პრინცესა

ნესტან კუპრავა
პრინცესა
პრინცესა საკუთარ  თავზე გვესაუბრება
  
   გამარჯობათ! მე სოფიკო ვარ, მაგრამ თქვენ პრინცესა დამიძახეთ. რატომ? – იმიტომ, რომ ჩვენს ქალაქში ყველადიდი თუ პატარაამ სახელით მიცნობს.
   ასე რატომ მქვია? ალბათ გაიფიქრეთ, – ეტყობა, გოგონა ზღაპრულ პრინცესასავით მშვენიერიაო. სულაც არა...
   აი, ახლაც სარკის წინ ვდგავარ და საკუთარ თავს ყურადღებით ვათვალიერებ. პრინცესას ხომ თოვლივით თეთრი, ჰაეროვანი კაბა აცვია, მებოლოშემოძენძილი, ჯინსის მოკლე შარვალი. პრინცესა თეთრყირმიზია, მე კი სახე და კისერი ყავისფრად მაქვს გარუჯული. როცა დედას სადმე სტუმრად მივყავარ, ლამის ცხრაპირი ტყავი გამაძროს, – საპნით და ჯაგრისით მხეხავს და მხეხავს, თან მეუბნება, – ისეთი გაშავებული ხარ, მეშინია, ვინმეს ჭუჭყიანი არ ეგონოო.
   პრინცესა მზეთუნახავია, მე კი მზეთუნახავობას ვერ დავიჩემებ. პირიქით, მე და მზე გულითადი მეგობრები გახლავართ, თუმცა, მისი წყალობით აფრიკელს უფრო ვგავარ, ვიდრე ქართველს.
   პრინცესა სრულყოფილების ნიმუშია, მე კი ზღაპრული ალქაჯივით ერთიანად დაკაწრულ-დალილავებული ვარ. თამაშისას თმა ისე მეწეწება, პირდაპირ კუდიანს ვემსგავსები. ხომ იცით? – პრინცესა სიარულისას მინარნარებს, მე კი როგორ დავდივარ? დედა მეუბნება, – როცა გვერდით ჩამიქროლებ, ყურები მიზუზუნებს და ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს გრიგალმა ჩაიშლიგინაო. გოგონასთვის, რომელსაც სახელად პრინცესა ჰქვია, გრიგალებთან და ქარიშხლებთან შედარება არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ სულაც არ მწყინს.
   ეს სახელი იმიტომ მქვია, რომ ზღაპრები პრინცესებზე ძალიან მიყვარს. დედა ხშირად მეუბნება, – ცოტა ქალურად რომ მოიქცეოდე, კარგად დაიბანდე, ლამაზად დაივარცხნიდე და გემოვნებით ჩაიცვამდე, მშვენიერი გოგო იქნებოდიო. დრო გაივლის და ალბათ ასედაც იქნება. ჯერჯერობით უზრუნველი ბავშვობა და ცელქობა უფრო მწყურია.
   რამდენი წლისა ვარ? მართალია, შარვალი მაცვია, მაგრამ ხომ მაინც ქალი ვარ? როდის ყოფილა, ქალი რომ წლოვანებას ამხელდა, არც მე გეტყვით, – თვითონვე მიხვდით. მარტო იმას გაგანდობთ, რომ თუ ცუდ გუნებაზე ვარ, თავი ასოთხმოცი წლის ბებერი მგონია, თუ კარგზე, – ერთი თვის ჩიტი.
 სად ვცხოვრობ? – საქართველოს ერთ-ერთ პატარა, სულ პატარა ქალაქში. ქალაქიაო, – ამბობენ, თორემ თანამედროვე, ქალაქის სტილის სოფელს უფრო ჰგავს.
   გინდა ქალაქი ყოფილა, გინდასოფელი, მე ამაზე მშვენიერი ადგილი არც საქართველოში, არც დედამიწის ზურგზე და არც სამყაროში მეგულება.
   ერთადერთი, რაც ძალიან მენატრება, უცხოპლანეტელებთან შეხვედრაა. მინდა ვკითხო, ჩემი ქალაქი სჯობია, თუ მათი. ნეტავი, პასუხი ისეთი იქნება, როგორსაც მოველი?
   უცხოპლანეტელების აზრს სიამოვნებით მოვისმენდი, მაგრამ სულაც არ მინდა ამის შესახებ ფრანგს, შვეიცარიელს, ინგლისელს ან ამერიკელს ვკითხო. რატომ? მე ხომ ვიცი, – გააბამენ თავიანთი ქალაქების ქება-დიდებას, იმათთან რას გავაწყობ? უცხო ენები არ ვიცი, თორემ იცოცხლე! – ქართულად კამათი ჩემი მოგონილია.
   ან რაში მჭირდება? თვითონაც კარგად ვიცი, რომ ჩემი ქალაქი დედამიწის ზურგზე ყველაზე მშვენიერია!
   დედ-მამასთან ერთად ვცხოვრობ. ბებიები და ბაბუებიც მყავს, ბიძაშვილ-მამიდაშვილებიც, მაგრამ ისინი თავიანთ სახლებში ცხოვრობენ.
   ახლა ჩემი დიდი გულისტკივილი უნდა გაგანდოთ, – დედისერთა ვარ და ეს ძალიან მაწუხებს. მინდა ბევრი და-ძმა მყავდეს. დედაჩემს ამაზე მილიონჯერ მაინც ვეჩხუბე, მაგრამ გაგიგიათ? ამაზე შემდეგ ვისაუბრებ. აბა, გაცნობისთანავე წუწუნს ხომ არ დავიწყებ?
   შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი მეგობარი მყავს. ჩვენს გვერდით მეზობლებს სამი ბავშვი ჰყავთბაჩანა, მარიკა და სალომე. მათ გვერდით ჩემსავით დედისერთა ბიჭუნა ცხოვრობსირაკლი, დედამისი ივიკოს ეძახის. შემდეგ მეზობლებს ორი შვილი ჰყავთ, იმათ შემდეგ კიდევ და კიდევ...
   მეგობრები უფროსებს შორისაც მომეძებნება. ჩვენი ქუჩის ბოლოს პატარა, ლამაზ სახლში ერთი ქვრივი, უშვილძირო ბერიკაცი ცხოვრობს, – გიგა ბაბუა. ისე მიყვარს, თითქოს ჩემი ღვიძლი ბაბუა იყოს. იმასაც შვილიშვილად მივაჩნივარ. ეზოში ბლის ხეები უდგას. ბალი რომ დამწიფდება, მთელი ქუჩის ბავშვებს მიგვიპატიჟებს. ხეებზე ჩიტებივით შემოვსკუპდებით და მხიარულ ჟივილ-ხივილს ვიწყებთ. ვგრძნობთ, გიგა ბაბუას ჩვენი გახარება ძალიან სიამოვნებს.
   მეგობარი ყველა ხომ ვერ იქნება? გულითად, ნამდვილ მეგობრებად მაინც ისინი მიმაჩნია, ჩვენს გვერდით რომ ცხოვრობენ, განსაკუთრებით ბაჩანა და მარიკა. მათი დასალომე ჯერ პატარაა.
   ჩემი არ იყოს, ბაჩანასაც მეორე სახელი ჰქვია, მაგრამ მუდმივად კი არა, ხანგამოშვებით, როცა მოესურვება. ამჟამად მისი სახელია... ათი ათას წელს რომ იფიქროთ, მაინც ვერ გამოიცნობთ, – ეს გამხდარი, ჩემსავით მუდამ სახეგარუჯული ბიჭი თავის თავს `ჯეიმს ბონდს~ უწოდებს, – `მისტერ ჯეიმს ბონდს~. ამ სუპერგმირზე ფილმებს ვუყურეთ და ისე მოეწონა, სახელიც კი დაისაკუთრა.
   მეტსახელებს თვითნებურად იცვლის, გააჩნია, რომელი ფილმი მოეწონება. ხან ჩვენი სახელოვანი წინაპრების, – მეფეების სახელი ჰქვია, ხან უცხოელებისა. უფრო მეტად ცნობილ კარატისტზე ბრიუს ლი-ზე და ჯეიმს ბონდზე აცხადებს პრეტენზიებს.
   მაშ, ასე, – მე პრინცესა ვარ. მყავს ორი უახლოესი მეგობარიბაჩანა, იგივე `ჯეიმს ბონდი~ და მარიკა.
   ხვალ სკოლაში ბოლო გაკვეთილები ჩაგვიტარდება. გაკვეთილების შემდეგ კონცერტი გაიმართებასასწავლო წლის დამთავრების აღსანიშნავად.
   შემდეგ საზაფხულო არდადეგები დაიწყება. საქართველოში კიდევ ერთი საარაკო, მცხუნვარე, მხიარული ზაფხული დადგება. ვნახოთ, თავს როგორ დაგვამახსოვრებს!

  
  
`მისტერ ჯეიმს ბონდი  დეკლამატორობს
   ეს კონცერტი ჩვენი კლასის ძალებით ტარდება,  ჩვენმა ხელმძღვანელმა მოგვამზადა. ძალიან  მნიშვნელოვანი  კონცერტია,  სასწავლო წლის დამთავრებას ეძღვნება.
   ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. კონცერტი წარმატებით მიმდინარეობს.  დარბაზი მასწავლებლებით და მოსწავლეებით ისეა გაჭედილი, ნემსი არ ჩავარდება. სულისშემხუთავი სიცხეა, ამიტომ ყველა ფანჯარა გაღებულია.
   ჩვენი მასწავლებელი გახარებულია. ძალიან მსიამოვნებს მისი სიხარულისაგან გაბადრული სახის ცქერა. აუტანელი სიცხის მიუხედავად, მაყურებლები დარბაზს არ ტოვებენ და მსახიობებიც ძალიან ყოჩაღობენ. უდავოა, კონცერტი ყველას ძალიან მოეწონება.
   პროგრამა მე მიმყავს. საქმეს თავს კარგად ვართმევ. უსიამოვნებას არ ველი, მაგრამ გული მაინც მღელვარედ მიცემს. რატომ?
   დღეს ჩემი გულითადი მეგობრისთვის, `მისტერ ჯეიმს ბონდისთვის~ მეტად მძიმე დღეა, – ამხელა დარბაზის წინაშე საკუთარი ლექსი უნდა წაიკითხოს.
   მე იგი ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ ვეცდები, შინაარსი მაინც გადმოგცეთ.
ეს იყო საკმაოდ მოზრდილი ლექსი ერთ წითურ ბოჩოლაზე, რომელიც დღე და ღამე, ზამთარ-ზაფხულ თავის დედას, ერთიანად შავ, მაგრამ თეთრი ლაქით შუბლდამშვენებულ ძროხას დაეძებს. გამუდმებულ ძებნაში წესიერად ბალახიც კი ვერ მოუძოვია და შიმშილით კუჭი უხმება.
   მოკლედ რომ გითხრათ, ძალიან გულისამაჩუყებელი ლექსი იყო, ჩემი აზრით, შესანიშნავი, თუმცა საიდუმლოდ გეტყვით, ბაჩანას რომ არ ეწყინოს, – მასწავლებელი დიდხანს ყოყმანობდა, ჩაერთო თუ არა ლექსი პროგრამაში. ბოლოს ხელი ჩაიქნია, – საკუთარი შემოქმედებაა და ესეც რამეაო.
   მე მგონი, მასწავლებელს ბაჩანას სცენაზე გამოყვანა სხვა რამემ უფრო გადააწყვეტინა, – ჩემი მეგობარი შესანიშნავი დეკლამატორია. ის რომ ლექსს წაიკითხავს, ერთ სიამოვნებად ღირს. რაც არ უნდა ცუდ ლექსს კითხულობდეს, შედევრად მოგაჩვენებს.
   როცა გაკვეთილად ლექსი გვაქვს, მასწავლებელი ყველაზე ბოლოს იმას ეკითხება. გიკვირთ, არა? გემრიელ ლუკმას ხომ ბოლოსთვის იტოვებთ? მასწავლებელიც ასეა, ცუდი შთაბეჭდილება რომ გაიქარწყლოს, ყველაზე ბოლოს იმიტომ ეკითხება. ასე ბავშვებსაც მოგვწონს.
   კაცმა რომ თქვას, ჩემი მეგობარი მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოვებული, – ადვილად სწავლობს, მშვენივრად მღერის, კარგად ცეკვავს, კლასში ყველაზე კარგი კარატისტია, მერე კიდევ `ჯეიმს ბონდია~. ახლა პოეტობაც დაემატა და სხვა რაღა გინდათ? – მეტი რა უნდა მოსთხოვოთ ერთ შავტუხა, გამხდარ, თმაგაბურძგნულ ბიჭს. ჰო, მისი მთავარი ღირსება გამომრჩა, – ალქაჯი პრინცესას მეგობარიც ხომ არის? დედაჩემს მისი ეს თვისება ყველაზე მეტად მოსწონს.
   კულისებიდან თვალს დარბაზისკენ ვაპარებ, – მეორე, მეოთხე, მეთხუთმეტე და სულ ბოლო რიგში ჩემს მიერ მოსყიდული ბავშვები სხედან. რაც საღეჭი რეზინის ქაღალდები მქონდა, სულ მათ დავურიგე, – ბაჩანა რომ ლექსს წაიკითხავს, ისეთი ტაში დასცხეთ, ფანჯრების მინებმა სულ ზრიალი დაიწყონ, იცოდეთ, თუ ლექსი განმეორებით არ ათქმევინეთ, პრინცესა არ ვიყო, ეს ქაღალდები თუ შეგარჩინოთ-მეთქი. დამამშვიდეს, – ისეთ ოვაციას გავუმართავთ, გამოჩენილ მსახიობებსაც რომ არ ღირსებიათო.
   ბაჩანა კმაყოფილი დარჩა. მითხრა, – ნამდვილი მეგობარი ყოფილხარო. აბა, რა? საღეჭი რეზინის ქაღალდებს დავიშურებდი? თუმცა... ვერც იმას დავიტრაბახებ, დიდი სიამოვნებით და უყოყმანოდ დავარიგე-მეთქი.
   თვალს კულისებისკენ ვაპარებ. დახეთ, ერთი! – მე ვღელავ, ბაჩანა კი როგორ არხეინადაა? სკოლის ბუფეტში ორი დიდი ფუნთუშა უყიდია და გემრიელად ილუკმება. თვალებს ვუბრიალებ, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, – ყურადღებას არ მაქცევს.
   მღელვარე მომენტი დგება. სცენაზე ნარნარად გავდივარ და მთრთოლვარე ხმით ვამბობ:
   – ახლა თქვენ მოუსმენთ ჩვენი კლასის პოეტსა და დეკლამატორს... (კინაღამ ჯეიმს ბონდი არ ვთქვი? აბა, ტაში მაშინ გენახათ. იგი წაიკითხავს საკუთარ ლექსს – `წითური ბოჩოლა ეძებდა დედიკოს~. ვთხოვთ, ჩვენს სანაქებო პოეტს! – ხელს კულისებისკენ ვიშვერ.
   ჩემს მიერ `მოსყიდულებმა~ დასცხეს, მაგრამ რა ტაში! ვხედავ, ყაყაჩოსავით გაწითლებული მარიკა ფეხზე დგას. მე ვღელავ და გვერდზე არ ვიხედები. მგონია, ბაჩანა უკვე სცენაზეა და გვერდით მიდგას, ლექსის წასაკითხად ემზადება.
   ტაში უსაშველოდ ჭიანურდება. ბოლოს და ბოლოს თავს გვერდზე ვაბრუნებ და რას ვხედავ? `დიდი პოეტი და დეკლამატორი~ ისევ კულისებში დგას. იმ ავადსახსენებელი ფუნთუშებიდან ერთი შეუჭამია და ხელში ახლა მეორეს ატრიალებს.
   რა უშველებელი ფუნთუშაა! ჩვენი სკოლის ბუფეტში ყოველთვის ისეთი ნამცეცა იყიდება, რაღა დღეს გამოაცხეს ასეთი უზარმაზარი და გაფუშფუშებული? ბედი არ გინდა? თუმცა ეკონომიას რა აზრი აქვს, თუ ხვალიდან არდადეგები იწყება?
   კულისებისკენ გავეშურე და ჩემს მეგობარს კარგი მუჯლუგუნი ვუთავაზე:
   – რას უყურებ? თავი მართლა გამოჩენილი პოეტი ხომ არ გგონია?
   ისევ ფუნთუშას დასცქერის. ვგრძნობ, გადასაგდებად ენანება, არადა, ვერაფერი მოუხერხებია. მართლა, რა მადისაღმძვრელია ეს ოხერი! ხელი გავუწოდე, – დავუკავებ-მეთქი.
   უცებ, არც აცია, არც აცხელა, იმხელა ფუნთუშა პირში ჩაიტენა. თან ორივე ხელით იტენიდა, თან სცენისკენ მიჩანჩალებდა. ალბათ იფიქრა, სანამ მიკროფონთან მივალ, კიდევაც გადავყლაპავო.
   თავზარი დამეცა. გაკვირვებისაგან პირი დავაბჩინე. ვიგრძენი, მარცხი გარდაუვალი იყო.
   მართლა თავის ლექსში აღწერილ ბოჩოლასავით არ მილასლასებდა? ფუნთუშას ვერაფერს უხერხებდა. იმხელა იყო, ვეღარც ღეჭავდა, არადა, უკვე სცენაზე იდგა და მაყურებლების თვალწინ პირიდან ხომ ვერ გამოიღებდა?  დაბრაწული ფუნთუშა ხახაში ჰქონდა გაჩრილი და იატაკზე მილურსმულივით იდგა.
   დარბაზს მზერა მოვავლე. მაყურებელი გაშეშებული იჯდა და ჩემი არ იყოს, ყველას პირი ჰქონდა დაბჩენილი. დარბაზში ვინმე უცხოს რომ შემოეხედა, იტყოდა, – უთუოდ გამოცდილი ექსტრასენსი ატარებსო სეანსს.
   ამ დარბაზში ბუზები რომ ყოფილიყვნენ, მათი გაფრენის ხმასაც გაიგონებდით.
   მარცხის დანახვა სულაც არ მსურდა. ხელები სახეზე ავიფარე, მერე თითებშუა გამოვიჭყიტე. ისევ ისე იდგათვალებგადმოკარკლული და პირში ფუნთუშაგაჩრილი.
   ნეტავი მიხვდებოდეს და კულისებში დაბრუნდებოდეს-მეთქი. თქვენც არ მომიკვდეთ, – ისე დაიბნა, ლექსის კითხვა ასე ფუნთუშაგაჩრილმა დაიწყო. მე კარგად ვერ გადმოგცემთ და თუ მდიდარი ფანტაზია გაქვთ, თავად წარმოიდგინეთ.
   ბაჩანას `საბრალო ლექსი~ დაახლოებით ასე ჟღერდა:
   `მმუმმუუმმუუ,
   მმუუმმუუმმუუმმუუ~...
   ასე დიდხანს გრძელდებოდა. ბოლომდე არ ჩააბულბულა? თუმცა, რა ჩააბულბულა, – ჩააბოჩოლა, ჩააზმუილა.
   ნამდვილი ბოჩოლას ლექსი იყო, ნამდვილი! უკეთესი დეკლამატორი ბოჩოლა ჯერ დედამიწის ზურგზე არ გაჩენილა. მერწმუნეთ!
   დარბაზში სამარისებური სიჩუმე იდგა. ცალი თვალი `მოსყიდულებისკენ~ გავაპარე. ღმერთს ვევედრებოდი, ნეტავი, ტაში არ დაუკრან და მთლად არ შეარცხვინონ-მეთქი, მაგრამ გამოერკვნენ და ისეთი ტაში დასცხეს, თითქოს დარბაზში ქარიშხალი შემოვარდაო. ტაშმა `მოუსყიდველებიც~ გამოაფხიზლა. თან ტაშს უკრავდნენ, თან სიცილით იფხრიწებოდნენ. წინა რიგებიდან ზოგი იატაკზე ჯდებოდა და კი არ იცინოდა, ისტერიულად სლუკუნებდა.
   მასწავლებლები სიცილისაგან კვნესოდნენ. დირექტორი კინაღამ ჩაბჟირდა და სასწავლო ნაწილის გამგემ ზურგზე ხელი დაარტყა, – სიცილს არ გადაჰყვესო. წყეული `მოსყიდულები~ არ ცხრებოდნენ, – ბოჩოლას ლექსის გამეორებას ითხოვდნენ. რას არ გააკეთებინებს კაცს საღეჭი რეზინის ქაღალდი?
   ჩვენი `საამაყო დეკლამატორი~ კულისებისკენ გამოიქცა. დადგა კუთხეში და, როგორც იყო, ის საძაგელი ფუნთუშა მოიშორა. ნაფშვენების მთელი გროვა დადგა. ვგრძნობდი, თავს დატეხილი სირცხვილი სულ არ ენაღვლებოდა, შვებას გრძნობდა, ფუნთუშა რომ მოიშორა.
ცოტა ხანს სული მოითქვა, მერე კი გარეთ გავარდა. მივხვდი, ახლა სკოლაში არ გაჩერდებოდა.
   `მოსყიდულები~ არ ცხრებოდნენ, მაგრამ `ნორჩი დეკლამატორი ბოჩოლა~ სცენაზე არა და არ გამოჩნდა. რას იზამდნენ? ბოლოს და ბოლოს გაყუჩდნენ...
   სიცილით დაღლილი საზოგადოება ნელ-ნელა დაიშალა. მე და მარიკა შინისაკენ `დამჟავებულები~ წავლასლასდით. ვფიქრობდით, რომ ბიჭი ამ სირცხვილს ვერ გადაიტანდა. პირდაპირ სახლში წავედი, – ძალიან მიჭირდა სირცხვილნაჭამი მეგობრის ნახვა. მარიკასაც უჭირდა ძმასთან შეხვედრა.
   დედა კინაღამ გაგიჟდა, ხომ არ გცემესო. ყველაფერი მოვუყევი. იცინა და იცინა. ძალიან გავბრაზდი.
   საღამოს ბაჩანას ეზოში შიშით შევედი. წარმოდგენილი მქონდა, – იგი გადატანილი სირცხვილის გამო ისე იყო მისუსტებული, რომ ალბათ სულს ღაფავდა. წარმოგიდგენიათ? ის ურცხვი და უტიფარი საქანელაზე იჯდა და ისე ქანაობდა, იმხელა კაკლის ხე ლამის ძირიანად მოეთხარა. მარიკა და პატარა სალომეც იქ იყვნენ.
   – ოჰო! ვინც მოვიდა, გაუმარჯოს. პრინცესას ვახლავარ! – დაიყვირა ბაჩანამ და გაქანებული საქანელადან ჩიტივით ჩამოფრინდა.
   – ცოცხალი ხარ? – ამოვილუღლუღე და ეჭვიანად ავხედ-დავხედე.
   – ხომ კარგად გამომივიდა ბოჩოლას ლექსი?
   – ისემც რა გითხარი.
   – გახსოვდეს პრინცესა, ჯეიმს ბონდს იუმორის გრძნობა არ ღალატობდა. ასე სპეციალურად მოვიქეცი.
   გამოსავალს ეძებდა. მე, მან და მარიკამ კარგა ხანს ერთმანეთს დამუნჯებულებივით ვუცქირეთ, მერე გიჟური სიცილი აგვიტყდა.
   თანდათან ჩამობნელდა. მე, ბაჩანა, მარიკა და პატარა სალომე კაკლის ხის ფართო ტოტზე ვისხედით და ფეხებს აქეთ-იქით ვიქნევდით, თან ელისო დეიდას მორთმეულ ხაჭაპურს შევექცეოდით.
   `ჩვენმა ჯეიმს ბონდმა~ ერთი-ორი ლუკმა უგემურად მოციცქნა,
   – ბიჭო, მაშინ რა დაგეტაკა, იმხელა ფუნთუშას რომ ეცი? – ვკითხე მე.
   – მღელვარებისაგან მგლის მადა გამეხსნა, – პატიოსნად გამანდო.
   ვისხედით ტოტზე. ხაჭაპურს შევექცეოდით. რომ იცოდეთ, ეს ყოფნა რა კარგი იყო!
   – აი, არდადეგებიც დაიწყო! – მხიარულად წამოიძახა მარიკამ.
   – რამდენს ვითამაშებთ!
   – როგორ მინდა, ბავშვობა არასოდეს, არასოდეს დამთავრდეს!
არც მე მინდოდა, მაგრამ მარიკას მაინც `ცივი წყალი გადავასხი:
   – მანც დამთავრდება. ათი-თორმეტი წლის შემდეგ ალბათ ისე დავბერდები, იძულებული გავხდები, გავთხოვდე და აქედან წავიდე...
   – უნდა წახვიდე? – ვიგრძენი, რომ ხმა ბაჩანასაც აუკანკალდა.
   – ცოლები ხომ ქმრების სახლებში მიდიან? – უკეთეს დღეში არც მე ვიყავი.
   ახლა რომ ის საძაგელი არსება დამანახვა, ვინ მომავალში აქედან უნდა წამიყვანოს, იცოცხლეთ, ისე ვუთაქებდი, ჩემი შერთვის სურვილის სამუდამოდ დავაკარგვინებდი. კინაღამ ავტირდი.
   მარიკასაც და ბაჩანასაც მონისლული ჰქონდათ თვალები.
   – ეჰ, რაც არის, არის. ცოლად მე შეგირთავ, – თქვა ჩემმა მეგობარმა.
   – შეენ?
   – სხვა რა გზაა, მაშინ ხომ აქვე დარჩები? მხოლოდ გახსოვდეს, სანამ ასოცი წლის არ გავხდები, ცოლს არ შევირთავ. ჩვენ ხომ თანატოლები ვართ?
   – არც მე ვაპირებ გათხოვებას, სანამ ასოცი წელი არ შემისრულდება.
   – ჯანდაბას შენი თავი! შეგირთავ!
   – დაჰკარი ხელი!
   ხელი ხელს დავკარით. მარიკამ ჩაჭრა. ესე იგი, ის მოწმე იყო ჩვენი შეთანხმებისა.
   ისე გავმხიარულდით, მეტი რომ არ შეიძლებოდა. მარტო სალომე თუ იყო გაოცებული.
   ცაზე ვარსკვლავები აციმციმდნენ. კარგა ხანს ვარსკლავიან ცას ვუყურებდით, – მფრინავ თეფშს ვეძებდით.
   – პრინცესა! – გაისმა დედაჩემის ხმა.
   ტოტიდან ჩამოვხტი და მხიარული ღიღინით შინისაკენ გავეშურე.

გორაკებზე
   ბაჩანა დებთან ერთად საოჯახო ფოტოსურათების ალბომს ათვალიერებდა. მეც სიხარულით შევუერთდი.
   რა საინტერესოა! აი, ჩვენი `მრისხანე ჯეიმს ბონდი!~ რა პატარაა! ხელში ჟღარუნა უჭირავს. ეს მარიკაა, – უზარმაზარი სათამაშო დათუნია გულში ჩაუხუტებია. ეს ჩვენი სალომეა, – დედას კალთაში უზის. ეს მე ვარ ბავშვებთან ერთად, – ჩვენ ხომ განუყრელი მეგობრები ვართ?
   უფრო მეტად ჩვენი, – უფროსი ბავშვების ფოტოსურათებია, სალომეს სურათები ცოტაა. რა გასაკვირია, იგი ხომ ყველაზე პატარაა?
   თან ვათვალიერებთ, თან ვიხსენებთ, ესა თუ ის ფოტოსურათი როგორ გადავიღეთ. სალომე თანდათან იღუშება.
   – პრინცესა, ეს ფოტოსურათი გახსენდება?
   – როგორ არა? ბორჯომში, მდინარესთან გადავიღეთ.
ამ სურათზე სალომე არ ჩანს, მაშინ ამქვეყნად არ ბრძანდებოდა...
   – ეს თუ გახსოვს?
   – ესეც ბორჯომშია გადაღებული. კრემით ვართ გათხუპნილები...
   ძალიან სასაცილო ფოტოსურათია, პირში ნამცხვრებს სამივენი გამწარებით ვიტენით. სალომე არც ამ დროს იყო დაბადებული.
   აი, კიდევ ერთი, – იქ დედა, მამა, ბებია, ბაბუა, მარიკა და ბაჩანაა, სალომე კი ისევ არა ჩანს. გამწარდა, მაგრამ როგორ!
   – კი მაგრამ, მე რატომ არა ვარ?
   – შენ მაშინ არ იყავი.
   – რატომ არ დამიძახეთ?
   – არ იყავი-მეთქი.
   – როგორ თუ არ ვიყავი, სად ვიყავი?
   ბაჩანამ მხრები აიჩეჩა. შემეცოდა და შევეშველე:
   – სალომე, შენ მაშინ არ არსებობდი.
   – რას ნიშნავს, არ ვარსებობდი?
   – არ ვიცი, სალომე, შენ მაშინ არსად იყავი... ამქვეყნად.
   – კარგი, ბატონო, ვთქვათ, მჯერა, რომ არ ვარსებობდი, მაგრამ სად, სად ვიყავი მაშინ?
   მარიკა გაბრაზდა:
   – გოგო, თავი დაგვანებე. გეძინა...
   აღშფოთებულმა სალომემ გაჰკრა ხელი და ალბომიდან ფოტოსურათები ძირს გადმოგვიყარა:
   – აქ არა ვარ, არც აქ, არც აქ... თქვენ რა, მთელი სიცოცხლე ძილში გამატარებინეთ?
   ისე იყო გამწარებული და დაბოღმილი, გადაწყვიტა ჯავრი ძმაზე ამოიყარა, ბაჩანას მკლავზე მაგრად უჩქმიტა. ბიჭს ემწარა, ფეხზე წამოხტა და სალომესკენ გაიწია, მაგრამ თავი დროზე შეიკავა, – ხომ არ სცემდა?
   – უჰ, შე გოჭო, შენა!
   ყველაზე მეტად სალომეს გოჭთან შედარება აბრაზებს, მაშინვე `ჩხუბი გახურდა~.
   – გოჭი შენა ხარ!
   – სალომე ინდაურისალომე ინდაური! – აჯავრებდა ბაჩანა.
   – პირველი შენა ხარ ინდაური, პირველი შენ! – სიტყვა მოუჭრა სალომემ.
   ყველამ გავიცინეთ.
   – არაფერიც, მე კარატისტი ვარ, – გადაიხარხარა ბაჩანამ, – შენ კი გოჭი...
   – არა ვარ გოჭი, შენ კი ხარ... – სალომემ ირგვლივ მიიხედ-მოიხედა, მზერა კამელიის უზარმაზარ ბუჩქზე შეაჩერა. უნდოდა ძმა ძალიან ორიგინალური რაღაცისთვის შეედარებინა, `ბოლო სიტყვა~ ეთქვა:
   – რა და, ყვავილი, ყვავილი, – სამწუხაროდ, სხვა ვერაფერი მოიფიქრა, – კარატისტი ყვავილი!
   ჩვენ გიჟებივით ავხარხარდით. სალომე გაგვებუტა და კატეგორიული ტონით გამოგვიცხადა:
 – იცოდეთ, გაგეპუტეთ! (გაგებუტეთო)
   ამ სასაცილო განცხადებამ უფრო გაგვამხიარულა. პატარამ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, მიხვდა, რომ სასტიკად დამარცხდა და დედასთან გაიქცა საჩივლელად.
   ბაჩანამ მახარა, – მალე ნანა დეიდა ჩამოვაო. ძალიან გამიხარდა. იგი ჩემი მეგობრების ბაბუასთან და ბებიასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, სტუდენტი იყო, გამოცდების შემდეგ გვეწვეოდა ხოლმე.
   ნანა დეიდა ძალიან ლამაზია, – შავგვრემანია, შავი, ფაფუკი, დატალღული თმა აქვს და ზღვისფერი თვალები.
   დედამ მითხრა, შავგვრემანი და ცისფერთვალა ბუნებაში იშვიათობაა, ასეთები ძალიან ლამაზები არიანო. თანაც იგი ძალიან კეთილია, ყველანი ძალიან ვუყვარვართ, მე ხომ დისშვილებში არ მარჩევს.
   დღეები თითებზე გადავთვალეთ, – ეტყობოდა, მართლა მალე ჩამოვიდოდა.
   მერე გადავწყვიტეთ, გორაკებზე გვეთამაშა. ჩვენი პატარა ქალაქის განაპირას გორაკებია, – ნამდვილი მინიატურული მთები. ერთ-ერთ მათგანზე ქალაქის სასაფლაოა, იქ ორი იმხელა მუხა დგას, მათი ჩრდილი მთელ შემოგარენს ეფინება.
   გორაკები ჩვენი საუკეთესო სათამაშო ადგილებია. გვიყვარს სუფთა, ხასხასა ბალახზე სირბილი, ჩვენი ქალაქის მშვენიერი ხედის ცქერა. იქ მუდამ საამური ნიავი უბერავს. სახლში ჩასულებს მგლის მადა მოგვეცემა ხოლმე, ამიტომ მშობლები გორაკებზე თამაშს არასოდეს გვიშლიან.
   მთელი ქუჩის ბავშვები შევკრიბეთ. ყველა სიხარულით შემოგვიერთდა, – ომობანა უნდა გვეთამაშა. ორ რაზმად გავიყავით. მე, რა თქმა უნდა, ბაჩანას რაზმში მოვხვდი, ასევე მარიკაც.
   მეორე რაზმმა კენჭი ჰყარა. მეთაურობა ივიკოს შეხვდა. ჩვენმა რაზმმა გაიხარაივიკო დონდლოა და მოუქნელი.
   მრისხანე სახელის მქონე `ჯეიმს ბონდმა~ გულმკერდზე პირდაღრენილი დრაკონის დახატვა გადაწყვიტა. მე ფლომასტრები მოვარბენინე. დათომ ჩემი მეგობარი მოხატა. ყველანი სუნთქვაშეკრულები შევყურებდით, როგორ იხატებოდა ბიჭის გამხდარ, მზისგან გარუჯულ გულმკერდზე საშინელი ურჩხული, თუმცა, `ჯეიმს ბონდს~ რომ არ ეწყინოს, ჩუმად გეტყვითის შემზარავი ურჩხული წითელ მამალს უფრო წააგავდა, ნისკარტიც კი დაეღო. მერე რა? ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ მამალი კი არა, ურჩხული იყო?
ტატ ივიკოაც მოუნდ.  იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა, მკლავზე ვეფხვი დაეხატა. როცა დათომ ხატვა დაამთავრა, ყველას გაგვეცინა, – ივიკოს მკლავზე ვეფხვი კი არა, თითქოს უზარმაზარი ტარაკანი ეჯდა.
   თვითონ მოსწონდა და ჩვენ რა გვენაღვლებოდა?
   მერე გორაკებზე გავიქეცით. იქაურობას კალიებივით მოვედეთ. ჩვენი ჟივილ-ხივილი ალბათ მთელ ქალაქს ესმოდა. `ჯეიმს ბონდს~ ახლოს ვერ გაუჩერდებოდით, `-იააო~ – გაჰკიოდა, მოწინააღმდეგის დასამარცხებლად კარატეს ილეთებს იყენებდა. ივიკოს რაზმი ჩვენ დაგვიდგებოდა? ხელად დაგვნებდა.
   მერე ერთმანეთს სირბილში შევეჯიბრეთ. რა თქმა უნდა, `ჯეიმს ბონდმა~ გაიმარჯვა.
   უცებ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა; ივიკო დაეცა, ფერდობიდან ჩამოსრიალდა და ჯინსის შარვალი მუხლზე გადაეფხრიწა.
   ყველას გვეწყინა, რადგან ივიკოს ჩვენნაირი კი არა, ძვირფასი ჯინსი ეცვა. დედამისი უცნაური ქალია და მისი ერთ-ერთი უცნაურობა ისიცაა, რომ შვილს სახლშიც ძვირფას ტანსაცმელს აცმევს, ივიკო კი ვალდებულია სამოსს თვალისჩინივით გაუფრთხილდეს. უფროსები ამბობენ, ივიკოს დედა მეზობლებს თვალებს უყენებსო. ვერაფერი გაგვიგია. ივიკოს ბედი არცერთ ჩვენთაგანს არ ენატრება, პირიქით, გვეცოდება, თამაშის ნაცვლად თურქეთიდან ჩამოტანილ რამერუმეს რომ დაჰფოფინებს.
   ბიჭს თვალები ცრემლებით აევსო. გუნება წაგვიხდა. ცოტა ხანს უხალისოდ ვთამაშობდით, მერე ისევ გავმხიარულდით, თავი დავიმშვიდეთ, – იქნებ დღეს ელენე დეიდა კარგ გუნებაზე იყოსო.
   გორაკებიდან გულისწამღები ყიჟინით დავეშვით. ქარივით მივქროდით. ყველაზე წინ ისევ `ჯეიმს ბონდი~ გარბოდა. უცებ ფეხი დაუსხლტა და წაიქცა. თავი ვერ შევიკავეთ და ყველანი ზედ დავეცით. ისეთი ზედახორა იყო!
   ბაჩანა ზედახორიდან ცქვიტად გამოძვრა, მაგრამ არ შეეხედებოდა. დაცემისას ცხვირპირი ძროხის ნეხვში ჩაერგო.
   სიცილი ვერ გავბედეთ, ბიჭს სიბრაზისგან კისერზე ძარღვები დაებერა. გორაკის ძირში პატარა რუ ჩამოწანწკარებს, გაიქცა და იქ დაიბანა, თუმცა სასიამოვნო სუნი არც მერე ასდიოდა.
   ნელ-ნელა მოვდიოდით, უცებ წინ ივიკოს დედა შემოგვეფეთა. ეტყობოდა, შვილს ეძებდა. ივიკოს ყაყაჩოსავით გაწითლებული სახიდან მზერა მუხლებზე გადაიტანა და წივილ-კივილი მორთო:
 – ვაიმე, ვაიმე, ეს რა გიქნია? როგორ დაგიღუპივარ? როგორ დაგიქცევივარ?
   იფიქრებდით, ჯინსი კი არ გაიხა, ვიღაც ძალიან ახლობელი მოუკვდაო. მთელი ქუჩა იქ შეგროვდა. იმ ფაშფაშა ქალის წინ სახრჩობელაზე გასაგზავნი დამნაშავეებივით ვიდექით, ის კი ხელებს მუხლებზე ირტყამდა.
   – ეს რა მიქნა... რამდენი ვიწვალე, მთელი თურქეთი შემოვიარე, ტრაპიზონშიც კი არ იყო, სტამბოლის ბაზარში ვიყიდე... ამ უმადურმა და უდარდელმა ასე უცებ როგორ დახია?
   ვიდექით და გული ბოღმით გვევსებოდა. მე თუ მკითხავთ, თურქეთში განუწყვეტელი მოგზაურობებით შვილს ბავშვობას უწამლავდა. ხანდახან ხომ ასეც ხდება, – ზოგს უყვარს თურქეთიდან ჩამოტანილი რამერუმეებით შვილი ჯვარს აცვას.
   დედა-შვილი აღშფოთებული მზერით გავაცილეთ. ქალი ქაქან-ქაქანით მიდიოდა და ივიკოს ეჩიჩინებოდა, არ დაგინახო, ამ ბავშვებთან თამაშობდე, ამხელა ეზო და სახლი გვაქვს, ამდენი სათამაშო და შენს ადგილას დაეტიეო.
   ჩვენი მშობლებიც აღშფოთებულები ჩანდნენ. სახლში რომ შევედი, მაშინაც ასე ვფიქრობდი, – ზოგჯერ ადამიანებს ნივთები აგიჟებენ-მეთქი. ნეტავი, უფროსებს ეს რჩევა არ ჰქონდეთ და რასაც გინდათ, იმას დავთმობ. წავლენ, ტანჯვა-წამებით ლამის მთელ დედამიწას მოივლიან და ბავშვებს ისე გამოაწყობენ, როგორც მაღაზიის ვიტრინის თოჯინებს. დამიჯერეთ, ამის გამო ბავშვები სულაც არ არიან ბედნიერები...
   მე რომ თქვენზე უფროსი ვიყო... ეჰ, მე რომ თქვენზე უფროსი ვიყო, თურქეთში მოგზაურობას საერთოდ აგიკრძალავდით. დიახ!
  

კამათი მნიშვნელოვან თემაზე
    სიხარული თუ ჰქვია, ამას ჰქვია, – მეც და მეზობლებსაც სტუმრები ჩამოგვივიდნენ. მათთან ნანა დეიდა მოვიდა, ჩემთან კი ბიძაშვილები, – ირაკლი და გიორგი.
   ბებია, ბაბუა და ჩემი ყველაზე უმცროსი ბიძა ამავე ქალაქში ცხოვრობენ. ჩვენი მეზობლების სტუმრის გამოჩენისთანავე ბიძაჩემიც ჩვენთან გადმობარგდა, – ის და ნანა დეიდა, დედაქალაქში, უნივერსიტეტში ერთად სწავლობენ და უკვე დიდი ხანია რაც ერთმანეთი უყვართ...
   ნანა დეიდამ საჩუქრები ჩამოგვიტანა, – სათამაშოებიო, წიგნებიო... ირაკლიმ და გიორგიმმხიარულება, სილაღე, ათასგვარი ოინი. უკეთესს რას ვინატრებდით?
საღამოს მე, ირაკლი და გიორგი მეზობლებთან გავიქეცით. ჩემი მეგობრები ტელევიზორში მულტფილმს უყურებდნენ, – ამ ფილმში ერთი ძროხა რქებით სულ ყვავილს დაატარებდა და საგმირო საქმეებზე ოცნებობდა. მოკლედ, ძალიან უცნაური არსება ჩანდა.
   – ნეტავი, რამდენი წლის იქნება ეს ძროხა? – იკითხა პატარა სალომემ.
   – ხუთი წლისა იქნება, – თქვა მარიკამ.
   – რა ხუთი? – წამოიყვირა ბაჩანამ, – ამ ძროხას შვიდ წელს ერთი დღეც არ უკლია.
   – შვილი წლისააო? – დაცინვით შენიშნა ირაკლიმ, – ვერა ხედავ, სახე როგორ დანაოჭებია? ათი-თორმეტი წლისა ისე იქნება, როგორც არაფერი...
   – შვიდი წლისაა, – დაიჟინა ბაჩანამ.
   – ათისა-მეთქი, ბიჭო!
   – მე კი გეუბნები, შვიდისა...
   – ათის...
   – შვიდის...
   ეკრანზე საზარელი დრაკონი ცეცხლს აფრქვევდა, ბავშვები მაინც ძროხაზე კამათობდნენ. საბრალო, ნახატმა ძროხამ ისეთი კამათი გამოიწვია, მეტი რომ არ შეიძლებოდა. ასეთი პატივი ნახატ ძროხას ალბათ არასოდეს ღირსებია, – დამიჯერებთ.
   ბიჭები დავაშოშმინე, – ტელევიზიას შეკითხვით მივმართოთ და სიმართლეს ისინი გაგვაგებინებენ-მეთქი. ვინ დამიჯერა? გიორგი ირაკლის მიემხრო და ისეთი აურზაური ატყდა, ნანა დეიდა ოთახში შემოვარდა. ორნი ერთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. გოგონები ასეთ მნიშვნელოვან თემაზე კამათს, რახანია, გამოვეთიშეთ. ბიჭები ღრიალებდნენ, ამიტომ ნანა დეიდას საქმის ვითარება დიდ ხანს ვერ ავუხსენით.
   – შვიდისაა! – გაჰკიოდა ბაჩანა.
   – ათისაა! – ერთხმად ღრიალებდნენ ძმები.
   – აი, თუ შვიდისა არ არის! – ბაჩანამ ვერ მოითმინა და ირაკლის ლაზათიანი მუჯლუგუნი ჩასცხო.
   ძმები მაშინვე ფეხზე წამოხტნენ და ბიჭს გამოენთნენ. მაგიდის ირგვლივ გიჟებივით დარდობდნენ და ველურებივით ღრიალებდნენ.
   გოგონები კედელს ავეკარით. ცისფერ ეკრანზე ახლა ჩხიკვებს, – ზაქარასა და ქეთევანს ბულბული რომანსს უმღეროდა, მაგრამ ასეთ აურზაურში რას გავიგონებდით?
   უცებ მაგიდაზე მდგარი ლარნაკი შეირყა, გადმოგორდა და ძირს დაენარცხა, – წამში ნამსხვრევებად იქცა.
   მაინცდამაინც ძვირფასი არა, მაგრამ ძალიან ლამაზი კი იყო. შეცბუნებული ბიჭები მაშინვე ოთახიდან გაიძურწნენ.
სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.
   – ბოლოს და ბოლოს, ის ძროხა რამდენი წლისა იყო? – სალომემ ისევ საცოდავი ხმით იკითხა.
   – შარშან ამ დროს ხუთისა იყო, წელს ასოცი წლის იუბილე გადაუხადეს, მომავალ წელს კი ალბათ ცხრა-ათი წლისა გახდება, – მკაცრი კილოთი მივახალე.
   ვერაფერი მიპასუხა. გაჩუმდა და ფიქრებში ჩაიძირა. სახეზე რომ შეგეხედათ, მაშინვე მიხვდებოდით, – ისევ იმ დაწყევლილ ძროხაზე ფიქრობდა.
   

შვილების ნაცვლად მამები ისჯებიან
  
   – პრინცესა, შენთან ერთი სათხოვარი მაქვს, – დაიწყო ბაჩანამ.
   – ათი იყოს, – ვუპასუხე მე.
   – ირაკლისა და გიორგის ჭკუა უნდა ვასწავლოთ, გუშინდელი ჯავრი უნდა ამომაყრევინო, – მითხრა მან, – დამეხმარე, პრინცესა!
   – კი მაგრამ, როგორ?
   – მათი ოთახის კართან გასაწუწი მოწყობილობა უნდა დავაყენოთ.
   – როგორი?
   – ეს მე ვიცი, შენ ის მითხარი, ახლა სად არიან?
   – სათევზაოდ წავიდნენ.
   – ძალიან კარგი, მაშ, დამეხმარები?
   – კი, ბატონო!
   ძმების ოთახის კარზე (ორიოდე დღის წინ ჩემი ოთახი რომ იყო) შესანიშნავი გასაწუწი მოვაწყვეთ. ბაჩანამ კარს ზემოთ პირგანიერი დოქი ოსტატურად დაამაგრა. როგორც კი კარს შეაღებდით, წვრილი თოკი გაიჭიმებოდა და წამში შხაპს მიიღებდით. მე თუ მკითხავთ, შესაშინებელი უფრო იყო. დერეფარნში, ოთახთან ახლოს საპონიც დავდეთ.
   ბიჭი ვარაუდობდა, რომ გაწუწული ირაკლი და გიორგი პირველად სააბაზანოში გაიქცეოდნენ, – ამიტომ ეშმაკური მახე იქაც მოაწყო, – კარსზემოთ მუთაქა დაამაგრა.
   როცა საქმეს მოვრჩით, სახლის წინ ყვავილების ბუჩქებს ამოვეფარეთ, თან ჩუმ-ჩუმად ვხითხითებდით.
   ირაკლი და გიორგი ეზოში სიმღერითა და სიცილით შემოვიდნენ. მამაჩემიც მათთან ერთად მოდიოდა. ბიჭებს პატარა ვედრო მოჰქონდათ. ვედრო ეზოში დადგეს და თავიანთ ნადავლს ცქერა დაუწყეს, ჩვენ კი გვინდოდა, სახლში პირველად ძმები შესულიყვნენ.
   დედამ ფანჯარა გამოაღო და მამას დაუძახა.
   გული შემიქანდა. გავიხედე, – ორივე ძმა ისევ ჭიჭყინებს ჩასცქეროდა.
   სახლის კარი მოფრიალებული იყო და ყველაფერს ვხედავდი; მამაჩემი პირდაპირ ბიჭების ოთახს მიადგა. ახლაც არ ვიცი, იქ რა დასჭირდა. კარის გაღების ხმა, წყლის თხლაპუნი და მამაჩემის ღრიალი თითქმის ერთდროულად გაისმა. მე და ბაჩანა წამოვხტით. ძმებმა დაგვინახეს და მყისვე ჩვენკენ გამოიქცნენ.
   – რა მოუვიდა, რა ამბავია?
   რა უნდა მეთქვა? მამას წყალი წურწურით ჩამოსდიოდა. ოთახიდან გამობარბაცდა, მაგრამ ფეხი დაუსხლტა და ძირს გაიშოტა. ისეთი ბრაგვანი გაისმა, კინაღამ გული გამისკდა. მივხვდით, – ჩვენ რომ საგანგებოდ იატაკზე დავტოვეთ, იმ საპონზე ფეხი აუსრიალდა.
   შეშინებული დედა მამას მივარდა, მაგრამ მან გაბრაზებით მოიშორა, იატაკიდან ადგა და პირდაპირ სააბაზანოს მიაშურა. დედა უკან მიჰყვა.
   მე და ჩემი შეცბუნებული მეგობარი მოლოდინად ვიქეცით. ირაკლი და გიორგი ისეთი სახით იდგნენ. ეტყობოდათ, ვერაფერს მიმხვდარიყვნენ.
   გაისმა ბრახუნი და მამის ისეთი ღრიალი, რომ სახლიც კი შეზანზარდა. მალე მამა გარეთ გამოვარდა და ჩვენკენ გამოიქცა, უკან გაოცებული დედა მოსდევდა, მუთაქა გულში ჩვილი ბავშვივით ჩაეხუტებინა.
   – სულ მათი ოინებია, სად არიან, სად? – ყვიროდა მამა.
   სახეზე ფერი არ ედო, ძალიან იყო გამწარებული. მე და ბაჩანამ ხომ ყველაფერი ვიცოდით? მაშინვე მოვცოცხეთ. ბიჭები ინსტიქტურად ჩვენ გამოგვყვნენ.
   გაცოფებულ მამას ბაჩანას ეზოში შევასწარით, იქაც ბევრს გვარბენინებდა, მაგრამ დედა გადაეღობა და `დაწყნარდი, სირცხვილია~- ძახილით დააშოშმინა. მამამ დაგვიძახა: `სახლში რისთვის დაბრუნდებითო~ და შინ ბუზღუნ-ბუზღუნით შებრუნდა.
   – რა მოუვიდა? – იკითხა გაოცებულმა ირაკლიმ.
   მე მხრები ავიჩეჩე და ისეთი გამომეტყველება მივიღე, ვითომ ვერაფერს მივხვდი.
   – გაგიჟდა, თუ რა იყო? – გიორგიმ თანაგრძნობით შემომხედა.
   ისევ მხრები ავიჩეჩე, იმათ ეჭვიან მზერას კი ისევ ვგრძნობდი. რაღაცა იგუმანეს, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩასწვდნენ. როგორ ამეხსნა, – ხომ დაგვცინებდნენ?
   ბაჩანას ბაღში დიდხანს ვისხედით, – მარიკა და სალომეც შემოგვიერთდნენ. ლაპარაკში ძალიან გავერთეთ. უცებ შევამჩნიე, რომ გიორგი სადღაც გაქრა, ირაკლი კი საეჭვოდ ახითხითდა. რაღაცა ცუდი კი ვიგრძენი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი და რა მექნა?
   ეზოში ჩემი მეგობრების მამა, – ძია ნიკა შემოვიდა. ჯერ ჩვენ შემოგვიერთდა, მხიარული საუბარი გაგვიბა, მერე ადგა და სახლისაკენ გაეშურა. ამ დროს გიორგიც დაბრუნდა...
 იმათი სახლის კარიც ფართოდ იყო გამოღებული და ვხედავდით, – ძია ნიკა პირდაპირ ბაჩანას ოთახში შევიდა. უცებ საშინელი ღრიალი გავიგონეთ.
   მაშინვე ძმებს გადავხედე, – იმათ გამომეტყველებაში რაღაც საიდუმლო ვიგრძენი.
   – რაღა იმ ოთახში შეეხეტა? – მიჩურჩულა გიორგიმ.
   თურმე ოთახში იმასაც გასაწუწი მოწყობილობა დაეყენებინა. ძია ნიკა ოთახიდან თვალებდახუჭული გამობარბაცდა, პირსახოცს ხელების ფათურით ეძებდა. უცებ ფეხი ზღარბს დაადგა, იქ გიორგის რომ დაეტოვებინა. კიდევ კარგი, ცალი ფეხი დააბიჯა და ის საბრალო იატაკს არ დაასრისა.
 გაისმა საშინელი ღრიალი, – ახლა მათი სახლი აზანზარდა.
   საბრალო მამებს ცუდი დღე დაადგათ, თუმცა, მართალი გითხრათ, მათაც ვადანაშაულებ. რაღა იმ დღეს შეეხეტნენ ოთახებში, სადაც თვეობით არ შედიან? ვერაფერი გამიგია, რაღაც  ბედისწერასავითაა.
   ჩემი მეგობრების სახლიდან მათი დედა და ნანა დეიდა გამოვარდნენ, ჩვენი სახლიდან, – ჩემი მშობლები. მამაჩემისა არ იყოს, ძია ნიკაც ჩვენკენ გამოიქცა:
   – ეს რა მიქენით? დამაცადეთ! დამაცადეთ!
   ამჯერად არ დავბნეულვართ, – უკვე გამოცდილები ვიყავით. გავექანეთ ჩვენი ეზოსკენ,მაგრამ ღობესთან მამაჩემი გადაგვიდგა, მერე გაქცევა ჭიშკრისკენ დავაპირეთ, მაგრამ მივხვდით, რომ ვერ მოვასწრებდით, – ძია ნიკა დაგვეწეოდა.
   სხვა რა გზა იყო? პირდაპირ შორიახლოს მდგარი კაკლის ხისკენ გავიქეცით და ზედ ციყვებივით ავცოცდით. დაბლა მარტო სალომე დარჩა, თუმცა, სიმართლეს თუ ვიტყვი, ძია ნიკას გოგონასთვის ხელი არც უხლია.
   გგონიათ, ხეზე ვერ ამოვიდოდა? – მაგრამ ქალები ფეხებში ჩაებღაუჭნენ, – შეშინებული ბავშვები ხიდან არ ჩამოცვივდნენო. ნამდვილად გვიხსნეს.
   – ერთი, უნდა ვნახო, ხეზე სანამ ისხდებით, – დაგვემუქრა ძია ნიკა.
   – რა გვიჭირს, ვისხდებით, მაინც ტყუილუბრალოდ გვეჩხუბებით...
   – ტყუილუბრალოდო? – ძია ნიკა კინაღამ გადაირია, – კაცი გამაგიჟეს და ტყუილუბრალოდო...
   აქეთ ძია ნიკა დადიოდა ბუზღუნ-ბუზღუნით, იქითმამაჩემი. რა უნდა ექნათ? – ცოტა ხანს ღობესთან ისაუბრეს, მერე შინ შებრუნდნენ.
   როცა მოსაღამოვდა, დედები მოვიდნენ და გვახარეს, – დაღლილ-დაქანცულმა მამებმა დაიძინესო. გახარებულები ხიდან წამში ჩამოვსრიალდით, ძალიან გვშიოდა. ჩვენს ეზოში, ქვის მაგიდაზე დიდებული სუფრა გაგვიშალეს. გემრიელად მივირთმევდით. დეიდა ელისომ ცივ-ცივი ლიმონათებიც კი მოგვართვა. `სადღეგრძელოები~ პირდაპირ ბოთლებით წამოვიწყეთ.
   ბაჩანამ ჩემი ბიძაშვილი ირაკლი, – უფრო სწორად, მისი საცოლე დალოცა, რა თქმა უნდა, ხუმრობით, – ირაკლის საცოლეს გაუმარჯოს, ახლა რომ აკვანში წევს და ტკბილად ღუღუნებსო.
   ირაკლი ბიჭს შემცბარი სახით უყურებდა. ეტყობოდა, აკვანში მოღუღუნე საცოლის გაზრდა და დაქალიშვილება ვერაფრით წარმოიდგინა. გაბრაზდა და მერე როგორ! როგორ თუ ჩემი საცოლე აკვანში წევსო? – ბაჩანას ყვირილით გამოენთო. მაგიდის ირგვლივ სირბილი დავიწყეთ, – წინ ბაჩანა გარბოდა, მერე ირაკლი, მე მას გამოვუდექი, გიორგიჩვენ მოგვდევდა... მოკლედ, ისეთი აურზაური ავტეხეთ, ტკბილად ჩაძინებული მამები წამში გარეთ გამოვყარეთ. ამჯერად თავი შეიკავეს და ძალიან სერიოზულად განაცხადეს: თუ არ დაწყნარდებით და დასაძინებლად არ წახვალთ, ახლავე აქაურობას დავტოვებთო. ნეტავი, სად წავიდოდნენ?
   მაშინვე გავიტრუნეთ. დასაძინებლად ფეხაკრეფით წავედით, მაგრამ... განა ხვალინდელი დღეც წინ არ იყო?






No comments:

Post a Comment