2016-2017 სასწავლო წლის 18 მაისს თბილისის N 22 სკოლის პედაგოგებისა
და არასამთავრობო ორგანიზაციის,- „ახალგაზრდა
პედაგოგთა კავშირის“ თანამონაწილეობით ჩატარდა
პედაგოგიური კონფერენცია: „თანამედროვე სკოლა ახალი გამოწვევების წინაშე“.
მიზანი:
·
მასწავლებლებს
საშუალება მისცემოდათ თავიანთი პედაგოგიური პრაქტიკის შეფასებისა;
·
პედაგოგებს გასჩენოდათ მოტივაცია,-აქტიურად გაეგრძელებინათ
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და სკოლაში საინტერესო სიახლეთა დანერგვა;
·
გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება კოლეგებისთვის და
საგანმანათლებლო საქმიანობით დაინტერესებული საზოგადოებისთვის;
სკოლის დირექციისა
და პედკოლექტივის მხარდაჭერით კონფერენციისთვის მზადება დაახლოებით ერთი თვით ადრე
დავიწყეთ. დირექტორის დავალებით, ვმუშაობდი კონფერენციის ორგანიზებისთვის, კერძოდ:
დავუკავშირდი „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“
ხელმძღვანელს ქალბ. მარინე თოფურიას, შევუთანხმდი მას ერთობლივ საქმიანობაზე, განვსაზღვრეთ
თემა, რომელიც პედაგოგებისთვის საინტერესო იქნებოდა და რომელსაც მათი წარმომადგენელი
გაგვაცნობდა („ბავშვთა ძალადობა სკოლაში“), პერიოდულად ვაწყობდი შეხვედრებს მასწავლებლებთან,
ვაძლევდი რეკომენდაციებს, ვეხმარებოდი მათ სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში, ვამზადებდი
სხვადასხვა დოკუმენტაციას, ვეცნობოდი მრავალფეროვან სასწავლო რესურსს, რომელიც შერჩეული თემების დასამუშავებლად დაგვეხმარებოდა. აღნიშნულ რესურსს, საჭიროების შემთხვევაში,
კოლეგებსაც ვუზიარებდი.
საკონფერენციო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო
მიმდინარე სასწავლო წელს მასწავლებელთა და მოსწავლეთა ერთობლივი მუშაობით შექმნილი
სასწავლო რესურსების გამოფენა. გამოიფინა: პოსტერები, მოდელები, მოსწავლეთა ნამუშევრები
სხვადასხვა საგანში, მათემატიკის მასწავლებლის,
ნანა კაკაურიძისა და მისი მოსწავლეების მიერ დამზადებული დიდძალი რესურსი: სამგანზომილებიანი
გეომეტრიული ფიგურები, მათემატიკური პოსტერები, მოსწავლეთა ნამუშევრები შპალერის დიდ
ხვეულზე, ფერადი წიგნი ტესელაციაზე. დაწყებითი
კლასების მასწავლებლებმა გამოფინეს: რეკვიზიტები თოჯინების თეატრისთვის, პლასტმასის
ბოთლებისგან და სხვა ნარჩენებისგან შექმნილი ხელნაკეთი ნივთები,-ეკოლოგიურ თემაზე ყურადღების
გასამახვილებლად, ხელნაკეთი ნივთები, თვალსაჩინოებები სურათებისა და პოსტერების სახით,
შეფასების ცხრილები, რუბრიკები და სხვა მასალა, ჩემ მიერ შექმნილი საკითხავი კრებულები, საზაფხულო
წიგნი უმცროსკლასელთათვის, ლიტერატურული სცენარი, მოსწავლეთა ე. წ. „მიმოწერის დღიურები“...
ერთგვარი საჩუქარი გავუმზადეთ ჩვენს სტუმრებსაც: საგამოფენო სივრცეში გამოვყავით სპეციალური ადგილი, სადაც განვათავსეთ
ჩვენი მოხსენებების აბსტრაქტები, სტატიები, ლიტერატურული სცენარები. სტუმრებმა ეს მასალა
წაიღეს, რათ შეძლებოდათ სხვადასხვა თემატიკას სახლშიც გაცნობოდნენ.
კონფერენციას ესწრებოდნენ: თამაზ ტატიშვილი-მეცნიერებათა
აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
დირექტორის მოადგილე, მრჩეველი, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლები:
სალომე ჭიჭინაძე და, დიდუბე -ჩუღურეთის რესურსცენტრის წარმომადგენლები, მასწავლებლები
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სკოლებიდან.
კონფერენცია მშვიდ, მოწესრიგებულ გარემოში,-სკოლის საკონფერენციო
დარბაზში გაიმართა, არ გამოვლენილა ხარვეზი
ტექნიკურ საშუალებათა მოხმარებაში, მასწავლებელთათვის არ შექმნილა არანაირი ხელისშემშლელი
გარემოება. ყოველი მოხსენება იყო აქტუალური, საინტერესო და დამაჯერებლად გადმოცემული,
საპრეზენტაციო სლაიდ-შოუების დიზაინი მეტად მიმზიდველი და, რაც მთავარია, შინაარსობრივად
გამართული. მომხსენებლები, მეტწილად, იცავდნენ დროის რეგლამენტს. მსმენელები კმაყოფილებას
გამოხატავდნენ, ეტყობოდათ მომხსენებელთა პედაგოგიური პრაქტიკით დაინტერესება. ასევე
დაინტერესდნენ ისინი „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლის, სალომე ჭიჭინაძის
მოხსენებით ბულინგის თემაზე.
მოხსენებით-„მათემატიკის ზოგიერთი ამოუხსნელი პრობლემის
შესახებ“ პედაგოგთა წინაშეწარსდგა ჩვენი მოსწავლის მშობელი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული
პროფესორი: გიორგი რაქვიაშვილი.
დასასრულს, სკოლის დირექტორმა, ქალბ. რუსუდან ზედაშიძემ
შეაჯამა კონფერენციის მუშაობა, გააცნო მსმენელებს კონფერენციის გადაწყვეტილებები და
მიაწოდა სასიამოვნო ინფორმაცია იმის შესახებ,
რომ სკოლაში ინერგება ტრადიცია,-გახდეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სკოლებისთვის პედაგოგიური კონფერენციების მასპინძელი სკოლა. ჩვენ
ამ სურვილს განვაცხადებთ ზემდგომ ორგანოებში და, იმედია, საამისოდ საჭირო უფლებასაც მოვიპოვებთ. სკოლის დირექტორმა კონფერენციის
მონაწილე მასწავლებლები სიგელებით დააჯილდოვა.
შედეგი:
·
კონფერენციის მუშაობა
შეფასდა დადებითად;
·
გადაწყდა, რომ სკოლაში
გაგრძელდეს პედაგოგთა კონფერენციაზე წარმოდგენილი
პრაქტიკა;
·
პედაგოგიური კონფერენციების
ჩატარებას სკოლაში სისტემატური ხასიათი მიეცეს;
·
22-ე საჯარო სკოლა
გახდეს პედაგოგიური კონფერენციების მასპინძელი სკოლა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში.
პირადად მე კონფერენციაზე წარვადგინე მოხსენება: „მასწავლებელი
ქმნის ეფექტურ სასწავლო რესურსს.“ საპრეზენტაციო
სლაიდ-სოუს დახმარებით მსმენელებს მოვუთხრე,
თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსების შექმნა, რატომ დადგა საჭიროება მათი
შექმნისა, რა სახის მასალა ითვლება სასწავლო რესურსად, როდის შეიძლება შექმნილი რესურსი
იყოს ეფექტური, რა მოთხოვნები/კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ მისი შეფასების დროს,
რა შესაბამისობაში უნდა იყოს ჩვენ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან...
მსმენელებს ვუჩვენე ჩემ მიერ შექმნილი რესურსი: საზაფხულო
წიგნი უმცროსკლასელთათვის: „ირგვლივ მწვანე ზაფხულია,“ ლიტერატურული სცენარი: „სტუმრად
გაზაფხულის ყვავილნარში,“ დამატებითი სავარჯიშოების კრებულები მათემატიკასა და ქართულ
ენაში, სავარჯიშოები ინკლუზიურ განათლებაში ჩაბმული მოსწავლისათვის, მივაწოდე ინფორმაცია
ჩემი საგანმანათლებლო ბლოგის შესახებ.
მიზანი:
·
კოლეგებისთვის
გამეცნო/გამეზიარებინა ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო მასალა, გამეხადა იგი მათთვისაც
გამოსაყენებელი;
·
მიმეწოდებინა საგანმანათლებლო ბლოგის მისამართი, რათა
იგი მათთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო;
·
მიმეღო კოლეგებისგან რჩევები, რეკომენდაციები, რათა
ისინი ჩემს შემდგომ მუშაობაში გამომეყენებინა.
·
მომცემოდა შესაძლებლობა ჩემ მიერ ჩატარებული სამუშაოს
შეფასებისა;
·
გამეჩინა კოლეგებისთვის მოტივაცია ეფექტური სასწავლო რესურსების შესაქმნელად.
შედეგი:
·
ვფიქრობ, კოლეგებს გავუზიარე ჩემი გამოცდილება, დავაინტერესე
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკით;
·
დაინტერესებულ
საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაციები ჩემი ბეჭდური და ელექტრონული წიგნების, საგანმანათლებლო
ბლოგების შესახებ;
·
მასწავლებლებისგან გამოხატულმა კმაყოფილებამ შემგომი
მუშაობის მოტივაცია გამიჩინა;
·
საშუალება მომეცა სხვისი თვალით შემეფასებინა ჩემი ნამუშევარი;
·
მოვახდინე თვითშეფასებაც;
იმედი მაქვს, რომ ჩემი შემდგომი
საქმიანობა უფრო ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდება საგანმანათლებლო მიზნების განსახორციელებლად.
სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის
-22-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი:
/ნესტან კუპრავა/
სკოლის
დირექტორი:
/რუსუდან ზედაშიძე/
19.05.2017 წელი
No comments:
Post a Comment