ნესტან კუპრავა
ლეგენდები
მშვენიერ ყვავილებზე
დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ ჩვენი
დედამიწა მხოლოდ მწვანე ბალახით იყო შემოსილი. მიმოიხედავდი და ირგვლივ მხოლოდ სიმწვანეს თუ დაინახავდი.
ადვილად შეგეძლო დედამიწისთვის მწვანე ქვეყნიერება დაგერქმია. ჩვენი პლანეტა ასედაც ლამაზი იყო, მაგრამ რაღაც მაინც აკლდა.
მცენარეთა მფარველი მზეთუნახავი პერსეფონე ოქროს დიდებულ სასახლეში ცხოვრობდა. მას
უამრავი სახელი ერქვა,-პერსეფონე, როსა, ლალე, ბაია, ნარგიზი, ქრიზანთემა, კესანე...
მოკლედ, ყველას ვერც კი ჩამოვთვლი. თავისი სახელებიდან მზეთუნახავს მაშინ პერსეფონე მოსწონდა და ასედაც ეძახდნენ.
ერთხელ დილაადრიან პერსეფონემ
თავისი ოქროს სასახლის აივნიდან თვალწინ გადაშლილ მწვანე მდელოებს გადახედა.
ახალ ნაწვიმარზე მზემ გამოანათა და ბალახებზე
ნამი ააციმციმა. პერსეფონე უცებ მიხვდა, როგორ
უნდა გაელამაზებინა ეს ვრცელი მინდვრები. აიღო ფერადი მძივების მარცვლებით სავსე კალათა
და მდელოზე ჩაირბინა.
-დაე, ეს მარცვლები გაცოცხლდნენ,
მცენარეთა თესლად იქცნენ და ახალი სილამაზე აღმოაცენონ!
მზეთუნახავის მძივის მარცვლები მართლა
გაცოცხლდნენ და მცენარეთა თესლად იქცნენ. პერსეფონე პეშვით იღებდა მათ კალათიდან და
მდელოზე აბნევდა. თესლი ნიადაგს მთელი ძალით
ეჭიდებოდა, დალოცვილი მიწა კი მას მას უმალვე აღმოაცენებდა. მინდორში წამშიამოიზარდა ნაირფერი მცენარეები,-ყველა ულამაზესი და საკვირველი.
მათგან ზოგი დიდი იყო, ზოგი-პატარა, ზოგი-სურნელოვანი, ზოგი-უსუნო...
გაკვირვებულმა მზემ დაბლა ჩამოიხედა
და ველ-მინდვრებს თვალი ვერ მოწყვიტა. ახლადშექნილი სილამაზე ისე მოეწონა, გადაწყვიტა,
პერსეფონეს დახმარებოდა და ეს მშვენიერება ქვეყნიერებაზე გაევრცელებინა. მიაშუქა ყვავილებს,
შეკონა მათი ბრწყინვალება, დაწნა და ცისარტყელად
აქცია. მერე ეს საოცარი ქმნილება ქვეყნიერებას შემოარტყა. ყველაფერი, რასაც კი ცისარტყელას შუქი დაადგა, ულამაზესი ყვავილებით გაივსო. მზემ თითოეულ ყვავილში
თითო ოქროს ათინათი ჩატოვა და მაინც არცერთი სხივი არ დაჰკლებია. მადლიერმა პერსეფონემ
მზეს ხელი დაუქნია. ყველა ყვავილი მშვენიერი იყო, მაგრამ მზეთუნახავმა მაინც ამოარჩია
მათგან თერთმეტი ულამაზესი და მათ ყვავილების
ფერიობა დაავალა. მერე თერთმეტივეს უძვირფასესი საჩუქარი უძღვნა: ერთს-მხიარულება, მეორეს-სიყვარული,
მესამეს-კეკლუცობა, მეოთხეს-სიამაყე, მეხუთეს-ბედნიერება, მეექვსეს-სიხარული, მეშვიდეს-ერთგულება,
მერვეს-ერთგულება, მეცხრეს- მზრუნველობა, მეათეს-ორიგინალურობა. გადახედა მზეთუნახავმა
ახლადშექმნილ სილამაზეს და ძალიან მოეწონა, ყვავილების ფერიებთან ერთად ფერად მდელოებზეც ბევრი
ისეირნა. ძალიან დაიღალა პერსეფონე, ყვავილების
მოვლა ფერიებს ჩააბარა, თვითონ კი წამოწვა ოქროს სარეცელზე და ტკბილად დაიძინა.
ყვავილების ფერიებმა მთელი ქვეყანა
მორთეს-გაალამაზეს. ქვეყნიერება ივსებოდა და ივსებოდა ულამაზესი ქმნილებებით. ციურ
ფერიებს ადამიანებიც ეხმარებოდნენ. ყვავილები იმათაც შეჰყვარებოდათ.
ლეგენდაპატარა იაზე
ფერიების ქვეყანაში მუდმივი გაზაფხულია.
იქ მზე მუდამ
საამურად ანათებს, მინდვრები მუდამ
ყვავილებითაა მოფენილი, მაგრამ ადამინებთან ასე როდია,-აქ წელიწადის ოთხი დრო ერთმანეთს
ცვლის, ხან თბილა, ხან -კიდევ ცივა. ადამიანებს არ შეუძლიათ ფერიების ქვეყნის დანახვა, მაგრამ ყვავილების ცქერა ძალიან სიამოვნებთ.
ერთხელ ფერია-ია სეირნობაში ისე გაერთო, უნებურად ადამიანთა მიწაზე გადავიდა.
იქ ზამთარი იდგა და ციოდა. ფერიას თხელი, ფრიალა ლურჯი კაბა ეცვა, ამიტომაც სიცივისაგან
ცახცახებდა. უკან დაბრუნება მაინც არ უფიქრია. რადგან ადამიანთა მიწის დანახვა ძალიან
აინტერესებდა, თოვლში გააგრძელა გზა. მისი ნაკვალევზე ლურჯი იები ბღუჯა-ბღუჯა ამოდიოდა. ფერია იას თავისი
საყვარელი სუნამო ეპკურა. ეს სურნელი ირგვლივ იფრქვეოდა.
იების მფარველმა უცებ ადამიანის
ხმა გაიგონა:
-რა ლამაზი ყვავილია! რა დიდებული ლურჯი კაბა აცვია! რა სასიამოვნო სურნელი
აქვს! როგორი გაბედულია! პაწიავ, ამ სიცივეში რამ მოგიყვანა? მახარობლად გვეწვიე, არა? გაზაფხული მალე მოვა?
მერე სხვებს გადასძახა:
-ნახეთ, ნახეთ! გაზაფხულის მახარობელი გვეწვია! მოდით და მადლობა უთხარით!
ფერია იას შერცხვა, მას ხომ გაზაფხულის მახარობლად მოსვლა არც უფიქრია.
მართალია, ადამიანებს მისი დანახვა არ შეეძლოთ, მაგრამ მაინც დაიმორცხვა, თავი ჩაქინდრა.
დაიმორცხვეს მისმა ყვავილებმაც. ადამიანმა ეს უცებ შენიშნა:
-სიმორცხვე გიხდება, პაწიავ! თავმდაბლობა ისევე ძალიან გამშვენებს, როგორც შენი დიდებული ლურჯი კაბა! სურნელებამ თავბრუ დამახვია, რა საამოა!
ფერია ია მიხვდა, უნებურად რომ სიხარული მოუტანა ადამიანებს.ეს ამბავი ისე მოეწონა, გადაწყვიტა, მართლა გამხდარიყო გაზაფხულის
მახარობელი. თანაც ამიერიდან ისეთი ყოფილიყო,
როგორადაც დაინახა ადამიანმა,-ლურჯკაბიანი, სურნელოვანი, მორცხვად თავდახრილი.
მერე რა, რომ მას აქამდე ამაზე არც კი უოცნებია. მთავარია, მიხვდე, სხვას
რა ახარებს და შემდეგ ამ სიხარულის მიცემა
არ დაიზარო!
ენძელები
პაწია ბალერინები არიან!
ზამთარს გაზაფხულის ყვავილები არასოდეს ენახა,
არადა, ღრუბლები სულ მათზე ელაპარაკებოდნენ, ყვავილების ქებით ყური გამოუჭედეს.
-ზამთარო, შენ რომ მიდიხარ, მოდის გაზაფხული
და ბუნებას ათასფერადი ყვავილებით რთავს!
-იცი, ყვავილი ძალიან ლამაზია!
ყველა! ყველა!
-გაზაფხული ბუნებას აცოცხლებს! მას ყველა
და ყველაფერი სიხარულით ეგებება!
ზამთარს, ცოტა არ იყოს, გული დაწყდა:
-მე არც სიხარულით მეგებებიან და არც მადლობებით
მაცილებენ. თითქოს სულაც არ ვიყო საჭირო! განა მე არ მინდა ყვავილების დანახვა!
მისი ნათქვამის გაგონებაზე ყვავილები უფრო
ღრმად მიძვრებოდნენ მიწაში, ზამთრის სუსხისა ეშინოდათ.
ფერია ენძელას ძალიან კეთილი გული აქვს. გაიგონა
ზამთრის ნათქვამი და ჩაფიქრდა:
-ზამთრის თოვლი რომ არ კვებავდეს, მიწა ყვავილებს როგორ აღმოაცენებდა!
ღირსია ზამთარი, ჩვენი ლამაზი ყვავილების ცქერით
დატკბეს!
ფერიამ მშვენიერი ხელი აიქნია და თოვლით ნაკვები მიწიდან თეთრი ენძელები აღმოაცენა.
პაწია ბალერინები წელში გაიმარნენ,-პირდაპირ თოვლში.
-ლამაზო ყვავილო, ნუთუ, ჩემთვის ამოხვედი
მიწიდან!-გაოცდა ზამთარი.
-ვერა ხედავ? ჩემი კაბა ხომ თოვლისფერია! მაგრამ...შენ ჩემი ფერადკაბიანი დები
არ გინახავს...
-რას ამბობ?-გაუღიმა ზამთარმა,-თეთრი ჩემი
საყვარელი ფერია.შენზე ლამაზი, კეთილი და გაბედული ვინ უნდა იყოს?
ზამთარმა უფრო გაალამაზა ენძელების სამოსი,-მას
თოვლის სისპეტაკე და ელვარება შესძინა.
ამ დროს ფერია ენძელას გამოგზავნილმა თბილმა
ნიავმა დაუბერა და გაზაფხულის სურნელი დააკმია. ზამთარმა შეიყნოსა გაზაფხულის სურნელი
და გული სიამით აევსო.
ტანწერწეტა ბალერინები ნიავის
ქროლვას აჰყვნენ და ცეკვა დაიწყეს. ეს მშვენიერი ცეკვა ზამთარს ეძღვნებოდა. ზამთარს
გული აუჩუყდა და ატირდა, თოვლი დადნა:
-მადლობელი ვარ, პაწია ბალერინებო! მშვიდობით!
-რატომ მშვიდობით? ნახვამდის, საყვარელო ზამთარო! ნახ-ვამ-დის!-ბალერინებმა
თავი დაუქნიეს.
ასე ზარ-ზეიმით წავიდა ზამთარი!
ფერია ენძელა ძალიან ამაყობდა თავისი კეთილი და მამაცი ყვავილებით:
-ზოგჯერ ვერ ვამჩნევთ, რომ ჩვენთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ და ამას
ვერც ვაფასებთ. ყველას უხარია თავისი გაკეთებული
საქმის, გაწეული შრომის დაფასება. ნურასოდეს
დაიშურებთ მადლიერების გამოხატვას!-თავისი მშვენიერი ბალერინები მან ასე დაარიგა.
თუ როგორ მოუქსოვეს დედამიწას
ყოჩივარდების
ულამაზესი
ხალიჩა
ყვავილების
ფერიებს მარტო ლამაზ-ლამაზი მცენარეების შექმნა როდი ეხერხებათ, ყოველი მათგანი სხვადასხვანაირ
ხელსაქმეშიაც მარჯვეა.
ერთხელაც გადაწყვიტეს გაზაფხულის დადგომის აღსანიშნავად დედამიწისთვის
ლამაზი ხალიჩა მოექსოვათ. მოქსოვდნენ საუკეთესო ხალიჩას, გადააფარებდნენ ადამიანთა
მიწას და ზედ გაზაფხულს უმშვენიერეს ტახტს დაუდგამდნენ. სასწრაფოდ მოიმარაგეს ათასფერადი,
საუკეთესო საქსოვი ძაფები, ოქროს თასმები,
ვერცხლის სირმები და საქმეს შეუდგნენ.
მოისურვეს ხალიჩების ქსოვაში შეჯიბრი გაემართათ.
ყველას უნდოდა, მისი ნაქსოვი ყოფილიყო საუკეთესო. მონდომებით მუშაობდნენ, ნაქსოვზე ოსტატურად ამოქარგეს
თავიანთი ყვავილები....ნეტავი, ვინ გაიმარჯვებდა?
ყოველი ნაქსოვი ისეთ ლამაზი იყო, თვალს
ვერ მოწყვეტდით. მათგან საუკეთესო როგორ უნდა ამოერჩიათ?
გადაწყვიტეს, კენჭი ეყარათ და გაზაფხულის დადგომის აღსანიშნავად დედამიწისთვის
ის ხალიჩა ეჩუქებინათ, რომელიც მეტ ხმას დააგროვებდა. როცა ენჭისყრისთვის მოემზადნენ,
აღმოაჩინეს, რომ ფერია-ყოჩივარდა მათთან არ იყო. სად უნდა წასულიყო მათი დაიკო? იქნებ,
რაიმე ეწყინა? ცუდი რამ ხომ არ შეემთხვა? ფერიები ძალიან შეწუხდნენ და დობილის ძებნას
შეუდგნენ.
კიდევ კარგი, ცუდი არაფერი მომხდარიყო. ფერია ყოჩივარდა ყვავილების ზღაპრულ
მინდორზე იპოვეს, თავის პაწაწკინტელა ყვავილებში იჯდა და ხალიჩას გატაცებით ქსოვდა,
აი, საოცრება! მას არც ფერადი ძაფები ჰქონდა,
არც ოქროსა და ვერცხლის სირმები ნაქსოვის დასამშვენებლად... მისი ნახელავი ძაფებისაგან
კი არა, პაწია, ცოცხალი ყვავილებისგან იწვნებოდა. გამრჯე ფერიას ხელსაქმეში პატარა
ჭრელკუდა ჩიტუნები ეხმარებოდნენ. მათ პაწაწინა ნისკარტებით მოჰქონდათ ყვავილის თითო
ღერო და ფერია ყოჩივარდას მუხლებზე გადაფენილ ხალიჩაში აქსოვდნენ. ყვავილს ყვავილი ემატებოდა...და რა საოცარი სილამაზე იყო!
ყვავილების ფერიებისთვის უცხო რამეა შური და ქიშპობა.მაშინვე მიხვდნენ,
რომელი ნაქსოვი იქნებოდა საუკეთესო. ისე მოეწონათ
ფერია ყოჩივარდას ნახელავი, გადაწყვიტეს, დობილს დახმარებოდნენ და თვითონაც მოეღოთ მონაწილეობა ყვავილების
ცოცხალი ხალიჩის დამზადებაში. ფერია ყაყაჩომ თავისი წითელი ფერი არ დაიშურა, ფერია
გვირილამ კი თვალისმომჭრელი თეთრი. როცა თეთრი და წითელი ფერები ერთმანეთში გადაურიეს,
ნაზი ვარდისფერი გამოუვიდათ. ნაქსოვი ასე უფრო გალამაზდა.
ასე მოქსოვეს ფერიებმა ყოჩივარდების გასაოცარი ხალიჩა! ფერია ყოჩივარდამ ნაქსოვი ადამიანთა მიწაზე გადაფინა.
მიწას ცოცხალი ყვავილების ხალიჩა ძალიან მოუხდა. გაზაფხულს სწორედ აქ დაუდგეს ათასფერი
ყვავილებისგან მოწნული ტახტი. ისიც ზეიმით ჩაბრძანდა ზღაპრული სამყაროდან ადამიანთა
მიწაზე და ამ დიდებულ ტახტზე მოიკალათა. მის ფერხთით მიწაზე ყოჩივარდების ცოცხალი ხალიჩა
ყვაოდა. აქამდე ასეთ სილამაზეს ფერიების ზღაპრულ ქვეყანაში თუ ნახავდი!
დაიმახსოვრე, ადამიანს შეუძლია ბუნებისთვის მიბაძვით მრავალი საუცხოო საგანი შექმნას და სახელი შორს გაითქვას,
მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება თავად ბუნების მიერ შექმნილ სასწაულს, მიწიდან
აღმოცენებულ სილამაზეს. აბა, დააკვირდი ადრე გაზაფხულზე ყოჩივარდებისგან ბუნების მიერ
მოქსოვილ ცოცხალ ხალიჩას. განა, მე მართალი არა ვარ!
ღიღინა
ღრუბელი ყვავილებს რწყავს
ცაზე ღიღინ-ღიღინით მიმავალმა ღრუბლებმა აყვავებული მინდვრების თავზე შეისვენეს. ფერიები ღრუბლებს სიხარულით
მიესალმნენ:
-გამარჯობათ, ღრუბლებო, გამარჯობათ! რატომ გაჩერდით? ცა რატომ არ მოღრუბლეთ?
ჩვენი ღაღანა ყვავილების მორწყვაში რატომ არ გვეხმარებით? გეხვეწებით, რა, ცა მოღრუბლეთ
და ღაღანა ყვავილები მორწყეთ!
ღრუბლები მათ შორიდანვე მიესალმნენ:
-გამარჯობა, გოგონებო! სხვა დროს იყოს, ახლა ძალიან გვეჩქარება!
ადგნენ და ჰორიზონტისკენ გაუტიეს.
ფერიები მათ შორიდანაც კარგად ხედავენ,-ყველა მათი მეგობარი ღრუბელი აქაა.
ეს ღონიერაა, -გოლიათი ღრუბელი. ეს ღიპუნაა,-ღრუბლის კოკიდან წყალს ისხამს და ისხამს.
ესეც ღორმუცელა,-ღრუბლის ფთილების ღუნღულა ღვეზელებს მიირთმევს. ეს ღრიალაა,-ელჭექიანი
ღრუბელი. ყველაზე პატარა, ყველაზე საყვარელი ღრუბელი-ღიღინაც აქ ყოფილა! ღიღინა და-ძმებს ჩამორჩა, ღრუბლის ღობეს გადმოაბიჯა
და ცა სწრაფად მოღრუბლა:
-ფერიებო, თხოვნას შეგისრულებთ, ღაღანა ყვავილებს უცებ მოვრწყავ, თქვენ
კი ღრუბლის სიმღერას გიმღერებთ!
ღრუბლის სიმღერა წვიმაა. პატარა ღრუბელი ღიღინებს, წვიმაც ღიღინ-ღიღინით
მოდის, მაგრამ ყვავილებმა მაინც მოასწრეს და პირი ფაცხაფუცხით დაიბანეს.
-გმადლობთ, ღიღინა ღრუბელო, გმადლობთ!-დაუძახეს ფერიებმა პატარა ღრუბელს.
ღიღინა ღრუბელმა გაიღიმა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღრუბლებიდან მზემ გამოიჭყიტა.
სადღაც შორს ღრიალამ დაიქუხა,-ღიღინას ეძახდა.
-აბა, გავიქეცი!-დაიძახა ღიღინამ,-გესმით? და-ძმები მეძებენ!
და ისიც სადღაც შორს საღიღინოდ გაიქცა.
ფერიებმა ჰაეროვანი კოცნა დაადევნეს:
-მადლობელი ვართ, საყვარელო ღიღინა ღრუბელო, რომ ჩვენი დახმარება არ დაიზარე!
დახმარების გაწევა არ უნდა გადადო.
სწრაფად, დროულად დაეხმარე მას, ვისაც შენი დახმარება სჭირდება. ნუ იფიქრებ, მოვბრუნდები და ამას მერე გავაკეთებო.
შეიძლება დააგვიანო და მერე ვერაფერი გამოასწორო!
გვირილები წვიმას უბრაზდებიან
ფერია გვირილამ მწვანედ მობიბინე მინდორი თოვლივით თეთრი ყვავილებით გადაპენტა. გეგონებოდათ,
სულ ახლახან ჩამოთოვაო! მწვანე მინდორი ძალიან
გალამაზდა. მაღლა ხომ მზე ჩახჩახებდა, დაბლა
ყვავილების „თოვლი“ იდო. ფერიას ძალიან მოეწონა თავისი ყვავილები, ბევრი ისეირნა
გვირილების მინდორში, მერე ჩაბრძანდა ღრუბლების ციურ ეტლში, რომელშიც უამრავი ჭრელკუდა
ფრინველი იყო შებმული და დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ გაეშურა.
დილით მწვანე მინდორზე გვირილებმა თვალი გაახილეს. პირველი, რაც დაინახეს,
ჩახჩახა მზე იყო და უცებ შეუყვარდათ:
-რა ლამაზია! ნეტავი, ჩვენც ასეთი ვიყოთ!
როცა ერთმანეთს შეხედეს, მიხვდნენ, რომ თვითონაც მზეს ჰგავდნენ, ოღონდ
პაწაწინას:
-შენც მზეს ჰგავხარ! მეც მზეს ვგავარ! ჩვენ ყველანი პაწია მზეები ვართ!
სიხარულისგან აღარ იყვნენ გვირილები. დიდ მნათობს თვალს არ აშორებდენენ.
მზის ჩასვლამდე მინდორში სულ მათი სიცილ-კისკისი და გადაძახილი ისმოდა:
-თურმე ყველა გვირილა პატარა მზეა!
-და დიდი მზის რჩეული!
ერთხელ გვირილების მინდორს ღიღინა ღრუბელმა გადაუარა. ჩამოიხედა და რას
ხედავს! ძირს ყვავილების „თოვლი“ დევს!ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა, მოდი, ამათ დავუმეგობრდებიო. გაიშალა და გვირილებს დიდი მზე მოუჩრდილა. პატარა „მზეები“მაშინვე გაუბრაზდნენ:
-ღიღინა, ახლავე მოშორდი ჩვენს მინდორს!
-და ისევ ჩვენი საყვარელი მზე დაგვანახე!
-შენ არაფერში გვჭირდები. ჩვენ მზე გვყავს და თვითონაც მზის რჩეულები ვართ!
-მხოლოდ მზე გვიყვარს, სხვა არავინ... ა-რა-ვინ!
ღიღინა ღრუბელი გაჯავრდა, ყვავილების ასეთმა დახვედრამ ძალიან ატკინა გული.
ადგა და მართლა მოშორდა იქაურ ცას:
-იმასაც ვნახავ, თუ არ დაგჭირდებით!
სწორედ ის მოხდა, რასაც ფიქრობდა.
გავიდა რამდენიმე დღე. მზემ მთელი ძალით დააცხუნა
და ყვავილებს ფესვებთან წყალი სულ გამოუშრო, სიცხისგან მიწა ალაგ-ალაგ დასკდა. მზეს არც უფიქრიათ, გვირილებს
რა ეშველებათო, არხეინად ჩახჩახებდა. მიხვდნენ გვირილები, რომ იღუპებოდნენ და სინანულით
ჩაქინდრეს თავი. იმათ სილამაზეს გვალვა აჭკნობდა.
თავის მაღლა აწევა არ შეეძლოთ, მზისთვის რომ
ეცქირათ.
მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ფერიამ გვირილების გასაჭირი რომ დაინახა, ღიღინა
ღრუბელთან სასწრაფოდ მაცნე გაგზავნა,-ჭიამაია
კესუნა. ღიღინა ღრუბელი კეთილია. პაწია მზეებს სამაგიერო კი არ გადაუხადა, ფართიფურთით
მოვარდა, მინდვრის თავზე გაიშალა და გვირილებს უხვად ასვა წყალი.
გვირილები წელში გაიმართნენ, მხრები გაშალეს და ლამაზი თავები წვიმას შეუშვირეს.
ღიღინა ღრუბელს ბოდიში მოუხადეს და ათასი მადლობაც გადაუხადეს.
-გახსოვდეთ, ჩემო გვირილებო, მეგობრობაზე ხელი არავის არ უნდა უკრათ. ნამდვილი
მეგობრის გამოცნობა ადვილი არაა, მაგრამ ერთხელაც აუცილებლად გამოჩნდება, ვის უყვარხართ
და ვისი რჩეული ხართ.
-მართალია. არავინ იცის, თუ ვინაა დიდი მზის რჩეული,-წაილუღლუღეს დარცხვენილმა
გვირილებმა.
ზღაპარი
ყაყაჩოზე, ჭიამაიაზე და წითელ ფერზე
ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეყნიერებაზე
შექმნილი იყო ყველა ფერი, გარდა წითლისა. მაშინ ყაყაჩო უფერული ყვავილი იყო. ისე უხვად
ამოდიოდა, ველ-მინდვრებს მოედებოდა, მაგრამ რადგან ფერი არ ჰქონდა, თავისკენ ვერავის
იზიდავდა, არავინ ეკარებოდა. იმის ფოთოლზე
არცერთი მწერი არ ჯდებოდა, ყველა თავისივე ფერის ყვავილს დაეძებდა.
დრო გადიოდა. ერთხელაც ყაყაჩოსაც გამოუჩნდა
მეგობარი,-პატარა ჭიამაია. ისიც უფერული იყო და შეუმჩნეველი. ჭიამაია მთელი დღეს მწვანე
მინდორში ატარებდა, ღამე კი მეგობრის გულში ჩაძვრებოდა და ტკბილად იძინებდა.
-რა დასანანია, რომ ფერი არა გვაქვს,-მეგობრები
ერთმანეთს შესჩიოდნენ.
-მართალია, ფერი არა გვაქვს, მაგრამ ერთმანეთი
ხომ გვყავს!-გულს ასე იმშვიდებდნენ.
ერთხელ ჭიამაია მინდორში შემოპარულ შავ, გრძელნისკარტა ფრინველს გადაეყარა. ფრინველი დასაჭერად გამოუდგა.
გულგახეთქილმა ჭიამაიამ მეგობრის გვირგვინში ძლივს შეასწრო. ყაყაჩომ მეგობარი გულში
ჩაიკრა და გვირგვინის ფურცლები სასწრაფოდ შეკრა. ხარბი ფრინველი ზედ ყაყაჩოზედაეცა,
მაგრამ ყაყაჩო უკან, თითქმის მიწამდე გადაიზნიქა, მთელი ძალა მოიკრიბა და შავი ფრინველი მთელი ძალით მოისროლა მინდვრის
ბოლოში. ფრინველი ძირს ისე დაენარცხა, ძლივს აითრია ფრთები და გაწბილებული თვალს მიეფარა.
ამაზე მინდორში მდგომმა ყვავილებმა ბევრი იცინეს. საფრთხემ გაიარა. ჭიამაიამ მეგობრის
გვირგვინიდან გამოიჭყიტა:
-
შავი
ფრინველი წასულა! გვირგვინი გახსენი, მეგობარო!
მაგრამ ვაი, რომ დახურვისას ყაყაჩოს ისეთი ძალით შეეკრა გვირგვინი, გახსნისას ყველა ფურცელი დასცვივდა. დარჩა საბრალო თავშიშველი!
ჭიამაია მწარედ ატირდა:
-სადღაა შენი ლამაზი ფრიალა კაბა! ახლა რა
გეშველება, მეგობარო! სულ ჩემი ბრალია ყველაფერი!
-რას ვიზამ? მთავარი მაინც ისაა, რომ გადარჩი!-უთხრა ყაყაჩომ, თუმცა
ხმაში ტირილი გაერია.დამწუხრებული ჭიამაია
მეგობარს არ შორდებოდა.
ფერია ყაყაჩომ მეგობრების წუხილი შეიტყო და
მაშინვე მინდორში გაჩნდა.
-თქვენმა მეგობრობამ გული ამიჩუყა,-თქვა მან,-ნახეთ,
ამისთვის როგორ დაგაჯილდოვოთ...
მან თავისი ჯადოსნური ხელით გაამთელა
ყაყაჩოს გვირგვინი და ახალი ფერის შექმნას
შეუდგა. ირგვლივ მდგომმა ყვავილებმა ფერიას თავიანთი ფერი გაუნაწილეს. ფერიამ ისინი
ერთმანეთს შეურია, ზედ ცისარტყელასჯადოსნურ ფერთა ნაჟური დაამატა, ჯადოსნური სიტყვები წაიბუტბუტა
და მიღებული ფერი ყაყაჩოს გადასცა. ეს კაშკაშა წითელი იყო! ფერი ირგვლივ მდგარ ყველა
ყვავილს მოეწონა, ზოგს შეშურდა კიდეც.ახლა ყაყაჩოს გვირგვინი წითელი და ძალიან ლამაზი
იყო. გული ფერიამ შავად მოუხატა,- შავ ფრინველთან
შებრძოლების აღსანიშნავად. შავი და წითელი ერთმანეთს ძლიერ მოუხდა. ყაყაჩო ძალიან გალამაზდა.
ასევე წითლად შეიმოსა პატარა ჭიამაიაც, წითელზე
კი იმასაც შავი ხალები გაუჩნდა. მეგობრები ახლა უფრო დაემსგავსნენ ერთმანეთს.
ფერია ყაყაჩომაც დიდებული წითელი კაბა ჩაიცვა,-შავი გულისპირით დამშვენებული. აღტაცებული ფერიები დობილს თვალს
ვერ აშორებდნენ, ისედაც მშვენიერს ახლად შექმნილი ფერი საოცრად
უხდებოდა. მინდორი წითელი ყაყაჩოებით გაივსო.
გინდოდა თუ არა, ამ ყვავილს შორიდანაც ადვილად შეამჩნევდი.
-დღეიდან ყველაფერი, რასაც განსაკუთრებული
ყურადღება უნდა მივაქციოთ, წითელი ფერით აღვნიშნოთ,-გადაწყვიტეს ფერიებმა,- წითელი
სიყვარულის ფერიც იქნება. ყაყაჩოს იგი მეგობრების
სიყვარულმა შეაქმნევინა. ყველაზე უხვად სწორედ მეგობრების სიყვარული ჯილდოვდება. შეუძლებელია,
სიყვარული უფერული იყოს. მას ყველა ამჩნევს.
ზღაპარი
ფრთაფარფატა, პრანჭია პეპლებზე
ერთხელ ქარი მთელ ქვეყნიერებას გაუბრაზდა,-ჩემზე მაინც ყველა აუგს ამბობსო.
ასე გაშმაგებული დაბზრიალდა, ეცა ხეხილის ახლადგაშლილ ყვავილებს და გაიტაცა, აქეთ-იქით
მიფანტ-მოფანტა.
ყვავილებსაც ეს უნდოდათ. ისხდნენ ქარის ფრთებზე
და არხეინად ქანაობდნენ:
-ო, ვინც არ იცის, ფრენა რა კარგია! რა დიდებულია!-გადმოსძახოდნენ დაბლა დარჩენილ მინდვრის ყვავილებს, ასე აქეზებდნენ.
გაჭრა იმათმა ონავრობამ, ფრენა მინდვრის ყვავილებსაც
მოუნდათ:
-ჩვენც გვინდა ფრენა, სულ ერთ ადგილას დგომა მოგვბეზრდა! ქარო, ჩვენც წაგვიყვანე!
ფერიები დაფიქრებით უფურებდნენ ამ ამბავს. ყვავილების ნათქვამი კი ეწყინათ,
მაგრამ გულისნადებს მალევე მიუხვდნენ:
-ჩვენ რომ სულ ერთ ადგილას ვიდგეთ, რას ვიტყოდით? გაგვიხარდებოდა? ქარო,
შეასრულე მათი სურვილი!
ქარსაც ხომ ეს უნდოდა, ეცა ჭრელა-ჭრულა მინდვრის ყვავილებს და ჰაერში აიტაცა.
ყვავილები მას სიხარულით მისდევდნენ:
-რა კარგი ყოფილა ფრენა! ნეტავი, სულ ასე ვიფრინოთ! მიწაზე დაბრუნება არ
გვინდა!
ქარი თანდათან შენელდა, ყვავილებიც თანდათან ძირს ეშვებოდნენ:
-არა, არა! გთხოვთ! ჩვენ ფრენა გვინდა! ფრენა! ფრენა!
ფერიებმა ისინი გააფრთხილეს:
-კი, ბატონო, ფრთებს გამოგასხამთ, მაგრამ სიცოცხლის დღეები შეგიმოკლდებათ.
-სამაგიეროდ ფრენა შეგვეძლება! -უყოყმანოდ მიუგეს ყვავილებმა.
-აბა, ქარო, დაუბერე!
ამ უცნაურ ამბავში ქარი ისე გაერთო, სიბრაზე სულ გამოუნელდა, მაგრამ ფერიების
ბრძანება მაინც შეასრულა. მან მთელი ძალით დაუბერა და ყვავილები კვლავ მაღლა აიტაცა.
ყვავილებმა უცებ იგრძნეს, რომ ფრთები გამოესხათ. ისინი პეპლებად იქცნენ. ახლა ქარის
დაუხმარებლადაც შეეძლოთ ფრენა. სად უნდა დაესვენათ, როცა დაიღლებოდნენ? მინდორში ფერიებმა
კვლავ აურაცხელი ყვავილი აღმოაცენეს, პეპლებს შეეძლოთ იმათ ფურცლებზე დაესვენათ და
ყვავილთა ტკბილი ნექტარი ეწუწნათ.
არასოდეს თქვა უარი საკუთარ ოცნებაზე. ყველაზე უპირველესი მიზანი სწორედ
დასახული მიზნის ბოლომდე მიყვანაა. ეს კი იგივეა, რაც სიხარულში ფრენა. ოცნების ასრულება
ფრთებს გამოგასხამს, ანუ ბედნიერს გაგხდის!
-ქარო, შენ კი დაიმახსოვრე, რომ უსარგებლო ამ ცისქვეშეთში არაფერი გაჩენილა.
მაგალითად, დღეს შენი დახმარებით ყვავილებს ფრთები შევასხით... ეს, რა, ცოტაა?
ლეგენდა მეწამულ ვარდებზე
ამ
დროს ქვეყნიერებაზე წითელი ფერი უკვე არსებობდა. ხომ გახსოვთ, იგი ფერია ყაყაჩომ შექმნა.
მისი დობილი, განუყრელი მეგობარი ფერია როსა ერთხელ ავად გახდა. ფერიების მეზობლად,
ყვავილოვანი მინდვრების იქით ბოროტი ჯადოქარი ჯაჯღანა ცხოვრობდა. მის ქვეყანაში ყველაფერი
შავ-თეთრი ფერისა იყო. ერთხელ თავის ჯადოსნურ ბროლის ბურთში ჯაჯღანამ ულამაზესი ყვავილი
დაინახა, ნამდვილი საოცრება,- სილამაზითა და სურნელით გამორჩეული. ბროლის ბურთში ამ ყვავილის სახელიც დაიწერა-მომავალში
მას თურმე როსა დაერქმეოდა. ბოროტმა და შურიანმა ჯაჯღანამ გადაწყვიტა, ხელი შეეშალა
ამ სილამაზის გაჩენისთვის, ამიტომ შეიპარა ფერიების მინდორში და იმ ადგილას, სადაც ფერია როსას დასვენება უყვარდა, შხამიანი
ყვავილი აღმოაცენა. უცხო მცენარის სურნელი თუ შეიყნოსა, ამ დღიდან მზეთუნახავი როსა
ავად გახდა, ავადმყოფობამ ისე დარია ხელი, ფეხზე ვეღარ დგებოდა. დაღონდნენ მისი დობილები,
რა არ სცადეს, მაგრა დაიკო როსას ვერაფრით უშველეს. ფერიები ქვეყანას თავს დიდი განსაცდელი
დაატყდა. განა მარტო ფერიები, დასევდიანდნენ ყვავილები, პეპლები, ჭიამაიები... მზე
და ღრუბლებიც კი დარდმა შეიპყრო.
ფერია როსას ყვავილი ასკილი იყო. ასკილს ძალიან
უყვარდა თავისი მფარველი. დიდხანს იფიქრა, ჩემს როსას რითი ვუშველოო. მერე მოიკრიბა
მთელი თავისი სიყვარული და წითელი, წვრილ-წვრილი ნაყოფი გამოისხა.
ბოროტი, შურიანი ჯადოქარი ჯაჯღანა ამ ამბავს თავის ბროლის ბურთში ადევნებდა
თვალს. იგი მაშინვე მიხვდა, რომ ასკილი სიცოცხლის ელექსირს ამზადებდა. ღამით ფერიების მინდორში შეიპარა
და მაცოცხლებელი ნაყოფის დაკრეფას შეუდგა. ასკილმა თავის დაცვა გადაწყვიტა.
მან მთელი დარჩენილი ძალა მოიკრიბა და ეკლები დაისხა, ბოროტი არსება ახლოსაც არ გაიკარა.
ჯაჯღანა ჯადოქარი ამას არ ელოდა, შეეშინდა და უკანმოუხედავად გაიქცა ფერიების ქვეყნიდან.
ფერიებმა ასკილის ნაყოფი რომ დაინახეს, მაშინვე
მიხვდნენ, რაში გამოადგებოდათ, დაკრიფეს, ასკილის ჩაი დააყენეს
და მისუსტებულ როსას დაალევინეს. სიყვარულით შექმნილმა წამალმა სასწაული მოახდინა,
როსას სახეზე ვარდისფერი დაედო, ძალ-ღონე მოემატა და რამდენიმე დღეში ფეხზე დადგა. კიდევ ორიოდე დღე და ფერია სრულიად
გამოჯანმრთელდა.
მადლიერმა ფერია როსამ გადაწყვიტა, დაეჯილდოვებინა
ყვავილი და მისთვის ახლებური სახე მიეცა. ფერიამ უკვე იცოდა, რომ სიყვარულის ძალას
წინ ვერაფერი დაუდგება. სიყვარული ხომ გულში იბადება?-ამიტომ ყვავილის ყველა ფურცელი
როსამ გულის ფორმისა გააკეთა, მერე ეს მრავალი გული ერთ ყვავილედად შეკრა. მართლა ულამაზესი გამოუვიდა!-მრავალი გული ანუ სიყვარული ერთად აკინძული.
ფერიამ მას როსა, ჩვენებურად ვარდი დაარქვა.
თავისმა მფარველმა ვარდს ყველაფერი აჩუქა, რაც კი საუკეთესოდ მიიჩნია.
თავიდან ის ასკილივით იყო შეფერილი. როსამ
კარგად იცოდა, რომ სიყვარული მრავალნაირია. ასე გაჩნდა ქვეყნიერებაზე სხვადასხვა ფერის
ვარდი,-წითელი, იმიტომ რომ გამორჩეულია, თეთრი,-იმიტომ
რომ სპეტაკია, ვარდისფერი, იმიტომ რომ საოცნებოა, ლურჯი,-იმიტომრომ იდუმალია, ყვითელი,
-იმიტომ რომ ოქროსავით ბრწყინვალეა, შავი,-იმიტომ რომ მიწასავით მტკიცეა, ჭრელი,- იმიტომ რომ სამყაროს ფერებივით მრავალნაირია... ამ ზღაპრულ ვარდებს შორის გამორჩეული და ყველაზე სასარგებლო
მაინც უბრალო ასკილია. აი, ასე გახდა ფერია
როსა უამრავი სხვადასხვანაირი ვარდის პატრონი და ფერიებს შორის ყველაზე მდიდარი. ყველა
ფერის ვარდი მშვენიერი იყო, ეს იმიტომ, რომ შეუძლებელია სიყვარული იყოს ულამაზო!
ულამაზეს ყვავილებს როსამ უფრო
დიდი და ბასრი ეკლები დაასხა. ასედაც უნდა ყოფილიყო, რადაგან სიყვარულს დაცვა სჭირდება,
ბოროტმა და შურიანმა რომ ვერაფერი ავნოს.
საღამოობით, მთვარე რომ ამობრწყინდება, ბულბული მოფრინდება, ვარდის რტოზე
შემოჯდება და საამურად მოჰყვება გალობას. მგალობელი ჩიტუნა ასე უყვება მთელ ქვეყანას
სიყვარულის სხვადასხვა ისტორიას.
დაიმახსოვრე, არაფერია ქვეყნიერებაზე სიყვარულზე უფრო ლამაზი და ძვირფასი!
ეცადე, შენ მოიპოვო და სხასაც მოაპოვებინო იგი. თუ ამას შეძლებ, ფერია როსასავით მდიდარი
და გამორჩეული შეიქმნები.
ლეგენდა მშვენიერ
ტიტაზე
ყველა ყვავილის გულში დევს რაღაც საოცნებო,
ყველასათვის სასურველი. მზის თითო ოქროს ათინათი და სანუკვარი სურვილები ტიტების გულის კოლოფში უფრო საიმედოდაა შენახული.
იყო დრო, როდესაც ადამიანებმა არც კი იცოდნენ,
თუ რა იყო ბედნიერება. ტიტების მფარველმა ფერიამ იგი თავისი ერთ-ერთი ყვავილის გულში
შეინახა. უბრძანა მათ, გვირგვინი მჭიდროდ დახურეთ და ფერიების საგანძური არავის უჩვენოთო.
ამ ამბავს ყური მოჰკრა ჭორიკანა პეპელა-ელამ.
ვერ მოითმინა, ერთ კაცს მხარზე დააჯდა და ყურში უჩურჩულა. რა ერთი კაცისთვის გითქვამს,
რა ასისთვის გაგიგებინებია, ორიოდე დღეში ყველამ გაიგო ფერიების საიდუმლო. ტიტების
„ციებ-ცხელება“ ასე დაიწყო,-ყველა ბედნიერებას დაეძებდა, ყვავილებს კრეფდნენ და გვირგვინს
ძალით უხსნიდნენ. სულ ამაოდ ცდილობდნენ, რადგან შიგ ვერაფერს პოულობდნენ, დანახვა არ შეეძლოთ. ფერია ტიტა მათზე ისე გაბრაზდა, გადაწყვიტა, ბედნიერებას
სიზმრადაც ვერ ეღირსებიანო.
ერთ საღამოს მან მდელოზე ახალი ტიტები აღმოაცენა.
ამ დროს იქ დედა-შვილმა ჩაიარა. ორივე გამხდარი იყო, შიმშილისგან
დასუსტებული. ორივეს გაცრეცილი, თხელი სამოსი ეცვა. თვალებში სიცოცხლის სხივი ორივეს
ჩაქრობოდა.
უცებ ახლად ამოსული ტიტები დაინახეს. ქალს
არც კი უფიქრია, აქ რაიმეს ვიპოვიო, მიჩვეული იყო უიღბლობას. ბიჭუნას სახე გაუნათდა,
თვალები გაუბრწყინდა, ძალ-ღონე მოემატა. ულამაზესი ტიტას კოლოფს მან გაუბედავად შეახო
ხელი:
-დედა, შეხედე!-დაიძახა ბავშვმა,- მაგრამ
არ მოვწყვეტ... განა ცოცხალი უფრო მშვენიერი არაა?
ფერია ტიტას წამსვე შეუყვარდა ეს ბავშვი.
ყვავილის კოკორი ბიჭუნასკენ გადაიზნიქა, გაიზარდა, უცებ იფეთქა და გაიშალა, ბავშვს
სახეში აურაცხელი ოქროს ნაპერწკალი შეაფრქვია.
ეს ფერიების საგანძურში ყველაზე გამორჩეული-ბედნიერება იყო! ბედნიერების სხივმა ჯერ ბიჭუნას გულში შეაღწია,
მერე დედასაც გადაედო. მათ წამში დაავიწყდათ გამოვლილი განსაცდელი და გული იმედებით
გაევსოთ. ქალი მიხვდა, რომ იგი ისეთი შესანიშნავი ბიჭუნას დედა იყო, რომელიც ადამიანებს
გააბედნიერებდა.
-წადი, მიუტანე ადამიანებს ჩემი ბედნიერება!-უჩურჩულა
ფერია ტიტამ ბიჭუნას. ბავშვს არ დაუნახავს ყვავილების მფარველი, მაგრამ მისი სიტყვები
კარგად გაიგონა. ო, რა ბიჭი იყო!
წამითაც არ უფიქრია, ბედნიერება მხოლოდ ჩემია, ჩემს გულში საიმედოდ შევინახავო!
ასე რომ, პირველად ბავშვმა იგემა ბედნიერება,
მერე-დედამ, მათ კი სხვა ადამიანებს გადასცეს.
ამბობენ, ბედნიერება გადამდებიაო. ეს ისეთი
ავადმყოფობაა, რომელსაც ადამიანები კი არ უფრთხიან, არამედ მისკენ მიიჩქარიან, მას
გულღიად ეგებებიან. ნეტავი, ეს სენი ყველას შეგვეყრებოდეს!
ლეგენდა მზის
რჩეულზე-მზესუმზირაზე
ფერია მზისა ჩვენი მნათობის-მზის სეხნიაა. მზე რომ არა, სიცოცხლე
ვერ შეიქმნებოდა. სიცოცხლე რომ არა,
არც ყვავილები იქნებოდნენ, ყვავილები რომ არა, საიდან გვეცოდინებოდა, თუ რა არის სილამაზე,
სილამაზე რომ არა... მოკლედ ამაზე დაუსრულებლად შეიძლება ისაუბრო.
მაშინ, როდესაც ეს სილამაზე იქმნებოდა, ფერია მზისამ გადაწყვიტა, ერთი
მშვენიერი ყვავილი თავისი სეხნიასთვის მიეძღვნა. მან მინდორში აღმოაცენა მართლა მზის
მსგავსი, მრგვალი, ყვითელთავა ყვავილი, თუმცა, არა ისეთი, როგორიც ახლა არის, არამედ
პატარა, ღილისოდენა. ყვავილი სხვებისგან არაფრით იქნებოდა გამორჩეული, მზე რომ ასე
ძალიან არ შეჰყვარებოდა, გვირილებზე მეტადაც კი. ჩვენს ბრწყინვალე მნათობს იგი თვალს
არ აცილებდა.
დრო გადიოდა, მაგრამ ყვავილს გრძნობა
არ უნელდებოდა, მზე კი ვერც ამჩნევდა მის სიყვარულსა
და ერთგულებას. გული სტკიოდა საბრალო ყვავილს, ხშირად ტიროდა. ერთხელ მისი სლუკუნი
ფერია მზისამაც კი გაიგონა.
-რა გატირებს? გამანდე შენი სადარდებელი!-შეწუხდა ყვავილების ფერია.
-მე მზე მიყვარს, მაგრამ ის ვერც კი მამჩნევს, ვერ გრძნობს ჩემს ერთგულებას.
არადა, ძალიან მინდა, მზის მეგობარი ვიყო...
ფერია მზისამ გადაწყვიტა დახმარებოდა თავის ყვავილს, მაშინვე ჩაუთქვა ჯადოსნური სურვილი. ყვავილი გაიზარდა, ტანი აიყარა,
ისე გამაღლდა, სხვა ყვავილებს ახლა ზემოდან დაჰყურებდა. მისი ლამაზი გვირგვინიც გაიზარდა,
გაიბადრა და მზეს უფრო მეტად დაემსგავსა.
დილით მზემ ჩვეულებისამებრ გადმოხედა ყვავილების მინდორს. უცებ მაღალი,
ყვითელთავა, გაბადრული ყვავილი დაინახა! ეს ყვავილი სიყვარულით შემოჰყურებდა, თავისი
გვირგვინის მოძრაობას ცაზე მზის მსვლელობას აყოლებდა...
-როგორ მგავს!-გაუკვირდა მზეს,- თანაც როგორი სიყვარულით მიმზერს!..
ხან იქით გაიწია, ხან -აქეთ, ყვავილი თავს მაინც მისკენ ატრიალებდა, თითქოსდა
მას დასდევდა. მზე ამ ამბავმა ძალიან გაამხიარულა და ბევრიც იცინა.
-ნამდვილი მზესუმზირაა!-ბრწინვალე მნათობმა მზესუმზირას ყვითელ გვირგვინს
ოქროს ბრწყინვალება მიანიჭა.
ფერია მზისა ამ ამბავს ღიმილით ადევნებდა თვალს. სახელი- მზესუმზირა ძალიანაც მოეწონა.
ამ დღიდან მზე და მზესუმზირა დიდი მეგობრებიარიან. ახლა კი შეიტყვეს გვირილებმა,
თუ ვინ არის მზის რჩეული,-ეს მზესუმზირაა! მზესუმზირის რჩეული კი მზეა. თუ გინდა, დააკვირდი,-საღამოს,
მზე რომ ჰორიზონტს იქით მიიმალება, მზესუმზირა მაშინვე მოიწყენს.
შენც სხვების გვერდით უნდა იდგე
და მათი თანასწორი უნდა იყო, მაგრამ მაინც
განსხვავებული. ჩვენ ყველანი ასე ვართ, -სხვების თანასწორი და რაღაცით განსხვავებული. სხვებთან დგომა სიცოცხლეს გაგიადვილებს, შენი განსხვავებულობა კი
სხვებისგან გამოგარჩევს. თუ მეგობრებისადმი ერთგულების ნიჭიც გაქვს... ბედნიერი იქნები,
ჩემო ძვირფასო!
ამბავი
იმისა, თუ ვინ აირჩიეს ყვავილების დედოფლად
მზეთუნახავი პერსეფონე გაღვიძებას არ აპირებდა.
ხომ არ ჯობებდა, ფერიებს ყვავილების დედოფალი თვითონ შეერჩიათ?
გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ყვავილების ფერიებმა წვეულების გამართვა
გადაწყვიტეს. ამ დღეს მათ სასახლეში უამრავი სტუმარი მოიწვიეს. დარბაზში დადგეს ოქროს
სკამები, მაგრამ ვინ ჩაჯდებოდა ოქროს სავარძელში? ვინ გახდებოდა ყვავილების დედოფალი?
-დაე, სტუმრებმა გადაწყვიტონ, ვინ უფრო მშვენიერი, კეკლუცი და სასარგებლოა! აჯობებს, მათ გადაწყვიტონ, ვინ
გახდება ყვავილების დედოფალი! დღეს ფერიებს სტუმრების წინაშე მსოფლიოს ყველა კუთხიდან
ჩამოსული სახელგანთქმული რაინდები წარადგენენ.
ამ სახელგანთქმულ რაინდებს ფერიები ძალიან მოსწონთ. თუმცა... ასეთ ლამაზი ყვავილი-გოგონები ვის არ მოეწონება?!
აი, დიდებულმა რაინდებმა ათივე ფერია წარუდგინეს სტუმრებს, მაგრამ...ეს რა ხდება?
ვერ გადაუწყვეტიათ, ვინ აირჩიონ ყვავილების დედოფლად? რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ჩვენი
ათივევე გოგონა- ყვავილი ასეთი მშვენიერია!
დედოფლობა ათიდან ნებისმიერს დამშვენდებოდა...
ერთი, მოუსმინეთ, რა წიოკია! რა აურზაური!
-ეს მე უნდა ვიყო ყვავილების დედოფალი!
-მე! მე! მხოლოდ მე! ყვავილთა დედოფალი სწორედ მე გავხდები! ამას წყალი
არ გაუვა!
-დედოფალი შენ კი არა, მე ვიქნები! ეს გადაწყვეტილია!
აბა, ახლა ჩვენს დიდებულ რაინდებს მოვუსმინოთ:
-ყვავილების დედოფალი ჩემი რჩეული გახდება!
-როგორც შენ იტყვი! დაგიჯერებთ, როგორ არა!
-არ დაგვიჯერებთ და თქვენი აჯობებს! დედოფალი ჩვენი ფერია გახდება!
-თქვენ თავს ნუ გაგივათ.... ჰა -მეთქი!
გოგონები-ყვავილები ისე გასწიოდნენ, ბიჭები-რაინდები ისე გაჰყვიროდნენ,
რომ ხმაურმა მზეთუნახავი პერსეფონეც გამოაღვიძა,
სასწრაფოდ წამოხტა ოქროს სარეცლიდან, ყური მიუგდო ამ უცნაურ აურზაურს და როცა მიხვდა,
რაც ხდებოდა, გაეღიმა. მზეთუნახავმა ჩაიხედა თავის ჯადოსნურ
სარკეში, რაღაც წაიჩურჩულა და მაშინვე წითელი ტანსაცმლით შეიმოსა. მისი მეწამული კაბიდან გასაოცარი სურნელი დაიფრქვა.
მზეთუნახავი მარმარილოს კიბეზე დიდებულად ჩამობრძანდა. სახეზე პირბადე
ეკეთა, მაგრამ მისმა დიდებულმა სამოსმა და მეწამული კაბიდან მოფრქვეულმა სურნელმა ყველა
მოაჯადოვა.
-ნეტავ, ვინ არის! ვინ გვეწვია ასე მოულოდნელად!
როცა უცნობმა პირბადე აიწია, ყველამ ერთად წამოიძახა:
-ეს ხომ ჩვენი მფარველი პერსეფონეა! ვარდი ყოფილა! მეწამული ვარდი!
-ეს ხომ როსაა! მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენს გვერდით ყოფილა!
-თურმე სულაც არ ეძინა!
-სულ ჩვენთან იყო, გვპატრონობდა, ჩვენც და ჩვენს ყვავილებსაც!
-როსას ჩვენგან დიდი მადლობა ეკუთვნის.
-ჩვენ კი მის გასაგონად ვკამათობდით...
-ყვავილების დედოფალს დავეძებდით...
-და კინაღამ ვიჩხუბეთ!..
-ჰოდა,
რა გაჩხუბებთ?-ღიმილით
იკითხა მცენარეების მფარველმა,-ყველანი მშვენიერები ხართ! თქვენ რომ არა, დედამიწა
ასეთი ლამაზი და ფერადოვანი არ იქნებოდა. რა ვერ გაიყავით, ჩემო ტურფა გოგონებო?!
-ვერ გადაგვიწყვეტია, ყვავილების დედოფლად
ვინ ავირჩიოთ....
-ვერ
გადაგვიწყვეტიაო?! როგორ
თუ, ვერ გადაგვიწყვეტია... მე უკვე ვიცი...ამას
ფიქრი რად უნდა? ყვავილების დედოფლად მეწამული
ვარდი უნდა ავირჩიოთ!
-რა კარგია! დედოფალი წითელი ვარდი გახდება! ვარდი, ანუ სიყვარული! ხომ მართალია, დობილებო?
-მართალია, მართალი! ოღონდ დღეიდან მისი უამრავი
სახელიდან ყვავილების მფარველს როსა ერქმევა...
ამ სახელს ძალიან შევეჩვიეთ...
-როსა, დღეიდან შენ იქნები ჩვენი დედოფალი!
-გაუმარჯოს
როსას! ჩვენს
დედოფალს გაუმარჯოს!
-მშვენიერო როსა, დაგვდეთ პატივი, სადედოფლო
ტახტზე დაბრძანდით!
-დიდი სიამოვნებით! -ულამაზესი როსა ტახტზე
დაბრძანდა და დარბაზს თვალი მოავლო, - ეს რამდენი სტუმარი გვწვევია... სტუმრებს რა მივართვათ, ჩემო ტურფა გოგონებო?..
-რა თქმა უნდა, ყვავილების ნექტარი, ტკბილი სასმელები და უგემრიელესი ნაყინი...
როსა, ნუ დარდობ, ჩვენ ამაზე უკვე ვიზრუნეთ!
-რა ყოჩაღები ხართ, ჩემო ლამაზებო! მაშ, იმხიარულეთ, მეგობრებო! ლხინი და ზეიმი მიბრძანებია!
როსას ოქროს, ლალისა და ზურმუხტის სასახლეში ზღაპრული ლხინი გაჩაღდა. ყველა ცეკვავდა, მხიარულობდა. ყველას უხაროდა, რომ
როსა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე
სხვადასხვა სახელი, როუზი, როზა... ჩვენებურად კი ვარდი ჰქვია, ყვავილების დედოფლად
აირჩიეს!
No comments:
Post a Comment