ლექსები გიგუნას საქართველოზე და აგნესას ინგლისზე
გიგუნამ მშვენიერ გუნებაზე გაიღვიძა. როცა გუნება ლამაზი კი არა, ცოტა მეტი – მშვენიერია, როგორ შეიძლება, ლექსების წერის სურვილი არ გაგიჩინოს?
დაინახა თუ არა ლამაზზე ცოტა მეტი, მშვენიერი ზაფხულის დილა, გიგუნამ ლექსი მაშინვე პატარა ბურთივით ესროლა:
ლექსი ვთქვათ საქართველოზე,
მთაზე, ტყეზე და მდელოზე...
დილისა მიყვარს ფერიო,
ჰერი და კიდევ ჰერიო!
დილამ გადაიკისკისა და მაშინვე ლექსით უპასუხა:
ლამაზად ხომ თენდებაო?
მიყვარს, ვინც ადრე დგებაო,
მიყვარს მთა, ტყე და მდელოო, –
გიგუნას საქართველოოო!
გიგუნა მაშინვე მიხვდა, რომ დილაც ლექსების შეთხზვის გუნებაზე იყო და ციდა ტელეფონით – ოცნება აგნესას დაურეკა:
– აგნესა, საქართველოში ისეთი ლამაზი დილაა, რომ ლექსების შეთხზვა მომინდა.
აგნესამ მხიარულად დაიძახა:
– რა კარგია, გიგუნა, დილა მალე ინგლისშიც დადგება. ვფიქრობდი და ვერ გამეგო, ჩემს გუნებას რა უნდოდა. თურმე, ლექსების შეთხზვა მოსურვებია!
– ჩემი საქართველო ლამაზზე მეტი – მშვენიერია!
– ჩემი ინგლისიც ლამაზზე მეტი – მშვენიერია!
და აგნესამ საყვარელ ინგლისს მაშინვე ლექსი აჩუქა:
მიყვარს მინდვრებიც, ტყეებიც
და ნისლიანი დღეებიც...
ინგლისო, ჩემო ლამაზო,
მსურს, ლექსი შემოგთავაზო!
მშვენიერ კუნძულს ისე გაუხარდა, რომ მაშინვე ლექსით უპასუხა:
ასე გიყვარვარ განაო?
იზრდები თანდათანაო,
მიმოფანტულან ნისლები,
მზით და ხალისით ვივსები.
ოქროსთმიანი აგნესაც დარწმუნდა, რომ ლექსის გუნებაზე იყო და ძალიან გამხიარულდა:
– ახლა რაზე ვთქვა ლექსი? რა უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი?
თოჯინა ელიზაბეტმა მხრები მაშინვე გაკვირვებით აიჩეჩა, – აქაოდა, როგორ ვერ მიხვდი, რა უნდა იყოს ჩემზე უფრო მნიშვნელოვანიო.
– რა თქმა უნდა, – წამოიძახა აგნესამ, – ჩემო ელიზაბეტ, განა შეიძლება, შენ დამავიწყდე?
და ელიზაბეტზე მაშინვე პაწაწინა ლექსი შეთხზა:
მივხვდი, მივხვდი, სახე რატომ გიბრწყინავს,
მივხვდი, მივხვდი, რად გიყურებ მოცინარს,
გულში გიკრავს აგნესა და ინგლისი,
ელიზაბეტ, ჩემო კოხტა თოჯინავ!
ელიბაზეტს სახე უფრო გაუბრწყინდა და ლაპარაკი რომ შესძლებოდა, უთუოდ ასე იტყოდა:
მიღიმის თოჯინას
აგნესა ტკბილად,
მახარებს ინგლისის
ლამაზი დილაც!
საქართველოში დილა უკვე გასულიყო და მზე მთელი ძალით კაშკაშებდა. გიგუნა თავის საყვარელ ლეკვს, ბოლტოს ეთამაშებოდა. ორივენი ეზოში, მწვანე მოლზე კოტრიალებდნენ.
ბიჭმა სიხარული გულში ვერ დაიტია და ლეკვს ლექსად უჩურჩულა:
ნუ შეგაწუხებს ფიქრები,
ბოლტო, სულ შენთან ვიქნები!
ბოლტო პირველმა კუდი ააქიცინა, ბიჭს ხელი ვარდისფერი ენით აულოკა და მხიარულად დაიწყო ყეფა. თუ ყურს კარგად მიუგდებდით, უსათუოდ ლექსს გაიგონებდით:
ცუდი რაა ამაშიო? –
გაიმართა თამაშიო...
რა მზიანი დარიაო,
აგრემც, გაგვიხარიაო!
საქართველოს ცაზე დიდი, ჩახჩახა მზე ტაატ-ტაატით მიაბიჯებდა. მზემ ლეკვთან მოთამაშე ბიჭუნას უყურა, უყურა და მერე მხიარულად გადმოსძახა:
– გიგუნა, ბიჭო, გიგუნა! განა მე არ მეკუთვნის ერთი, თუნდაც სულ პაწაწინა ლექსი?
გიგუნამ მაშინვე მხიარულად უპასუხა:
– როგორ არ გეკუთვნის? ლექსს დაგამადლი?
სიტყვა და საქმე ერთი იყო. ლექსი მზისკენ ტოროლასავით აფრინდა და აწკრიალდა:
ზაფხულია საოცარი,
მზიანი დღე – სალოცავი,
ლექსს გაჩუქებ თავაზიანს,
ცხრათვალა მზე ლამაზია...
მზემ გადაიკისკისა. მერე ლექსი სხივზე მძივივით აკინძა და გიგუნას გაუწოდა:
გიგუნა, მსურს გითხრა სიმართლე, –
ინებე სითბო და სინათლე,
ეს კოხტა მამული შენია,
ლამაზი ზაფხულიც შენია...
რამდენიმე საათის შემდეგ მზეს აგნესაც ღიმილით შეჰყურებდა და ლექსს თხზავდა:
რა ლამაზი დღეაო,
რა ლამაზი მზეაო,
ზაფხული რა თბილიო,
სიცოცხლე რა ტკბილიო...
მადლიერმა მზემ გოგონას მაშინვე უპასუხა:
სხივებით ასხმულ-დასხმული,
გაამოს ტკბილი ზაფხული!
ლამაზზე მეტმა, მშვენიერმა დღემ საქართველოში სულ ღიმილ-ღიმილით გაიარა. მერე დღემ ასევე სიმღერ-სიმღერით გაიარა შორეულ ინგლისშიც.
გიგუნამ იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა, რომ ასეთი ლამაზი ზაფხული მხოლოდ საქართველოში შეიძლებოდა ყოფილიყო. აგნესამაც გადაწყვიტა, რომ მარტო ინგლისში თუ იქნებოდა ასეთი მშვენიერი ზაფხული.
ბავშვები ღამემაც ძალიან მოხიბლა:
მზემ გვიამბო დღის ლამაზი ზღაპარი,
ღამე დადის, როგორც ზღაპრის ფერია,
ასე კარგი, ნეტავ, რას შევადარო? –
საქართველო ისე მშვენიერია! - აწკრიალდა გიგუნას ლექსი.
დღე იყო და მზისგან გაბრწყინებული,
მთვარე ელავს, როგორც ღამის ფერია,
სამშობლოზე კარგი, ნეტავ, რა იყოს? –
ბრიტანეთი ისე მშვენიერია! - აღუღუნდა აგნესას ლექსი.
აგნესას ძალიან, ძალიან უყვარდა თავისი მშვენიერი ქვეყანა, მაგრამ მას გიგუნას საქართველოც უყვარდა. იფიქრა, იფიქრა და მეგობრის სამშობლო ისე მოენატრა, რომ ლექსი ცოტათი სევდიანი გამოუვიდა:
ოცნებას რომ ვერ ვმალავ,
განა ჩემი ბრალია...
საქართველოვ, ძვირფასო,
მენატრები ძალიან! -დაიჩივლა აგნესას ლექსმა.
გიგუნასაც ძალიან, ძალიან უყვარდა თავისი მშვენიერი ქვეყანა, მაგრამ მას აგნესას ინგლისიც უყვარდა. მეგობრის სამშობლო მოენატრა და მანაც ცოტათი სევდიანი ლექსი შეთხზა:
ფიქრები რომ ჩივიან,
განა ჩემი ბრალია,
რომ აგნესაც ინგლისიც
მენატრება ძალიან! -ამოიოხრა გიგუნას ლექსმა.
ციდა ტელეფონი-ოცნება საქართველოშიც აწკრიალდა და ინგლისშიც. ბავშვებმა ლექსები ერთმანეთს წაუკითხეს და აკისკისდნენ. ლექსებმაც გაიცინეს.
დიდმა აურზაურმა დრო იხელთა და მაშინვე მოვარდა.
– რა იყო? რაშია საქმე? – დაიძახა აურზაურმა და ხან აქეთ ეცა, ხან იქით.
– ტყუპისცალები ვართ, ტყუპისცალები! – გაიცინეს ლექსებმა და დიდ აურზაურს მაშინვე მიურითმეს:
დიდო აურზაურო,
ფუჭად როდი ხმაურობ,
არ გატყუებს თვალები,
ჩვენ ვართ ტყუპისცალები!
დიდმა აურზაურმა ჯერ გიგუნას ლექსები მოისმინა და დაიძახა:
– რა კარგი ლექსებია! რა მშვენიერია საქართველო!
მერე აგნესას ლექსებმა ჩაირაკრაკეს და დიდმა აურზაურმა ისევ დაიძახა:
– დიდებულია, დიდებული! რა მშვენიერია ინგლისი!
რაღაც აიწონა-დაიწონასავით თამაში გამოვიდა და დიდი აურზაური, ცოტა არ იყოს, გაგულისდა:
– ლექსებმა სულ დამაბნიეს. ეტყობა, საქართველოც მშვენიერია და ინგლისიც. ლამაზზე მეტი – მშვე-ნი-ე-რი! უჰ, ენა მეღრძო ასეთი ძნელი სიტყვის თქმით... აბა, გავიქეცი!
და ახლა სხვა ქვეყნებისკენ, სხვა ბავშვებისკენ გაიქცა, – ისინიც თავიანთ სამშობლოზე ლექსებს თხზავდნენ.
რატომ არის ასე კარგი?
გიგუნას ხვეწნა-მუდარის მიუხედავად ზაფხულმა თავისი არ დაიშალა და სულ ცეკვა-ცეკვით გავიდა. დადგა დღე, როდესაც ბიჭი ქალაქში უნდა დაბრუნებულიყო.
საყვარელ სოფელს გიგუნა დილიდანვე ემშვიდობებოდა. შემოიარა ყველა ნაცნობი ადგილი, ყველაფერს თვალი გადაავლო. გულის ერთმა ნახევარმა კვნესა დაიწყო, – აქაურობის დატოვება ენანებოდა, მეორე ნახევარი კი ამღერდა, – ბიჭს ქალაქიც მონატრებოდა.
– რა ხდება? – გაოცდა გიგუნა, – განა შეიძლება ერთდროულად კიდევაც გეტირებოდეს და კიდევაც გეცინებოდეს?
მაგრამ, თურმე შეიძლებოდა. გიგუნამ შეათვალიერა თავისი ლამაზზე მეტი, მშვენიერი სოფელი, – რახრახა და ტრაბახა მდინარე, მორცხვი და ლიკლიკა წყარო, ჭრელა-ჭრულა, თითქოს ხალიჩებდაფენილი მინდვრები, თავმომწონე ხეებზე დაშაქრული ხილი, ტოტებზე მიფენილი ჭორიკანა ფოთლები, ნიავთან მოცეკვავე, პრანჭია ყვავილები, ხუჭუჭა ტყეს მისეული ენაჭარტალა ჩიტუნები, ველ-მინდვრებზე სულ ათინათებად მიმოფრქვეული მზის სხივები, შორს ზღაპრული გოლიათებივით მოდარაჯე მთები... უყურა, უყურა და ცოტათი კიდევაც წაუტირა.
– რატომ არის ეს სოფელი ასე კარგი? – წაიბუზღუნა გიგუნამ, – კარგი ხომ არ იყოს, აქაურობის დატოვება ხომ არ დამენანებოდა?
გულმა მაშინვე უპასუხა:
– კარგი იმიტომაა, რომ შენი მშობლიური სოფელია, გიგუნა!
მართლა ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ საქართველოში ულამაზო სოფელი სადმე გეგულებათ?
დედა ბარგს ალაგებდა. ანალიკა ღუღუნებდა, – ჯერ არ აწუხებდა შეკითხვა – რატომ არის ეს სოფელი ასე კარგიო. მამა მანქანას ნაწილებს უმოწმებდა.
ბიჭმა ეზოს ყველა კუთხე-კუნჭული შემოიარა.
– ნახვამდის, გიგუნა, ნახვამდის! – ჩამოსჭიკჭიკეს ეზოს ბეღურებმა.
– ყურლუმ-ბურლუმ! ყურლუმ-ბურლუმ! – ბიჭის წასვლა ბურლუმ-ბურლუმსაც კი ენანებოდა.
– მე-მე! მე-მე! – თხამ გიგუნასკენ ისე გაიწია, კინაღამ თოკი გაწყვიტა, – მეც გემშვიდობებიო.
ბოლტოებიც ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, ბოლტო პირველი გიგუნას ქალაქში მიჰყვებოდა, ბოლტო მეორე ზურიკოს ვერ შორდებოდა.
სოფლის ბავშვები, თითქოს დაიბარესო, მაშინვე გიგუნას ეზოში გაჩნდნენ. `ნახვამდის, კარგად იყავის~ ბოლო არ უჩანდა.
– ნახვამდის! ნახვამდის! – დაიძახა გიგუნამ, – შეხვედრამდე, მეგობრებო!
ცაზე ფეხმოტეხილი ღრუბელი გამოქრიალდა და გიგუნას გადმოხედა.
– რა ხდება, ბიჭი?
– ქალაქი ვბრუნდები. ნახვამდის, ფეხმოტეხილო ღრუბელო!
ღრუბელი გაოცდა:
– რაო, მეც მემშვიდობები?
– რა თქმა უნდა. მაპატიე, ერთხელ შურდულით რომ ქვა გესროლე.
– ეგ არაფერი, უკვე დამავიწყდა... დამშვიდობება კი საჭირო არ არის. ღრუბელი ვარ, საითაც მინდა, იქით გავემგზავრები. გადაწყდა, შენთან ერთად მივდივარ.
– მადლობელი ვარ, ფეხმოტეხილო ღრუბელო!
შორიდან მამის ხმა გაისმა:
– გიგუნა, სადა ხარ? მივდივართ, შვილო!
შინაურები ბიჭუნას ცრემლებით გამოემშვიდობნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ელისომაც კი ვერ შეიკავა თავი.
ბიჭი ბებო რუსიკოს გულში ჩაეკრა და შესტირა:
– ბებო რუსიკო, რატომა ხარ ასე კარგი?
ბებო რუსიკომ კოცნით უპასუხა:
– იმიტომ რომ შენი ღვიძლი ბებია ვარ, ჩემო პატარა ბიჭო!
ბიჭი მამის მანქანაში ჩაჯდა. ფიქრმობილი, სიზმარმობილი და მთვარემობილი ქალაქის ფარეხში თვითონ მივიდოდნენ. წამიც არ დასჭირდებოდათ.
მანქანა გზაზე გასრიალდა.
– გიგუნა მიდის, გიგუნა! – დაიძახეს გზის პირას ჩამწკრივებულმა ხეებმა და თავპირისმტვრევით გამოიქცნენ. მხოლოდ შეეშალათ, – ისინი აქეთ მორბოდნენ, მამის მანქანა – იქით.
მთები, რომლებიც მუხლებზე დაჩოქილ გოლიათებს ჰგავდნენ, ნელ-ნელა წამოდგნენ:
– გზა მშვიდობისა, გიგუნა, გზა მშვიდობისა!
გზატკეცილი აშრიალდა:
– მიდი, ბიჭო, იარე – ჩაიარე, ზედ გულზე გადაგვიარე და სულ მშვიდობით იარე!
გზაზე პატარა ქალაქიც შემოხვდათ:
– დედაქალაქში მიდიხართ? – გადმოსძახა მათ პატარა ქალაქმა, – დედას მოკითხვა გადაეცით!
– გადავცემთ, გადავცემთ!
მანქანასთან ერთად გზაზე მიწურული ზაფხული მირბოდა, – მშვენიერ დღეს მიარბენინებდა.
მაღალ-მაღალმა მთებმა, მწვანეტანსაცმლიანმა გოლიათებმა სულ ახლოს ჩაიარეს. მათ ხასხასა ლაბადებზე ჯერ ერთი ფოთოლიც კი არ იყო გახუნებული.
მაღლა ფეხმოტეხილი ღრუბელი მიქროდა. ცა თითქოს ზღვა იყო, ფეხმოტეხილი ღრუბელი კი იალქნიანი გემი.
– მანქანაზე სწრაფი ვარ,
ქარზე მარდად დავქრივარ, – მღეროდა ფეხმოტეხილი ღრუბელი, რომელიც სულაც არ იყო ფეხმოტეხილი.
გიგუნამ უყურა, უყურა მზით გაბრწყინებულ გზას, მოგზაურ დღეს და იკითხა:
– რატომ არის ეს დღე ასე კარგი?
მაგრამ სანამ გული პასუხს მოიფიქრებდა, ბიჭს მანქანის რწევა-რწევაში ჩაეძინა. ჩაეძინა ბოლტოსაც. ანალიკამ ხომ მთელი გზა ძილში გაატარა.
დედამ ისინი ქალაქის შესასვლელთან გააღვიძა. დედაქალაქმა ხელები ფართოდ გაშალა და მგზავრები მანქანიანად გულში ჩაიკრა.
– გიგუნა, უკვე დაბრუნდი? კეთილი იყოს შენი მობრძანება! აბა, ერთი დამენახვე! ოჰო, როგორ გაზრდილა ეს ბიჭი!
გიგუნას სახე გაუნათდა. ორივე თვალმა გაიცინა. გულის ორივე ნახევარი აღიღინდა. ბიჭს საყვარელი დედაქალაქი ძალიან მონატრებოდა. – რატომ არის ეს ქალაქი ასე კარგი?
გულმა პასუხი წამითაც არ დაუგვიანა:
– იმიტომ რომ შენია,
ეს ქალაქი შენია!
ბოლტო პირველი აწრიალდა. ქუჩებს გახედა და ისე მოეწონა, გიგუნას ორივე ლოყა გაულოკა. აბა, ქუჩებს ხომ არ გალოკავდა?
მივიდნენ თავიანთ სახლში. სახლმა კარები ფართოდ გამოაღო:
– მობრძანდით! მობრძანდით! რახანია, გელით! გზისკენ ყურებით თვალები დამაწყდა. უჰ... ფანჯრები მინდოდა მეთქვა.
ბიჭი სახლში ყვირილ-ყვირილით შეიჭრა. დიდ აურზაურს შენ დააკავებდი? – მაშინვე მეზობლებს დაუძახა. ბიჭის დაბრუნება ყველას ძალიან გაუხარდა.
დაღამდა. გიგუნამ ფანჯრიდან ღამის თბილისს გადახედა. დედაქალაქი ისეთი ლამაზი ჩანდა, რომ ბიჭს გულზე სიამოვნების ტალღამ გადაუარა.
ცაზე ფეხმოტეხილი ღრუბელი არ ჩანდა, – დასაძინებლად წასულიყო, სამაგიეროდ მთვარე ქათქათებდა. მთვარემ გაიღიმა და ბიჭს ჩამოსძახა:
– ხომ ხედავ, რა დიდი ვარ,
და რა მაღლა ვკიდივარ?
– გიგუ, აქედან შენი სოფელიც კარგად მოჩანს და ქალაქიც. რა ლამაზია შენი პატარა ქვეყანა!
ცნობისმოყვარე ფიქრი მაშინვე ბიჭთან მიიჭრა:
– გიგუ, შენს გახარებას, ერთი, მთვარეს ჰკითხე, ეს ქვეყანა ასე მშვენიერი რატომ არის-თქო!
– მთვარევ, რატომ არის ეს ქვეყანა ასე კარგი?
– მაგას კითხვა რად უნდა? – გაიცინა მთვარემ, – ასე კარგი იმიტომაა, რომ შენი სამშობლოა. სამშობლო ძვირფასიცაა, ლამაზიც და საყვარელიც. თუმცა, რას ვამბობ? შენი პატარა საქართველო ხომ ლამაზზე მეტი – მშვე-ნი-ე-რი-ა!
– აი, რატომ არის ეს ცხოვრება ასე კარგი! – წამოიძახა გახარებულმა ბიჭმა, – იმიტომ, რომ ასე მშვენიერ სამშობლოში ვცხოვრობ!
პირველი დღე სკოლაში
პირველი სექტემბერი ყოველთვის უჩვეულოა, მით უმეტეს, თუ სკოლაში სულ პირველად მიდიხარ.
დილიდანვე დარიგებების მთელი კორიანტელი დადგა:
– გიგუნა, სკოლაში არ იცელქო! – არიგებს ბიჭს დედა.
– გიგუ, ბიჭებს არ ეჩხუბო! – არიგებს მამა.
ანალიკა ღუღუნებს, ალბათ ამბობს, გოგონებს თმები არ დააწიწკნოო.
– გიგუ, სკოლიდან მოსვლა არ დააგვიანო. იცოდე, მოუთმენლად გელოდები, – ყეფა-ყეფით არიგებს ბოლტო პირველი.
ბიჭი ქუჩაში მიდის. გული ახლა ფეხმოტეხილმა ღრუბელმა წაიღო:
– შენ სათამაშოდ კი არ მიდიხარ... სწავლა ძნელია, ძმაო, ძნელი...
გიგუნა მხრებს იჩეჩავს.
– ე, ბიჭო, სკოლას შურდულით ქვა არ ესროლო! – ფეხმოტეხილი ღრუბელი ძველს მწარედ უხსენებს.
– გიგუნა, სკოლაში შენი ოინები უნდა დაივიწყო, – მეასედ არიგებს დედა.
გიგუნა ძალიან ბრაზდება:
– რა ამბავია? ხომ არ გინდათ, სკოლაში წასვლა გადავიფიქრო? უთქვენოდაც ვიცი, როგორაც უნდა მოვიქცე.
– კარგი, შვილო! – დედა თავს ეჭვიანად აქნევს, ფეხმოტეხილი ღრუბელი კი ხითხითებს და ხითხითებს.
ქუჩა ბავშვებითაა სავსე, ბავშვები კი ყვავილებით ავსებულან. თაიგული გიგუნასაც მიაქვს და ვარდები იქაურობას სიცილ-კისკისით იკლებენ:
– სკოლაში მივდივართ, სკოლაში!
სკოლა გახარებულია. გარუჯული და დასვენებული ბავშვები ისევ დაბრუნდნენ. ეს რა არის – ახლებიც შემოემატნენ.
– გამარჯობათ! გამარჯობათ! – ამბობს სკოლა, – გიგუნა, შენც მოხვედი? რა კარგი დღე გამითენდა, რა კარგი!
გიგუნას მოსწონს თავისი სკოლა, – იგი ისეთი კარგია! კარგი კი იმიტომაა, რომ ამიერიდან გიგუნას მშობლიური სასწავლებელია.
დედამ შვილი მასწავლებელს ჩააბარა. ბიჭს იგი გამხდარ, პატარა გოგონად მოეჩვენა და გაოცდა. გიგუნას ეგონა, რომ მასწავლებელი უსათუოდ სათვალიანი, წარმოსადეგი და მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ქალი იქნებოდა. ეს კი ისეთი ახალგაზრდაა! წარამარა იბნევა და წითლდება. თურმე მასწავლებლობის სწავლა წელს დაამთავრა.
ბიჭმა ვარდების დიდი თაიგული მიართვა. მასწავლებელი ყვავილებმა თითქმის დაფარა და თვითონაც გაწითლდა.
ბიჭმა ამოიოხრა, – ამ გოგონას მასწავლებელი როგორ უნდა დაუძახოს?
მშობლებიც გრძნობენ, ქალიშვილი რომ თავს უხერხულად გრძნობს, მაგრამ თანაუგრძნობენ, უღიმიან. იციან, რომ მასაც დრო სჭირდება, რათა მასწავლებლობას შეეჩვიოს.
ბოლოსდაბოლოს, გაკვეთილიც იწყება. ფეხმოტეხილი ღრუბელი ფანჯრიდან იჭყიტება. აინტერესებს, გიგუნა გაკვეთილზე ხომ არ ცელქობსო. დედები პატარებს სკოლის ეზოში ელოდებიან.
ბავშვები მასწავლებელს თავიანთ შესახებ მოუთხრობენ. გიგუნაც უყვება ზაფხულზე, აგნესაზე, ფეხმოტეხილ ღრუბელზეც კი.
ფეხმოტეხილ ღრუბელს გული აუჩუყდა და ცოტა წაუტირა კიდეც, – სკოლის ეზოში წუთით წამოჟინჟლდა, მაგრამ, მაშინვე გადაიღო. აბა, ბავშვებს პირველ სექტემბერს ხომ არ ჩაამწარებდა?
გიგუნას თავგადასავალი ბავშვებს სულ არ უკვირთ, მაგრამ მასწავლებელი გაოცებულია:
– ეტყობა, ამ ბიჭუნას უკიდეგანო ფანტაზია აქვს, – ფიქრობს იგი, მაგრამ არაფერს ამბობს.
მასწავლებელს სამასწავლებლოში დაუძახეს, – ბავშვებს ახალთახალი `დედაენები~ საჩუქრად უნდა მოუტანოს.
– აბა, თქვენ იცით, გაისუსეთ და დამელოდეთ! – ამბობს იგი.
მაგრამ გიგუნას რა გააჩერებს? ჩანთაში ახალთახალი ფლომასტრები ეგულება, – დილით დედამ აჩუქა და ბიჭმა გასინჯვა ვერ მოასწრო.
რა მშვენიერი ფლომასტრებია! ბავშვებო, რა მერხებზე გაყუჩებულხართ? მიდით გიგუნასთან, ფლომასტრები გასინჯეთ!
ბავშვები გიგუნას ირგვლივ გროვდებიან. უმრავლესობა ერთმანეთს კარგად იცნობს, – ბაღშიც ერთად დადიოდნენ, ეზოშიც ერთად თამაშობდნენ.
– ალბათ კარგად ხატავს!
გიგუნამ რვეული ამოიღო, მაგრამ დაენანა. რვეული სულ ახალია, ცარიელი ფურცელი კი არა აქვს, – რაზე უნდა დახატოს?
რა თქმა უნდა, თავის სახეზე. ასეთი შავი ფლომასტრით გრძელი, გაწკეპილი ულვაშის დახატვა სულ ადვილად შეიძლება.
– რა კარგია! – აჟრიამულდნენ ბავშვები.
ულვაშები ყველას მიუნდა. ზოგმა წვერიც კი მოისურვა. მარტო ერთი პატარა გოგონა გაჯიუტდა და შავი კი არა, სახეზე არც ზღვისფერი ულვაში დაახატვინა. ბავშვებმა მაშინვე მეტიჩარად მონათლეს.
გოგონა გაიბუტა და უკანა მერხზე გადაჯდა, ხელები გულზე დაიკრიფა და გაბრაზებული ფანჯარას მიაჩერდა, მაგრამ ფანჯრიდან ფეხმოტეხილი ღრუბელი იცქირებოდა და სიცილით კვდებოდა.
ისეთი გადამდები სიცილით იცინოდა, რომ გოგონას გული გაეხსნა და გაეღიმა. ისევ ბავშვებთან მივიდა და გიგუნას სთხოვა, – არ შეიძლება ულვაშის ნაცვლად ლოყებზე ჭორფლი დამახატოო?
– რატომაც არა? – თქვა გიგუნამ და გოგონას სახე მაშინვე ყავისფერი, ფართო ჭორფლებით დაუფოთლა. გოგონა ძალიან გამხიარულდა.
კლასში ახლა ოცდახუთი ულვაშა და ერთი ჭორფლიანი გოგონა იყო. ყველა მხიარულობდა, მაგრამ არა შემოსული მასწავლებელი...
იგი კართან გაშეშდა. წიგნები კინაღამ ხელიდან გაუცვივდა. კარგახანს ასე იდგა, მერე პირსახოცს ეცა. პირსახოცით ბავშვებს დაერია, მაგრამ, ნურას უკაცრავად!
ეტყობოდა, ამ ფლომასტრის ჩამობანვა მარტო ცხელი წყლით და საპნით შეიძლებოდა.
გიგუნას ფლომასტრები კი წაართვა, მაგრამ რაღა დროს? მოსახდენი უკვე მომხდარიყო. რა გაეწყობოდა? მასწავლებელმა თავის ულვაშა მოსწავლეებს `დედაენები~ დაურიგა. ამასობაში ზარიც დაირეკა. სახლში წასვლის დროც დადგა.
მასწავლებელმა ბავშვები მწკრივად დააწყო. ფლომასტრები არც გახსენებია. ბიჭმა თვითონვე შეახსენა, მასწავლებელს კაცურად სთხოვა:
– მეტს აღარ ვიზამ, მაპატიე... თუ და ხარ, ჩემი ფლომასტრები დამიბრუნე!
მასწავლებელმა კოლოფი გაუწოდა, თვითონ კი ყაყაჩოსავით გაწითლდა.
ბავშვები დერეფანში მიდიოდნენ. სკოლას წამში მოსდებოდა ამბავი, – ერთმა ბიჭუნამ თანაკლასელები მოხატაო. მოდიოდნენ ყველანი, – მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც და ულვაშებგადაწკეპილ პირველკლასელებს უყურებდნენ, თან სიცილით იხოცებოდნენ. ერთმა მეტიჩარა მეთერთმეტეკლასელმა ფოტოაპარატიც კი დააძრო.
დედები ეზოში ჯერ მასწავლებელივით გაშეშდნენ, მერე ერთხმად აკისკისდნენ. მარტო მასწავლებელი და გიგუნას დედა იდგნენ ყაყაჩოებივით გაწითლებულები.
დიდმა აურზაურმა მაშინათვე დრო იხელთა, – აბა, ხმაური ახლა ატყდებაო, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. დედები გიგუნას არ გაჯავრებიან, პირველივე დღეს ხომ არ წაეჩხუბებოდნენ?
ბიჭუნას ხელში თავისი შესანიშნავი ფლომასტრები ჩაებღუჯა და შინ სულ ხტუნვა-ხტუნვით ბრუნდებოდა.
– ჰერი, ჰერი და ჰერი! დღეს მომწონს ყველაფერი! – მღეროდა ბიჭი.
დედას გულისწყრომა ჯერ არ განელებოდა:
– როგორ შემარცხვინე! ხომ იცი, წელს სკოლაში ვერ ვიმუშავებ, ანალიკას უნდა მოვუარო. მეგონა, დიდი ბიჭი გამეზარდა, საკუთარ თავს თვითონაც მიხედავს მეთქი...
– ასედაც იქნება, – უპასუხა გიგუნამ.
– ის არაფერია, ბავშვებს რომ ულვაშები დაახატე?
– თვითონვე არ მთხოვეს? – მხრები აიჩეჩა ბიჭმა, – კარგი რა, დედა, ამაზე ფიქრიც არა ღირს, იმიტომ რომ, – ჰერი, ჰერი და ჰერი! დღეს მომწონს ყველაფერი!
ფეხმოტეხილი ღრუბელი ცაზე სიცილ-სიცილით მიქრიალებდა:
– ხომ ვამბობდი, ეს დღე უფათერაკოდ არ ჩაივლის მეთქი! ჰეი, გიგუნა, შეგირცხვეს დახატული ულვაში! ეს რა ამბები დაატრიალე სკოლაში?
მხიარული მატარებლები
დრო გადიოდა. გიგუნას სკოლა და თავისი ძალიან ახალგაზრდა მასწავლებელი ძალიანაც შეუყვარდა. სკოლაში უკვე აგნესაც დადიოდა. თავისი მასწავლებელი იმასაც ძალიან შეჰყვარებოდა.
ერთხელ გოგონა თავის ოთახში იჯდა და მეცადინეობდა, – ინგლისურ ანბანს იზეპირებდა. უცებ ციდა ტელეფონი-ოცნება აწკრიალდა:
– აგნესა, რას აკეთებ? – გაისმა გიგუნას ხმა.
– რას უნდა ვაკეთებდე? ვზივარ და ინგლისურ ანბანს ვსწავლობ... შენ რას საქმიანობ?
– მე ქართულ ანბანს ვიზეპირებ.
– არ გიჭირს?
– მიჭირს რომელია? ასო რაე-მდე ყველაფერი რიგზეა, – შემიძლია წყაროსავით ჩავალუკლუკო, მერე კი ყველაფერი ერთმანეთში მერევა.
– მეც ასეთ დღეში არა ვარ? – ამოიოხრა აგნესამ.
– ნუ გეშინია, რამეს მოვიფიქრებ... შენთან, სკოლაში რა ამბებია?
– გადასარევი, – თქვა გოგონამ, – მხოლოდ ელიზაბეტი ყოველ დილით მებუტება, სკოლაზე ეჭვიანობს.
ყურმილში ბოლტო პირველის ყეფა გაისმა. ისიც ელიზაბეტის დღეში იყო.
– შენს სკოლაში რა ხდება? – იკითხა აგნესამ.
– ჩემს მასწავლებელზე ხომ გიამბე, - პატარა გოგოს ჰგავს-მეთქი. უკვე შევეჩვიე და ახლა მასწავლებელს ვეძახი. ძალიან დავმეგობრდით!
– ეგ კარგია, კარგი!
– კარგი მაშინ იქნებოდა, ანბანის დამახსოვრება რომ არ მიჭირდეს... თუ რამეს მოვიფიქრებ, აუცილებლად შეგატყობინებ!
ბიჭი ფიქრებში ჩაიძირა, როგორ უნდა დაიზეპიროს მშობლიური ანბანი, თუ `რაეს~ შემდეგ ვერ იმახსოვრებს?
გიგუნამ იფიქრა, იფიქრა და ანბანის ასოები მატარებლის ვაგონებივით გაამწკრივა. ანბანს გაუხარდა:
– ეს ბიჭი რაღაც საინტერესოს მოიფიქრებდა. ვნახოთ, ვნახოთ!
მშვენიერი ელმავალი – `დედაენა~ მოსრიალდა და ვაგონებს წინ დაუდგა.
– დედაენა! დედაენა! – აჟრიამულდნენ ანბანის ასოები. ანი დედაენას ჩაეჭიდა, ბანი – ანის, განი-ბანის და ასე ბოლომდე.
ელმავალი ნელა დაიძრა. მას ოცდაცამეტი ვაგონი გაჰყვა, რომელთაც ერქვათ: ან, ბან, გან, დონ, ენ, ვინ, ზენ, თან, ინ, კან, ლას, მან, ნარ, ონ, პარ, ჟან, რაე, სან, ტარ, უნ, ფარ, ქან, ღან, ყარ, შინ, ჩინ, ცან, ძილ, წილ, ჭარ, ხან, ჯან, ჰაე.
თქვენ წარმოიდგინეთ, ვაგონები არც `რაეს~ შემდეგ არეულან, ერთმანეთს კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ.
ელმავალმა სიჩქარეს უმატა. ვაგონებიც აჩქარდნენ და ბიჭის წინ ლიკლიკით კი არა, სულ ლუკლუკით ჩაიარეს.
– ან, ბან, გან, დონ... – გაიძახოდა გახარებული გიგუნა, – ანბანის დამახსოვრება `რაეს~ შემდეგაც არ გასჭირვებია. ასეთი მშვენიერი ვაგონების დავიწყება როგორ შეიძლებოდა?
– პირველი გაჩერება! – დაიძახა ელმავალმა და გაჩერდა, – ძვირფასო სიტყვებო, ამობრძანდით! დაბრძანდით, გეთაყვათ!
ისეთმა ძვირფასმა სიტყვებმა, როგორებიც არიან `საქართველო~, `მამული~, დედა~, `სამყარო~ და კიდევ მრავალი სხვა, მატარებელს მიაშურეს.
– წყნარად, წყნარად, ნუ ჩქარობთ, ადგილი ყველას გეყოფათ, თქვენი ვაგონები მოძებნეთ!
ადგილის პოვნას რა უნდოდა? – `სამშობლო~ და `სიყვარული~ `სანში~ ჩაბრძანდნენ, `მამულმა~ და `მარადისობამ~ – `მანში~ მოიკალათეს, `დედა~ და `დედასამყარო~ – `დონში~ მიიპატიჟეს, სიტყვა `გიგუნამაც~ კი იპოვა ადგილი, – ვაგონ `განში~, `გულის~ გვერდით დასვეს.
ელმავალი ისევ დაიძრა.
– მივდივართ! მივდივართ! – აჟრიამულდნენ მშვენიერი სიტყვები, – ჩვენმა ძვირფასმა დედაენამ მსოფლიო უნდა შემოგვატაროს!
– სხვა გაჩერებებზეც შემოგვემატებიან, – გაიღიმა დედაენამ, – აბა, წავედით!
აგნესას ოთახში ციდა ტელეფონი-ოცნება ისევ აწკრიალდა. გიგუნამ მეგობარს მხიარული მატარებლის შესახებ უამბო.
– შესანიშნავია! – შესძახა აგნესამ, – რა კარგად მოგიფიქრებია! ვფიქრობ, ანბანის შესწავლა არც მე გამიჭირდება.
ინგლისური ანბანის ოცდაექვსი ასო აგნესამაც ვაგონებივით ჩაამწკრივა. ინგლისური `Aლპჰაბეტ~ მოსრიალდა და ვაგონებს წინ დაუდგა.
მხიარული მატარებელი დაიძრა. აგნესამ გადაიკითხა და მშვენიერი ვაგონები სწრაფად დაიმახსოვრა: Aა, Bბ, ჩც, Dდ, Eე, Fფ, Gგ, Hჰ, Iი, ჟჯ, Kკ, Lლ, Mმ, Nნ, Oო, Pპ, Qქ, ღრ, შს, თტ, Uუ, Vვ, ჭწ, Xხ, Yყ, ძზ.
უძვირფასესმა ინგლისურმა სიტყვებმა, არც აციეს, არც აცხელეს, მაშინვე საუკეთესო ადგილები დაიკავეს.
მდინარესავით რაკრაკა და წყაროსავით ლუკლუკა მატარებლები გზაზე ერთმანეთს შეხვდნენ.
– რა ხანია, შენთან შეხვედრას ვნატრობდი! – შესძახა ინგლისურმა ანბანმა, – რა კარგი ყოფილხარ! ქართველები დედაენას ტყუილად როდი გიწოდებენ!
– მსოფლიოში სახელგანთქმულ ანბანთან შეხვედრას მეც ვნატრობდი, – თქვა დედაენამ, – შენთან მეგობრობა მწადია!
ელმავლებმა გზა ერთად გააგრძელეს. ისინი კიდით კიდე დაჰქროდნენ და ძვირფას სიტყვებს დაატარებდნენ, ხალხი კი იდგა და სულ ღიმილ-ღიმილით კითხულობდა: – სანი... საქართველო სულზე საყვარელია! დონი... დიდი ბრიტანეთი დედასავით დიდებულია!
მატარებლები რაკრაკითა და ლუკლუკით მიიჩქაროდნენ, ადამიანების გულებში კი სიხარულს სტოვებდნენ.
– ხვალაც მოვალთ! ზეგაც მოვალთ! მარადიულნი ვართ და მარად მოვალთ! – მღეროდნენ გიგუნას დედაენა და აგნესას ანბანი. ერთი ოცდაცამეტ, მეორე კი ოცდაექვს ლამაზ ვაგონს დაატარებდა.
ყველაზე მეტად გიგუნა და აგნესა მხიარულობდნენ, – დედასავით საყვარელი ანბანი უშეცდომოდ რაა, სულ რაკრაკ-რაკრაკით და ლუკლუკ-ლუკლუკით ისწავლეს.
No comments:
Post a Comment