა~-ო – დაიძახა. გავიფიქრე, როდის ყოფილა, უკვდავი კოშჩეი `აქშა, აქშა~-თი დაეფრთხოთ-მეთქი.
უცებ ზურგი შემიმსუბუქდა. სირბილ-სირბილში უკან მოვიხედე. რისი უკვდავი კოშჩეი? – ჩვენი წითელი მამალი მომდევდა, – ის გადარეული წითელკაბიანებს ვერ იტანდა.
გგონიათ, შევჩერდი? – იცოდეთ, საძაგელი ჯადოქარისა ისე არ მეშინია, როგორც ჩვენი მამლისა.
გავრბოდი თვაქუდმოგლეჯილი. ჩავურბინეთ დედას, ვარდის ბუჩქს, კიბეს, მამალი კი მაინც არ მეშვებოდა.
ვინ იცის, სახლს ირგვლივ რამდენჯერ შემოვურბინეთ. კიდევ კარგი, მამაჩემმა მამალს წკეპლა გადაუჭირა. მაშინვე გვერდზე გახტა და საქათმისკენ მოუსვა, თან გზადაგზა სულ მიქოთქოთებდა, – შავი დღე მაყარა და კიდევ აქეთ მემუქრებოდა?
მამამ დედას ხელი შეაშველა, – ხომ არ გაგიჟდი, შენი სირბილი როგორ შეიძლებაო? დედა სულს ძლივს ითქვამდა, სირბილი რატომ არ შეიძლებოდა, ვერ გავიგე.
მეც დაღლილ-დაქანცული ვიყავი, მაგრამ ყურადღება ვინ მომაქცია? – მამამ დედა სახლში ფრთხილად შეიყვანა, მე კი მარტო დავრჩი, – უფრო გაავებული.
საჩქაროდ ვისაუზმე და გიგა ბაბუასთან გავიქეცი. უგუნებობა შემატყო და თეთრი ლეკვი მათხოვა, – ეთამაშეო.
`ჯეიმს ბონდივით~ ვერ გაგამხიარულებს, მაგრამ გაგართობს, – საღამოს მომიყვანეო.
ლეკვი სახლში წამოვიყვანე. გული თანდათან გამითბა, ჩემს მკერდთან ისე მოიკალათა.
შევხედე ცას, – ცისფერი ნელ-ნელა უბრუნდებოდა. ის უფერული ლაქაც თანდათან მზეს დაემსგავსა.
ჩვენთან სტუმარი მოსულიყო, მამის მეგობარი – ძია ნოდარი. სტუმარს ძვირფასი პერანგი ეცვა. მამა ბაღში რაღაცას საქმიანობდა და მეგობარიც დაეხმარა. პერანგი გაიხადა და სკამის საზურგეზე გადაჰკიდა. დედამ მამის მაისური გამოუტანა.
მშვენიერ ლეკვს დიდხანს ვეთამაშე, მერე ხის ყუთი გამოვათრიე და შიგ ჩავაწვინე, ტკბილად მოისვენებს-მეთქი. თვალები ეშმაკურად უციმციმებდა. დავუბარე, რომ მალე მოვიდოდი და დედასთან გავიქეცი.
ეზოში რატომღაც უცნაური ხმაური ატყდა. მე და დედა გარეთ გავედით. მამა და ძია ნოდარი პერანგს ეძებდნენ. კარგად მახსოვდა, – სკამის საზურგეზე გადაჰკიდა, არადა, ვერ ვიპოვეთ. მთელი ეზო შემოვიარეთ, ქუჩაშიც კი გავიხედეთ, თუმცა გულში მეცინებოდა, – პერანგი ფეხს აიდგამდა და ქუჩაში გავარდებოდა?
მე სახლის უკან, შემოღობილისკენ გავიქეცი. ჩვენი მამალი ისეთი ყაჩაღანაა, მისგან ყველაფერს მოველოდი. ქათმებს შორის გამოჩენილი სარდალივით იდგა და თავმომწონედ ქოთქოთებდა. დამინახა, ფრთები აიქნია და `ყიყლიყოო~ – დაიყვირა. მამლის ენა ჯერ არ მისწავლია, მაგრამ მაინც მივხვდი, – `კიდევ ჩამივარდები ხელშიო~ – დამიძახა. რაღა საშინელი ჯადოქარი და რაღა ეს მამალი, – რა განსხვავებაა?
ისევ გამოვიქეცი. ამდენ სირბილში ფეხი ყუთს წამოვკარი. ჩავიხედე და თვალთ დამიბნელდა, – გიგა ბაბუას ლეკვი ჩვენი სტუმრის პერანგზე იწვა. ეზოს გავხედე, – აქეთ არავინ იყურებოდეს-მეთქი. მაშინვე პერანგს ვეცი, მაგრამ, ნეტავი, სულ არ მენახა... ლეკვს იგი ნაფლეთებად ექცია. შემეშინდა, ლეკვის მოყვანისთვის გამიჯავრდებიან-მეთქი, პერანგს ხელი დავავლე, გავიქეცი და ეზოს იქით ფერდობიდან გადავისროლე, – დაბნეულობისაგან სხვა ვერაფერი მოვისაზრე. მერე ისევ ბაღში გამოვიქეცი, ვითომ მეც პერანგს ვეძებდი.
უცებ წკმუტუნის ხმა მომესმა. მოვბრუნდით და რა ვხედავთ? – ლეკვი იმ დაგლეჯილ პერანგს არ მოათრევს? ჩვენს ფეხებთან დადო და აციმციმებული თვალებით, გამარჯვებული სახით შემოგვაცქერდა, – აქაოდა, ხომ ვიპოვე, რასაც ეძებდითო.
ალბათ წარმოგიდგენიათ, რა ალიაქოთი ატყდებოდა? სტუმარს არეულობაში მონაწილეობა უკვე არ მიუღია. აბა, პერანგს გადაჰყვებოდა?
ეს ამბავი ასე დამთავრდა: საბრალო ლეკვით ხელში ისევ გიგა ბაბუასთან გამაძუნძულეს. კი არ მივდიოდი, მივჩანჩალებდი. უგუნებობა თუ იყო, ეს იყო.
გზაზე ვნახე, გუბეში ჭრიჭინა ჩავარდნილიყო. მივაძახე, – კეთილი იქნებე, თვითონვე გაისარჯე-მეთქი, და გზა გავაგრძელე, მაგრამ გულმა არ მომცა, უკან დავბრუნდი და ჭრიჭინა გუბიდან გამოვიყვანე.
ლეკვი ბაბუას დავუტოვე და შინისკენ გამოვეშურე. უცებ ივიკო ვნახე, – თავის ჭიშკართან იდგა და ხელში თუთიყუში ეჭირა.
თუთიყუში კარგად მიცნობდა. დამინახა თუ არა, ივიკოს ხელიდან დაუსხლტა და თავზე დამაფრინდა. ბიჭს ვთხოვე, ცოტა ხანს მყავდეს, ხომ არ შეგიჭამ-მეთქი. მიიხედ-მოიხედა, დედა არ მხედავდესო და დამთანხმდა.
წამოვედი გახარებული და თუთიყუშით მორთული. თავი ქალღმერთად წარმოვიდგინე. მამამ ბერძნული მითების წიგნი მიყიდა და იქ ათენაზე წავიკითხე. თუმცა, თუ არ ვცდები, იმ ქალღმერთს თავზე შევარდენი ეჯდა.
თუთიყუში ჩემს თავზე წრიალებდა და `დურაკ! დუ-რაკ!~-ო, დამჩხაოდა. არ გავბრაზებულვარ, ვიცოდი, მარტო ამ ერთადერთი სიტყვის თქმა შეეძლო.
მივდიოდი და ქალღმერთობანას ვთამაშობდი. მეგონა, დედა რომ დამინახავდა, გაუხარდებოდა. გაგიგიათ? – როგორც კი შემომხედა, შეჰკივლა, – `ფუჰ, ფუჰ-`ო და ცხვირი გვერდზე მიიბრუნა.
ძალიან გამიკვირდა.
– რას ჰგავხარ, პრინცესა? – მკითხა მამამ.
– ქალღმერთს, – მივუგე გაუბედავად.
– ქალღმერთო, თუ შეიძლება, სარკეში ჩაიხედე, – მთხოვა დედამ.
სარკისკენ გავეშურე, თან მიკვირდა, მშვენიერი თუთიყუში ჩემს თავზე ყვავად ხომ არ იქცა-მეთქი. ფრინველი კი რაღაც საეჭვოდ ხითხითებდა.
სარკეს შევხედა და პირკატა მეცა, – თმა ერთიანად საზიზღარი, თეთრი მასით მქონდა მოსვრილი.
საკუთარ გამოსახულებას გაშეშებული ვუყურებდი. პრინცესა, ან ქალღმერთი ასეთ მდგომარეობაში წარმოგიდგენიათ? ვერც მე წარმოვიდგინე.
თუთიყუშმა ყვირილი დაიწყო, – `დუ-რაკ! დუ-რაკ!~-ო.
– დურაკიც შენ ხარ და ყველაფერი! – გაავებულმა მაშინვე თავიდან მოვიგლიჯე.
ღია ფანჯრიდან გაფრინდა და ახლა ქუჩაში დაიწყო ყვირილი, მე კი სააბაზანოში შევედი და დავიბანე. ამდენი უსიამოვნების შემდეგ რა გამახარებდა?
სააბაზანოდან გამოსულს მამამ მთხოვა, ისევ გიგა ბაბუასთან წადიო.
– თქვენ რა, დღეს ჩემზე ხელი აიღეთ? – ვკითხე გაოცებულმა.
– წადი, შვილო! – მამა მომეალერსა.
– რატომ?
– მერე გაიგებ, სანამ არ მოგაკითხავ, ბაბუასთან იყავი.
– დედა?
– მე და დედა სხვაგან მივდივართ.
– ცუდი ხომ არაფერია?
– პირიქით, უკეთესად არც შეიძლება იყოს.
დედა საწოლზე წამოწოლილიყო.
– დედა, კარგად ხარ?
– კარგად ვარ, შვილო, – დედამ მიმიზიდა და მაკოცა.
– სად მიდიხარ?
– მალე მოვალ, სტუმარსაც მოგიყვან.
– ვის, დედა?
– ეს მერე, ახლა კი გაიქეცი, უნდა მოვემზადო, არ მცალია.
ისევ გიგა ბაბუასთან გამაძუნძულეს. მივდიოდი და მშობლების უცნაურ საქციელზე ვფიქრობდი.
ჩემი მეგობრები, განსაკუთრებით ბაჩანა, ძალიან მომენატრა. ცრემლი მომერია.
გიგა ბაბუას მშობლების შესახებ ვუამბე, მაგრამ სულაც არ გაჰკვირვებია. პირიქით, ძალიან კარგიო, – თქვა და სადილზე მიმიპატიჟა...
თანდათან მოსაღამოვდა, მამა კი არ მოდიოდა. მე და გიგა ბაბუა სახლის წინ ვიჯექით, – ქუჩას გავყურებდით. ძალიან მოწყენილი ვიყავი. ბაბუა თავზე დაკოჟრილ ხელს მისვამდა.
უცებ ბაჩანა დავინახე. ჩვენკენ ქარივით მოჰქროდა.
– ჩამოსულა! ჩამოსულა! – შევძახე და ფეხზე წამოვიჭერი, ქუჩაში სირბილით გავვარდი.
ბაჩანა მომვარდა, გადამეხვია, მაგრად მაკოცა და მერე ციბრუტივით დამატრიალა. `ვაშა! ვაშა!~-ო, – ყვიროდა. გულითადი მეგობრები კი ვართ, მაგრამ ასე არასოდეს მოქცეულა. ხომ არ გაგიჟდა-მეთქი, – გავიფიქრე.
ქუჩას გავხედე. მარიკა და სალომეც მორბოდნენ. მათ უკან აჩქარებული ნაბიჯებით მამაჩემი მოდიოდა.
– გილოცავ, პრინცესა, გილოცავ! – შესძახა ბაჩანამ.
– რა ამბავია, რას მილოცავ?
– ძმა შეგეძინა...
– რა ძმა, რას ლაპარაკობ?
– როგორ ვერ გაიგე? უკვე ძმა გყავს.
– ეს როგორ?
– როგორ და კარგად, რას გაშტერებულხარ? – გაბრაზდა ბიჭი.
თურმე როგორც კი სახლში მოვიდნენ, ეს ამბავი მამაჩემისგან გაიგეს და ჩემკენ გამოიქცნენ. ყველა მეხვეოდა და მკოცნიდა. ისე გამიხარდა, ტირილიც კი დავიწყე. მამამ ხელში ამიტაცა და გულში ჩამიკრა. ვიდექით ასე, თავი მამის თბილ მკერდში მქონდა ჩარგული, ბაჩანა კი ფეხზე მექაჩებოდა. ფეხი ცოტათი წავკარი, მაგრამ ეს ისე, დაბნეულობისგან, სინამდვილეში ძალიან, ძალიან მიყვარდა.
შინ ხელიხელჩაკიდებულნი დავბრუნდით – მე, ბაჩანა, მარიკა, სალომე. მერე ძამიკოც შემოგვიერთდებოდა.
დაღამდა. მე და მამა საავადმყოფოში წავედით. დედა რამდენიმე დღე იქ უნდა ყოფილიყო. წერილი მივწერე, – მადლობას ვუხდიდი, ძმა რომ მაჩუქა.
წერილი დედამაც გამომიგზავნა, ისიც მილოცავდა.
ჩვილების ოთახი პირველ სართულზე იყო. გავიქეცი და ფანჯარაზე ავძვერი. ფანჯარას რკინის ბადე ჰქონდა აკრული და იმას ჩავებღაუჭე.
ოთახში თეთრხალათიანი ქალი დავინახე. ყელის აწევით შევეხვეწე, ძამიკო მანახე-მეთქი. გამიღიმა და თავი დამიქნია.
ჩვილი ფანჯარასთან მოიყვანა. ჩემი ძმა ძილში ტუჩებს აცმაცუნებდა.
– გამარჯობა, მამუკა, – უკვე სახელიც შევურჩიე.
ტკბილად ეძინა.
– მალე მოდი. რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ!
თეთრხალათიან ქალს ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა. რა ატირებდა?
მამუკას ისევ ეძინა. რომ იცოდეთ, რა ლამაზი იყო!
მე და მამა სახლში წამოვედით. ფეხით მოვდიოდით. რა ლამაზი იყო ყველაფერი! რა ბედნიერი ვიყავი!
ვარსკვლავები დიდებულად ბრწყინავდნენ, საამური ნიავი ჰქროდა. შორიდან მდინარის სიმღერა ისმოდა. ცაზე ვერცხლის ფერი მთვარე გაბადრულიყო, თითქოს მე მიცინოდა. მეც გავუცინე და ხელი ღიმილით დავუქნიე.
ჩემი მეგობრების სახლში არ ეძინათ, მოუთმენლად გველოდნენ.
ბაჩანა ჭიშკართან იდგა. ბიჭი ჩვენკენ გამოიქცა და დაგვიანებულ ვახშამზე მიგვიპატიჟა. ეზოში ხელიხელჩაკიდებულნი შევედით.
– რამდენი ვინმე მყავს!– მიხაროდა მე, – ბაჩანა, მარიკა, სალომე... ახლა პატარა მამუკაც შემოგვემატა. მერე კიდევ მოვა ან გოგო, ან ბიჭი, – მე და ჩემი ძამიკო დედას ერთად შევეხვეწებით. ჯერ გაჯიუტდება, იტყვის, – ეკონომიურად წელმომაგრებულები არა ვართო, მაგრამ ბოლოს შევეცოდებით. აბა, რა იქნება?
– ეს რა ბედნიერი, რა შესანიშნავი დღე იყო! – წამოვიძახე მე. შესანიშნავ გუნებაზე ვიდექი.
No comments:
Post a Comment