უცნაური ამალა
როგორც ყველაფრიდან ჩანდა, შეყვარებულებმა მაგრად იჩხუბეს. შევამჩნიეთ, რომ თუ ბიძაჩემი ნანა დეიდას მიუახლოვდებოდა, ქალიშვილი ზურგს მაშინვე ამაყად შეაქცევდა, ან პირიქით, – თუ ნანა დეიდა მოგვიახლოვდებოდა, ჩვენთან ვითომ გულითად საუბარში გართული ბიძაჩემი იქაურობას მაშინვე გაეცლებოდა. ნამდვილი კარუსელი იყო, – ერთ წრეში ტრიალებდნენ და ერთმანეთს ვერ უახლოვდებოდნენ, არადა, შერიგების სურვილი აშკარად ორივეს ჰქონდა.
ცოტა არ იყოს, შევშფოთდით, ზაფხული კისრისტეხით გარბოდა; ვაითუ, აქედან ნაჩხუბრები წასულიყვნენ და ქალაქში მათი ურთიერთობა უფრო გამწვავებულიყო.
გადავწყვიტეთ, სასწრაფოდ გვემოქმედა. მე და მარიკამ ბაღში დედის ნასათუთევი, მშვენიერი ყვავილები დავკრიფეთ და ნანა დეიდასთან გავიქეცით. იგი მეტისმეტად მოწყენილი იყო.
– რა ლამაზი თაიგულია! ვისია?– იკითხა ნანა დეიდამ.
– ახლა შენია! – მარიკამ თაიგული გაუწოდა, – დათომ გამომატანა, ნანას გადაეცი და უთხარი, საღამოს კინოში წამოვიდესო. შვიდ საათზე ლევანის კაკლის ხესთან დავხვდებიო.
– მართლა, გოგონებო?
– ჩვენ რა ვიცით? ასე დაგვაბარა და, – თავი სულ მოვიკატუნეთ.
ნანა დეიდამ ორივე მკერდში ჩაგვიკრა და ლოყები დაგვიკოცნა. მერე ბაჩანასთან გავიქეცით, თან გულში ვფიქრობდით: `ეს ჩვენი დათო ბიძია მარტო გამოშტერებული კი არა, ორივე თვალით დაბრმავებული და ორივე ყურით დაყრუებულიც არისო~.
ბაჩანა ამასობაში ბიძაჩემს `ამუშავებდა~, – წიგნების თაროზე ნაჩუქარი წიგნი მოვნახეთ, – ჩარლზ დიკენსის `დავით კოპერფილდი~. წიგნს თავფურცელზე ნანა დეიდას სახელი და გვარი ეწერა.
ბაჩანამ ბიძაჩემს შორიდანვე დაუძახა:
– ბიძია დათო, ეს წიგნი ნანა დეიდამ გამოგიგზავნა.
უიღბლო შეყვარებულმა ისკუპა და ჩვენთან ორიოდე ნახტომით გაჩნდა. ისე შეგვეშინდა, სასწრაფოდ უკან დავიხიეთ.
– მართლა? აბა, დამანახეთ...
ბიჭმა წიგნი გაუწოდა.
– ხომ არ მატყუებთ? – ბიძაჩემმა მას გამომცდელად შეხედა, მაგრამ ბაჩანა ალალად იღიმებოდა.
– რატომ უნდა გატყუებდე? გამომატანა და რა ვქნა?
დათომ წიგნზე ნანას ხელწერა რომ დაინახა, გაუხარდა:
– არაფერი დაუბარებია?
– როგორ არა, ეყო ბუტიაობა, საღამოს კინოში წამოვიდეს, შვიდ საათზე ლევანის კაკლის ხესთან შევხვდებიო.
ეშმაკურად გვეღიმებოდა. ბიძაჩემს უნდოდა სიხარული დაემალა, მაგრამ ვერ შესძლო. ბაჩანა ხელში აიტაცა და ჰაერში აისროლა, მაგრამ სწრაფადვე ჩამოსვა და თვალებში ეჭვით ჩახედა:
– ხომ არ მატყუებ?
– როდის მომიტყუებიხარ?
– კარგად გიცნობ, რა შვილიც ბრძანდები. იცოდე, თუ მომატყუე...
– ახია ჩემზე, – ბიჭმა ზურგი წყენით შეაქცია, – შენც ნუ წახვალ...
როცა ბიძაჩემს დავშორდით, ცხარედ ავჩურჩულდით: – ეს ჩვენი ბიძია დათო, მართალია, სიყვარულისაგან გამოშტერებულია, მაგრამ ნანა დეიდაც დიდი უგულო ვინმე ყოფილა, ასეთ ბოთეს როგორ წაეჩხუბაო. მოკლედ, ორივე შეყვარებული კარგად გამოვლანძღეთ.
საღამოს ორივე, ისე რომ შვიდს წუთი არ გადასცილებია, კაკლის ხესთან გაჩნდა. გეგონებოდათ, აქამდე უჩინმაჩინის ქუდი ეხურათ და ახლა უცებ მოიხადესო.
ორივე შეცბუნებული იყო. არ იცოდნენ, ლაპარაკი როგორ დაეწყოთ. ერთმანეთს ხელი უხერხულად ჩამოართვეს. ჩვენ ხეებს ვიყავით ამოფარებულები და იქიდან ვუთვალთვალებდით.
– ყვავილებისთვის მადლობელი ვარ, – წაილუღლუღა ნანა დეიდამ.
– ყვავილებისთვის? ჰოო... – ბიძაჩემს სიტყვა ყელში გაეჩხირა, – პირიქით, წიგნისთვის დიდი მადლობა!
– წიგნისთვის? მე... მე...
ნანა დეიდა განცვიფრებისაგან პირში ენას ვერ აბრუნებდა.
ეტყობოდათ, ჩვენი ხითხითი გაიგონეს, – ერთმანეთს სიცილით ვაწყდებოდით.
შეყვარებულები კარგახანს აქეთ-იქით უაზროდ იყურებოდნენ, მაგრამ ჩვენ მაინც არ დავენახვეთ, შემდეგ თითქოს შეთანხმდნენო, მიტრიალდნენ და ქუჩას გაუყვნენ.
ჩვენც გამოვედით და შორიახლო მივყევით. ალქაჯებივით ვიყავით გაჩეჩილ-გაბურძგვნილები.
– გოგოებო, უკან მივყვეთ, ხომ ხედავთ? – შეყვარებულები პატარა ბავშვებივით ყოფილან. კიდევ არ დააშავონ რამე! – გვითხრა ბაჩანამ.
სამწუხაროდ, შერიგებულები კინოთეატრში არ შესულან. ახალი ფილმისათვის სული კი მიგვდიოდა, მაგრამ `შეუბრალებელ შეყვარებულებს~ ჩვენთვის არა სცხელოდათ. კარგის მქნელებს როდის აფასებდნენ? – ისინი ხეივანს კუს ნაბიჯით მიუყვებოდნენ. ქუჩას დასასრული არ უჩანდა და დაღლილობისაგან თითქოს სახეები ჩამოგვიგრძელდა.
ამქვეყნად დასასრული ყველაფერსა აქვს. ბოლოსდაბოლოს, ჩვენი წამებაც დამთავრდა, მაგრამ ვაი ასეთ დასასრულს!
ის იყო ტკბილად მოსაუბრე შეყვარებულები სკამზე ჩამოსხდნენ, რომ უცებ ხეივანში სიცილ-კისკისით მომავალი ქალ-ვაჟები გამოჩნდნენ. ისინი აქაურები არ იყვნენ. ზაფხულობით ქალაქში სტუდენტი-ბიოლოგები პრაქტიკებზე ჩამოდიან და პატარა კოტეჯებში ცხოვრობენ.
ერთმა მაღალმა ბიჭმა ნანა დეიდას დაუძახა. ეტყობოდა, ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ნანა დეიდა ელვის სისწრაფით წამოიჭრა და ღიმილით შეეგება. მათ ერთმანეთი გადაკოცნეს. ჩვენ ჭადრის ხეებს ვიყავით ამოფარებულები და გული ავად გვიკვნესოდა.
ნანა დეიდა იმ სტუდენტთან კარგახანს საუბრობდა. ბიძაჩემს თვალს არ ვაშორებდით, – საავდრო ღრუბელივით მოიქუფრა. ბალახის ღერო მოგლიჯა და ახლა ხელში ბრაზით ატრიალებდა.
ნანა დეიდა თავის ნაცნობს გამოემშვიდობა და უკან დაბრუნდა. გაბრაზებულ ბიძაჩემს სახეზე არ შეეხედებოდა.
– უნივერსიტეტიდან ვიცნობ, უკვე დიდი ხანია...
– ძალიან კი გესიყვარულებოდა, – ბიძაჩემმა სათქმელი არ დაამთავრებინა.
– რას ამბობ, როგორ თუ მესიყვარულებოდა?
– ისე გაგიხარდა მასთან შეხვედრა! ხელს არ შეგიშლი, შეგიძლია მიბრძანდე, უშენობას როგორმე გადავიტან, ლოგინად არ ჩავვარდები.
– მართლა? არც მე მოვკვდები უშენოდ.
– ასეც ვიცოდი!
ნანა დეიდას თვალები ცრემლებით აევსო.
– ნეტავი, რა გვაჩხუბებს? მართალია, შევცდი, რომ არ გაგაცანი, მაგრამ აქ არ ველოდი და დავიბენი.
– მადლობა ღმერთს! მიხვდი, რომ ჩვენი გაცნობა საჭირო არ იყო.
– თუ არ გაჩუმდები, ახლავე წავალ!
– გზა მშვიდობისა! – ბიძაჩემმა ხელები ფართოდ გაშალა.
ნანა დეიდა უხმოდ იდგა. ჩვენ გაფაციცებით შევყურებდით.
ბიძაჩემი, თითქოს გვხედავსო, ჩვენკენ მოტრიალდა და დაიძახა:
– ვინც წიგნი მოიტანა, იმან კარგად დაიმახსოვროს... მე არავის შევრიგებივარ!
ნანა დეიდაც გაბრაზდა. ისიც ჩვენკენ, უფრო სწორად, დიდი ჭადრისკენ მოტრიალდა და თითქოს მას უთხრა:
– ვინც ყვავილები მოიტანა, იმანაც იცოდეს, არც მე შევრიგებივარ არავის... და არც შევურიგდები!
მრავლისმომსწრე ჭადარმა ფოთლები უდარდელად ააშრიალა, – აქაოდა, შეყვარებულებისგან უარესი სისულელეც მსმენიაო.
ნანა დეიდა მიტრიალდა და ხეივანს უკან გაუყვა. მისგან კარგა მოშორებით ბიძაჩემი მიაბიჯებდა, – არეული ნაბიჯით და პირქუში მზერით. შემდეგ ჩვენ მივჩანჩალებდით და თავბედს ვიწყევლიდით. დროდადრო ერთმანეთს სასოწარკვეთილები ვუყურებდით, მაგრამ ხმას მაინც არ ვიღებდით.
გული სინანულით მქონდა სავსე. ვფიქრობდი, – ეს მართლა სულელი შეყვარებულები, მგონია, ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადავამტერეთ-მეთქი.
სამივენი ერთსა და იმავეზე ვოცნებობდით, – რომ იქ ჭადრის კი არა, მსხლის ხეების ხეივანი ყოფილიყო. მწიფე მსხლებს დავკრეფდით და ეჭ-ვი-ან ბიძაჩემს დავუშენდით. აი, ასეთი გაბრაზებულები ვიყავით.
ნანა დეიდას შინ უცნაური ამალა მიაცილებდა. გამვლელები ჩერდებოდნენ და ღიმილით გვიყურებდნენ, – წინ დაღვრემილი ქალიშვილი მიდიოდა, რომელსაც შორიახლოს არანაკლებ დაღვრემილი ბიძაჩემი ჯაჭვზე გამობმული ძაღლივით მიჰყვებოდა, ბოლოს კი ჩვენ, – დაღვრემილზე ასჯერ უფრო დაღვრემილი ბავშვები მივლასლასებდით.
ვინ იცის, იქნებ მართალი იყოს ჭკვიანი კაცის ნათქვამი, – შეყვარებულები ჭკუაზე ცოტა აფრაკად არიანო.
სხვისი არ ვიცით და ჩვენ, ბავშვებს იმ ბრძენი კაცისა უყოყმანოდ გვჯეროდა.
უბედური შემთხვევის მსხვერპლი
იმ დღეს სხვენზე, ძველ ჩემოდანში უამრავი თაგუნას ქუდი ვიპოვე, – ნაცრისფერი ქსოვილისგან შეკერილი. დედაჩემი საბავშვო ბაღში მუშაობდა და ალბათ თავის აღსაზრდელებს საბავშვო სპექტაკლისთვის შეუკერა.
ჩამოვიტანე და ყველა ბავშვს დავურიგე. იმდენი იყო, ყველას შეხვდა, – სალომესაც კი.
მერე თაგვობანას თამაში დავიწყეთ. დიდი აურზაური ავტეხეთ. თაგვებს ყველაზე ძალიან ხომ კაკალი უყვართ? – შევიპარეთ საკუჭნაოში, გვინდოდა თითო-ოროლა მაინც ჩაგვეკნატუნებინა, მაგრამ ისეთი გემრიელი იყო, რაც იქ კაკალი იყო, ყველა შემოგვეჭამა.
დედაჩემი ძალიან გაბრაზდა, ყველა როგორ შემიჭამეთო. არც კი გახსენებია, კაკალი თაგვების საყვარელი საჭმელი რომ გახლავთ.
იქიდან ბაჩანას ეზოში გავიქეცით. ნანა დეიდა ბაღში იჯდა და ვითომ წიგნს კითხულობდა. თვალს მალიმალ ჩვენი ეზოსკენ აპარებდა, – იქ ბიძაჩემი დაწრიალებდა.
თამაში გავაგრძელეთ. ისეთი ჟრიამული ავტეხეთ, ნანა დეიდა ადგა და ქუჩაში გავიდა.
ამასობაში მოგვშივდა, ამიტომ საუბარი საჭმელებზე წამოვიწყეთ. დიდი კამათის შემდეგ აზრები შევაჯერეთ და მივხვდით, რომ ყველიანი მჭადის ჭამა გვინდოდა. ვიცოდით, სხვა სახელი ერქვა, – ჭვიშტარი, მაგრამ ჩვენ ყველიან მჭადს ვეძახით. ბაჩანას დედა ისე გემრიელს აცხობს, თითებს ჩაიკვნეტთ. მჭადს რომ გადატეხავთ, გამდნარი ყველის ძაფები გაიჭიმება და ესეც ძალიან გვისამოვნებს.
მარიკა გაიქცა და დედას სთხოვა, ყველიანი მჭადი გამოგვიცხეო. დედამ უარი სტკიცა, – სადა მაქვს იმდენი ყველი, მჭადში რომ ჩავურთოო.
ყველიანი მჭადი ისე გვენატრებოდა, სხვა საჭმლის გახსენებაც არ გვინდოდა. მერე კიდევ, ჩვენ ხომ თაგუნები ვიყავით? თაგუნებს, ხომ იცით, ყველი როგორ უყვართ?
– დემონსტრაციას მოვაწყობთ ყველიანი მჭადის მოთხოვნით! – დავემუქრეთ ჩემი მეგობრების დედას.
გაიცინა, გვითხრა, – როგორც გინდათო და სახლში შევიდა.
ჩვენ სასწრაფოდ დემონსტრაცია მოვაწყვეთ. თან უზარმაზარი ასოებით დაწერილი პლაკატი მიგვქონდა: `ყველიანი მჭადი თაგუნებს!~ `სასწრაფოდ შესრულდეს ჩვენი მოთხოვნა!
დემონსტრაცია, რა თქმა უნდა, ბაჩანასა და მარიკას ეზოში მოვაწყვეთ. ისეთი ალიაქოთი ავტეხეთ, ბიძაჩემიც კი დაინტერესდა, მოვიდა, პლაკატი წაიკითხა და გაეცინა. მერე ისიც ქუჩაში გავიდა.
მსვლელობა გავაგრძელეთ, შემდეგ სამზარეულოს ფანჯარასთან დავდექით და ღრიალი დავიწყეთ: `ყვე-ლი-ა-ნი მჭა-დი! ყვე-ლი-ა-ნი მჭა-დი!~
უცებ ფანჯარა გაიღო და ბაჩანას დედამ მთელი ვედრო წყალი გადმოგვათქრიალა. პლაკატზე წარწერა მაშინვე ჩამოიდღაბნა. დემონსტრაცია სამარცხვინოდ ჩაიშალა. გაავებულები და დამარცხებულები შუა ეზოში შევგროვდით.
ამ დროს ელისო დეიდა გამოვიდა და, თუ იცით, რა მოგვართვა? – რა თქმა უნდა, ყველიანი მჭადი, – ოქროსფერი, მზესავით მრგვალი, დაბრაწული. ოხშივარი ასდიოდა და ისეთ სურნელს აფქვევდა, ვერც წარმოიდგენთ.
უარი კი გვითხრა, მაგრამ თურმე შევეცოდეთ და თადარიგი მაშინვე დაიჭირა, დემონსტრაციის მოსაწყობად სულ ტყუილად გავისარჯეთ.
– ყველიან მჭადს გაუმარჯოს! ყველიან მჭადს! – ერთხმად შევძახეთ და ელისო დეიდას მივვარდით. მჭადი ყველას იმდენი გვერგო, რამდენსაც მოვერეოდით, დარჩა კიდევაც.
უჰ, რომ იცოდეთ, იმ დღეს თაგუნებმა სასუსნავი რა გემრიელად მიირთვეს!
ქუჩაში ასკინკილით გავიქეცი, – მინდოდა, თაგუნების ქეიფზე ნანა დეიდა და ბიძაჩემიც მომეწვია, მაგრამ იქ არ დამხდვნენ. შემეშინდა, უფრო მეტად არ იჩხუბონ და ერთმანეთი სამუდამოდ არ დაკარგონ-მეთქი. ამას ვეღარ გადავიტანდი. გადავწყვიტე, ახალი უსიამოვნებისთვის ხელი შემეშალა. არავინ გამიფრთხილებია, თაგუნას ქუდი მოვიხადე და `უიღბლო შეყვარებულების~ ძებნას შევუდექი.
ისინი თვალსა და ხელს შუა დამეკარგნენ, მე კი მთელ ქალაქში დავეძებდი. ბოლოს, ქალაქის განაპირას დაღმართს ჩავყევი. იქ, ქვემოთ რცხილნარია, რცხილებს იქით კი ფართო მინდორი. მინდორზე მამებმა ბავშვებს სათამაშო მოედანი მოგვიწყვეს.
წვიმების დროს მოედანზე წყალი დგება, ამიტომ უფროსებმა გადაწყვიტეს მინდვრისთვის თხრილი შემოევლოთ, რათა შიგ წვიმის წყალი ჩაწრეტილიყო. საქმეს დიდი ამბით შეუდგნენ, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანეს. თხრილით ნახევრად შემოსაზღვრული მინდორი ბედის ანაბარა დატოვეს.
თხრილში ჩაწრეტილმა წყალმა გასასვლელი ვერ იპოვა და იქვე ჩამყაყდა, მწვანე მასა გადაიკრა. ბაყაყებმა შესანიშნავი თავშესაფარი იპოვეს, ამიტომ მადლიერებით აღსავსენი ჩვენი `გამრჯე~ მამების პატივსაცემად მუდამ შესანიშნავ კონცერტებს მართავდნენ. ისე გაიზარდნენ, ნასუქ დედლებს არ ჩამოუვარდებოდნენ.
საღამოობით მოედანზე ყურთასმენა აღარ იყო, ერთმანეთს ყვირილით ველაპარაკებოდით, იქაურობას კი მაინც ვერ ვშორდებოდით. ამ თხრილს სასწაულმოქმედი ძალა ჰქონდა, რაც მასში ბინადრობდა, ყველაფერი ჯიშიანი იყო. ბაყაყებზე ხომ გითხარით? – თავს ბუზისტოლა კოღოებიც დაგვბზუოდნენ, ჩვენ კი თამაშის შემდეგ მაინც მოედანთან, ხის სკამებზე ჩამოვსკუპდებოდით და ვლაქლაქებდით...
მოულოდნელად სკამზე ორი სილუეტი შევნიშნე. ცოტათი რომ მივუახლოვდი, ბიძაჩემი და ნანა დეიდა შევიცანი. ქალიშვილს თავი ბიძაჩემის მხარზე ჩამოეყრდნო. ვაჟი გაუნძრევლად და ეტყობოდა, უხერხულად იჯდა.
ჯერ გავიფიქრე, ნანა დეიდას ალბათ სძინავს და ბიძაჩემს ეშინია, ძილი არ დაუფრთხოს-მეთქი, მაგრამ უცებ მივხვდი, რომ ასე არ იქნებოდა. ბაყაყები ისე გულისგამაწვრილებლად ყიყინებდნენ, თავი ჯოჯოხეთში გეგონებოდათ. ძილს იქ ადამიანის მოდგმიდან ვერავინ შესძლებდა. ზღაპრული ჯადოქრები მე დამენახვებოდნენ?
მაშინვე მოვისაზრე, რომ `სულელი შეყვარებულების~ მეტი ასე არავინ მოიქცეოდა.
ირგვლივ ჯოჯოხეთური ხმაური იყო, ისინი კი ისეთი მეოცნებე თვალებით იყურებოდნენ, თითქოს ოპერის თეატრში ოქროსფრად მოვარაყებულ დარბაზში ისხდნენ და გამოჩენილი კომპოზიტორების სიმფონიებს უსმენდნენ. უნდა ითქვას, რომ `ჭაობის კომპოზიტორები~ ძალ-ღონეს და ნიჭს ნამდვილად არ იშურებდნენ.
ფეხაკრეფით მივეპარე, – ერთი, ამ `მუსიკის მოტრფიალეებს~ კარგად შევხედო-მეთქი. აღშფოთებული გახლდით, – მე მათ შესარიგებლად შესანიშნავი ოინი ჩავიფიქრე და `მუხანათმა შეყვარებულებმა~ არ ჩამიფლავეს?
მათი შეშინება არ მინდოდა და უკან ისე დავიხიე, ჩქამიც არ გამიღია.
უცებ საყრდენი დავკარგე, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა და დაყვირებაც ვერ მოვასწარი, ჩამყაყებულ თხრილში ისე აღმოვჩნდი.
ბაყაყებს ჩემი სტუმრობა ძალიან გაუკვირდათ, კონცერტი დროებით შეწყდა.
მეოცნებე შეყვარებულები, არ ვიცი, წყლის ტყაპუნმა შეაშინა, არ ვიცი, კონცერტის შეწყვეტამ, მაშინვე ფეხზე წამოიჭრნენ. თხრილიდან ბურტყუნ-ყურტყუნით მოვბობღავდი და უთუოდ მწვანე, საზიზღარი მასით გათხუპნულ ურჩხულს ვგავდი.
გასაჭირში ხომ ყველას უნდა დაეხმარო, ურჩხულსაც კი, მით უმეტეს, თუ იგი თხრილში ჩავარდნილ გოგონას ჰგავს. ბიძაჩემმა და ნანა დეიდამ თხრილიდან უყოყმანოდ ამომათრიეს.
– პრინცესა, შენა ხარ? – შეჰკივლა ნანა დეიდამ, როცა სახიდან შემზარავი, მწვანე მასა ჩამოვიწმინდე.
ბიძაჩემს თვალები გაუფართოვდა. ალბათ გაიფიქრა, ამ ბავშვებს ვერსად დავემალეო. მალე მის მზერაში უნებლიე შურისძიების გამო კმაყოფილება ამოვიკითხე.
– აქაც მითვალთვალებდი? ახია შენზე! – ნიშნისმოგებით მითხრა ბიძაჩემმა.
– უბედური შემთხვევის მსხვერპლი ვარ! – მოგონილი სიამაყით ვუპასუხე. მინდოდა, თავი ღირსეულად დამეჭირა.
ეტყობოდა, უბედური შემთხვევის მსხვერპლი ისეთი საცოდავი სანახავი ვიყავი, ბიძაჩემმა ვერ მოითმინა და გიჟივით ახარხარდა. მიწაზეც კი გაწვა, – იცინოდა და ფეხებს ზურგზე გადაბრუნებულ ხოჭოსავით ასავსავებდა.
ნანა დეიდა კაბას მიწმენდდა, თანაც თავშეუკავებლად ფხუკუნებდა.
მე ხმა არ ამომიღია. რა მქონდა სათქმელი? თავს ძალა დავატანე და იქაურობას ისე ღირსეულად მოვშორდი, როგორც იალქნიანი, ამაყი გემი შორდება ნაპირს. ზურგსუკან ბიძაჩემის როხროხი და ნანა დეიდას კისკისი მესმოდა.
მერე კი, იცოცხლეთ, ბუზღუნით გული ვიჯერე:
– დამაცადეთ, დამაცადეთ, – ვიქადნებოდი, – ერთხელაც, გადაგიხდით სამაგიერო! ჩამივარდებით ხელში! დადგება ჟამი შურისძიებისა!
ქორწილში
ნანა დეიდამ და ბიძაჩემმა სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტეს და მეორე დღესვე დედაქალაქში გაიპარნენ. გაგვიკვირდა, – გაპარვა რა საჭირო იყო, ხელს ვინ უშლიდათ? ალბათ ზედმეტ აურზაურს მოერიდნენ.
ისე გაგვიხარდა, მეტი რომ არ შეიძლება. მთელი ათი დღე სალაპარაკო სხვა არაფერი გვქონდა. ჩვენი ოჯახებიც აფორიაქდნენ, – ყველანი ქორწილისთვის ვემზადებოდით.
ბავშვები გიგა ბაბუასთან დაგვტოვეს, მშობლები კი ბებიაჩემის სახლში გაიკრიფნენ. ისიც ამავე ქალაქში ცხოვრობს. თქვეს, იმდენი საქმე გვაქვს, ბავშვები უთუოდ ხელს შეგვიშლიანო. მარტო მამუკა წაიყვანეს, – იგი დედას ვერ მოშორდებოდა.
ბოლოს და ბოლოს ქორწილის დღეც დადგა. ნანა დეიდა თბილისში, მშობლების სახლში იყო. ბიძაჩემს იქიდან წამოჰყვებოდა და სწავლის დამთავრების შემდეგ სულ ჩვენს პატარა ქალაქში იცხოვრებდა. როგორ არ გაგვხარებოდა?
გამოვიპრანჭეთ და წასავლელად გავემზადეთ. გალამაზებაში გიგა ბაბუასაც დავეხმარეთ. ძალიან გავახალისეთ.
ჩვენ უკვე ჭიშკართან ვწრიალებდით, გიგა ბაბუას გამოსვლას კი საშველი არ დაადგა. სახლი და ეზო შემოიარა, – რაც იკეტებოდა, ყველაფერი კარგად ჩაკეტა.
გზად ჩემი მეგობრების სახლს რომ ჩავუარეთ, ბაჩანამ თავის უზარმაზარ ძაღლს დაუძახა.
– ძაღლი რად გინდა? – გაგვიკვირდა ყველას.
– როგორ თუ რად მინდა? – გვიპასუხა ასევე გაკვირვებულმა, – ქორწილში ოჯახით ვართ დაპატიჟებულები, ჯულბასიც ხომ ოჯახის წევრია?
– ჩვენც ოჯახით ვართ დაპატიჟებულები. მეც წამოვიყვან ჩვენს კატას! – წამოვიძახე გახარებულმა.
გიგა ბაბუამ გაიცინა და აგვიხსნა, რომ მოწვევაში ძაღლისა და კატის დაპატიჟება სულაც არ იგულისხმებოდა.
ბაჩანამ კარამელები დაგვირიგა. უცნაური კანფეტი იყო, – პირში რომ გადნებოდა, კბილებზე გვეწებებოდა და ვერაფრით ვიშორებდით, სულ უნდა გვეწუწნა. სამაგიეროდ, ძალიან გემრიელი იყო. დარჩენილი კანფეტები ბიჭმა პარკით მომცა. პარკი კაბის ჯიბეში შევინახე.
ამასობაში ბებიაჩემის სახლშიც მივედით. იქ უამრავი ხალხი იყო. ყველა გზას გაჰყურებდა, – ნეფე-დედოფალს ელოდნენ.
უცებ ავტომანქანის საყვირის გაბმული ხმა გაისმა.
– მოდიან! მოდიან! – სიხარულით დავიძახეთ.
ავტომანქანების კორტეჟი ფართო ეზოში შემოვიდა. შავი მერსედესის კარი გააღეს და ნანა დეიდა გამოიყვანეს. მას თეთრი, ჰაეროვანი კაბა ეცვა, ნამდვილი მზეთუნახავი იყო.
– დედამთილი შეხვდეს, დედამთილი! – წამოიძახეს ქალებმა.
მოვიხედე. აღელვებული ბებიაჩემი წინ გამოვიდა. უცებ ხელი შუბლზე იტკიცა:
– ვაიმე, კანფეტები სულ დამავიწყდა. სახლში შეირბინეთ და მომიტანეთ!
ისე ღელავდა, მისი საცოდაობით გული დამეწვა. ჯიბიდან კარამელები ამოვიღე და გავუწოდე:
– აი, ბებო, კანფეტს მე მოგცემ!
– პრინცესა! შენ კი გაიხარე! – ბებია ფოთოლივით თრთოდა. მზეთუნახავი რძალი, ალბათ, ძალიან უხაროდა.
იგი ნანა დეიდასთან მივიდა, აკოცა და უცებ, ჩემდა გასაოცრად, უშველებელი, უცნაური კარამელი პირში არ ჩაუდო? მოსალოდნელი ამბისგან გული ამიძგერდა და თვალები დავხუჭე.
ცოტა ხნის შემდეგ თითებშუა გამოვიჭყიტე. დავინახე, მეორე კარამელიც პირში დედოფალს ჩასჩარა. მერე მარიკამ ამიხსნა, თურმე ბიძაჩემისთვის უნდა მიეცა. წესი ყოფილა ასეთი, – ნეფე-დედოფალს კანფეტებს აჭმევენ, – ტკბილად დაგვიბერდითო.
ხომ მიხვდით, ბებიაჩემი როგორი დაბნეულიც იყო?
ნანა დეიდა ჯერ ყოჩაღად იყო, მერე ნელ-ნელა წამოწითლდა. ხომ ვიცოდი? – იმ დაწყევლილ კარამელებს ვერაფერს უხერხებდა.
ვხედავდი, ბიძაჩემმა რაღაც იგუმანა და ბებიას მწყრალი თვალებით შეხედა. ბებიაჩემი ვერაფერს მიხვდა და უფრო დაიბნა. მოკლედ, ისეთი სცენა იყო!
ნეფე-დედოფალი სახლში შეიყვანეს და ლამაზად გაწყობილ მაგიდასთან დასვეს. მექორწილეები ოთახში შედიოდნენ და მათ შამპანურით სავსე ჭიქით ლოცავდნენ.
ნანა დეიდა ყაყაჩოსავით გაწითლდა. ლოყა ბურთივით გამოებერა. კარამელები პირში გაუდნა და კბილები შეუწება.
ხალხი იმ გამობურთულ ლოყაზე კოცნიდა და როცა გვერდით ჩაუვლიდა, ყველა საეჭვოდ ხითხითებდა.
ბიძაჩემი გაოგნებული იყო, კვლავ ბებიაჩემს უბრაზდებოდა. კიდევ კარგი, არ იცოდა, ვინ იყო კარამელების ნამდვილი პატრონი.
ბებიაჩემი ისევ დაბნეული ჩანდა. ვერაფერი გაეგო, მაგრამ ბავშვებმა – მე, ბაჩანამ და მარიკამ ყველაფერი ვიცოდით. ჩვენი მშვენიერი ნანა დეიდა გვეცოდებოდა, მაგრამ ცოტათი კიდევაც გვეცინებოდა.
გახსოვთ, ერთხელ `უბედური შემთხვევის მსხვერპლი~ რომ გავხდი და ჩვენს შეყვარებულებს დავემუქრე? გეფიცებით, ის ამბავი მეორე დღესვე გადამავიწყდა, ახლაღა გამახსენდა. დღევანდელი შემთხვევა მხოლოდ და მხოლოდ უნებლიე შურისძიება იყო.
ჩვენ ჩუმჩუმად ვხითხითებდით. ძალიან გთხოვთ, ამის გამო უსულგულო ბავშვებად ნუ ჩაგვთვლით. გვეცინებოდა და რა გვექნა?
No comments:
Post a Comment